გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210117001920893
№2-1594/17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე
სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე
მოსარჩელე შპს ”ე----”
წარმომადგენელი ა----------------------------ე
მოპასუხე სს „მ------------ი“
წარმომადგენელი ი-----–------–--ე, გ----------
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს მოპასუხე სს „მ------------ს“ მოსარჩელე შპს ”ე----ს” სასარგებლოდ გაწეული მომსახურებიდან გადასახდელად დარჩენილი დავალიანების ანაზღაურება 73 302,60 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სარჩელს არ ცნობს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 11 იანვარს სს „მ------------ს“ (დამკვეთი) და შპს „ე----ს“ (შემსრულებელი) შორის დადებული იქნა ნარდობის ხელშეკრულება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2016 წლის 11 იანვარს მხარეებს შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულების თანახმად, შემსრულებელი შპს ,,ე----“ ვალდებული იყო უზრუნველეყო ქ. ბათუმში, ხიმშიაშვილის ქN7/33-ში პროექტ „მეტრო პიტას“ სამშენებლო ობიექტზე მექანიკური მოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოების შესრულება. „შემსრულებლის“ მიერ ხელშეკრულების შესაბამისად შესასრულებელი სამუშაოს მთლიანი ღირებულება შეადგენდა 240 000 ლარს დამატებული დღგ. თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო თვეში ერთხელ გასულ თვეს შესრულებული სამუშაოების შესაბამისად.
ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად დაკვეთა უნდა შესრულებულიყო 2016 წლის 20 მაისამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
- 11.01.2016წ. ნარდობის ხელშეკრულება.
3.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ ვალდებულება შესრულებული იქნა ვადის დარღვევით. სულ შემსრულებლის მიერ შესრულებული იქნა 286 504,52 ლარის ღირებულების სამუშაო, საიდანაც დამკვეთის მიერ საერთო ჯამში გადახდილი იქნა 260 013,92 ლარი. დარჩენილმა დავალიანებამ შეადგინა 26 490,60 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
- ნარდობის ხელშეკრულება.
- საგადასახადო ანგარიშფაქტურები.
- ამონაწერი.
- გაფრთხილების წერილი.
- ჩატარებული სამუშაოების შეფერხების ანგარიშები.
3.2.3. სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ მოპასუხე ორგანიზაციას 2016 წლის 04 მაისს ასევე გაუწია ხელშეკრულების ფარგლებს გარეთ დამატებით მომსახურება. დამატებით შესულებული სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ კი შეადგინა 39 812 ლარი, რომელიც ასევე არ არის ანაზღაურებული მოპასუხის მხრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
- 24.12.2016წ. მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების ფარგლებს გარეთ შესრულებული დამატებითი სამუშაოების შესახებ.
- მეტრო პიტას სამშენებლო ობიექტზე ხელშეკრულების ფარგლებს გარეთ ზედმეტად შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი.
- სერდარ აქიუზის ხელწერილი.
3.2.4. 2016 წლის 24 ივნისს ერთი მხრივ სს „მ------------ს“ („დამკვეთი“), მეორე მხრივ შპს „ე----ს“ („შემსრულებელი“) და მესამე მხრივ შპს „ნ----ს“ შორის გაფორმებულ იქნა შეთანხმება, რომლის თანახმადაც დასტურდება, რომ შპს „ე----ს“ გააჩნდა შპს “ნ----ს“ მიმართ კვების დავალიანება 4701 ლარის ოდენობით. აღნიშნული დავალიანების დაფარვის ვალდებულება კი აიღო სს „მ------------მა“.
ზ/აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე სს „მ------------ს“ (დამკვეთს“) უნდა გადაეხადა „შემსრულებლის“ (შპს „ე----ს“) კვებითი დავალიანება შპს „ნ----ს“ მიმართ 4701 ლარის ოდენობით, რითაც მისი მომსახურების საფასურის დავალიანება „შემსრულებლის“ მიმართ ჩაითვლებოდა ნაწილობრივ გადახდილად.
ამდენად სასამართლო იზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ სს „მ------------ის“ გავალიანებას, რომლიც მას გაჩნია შპს „ე----ს“ მიმართ, უნდა გამოაკლდეს შპს „ნ----სათვის“ გადახდილი 4701 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
- ნარდობის ხელშეკრულება.
- 2016 წლის 24 ივნისის შეთანხმება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ”ე----ს” სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: მოპასუხე სს „მ------------ს“ უნდა დაეკისროს შპს ”ე----ს” სასარგებლოდ დავალიანების თანხის გადახდა 61601,60 ლარის ოდენობით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 629-ე, 361-ე მუხლებით, ასევე სამოქალაქო საოპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობებზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებითად დადებული იქნა სწორედ ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შემსრულებელი შპს ,,ე----“ ვალდებული იყო უზრუნველეყო ქ. ბათუმში, ხიმშიაშვილის ქN7/33-ში პროექტ „მეტრო პიტას“ სამშენებლო ობიექტზე მექანიკური მოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოების შესრულება. „შემსრულებლის“ მიერ ხელშეკრულების შესაბამისად შესასრულებელი სამუშაოს მთლიანი ღირებულება შეადგენდა 240 000 ლარს დამატებული დღგ. თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო თვეში ერთხელ გასულ თვეს შესრულებული სამუშაოების შესაბამისად.
ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ ზ/აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული იქნა 286 504,52 ლარის ღირებულების სამუშაო, ხოლო ხელშეკრულების ფარგლებს გარეთ შესრულებული იქნა დამატებით 39 812 ლარის ღირებლოების სამუშაო.
ასევე დადგენილია, რომ დამკვეთის მიერ საბანკო გადარიცხვებით გადახდილი იქნა 260 013,92 ლარი, ხოლო 2016 წლის 24 ივნისის სამმხრივი შეთანხმების საფუძველზე შპს „ნ----სათვის“ გადახდილი იქნა 4701 ლარი. დარჩენილმა დავალიანებამ კი შეადგინა 61 601,60 ლარი.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი იმპერატიულად არის დადგენილი, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.
ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეზე დავალიანების სახით 61 601,60 ლარის დაკისრების ნაწილში არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. გარდა ზ/აღნიშნულისა სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით. ამასთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105 მუხლის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არ არსებობის შესახებ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნევს, რომ შპს „ე----ს“ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე სს „მ------------ს“ უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 61601,60 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 2191 ლარის ოდენობით.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის, სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით მოპასუხეს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1848 ლარის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39–ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს ”ე----ს” სასარჩელო მოთხოვნა სს “მ------------ის” მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე;
1.1. მოპასუხე სს “მ------------ს“ დაეკისროს შპს ”ე----ს” სასარგებლოდ დავალიანების გადახდა 61601,60 ლარის ოდენობით.
1.2. მოპასუხე სს “მ------------ს“ დაეკისროს შპს ”ე----ს” სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1848 ლარის ანაზღაურება.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე