გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/36100-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
07 მარტი , 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კიოლეგია
მოსამართლე ლელა ცანავა
სხდომის მდივანი სალომე ბარდანაშვილი
მოსარჩელე - ი--------------–--ე
წარმომადგენელი - გ---–--------------
მოპასუხე - ლ---------------–---–ი
დავის საგანი - წარსული და მომავალი დროის ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 .ლ---------------–---–ისთვის (პ/ნ 0----------) არასრულწლოვანი შვილის, 2--- წლის 2-----------ს დაბადებული მ----------------–---–ისთვის (პ/ნ 0----------) რჩენა-აღზრდისთვის ი--------------–--ის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება, ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 13დეკემბრიდან , ბავშვის სრულწლოვნებამდე.
1.2 .ლ---------------–---–ისთვის (პ/ნ 0----------) არასრულწლოვანი შვილის, 2--- წლის 2-----------ს დაბადებული მ----------------–---–ისთვის (პ/ნ 0----------) რჩენა-აღზრდისთვის ი--------------–--ის სასარგებლოდ, გასული პერიოდისთვის - 2016 წლის 01 იანვრიდან, წარსული დროის ალიმენტის დაკისრება, ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
მოსარჩელის პოზიცია:
ი--------------–--ეს და ლ--------------–---–ს ჰყავთ საერთო შვილი - 2--- წლის 2-----------ს დაბადებული - მ----------------–---–ი. ბავშვი დაბადების მომენტიდან ცხოვრობს დედასთან, მოსარჩელის ოჯახის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში. ი--------------–--ე ზრუნავს შვილზე, იღებს ყველა აუცილებელ და შესაძლებელ ხარჯებს შვილის გაზრდისა და განვითარებისთვის. არა ერთი, თხოვნის მიუხედავად ლ--------------–---–ი არანაირ ყურადღებასა და მზრუნველობას არ იჩენს არასრულწლოვანი შვილის მიმართ. შვილზე, როგორც მატერიალურად ასევე მორალურად, ზრუნავს მხოლოდ დედა და აქედან გამომდინარე მომართავს სასამართლოს და მოითხოვს არასრუწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდის მიზნით ალიმენტის დაკისრებას მოპასუხისთვის.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ლ--------------–---–მა არ ცნო სარჩელი. მისი განცხადებით, მოსარჩელესთან და შვილთან, ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა. წარსული და მომავალი დროის ალიმენტის დაკისრებასთან დაკავშირებით კი, განმარტავს, რომ
არ არის დასაქმებული, არ აქვს არანაირი შემოსავალი და ბუნებრივია, რომ ვერ მოახერხებს აღნიშნული საალიმენტო ვალდებულების შესრულებას. შპს „ვ------------“ პარტნიორად არის რეგისტრირებული 2018 წლის 16 აპრილიდან, მაგრამ ამ კომპანიიდან მას არავითარი შემოსავალი არ აქვს მიღებული. აღნიშნულის დასასაბუთებლად წარმოადგენს, საჯარო რეესტრის ამონაწერს და ინფორმაციას. ლ--------------–---–ი უთითებს, რომ მოსარჩელეს მსგავსი პრეტენზია არ გამოუთქვამს არასდროს, იგი არის დასაქმებული და აქვს კარგი ანაზღაურება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მ----------------–---–ი (პ/ნ: 0----------) დაიბადა 2--- წლის 2-----------ს, ქალაქ თბილისში, რომლის მშობლებს წარმოადგენენ ლ---------------–---–ი (პ/ნ 0----------) და ი--------------–--ე (პ/ნ 0----------);
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობა №0----------. (იხ.ს.ფ.13)
3.1.2. მხარეები, ლ---------------–---–ი (პ/ნ 0----------) და ი--------------–--ე (პ/ნ 0----------) ცხოვრობენ ცალ-ცალკე, არასრულწლოვანი შვილი - მ----------------–---–ი ცხოვრობს დედასთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, იხ. სხდომის ოქმი).
3.1.3. 16.04.2018 წლის მეწარმეთა და არასამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით შპს ვ------------ ერთ-ერთი მესაკუთრეა ლ---------------–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. (იხ.ს.ფ.14-15)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის 31.12.2018 წლის ინფორმაციის თანახმად, ი--------------–--ე დასაქმებულია სსიპ ს----------–--------------------------------------------------------ში და მისი ხელფასი 2018 წლის 01 იანვრიდან - 2018 წლის ნომებრის თვემდე შეადგენს 1200 ლარს, დაკავებული გადასახადი - 240 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაცია. (იხ.ს.ფ.33-35)
3.2.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის 31.12.2018 წლის ინფორმაციის თანახმად, ლ--------------–---–ს, შპს ,,ი-------------------“, შემოსავალი 2018 წლის აპრილის თვეში ერიცხება 875 ლარი, დაკავებული გადასახადი - 175 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაცია. (იხ.ს.ფ.36)
3.2.3. შპს „ვ------------“ მიერ 05.02.2019 წ. გაცემული ცნობის თანახმად, 2018 წლის 16 აპრილიდან - 2018 წლის 30 სექტემბრამდე ლ--------------–---–ი იყო აღნიშნული შპს-ს 50%-იანი წილის მფლობელი, 2018 წლის 30 სექტემბრიდან კი, დამფუძნებლებს შორის წარმოქმნილი დავის, გამო აღარ მონაწილეობს კომპანიის საქმიანობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს „ვ-----------“-ის ცნობა. (იხ.ს.ფ 51)
3.2.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის 06.02.2019 წლის ცნობის საფუძველზე, 16.04.2018 წლიდან - 30.09.2018 წლის ჩათვლით ლ--------------–---–ს შპს „ვ-----------“-დან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი არ უფიქსირდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის ცნობა. (იხ.ს.ფ 52)
3.2.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.02.2019 წლის ინფორმაციით, ლ--------------–---–ი 2018 წლის 16 აპრილიდან, დღემდე არის შპს „ვ-----------“-ს კაპიტალის 50%-იანი წილის მესაკუთრე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია. (იხ.ს.ფ 53)
3.2.6. სს „თ-----“ ბანკის 2.22.2019 წლის დავალიანების შესახებ ცნობის მიხედვით, ი--------------–--ეს აღნიშნულ საკრედიტო დაწესებულებაში აქვს ვალდებულება 2,200.00 ლარი, ჯამური დავალიანება შეადგენს - 1966.68 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს „თ-----“ ბანკის დავალიანების შესახებ ცნობა (იხ.ს.ფ 90)
3.2.7. სს „ლ--------“ ბანკის 26.02.2019 წლის დავალიანების შესახებ ცნობის მიხედვით, ი--------------–--ეს აღნიშნულ საკრედიტო დაწესებულებაში განვადების სახით აქვს საკრედიტო დავალიანება - 887.09 ლარი, ასევე განვადების სახით საკრედიტო დავალიანება - 351.87 ლარი და სახელფასე სესხი - 4599, 00 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს „ლ--------“ ბანკის დავალიანების შესახებ ცნობა (იხ.ს.ფ 91)
3.2.8. კომპანია ა-----ს 07.02.2019 წლის ცნობის თანახმად, მ----------------–---–ი არის დაზღვეული აღნიშნულ სადაზღვეო კომპანიაში, 01.10.2013 წლიდან - 03.10.2018 წლის ჩათვლით და 05.10.2018 წლიდან - 04.10.2019 წლის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სადაზღვეო კომპანია ა-----ს ცნობა (იხ.ს.ფ 92)
3.2.9. 11.02.2019 წლის მეწარმეთა და არასამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის, მიხედვით შპს ,,ვ------------“ 100%-იანი წილის მესაკუთრეა ნ-----------–---–ი (პ/ნ 0----------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. (იხ.ს.ფ.93)
3.2.10. სასამართლო წარსული დროის ალიმენტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დადგენილად ვერ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ მიიღო გარკვეული ზომები, მაგრამ მიუხედავად ამისა ვერ მოხდა იმ ოდენობის სარჩოს მიღება მოპასუხისგან, რაც საკმარისი იქნებოდა არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის, რადგან მოპასუხე თავს არიდებდა ნაკისრი მოვალეობის შესრულებას. აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არის წარმოდგენილი. საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასება არ ქმნის იმ ფაქტების ერთობლიობას, რომლებიც მოპასუხეზე წარსული დროის ალიმენტის დაკისრებისათვის საკმარისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი გახდებოდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო, ვინაიდან არ დასტურდება, რომ სარჩელის წარდგენამდე მოსარჩელის მიერ მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად და მოპასუხე თავს არიდებდა ალიმენტის გადახდას, სასარჩელო მოთხოვნა წარსული დროის ალიმენტის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე, 1198-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლები.
,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18 და 27-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ ი--------------–--ეს და ლ---------------–---–ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 2--- წლის 2-----------ს დაბადებული მ----------------–---–ი, რომელიც მეორე მშობლისაგან ასევე, მატერიალურ დახმარებას საჭიროებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად: მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მხარეები, ი--------------–--ე და ლ---------------–---–ი ცხოვრობენ ცალ-ცალკე, ბავშვის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დედის საცხოვრებელი ადგილი, შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, ორივე მშობელი ვალდებულია არჩინოს არასრულწლოვანი შვილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად: თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონისმიერი ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების მიზანს ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესის დაცვა. არასრულწლოვანის „უპირატესი ინტერესია“ (“main interest“) - მიიღოს მშობლებისაგან ის სამართლებრივი სიკეთე, რაც აუცილებელია მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებისათვის. არასრულწლოვანი ბავშვის ამ ლეგიტიმური ინტერესის დაცვას ეძღვნება ეროვნული კანონმდებლობის - სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა, ბავშვის ეს უფლება გარანტირებულია ასევე უნივერსალური საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებით, რომლებიც სახელმწიფო მხრიდან აწესებენ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას უზრუნველყოს ბავშვის ამგვარი ინტერესის დაცულობა.
აღნიშნული მოიცავს სახელმწიფოს მხრიდან არა მხოლოდ ნეგატიური ჩარევის დაუშვებლობას (რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაარღვიოს არასრულწლოვანისათვის კანონით მინიჭებული უფლებები), არამედ აწესებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასაც - განახორციელოს აქტიური მოქმედებები არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვისათვის, კერძოდ, შეიმუშავოს არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციები.
,, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც „სახელმწიფოს სახელით“ გამოტანილი სამართლებრივი დოკუმენტია და შეეხება არასრულწლოვანის ინტერესებს, არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულების ყველაზე ნათელი მაგალითი“ (იხ.სუსგ ას-307-294-2015, 3.06.2015 წელი)
ზემოხსენებული ნორმების შესაბამისად, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილის უფლება მიიღოს მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული იზრუნოს არასრულწლოვან შვილზე.
აღნიშნული ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილურად მაღალი მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისგან. მშობლის პოზიტიური ვალდებულება, არჩინოს არასრულწლოვანი შვილი, არა მისი ფაქტობრივად არსებული შემოსავლით, არამედ იმითაც განისაზღვრება, რამდენად შრომისუნარიანია მარჩენალი, რათა მან ყოველი ღონე იხმაროს შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდის პირობების შესაქმნელად.
საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.
განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილი უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც იგი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს.
სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ უმუშევრობა თავისთავად არ გულისხმობს შემოსავლის არარსებობას ან ფულადი სახსრების არქონას. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც სარჩელის განხილვის დროისათვის მოპასუხე ლ---------------–---–ი ოფიციალურად, სტაბილურად დასაქმებას დაადასტურებდა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნას მშობლის თვითდასაქმებისა და სხვადასხვა არარეგულარული სამუშაოდან შემოსავლის მიღების შესაძლებლობა და ა.შ. რაც დადასტურებულია შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციით. ამდენად, მშობელთა ვალდებულების არსებობა, არჩინონ თავიანთი შვილები, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელს არ გააჩნია სტაბილური, მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან.
სასამართლო მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მშობლის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინება თავისთავად გულისხმობს მისი უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის ფაქტის გათვალისწინებას. თუმცა აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. შესაბამისად, მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი, ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იქნეს დადგენილი. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს თითოეული ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას.
სასამართლო ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს არასრულწლოვანი ბავშვის ასაკს და აქედან გამომდინარე მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს, გარემოებას იმის თაობაზე, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. მშობლებს გააჩნიათ თანაბარი ვალდებულება იზრუნონ შვილების ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად.
შვილების აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას, ვალდებულება უპირობოა და არ არის დამოკიდებულია ტერიტორიულად სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრებაზე. მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც.
ამასთან, სასამართლო, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ მოპასუხე მხარეს კმაყოფაზე სხვა პირი არ იმყოფება და იგი შრომისუნარიანია.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობაც (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (), რაც საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2019 წლის თებერვლის თვისათვის (ბოლო მონაცემი) – 179.1 ლარს. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.
არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს, რაც გამოიხატება ბავშვისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნაში, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. ალიმენტის ოდენობის დადგენისას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. არასრულწლოვანის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ მისი ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ არასრულწლოვანის უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც მას მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას, სხავადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობის გზით. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვის ასაკის, ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 160 (ას სამოცი) ლარი. ლ---------------–---–ისთვის გადასახდელად განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა – 160 ლარი, ის გონივრული ოდენობაა, რაც აუცილებელია არასრულწლოვანი ბავშვისათვის ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად. ამავდროულად, მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე, მათი ინტერესების დაბალანსებისას გასათვალისწინებელია, რომ მშობელი, რომელთანაც ბავშვი არ ცხოვრობს, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილის მოვლასა და აღზრდას, ამ ვალდებულების გამო, მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება, უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2018 წლის 13 დეკემბრიდან უნდა დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტის სახით თვეში 160 (ას სამოცი) ლარის გადახდა მის სრულწლოვანებამდე.
6.2. მოსარჩელემ მოითხოვა ლ---------------–---–ისთვის არასრულწლოვანი შვილის - 2--- წლის 2-----------ს დაბადებული მ----------------–---–ის სასარგებლოდ, წარსული სამი წლის ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.
დასახელებული ნორმა ადგენს ალიმენტის დაკისრების ზოგად წესს, რომელიც განისაზღვრება სარჩელის აღძვრის მომდევნო პერიოდით, თუმცა საგამონაკლისო შემთხვევაში, დასაშვებია, სარჩელის აღძვრამდე წინა სამი წლის პერიოდის ალიმენტის დაკისრება, თუ დადგინდება, რომ: ა) მოსარჩელე იღებდა ზომებს სარჩოს მისაღებად; ბ) სარჩოს მიღება შეუძლებელი აღმოჩნდა იმის გამო, რომ ალიმენტვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას. აღნიშნული გარემოებების დამტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აკისრია.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი ვერ იქნა მოსარჩელე მხარის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიერ მიღებული ზომების მიუხედავად ვერ მოხდა იმ ოდენობის სარჩოს მიღება მოპასუხისგან, რაც საკმარისი იქნებოდა არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის, რადგან მოპასუხე თავს არიდებდა ნაკისრი მოვალეობის შესრულებას, ი--------------–--ის მიერ აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად რაიმე სახის მტკიცებულება, გარდა ახსნა-განმარტებისა, წარმოდგენილი არ არის.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასება, არ ქმნის იმ ფაქტების ერთობლიობას, რომლებიც მოპასუხეზე წარსული დროის ალიმენტის დაკისრებისათვის საკმარისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი გახდებოდა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე ლ---------------–---–ისთვის არასრულწლოვანი შვილის - 2--- წლის 2-----------ს დაბადებული მ----------------–---–ის სასარგებლოდ, წარსული დროის ალიმენტის დაკისრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3 მოსარჩელე ი--------------–--ემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები ალიმენტის მიკუთვნების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი აღნიშნულ სხდომაზე არ იქნა განხილული, იგი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე.
,,ბავშვის უფლებების შესახებ’’ კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს არასრულწლოვანის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, ყოველთვიურად შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების დასაკმაყოფილებლად. ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარის მატერიალური მდგომარეობისა და ბავშვის ასაკის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს არასრუწლოვანის ინტერესებს, რის გამოც არსებობს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საფუძველი ალიმენტის დაკისრების ნაწილში.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ი--------------–--ე განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის II ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან ი--------------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხე ლ---------------–---–ს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა, ხოლო წარსული დროის ალიმენტის დაკისრების ნაწილში, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ ეკისრება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 39-ე, 41-ე, 46-ე, 55-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ი--------------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. დაეკისროს მოპასუხე ლ--------------–---–ს (პირადი №0----------) არასრულწლოვანი შვილის 2--- წლის 2-----------ს დაბადებული მ----------------–---–ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 160 (ას სამოცი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 13 დეკემბრიდან) მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე;
3. უარი ეთქვას ი--------------–--ეს წარსული დროის ალიმენტის მოპასუხე ლ--------------–---–ისთვის გადახდის დაკისრების თაობაზე;
4. დაკმაყოფილდეს ი--------------–--ის შუამდგომლობა სასამართლოს 2019 წლის 07 მარტის გადაწყვეტილების №2/36100-18 დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ;
5. დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 07 მარტის გადაწყვეტილების №2/36100-18 სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტი;
6. დაეკისროს მოპასუხე ლ--------------–---–ს (პირადი №0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლელა ცანავა