გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.01.2019
საქმის ნომერი
140210117002153276
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
29.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

140210117002153276

საქმე № 2/1704-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29 იანვარი, 2019 წელი ქ. გორი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო შარაძე

სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი

 

მოსარჩელე - სს „კ------- ბანკი“

წარმომადგენელი - გ------ი ა---–--–ი

მოპასუხეები - ლ-- ბ-----ე, ნ----ა ღ-------ე

წარმომადგენელი მაგული გოგოლაძე

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

მოპასუხეებს ლ-- ბ-----ეს და ნ----ა ღ-------ეს მოსარჩელე სს „კ------- ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 14 168.32 ლარის გადახდა, საიდანც 7 700 ლარი არის ძირითად თანხა, 5548.92 პროცენტი, 512.77 ლარი სიცოცხლის დაზღვევა, ხოლო 406.63 ლარი დარიცხული ჯარიმა.

 

მოსარჩელის პოზიცია:

მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 30 ნოემბერს მოსარჩელესა და მოპასუხე ლ-- ბ-----ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რითაც მსესხებელმა მიიღო 7700 ლარი, შემდეგი პირობებით: ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი - 2.45%, ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემხვევაში - პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.27%-ის ოდენობით და სიცოცხლის დაზღვევა. იმავე დღეს ნ----ა ღ-------ესთან დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება კრედიტორის წინაშე დაფაროს ძირითადი მოვალის დავალიანება. თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 13 800.50 ლარით. მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები დაირღვა 2017 წლიდან და მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა მოპასუხეები არ ასრულებენ ვალდებულებას, რის გამოც მოპასუხეთა დავალიანებამ შეადგინა 14 168.32 ლარი, რომლის გადახდაც უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს, კერძოდ მოსამაზადებელ სხდომაზე ცნეს სესხის ძირის- 7700 ლარის ნაწილში, ხოლო სასამართლოს მთავარ სხდომაზე სესხის პროცენტის ნაწილის -2774.46 ლარის ნაწილში, დანაჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნას არ დაეთანხმნენ და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2016 წლის 30 ნოემბერს მოსარჩელესა და მოპასუხე ლ-- ბ-----ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რითაც მსესხებელმა მიიღო 7700 ლარი, შემდეგი პირობებით: ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი - 2.45%, ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემხვევაში - პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.27%-ის ოდენობით და სიცოცხლის დაზღვევა.

 

3.1.2. 2016 წლის 30 ნოემბერს მოსარჩელესა და ნ----ა ღ-------ეს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება კრედიტორის წინაშე დაეფარა ძირითადი მოვალის დავალიანება. თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 13 800.50 ლარით.

 

3.1.3. სს ” კ------- ბანკს” და ლ-- ბ-----ეს შორის 2016 წლის 30 ნოემბერს გაფორმებული საკრედიტო მომსახურების ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1. და 5.3-ე პუნქტების თანახმად მსესხებელმა იკისრა სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულება სესხის ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში.

 

3.1.4. ლ-- ბ-----ეს და ნ----ა ღ-------ეს სს „კ------- ბანკის“ მიერ გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები დავალიანების დაფარვის შესახებ და განესაზღვრათ ვადა, ვალდებულების შესასრულებლად. მოპასუხეთა მიერ გადახდის ვალდებულება არ შესრულებულა;

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მოპასუხეთა მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 01 ნოემბრის ცნობის თანახმად მათი დავალიანება შეადგენს 14 168.32 ლარს, საიდანც 7 700 ლარი არის ძირითად თანხა , 5548.92 პროცენტი, 512.77 ლარი სიცოცხლის დაზღვევა, ხოლო 406. 63 ლარი დარიცხული ჯარიმა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

საქმეში წარმოდგენილი გაფრთხილების წერილებით სასამართლოს მიაჩნია, რომ, საბანკო კრედიტის გამცემმა სარჩელის აღძვრით ფაქტობრივად და სამართლებრივად შეწყვიტა ლ-- ბ-----ესთან და ნ----ა ღ-------ესთან საკრედიტო ურთიერთობა და მოითხოვა არსებული დავალიანების სრულად დაფარვა. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ ამ დროისთვის არსებული საპროცენტო დავალიანება შეადგენს 1697.85 ლარს და არა სარჩელით მოთხოვნილ 5548.92 ლარს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკამყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 416-418-ე, 420-ე, 429-ე, 623-625-ე, 891-ე, 895-ე მუხლები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება.

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ.

