გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 14.03.2019
საქმის ნომერი
330310019002802737
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
14.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/173-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

14 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნათია ბუსკაძე

სხდომის მდივანი ნინო ჭაბუკიანი

 

მოსარჩელე - ჰ--------–---–--ი

 

წარმომადგენელი - თ----------------–ი

 

მოპასუხე - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

 

წარმომადგენელი - გ----------------–-–---–ი

 

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაევალოს მოპასუხე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გადასცეს მოსარჩელეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა, რაც გახდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №1--------- გადაწყვეტილების მიღების საფუძველი (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა იხ: 2019 წლის 14 მარტის სხდომის ოქმი: 14:11:44).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, რამდენადაც კონტრდაზვერვა ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოებას და ამ პროცესში მოპოვებული ინფორმაცია, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, არის სახელმწიფო საიდუმლოება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ ჰ--------–---–--ი (დაბადებული 1----–-–----------------) არის ს---------------–-----------–--ის მოქალაქე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სირიის არაბეთის რესპუბლიკის პასპორტი (ს.ფ. 53-54).

 

3.1.2. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 23 აგვისტოს №1--------- გადაწყვეტილებით ჰ--------–---–--ს საქართველოდან გასვლის ვალდებულება გადაუვადდა 2017 წლის 18 სექტემბრამდე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 23 აგვისტოს №1--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 36-37).

 

3.1.3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 6 ნოემბრის №1--------- გადაწყვეტილებით ჰ--------–---–--იზე გაიცა საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვა 2018 წლის 6 ნოემბრამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 6 ნოემბრის №1--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 38-39).

 

3.1.4. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №1--------- გადაწყვეტილებით ჰ--------–---–--ის ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტების შესაბამისად, უარი ეთქვა საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №1--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 33-34).

 

3.1.5. დადგენილია, რომ 2018 წლის 30 ნოემბერს ჰ--------–---–--იმ განცხადებით მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს პერსონალური ინფორმაციის/დოკუმენტების გაცემის შესახებ.

 

საქმეზე ასევე დადგენილია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის 14 დეკემბრის S---------------- წერილით, მოსარჩელეს 2018 წლის 30 ნოემბრის განცხადებასთან დაკავშირებით ეცნობა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ინფორმაცია საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობის საფუძვლების შესახებ, საიდუმლოვდება კანონმდებლობის სრული დაცვით, კერძოდ, ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კონტდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგეს სახელმწიფო საიდუმლოებას. შესაბამისად, მოსარჩელეს განემარტა, რომ მისი განცხადება შეიცავდა სახელმწიფო საიდუმლოების გაცნობის მოთხოვნას მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესების დაუცველად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ჰ--------–---–--ის 2018 წლის 30 ნოემბრის განცხადება (ს.ფ. 28-30);

- საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის 14 დეკემბრის S---------------- წერილი (ს.ფ. 31).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ჰ--------–---–--ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი; „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი; ,,საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი; „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რეალური მოქმედების (რეალაქტის) განხორციელებით, ან ასეთი მოქმედების განუხორციელებლობით დაინტერესებული პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის სამართლებრივ საშუალებას, კერძოდ, განმცხადებელს უფლება აქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი შეიტანოს სასამართლოში, მოქმედების განხორციელების (რასაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი), ან მოქმედების განხორციელებისგან თავის შეკავების მოთხოვნით. ქმედების განხორციელების თაობაზე სარჩელი წარმოადგენს მავალდებულებელი სარჩელის ერთ-ერთ სახეს, რომლის მიზანია ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც არ გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

განსახილველ შემთხვევაში, ჰ--------–---–--ის სასარჩელო მოთხოვნის მიზანია მოპასუხე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №1--------- გადაწყვეტილების მიღების საფუძვლის მოსარჩელისთვის გადაცემის დავალება, რაზეც მოსარჩელეს უარი ეთქვა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის 14 დეკემბრის S---------------- წერილით.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი იცავს სხვათა იდეების მოპოვებას, დამუშავებასა და შემდგომ გადაცემას. ხსენებული მუხლის შესაბამისად, პიროვნებას აქვს იდეების და ცნობების მიღების უფლება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე.

 

საქართველოს კონსტიტუცია ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის მეტ გარანტიას იძლევა და სახელმწიფოს აკისრებს არა მხოლოდ ნეგატიურ ვალდებულებს, ხელი არ შეუშალოს პიროვნებას ინფორმაციის მიღებაში, არამედ პოზიტიურ ვალდებულებას - გასცეს მის ხელთ არსებული ინფორმაცია. საქართველოს კონსტიტუცია მხოლოდ იმ შემთხვევაში ზღუდავს აღნიშნულ უფლებას თუ ინფორმაცია შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა პირად საკითხებთან, არავისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დასაცავად.

 

საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით („ინფორმაციის თავისუფლება“). აღნიშნული თავის 28-ე მუხლი იმეორებს კონსტიტუციურ ნორმას, რომ საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოებისთვის ან პერსონალური მონაცემებისთვის მიკუთვნებული ინფორმაციისა.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10 მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ ყველას აქვს უფლება, გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მისი ასლები, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს. ამავე კოდექსის 42-ე მუხლში კი ჩამოთვლილია იმ ინფორმაციათა სახეობანი, რომელთა გასაიდუმლოებაც დაუშვებელია, კერძოდ, 42-ე მუხლის „ნ“ პუნქტში მითითებულია, რომ ყველა სხვა ინფორმაცია, რომელიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით არ არის მიჩნეული სახელმწიფო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებად ან არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს.

 

ამდენად, სახელმწიფოში საჯარო ინფორმაციის ღიაობა უზრუნველყოფილია და ღიაობის შეზღუდვა ორ შემთხვევაშია დაშვებული: როდესაც ეს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული და როდესაც დადგენილი წესით იგი მიეკუთვნება პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 274-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია განისაზღვრება სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონმდებლობით. ამასთან, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან და ინფორმაციის სფეროში მოქმედი საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო პრინციპებიდან გამომდინარე, არეგულირებს ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევასთან, დასაიდუმლოებასთან და დაცვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს ქვეყნის თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობათა, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროებში სახელმწიფოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების დასაცავად.

 

მითითებული კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი განმარტავს, რომ სახელმწიფო საიდუმლოება ეს არის ქვეყნის თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობათა, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროებში არსებული ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ ან დაკარგვამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების მონაწილე მხარის სუვერენიტეტს, კონსტიტუციურ წყობილებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს და რომელიც ამ კანონით ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით დადგენილი წესით წინასწარ დასაიდუმლოებულია ან მიჩნეულია სახელმწიფო საიდუმლოებად და სახელმწიფოს მიერ დაცვას ექვემდებარება.

 

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საიდუმლოების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკას, როგორც საქართველოს სუვერენიტეტის, თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პოლიტიკის შემადგენელ ნაწილს, შეიმუშავებს საქართველოს პარლამენტი. ამავე მუხლის მეორე პუნქტით საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ სახელმწიფო საიდუმლოების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას.

 

მოცემული ნორმის მე-3 პუნქტი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ავალდებულებს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფის; სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებას და ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების კონტროლს.

 

,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის ,,დ’’ პუნქტის ,,დ.ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო საიდუმლოებას შეიძლება მიეკუთვნოს დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროებში ინფორმაცია სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობების და ფარული საგამოძიებო მოქმედებების გეგმების, ორგანიზების, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებების, ფორმების, მეთოდებისა და შედეგების შესახებ, აგრეთვე კონკრეტული ღონისძიებებისა და პროგრამების დაგეგმვის, განხორციელებისა და დაფინანსების თაობაზე.

 

ამდენად, სახელმწიფო საიდუმლოების შემთხვევაში, ინფორმაციის გასაიდუმლოების ინიციატორი სახელმწიფოა, მისი კომპეტენტური ორგანოების სახით. გასაიდუმლოება ხდება სახელმწიფოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების დასაცავად თავდაცვის, სახელმწიფო უშიშროების, საგარეო დაზვერვის, მართლწესრიგის დაცვის, ეკონომიკისა და სხვა სტრატეგიულ სფეროებში. სწორედ ამ ამოცანებს და არა კერძო საკითხებთან დაკავშირებული მონაცემების დაცვას ემსახურება სახელმწიფო საიდუმლოების ინსტიტუტი.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 19 ოქტომბრის N1--------- გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დგინდება, რომ მოსარჩელისთვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე დაყრდნობით. სასამართლო განმარტავს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ: ა) არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ; გ) იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.

 

სასამართლო მიუთითებს ,,საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებათა სისტემა, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო უსაფრთხოებას. ამდენად, მოცემული სამსახურის ძირითადი ფუნქცია და დანიშნულებაა ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია აქვე მიუთითოს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება.

 

ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება სპეციალურ სამსახურს − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 19 ოქტომბრის N1--------- გადაწყვეტილებას, ჰ--------–---–--ის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე, არის გასაიდუმლოებული საქმიანობის შედეგად მოპოვებულ ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველი საკითხის გადაწყვეტისას დაცული უნდა იქნეს საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, იმ პირობებში კი როცა საქმე ეხება ისეთ საჯარო ინტერესს, როგორიცაა სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვა დაუშვებელია გაუმართლებლად იქნეს მიღებული გადაწყვეტილება კერძო ინტერესის სასარგებლოდ.

 

6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალების, კერძოდ, მოსარჩელისთვის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №1--------- გადაწყვეტილების მიღების საფუძვლის გადაცემის თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 24–ე, 331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ჰ--------–---–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე ნათია ბუსკაძე