გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.02.2019
საქმის ნომერი
330210017001906718
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
18.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1-----17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 თებერვალი 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი

სხდომის მდივანი ილია ვაშაკიძე

მოსარჩელე- სს “ სა---------–--------ი”

წარმომადგენელი- ირ---–------–--ა

მოპასუხეები- გი---------------–---–ი, და-----------–---–ი, ნათ--–----------–---–ი

დავის საგანი -თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შეწყდეს მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება და მისგან გამომდინარე ხელშეკრულებები.

 

1.2. მოპასუხეებს გი---------------–---–ს, და-----------–---–სა და ნათ--–----------–---–ს სს ,,სა---------–--------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 10 000 აშშ დოლარის გადახდა (საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 6565.86 აშშ დოლარი, სარგებელი - 2389.51 აშშ დოლარი, შემცირებული პირგასამტეხლო 1044.63 აშშ დოლარი).

 

1.3. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონება:

 

მდებარე: ქ.თბილისი, სა----------------–------------------------0 მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 30------------------------;

მდებარე: გარ-------, სოფ. ყ---------–--, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 81----------.

 

1.3. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარავად, აღსრულება მიექცეს მსესხებლის სხვა ქონებაზე.

 

(დაზუსტებული სარჩელი, 18.02.2019წ, სხდომის ოქმი, დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა 16:00:40წთ)

 

2.მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელში და საქმის მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელი ცნეს მხოლოდ სესხის ძირითადი თანხის 6565.86 აშშ დოლარის ნაწილში, ხოლო სარგებლის, პირგასამტეხლოს და იპოთეკით დატვირთული ქონებების რეალიზაციის ნაწილში მოთხოვნები არ ცნეს.

 

(18.02.2019წ, სხდომის ოქმი 16:10:04/16:10:17წთ)

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2009 წლის 25 სექტემბერს სს სა---------–--------ს და გი---------------–---–ს შორის გაფორმდა გენერალური ხაზით მომსახურების ხელშეკრულება #5-----, რომლითაც მსესხებელზე განისაზღვრა საკრედიტო ლიმიტი 150 000 აშშ დოლარი ან მისი ექვივალენტი ლარში.

 

3.1.2. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, 2011 წლის 29 სექტემბერს ამავე მხარეებს შორის გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელზე 60 თვის ვადით გაიცა 75 000 აშშ დოლარი, წლიური 15%-იანი საპროცენტო განაკვეთი. პირგასამტეხლო გათვალისწინებული იქნა 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

3.1.3. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, 2009 წლის 25 სექტემბერს იპოთეკით დაიტვირთა ნათ--–----------–---–ის და გულ--------------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები შემდეგი საკადასტრო კოდებით: N01--------------------6; N01---------------------; N81----------.

 

იპოთეკის ხელშეკრულების 11.3 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ უძრავი ქონების რეალიზაციის გზით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულებების სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცევა მოვალის სხვა ქონებებზე.

 

3.1.4. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, სს სა---------–--------ს და-----------–---–ს და ნათ--–----------–---–ს შორის 2011 წლის 29 სექტემბერს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც თავდები პირები იღებენ ვალდებულებას, სოლიდარული თავდებობით უზრუნველყოფენ სს სა---------–--------ს და მსესხებელს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება (ს.ფ 16-22)

- შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ 23-24)

- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ 25)

- განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ 26-27; 28-29;)

- იპოთეკის ხელშეკრულებები (ს.ფ 30-44)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 48-53)

 

3.1.5. დადგენილია, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს 2009 წლის სექტემბრის გენერალური ხაზით მომსახურების და მის საფუძველზე 2011 წლის 29 სექტემბერს შედგენილი შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება და მათი დავალიანება სს სა---------–--------ის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით შეადგენს 27 584.73 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 20 065.86 აშშ დოლარი, პროცენტი - 2389.51 აშშ დოლარი, ჯარიმა - 5129.36 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ 60)

 

3.1.6. ირკვევა, რომ მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული იქნა ნაწილობრივ, რის შედეგადაც იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე მდებარე ქ. თბილისი, ვ---------–-- მ--- მ/რ, კვარტ--–---, კორპ------, ბი-----, ს/კ 01--------------------6 სს სა---------–--------ის სასარგებლოდ არსებული იპოთეკა გაუქმებულია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება; (დაზუსტებული სარჩელი, 18.02.2019წ, სხდომის ოქმი)

 

3.1.7. დადგენილია, რომ მოპასუხეთა მიერ ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების და მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის შემცირების შემდგომ მათი დავალიანება შეადგენს 10 000 აშშ დოლარს (საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 6565.86 აშშ დოლარი, სარგებელი - 2389.51 აშშ დოლარი, შემცირებული პირგასამტეხლო 1044.63 აშშ დოლარი).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება; (დაზუსტებული სარჩელი, 18.02.2019წ, სხდომის ოქმი)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ''სა---------–--------ი“-ს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე, 417-ე, 418-ე, 463-ე, 868-ე, 895-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 208-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელში და საქმის მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელი ცნეს მხოლოდ სესხის ძირითადი თანხის 6565.86 აშშ დოლარის ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა დავალიანების დაფარვა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის - 2389.51 აშშ დოლარის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა.

 

განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. უდავოა, რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილშიც დაკმაყოფილდეს.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის დანაწესით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად კი, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ ნათ--–----------–---–მა და და-----------–---–მა სს სა---------–--------ის მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გი---------------–---–თან იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა და შესაბამისად ამავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნები სოლიდარულ თავდებებსაც უნდა დაეკისროთ.

 

6.5 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

დადგენილია, რომ კრედიტორის მიმართ არსებული ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა ნათ--–----------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ს/კოდით 01---------------------

 

იპოთეკის ხელშეკრულების 11.3 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ უძრავი ქონების რეალიზაციის გზით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულებების სრულად დასაფარად, აღსრულება შესაძლებელია მიექცეს მოვალის სხვა ქონებაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხეთა მიერ დარღვეული იქნა ვალდებულება, რომლის უზრუნველყოფის მატერიალურ საშუალებას წარმოადგენს იპოთეკა, რაც შესაბამისად კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას მოთხოვნა დაიკმაყოფილოს იპოთეკის უფლებით დატვირთული უძრავი ქონების იძულებით რეალიზაციის გზით. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებული დავალიანების გადახდევინების მიზნით სარეალიზაციო უნდა მიექცეს მოპასუხე ნათ--–----------–---–ის იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.

 

ასევე დასაბუთებულია სს სა---------–--------ის სასარჩელო მოთხოვნა გი---------------–---–ის საკუთრებაში რიცხული სხვა ქონების რეალიზაციის ნაწილში რადგან მხარეთა მიერ იპოთეკის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იქნა მოვალის სხვა ქონების რეალიზაციის შესაძლებლობაც.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მდებარე: გარ-------, სოფ. ყ---------–--, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 81---------- რეალიზაციის ნაწილში, ვინაიდან დაზუსტებულ სარჩელში გულ--------------ა აღარ წარმოადგენს მოპასუხეს, რადგან განხორციელდა მის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია. ხოლო საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს სარჩელში დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ზემოაღნიშნულ ქონება საკუთრების უფლებით აღრიცხულია სხვა მოპასუხეების სახელზე.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელის მიერ დაზუსტებულ სარჩელზე წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით, უძრავ ქონებაზე მდებარე: გარ-------, სოფელი ყ---------–-- ს/კ 81---------- მესაკუთრედ რეგისტრირებულია მოვალე გი---------------–---–ი, თუმცა მითითებული ქონების რეალიზაციის თაობაზე მოსარჩელეს მოთხოვნა არ ჰქონია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

 

ამდენად, წინამდებარე მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელეს პასუხისმგებელი სუბიექტი განსაზღვრული არ ჰყავს, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, მოპასუხეებმა სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, ამ ნაწილის პროპორციულად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 2105.67 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს. ხოლო, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 103.90 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,სა---------–--------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხეებს გი---------------–---–ს, და-----------–---–სა და ნათ--–----------–---–ს სს ,,სა---------–--------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 10 000 აშშ დოლარის გადახდა (საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 6565.86 აშშ დოლარი, სარგებელი - 2389.51, პირგასამტეხლო 1044.63 აშშ დოლარი).

 

3. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონება: მდებარე: ქ.თბილისი, სა----------------–------------------------0 მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 30------------------------;

 

4. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარავად, აღსრულება მიექცეს მსესხებლის სხვა ქონებაზე.

 

5. სს „სა---------–--------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 01.18.2017წ. №1--- საგადახდო დავალებით სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 2105.67 ლარი (გადახდილია 2208.72 ლარი; გადამხდელის ბანკი - სს ,,სა---------–--------ი’’; ანგარიში/სახაზინო კოდი - 300 773 150; მიმღების ბანკი - ხაზინა; ბანკის კოდი TRESGE22).

 

6. სს „სა---------–--------ის“ სასარგებლოდ გი---------------–---–ს, და-----------–---–სა და ნათ--–----------–---–ს სოლიდარულად გადახდეთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 103. 90 ლარი.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

8.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი