გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №820310018002504325
№3-55/18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05 მარტი, 2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი
სხდომის მდივანი სოფია კობახიძე
მოსარჩელე - ნ-------- ტ------–--ე, თ----- ტ------–--ე
მოსარჩელის წარმომადგენელი - ნ----- თ----ე
მოპასუხე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ემიგრანტი ოჯახების შერჩევის და საცხოვრებელი ფართის გადაცემის მიზნით შექმნილი კომისია
მოპასუხის წარმომადგენელი - ლ---- ბ-----ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
ბათილად იქნეს ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით აშენებული სოციალური სახლის საცხოვრებელი ფართის ემიგრანტ ოჯახებზე გადაცემის მიზნით ეკომიგრანტი ოჯახების შერჩევის უზრუნველყოფად შექმნილი კომისიის 2018 წლის 30 აპრილის №05 სხდომის ოქმი მოსარჩელეების დავთ და ნ-------- ტ------–--ეების ნაწილში. მოსარჩელეები ცნობილ იქნეს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებად, აღირიცხოს ამ კატეგორიათა ოჯახების სიათა სააღრიცხვო რიგში, შემდგომში საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების უზრუნველყოფით.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
1955 წლიდან მოსარჩელეები დღემდე ცხოვრობენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-----–---ში მშობლების მიერ დანატოვარ საცხოვრებელ სახლში, რომლიც შედგება ცხრა წევრისაგან. საცხოვრებელი სახლი მდებარეობს მოსარჩელეების თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სათავეში, რადგან საკარმიდამო ნაკვეთის ტერიტორია წარმოადგენს 70 გრადუსიან დახრილობის ფერდს და მის შიგა ფარგლებში რომც იყოს საშუალება სახლის სხვა ადგილას აშენება, უბრალოდ მასზე მიმდინარე გეოლოგიური პროცესების გამო შეუძლებელია. ამას დაემატა ისიც, რომ ბოლო წლები სხვადასხვა ადგილას როგორც თანასაკუთრებაში არსებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთში, ასევე საცხოვრებელი სახლის საძირკველიდან და ძირი საყრდენი კედლებიდან ნაკადულების სახით დაიწყო მიწისქვეშა წყლების გამოდინება, რამაც გამოიწვია საცხოვრებელი სახლის საძირკველის ქვეშა მიწის გამორეცხვა, ხოლო გრუნტის ჯდენადობის გამო საცხოვრებელმა შენობამ მიიღო დეფორმაციები და გაჩნდა უამრავი ბზარები, დღეისათვის მოსარჩელეების საცხოვრებელ სახლში ცხოვრების გაგრძელება სიცოცხლისათვის საშიშ შემცველია და ნალექის პირობებში თავშესაფარის ძებნის ამარა რჩებან ახლო ნათესავებთან.
აღნიშნული პროცესების დაწყებიდან არაერთხელ საკუთარი სახსრებით ეცადნენ საცხოვრებელი სახლის საძირკველისა და საყრდენი კედლების გამაგრებას, რამაც შედეგი არ გამოიღო. ამიტომ ჯერ კიდევ 2015, 2016 და 2018 წლებში მიმართეს განცხადებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას, რათა შესაბამისი დარგის სპეციალისტებს, შეესწავლათ თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის და საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა, რადგან იქ მცხოვრები პირები რეალურად ხედავენ საშიშროებას იმისა, რომ შემდგომი უამინდობის პირობებში მოსარჩელეების საცხოვრებელიდან შეიძლება დარჩეს მხოლოდ ნასახლარი ადგილი. რაც შეეხება აჭარის არ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დასკვნებს, რომლის საფუძველზეც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით აშენებული სოციალური სახლის საცხოვრებელი ფართის ეკომიგრანტ ოჯახებზე გადაცემის მიზნით დაკმაყოფილებაზე ეთქვათ უარი, ეფუძვნება ერთი ადამიანის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მიზნით ვიზუალურად და ზერელედ შედგენილი სამ იდენტურ დასკვნებს. დასკვნაში აღნიშნულია, რომ „საცხოვრებელ სახლს უნდა ჩაუტარდეს სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოები, მოხდეს ზედაპირული და სახლის სახურავიდან ჩამონადენი წყლების რეგულირება და უსაფრთხო ადგილას გადაყვანა“, თუმცა მოსარჩელეთა განმარტებით სახლს წლების განმავლობაში ასეთი სამუშაოები ჩაუტარდა, მაგრამ შედეგი არ დადგა ამიტომ, მოსარჩელეები იძულებული გახდნენ მიემართათ დამოუკიდებელი გეოლოგიური სამსახურისათვის, რათა საფუძვლიანად შესწავლილიყო, როგორც საცხოვრებელი სახლის, ასევე მიწის გამოკვლევა და მომზადებულიყო საექსპერტო დასკვნა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებებით არ დაეთანხმა სარჩელის მოთხოვნას, მიიჩნევს რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა და ითხოვს დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელეებმა 2018 წლის 19 აპრილს წერილობითი განცხადებით მიმართეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 04 აპრილის №321 ბრძანების საფუძველზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით აშენებული სოციალური სახლის საცხოვრებელი ფართის ემიგრანტ ოჯახებზე გადაცემის მიზნით ეკომიგრანტი ოჯახების შერჩევის უზრუნველყოფად შექმნილ კომისიას, რომლებსაც 30.04. 2018 წლის №05 ოქმით უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, იმ საფუძვლით, რომ „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების წესის და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 მარტის №03 დადგენილებით დამტკიცებული წესის თანახმად მოსარჩელეთა ოჯახი არ განეკუთვნება არცერთ კატეგორიას. საფუძველი გახდა აჭარის არ გარემოს და ბუნებრივი რესურსების 2015, 2016 და 2018 წლების საცხოვრებელი სახლის ვიზუალური დასკვნები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა -განმარტებები, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 მარტის №03 დადგენილება
3.1.2. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით აშენებული სოციალური სახლის საცხოვრებელი ფართის ემიგრანტ ოჯახებზე გადაცემის მიზნით ემიგრანტი ოჯახების შერჩევის უზრუნველსაყოფად შექმნილი კომისიის 30.04. 2018 წლის გადაწყვეტილებას, საფუძვლად დაედო აჭარის არ გარემოს და ბუნებრივი რესურსების 2015, 2016 და 2018 წლების საცხოვრებელი სახლის ვიზუალური საიჟინრო-გეოლოგიური დასკვნები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
მხარეთა ახსნა -განმარტებები, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 მარტის №03 დადგენილება, აჭარის არ გარემოს და ბუნებრივი რესურსების 2015, 2016 და 2018 წლების საცხოვრებელი სახლის ვიზუალური საიჟინრო-გეოლოგიური დასკვნები.
3.1.3 აჭარის არ გარემოს და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიური სამსახურის მიერ 2018 წლის 20 თებერვალს საცხოვრებელი სახლის ვიზუალური საიჟინრო-გეოლოგიური დასკვნებდასკვნის თანახმად მოსარჩელეების კუთვნილი საცხოვრებელი სახლის შემოწმების დროს დაადგინეს, რომ ფერდზე აქტიური მეწყრული პროცესები არ ფიქსირდება, ფერდი განიცდის სტაბილიზაციას, საჭიროა საცხოვრებელ სახლს ჩაუტარდეს სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოები და მოხდეს ზედაპირული და სახლის სახურავიდან ჩამონადენი წყლების რეგულირება და უსაფრთხო ადგილას გადაყვანა
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
აჭარის არ გარემოს და ბუნებრივი რესურსების სამმართვეოლოს 2018 წლების საცხოვრებელი სახლის ვიზუალური საიჟინრო-გეოლოგიური დასკვნა
3.1.4. 2017 წლის დაუდგენელ დროს მოსარჩელლების დაკვეთით ი.ს. „G----“-ის ინჟინერ გეოლოგების მიერ გაცემული დასკვნით მოსარჩელეები მიეკუთვნებიან ბუნებრივი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახთა კატეგორიას, „ერთსართულიანი“ საცხოვრებელი სახლი სარდაფი მდებარეობს ხელოვნურად მოწყობილ ზედაპირზე. შენობის ზედაპირული წყლების საძირკველის ქვეშ გრუნტში ჩაჟონვამ განაპირობა არათანაბარი ჯდომა, რომლის შედეგად მოხდა საძირკვლის დაბზარვა, რამაც გამოიწვია შენობის კედლებზე და იატაკზე ჰორიზონტალური და ვერტიკალური ბზარების გაჩენა, იმის გამო, რომ შენობის მარჯვენა გზის მხარე ნაწილში არის კლდოვანი მასა, შეუძლებელია გრუნტის წყლების სხვა მიმართულებით გადაყვანა. შენობის მარცხენა ნაწილის მიმდებარე ტერიტორია დამეწყრილია და გრუნტის მასა გადაადგილებულია ფერდობის მხარეს 2 მეტრი მანძილზე. კაშკაროვის ჩაქუჩის გამოყენებით შემოწმებული იქნა შენობის ძირითადი ნაწილის მდგომარეობა, ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მონაცემები არ აკმაყოფილებს სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნებს და შენობა კონსტრუქციულად არამდგრადია, გრუნტების შესწავლის მიზნით მოხდა გეოლოგიური ჭაბურღილების მოწყობა და 5 ადგილას, მიუხედავად განხორციელებული პროფილაქტიკური ღონისძიებისა, განვითარებული გეოლოგიური პროცესები საშიშროებას უქმნის საცხოვრებელი სახლის შემდგომ ექსპლუატაციას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ი.ს. „G----“-ის მიერ გაცემული დასკვნა
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. ფაქტობრივად საქმეში მონაწილე მხარეები ურთიერთსაწინააღმდეგოს ამტკიცებენ. სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულების ანალიზისა და სამართლებრივი შეფასების შემდეგ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის პოზიციას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ამ გარემოებებთან დაკავშირებით სხვა, განსხვავებულ წესს არ ადგენს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
მოცემულ შემთხვევაში სადავო არის ის ფაქტი, ნ-------- და თ----- ტ------–--ის საცხოვრებელი სახლი არის თუ არა დაზიანებული სტიქიური მოვლენების შედეგად და დადებით შემთხვევაში რამდენად წარმოადგენს დაზიანების ხარისხი მოთხოვნის დაკმაყოფილების ან უარის თქმის საფუძველს, რაც სამართლებრივი შეფასების საკითხია, რაზეც მსჯელობა იქნება გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
-საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანება.
-აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის N14 დადგენილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის შესახებ.
-აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 16 მარტის N25 განკარგულება.
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის სხდომის ოქმებით ნ-------- ტ------–--ის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება მაშინ შეიძლება მივიჩნიოთ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად, როდესაც ეს ქმედება ცალმხრივად განსაზღვრული სამართლებრივი შედეგისკენ არის მიმართული. სამართლებრივი მოწესრიგების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემით განხორციელებული ღონისძიება ადმინისტრაციული ორგანოს ნების შესაბამისად იქითკენ არის მიმართული, ცალმხრივად და შესასრულებლად სავალდებულო ძალით უშუალოდ სამართლებრივი შედეგი წარმოშვას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შეეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის 2018 წლის 30 აპრილის №05 საოქმო გადაწყვეტილებას ნ-------- ტ------–--ე, თ----- ტ------–--ის მიმართ სამართლებრივი შედეგი მოჰყვა, მისთვის დახმარების გაცემაზე, კერძოდ, საცხოვრებელი ფართის გამოყოფაზე უარის სახით.
ამდენად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის 2018 წლის 30 აპრილის №05 საოქმო გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის დ პუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად უნდა იქნას განხილული და მისი კანონიერების საკითხი უნდა შეფასდეს როგორც ფორმალურ-სამართლებრივი, ისე, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით.
7.2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების თანახმად, ,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების რეგულირება უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილმა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების რეგულირება, ამ ბრძანების საფუძველზე, უზრუნველყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით შექმნილმა კომისიამ. ამასთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ შეიძლება, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების), აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით, კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვროს დამატებითი პირობები და თუ ცალკეულ შემთხვევებში, ამ პირობების გამო, დაზარალებულთა დაკმაყოფილდება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის მიერ ვერ განხორციელდება – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხი განიხილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ
ამავე ბრძანების დანართი №1 სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის პირველი მუხლის თანახმად, ,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) (შემდგომში – ეკომიგრანტი ოჯახი) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა."
7.3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის №14 დადგენილებით განსაზღვრული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის მეორე მუხლით განსაზღვრულია სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენცია, რომლის თანახმადაც,1. სტიქიით დაზარალებულ ოჯახებად მიიჩნევა ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად დაზარალებული ოჯახები (შემდგომში – დაზარალებული ოჯახი), შემდეგი დიფერენციით:
ა) სტიქიით დაზარალებული ეკომიგრანტი ოჯახი (შემდგომში – ეკომიგრანტი ბენეფიციარი) – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად ჩაითვლება ოჯახი (შემდგომში – ეკომიგრანტი ოჯახი), რომლის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარეების ან ზღვის ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, ჯდენადი გრუნტი და სხვა) ან არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ოჯახის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ ქონებას;
ბ) სტიქიით დაზარალებული არაეკომიგრანტი ოჯახი (შემდგომში – არაეკომიგრანტი ბენეფიციარი) – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახი, რომლის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მიწისძვრა, ჭარბი ატმოსფერული ნალექი, წყალმოვარდნა, ძლიერი ქარი და ა. შ.) და შესაძლებელია სახლის ადგილზე აშენება/აღდგენა/რეაბილიტაცია.
2. სტიქიით დაზარალებული ოჯახი შედგება განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრისაგან, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას. ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი.
აღნიშნული წესის მესამე მუხლის ,,ი" პუნქტის თანახმად, დაზარალებული – სტიქიით დაზარალებული ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული აქვს წარმომადგენლობის უფლებამოსილება;
კ) I კატეგორია – გადაადგილებას დაქვემდებარებული ეკომიგრანტი ოჯახი, რომლის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის/ზღვის წლის მოქმედების შედეგად ნაპირების გარეცხვა, ჯდენადი გრუნტი, თოვლის ზვავი და სხვა);
ლ) II კატეგორია – გადაადგილებას დაქვემდებარებული ეკომიგრანტი ოჯახი, რომლის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის/ზღვის წლის მოქმედების შედეგად ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, ჯდენადი გრუნტი და სხვა) საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მათ ქონებას;
მე-3 მუხლის 1 პუნქტის "ვ" ქ/პუნქტის თანახმად ადგილობრივი კომისიაა თვითმმართველი ერთეულის გამგეობებში/მერიაში შექმნილი, სტიქიით მიყენებული ზიანის შემსწავლელი შესაბამისი ადგილობრივი კომისია; რომელიც ამავე დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად
1. განიხილავს და სწავლობს დაზარალებული ოჯახების მდგომარეობას და მათთვის ქმედითი დახმარების გაწევის მიზნით სარეკომენდაციო ხასიათის წინადადებებს წარუდგენს გამგებელს/მერს. 2. საინჟინრო, გეოლოგიური და სხვა კომპეტენტური პირების/სამსახურის დასკვნების გათვალისწინებით, სტიქიური პროცესების ზემოქმედების შედეგად, საცხოვრებელი სახლების მდგრადობის დარღვევის მიხედვით, დაზარალებულ ოჯახებს ანიჭებს დაზიანების კატეგორიას/ხარისხს.
7.4 მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ-------- და თ----- ტ------–--ეებმა საცხოვრებელი სახლის დაზიანების გამო საკითხის შესასწავლად მიმართეს ადგილობრივ კომისიას და ხსენებულმა კომისიამ 2018 წლის 15 თებერვალს საინჟინრო-გეოლოგიური კვევის ჩასატარებლად მიმართა აჭარის ა/რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს. 2018 წლის 20 თებერვალის საცხოვრებელი სახლის ვიზუალური საიჟინრო-გეოლოგიური დასკვნებდასკვნის თანახმად კი მოსარჩელეების კუთვნილი საცხოვრებელი სახლის შემოწმების დროს დაადგინეს, რომ ფერდზე აქტიური მეწყრული პროცესები არ ფიქსირდება, ფერდი განიცდის სტაბილიზაციას, საჭიროა საცხოვრებელ სახლს ჩაუტარდეს სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოები და მოხდეს ზედაპირული და სახლის სახურავიდან ჩამონადენი წყლების რეგულირება და უსაფრთხო ადგილას გადაყვანა. აღნიშნული დასკვნა კი გახდა საფუძველი მოსარჩელეების მოთხოვნის არ დაკმაყოფილების.
დადგენილია, ისიც, რომ ნ-------- და თ----- ტ------–--ემ სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიას წარუდგინეს ი.ს. „G----“-ის მიერ გაცემული დასკვნა, რომლის გაცემის თარიღი დასკვნაში არ ფიქსირდება, თუმცა მხარეთა განმარტებებით დადგენილია, რომ ხსენებული დასკვნა გაცემულია 2017 წელს.
7.5 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის №14 დადგენილებით განსაზღვრული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის მე-5. ვ.ა მუხლის თანახმად ერთსა და იმავე ოჯახზე განსხვავებული შინაარსის რამდენიმე აქტი/დასკვნის არსებობისას უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან შესრულებულ აქტს/დასკვნას.
7.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის ვალდებულება, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
დასახელებული ნორმის ანალიზის საფუძველზე იმისათვის, რათა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად.
7.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორევ ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო განმარტავს, რომ აქტის მომზადებისა და გამოცემის წესის აშკარა დარღვევად ჩაითვლება შემთხვევა, როდესაც ასეთი დარღვევის არ არსებობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის სადაო აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება არ გამოვლენილა, შესაბამისად არ არსებობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის 2018 წლის 30 აპრილის №05 საოქმო გადაწყვეტილების , ნ-------- ტ------–--ე, თ----- ტ------–--ის ნაწილში ბათილად ცნობის საფიძვლები, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ,9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ნ-------- ტ------–--ე, თ----- ტ------–--ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი).
მოსამართლე:
ხვიჩა კიკილაშვილი