გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 06.02.2019
საქმის ნომერი
330310117002086387
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
06.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/6271-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

6 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ნანა ჭიჭილეიშვილი

სხდომის მდივანი - ნათია ფურელიანი

 

მოსარჩელე - შპს „-----------

წარმომადგენელი - ზ-------------–-----

 

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო;

წარმომადგენელი - გ----------–---–---–---–--

 

მესამე პირი - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;

წარმომადგენელი - მ------------–---–--

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა;

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 17 აგვისტოს N---- განკარგულება.

 

მოსარჩელის განმარტებით, მან 2017 წლის 13 სექტემბერს, ელექტრონული პორტალის მეშვეობით, როდესაც სხვა ტენდერზე მონაწილეობისათვის წინადადების წარსადგენად მიმართა ელექტრონულ პორტალს შეიტყო, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 17 აგვისტოს N---- განკარგულებით, 2017 წლის 18 აგვისტოდან დაურეგისტრირებია შავ სიაში ყოველგვარი შეტყობინების გარეშე. განკარგულების თანახმად ირკვევა, რომ შემსყიდველ ორგანიზაციას - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 27 მარტის N-- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2017 წლის 20 და 26 ივლისს მიმართული აქვს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის, მოსარჩელის მიმწოდებელთა შავ სიაში დარეგისტრირებაზე, სადაც უთითებს, რომ თითქოს მოსარჩელე არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებს, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგანაც მოსარჩელემ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სრულად, დარჩენილი ჰქონდა მხოლოდ ტექნიკური ხასიათის სამუშაოები რის შესახებაც შემსყიდველ ორგანიზაციას ელექტრონული ფოსტის საშუალებით შეატყობინა, სადაც აღნიშნულია შემდეგი: ,,ჩვენი მხრიდან 2017 წლის 27 მარტს გაფორმებული N-- ხელშეკრულების ვალდებულებები, კერძოდ, ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის განმავლობაში ვებ–პორტალის youth.gov.ge-ს და Monitoring.youth.gov.ge-ს განახლება განხორციელებული, შესრულებული და გატესტილია. მიმდინარეობს პროექტის/ფაილების ატვირთვა გარე ჰოსტინგზე. იქიდან გამომდინარე, რომ ჰოსტინგ პროვაიდერი არის ევროპული კომპანია და მათი სერვერული ინფრასტრუქტურა საქართველოში არ მდებარეობს, აქვს გარკვეული შეზღუდვა სიჩქარის მხრივ. ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო (ჰოსტინგ პროვაიდერის სიჩქარე - ფაილების გადაწერა ხდება ნელი ტემპით მათ მიერ სიჩქარის შეზღუდვის გამო) ვერ ხერხდება ფაილების დროული ატვირთვა. გთხოვთ ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამოგვიყოთ დამატებით 7 კალენდარული დღე, რათა შევძლოთ ჩვენს მიერ შესრულებული პროექტის სერვერზე ატვირთვა და წარმოდგენა.’’ მიუხედავად ამ ობიექტური საპატიო მიზეზისა, შემსყიდველმა მოსარჩელესთან უკანონოდ გაწყვიტა ხელშეკრულება, რადგანაც ხელშეკრულების მე-9 მუხლი ითვალისწინებდა მსგავს შემთხვევებში შეფერხების არსებობისას ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას, რაც დაუსაბუთებლად არ გაიზიარა შემსყიდველმა. ეს გარემოებები ასევე არ გამოუკვლევია მოპასუხეს მოსარჩელის შავ სიაში დარეგისტრირების განკარგულების მიღებისას. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მიერ არ იქნა ჩატარებული ადმინისტრაციული სხდომა ზეპირი მოსმენით, რომლის ჩატარების, სხდომაზე მხარეთა მოსმენისა და მტკიცებულებათა სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად ადმინისტრაციული ორგანო - მოპასუხე დარწმუნდებოდა, რომ არ უნდა გაეზიარებინა შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნა მოსარჩელის შავ სიაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რადგან ნამდვილად არ ჰქონდა ადგილი მოსარჩელის მიერ შემსყიდველთან დადებული ხელშეკრულების პირობების დარღვევას. შესაბამისად, შპს ,,--------’’ ისე მოხვდა შავ სიაში, რომ დაცული არ იქნა კანონმდებლობის მოთხოვნები, რომლის დაცვის ვალდებულება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად სააგენტოს გააჩნდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს სადავო განკარგულება მიაჩნია უკანონოდ და ითხოვს მის ბათილად ცნობას.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.1. მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ წერილობითი ფორმით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

