გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.04.2019
საქმის ნომერი
101210019002875602
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
03.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN 101210019002875602

N2/29-2019 წელი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

03 აპრილი 2019 წელი საჩხერე

 

შესავალი ნაწილი

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი ნათია ბერიძე

 

მოსარჩელე: მ----- გ------–---;

წარმომადგენელი: ი---------–----

მოპასუხე: ნ----- მ---------;

წარმომადგენელი: ე-–---- ბ----------;

 

დავის საგანი: ალიმენტის ოდენობის შემცირება.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოსარჩელე მ----- გ------–-ძისათვის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით, 2002 წლის 06 დეკემბერს დაბადებული დ---- გ------–-ძის სარჩოდ ალიმენტის სახით დაკისრებული თანხის 150 (ასორმოცდაათი) ლარის შემცირება 120 (ასოცი) ლარით და ალიმენტის განსაზღვრა 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:

 

მხარეები 2002 წლის 02 დეკემბრიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. ქორწინების განმავლობაში 2002 წლის 06 დეკემბერს შეეძინათ ერთი შვილი დ---- გ------–---. 2004 წელს მათი ქორწინება შეწყდა განქორწინებით. ბავშვი ცხოვრობს დედასთან; ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს დაეკისრა ალიმენტის გადახდა 30 ლარის ოდენობით შვილის დ---- გ------–-ძის სრულწლოვანებამდე; მოპასუხემ 2017 წელს მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს ალიმენტის ოდენობის გაზრდის მოთხოვნით, ვინაიდან მოსარჩელეს ჰქონდა სამსახური და მისი ხელფასი შეადგენდა 450 ლარს; ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს 2017 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს დაეკისრა ალიმენტის გადახდა 90 ლარის ოდენობით, რაც გასაჩივრებული იქნა მოპასუხის მიერ; ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გააუქმა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მოსარჩელეს დააკისრა ალიმენტის გადახდა 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით; მოსარჩელის განმარტებით იგი ამჟამად არის უმუშევარი, არა აქვს შემოსავალი, შეიცვალა მისი მატერიალური მდგომარეობა და შესაბამისად 150 ლარის გადახდა მისთვის შეუძლებელია; ამასთან მას ჰყავს მეორე მეუღლე და შვილი ნ-----–---- გ------–---; ცხოვრობენ დედასთან და მათი შემოსავალი არის დედის პენსია და მეუღლის ხელფასი, რომლის დიდი ნაწილიც სჭირდება დედის წამლებს; ასევე მოსარჩელეს პრობლემა აქვს თვალზე, რისთვისაც ესაჭიროება მედიკამენტები;

 

აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით, 2002 წლის 06 დეკემბერს დაბადებული დ---- გ------–-ძის სარჩოდ ალიმენტის სახით დაკისრებული თანხის 150 (ასორმოცდაათი) ლარის შემცირებას 120 (ასოცი) ლარით და ალიმენტის განსაზღვრას 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ნ----- მ---------მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და სასამართლოს სხდომაზე განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ყოვლად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია; მის მიერ მითითებული ალიმენტის თანხა 30 ლარი არ წარმოადგენს იმ ოდენობის თანხას, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი არასრულწლოვანი შვილის დ---- გ------–-ძის რჩენა-აღზრდა და მისი აუცილებელი მოთხოვნების დაკმაყოფილება; მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ მას შემოსავალი აღარა აქვს; მისი განზრახვაა თავი აარიდოს ალიმენტის გადახდის ვალდებულებას; ასევე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია სამედიცინო დოკუმენტაცია დედის დ------- გ------–-ძის შესახებ, რომელიც დათარიღებულია 2017 წლით, რაც ბუნებრივია საფუძვლად ვერ დაედება მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს;

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. მიუხედავად მცდელობისა მხარეები ვერ მორიგდნენ.

 

3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. დადგენილია, რომ მ----- გ------–--- და ნ----- მ--------- იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და მათ 2002 წლის 06 დეკემბერს შეეძინათ შვილი დ---- გ------–---.

 

დადგენილია, რომ მ----- გ------–--- და ნ----- მ--------- ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით განქორწინდნენ და ბავშვი აღსაზრდელად დარჩა დედასთან.

 

დადგენილია, რომ ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით მ----- გ------–---ს დაეკისრა შვილის- 2002 წლის 6 დეკემბერს დაბადებული დ---- გ------–-ძის სარჩოდ ალიმენტის თანხა ყოველთვიურად 30 ლარის ოდენობით, მის სრულწლოვანებამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება(ს.ფ.19-25)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.2.2. დადგენილია, რომ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს 2017 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით მ----- გ------–---ს 2002 წლის 6 დეკემბერს დაბადებული დ---- გ------–-ძის სარჩოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა 90 ლარის ოდენობით;

 

_ სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს 2017 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება( ს.ფ.14-18)

 

3.2.3. დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით, მ----- გ------–---ს, 2002 წლის 06 დეკემბერს დაბადებული დ---- გ------–-ძის სარჩოდ ალიმენტის სახით დაეკისრა თანხა 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

 

_ სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება;

 

3.2.4. დადგენილია, რომ 2011 წლის 29 დეკემბერს მ----- გ------–---მ შექმნა ახალი ოჯახი და დაქორწინდა მ------ კ-----–---–---, რომელთანაც 2011 წლის 13 იანვარს შეეძინა შვილი ნ-----–---- გ------–---.

 

დადგენილია, რომ მ----- გ------–--- მეუღლესთან -მ. კ-----–---–თან, მცირეწლოვან შვილთან და პენსიონერ დედასთან ერთად ცხოვრობს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიღაში.

 

დადგენილია, რომ მ----- გ------–---ს კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და ერთი მცირეწლოვანი შვილი, ასევე პენსიონერი დედა, რომელიც თვეში იღებს პენსიას 180 ლარის ოდენობით

მოსარჩელის განმარტებით მისი მეუღლე მუშაობს და გააჩნია გარკვეული შემოსავალი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ.27)

- ნ-----–---- გ------–-ძის დაბადების მოწმობა(ს.ფ.26)

- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება;

 

3.2.5. შპს ,,GTM GROUP’’-ის დირექტორის მიერ 2017 წლის 06 ივნისს გაცემული ცნობით N06/02. დადგენილია, რომ, მ----- გ------–--- შპს ,,GTM GROUP’’-ში, 2017 წლის 20 აპრილიდან აღარ მუშაობს, სამსახურიდან გათავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე;

შემოსავლების სამსახურის მიერ 2018 წლის 26 დეკემბერს გაცემული N6176337 ცნობით დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით მ----- გ------–-ძის 2018 წელს მიღებული შემოსავალი შეადგენს 0 ლარს; ფაქტობრივად მოსარჩელის ოჯახის შემოსავალია მეუღლის ხელფასი და დედის პენსია. მოსარჩელის მიერ დადასტურებული იქნა ის ფაქტი, რომ მას სოფელში საკუთრებაში გააჩნია სასოფლო-სამეურნეო მიწები.

 

_ სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

შპს ,,GTM GROUP’’-ის 2017 წლის 06 ივნისის ცნობა N06/02. (ს.ფ.32)

- შემოსავლების სამსახურის ცნობა N6176337(ს.ფ.33-34)

 

3.2.6. 2019 წლის 01 თებერვალს ოფთალმოლოგის მიერ გაცემული ცნობით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100), დასტურდება, რომ მ----- გ------–--- დაავადებულია მარჯვენა თვალის გლაუკომით, რაც საჭიროებს მედიკამენტოზურ მკურნალობას; ასევე დადგენილია, რომ დედა - დ------- გ------–--- დაავადებულია ქრონიკული ბრონქიტით, რაც დასტურდება 2017 წლის 08 აგვისტოს გაცემული დოკუმენტით.

 

_ სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

-ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100)(ს.ფ.28-29)

- ცნობა ჯანმრთელობის შესახებ(ს.ფ.30-31)

 

3.2.7. დადგენილია, რომ მოპასუხე ნ----- მ--------- ამჟამად ცხოვრობს ქ. ზესტაფონში თავის არასრულწლოვან შვილთან ერთად და იგი არ არის დასაქმებული.

