გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.03.2019
საქმის ნომერი
330210017001992031
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
28.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/1731--17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28.03.2019 წ. ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთ კოლეგია

მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი

სხდომის მდივანი ნინო სეხნიაშვილი

მოსარჩელე შპს ვ-------- ბ------ კ----------,წარმომადგენელი ნ---- ყ-------, ლ-–- ზ----------, გ------- ჯ---------,მოპასუხე შპს კ-------– პ----------,მოსარჩელე თ---------- წ------,დავის საგანი: თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს კ-------– პ---------ს დაეკისროს მოსარჩელე შპს ვ-------- ბ------ კუკაზუსის სასარგებლოდ საშუამავლო მომსახურების საფასურის სახით 141546 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს კ-------– პ---------მა შესაგებლით სარჩელი არ ცნო დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის მოტივით და ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელისათვის უარის თქმა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 04.05.2017 წელს შპს ვ-------- ბ------ კ----------ს და შპს კ-------– პ---------ს შორის დაიდო უ------ ქ------- სააგენტო მომსახურების გაწევის ხელშეკრულება. აღნიშნული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, კერძოდ მისი პრეამბულისა და 2.1. პუნქტით, შპს კ-------– პ---------მა დაიქირავა შპს ვ-------- ბ------ კ----------ი ექსკლუზიურ სააგენტო საფუძველზე მის საკუთრებაში არსებული კონკრეტული უ------ ქ-------, საკადასტრო კოდებით: 0-.1-.0-.0--.0--.0-.5--, 0-.1-.0-.0--.0--.0-.5--, 0-.1-.0-.0--.0--.0-.5--, 0-.1-.0-.0--.0--.0-.5--, 0-.1-.0-.0--.0--.0-.5--, 0-.1-.0-.0--.0--.0-.5--, 0-.1-.0-.0--.0--.0-.5-- გაყიდვასთან დაკავშირებით (პროექტი), რაც მოიცავს ინვესტორებისათვის ,,პროექტის“ წარდგენას და გარიგების განხორციელებაში მხარდაჭერას.

 

აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ პროექტის ფარგლებში სააგენტო უნდა დაეხმაროს პრინციპალს, ექსკლუზიურ საფუძველზე, პროექტთან დაკავშირებულ საკითხებში, რაც მოიცავს ინვესტორებისათვის წარდგენასა და გარიგების განხორციელებაში მხარდაჭერას. გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, პრინციპალს არ ეკრძალება საკუთარი შეხედულებისამებრ ქონების პირდაპირი გზით გაყიდვა, ან სხვა აგენტების დაქირავება ქონების გაყიდვასთან დაკავშირებით.

 

ხელშეკრულებით მხარეები ასევე შეთანხმდნენ მომსახურების საფასურსა და ხარჯებზე. კერძოდ, ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სააგენტოს მომსახურებისათვის პრინციპალმა უნდა გადაუხადოს აგენტს მომსახურების საფასური შემდეგი რაოდენობით, საფასური არ მოიცავს დღგ-ს: ა) წარმატების საფასური, რომელიც შეადგენს დღგ-ს გარეშე ქონების მთლიანი ღირებულების 1.5%-ს, რომელიც მიღებულია აგენტის მიერ წარდგენილი მყიდველისაგან, შესაბამისად ნასყიდობის კონტრაქტზე ხელმოწერით. საფასურის ანაზღაურება უნდა განხორციელდეს აგენტის მიერ პრინციპალისათვის წარდგენილი მყიდველისაგან თანხებისა და აგენტის ინვოისის მიღებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

 

ხელშეკრულების 6.1. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ აგენტს შეუძლია მხოლოდ საკუთარი შეხედულებისამებრ დანიშნოს დამატებითი მრჩეველები (მესამე მხარის აგენტები), პროექტში დასახმარებლად.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

04.05.2017 წლის უძრავი ქონების სააგენტო მომსახურების გაწევის ხელშეკრულების ასლი ტ.2. ს. ფ. 16-22.

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადავოდ არ ხდიან.

 

3.1.2. 09.06.2017 წელს შპს კ-------– პ---------ს და S-- U-- I---ის წარმომადგენლობა საქართველოში S-- P----ის შორის გაფორმდა აქტივების მიწოდების ხელშეკრულება გადაწყვეტილების 3.1.1. პუნქტში ჩამოთვლილი ყველა უძრავი ქონების შესყიდვის შესახებ. მხარეთა შორის შეთანხმებული აქტივების გადაცემის სანაცვლოდ გადასახდელი შესყიდვის ფასმა შეადგინა 7997000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.

 

ხელშეკრულების მე-7 პუნქტის თანახმად, გამყიდველი და მყიდველი ცალ-ცალკე უდასტურებენ ერთმანეთს, რომ არც ერთ მათგანს არ ახლავს ბროკერის ან სხვა აგენტის მომსახურეობა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გარიგებასთან მიმართებაში, ასევე მათ არ გაუღიათ არც ერთი ქმედება, რომელმაც შესაძლოა წარმოშვას გარიგებასთან დაკავშირებული საკომისიო მოთხოვნა. თითოეული მხარე თანხმდება მასზედ, რომ იგი ათავისუფლებს და დაიცავს მეორე მხარეს ნებისმიერი და ყველა სახის დანაკარგისაგან, ხარჯისაგან, ზიანისაგან, ვალდებულებისაგან და დანახარჯისაგან, რაც შეიძლება მიადგეს მეორე მხარეს ამგვარი გარანტიის გამცემი მხარის მიერ ზემოაღნიშნული განცხადების დარღვევის შედეგად. ასეთი გარანტია ძალაში დარჩება ნასყიდობის ფასის გამყიდველზე გაცემის შემდეგაც.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს

09.06.2017 წლის აქტივების მიწოდების ხელშეკრულების ასლი ტ.2. ს.ფ. 31-50.

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადავოდ არ ხდიან.

 

3.1.3. მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონების მესაკუთრეს 09.06.2017 წლის აქტივების მიწოდების ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენს S-- U-- I--, 12.06.2017 წლიდან.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს

საჯარო რეესტრის ამონაწერების ასლები ტ.2. ს. ფ. 51-71.

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადავოდ არ ხდიან.

 

3.1.4. 14.10.2016 წლის განზრახულობის ოქმით დგინდება, რომ შპს ტ------ უ------ ქ------- ფ-----ს, შემდგომში მოსხენიებულს როგორც ტ------ი და შპს კ-------– პ---------ს, შემდგომში მოხსენიებულს როგორც გამყიდველი, დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც გამყიდველის საკუთრებაშია უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თ---–---, შ----- რ---------–-ს გ-------- N4-/ა-–---------- გ------------ის ქუჩა N3-- (7 უძრავი ქონება). ქვემოთ მოცემული პირობებისა და ვადების შესაბამისად გამყიდველს სურს მიყიდოს უძრავი ქონება პოტენციურ მყიდველს. ქვემოთ მოცემული პირობებისა და ვადების შესაბამისად ტ------ს (ან მის რომელიმე ახალ ქვე-კომპანიას) სურს შეიძინოს გამყიდველის უძრავი ქონება. უ------ ქ------- ნასყიდობის ფასია 8400000 აშშ დოლარი. ნებისმიერი დამატებითი გადასახადის გადახდის გარეშე. ბროკერის /აგენტის საფასურს გადაიხდის გამყიდველი.

 

განზრახულობათა ოქმით დგინდება, რომ აღნიშნული დოკუმენტი ძალაშია მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან 2017 წლის 28 თებერვლამდე. ამ დროისათვის, მხარეებს დადებული უნდა ჰქონდეთ საბოლოო ნასყიდობის ხელშეკრულება. თუმცა გამყიდველმა უნდა შეასრულოს მე-4 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება. ამ პირობების შესრულების შეფერხების შემთხვევაში დოკუმენტის ვადა საჭიროებისამებრ გაგრძელდება ავტომატურად. მხარეები თანხმდებიან, რომ ისინი გადახედავენ კაპიტალის მოზიდვის პროცესს 12 დეკემბერს. ტ------ი გამყიდველს მიაწვდის განახლებულ ინფორმაციას პროცესთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ ტ------ი მიაწვდის უარყოფით პასუხს კაპიტალის მოზიდვასთან დაკავშირებით, დოკუმენტი შეწყდება დაუყოვნებლივ.

 

აღნიშნული დოკუმენტის ვადის განმავლობაში, უძრავი ქონება ექსკლუზიურად იქნება დარეზერვებული ტ------ისათვის და გამყიდველმა პირდაპირ ან არაპირდაპირ არ უნდა დაიწყოს, მოიძიოს ან მოლაპარაკება გამართოს ხელშეკრულებაზე ან დადოს ნებისმიერი ბიზნეს გარიგება ან ვალდებულება ნიბისმიერ მესამე პირთან, რაც დაკავშირებულია ,,უძრავი ქონების“ ნებისიერი წილის გადაცემასთან.

 

ზემოაღნიშნული დოკუმენტი ხელმოწერილია ს-–- ტ------ისა და შპს კ-------– პ----------ს დირექტორის გ--–- კ------ის მიერ.

 

აღნიშნული დოკუმენტზე ხელმოწერით მინიმუმ 14.10.2016 წლიდან ს-–- ტ------ისათვის ცნობილი იყო მოპასუხის საკუთრებაში არსებული უ------ ქ------- ნასყიდობის განზრახვის შესახებ და იგი წარმოადგენდა ექსპლუზიურ მყიდველს.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს

14.10.2016 წლის განზრახულობის ოქმი ტ. 4. ს. ფ. 182-189.

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადავოდ არ ხდიან.

 

3.1.5. უ------ ქ------- მყიდველის S-- U-- I---ის დირექტორის შ------ მ--------ის 2017 წლის 02 აგვისტოს წერილით შპს კ-------– პ----------ს დირექტორის გ--–- კ------ის სახელზე დგინდება, რომ 2017 წლის 04 მაისს საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა ქ. თბილისში და ცხოვრობდა სასტუმრო გრანდ მარიოტში, სადაც კაფე პარნასში შემთხვევით შეხვდა ძველ ნაცნობს ბ-ნ ფ---- ა--–--, რომელსაც 20 წელია იცნობს. ლანჩის დროს საუბრისას, მისი დაჟინებული თხოვნით იგი დათანხმდა მისი მობილური ტელეფონიდან გაეცნო ბატონი ს-–- ტ------ი, რომელსაც აქვს რაღაც ბიზნეს პროექტები და შემდგომში შ------ მ--------ი დათანხმდა პირად შეხვედრაზე სასტუმრო გრანდ მარიოტში, რომ მოესმინა მისი ბიზნეს წინადადებები.

 

შ------ მ---------- განმარტებით, ს-–- ტ------თან შეხვედრის დროს მან შესთავაზა ინვესტირება განეხორციელებინა შექმნილ თუ შესაქმნელ რაღაც ფონდში კოლექტიური ინვესტირებისათვის, რომლის მიზანი იყო შექმნილიყო ინვესტორთა ჯგუფი მისი ხელმძღვანელობით, შემდგომში სხვადასხვა ობიექტების გამოსყიდვისთვის საქართველოში, მათ შორის სავაჭრო ცენტრი მ-----ი. ამ ჰიპოტეტიურ ფონდში მონაწილობაზე შ------ მ--------მა განაცხადა უარი, მაგრამ გამოხატა პოტენციური ინტერესი პირდაპირი შესყიდვისა მ-----ის ნაწილისა მფლობელისაგან, მას შემდეგ რაც ექნებოდა ყველა საჭირო წინასწარი ინფორმაცია, ჩატარებული იქნებოდა სრული კვლევა, პირობები, ფასი, რომელიც მისაღები იქნებოდა ორივე მხარისათვის და შედგებოდა პირდაპირი მოლაპარაკება მეპატრონეებთან. ამ მიზნებიდან გამომდინარე წერილის ავტორმა მოითხოვა ბატონ ს-–- ტ------ს ეჩვენებინა მისთვის მისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები, მაგალითად ბროკერის/მაკლერის უფლებამოსილება ან ნებისმიერი სხვა უფლებამოსილება მეპატრონისგან.

 

შ------ მ---------- განმარტებით, ბ-ნმა ს-–- ტ------მა ვერანაირი დოკუმენტის წარდგენა ვერ შეძლო, რომელიც მის უფლებამოსილებას დაადასტურებდა მეპატრონისგან ამ საკითხზე მოლაპარაკების წარმოებისათვის, ვერ შეძლო მისი კომპეტენციის და სტატუსის ახსნა. ს-–- ტ------მა წერილობით უარი განაცხადა შემდგომ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე სავაჭრო ცენტრ მ-----თან დაკავშირებით და წარმატებები უსურვა შ------ მ--------ს სხვა აქტივების შეძენაში.

 

ამის შემდეგ წერილის ავტორმა 05.05.2017 წელს მიმართა მისი კომპანიის წარმომადგენლობას საქართველოში ს--- ფ------ს რათა მოეძიებინა საჯარო რეესტრიდან ყველა საჭირო ინფორმაცია სავაჭრო ცენტრ მ-----თან დაკავშირებით, რაც მოგვიანებით მიაწოდეს ინგლისურ ენაზე, საიდანაც შ------ მ--------მა შეიტყო პირდაპირი მფლობელების ვინაობა და ისიც, რომ ყველა აქტივი საქართველოს ვ-------- ბანკის იპოთეკით იყო დატვირთული. გამომდინარე იქიდან, რომ შ------ მ--------ს საქართველოში აქვს ბევრი ბიზნესი და საინვესტიციო პროექტები 1998 წლიდან, ის კარგად იცნობს საქართველოს ვ-------- ბანკის ხელმძღვანელობას. მათთან წერილის ავტორმა გამოხატა პოტენციური ინტერესი ამ აქტივის შეძენისა და სთხოვა გადაეცათ მფლობელისათვის მისი პოტენციური დაინტერესება ამ ობიექტით, აგრეთვე დაემყარებინათ კონტაქტი მომავალი მოლაპარაკებების უზრუნველყოფისათვის.