2.2. მესამე პირის პოზიცია

 

მესამე პირი - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო წერილობითი ფორმით წარმოდგენილი შესაგებლით არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებზე უარი თქმა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 2017 წლის 6 მარტს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა გამარტივებული N----------- ელექტრონული ტენდერი მსოფლიო ქსელის (www) გვერდის ჰოსტინგის შესყიდვის მიზნით.

 

სატენდერო კომისიის 2017 წლის 21 მარტს N03 სხდომის ოქმით შპს „I-------E” გამოვლინდა გამარჯვებულად და მიწვეულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად.

 

2017 წლის 27 მარტს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და შპს ,,---------ს’’ შორის გაფორმდა N-- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ხელშეკრუ;ლების გათვალისწინებული მომსახურების გაწევა დანართ N1- შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ხელშეკრულების თანახმად მიმწოდებელს შემსყიდველი ორგანიზაციისათვის უნდა გაეწია ვებ გვერდის yuth.gov.ge. და monitoring.gov.ge განახლების მომსახურება. ვებ გვერდის განახლება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის განმავლობაშ (2017 წლის 26 მაისის ჩათვლით) ხოლო ვებ გვერდის yuth. gov.ge ტექნიკური მხარდაჭერა, facebook გვერდის ადმინისტრირება, ჰოსტით უზრუნველყოფა და ვებ გვერდზე განთავსებული ახალი ამბების თარგმნა 7 თვის განმავლობაში (2017 წლსი 27 ოქტომბრის ჩათვლით); ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 20149.84 ლარი, ხოლო მოქმედების ვადა 2018 წლის 31 იანვარი. ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად, შემსყიდველის უფლება აქვს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში განახორციელოს კონტროლი შესრულებულ სამუშაოებზე. 10.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 4.1. პუნქტისა და დანართი N1 გათვალისწინებულ პირობების შეუსრულებლობისა ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ვალდებულების 0,07% ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

27.03.2017 წლის N-- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.(ს.ფ.69-73);

 

3.1.2. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 05 ივლისს N----------- წერილით შპს ,,---------ს’’ ეცნობა, რომ 2017 წლის 4 ივლისის ინსპექტირების დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ დარღვეულ იქნა ხელშეკრულების 4.1. პუნქტი, კერძოდ ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის განმავლობაში არ არის განახლებული yuth.gov.ge. და monitoring.gov.ge, ასევე ივნისის თვეში არ განხორციელებულა ვებ გვერდის yuth.gov.ge-ს ტექნიკური მხარდაჭერა, facebook გვერდის ადმინისტრირება, ჰოსტით უზრუნველყოფა და ვებ გვერდზე განთავსებული ახალი ამბების თარგმნა. აღნიშნულის გათვალისწინებით ადრესატს ეთხოვა არაუგვიანეს 2017 წლის 06 ივლისისა განეხორციელებინა yuth.gov.ge. და monitoring.gov.ge, განახლება წინააღმდეგ შემთხვევაში ამავე ხელშეკრულების 13.1 პუნქტის საფუძველზე ცალმხრივად შეწყდებოდა ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2017 წლის 4 ივლისის ინსპექტირების აქტი. (ს.ფ.74);

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 05 ივლისს N----------- წერილი.( ს.ფ. 75);

 