 

_ სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მოპასუხის ახსნა-განმარტებები;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი გარემოებებისა და მტკიცებულებების გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე სასამართლო თვლის რომ, მ----- გ------–-ძის სარჩელი ალიმენტის შემცირების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5.კანონები, სხვა სახის ნორმატიული აქტები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე მუხლი, 1212-ე , 1213-ე, 1214 მუხლები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-106 მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება.

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე, განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

6.2. „ბავშვის უფლებათა კონვენციის” მე-2 და მე-3 მუხლების შესაბამისად მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ და უზრუნველყოფენ მათი იურისდიქციის ფარგლებში მყოფი თითოეული ბავშვის ყველა უფლებას, რომელიც წინამდებარე კონვეციითაა გათვალისწინებული, ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის გარეშე, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, ბავშვის, მისი მშობლებისა და კანონიერი მეურვეების ჯანმრთელობისა და დაბადების მდგომარეობის ან სხვა რამ ვითარების განურჩევლად.

 

მონაწილე სახელმწიფოები ყოველგვარ აუცილებელ ზომას ღებულობენ დისკრიმინაციის ყველა იმ ფორმისა და სასჯელისაგან ბავშვის დაცვის უზრუნველსაყოფად, რომლებიც უკავშირდება ბავშვის, ბავშვის მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ოჯახის სხვა წევრთა სტატუსს, საქმიანობას, მათ მიერ გამოთქმულ შეხედულებებს და მათ გამჟღავნებულ მრწამსს.

 

ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

 

მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვისათვის ზრუნვაზე ან მის დაცვაზე პასუხისმგებელი დაწესებულებები, სამსახურები ან ორგანოები შეესაბამებოდნენ კომპეტენტური ორგანოების მიერ დაწესებულ ნორმებს, კერძოდ, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მათი პერსონალის რიცხობრიობისა და ვარგისიანობის, აგრეთვე კომპეტენტური ზედამხედველობის თვალსაზრისით.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის შესაბამისად შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლით კი არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით, მ----- გ------–---ს, 2002 წლის 06 დეკემბერს დაბადებული დ---- გ------–-ძის სარჩოდ ალიმენტის სახით დაეკისრა თანხა 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, მის სრულწლოვანებამდე;

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.

 

სამოქალაქო კოდექსის 1231-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული მუხლი მართალია ადგენს მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომაროების ცვლილებების შესაბამისად ალიმენტის ოდენობის შეცვლის შესაძლებლობას, თუმცა მითითებული მუხლის განმარტება უნდა მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ნებისმიერ ცვლილებას ბავშვის ინტერესების საზიანოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის შესაბამისად იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან.

 

ალიმენტის ოდენობის დადგენისას ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას. აღნიშნული მოთხოვნილებები განსხვავდება ბავშვის ასაკიდან გამომდინარე. ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებთან, როგორიცაა შემოსავალი, ვალდებულებები სხვა არასრულწლოვანი შვილებისა, თუ მათ რჩენაზე მყოფი პირების მიმართ.

 

სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით დანიშნული ალიმენტის გაზრდას ან შემცირებას და ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის, შეძლებისდაგვარად, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებას, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, შემოსავლებს, რომელსაც ალიმენტის გადამხდელი იღებს, ასევე ითვალისწინებს მის კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს და განსაზღვრავს ალიმენტის ოდენობას გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იქნეს მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ანუ, ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ შეიძლება იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად. აღნიშნული ვალდებულება ასევე გამომდინარეობს „ბავშვის უფლებათა კონვენციის” 27.2 მუხლიდან (საქართველო მიუერთდა 1994 წელს), რომლის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ალიმენტვალდებული პირის მ----- გ------–-ძის მატერიალური მდგომარეობა გაუარესდა, ამჟამად იგი უმუშევარია და ხელფასის სახით არ აქვს სტაბილური შემოსავალი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის პოზიცია, რომ არ შემცირდეს სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხა და ალიმენტის ოდენობად კვლავ დარჩეს 150 ლარი, ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ; ამასთან აღსანიშნავია, რომ წინა შემთხვევაში როგორც ზესტაფონის რაიონული სასამართლო, ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ალიმენტის დადგენისას დაეყრდნო მოსარჩელის ხელფასს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მშობლების უფლება-მოვალეობების, ასევე მათი ინტერესების დაბალანსებისას, ყურადღება უნდა იყოს გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილების მოვლასა და აღზრდას, ამ ვალდებულების გამო მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება, უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.

 

ამდენად, დადგენილი გარემოებებითა და მითითებული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის თანხა უნდა შემცირდეს.

 

6.6. კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხე მ----- გ------–--- ამჟამად დასაქმებული არ არის და მას კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და ერთი მცირეწლოვანი შვილი, ხოლო დედა არის პენსიონერი და იღებს პენსიას ყოველთვიურად 180 ლარის ოდენობით, აქედან გამომდინარე, ამ ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოთ მითითებული სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა უნდა შემცირდეს 80 ლარამდე, რაც შეიძლება მიჩნეულ იქნას იმ გონივრულ და სამართლიან ოდენობად, რაც მისი ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე შეუძლია გადაიხადოს მოსარჩელემ მისი არასრულწლოვანი შვილისათვის მინიმალური საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად. გასათვალისწინებელია ასევე, რომ მ----- გ------–---ს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და მკურნალობისათვის ესაჭიროება გარკვეული თანხები. გარდა ამისა სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ მ----- გ------–---ს აქვს საკუთრებაში სასოფლო-სამეურნეო მიწა.

 

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი გარემოებებითა და ზემოთ მითითებული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მ----- გ------–-ძისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა 150 ლარი უნდა შემცირდეს და მ----- გ------–---ს ნ----- მ--------ის სასარგებლოდ მათი არასრულწლოვანი შვილის -2002 წლის 06 დეკემბერს დაბადებული დ---- გ------–-ძის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს 80 (ოთხმოცი) ლარის გადახდა მის სრულწლოვანებამდე, სარჩელის აღძვრის დროიდან, მოცემული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა - განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებებს, რომელებიც მხარეებს შეუძლიათ თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არცერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული ძალა, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას. შედეგად სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ამდენად, მ----- გ------–---ს რაიმე სხვა შემოსავალი არ გააჩნია. მოპასუხე მხარის პოზიცია მ----- გ------–-ძის მატერიალური შემოსავლის შესახებ საქმის მასალებით არ დასტურდება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის ''ა'' ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა - ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეზე დაკისრებული ალიმენტი -150 ლარი შემცირდა 80 ლარამდე, ანუ ამ გადაწყვეტილებით მოსარჩელეს დაეკისრა 70 ლარით ნაკლების გადახდა, შესაბამისად დავის საგნის ფასი შეადგენს 70X12=840 ლარს, რომლის შესაბამისი ბაჟის ოდენობაა 29 ლარი და 16 თეთრი და რომლის გადახდა მ----- გ------–-ძის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ----- გ------–-ძის (პ.ნ.54001014254) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემცირდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით დადგენილი ალიმენტი და მ----- გ------–---ს (პ.ნ.54001014254) მოცემული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან თავისი არასრულწლოვანი შვილის დ---- გ------–-ძის (დაბადებული 2002 წლის 6 დეკემბერს) სარჩენად ნ----- მ--------ის (პ/ნ54001022125) სასარგებლოდ დაეკისროს თვეში 80 (ოთხმოცი) ლარის გადახდა დ---- გ------–-ძის სრულწლოვანებამდე, მდგომარეობის შეცვლამდე .

 

2. მ----- გ------–-ძის (პ.ნ.54001014254) სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

3. ნ----- მ---------ს (პ/ნ 54001022125) მ----- გ------–-ძის (პ.ნ.54001014254) სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელწიფო ბაჟიდან 29 (ოცდაცხრა) ლარი და 16 (თექვსმეტი) თეთრი.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. N3).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი