გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.03.2019
საქმის ნომერი
330210018002519375
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
07.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/9647-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

07 მარტი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჩიხლაძე

სხდომის მდივანი - თამარ პოღოსოვი

მოსარჩელე - თ----- გ-------–---–ი

წარმომადგენელი - ვ-–--–--–-----ი

მოპასუხე - ი----- გ-------–---–ი

წარმომადგენელი - ნ--------------–------ე

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათლად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2014 წლის 31 ოქტომბერს გ------ გ-------–---–სა და ი----- გ-------–---–ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც მოჩვენებით დადებული.

სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 01 მარტს გარდაეცვალა მამა - გ------ გ-------–---–ი, დაბადებული 1933 წლის 01 იანვარს, გარდაცვალების ადგილი: ქ. სიღნაღი. ჰყავს ერთი ძმა - მოპასუხე ი----- გ-------–---–ი დაბადებული 1972 წელს, რომელიც ცხოვრობს ქ. თბილისში, ვარკეთილი 3 ა მ/რ, კორპ N 341, მე-4 სადარბაზო, მე-3 სართული, ბინა N66 ოჯახთან ერთად. ასევე ჰყავთ ერთი ძმა ა-–--- თ---–---–ი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნა მათი, გარდაცვლილი მამის, გ------ გ-------–---–ის შვილად. გარდაცვალების შემდეგ აღდგენილ იქნა მხარეთა მიერ მემკვიდრეობა სანოტარო წესით. გარდაცვლილ გ------ გ-------–---–ს, რომელიც იყო ღრმად მოხუცებული, ქონდა თვისი დანაზოგი სს „ლიბერთი ბანკში“, რომელიც კანონიერმა მემკვიდრეებმა თანაბრად გაიყვეს და მიიღეს სამ ნაწილად. დოკუმენტის მოძიების დროს მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, რომ მის ძმას ი----- გ-------–---–ის და მამას გ------ გ-------–---–ს შორის 2014 წლის 31 ოქტომბერს გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება ქ. თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩა N69, ბინა N87-ზე, რომელიც წლების განმავლობაში გ------ გ-------–---–ს ქონდა გაქირავებული, ქირის თანხა მდგუმრების მიერ ირიცხებოდა მის საბანკო ანგარიშზე ლიბერთი ბანკში.

 

მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულების მიხედვით ბინა გაყიდული იქნა 30 000 აშშ დოლარად. ნასყიდობის ხელშეკრულება არის მოჩვენებითი, რომლის ერთადერთ მიზანს წარმოადგენდა თითქოს მოპასუხემ ბინა შეიძინა მამისგან, გ------ გ-------–---–ისგან 30 000 აშშ დოლარად, რასაც ადგილი არ ქონია. ამ პერიოდში მათი მამა იყო ავად და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ იყო მისთვის ცნობილი. ის, რომ თანხა ნამდვილად არ გადაუხდია ი----- გ-------–---–ს მამისთვის, დასტურ-დება იმ ფაქტით, რომ ბინის მდგმური, რომელიც იმყოფებოდა ერთოთახიან ბინაში, ნასყიდობის შემდეგ ქირის ჩარიცხვას აგრძელებდა გ------ გ-------–---–ის საბანკო ანგარიშზე.

 

ამდენად, მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულების ერთადერთ მიზანს წარმოად-გენდა მოპასუხეს ხელში ჩაეგდო მამის სახლი, რაც მისი გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეებს მოუსპობდა უფლებას მიეღოთ თავთავიანთი წილი აღნიშნული ბინიდან. მოჩვენებით გარიგებას რა თქმა უნდა არ მოყოლია თანხის გადახდის ფაქტი, რომელიც უნდა ჩარიცხულიყო გ------ გ-------–---–ის ანგარიშზე, მაშინ როდესაც აღნიშნული პირი უმნიშვნელო შემოსავალს ხელფასისა და პენსიის დანაზოგს მთლიანად ინახავდა ანგარიშზე, რისი დასტურია ის ფაქტიც, რომ ძმებმა მამის გარდაცვალების შემდგომ მისი დანაზოგიდან, რომელიც შეადგენდა საკმაოდ სოლიდურ თანხას 60 000 ლარზე მეტს, მიიღეს თავთავიანთი წილი.

 

აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს რომ 2014 წლის 31 ოქტომბერს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გ------ გ-------–---–სა და ი----- გ-------–---–ს შორის ცნობილ იქნეს ბათილად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ როგორც წარმოდგენილი შესაგებელით, ისე სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება მხარეებს შორის დადებულია კანონით გათვალისწინებული წესით, მას მოყვა შესაბამისი იურიდიული შედეგი და უძრავი ქონება აღირიცხა მოპასუხის სახელზე. მოსარჩელემ ვერ შეძლო შესაბამისი მტკიცებულებებით დაედასტურებინა ნასყიდობის ხელშეკრულების მოჩვე-ნებითობისა და თვალთმაქცურობის ფაქტი.

 

ამასთან, მოსარჩელემ ვერ წარადგინა მამკვიდრებლის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მტკიცებულება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. თ----- გ-------–---–ი და ი----- გ-------–---–ი წარმოადგენენ გ------ გ-------–---–ის მემკვიდრეებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გარდაცვალების მოწმობა (ტომი I, ს.ფ. 13);

- დაბადების მოწმობები (ტომი I, 14 - 15);

- სამკვიდრო მოწმობა (ტომი I, ს.ფ. 16)

3.1.2. 2014 წლის 31 ოქტომბერს გ------ გ-------–---–სა და ი----- გ-------–---–ს შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. თბილისი, ქ--–-------–ის გამზირი N69, ბ N87. ნასყიდობის საფასური განისაზღვრა 30 000 აშშ დოლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 18 - 19)

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. 2014 წლის 31 ოქტომბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება სრულად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს..

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალ-წარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლი ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების პროცესუალურ სტანდარტს და ზოგადი წესის თანახმად, თითოეულ მხარეს ევალება მის მიერ მითითებული გარემოების დამტკიცება, თუმცა, ამავე ნორმის მე-3 ნაწილი ყურადღებას ამახვილებს რიგი გარემოებების სათანადო, განკუთვნადი მტკიცებულებებით დადას-ტურების აუცილებლობაზე. ამგვარი სათანადო მტკიცებულებების სახეს კი, როგორც წესი, მატერიალური კანონმდებლობა განსაზღვრავს.

 

მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მის მოთხოვნას, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთი მოთხოვნის უფლებას გააქარწყლებენ - დაკისრებული აქვს მოპასუხეს. აქვე აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე.

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2014 წლის 31 ოქტომბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია მოჩვენებითად, ვინაიდან, მამკვიდრებლის, გ------ გ-------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო იმდენად მძიმე, რომ მას არ შეეძლო განეკარგა საკუთარი უძრავი ქონება, ამასთან, არ დასტურდება ხელშეკრულების დადების შედეგად ნასყიდობის საფასურის გადახდა. მოსარჩელემ ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმე დაუკავშირა მამკვიდრებელის გულის უკმარისობას, ამასთან, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებიდან მის სამ თვეში გარდაცვალებას.

 

მოპასუხის განმარტებით, მხარეებს შორის განხორციელდა კანონით დადგენილი წესით ნასყიდობის ხელშეკრულების დადება, რასაც მოყვა შესაბამისი იურიდიული შედეგი და უძრავი ქონება აღირიცხა მის სახელზე. ამასთან, მოსარჩელეს შეედავა მამკვიდრებ-ლის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელ მტკიცებულებათა არქონაში.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახაა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადას-ტურა მამკვიდრებელს ჯანმრთელობის სიმძიმე ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მომენტში. შესაძლოა, მხარეთა განმარტებებით საწინააღმდეგოც კი ივარაუდებოდეს, კერძოდ, განმარტეს, რომ მამისგან მემკვიდრეობით თანაბრად მიიღეს თანხა, რაც განთავსებული იყო შესაბამის საბანკო ანგარიშზე, ამასთან, ორივე მათგანი აპელირებდა მის შესაძლებლობებზე მისი სიცოცხლის პერიოდში. შესაბამისად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ მამკვიდრებელი გარდაიცვალა ნასყიდობის ხელშეკრულების დადებიდან სამი თვის შემდგომ, არ შეიძლება გახდეს აღნიშნულის ბათილობის საფუძველი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ ვერცერთი მტკიცებულებით ვერ შეძლო დაედასტურებინა გ------ გ-------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენა, რაც დაადასტურებდა მისი ნების საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგვის შეუძლებლობას. შესაბამისად, ი----- გ-------–---–ი სადაო ფართის ნასყიდობის ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა - განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი)

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლი;

 

5.2. საქართველოს სამოქალაქო პროცესის 180-ე მუხლი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კი თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).

 

დასახელებული ნორმის მიხედვით, გარიგების მოჩვენებით ხასიათს განაპირობებს მხარეთა განზრახვა, გარიგების დადებით მიაღწიონ მიზანს, რომელიც არ შეესაბამება ამ გარიგების შინაარსიდან გამომდინარე იურიდიულ შედეგს. ამდენად, მოჩვენებითი გარიგების დადებით ორივე მხარე მოქმედებს საერთო მიზნით და ურთიერთ-შეთანხმებით. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან მათი მოტყუების, პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებისა თუ სხვა მიზნით. მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში არ არსებობს გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღების ადრესატის თანხმობას შორის. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა ”ურთიერთშეთანხმება”, ”გარიგება” მოჩვენებითი ნების გამოვლენის შესახებ. ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ ”ურთიერთ-შეთანხმებაზე”, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას (აღნიშნული დასაბუთება შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკას, იხ. სუსგ საქმე №ას-1266-1195-2012, 14.11.2013 წელი; საქმე №ას-1347-1272-2012, 01.07.2013წ.; №ას-1439-1357-2012, 01.07.2012წ.)

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს ნასყიდობის ხელშეკრულების მოჩვენებითობაზე, თუმცა, ვერ დაადასტურა, თუ რაში გამოიხატებოდა მოჩვენებითო-ბის ფაქტი და იურიდიული შედეგის თავიდან არიდებას ემსახურებოდა აღნიშნული.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების არც სამართლებრივი და, არც ფაქტობრივი საფუძველი.

 

6.2. მოსარჩელე ასევე ვერ ასაბუთებს აღიშნული მოთხოვნის იურიდიულ ინტერესს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის დანაწესიდან გამომ-დინარე იურიდიული ინტერესის არსებობისათვის, აუცილებელია არსებობდეს მხარეთა შორის დავა უფლების თუ სამართლებრივი ურთიერთობის თაობაზე; მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლებაში; ასეთი დავა უნდა ქმნიდეს უფლების დარღვევის რეალურ საშიშროებას; აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას გარკვეული სარგებელი უნდა მოჰქონდეს მოსარჩელისათვის.

 

ამასნთან, სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნათა მიხედვით შესაძლებელია მათი შემდეგი კლასიფიკაცია: “1. მიკუთვნებითი, ანუ აღსრულებითი სარჩელი -მოთხოვნა გულისხმობს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების დაკისრებას ოსარჩელის სასარგებლოდ. 2. აღიარებითი სარჩელი - რომელიც აღძრულია უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტის ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარ-ჩელეს აქვს ამის იურიდიული ინტერესი. 3. გარდაქმნითი სარჩელი - მოთხოვნა მიმარ-თულია სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლა-შეწყვეტისაკენ. იურიდიული ინტერესი არის ის ფაქტობრივი და სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც ცდილობს მხარე აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით. აღიარებითი სარჩელის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესის არარსებობა არათუ სარჩელის დაკმაყოფი-ლებაზე უარის თქმის, არამედ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძ-ველსაც კი წარმოადგენს. დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, შესაბამისად, ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო სარჩელის საფუძვლიანობას შეამოწმებს, მნიშვნელოვანია, შეფასდეს, აქვს თუ არა მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ და უზრუნ-ველყოფს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას. აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. აღიარებითი სარჩელი უნდა ემსახურებოდეს მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლებისდაცვას. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩე-ლემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსე-ბობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში“ (იხ. სუსგ #ას-125-121-2016, 21.04.2016წ.; ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.03.2016წ. გადაწყვეტილების 55-56 პუნქტები).

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ვერ უთითებს და ვერ ასაბუთებს თუ რა სამართლებრივი შედეგის მომტანია მისთვის ნასყიდობის ხელშეკრუ-ლების ბათილად ცნობა, ან/და ამ ხელშეკრულების არსებობით რომელი მისი კანონით დაცული უფლებაა ხელყოფილი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი დაუსაბუ-თებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების კანონით გათვალისწინებული, არც ფაქტობრივი და, არც სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვე-ტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწი-ლობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიე-კუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვა-ლისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, მე-8, 243-ე-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თ----- გ-------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში დასაბუთე-ბული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტი-ლების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ჩიხლაძე