3.1.3. შპს ,,---------მა 2017 წლის 17 ივლის წერილით მიმართა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და აცნობა, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის განმავლობაში ვებ–პორტალის youth.gov.ge-ს და Monitoring.youth.gov.ge-ს განახლება განხორციელებული, შესრულებული და გატესტილია. მიმდინარეობს პროექტის ფაილების ატვირთვა გარე ჰოსტინგზე. ამასთან, იქიდან გამომდინარე, რომ ჰოსტინგ პროვაიდერი არის ევროპული კომპანია და მათი სერვერული ინფრასტრუქტურა საქართველოში არ მდებარეობს, აქვს გარკვეული შეზღუდვა სიჩქარის მხრივ (ჰოსტინგ პროვაიდერის სიჩქარე - ფაილების გადაწერა ხდება ნელი ტემპით მათ მიერ სიჩქარის შეზღუდვის გამო) ვერ ხერხდება ფაილების დროული ატვირთვა და ითხოვა დამატებით 7 დღის გამოყოფა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

შპს ,,-------- 2017 წლის 17 ივლისის წერილი.(ს.ფ.198);

 

3.1.4. 2017 წლის 19 ივლისის ინსპექტირების აქტის თანახმად ირკვევა, რომ მიუხედავად საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 05 ივლისს წერილობითი გაფრთხილებისა მიმწოდებლის მიერ არ არის შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი არცერთი ვალდებულება.

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ შპს ,,---------მა მხრიდან სახელშეკრულებო პირობების დარღვევის გამო 2017 წლის 19 ივლისს ცალმხრივად შეწყდა 2017 წლის 27 მარტის N-- ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2017 წლის 19 ივლისის ინსპექტირების აქტი. (ს.ფ.76-77);

2017 წლის 19 ივლისის ოქმი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. (ს.ფ.78);

 

3.1.5. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 20 ივლისის N------- წერილით შპს ,,---------ს’’ ეცნობა, რომ ხელშეკრულების 4.1. პუნქტის დარღვევის გამო ხელშეკრულების 10.1 პუნქტის თანახმად, ეკისრებათ პირგასამტეხლო 707.02 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 20 ივლისის N------- წერილი. (ს.ფ.187);

 

3.1.6. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გაუგზავნა 2017 წლის 20 ივლისისა N------- და 2017 წლის 26 ივლისის N------- წერილობითი შეტყობინებები, შპს ,,---------ს’’ შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნით.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 20 ივლისის N------- წერილობითი შეტყობინება. (ს.ფ.79-80);

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2107 წლის 26 ივლისის N------- დაზუსტებული წერილობითი შეტყობინება. (ს.ფ.83-84);

 

3.1.7. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 27 ივლისის N----- წერილით შპს ,,---------ს’’ ეთხოვა წარმოედგინა თავისი განმარტება, ეთანხმებოდა თუ არა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენილ წერილობით შეტყობინებაში მითითებულ გარემოებებს. ასევე ეცნობა, რომ განმარტების წარუდგენლობა არ აბრკოლებდა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას. აღნიშნული წერილი ,,---------ს’’ გაეგაზავნა ელექტრონულ სისიტემაში მის პროფილში მითითებული ელექტრონული მისამართის ( info@itForce.ge. ) მეშვეობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 27 ივლისის N----- წერილი.(ს.ფ.85);

კანცელარიის გაცემის ბარათი.(ს.ფ.87);

დოკუმენტის გადაგზავნის ბართი. (ს.ფ.88);

 

3.1.8. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 17 აგვისტოს N---- განკარგულებით, შპს ,,--------’’ (ს/კ 4--------) 2017 წლის 18 აგვისტოს დარეგისტრირდა შავ სიაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის17 აგვისტოს N---- განკარგულება. (ს.ფ. 89-9 1);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, მის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული აქტის მიღებისას ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. შესაბამისად, შპს ,,---------ს“ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობები’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 17 აგვისტოს N---- განკარგულება შპს ,,---------ს“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ’’ - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონიერება სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

6.2. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის 1.1. მუხლის თანახმად, ეს კანონი ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება ყველა სახის სახელმწიფო შესყიდვაზე, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების გარდა. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია არის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახსრებით შესყიდვის განმახორციელებელი პირი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. ამავე მუხლის ,,ი1’’ ქვეპუნქტის თანახმად კი პრეტენდენტი არის პირი, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 27 მარტს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და შპს ,,---------ს’’ შორის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შედეგად გაფორმებულ იქნა N-- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ხელშეკრუ;ლების გათვალისწინებული მომსახურების გაწევა დანართი N1- შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ხელშეკრულების თანახმად მიმწოდებელს შემსყიდველი ორგანიზაციისათვის უნდა გაეწია ვებ გვერდის yuth.gov.ge. და monitoring.gov.ge განახლების მომსახურება. ვებ გვერდის განახლება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის განმავლობაში (2017 წლის 26 მაისის ჩათვლით) ხოლო ვებ გვერდის yuth. gov.ge ტექნიკური მხარდაჭერა, facebook გვერდის ადმინისტრირება, ჰოსტით უზრუნველყოფა და ვებ გვერდზე განთავსებული ახალი ამბების თარგმნა 7 თვის განმავლობაში (2017 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით); ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად, შემსყიდველის უფლება აქვს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში განახორციელოს კონტროლი შესრულებულ სამუშაოებზე. ხელშეკრულების 10.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 4.1. პუნქტისა და დანართი N1 გათვალისწინებულ პირობების შეუსრულებლობისა ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ვალდებულების 0,07% ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის 3-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის თანახმად, შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი (შემდგომ – შავი სია) – შავი სია, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. შავი სია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. შავი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით (შემდგომ – კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი).

 

სასამართლო განმარტავს, რომ თავის მხრივ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული იქნა შავი სიის წარმოების წესი და პირობები’’, რომელიც შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად და განსაზღვრავს პრეტენდენტის/მიმწოდებლის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შემდგომში – შავი სია) დარეგისტრირების საფუძვლებს, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) წერილობითი შეტყობინების წარდგენის, ასევე სააგენტოს მიერ შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესსა და პირობებს. აღნიშნული წესის 2.1 მუხლის თანახმად, შავი სია წარმოადგენს სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს შავ სიაში დარეგისტრირებიდან ერთი წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვაში და დადოს ხელშეკრულება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სააგენტო შავ სიას აწარმოებს ელექტრონულად, საკუთარ ვებგვერდზე (www.procurement.gov.ge) და იგი ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 მუხლის თანახმად განსაზღვრულია შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლები. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარუდგენლობის (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულების დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის გამო; ბ) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი საშუალებით განხორციელებისას, გარდა კონსოლიდირებული ტენდერისა, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) ხელშეკრულების დადების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პრეტენდენტმა/მიმწოდებელმა, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება. ბ) მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ 4.1 მუხლის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ წარმოიშობა პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით კი განსაზღვრულია, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება უნდა იყოს დასაბუთებული და შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას (დოკუმენტაციას): ა) შესყიდვის განხორციელების საშუალების დასახელებას; ბ) ტენდერის შემთხვევაში – სატენდერო განცხადების ნომერს, კონკურსის შემთხვევაში – საკონკურსო განცხადების ნომერს, გამარტივებული შესყიდვის ან კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში – შესაბამისი ხელშეკრულების სისტემის CMR მოდულში რეგისტრაციის ნომერს; გ) შესყიდვის ობიექტის დასახელებასა და მის შესაბამის კლასიფიკატორს – CPV კოდს; დ) შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის რეკვიზიტებს; ე) პრეტენდენტის შესაბამისი საფუძვლით დისკვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ან მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ვ) კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენამდე პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ზ) კონსოლიდირებულ ტენდერში მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულებ(ებ)ის დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის, ასევე კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; თ) ხელშეკრულების დადებამდე პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ი) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას – ასევე ხელშეკრულების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის ან მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გაუგზავნა 2017 წლის 20 ივლისისა N------- და 26 ივნისის N------- წერილობითი შეტყობინებები, შპს ,,---------ს’’ (ს/კ 4--------) შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ, იმ საფუძვლით, რომ მიმწოდებლის მხრიდან ადგილი ჰქონდა მხარეთა შორის 2017 წლის 27 მარტს გაფორმებული N-- ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობას.

 

6.3. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ 5.12 მუხლის თანახმად, სააგენტო წერილობით შეტყობინებას იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს წერილობითი შეტყობინების წარმოდგენიდან არაუმეტეს ორი თვის ვადაში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია დამატებითი დრო, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადა, სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს ერთი თვით. მე-5 პუნქტის თანახმად, წერილობითი შეტყობინების ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, სააგენტო პრეტენდენტს/მიმწოდებელს აცნობებს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და მიმართავს მას განმარტების წარმოდგენის მოთხოვნით. განმარტებაში აღნიშნული უნდა იყოს: ა) ეთანხმება თუ არა პრეტენდენტი/მიმწოდებელი წერილობით შეტყობინებაში მითითებულ გარემოებებს და რა ნაწილში; ბ) თუ პრეტენდენტი/მიმწოდებელი არ ეთანხმება წერილობით შეტყობინებაში მითითებულ გარემოებებს – კონკრეტული მტკიცებულებები, ფაქტები და გარემოებები, რომლებზეც იგი აფუძნებს საკუთარ მსჯელობას. მე-6 პუნქტის თანახმად, პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიერ განმარტების წარუდგენლობა არ აბრკოლებს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას. მე-9 პუნქტის თანახმად, სააგენტო წერილობით შეტყობინებას იხილავს ამ წესითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესების შესაბამისად.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ 2017 წლის 18 სექტემბერს N---- წერილით მიმართა შპს ,,---------ს’’ და ითხოვა წარმოედგინა თავისი განმარტება, ეთანხმებოდა თუ არა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენილ წერილობით შეტყობინებაში მითითებულ გარემოებებს. ამავე წერილით შპს ,,---------ს’’ ასევე ეცნობა, რომ განმარტების წარუდგენლობა არ აბრკოლებს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას. აღნიშნული წერილი ,,---------ს’’ გაეგაზავნა ელექტრონულ სისიტემაში მის პროფილში მითითებული ელექტრონული მისამართის (info@itForce.ge.) მეშვეობით. დადეგნილია, რომ მიმწოდებელს განმარტება არ წარმოუდგენია.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ 7.1 მუხლის თანახმად, სააგენტო შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმეში არსებული გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტო ადგენს, არსებობს თუ არა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი, სააგენტო, ამ მუხლის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ. მე-4 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, უარი თქვას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე, თუ არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი საფუძველი: ა) არ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში დარეგისტრირების საფუძვლები; ბ) შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით მნიშვნელოვნად დაირღვევა ბაზარზე კონკურენციის დაცვისა და საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპები. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და არ არის სახეზე შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის ან გაფრთხილების საფუძველი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

 

დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, უპირველეს ყოვლისა იკვლევს, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია აკმაყოფილებს თუ არა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შემდგომ კი სააგენტოს მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში სრულყოფილად უნდა იქნეს გამოკვლეული წარდგენილი მტკიცებულებები და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების თაობაზე, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში რეგისტრაცია იწვევს გარკვეული უფლებების შეზღუდვას და გარკვეული ზიანის მომტანი შესაძლოა აღმოჩნდეს მხარისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში სრულად იქნა წარდგენილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრული ინფორმაცია და შესაბამისი მტკიცებულებები, რაც ადასტურებდა შპს ,,---------ს“ მიერ 2017 წლის 27 მარტს გაფორმებული N-- ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ფაქტს.

 

დასახელებული გარემოებები საბოლოო ჯამში მოწმობს იმას, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. რის გამოც სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, მიზანშეწონილად მიიჩნია შპს ,,---------ს“ მიმართ გამოეყენებინა შავ სიაში დარეგისტრირება. ამდენად, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 17 აგვისტოს N---- განკარგულება. შპს ,,---------ს“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ” მიღებულ იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებულ იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,---------ს“ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს შპს ,,---------ს“ მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად - 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, შპს ,,---------ს“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 სექტემბრის განჩინებით შპს ,,---------ის“ შუამდგომლობა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა და შეჩერდა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 17 აგვისტოს N---- განკარგულების მოქმედება სასამართლოს მიერ სადავო საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე. ასევე, დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 08 იანვრის გაჩინებით (საქმე N3---------) უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის შეჩერების თაობაზე ძალას კარგავს: ა) მოცემულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას და ბ)სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულების შემთხვევაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,---------ს“ სარჩელი მოპასუხე არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი