გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N200210018002444715
საქმე N2/437-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26 მარტი, 2019 წელი თელავი
შესავალი ნაწილი
თელავის რიონული სასამართლო
მოსამართლე - ნინო ჩახნაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ ბერძენაშვილი
მოსარჩელე - ი----------–---–ი
მოპასუხე - ა-------------------ი
დავის საგანი: ხელშეშლის აკრძალვა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ა------------------ს დაევალოს სამეზობლო მიჯნაზე არსებული ქვითკირის კედელი დაადაბლოს 2 მეტრის სიმაღლემდე და დაევალოს სამეზობლო კედლიდან (2 მ.მანძილში) თავის მხარეზე არსებული ეზოს ფართობი გაათავისუფლოს ყოველგვარი დამხმარე სათავსოებისაგან.
1.2. მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის გადახდა.
მოსარჩელე მხარემ წარმოდგენილი სარჩელით განმარტა, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დასავლეთით ცხოვრობს მოპასუხე ა------------------ი. 2017 წელს ა------------------მა მისი სახლის უკანა კედლის გასწვრივ სამეზობლო მიჯნაზე მისი საცხოვრებელი სახლის დაახლოებით ერთ მეტრში ააშენა 3 მეტრის სიმაღლის და 20 მეტრის სიგრძის ბლოკის კედელი. კედლის აშენებამდე მათი ეზოები გამიჯნული იყო მავთულის ბადით. მათ შორის ზეპირი ურთიერთშეთანხმებით აღნიშნული მავთულბადის ნაცვლად მას საკუთარი ხარჯებით უნდა აეშენებინა ქვითკირის მყარი კედელი არაუმეტეს 2 მეტრის სიმაღლისა. მან გარანტია მისცა და შეჰპირდა, რომ მისი აღნიშნული მოქმედებით არაფერზე ხელი არ შეეშლებოდა და მშენებლობას მოახდენდა კანონით დადგენილი სამშენებლო და სანიტარული ნორმების დაცვით. მოპასუხემ ისარგებლა მოსარჩელის თანხმობით და სამეზობლო მიჯნაზე აღმართა 3 მეტრის სიმაღლის და 20 მეტრის სიგრძის ბლოკის კედელი, რის შემდეგაც მთლიანი კედლის გასწვრივ განათავსა დამხმარე სათავსოებო. მისი არაერთგზის მოთხოვნისა და სათანადო სამსახურებისგან გაფრთხილების მიუხედავად, მან არ შეაჩერა მშენებლობა, რითაც უხეშად დაარღვია საპროექტო-სამშენებლო და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. კერძოდ, სამეზობლო მიჯნის კედლის სიმაღლე არუნდა აღმატებოდეს 2 მეტრს და ღობიდან 2 მეტრის მანძილზე ახლოს არუნდა იყოს განთავსებული დამხმარე სათავსოები.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე არის მისი მომიჯნავე მესაკუთრე. მათი ნაკვეთები გამიჯნული იყო მავთულბადით. 2017 წელს მან გადაწყვიტა კედლის ამოშენება თავისივე ხარჯებით, რაზედაც მოსარჩელე დასთანხმდა. კედლიდან დაახლოებით ერთ მეტრში მან თავისივე ეზოში იმავე დროს ააშენა აბაზანა, სამზარეულო და ავტოფარეხი, რაზედაც მხარე თანახმა იყო. მშენებლობა დაასრულა 2017 წლის მაისში. კედლის სიმაღლე არის 2.80 სმ, რაც არ იწვევს მოსარჩელის საკუთრების დაბნელებას ან დაჩრდილვას და ის მოსარჩელეს არანაირად არ უშლის ხელს. შენობა გადახურულია კაპიტალურად და წყლის საწვეთური მოწყობილია მოპასუხის მხარეს. კომუნიკაციების ისეა გაყვანილი, რომ მასთან არა აქვს შეხება. შენობის ფუნქიებიდან გამომდინარე მოსარჩელეს არაფრის თმენა არ უწევს. პირიქით შესაძლოა პრეტენზია ჰქონდეს მასთან, რადგან მას მისი ეზოს ნაწილის მიჯნაზე მოშენებული აქვს საზაფხულო ოთახი და ზემოდან მოწყობილი აქვს ღია აივანი, რომელიც მის ეზოს გადმოყურებს. მას არ დაურღვევია არც სამშენებლო და არც სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. შენობა მის საკუთრების უფლებას არ ლახავს. მას აშენებიდან ერთი წლის შემდეგ გაუჩნდა პრეტენზია, რომელიც არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელის საკუთრებაშია საცხოვრებელი სახლი, რომელიც მდებარეობს ქ.ახმეტა, ქ---------–----–---–ი, უფლების რეგისტრაცია: თარიღი 23/10/2012. სარეგისტრაციო ზონა ა---------, სექტორი ქ--–--------------- კვარტალი 4-, ნაკვეთი 2--, ნაკვეთის დანიშნულება სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი 1208.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1 №2, მიწის საკადასტრო კოდი №50.04.4-.2--
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 15-16);
3.1.2. მოპასუხის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ახმეტა, ქ----------–-–---–------–-, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დასავლეთით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შესაგებელი (ს.ფ. 28-38);
- მოპასუხის განმატება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეთა შორის ზეპირი ურთიერთშეთანხმებით მავთულბადის ნაცვლად მოპასუხეს საკუთარი ხარჯებით უნდა აეშენებინა ქვითკირის მყარი კედელი არაუმეტეს 2 მეტრის სიმაღლისა. მან გარანტია მისცა და შეჰპირდა, რომ მისი აღნიშნული მოქმედებით არაფერზე ხელი არ შეეშლებოდა და მშენებლობას მოახდენდა კანონით დადგენილი სამშენებლო და სანიტარული ნორმების დაცვით. მოპასუხემ ისარგებლა მოსარჩელის თანხმობით და სამეზობლო მიჯნაზე აღმართა ბლოკის კედელი, რის შემდეგაც მთლიანი კედლის გასწვრივ განათავსა დამხმარე სათავსოებო. მოსარჩელის არაერთგზის მოთხოვნისა და სათანადო სამსახურებისგან გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხემ არ შეაჩერა მშენებლობა, რითაც უხეშად დაარღვია საპროექტო-სამშენებლო და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამავე კოდექსის 105. 2 მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე,170-ე, 172-ე, 176-ე,179-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერ ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. მეორე ნაწილის თანახმად, კი უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა, და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელშემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა და, ამასთან, ამის რაიმე საფუძველი ხელშემშლელს არ გააჩნია. საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის უფლება წარმოიშობა მაშინ, როცა სახეზეა შემდეგი საფუძვლები: ა) მოსარჩელე არის ნივთის მესაკუთრე; ბ) ნივთი მესაკუთრის მფლობელობაშია; გ) მოპასუხე ხელყოფს ან სხვაგვარად ხელს უშლის მოსარჩელეს თავისი საკუთრებით სარგებლობაში. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. ფაქტის არსებობა კი, როგორც წესი, დადასტურებული უნდა იქნას სათანადო მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 176-ე მუხლის თანახმად მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მეზობელ ნაკვეთებზე ისეთი ნაგებობების აშენების ან ექსპლუატაციის აკრძალვა, რომლებიც დაუშვებლად ხელყოფენ ნაკვეთით სარგებლობის უფლებას და ეს იმთავითვე აშკარაა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო მისი მტკიცების ტვირთს წარმოდგენა სარჩელის საფუძლიანობის დასადასტურებლად, რის გამოც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა. სასამართლო ასევე მიუთითებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს.
შესაბამისად, დავის საგნის ფასი 4000 ლარია, რის გამოც ნახევრდება გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა და შეადგენს - 60 ლარს. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 100 ლარი. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 60 ლარის ოდენობით უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად. ამასთან, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 40 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ი----------–---–ის სარჩელი არ დაკმყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 60 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. მოსარჩელე ი----------–---–ს დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 21 მარტს, სს ,,----------–-" გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 100 ლარიდან - ზედმეტად გადახდილი 40 ლარი, რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300863150, ბანკის კოდი: TRESGE22;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს (მდებარე ქ. თელავი, დ. აღმაშენებლის ქ. N41) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ნინო ჩახნაშვილი