 

ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელესა და მოპასუხე ლ-- ბ-----ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა 7700 ლარი, ხოლო მოსარჩელესა და ნ----ა ღოღაძეს შორის თავდებობის ხელშეკრულება მითითებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო ამავე კოდექსის 624-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

6.7. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

 

6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით კი, 1. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. 2. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას, ხოლო 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

6.10. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

6.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

განსახილველ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო საპროცენტო სარგებელი, პირგასამტეხლო და სიცოცხლის დაზღვევა, რაზედაც მოპასუხემ ნებაყოფლობით გამოხატა თანხმობა. აგრეთვე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სესხი უზრუნველყოფილი იყო თავდებობის ხელშერულებით, რომელიც ასევე ნებაყოფლობით იყო დადებული მხარეთა შორის.

 

6.12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შესასრულებელი ვალდებულება ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, მოსამზადებელ სხდომაზე სესხის ძირის - 7700 ლარის ნაწილში, რაც ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის საფუძველზე წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

მოპასუხე მხარემ სადავო არ გახადა მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა, რაც ასევე დასტურდება წარმოდგენილი ხელშეკრულებითა და მოპასუხის პირადი ანგარიშიდან ამონაწერით.

 

სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, კერძოდ, ვალდებულების შეუსრულებლობა, შესრულების ვადის გადაცილება ან არაჯეროვანი შესრულება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს. განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოპასუხეებმა ვალდებულება არ შეასრულეს და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სესხად მიღებული თანხა გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში არ დაუბრუნეს ბანკს. მოპასუხეები ვალდებულნი იყვნენ ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინათ ჯეროვნად. კერძოდ, მათ გრაფიკით გათვალისწინებული შესატანი ბანკში უნდა შეეტანათ იმ დროში, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. კრედიტის სახით მიღებული თანხით წარმოშობილი ვალდებულება უნდა დაეფარათ პერიოდული შენატანებით, რაც გათვალისწინებული იყო შესაბამისი გადახდის გრაფიკით. ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულეს, რითაც დაარღვიეს ხელშეკრულება.

 

მხარეებს სადავო არ გაუხდიათ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ლ-- ბ-----ეს და ნ----ა ღ-------ეს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები დავალიანების დაფარვის შესახებ და განესაზღვრათ ვადა ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა მოპასუხეთა მიერ გადახდის ვალდებულება არ შესრულებულა.

 

ამდენად, საქმეში წარმოდგენილი გაფრთხილების წერილებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ასევე 2016 წლის 30 ნოემბრის ხელშეკრულების 7.4 და მე-8 პუნქტების თანახმად სს ”თიბისი ბანკს”, წარმოეშვა უფლება შეეწყვიტა საკრედიტო ურთიერთობა და დაუყოვნებლივ მოეთხოვა სესხის ძირი თანხა, სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელები და ამ ხელშეკრულების შეყვეტამდე პერიოდისთვის დარიცხული სარგებელი და ჯარიმა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეებმა კრედიტის თანხის გადახდა შეწყვიტეს, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს მოპასუხესთან საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტის საფუძველს. ამდენად სასამართლო თვლის, რომ გაფრთხილების წერილებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის გამო მოპასუხეთა მიმართ სასამართლოში სარჩელის წარდგენით (2017 წლის 01 ნოემბერი) სს ”კ------- ბანკმა” შეწყვიტა საკრედიტო ურთიერთობა მოპასუხე მხარესთან, რის გამოც მოთხოვნა ხელშეკრულების დარღვევის დროიდან 2017 წ. იანვრიდან, ხელშეკრულების მოქმედების ბოლომდე -2020 წლის 9 დეკემბრამდე სესხის ძირითად თანხაზე პროცენტის დაკისრების ნაწილში არალეგიტიმურია.

 

სასამართლოს უდავოდ დადგენილად მიაჩნია, რომ საკრედიტო მომსახურების ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულების შემდეგ მხარეებს დამატებითი შეთანხმება სესხის ძირზე სარგებლის დარიცხვის შესახებ არ მომხდარა. სასამართლო განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდგომ სარგებლის დარიცხვის გაგრძელება შესაძლებელია თუ მხარეები ამის შესახებ დამატებით შეთანხმდებიან ან აღნიშნული დებულება გათვალისწინებული იქნება მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში, რაც ამ შემთხვევაში არ გვაქვს, თავად მოსარჩელის მიერ მითითებული ხელშეკრულების 7.4 პუნქტის თანახმად ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში მსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ ერთდროულად მოითხოვის სესხის ძირი თანხის, დარიცხული პროცენტის, პირგასამტეხლოს და სადაზღვევო პრემიის ვადამდე დაფარვა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეებს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროთ სესხის ძირი თანხის 7700 ლარისა და მასზე დარიცხული ცხრა თვის პროცენტის - 1697.85 ლარის გადახდა (2017 წლის 09 იანვრიდან სარჩელის აღძვრამდე - 2017 წლის 01 ნოემბრამდე), ხოლო სესხზე დარიცხული პროცენტის დანარჩენ ნაწილში სასარჩელი მოთხოვნას უნდა ეთქვას უარი.

 

6.13 მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს პირგაამტეხლოს გადახდა. პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნის უფლება გამომდინარეობს სსკ-ის 416-417-ე მუხლების დანაწესიდან, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლოს შესახებ მხარეები შეთანხმებულნი იყვნენ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იგივე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან.

 

სასამართლოს მიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეების წინაშე არსებული პირგასამტეხლოს ოდენობა 406.63 ლარი არის მართლზომიერი, ამასთან საგულისხმოა, რომ მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო სესხის ძირის - 7700 ლარისა და პროცენტის - 2774.46 ლარის ნაწილში, ანუ ჯამში 10474.46 ლარის ნაწილში, ხოლო სასამართლომ პროცენტის თანხა დააკისრა უფრო ნაკლები, ვიდრე ცნო მოპასუხე მხარემ, ამ ფაქტის გათვალისწინებით სასამართლო მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო, დარღვევის თანაზომიერ, გონივრულ და სამართლიან პირგასამტეხლოს ოდენობად მიიჩნევს 563.84 ლარს, რომელიც უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ, რაც დასაკისრებელი სიცოცხლის დაზღვევის 512.77 ლარის გათვალისწინებით ჯამში შეადგენს მოპასუხეთა მიერ სარჩელით ნაცნობ 10474.46 ლარს (სესხის ძირი თანხა 7700 ლარი + მასზე დარიცხული ცხრა თვის სარგებელი 1697.85 ლარი+სიცოცხლის დაზღვევა 512.77 ლარი+ჯარიმის თანხა 563.84 ლარი).

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადასტურებულია, რომ მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - სარჩელზე 425.05 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფაზე - 50 ლარი, ასევე სასამართლოს გარეშე ხარჯი 132 ლარის ოდენობით, ამასთან, მოპასუხეებმა ნაწილობრივ ცნეს სარჩელი, როგორც მოსამზადებელ, ისე მთავარ სხდომაზე.

 

7.2. სამოქალქო საპროცესო მოდექსის 49-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით თუ სარჩელზე უარის, თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მოპასუხეებმა სარჩელი საქმის მოსამზადებელ ეტაპზე ცნეს სესხის ძირის - 7700 ლარის ნაწილში, ხოლო მთავარ სხდომაზე პროცენტის - 2774.46 ლარის ნაწილში, პროპორციული ბაჟი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან კერძოდ, მოსარჩელეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 425.05 ლარიდან უნდა დაუბრუნდეს 272.60 ლარი, დარჩენილი თანხა უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო 41.60 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს. მოპასუხე მხარეს ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების სახით -85 ლარის ანაზღაურება.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება:

 

მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული იყო, გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 02 ნოემბერს № 2/1704-17 განჩინება, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხე ნ----ა ღ-------ის სახელზე არსებულ ფულად ანგარიშებს და მოპასუხე ნ----ა ღ-------ეს აეკრძალა მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-365-ე, 367-369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელე სს „კ------- ბანკის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხეებს: ლ-- ბ-----ეს და ნ----ა ღ-------ეს მოსარჩელე სს „კ------- ბანკის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების - 10474.46 (ათიათას ოთხას სამოცდათოთხმეტი ლარი და ორმოცდაექვსი თეთრი) ლარის გადახდა.

 

3. სასარჩელო მოთხოვნას დანარჩენ ნაწილში ეთქვას უარი;

 

4. მოსარჩელე სს „კ------- ბანკს“ (205232238) დაუბრუნდეს მის მიერ მის მიერ 2017 წლის 31 ოქტომბერს შემდეგ რეკვიზიტებზე ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300833150, ბანკის კოდი TRESGE22 სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 425.05 (ოთხას ოცდახუთი ლარი და ხუთი თეთრი) ლარიდან 272.60 (ორას სამოცდათორმეტი ლარი და სამოცი თეთრი) ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

5. მოპასუხეებს: ლ-- ბ-----ეს და ნ----ა ღ-------ეს მოსარჩელე სს „კ------- ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 41.60 (ორმოცდაერთი ლარი და სამოცი თეთღი) ლარის გადახდა და ასევე მოსარჩელის მიერ გაღებული საპროცესო ხარჯების ანაზღაურება 85 (ოთხმოცდახუთი) ლარის, ჯამში 126.60 (ასოცდაექვსი ლარი და სამოცი თეთრი) ოდენობით.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო შარაძე