განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100118002333085
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
საქმე N1/88-18 4 აპრილი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი
მოსამართლე შოთა ბიჭია
სხდომის მდივანი თათია აქუბარდია
სხდომის სახე - ღია
1. ბრალდების მხარე:
1.1. პროკურორი: ა-----------
2. დაცვის მხარე:
2.1. ბრალდებული გ----------------------------------------–-------–-–------------------------–----------–------------------------------------–-------–--------------–------------------–-------------------------------------------------------–---------
2.1.1. ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი
ქმედების შემადგენლობა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში
2.1.2 ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი
ქმედების შემადგენლობა: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ
2.2. ადვოკატი: ი-----------–--
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
I. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში
1. წარდგენილი ბრალდების არსი
2018 წლის 8 თ--------–ს, საღამოს საათებში გ-------------, ზუგდიდის რაიონის სოფელ რ---ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, განაწყენებული იმით, რომ ა-------------მ დაიცვა დედა - ლ--–---------- და მას საყვედური უთხრა დედის მიმართ განხორციელებული ქმედების გამო, დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა შვილს - ა-------------ს, რა დროსაც მას გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
ბრალდებულ გ-------------სთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ბრალდებულის მიერ ჩადენა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა
3.1. სიცოცხლის მოსპობის მუქარა
სასამართლო სხდომაზე დაკითხულ ლ--–----------ს ჩვენების თანახმად, ბრალდებული დანით ემუქრებოდა ა-------------ს, ავჩეხავო დედაშენს.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულ ლ--–--–-------ს ჩვენების მიხედვით, ლ--–----------მ უთხრა, რომ გ------------- დანით თავის საცხოვრებელ სახლში ა---ს დამუქრებია მოკვლით.
დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, ა-------------ს არის გ-------------ს შვილი.
ბრალდებულის ჩვენების მიხედვით, ა-------------ს უთხრა, დედაშენი მოსაკლავია, შვილს რომ ანერვიულებს თავი სიმულაციითო. შვილს არ დამუქრებია.
ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების დასადასტურებლად სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა წერილობითი მტკიცებულებებიც. ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უთითებს ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაზე, არის ლ--–----------ს ჩვენება. მნიშვნელოვანია, რომ უშუალოდ ა------------- არ დაკითხულა, რადგან მან უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
მუქარის ფაქტზე უთითებს სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ--–--–-------. აქვე უნდა ითქვას, რომ ლ--–--–------- არ არის ფაქტის თვითმხილველი და ის ფაქტებს გადმოსცემს ლ--–----------ს მონაყოლიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.
ამდენად, ლ--–--–-------ს ჩვენება წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს. მნიშვნელოვანია, რომ პირველწყარო ლ--–----------მ სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა ლ--–--–-------ს მიერ ნათქვამი სიტყვები და განმარტა, რომ ბრალდებული ა-------------ს კი არ ემუქრებოდა მოკვლით, არამედ ემუქრებოდა მის შვილს დედის მოკვლით.
ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.
იმავე საკითხზე მნიშვნელოვანია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დაირღვევა მხოლოდ მაშინ, თუ ირიბი ჩვენება გამოყენებულ იქნება მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის გამო ინფორმაციის პირველწყაროს სასამართლოში გამოუცხადებლობისას და ამასთან, თუ ირიბი ჩვენება არ იქნება განაჩენის არსებითი ან ერთადერთი საფუძველი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom; ასევე გადაწყვეტილება საქმეზე Horncastle and others v. The United Kingdom). ამდენად, ირიბი ჩვენების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსა და სამართლიანი სასამართლოს უფლების თაობაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე, ირიბი მოწმის ჩვენება თუნდაც პირდაპირი მოწმის ჩვენებასთან ერთდ არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას, რასაც შეიძლება სასამართლო დაეყრდნოს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას.
სასამართლო განმარტავს, რომ პირდაპირი მტკიცებულება და მისგან გამომდინარე სხვა ირიბი მტკიცებულება მომდინარეობს ერთი წყაროდან, რის გამოც ისინი ვერ იქნება განხილული ორ დამოუკიდებელი ძალის მქონე მტკიცებულებად.
სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა სხვა მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ან მიანიშნებდა ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულ ა-------------ს მიმართ მუქარის განხორციელებას.
სასამართლო აქვე განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს მტკიცებულებით სტანდარტს - იმას, თუ რა ოდენობით და რა ხარისხის მტკიცებულებებია აუცილებელი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლისა და სსსკ-ის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამდენად, კონსტიტუციით დადგენილია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად რაოდენობრივი სტანდარტი - მინიმუმ ორი მტკიცებულების არსებობა და ხარისხობრივი სტანდარტი - მტკიცებულებების უტყუარობა. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ბრალდებულის მიერ დაზარალებულ ა-------------ს მიმართ განხორციელებული მუქარის თაობაზე არ აკმაყოფილებს კონსტიტუციის მიერ დადგენილ რაოდენობრივ სტანდარტს.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ურთიერთშეთავსებად, სარწმუნო, ობიექტურ, უტყუარ, პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
3.2. იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლი მოითხოვს ქმედებას, შედეგს და მიზეზობრივ კავშირს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, თუმცა, იმ პირობებში, როცა, კანონის დაცვით მოპოვებული, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული პირდაპირი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად ვერ დადასტურდა ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, ბრალდებულის ქმედებით რაიმე შედეგის გამოწვევის შესახებ მსჯელობა შეუძლებელია.
3.3. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბრალდებულის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ განხორციელებულ ქმედებას, თუმცა, იმ პირობებში, როცა ბრალდებულის მიერ დანაშაულის შემადგენლობის განხორციელება არ დასტურდება, ბრალდებულსა და დაზარალებულებს შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი სტატუსის გარკვევა არარელევანტურია.
4. სამართლებრივი შეფასება
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი დასჯად ქმედებად აცხადებს სიცოცხლის მოსპობის მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა უტყუარ დასაშვებ პირდაპირ სარწმუნო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავდა საქმის ბედით დაუინტერესებელი პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას, რის გამოც ბრალდებულის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.
II. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ
1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
2019 წლის 8 თ--------–ს, საღამოს საათებში გ-------------მ, ზუგდიდის რაიონის სოფელ რ---ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შვილს - ა-------------ს ორჯერ დაარტყა ფეხი მუცლის არეში და რამდენჯერმე მოქაჩა თმაზე, რის შედეგადაც ა-------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო მათ გასაშველებლად მისულ მეუღლეს - ლ--–----------ს გ-------------მ სახით არეში ერთჯერ დაარტყა ხელი, რის შედეგადაც ლ--–----------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის სუბიექტია დაზარალებულის ოჯახის წევრი. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულ ლ--–----------ს ჩვენების თანახმად, გ-------------მ დაუწყო ლანძღვა, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით. გული აუჩუყდა და დაიწყო ტირილი. სახლში მისვლის დროს ა-------------მ ჰკითხა, რატომ ტირიხარო. მას უთხრა, რომ მამამისის ბრალი იყო ყველაფერი. საუბრის დროს სახლში შემოვიდა გ------------- და შევიდა სამზარეულო ოთხში. ა--- მივიდა გ---სთან და მკაცრი ტონით ჰკითხა, რატომ ატირებდა დედას და ამხელა კაცს თავში ჭკუა როგორ არ ჰქონდა. ამ სიტყვების გაგონებაზე გ--- გაბრაზდა, შეაგინა, ხელში აიღო მაგიდაზე მოთავსებული დანა, გაიშვირა ა---სკენ და დაუყვირა, რომ მოკლავდა. ა--- მიიწია მისკენ, ხელი გაიშვირა დანისკენ და დააპირა წართმევა. ხელის გაწევის დროს დანის წვერი მოხვდა მარცხენა ხელის გულზე, საიდანაც წამოუვიდა სისხლი. გ---მ დანა დადო კარადის თაროზე, მიიწია ა---სკენ და მარჯვენა ფეხი ორჯერ დაარტყა მუცლის არეში. დარტყმის შედეგად ა--- წაბორძიკდა, მიიწა ა---კსკენ და დაიჭირა, რომ არ დაცემულიყო იატაკზე. წაბორძიკების შემდეგ გ--- მივარდა ა---სთან, თმებში ჩაავლო ხელი და რამდენჯერმე მოქაჩა. ა--- ცდილობდა მისგან თავის დაღწევას, ის ხან კისერში მოუჭერდა ხელს, ხან კი სახის არეში. გ--- როდესაც არ შეეშვა ა---ს, მიიწია მათკენ, ჩადგა მათ შორის და შეეცადა მათ გაშველებას. გაშველების დროს გ---მ ხელი გაუშვა ა---ს, მოიწია მისკენ და გაშლილი ხელი ერთხელ დაარტყა სახის არეში. დაიყვირა, რომ ა---ს დაერეკა პოლიციაში. პოლიციის გაგონებაზე გ--- გაჩერდა და შეეშვა. საცხოვრებელი სახლის სამზარეულო ოთახში გ---მ ერთხელ გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ბრალდებული ა---ს არ ემუქრებოდა მოკვლით, ა---ს ემუქრებოდა დედის მოკვლით. ანას დარტყმები ტკიოდა, ბავშვია და ტიროდა. მინიმალურ სასჯელს ითხოვს. ბრალდებულის ხელი შემთხვევით რომ მოხვედროდა, არ ეტკინებოდა, რადგან ეტკინა, ე.ი. დაარტყა. რადგან აშველებდა, მისი მოცილება უნდოდა და ამიტომ დაარტყა. შემთხვევითი დარტყმა არ იყო.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულ ლ--–--–-------ს ჩვენების თანახმად, ლ--–----------მ უთხრა, თმაზე მოქაჩაო ხელი ბრალდებულმა, მარჯვენა ფეხი ორჯერ დაურტყამს მუცლის არეში, თმებში ჩაუვლია ხელი და რამდენიმეჯერ მოუქაჩავს, ხოლო მისთვის გაშორების დროს გაშლილი ხელი დაურტყამს სახის არეში. გაშველების დროს მომხვდაო ხელი და მეტკინაო.
ქორწინების სააქტო ჩანაწერის მიხედვით, გ------------- და ლ--–---------- არიან მეუღლეები.
დაბადების აქტის ჩანაწერით ა------------ს არის გ-------------ს შვილი.
ბრალდებულის ჩვენების თანახმად, მეუღლესთან იკამათა. მეუღლე არიდებდა თავს. გაბრაზებული იყო, ეზოში შევიდა, გაიხადა მანტო. მეუღლე სამზარეულოში იყო ატირებული. შვილმა მისკენ გამოიწია, რატომ აწყენინეო დედას. გადაიზარდა კამათში. შვილმა გამოიტანა კომპოტის გამხსნელი, დედაც ჩაერთო. დაუჯიკავა, წაართვა გამხსნელი, დანა ნახა მის ხელში, წავართმევო, იფიქრა, ნასვამი იყო. შვილს უთხრა, დედაშენი მოსაკლავია შვილს რომ ანერვიულებს თავისი სიმულაციითო. შეხლა-შემოხლა იყო. დანა წაართვა და შეაგდო ოთახში. შვილს არ დამუქრებია. შვილს დაარტყა ფეხი ორჯერ, მოქაჩა თმაზე, რადგან გაბრაზებული იყო, მეუღლესაც გაარტყა ხელი.
ოჯახში ძალადობის განმარტებას არ იძლევა სისხლის სამართლის კოდექსი, თუმცა ის მოცემულია სხვა კანონში, კერძოდ, ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ფსიქოლოგიური ძალადობა გულისხმობს შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, მუქარას ან სხვა ისეთ მოქმედებას, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული პირდაპირი მტკიცებულებებით, კერძოდ დაზარალებულ ლ--–----------ს და ბრალდებულის ჩვენებებით, მათ შორის საბოლოო სიტყვაში დაფიქსირებული პოზიციით უტყუარად დადგენილია, რომ ბრალდებულმა გ-------------მ მეუღლის - ლ--–----------ს (სახის არეში ერთხელ დაარტყა ხელი) და შვილის - ა-------------ს მიმართ განახორციელა ძალადობა (ორჯერ დაარტყა ფეხი მუცლის არეში, მოქაჩა თმაზე).
2.2. რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ქმედებას - ძალადობას, სისტემატიურ შეურაცხყოფას და დამცირებას, შედეგს - ფიზიკურ ტკივილს და ტანჯვას, მიზეზობრივ კავშირს მოქმედებასა და შედეგს შორის.
სსკ-ის მე-8 მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.
იმისათვის, რომ დადგინდეს, ადამიანმა კონკრეტული დარტყმისგან განიცადა თუ არა ტკივილი, აუცილებელია ამაზე მიმანიშნებელი მტკიცებულებების არსებობა. ძალადობამ შეიძლება დატოვოს კვალი ადამიანის სხეულზე, თუმცა შესაძლებელია, ასეთი კვალი არც დარჩეს.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულ ლ--–----------ს ჩვენების ბრალდებულის დარტყმა მისთვის და ა-------------სთვის მტკივნეული იყო. ამასვე ადასტურებენ მოწმე ლ--–--–------- და ბრალდებული.
გამოკვლეული ყველა მტკიცებულების ერთობლიობაში განხილვის შედეგად სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულის ქმედება - ხელის და ფეხის დარტყმა მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - ა-------------ს და ლ--–----------ს ტკივილთან, ვინაიდან ხელის და ფეხის დარტყმა წარმოადგენდა აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც დაზარალებულები ვერ განიცდიდნენ ფიზიკურ ტკივილს.
ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ზემოთ მოყვანილ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, რომ გ-------------მ განახორციელა ხელის და ფეხის დარტყმა ა------------ს და ლ--–----------ს მიმართ, რასაც მოჰყვა ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
სსკ-ის 1261-ე მუხლის შემადგენლობის არსებობისთვის აუცილებელია, რომ მას შემდეგად არ მოჰყვეს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სსკ-ის 117-ე მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ესე იგი სხეულის დაზიანებას, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან. სსკ-ის 118-ე მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან. სსკ-ის 120-ე - მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას, რამაც გამოიწვია მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა.
საქმის მასალებით არ დასტურდება სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგის არსებობა. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულის ქმედებებისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია სამართლებრივად სწორია.
2.3. ორი პირის მიმართ
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს ძალადობის განხორციელება ორი ან მეტი პირის მიმართ.
მოწმე ლ--–----------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა გ-------------მ განახორციელა ძალადობა ა------------ს და მის მიმართ.
ბრალდებულის ჩვენებით ირკვევა, რომ მას ჰქონდა ფიზიკური დაპირისპირება როგორც მეუღლესთან, ასევე მის შვილთან.
ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა გ-------------მ ძალადობა განახორციელა ორი პირის მიმართ.
3. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი აწესებს სასჯელს ოჯახში ძალადობისთვის, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულია სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის ყველა ნიშნის არსებობა.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს გ-------------ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც გ------------- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
გ-------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს დანაშაულის აღიარება, მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.
გ-------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალებით არ გამოკვეთილა.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
ბრალდებულისთვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს (გაბრაზება), მიზანს (დაზარალებულებისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენება), ბრალდებულების მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (ძალადობა იმ პირების მიმართ, ვისზე ზრუნვაც მას ევალებოდა), ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს (ხელის და ფეხის დარტყმა სხეულის სხვადასხვა ადგილას), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (ტკივილის შეგრძნება), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას ( არ არის ნასამართლევია), პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (აღიარა დანაშაული, ხელი შეუწყო მართლმსაჯულების განხორციელებას), ბრალდებულების პიროვნებას.
სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2018 წლის 14 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) სანქციას. კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
რაც შეეხება სასჯელის კონკრეტული სახის გამოყენებას, სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტული ქმედების წინაპირობების, ჩადენის ხერხის და მომავალში მსგავსი ქმედების თავიდან არიდებისათვის არ არის საკმარისი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენება და ბრალდებულს უნდა შეეფარდოს უმკაცრესი სახის სასჯელი. რაც შეეხება სასჯელის ზომას, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მას უნდა განესაზღვროს მუხლის სანქციით განსაზღვრული მინიმალური ზომის სასჯელი.
ზემოაღნიშნულ გარემოებებთან ერთად სასამართლო ითვალისწინებს იმას, რომ სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის. განსახილველ შემთხვევაში მსჯავრდებული არ არის ნასამართლევი, რაც, აღიარებისა და გამოძიებასთან თანამშრომლობის, ასევე პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებების, მათ შორის ბრალდებულის ასაკის გათვალისწინებით, იძლევა საფუძველს, დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობით მსჯავრად.
6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა
საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, თუ ბრალდებული კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას, მის სასარგებლოდ გირაოს სახით შეტანილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში. საქმის მასალებით არ იკვეთება ბრალდებულის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების დარღვევა, რის გამოც გირაოს უზრუნველსაყოფად უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა უნდა გაუქმდეს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა,- გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილია დანა და ნერწყვის ნიმუშები. ვინაიდან დანა არ ფიგურირებს ბრალდებულისთვის წარდგენილ ბრალში, ის უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ხოლო ნერწყვის ნიმუშები, ვინაიდან მათ არ გააჩნია რაიმე ღირებულება, უნდა განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-3 მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და ადგილზე თათბირით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ------------- საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
გ------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 14 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად 1 წლის გამოსაცდელი ვადით.
გ-------------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 9 თებერვლიდან 2018 წლის 14 თებერვლის ჩათვლით.
პირობითი მსჯავრის პერიოდში გამოსაცდელი ვადის განმავლობაში გ-------------ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
გ-------------სთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. გირაოს უზრუნველსაყოფად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის № 020734-18---------, 12/14--18 განჩინებით დაყადაღებულ უძრავ ქონებას, ზუგდიდის რაიონის სოფელ ტ----ში, კ----------------------------ს მე------------–ი (საკადასტრო კოდი 4-.01.4-.3--), მოეხსნას ყადაღა განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებები: დანა დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ნერწყვის ნიმუშები განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შოთა ბიჭია