 

შ------ მ---------- განმარტებით, მასსა და მოპასუხეს შორის პირველადი შეხვედრა მოხდა საქართველოს ვ-------- ბანკის ხელმძღვანელობის უშუალო წარდგენის საშუალებით, რის შემდგომ იგი ჩამოვიდა თბილისში და მისი უშუალო მონაწილეობით მეორე მხარესთან ერთად შეათანხმა ბიზნეს გარიგების ყველა დეტალი.

 

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ზემოაღნიშნული ბიზნეს გარიგების განხორციელებასთან დაკავშირებით არავითარი მოლაპარაკება და ურთიერთობა არ ჰქონია შპს ვ-------- ბ------ კ----------თან ან მის უფლებამოსილ პირთან.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს

02.08.2017 წლის წერილი ტ. 2. ს.ფ 112-113.

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადავოდ არ ხდიან.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 09.0-.2017 წლის აქტივების მიწოდების ხელშეკრულება მოსარჩელის მიერ გაწეული საშუამავლო მომსახურების შედეგად არ დადებულა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს. (იხ. სუსგ , საქმე ას-120--1166-2016).

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე აქტივების მიწოდების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაში თითქოსდა მისი ჩართულობის წარმოსაჩენად მიუთითებს ორ დოკუმენტზე. კერძოდ, სარჩელს ერთვის შ------ მ---------- მიერ გაგზავნილი განზრახულობათა ოქმი და განზრახულობათა ოქმის თაობაზე გაგზავნილი შეტყობინება (იხ. ტ. 2, ს.ფ. 23-30). განზრახულობათა ოქმის დეტალური ანალიზის დროს პირველ რიგში ყურადღებას იქცევს ოქმის/წერილის ადრესატების ვინაობა. მათ შორის არ არის მითითებული მოსარჩელე, იმ დროს როდესაც მოსარჩელე გარიგების დადების დროს შუამავლის მნიშვნელოვან ფუნქცია უნდა შეესრულებინა. სასამართლო იზიარებს მოპასუხის განმარტებას და მიუთითებს, რომ წარმოუდგენელია მილიონობით აშშ-ის ღირებულების გარიგებაში რეალურად მონაწილეობდე, როგორც შუამავალი და არ იყო გარიგებასთან დაკავშირებული მიმოწერის მონაწილე. ამასთან, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ საქმეზე არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომ მოსარჩელის შპს ვ-------- ბ------ კ----------ის ან მის მიერ ამ მიზნისთვის აყვანილი შუამავლის/დამხმარის აქტიური მონაწილეობით დახმარებით იქნა მოძიებული მყიდველი/ინვესტორი და მის მიერ გასაყიდი ქონების ღირებულებაზე და ფასზე მიწვდილი ინფორმაციის საფუძველზე დაიდო შპს კ-------– პ---------თან აქტივების მიწოდების ხელშეკრულება.

 

სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ მოსარჩელე მხარე ცდილობს ს-–- ტ------ის გარიგებაში მის დამხმარედ წარმოჩინებას, მაშინ როდესაც ს-–- ტ------ს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ექსკლუზიური უფლებით შუამავლობის ხელშეკრულების დადებამდე 2016 წლის ოქტომბერში შეთავაზებული ქონდა ექსკლუზიური უფლებით მოპასუხის საკუთრებაში არსებული უ------ ქ------- ნასყიდობა შესაბამისად ს-–- ტ------მა, როგორც მოსარჩელის დამხმარემ მოსარჩელისაგან კი არ შეიტყო მოპასუხის უ------ ქ------- ნასყიდობის განზრახვის შესახებ და შემდგომ შ------ მ--------ს კი არ შესთავაზა იგი, არამედ იგი შ------ მ----------ათვის წარუმატებლად დადებულ გარიგების დადების შეთავაზების დროს მოქმედებდა როგორც ფონდის წარმომადგენელი, რომლისთვისაც 2016 წლის ოქტომბერში იყო ცნობილი მოპასუხის მიერ ნასყიდობის განზრახულობის შესახებ რაც მის მიერ გარიგების დადებისათვის შ------ მ----------აგან ცალკე საკომისოს მოთხოვნაშიც კი გამოიხატა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმეზე სულ სხვა სახის სამართალურთიერთობაა მტკიცებულებებით დადასტურებული. კერძოდ, სხვა სუბიექტმა - ვინმე შპს ტ------ უ------ ქ------- ფ-----მა, რომლის პოტენციური კლიენტი იყო S--, აცნობა ფ-----ის ინტერესის - კოლექტიური საინვესტიციო ხელშეკრულების დადების სურვილის შესახებ (მისი ფონდის მონაწილეობით). შპს ტ------ უ------ ქ------- ფ-----მა შპს ვ-------- ბ------ კ----------ს აცნობა რა ნაწარმოები მოლაპარაკების არსებობის შესახებ, აღნიშნული ფაქტი უკვე ადასტურებს, რომ ვ-------- ბ------ კ----------ის გარეშე მიმდინარეობდა გარკვეული მოლაპარაკება უშუალოდ მხარეებს შორის. მოსარჩელემ ასევე შეიტყო, რომ არ დაემთხვა გამყიდველის და მყიდველის ინტერესები, რის გამოც შპს ტ------ უ------ ქ------- ფ-----ს უიმედოდ მიაჩნდა კოლექტიური საინვესტიციო ფონდის სქემის შესახებ ხელშეკრულების დადების პერსპექტივა. შპს ტ------ უ------ ქ------- ფ-----ი იქვე გამოთქვამდა ეჭვს, რომ მყიდველი S-- თავად ეცდებოდა გარიგების დადებას მესაკუთრესთან საკუთარი შესაძლებლობითა და შუამავლის გვერდის ავლით. ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ თუ შპს ვ-------- ბ------ კ----------ის შუამავლობით დაიდო ეს ურთულესი ხელშეკრულება, ხელშეკრულების პირობების შეთანხმებაზე მის მიერ არ არის საქმეში წარმოდგენილი არცერთი წერილობითი მტკიცებულება ან ელექტრონული მიმოწერა.

 

აქვე საგულისხმოა ისიც, რომ საქმეში წარმოდგენილია შ------ მ---------- წერილი შპს კ-------– პ----------ს დირექტორის სახელზე, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი ხელშეკრულების დადების პრეისტორია. კერძოდ, წერილის შინაარსიდან დგინდება თუ როგორ მოახდინა მყიდველმა მისი ინტერესის სფეროში შემავალი უძრავი ქონების რეალიზაციის შესახებ ინფორმაციის მოპოვება; დგინდება ასევე, რომ რეალიზაციის პროცესში არ იყო ჩართული მოსარჩელე მხარე და მათ შორის გარიგების საგანთან დაკავშირებით არანაირი კომუნიკაცია არ შემდგარა. წერილით ასევე დგინდება, რომ გარიგება დაიდო უშუალოდ მხარეთა მოლაპარაკებების შედეგად, მოსარჩელის მონაწილეობის გარეშე.

 

ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია და არც მეორე მხარე ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ შპს კ-------– პ---------- არ იყო შებოჭილი ქონების პირდაპირი გაყიდვის (შუამავლის გარეშე) უფლებამოსილებაში.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, ვერ დაადასტურა მისი მტკიცების სფეროში შემავალი ფაქტები და გარემოებები სათანადო მტკიცებულებებით. მის მიერ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები კი არ იძლევა შუამავლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფაქტის დადასტურების შესაძლებლობას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის მოთხოვნათა ფორმალური მხარე მოპასუხის მიერ სრულადაა დაცული და შესრულებული და აღნიშნულის საპირისპირო მტკიცებულება მოსარჩელის მხრიდან საქმეში წარმოდგენილი არ არის, რის გამოც მოსარჩელე მხარემ ვერ გაართვა თავის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლით გათვალისწინებულ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ძირითადი ხელშეკრულების დადება სწორედ მის მიერ გაწეული საშუამავლო მომსახურების შედეგად განხორციელდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე, 744-ე, მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლის-სამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია.

 

სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას.

 

საქმეებზე - ”დევიერი ბელგიის წინააღმდეგ” და ”დელკური ბელგიის წინააღმდეგ” ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ "ადამიანის უფლებათა" ევროპული კონვენციის ფრანგულ ტექსტში, მე-6 მუხლის პირველი პუნქტი შეიცავს ტერმინს "დასაბუთებული" (ბიენ-ფონდე), აღნიშნული კი ნიშნავს, რომ განაჩენი კარგად უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც სამართლებრივი, ისე ფაქტობრივი თვალსაზრისით. მართალია, აღნიშნულ საქმეებში საუბარია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ განაჩენზე, მაგრამ ეს პრინციპი სამოქალაქო დავებზე მიღებული გადაწყვეტილებების მიმართაც ვრცელდება.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს თუ რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება თუ რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს მოპასუხის პოზიცია (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ ას-53-49-2017, 07.04.2017 წელი).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდებიან საამისოდ არსებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 744-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვას ჰპირდება გასამრჯელოს ხელშეკრულების დასადებად გაწეული შუამავლობისათვის, ვალდებულია გადაიხადოს ეს გასამრჯელო მხოლოდ მაშინ, თუ ხელშეკრულება ამ შუამავლობის შედეგად დაიდო. თუ ხელშეკრულება იდება გადადების პირობით, გასამრჯელო შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ ამ პირობის დადგომის შემდეგ. თუ გასამრჯელოს ოდენობა განსაზღვრული არ არის, შეთანხმებულად ითვლება ჩვეულებრივ მოქმედი გასამრჯელო. შემკვეთის საზიანოდ ამ მუხლის პირველი და მე-2 წინადადებებისაგან განსხვავებულად დადებული შეთანხმება ბათილია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ შუამავლობა წარმოადგენს სახელშეკრულებო ურთიერთობის ერთ-ერთ სახეს, რომლის საგანია საშუამავლო საქმიანობის განხორციელება და მასთან დაკავშირებული სხვა სახის მომსახურება. საშუამავლო საქმიანობად შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ისეთი სახის საქმიანობა, რომლის მიზანიც შემკვეთსა და მესამე პირს შორის ძირითადი ხელშეკრულების დადებაა. ასეთი ხელშეკრულების დადებისთვის შუამავლის ფუნქცია შესაბამისი კონტრაჰენტის მოძიებასა და სახელშეკრულებო პირობების შეთანხმებას წარმოადგენს.

 

შუამავლობის მთავარი არსი, შემკვეთის მიერ შუამავლის საშუალებით განხორციელებულ მომსახურებაში მესამე პირთან ძირითადი ხელშეკრულების დადებაში მდგომარეობს. იგი სახელშეკრულებო ურთიერთობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, რომელიც ოფერტისა და აქცეპტის სამართლებრივ საფუძვლებზეა დამყარებული. აღნიშნული სამართლებრივი ინსტიტუტის მოწესრიგების მნიშვნელობა თანამედროვე ეპოქაში დიდია იმდენად, რამდენადაც, ყოველდღიურ ურთიერთობაში საშუამავლო ხელშეკრულების საფუძველზე უამრავი სახის ხელშეკრულება იდება. შუამავლის მიზანს სწორედ შემკვეთსა და მესამე პირს შორის ხელშეკრულების დადება წარმოადგენს. სხვა საკითხები, მაგალითად ის, თუ რა სახით გაგრძელდება შემკვეთსა და მესამე პირს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა, შუამავლის ინტერესის სფეროს ცილდება.

 

შუამავლობა ანაზღაურებადი საქმიანობაა. იმის გათვალისწინებით, რომ შუამავალს ანაზღაურების მიღების მოთხოვნის შესაძლებლობა მხოლოდ მაშინ წარმოეშობა, თუ ძირითადი ხელშეკრულება კანონიერად იქნა დადებული შემკვეთსა და მესამე პირს შორის, შუამავლის მიერ შემკვეთისთვის ინფორმაციის მიწოდებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა შემკვეთი იყოს დაცული. ამ მხრივ სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს გარკვეული სახის შემზღუდველ ნორმებს, რომლებიც კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარეობს. შუამავლობა თავისი არსით კონკრეტული მოქმედების განხორციელებას გულისხმობს. შუამავალი თავისი ვალდებულების შესრულებისას არ მოქმედებს შემკვეთის სახელით, მისი მთავარი დანიშნულება მესამე პირამდე იმ ძირითადი ინფორმაციის მიტანაა, რომლის საფუძველზეც შემკვეთსა და მესამე პირს შორის უნდა დაიდოს ძირითადი ხელშეკრულება.

 

განსახილველ შემთხვევაში, უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელე კომპანიას მოპასუხისათვის უნდა გაეწია საშუამავლო მომსახურება. ამ ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელეს ჰქონდა ნაკისრი გარკვეული ვალდებულებები, რის სანაცვლოდაც იგი მოპასუხისაგან ანუ უძრავი ქონების მესაკუთრისაგან მიიღებდა ანაზღაურებას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ გაართვა თავი იმის მტკიცების ტვირთს, რომ მან როგორც ხელშეკრულების მხარემ მისი მოქმედებებიდან გამომდინარე განახორციელა პოტენციური მყიდველის მოზიდვა და მიყვანა გამყიდველისათვის. აქ ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე ამ შემთხვევაში რწმუნებულებით წარმომადგენელს კი არ წარმოადგენს გამყიდველის, არამედ იგი იყო შუამავალია განსხვავება წარმოამდგენლობით გარიგების დადების დროს ის არის, რომ წარმომადგენელი გამოდის მარწმუნებლის სახელით და მისი ინტერესებიდან გამომდინარე გარიგების დადების დროს და იგი მარწმუნებლისაგან გარკვეული უფლებამოსილებებითაც კი არის აღჭურვილი მაგალითად აწარმოოს მოლაპარაკება გარიგების არსებით პირობებზე და დადოს გარიგება, მაშინ როდესაც შუამავლობის დროს შუამავალი არ არის უფლებამოსილი იმოქმედოს გამყიდველის სახელით და იგი არ არის უფლებამოსილი მესაკუთრის ნებართვისა და მასთან შეთანხმების გარეშე შეცვალოს ნასყიდობის ფასი. ამ კონკრეტულ შემთხევაში მოსარჩელემ როგორც შუამავალმა ვერ მიუთითა ისიც კი თუ მოპასუხესთან შეთანხმებით რა ფასად უნდა შეეთავაზებინა იგი პოტენციური მყიდველისათვის თუ ინვესტორისათვის, ასეთ ვითარებაში კი ძირითადი ხელშეკრულების დადება მყიდველსა და გამყიდველს შორის ხდება შუამავლის აქტუირი მოქმედების შედეგად, მათ შორის ხდება შეთანხმება ხელშეკრულების ფასზეც, როგორც ნასყიდობის ხელშეკრულების ერთ-ერთ არსებით პირობაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ შუამავლობა თავისი ბუნებით განსხვავდება წარმომადგენლობისგან. მაკლერი არ არის უფლებამოსილი შუამავლობისას დადოს ხელშეკრულება შემკვეთის სახელით. აღნიშნული სამართლებრივი ინსტიტუტი არ წარმოადგენს 103-ე და შემდგომი (წარმომადგენლობა გარიგებებში) მუხლების მოწესრიგებად სფეროს, ვინაიდან წარმომადგენლობის შემთხვევაში პირი სხვისი სახელითა და სხვისი მოქმედების საფუძველზე დებს კონკრეტულ გარიგებას. საშუამავლო ურთიერთობა შუამავალს შუამავლობით დადებული გარიგების შესრულების ვალდებულებას არ აკისრებს და შესაბამისად, მაკლერი ხელშეკრულებაში არ გამოდის მხარედ.

 

საშუამავლო ხელშეკრულებით მაკლერი კისრულობს შუამავლობას, შემკვეთსა და მესამე პირს შორის ხელშეკრულების დასადებად. საშუამავლო ხელშეკრულების მთავარ მიზანს შუამავლის ზემოაღნიშნული მოქმედება წარმოადგენს, რომლის საფუძველზეც შემკვეთს ეძლევა შესაძლებლობა, დადოს ხელშეკრულება მესამე პირთან. ძირითადი ხელშეკრულების დადებისთვის განსაზღვრულ მოქმედებას უკავშირებს კანონი სწორედ საშუამავლო ხელშეკრულების არსს, რომელიც აღნიშნულიდან გამომდინარე სასყიდლიან ხელშეკრულებას წარმოადგენს.

 

საშუამავლო ურთიერთობა არასტანდარტული სახის სახელშეკრულებო ურთიერთობაა. საშუამავლო ხელშეკრულება ამ მხრივ განსხვავდება სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებული სხვა ხელშეკრულებებისაგან, აღნიშნულის უმთავრესი საფუძველი მისი სამართლებრივი ბუნებაა. კერძოდ, მაკლერი არ არის შებოჭილი ისეთი სახის უფლებამოსილებებით, როგორიც მაგალითად, შეიძლება მომსახურების ხელშეკრულებისას იყოს. იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ მოიძიებს მესამე პირს, მას არ დაეკისრება რაიმე სახის პასუხისმგებლობა, ხოლო შემკვეთს ანგარიშსწორების ვალდებულება. პარალელის გავლების ჭრილში შესაძლებელია შუამავლობასა და დავალების ხელშეკრულებას შორის კავშირის დანახვა. ერთი შეხედვით შეიძლება ითქვას, რომ შუამავლობა და განსაკუთრებით ექსკლუზიური დავალება ძალიან წააგავს დავალების ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც, მინდობილ პირს უფლება აქვს მარწმუნებლის სახელით დადოს ხელშეკრულება და განახორციელოს მინდობილობაშივე გაწერილი ნებისმიერი განსაზღვრული მოქმედება (იხ. 709-ე და შემდგომი მუხლები), თუმცა სამართლებრივი ბუნებით არსებითად განსხვავდება მისგან. დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე შეასრულოს განსაზღვრული მოქმედება (709). შუამავლობის განხორციელებისას მაკლერი არ წარმოადგენს შემკვეთის სახელით მოქმედ პირს და მას არ გააჩნია უფლება, სამართლებრივი ურთიერთობა მესამე პირთან დაამყაროს ამ უკანასკნელის სახლით, ხოლო ანაზღაურების განხორციელების შესაძლებლობა, განსხვავებით შუამავლობისგან, მხარეთა შორის დავალების ხელშეკრულების საფუძველზე შეიძლება განისაზღვროს.

 

მაკლერის ვალდებულება საშუამავლო ხელშეკრულების საფუძველზე შეიძლება იყოს შემკვეთისთვის კონტრაჰენტის მოძიება, სახელშეკრულებო პირობებზე მოლაპარაკება, შემკვეთის დაკავშირება მოძიებულ კონტრაჰენტთან და სხვა ის ძირითადი საკითხები, რომელზე დაყრდნობითაც შემკვეთს მესამე პირთან წარმოექმნება იმ სასურველი სამართლებრივი ურთიერთობის (უპირატესად - ძირითადი ხელშეკრულების) დამყარების შესაძლებლობა, რომლისკენაც თავიდანვე მიმართული იყო შუამავლის მიერ განხორციელებული საქმიანობა. მაკლერს უფლება არ აქვს, თავად აწარმოოს მოლაპარაკებები მესამე პირთან შემკვეთსა და მას შორის ხელშეკრულების დადების თაობაზე სხვა სახის პირობების გათვალისწინებით, თუ აღნიშნულთან დაკავშირებით შემკვეთი არ იქნება ინფორმირებული.

 

სასამართლო განმარტავს, რომ შუამავალი არ არის უფლებამოსილი თავად გადაწყვიტოს რა ფასად გაყიდოს ქონება, მან ეს უნდა შეათანხმოს გამყიდველთან და აქედან გამომდინარეა მისი ვალდებულება, რომ პოტენციური მყიდველის და ინვესტორის მოძიების შემთხვევაში გამყიდველს აცნობოს ამის შესახებ და განუმარტოს რომ იგი პოტენციური მყიდველია და გარკვეულ თანხას, რომელსაც ეს პოტენციური მყიდველი დაასახელებს იხდის. ამ შემთხვევაში გამყიდველი თავად იქნება უფლებამოსილი გააკეთოს არჩევანი უღირს თუ არა ქონების შეთავაზებულ ფასად გაყიდვა და თუ უღირს მიიღოს წინადაება.

 

გასამრჯელოს მიღების მოთხოვნის უფლება მაკლერს არ წარმოეშობა იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ გაწეული მოქმედება არ დასრულდა შემკვეთსა და მესამე პირს შორის ხელშეკრულების დადებით. ასეთ შემთხვევაში მას მხოლოდ იმ თანხების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება გააჩნია, რაც სამოქალაქო კოდექსის 745.1 მუხლის საფუძველზე შეათანხმა შემკვეთთან. კანონი არ განმარტავს შემთხვევას, როდესაც მიუხედავად მაკლერის მიერ გაწეული მომსახურებისა, შემკვეთი შეგნებულად არ დებს მესამე პირთან ხელშეკრულებას. შუამავლობის მომწესრიგებელი ნორმების ძირთადი პრინციპებიდან გამომდინარე, ასეთი სახის უმოქმედობა მაკლერს შესაბამისი გასამრჯელოს მიღების მოთხოვნას არ წარმოუშობს.

 

განსახილველ შემთხვევაში ს-–- ტ------ი თუნდაც ჩაითვალოს მოსარჩელის მიერ დაქირავებულ პირად ან მის წარმომადგენლად, უდავოა, რომ ს-–- ტ------სა და შ------ მ--------ს შორის გაფორმებული მოლაპარაკება წარმატებული შედეგით ვერ დამთავრდა, კერძოდ მათ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

 

დადგენილია, რომ გამყიდველი მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეზღუდული არ იყო თვითონაც დამოუკიდებალდ გაეყიდა აღნიშნული ქონება. შესაბამისად, მასსა და შ------ მ--------ს შორის დადებული ხელშეკრულება დამოუკიდებლად განხორციელებულ ქმედებად უნდა იქნეს განხილული, რაშიც მოსარჩელე მხარეს არავითარი წვლილი არ მიუძღვის.

 

სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტით დადგენილ იქნა, რომ 09.06.2017 წლის აქტივების მიწოდების ხელშეკრულება მოსარჩელის მიერ გაწეული საშუამავლო მომსახურების შედეგად არ დადებულა. შესაბამისად, არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

აღნიშნულის ნორმის შესაბამისად, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი მოიპასუხეს გადასახდელად არ დაეკისრება და სახელმწიფო ხაზინიდან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა უნდა გაუქმდეს თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2-.0-.20-- წლის #1-------17 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელეს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

2. საქმეზე სახელმწიფო ბაჟი წინასწარ გადახდილია.

3. გაუქმდეს თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2-.0-.20-- წლის #1-------17 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თ---–---ს სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თ---–---ს საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილსის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი