გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/1136-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე
სხდომის მდივანი ციალა გახელაძე
მოსარჩელე - ი/მ „თა-------------–---–ი“
წარმომადგენლები - გი-----------------ე, ბე-------------ე
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - ნი---------–---–ი, თე-------------ე
მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
წარმომადგენელი - თა---------–----ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 25 აპრილის №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
1.2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 22 ივნისის №1---- ბრძანება;
1.3. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
2.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 14 თებერვლის №3--- ბრძანებით დაინიშნა ი/მ „თა-------------–---–ის“ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და ი/მ „თა-------------–---–ის“ ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების პროცედურა. ინვენტარიზაციისა და საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების ჩატარების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 14 თებერვლიდან 2017 წლის 14 მარტის ჩათვლით. აღნიშნულ ბრძანებას გადასახადის გადამხდელის უფლებამოსილი წარმომადგენელი გაეცნო 2017 წლის 14 თებერვალს 12:40 საათზე.
სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 14 მარტის №6--- ბრძანებით ინვენტარიზაციისა და საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების ჩატარების ვადა გაგრძელდა 2017 წლის 13 აპრილის ჩათვლით.
სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 13 აპრილის №1---- ბრძანებით ინვენტარიზაციისა და საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების ჩატარების ვადა გაგრძელდა 2017 წლის 11 მაისის ჩათვლით, რომელსაც გადასახადის გადამხდელის უფლებამოსილი წარმომადგენელი გაეცნო 2017 წლის 25 აპრილს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 14 თებერვლის №3--- ბრძანება (ს.ფ.114);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 14 მარტის №6--- ბრძანება (ს.ფ.115);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 13 აპრილის №1---- ბრძანება (ს.ფ.116).
3.2. ი/მ „თა-------------–---–ის“ 2017 წლის 14 თებერვლის წერილობითი განმარტების თანახმად, მისი საქმიანობის სახეს წარმოადგენს კვების პროდუქტებით, ქიმიური საშუალებებით ვაჭრობა. სავაჭრო ობიექტი და სასაწყობო მეურნეობა განთავსებულია ქ.თბილისი, გ--------–----------––-. სხვა ობიექტი ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებელი ობიექტი ი/მ „თა-------------–---–ს“ არ გააჩნია. ზემოაღნიშნულ ობიექტში ინახება მხოლოდ ი/მ „თა-------------–---–ის“ კუთვნილი ყველა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ი/მ „თა-------------–---–ის“ 2017 წლის 14 თებერვლის წერილობითი განმარტება (ს.ფ.117).
3.3. ი/მ „თა-------------–---–ის“ 2017 წლის 14 თებერვლის ხელწერილების თანახმად, მისი კუთვნილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის დაწყებამდე შემოსავლისა და გასავლის ყველა დოკუმენტი ჩაბარებულია ბუღალტერიაში, ყველა მიღებული ფასეულობა აღებულია შემოსავალში, ხოლო გაცემული ჩამოწერილია გასავალში. ამასთან, ი/მ „თა-------------–---–ს“ შიდა ინვენტარიზაცია არ აქვს ჩატარებული, შესაბამისად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებს ზედმეტობა ან/და დანაკლისი არ გამოვლენილა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ი/მ „თა-------------–---–ის“ 2017 წლის 14 თებერვლის ხელწერილი (ს.ფ.118);
- ი/მ „თა-------------–---–ის“ 2017 წლის 14 თებერვლის ხელწერილი (ს.ფ.119).
3.4. ი/მ „თა-------------–---–ის“ 2017 წლის 14 თებერვლის ხელწერილის თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 14 თებერვლის №3--- ბრძანების საფუძველზე ი/მ „თა-------------–---–მა“ განმარტა, რომ ბოლო საანგარიშო პერიოდი (რომლის მიხედვით დეკლარირების ვადა არ არის დამდგარი/გასული) განისაზღვრა 2017 წლის პირველი თებერვლიდან 2017 წლის 14 თებერვლის 12:40 საათამდე 11908.63 ლარი. ამ პერიოდში სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა მიწოდება მოხდა საკონტროლო სალარო აპარატით, რომელმაც ჯამში საბაზრო ღირებულებით შეადგინა 12028.63 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ი/მ „თა-------------–---–ის“ 2017 წლის 14 თებერვლის ხელწერილი (ს.ფ.120-121).
3.5. ი/მ „თა-------------–---–ის“ 2017 წლის 16 თებერვლის ხელწერილის თანახმად, მეწარმემ დაადასტურა, რომ საინვენტარიზაციო კომისიამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები გასინჯა და დათვალა მისი თანდასწრებით. საქონლის ფაქტობრივი აღწერა ჩატარებულია სწორად, კომისიის წევრებთან პრეტენზია არ გააჩნია და აღწერილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობები შეინახა მისი პასუხისმგებლობის ქვეშ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ი/მ „თა-------------–---–ის“ 2017 წლის 16 თებერვლის ხელწერილი (ს.ფ.123).
3.6. ი/მ „თა-------------–---–ის“ 2017 წლის 16 მარტის განმარტებითი ბარათის თანახმად, მის მიერ რეალიზებული საქონელზე ფასნამატი შეადგენს 12 პროცენტს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ი/მ „თა-------------–---–ის“ 2017 წლის 16 მარტის განმარტებითი ბარათი (ს.ფ.124).
3.7. ი/მ „თა-------------–---–ის“ 2017 წლის 25 აპრილის ხელწერილის თანახმად, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობათა დანაკლისი 405088.49 ლარი და აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები 26607.83 ლარის ოდენობით. ხელწერილის თანახმად, აღნიშნული დანაკლისი აღიარებული იქნება რეალიზაციად, ხოლო ზედმეტობა სარგებლად და შესაბამისად, დაიბეგრება საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ი/მ „თა-------------–---–ის“ 2017 წლის 25 აპრილის ხელწერილი (ს.ფ.136).
3.8. „ი/მ „თა-------------–---–ის“ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციასთან დაკავშირებით“ 2017 წლის 7 ივნისის ინფორმაციის თანახმად, საინვენტარიზაციო კომისიის მიერ შედგა დანართი №19-ის (პროექტის) I, II ცხრილები გადასახადის გადამხდელის შესახებ საგადასახადო ორგანოში არსებული და დამატებით მოძიებული მონაცემების მიხედვით. კერძოდ, გამოყენებულ იქნა შემდეგი მონაცემები და დაშვებები: საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა პერიოდი 2016 წლის 1 იანვრიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე (2017 წლის 14 თებერვალი); საანგარიშო პერიოდის სმფ-ების საწყისი ნაშთი 283304 ლარი აღებულ იქნა 2015 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით; საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შეძენილი სმფ-ს პირვანდელმა ღირებულებამ შეადგინა 159925.73 ლარი ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით. 2016 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის 31 იანვრის ჩათვლით რეალიზებული სმფ–ების საბაზრო ღირებულებად (დღგ-ს გარეშე) აღებულ იქნა დღგ-ს შესაბამისი თვეების დეკლარაციებში მითითებული დასაბეგრი ბრუნვები სულ 387942.2 ლარი. 2017 წლის პირველი თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით რეალიზებულმა სმფ–ების საბაზრო ღირებულებად (დღგ–ს გარეშე) აღებულ იქნა საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემები 10193.75 ლარი ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით. ფასნამატად აღებულ იქნა 12%, რომელიც გადასახადის გადამხდელის 2017 წლის 16 მარტის წერილობითი განმარტებით იქნა მოწოდებული.
საინვენტარიზაციო კომისიის მიერ, ასევე, 2017 წლის 25 აპრილს შედგენილ იქნა „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის შესახებ“ №16 დანართი, „ფაქტობრივად აღწერილი აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენის შესახებ“ №21 დანართი და „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობათა ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ“ №22 დანართი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- „ი/მ „თა-------------–---–ის“ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციასთან დაკავშირებით“ 2017 წლის 7 ივნისის ინფორმაცია (ს.ფ.101-103);
- „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის შესახებ“ №16 დანართი (ს.ფ.145-183);
- „ფაქტობრივად აღწერილი აღურიცხავი სასაქნლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენის შესახებ“ №21 დანართი (ს.ფ.184-221);
- „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობათა ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ“ №22 დანართი (ს.ფ.222-259).
3.9. ი/მ „თა-------------–---–ს“ გაეგზავნა მიმდინარე კონტროლის განხორციელებისა და საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების პროექტი, რომელსაც მისი მინდობილი პირი გაეცნო 2017 წლის 17 მარტს.
ი/მ „თა-------------–---–მა“ 2017 წლის 24 მარტს სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს წარუდგინა პოზიცია ზემოაღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, რომლითაც არ დაეთანხმა გადაწყვეტილების პროექტს.
2017 წლის 4 აპრილის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოს №-- სხდომის ოქმის თანახმად, ი/მ „თა-------------–---–ის“ წერილობითი პოზიცია დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, გადასახადის გადამხდელის განმარტებით ინვენტარიზაციით გარკვეული სახის საქონელი ჩაითვალა სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველად, რომლის ნაწილზეც არსებობდა შეძენის დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები. ამასთან, ნაწილი იმ საქონლისა, რომელიც ჩაითვალა აღურიცხველად, ასახული იყო სააღრიცხვო (ბუღალტრულ) ნაშთში და ამ მხრივ ჩაითვალა დანაკლისად. აღნიშნულ არგუმენტაციასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს დაევალა 5 სამუშაო დღის ვადაში ინვენტარიზაციის განმხორციელებელ ოფიცრებისათვის წარედგინა განსახილველი საკითხის შესაბამის ნაწილში მის მიერ წარმოდგენილი პოზიციის და არგუმენტაციების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ინვენტარიზაციის განმხორციელებელ ოფიცრებს დაევალათ საკითხის დამატებით შესწავლა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის უშუალო მონაწილეობით, მათ შორის, გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად. საკითხის შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დაევალათ, განეხორციელებინათ ოქმის პროექტით დასარიცხი თანხების კორექტირება (შემცირება). მედიაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში, თუ გადამხდელის მიერ სათანადო დოკუმენტაცია ან/და მათი ნაწილი არ იქნებოდა წარდგენილი ინვენტარიზაციის განმხორციელებელი ოფიცრებისათვის, მაშინ ოქმის პროექტით დასარიცხი თანხები, წარუდგენელი დოკუმენტაციის ნაწილში, უნდა დარჩენილიყო უცვლელი. მედიაციის საბჭომ, ასევე, ნაწილობრივი გაიზიარა გადასახადის გადამხდელის პოზიცია ფასნამატთან დაკავშირებით და ინვენტარიზაციის განმხორციელებელ უფლებამოსილ საგადასახადო ოფიცრებს დაავალა საკითხის დამატებით შესწავლა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის უშუალო მონაწილეობით. საკითხის შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, შესაბამისი ფაქტებისა და გარემოებების არსებობისას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ ოფიცრებს უნდა განეხორციელებინა ოქმის პროექტით დასარიცხი თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში ი/მ „თა-------------–---–ის“ წერილობითი პოზიცია არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ი/მ „თა-------------–---–მა“ 2017 წლის 24 მარტის პოზიცია (ს.ფ.131);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიმდინარე კონტროლის სამმართველოს შეტყობინება (ს.ფ.133-135);
- 2017 წლის 4 აპრილის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოს №-- სხდომის ოქმი (ს.ფ.136-140).
3.10. ი/მ „თა-------------–---–ის“ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციასთან დაკავშირებით“ 2017 წლის 7 ივნისის ინფორმაციის თანახმად, ი/მ „თა-------------–---–მა“, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, არ წარადგინა დადგენილ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებები და საბოლოოდ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებათა დანაკლისმა საბაზრო ფასით შეადგინა 405088.46 ლარი (ამასთან, გამოვლენილი დანაკლისი განიხილება საბაზრო ფასებით განხორციელებულ მიწოდებად აღმოჩენის მომენტში), რაც, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, დაექვემდებარა დაჯარიმებას გამოვლენილი დანაკლისის 10%-ის ოდენობით - 40508.84 ლარით, ასევე, გამოვლინდა აღურიცხავი სმფ-ები (საბაზო ფასით) თანხით 13303.91 ლარი. გამოვლენილ საგადასახადო სამართალდარღვევებზე შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ი/მ „თა-------------–---–ის“ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციასთან დაკავშირებით“ 2017 წლის 7 ივნისის ინფორმაცია (ს.ფ.101-103).
3.11. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 25 აპრილის №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 14 თებერვლის №3--- ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 405088.5 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, რაც, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10%-ის ოდენობით. შესაბამისად, ი/მ „თა-------------–---–ს“ განესაზღვრა ფულადი ჯარიმა 40508.85 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 25 აპრილის №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ.112);
- „გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების საგადასახადო კონტროლის პროცედურების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ“ 2017 წლის 25 აპრილის ოქმი (ს.ფ.111).
3.12. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 25 აპრილის №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 14 თებერვლის №3--- ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 26607.83 ლარის საბაზრო ღირებულების სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რაც, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით. შესაბამისად, ი/მ „თა-------------–---–ს“ განესაზღვრა ფულადი ჯარიმა 13303.92 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 25 აპრილის №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ.113);
- „გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების საგადასახადო კონტროლის პროცედურების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ“ 2017 წლის 25 აპრილის ოქმი (ს.ფ.111).
3.13. ი/მ „თა-------------–---–მა“ წარადგინა საჩივარი სსიპ შემოსავლების სამსახურში და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 25 აპრილის №C------- და №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების გაუქმება.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 22 ივნისის №1---- ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება 10 სამუშაო დღის ვადაში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისათვის წარედგინა ინფორმაცია/მტკიცებულება საქონლის სარეალიზაციო ფასებთან (ფასნამატთან) დაკავშირებით საქონლის სახეობების მიხედვით, ხოლო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება). გადასახადის გადამხდელს, ასევე, მიეცა წინადადება 10 სამუშაო დღის ვადაში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისათვის წარედგინა პირველადი საგადასახადო დოკუმენტები აღურიცხველად მიჩნეულ სმფ-ებთან დაკავშირებით, ხოლო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა, შეესწავლა მის მიერ წარდგენილი მასალები და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ორივე პირობის ერთდროულად არსებობის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 22 ივნისის №1---- ბრძანება (ს.ფ.72-75).
3.14. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 17 ნოემბრის №3---- ბრძანების თანახმად, ი/მ „თა-------------–---–ის“ მიერ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 22 ივნისის №1---- ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში არ იქნა წარდგენილი აღნიშნული ბრძანებით გათვალისწინებული დოკუმენტები. შესაბამისად, ინვენტარიზაციით დაკისრებული ფულადი ჯარიმის ოდენობა სმფ-ების დანაკლისზე და სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველ და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე არსებულ სმფ-ებზე დარჩა უცვლელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 17 ნოემბრის №3---- ბრძანება (ს.ფ.104-105).
3.15. ი/მ „თა-------------–---–მა“ საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 22 ივნისის №1---- ბრძანებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 25 აპრილის №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება.
საჩივრის მიხედვით, სსიპ შემოსვლების სამსახურის მიერ მიღებული ბრძანება არის უკანონო, რადგან სსიპ შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია გადასახადის გადამხდელის მიერ მითითებულ 2015 საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში დაშვებული შეცდომაზე საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის რაოდენობასთან დაკავშრებით. შესაბამისად, ითხოვა საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის 2016 წლის საშემოსავლო ნაშთის სისწორის დამატებით შესწავლა, ასევე, აღნიშნა, რომ აპირებდა 2016 წლის და 2017 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციების დაზუსტებას დაფიქსირებული საქონლის ნაშთის დაზუსტების კუთხით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილების თანახმად, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით და მომჩივნის მიერ წარდგენილი დეკლარაციების მონაცემების ანალიზის საფუძველზე საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ი/მ „თა-------------–---–ის“ საჩივარი (ს.ფ.76-79);
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება (ს.ფ.63-70).
3.16. თა-------------–---–ის მიერ 2015 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიური პირველადი დეკლარაცია საგადასახადო ორგანოში წარდგენილ იქნა 2016 წლის 18 მარტს, რომლის თანახმად, საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულებამ შეადგინა 283304 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თა-------------–---–ის 2015 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიური პირველადი დეკლარაცია (ს.ფ.262-265).
3.17. თა-------------–---–ის მიერ 2016 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიური პირველადი დეკლარაცია საგადასახადო ორგანოში წარდგენილ იქნა 2017 წლის 25 თებერვალს, რომლის თანახმად, საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულებამ შეადგინა 85663 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თა-------------–---–ის 2016 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიური პირველადი დეკლარაცია (ს.ფ.28-30).
3.18. თა-------------–---–ის მიერ 2015 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიური შესწორებული დეკლარაცია საგადასახადო ორგანოში წარდგენილ იქნა 2017 წლის 16 მარტს, რომლის თანახმად, საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულებამ შეადგინა 85663 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თა-------------–---–ის 2015 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიური დაზუსტებული დეკლარაცია (ს.ფ.31-33).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი, 43-ე, 49-ე, 255-ე, 261-ე, 269-ე, 286-ე მუხლები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-17 მუხლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლები, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს. ამავე კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
სადავო, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 25 აპრილის №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 22 ივნისის №1---- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობაც უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდამრღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის განმარტებაზე (საქმე №ბს-222-219(კ-14), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო პასუხისმგებლობას გააჩნია სამი საფუძველი: 1. ფორმალური (ნორმატიული), ე.ი. მისი მომწესრიგებელი ნორმატიული აქტების სისტემა, რომლებიც ადგენენ საგადასახადო სამართალდარღვევათა შემადგენლობებს, სამართალდაცვითი ურთიერთობის მონაწილეთა უფლებებს და ვალდებულებებს, განსაზღვრავენ საგადასახადო პასუხისმგებლობის პრინციპებს, გამოყენების წესს და პროცესუალურ ფორმას; 2. ფაქტობრივი, ე.ი. საგადასახადო სამართლის კონკრეტული სუბიექტის ქმედება, რომელიც არღვევს პასუხისმგებლობის ზომებით დაცულ სამართლებრივ ნორმებს; 3. პროცესუალური, ე.ი. უფლებამოსილი ორგანოს აქტი (გადაწყვეტილება) კონკრეტული საგადასახადო სამართალდამრღვევის მიმართ კონკრეტული სანქციის დაკისრების შესახებ. საგადასახადო პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ აღნიშნული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. ამასთან, საფუძვლები მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობით უნდა წარმოიშვას. აუცილებელია, არსებობდეს ვალდებულების დამდგენი ნორმა და სანქცია მისი შეუსრულებლობისათვის. შემდეგ უნდა წარმოიშვას ფაქტობრივი საფუძველი – საგადასახადო სამართალდარღვევა. ნორმისა და საგადასახადო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი სუბიექტი, კანონით დადგენილი წესით, განსაზღვრავს საგადასახადო სანქციას საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახდო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით. ამავე მუხლის მე-10 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციები არ გამოიყენება, თუ: გადასახადის გადამხდელმა ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ ინფორმაცია ასახა საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და მიაწოდა საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის ან საგადასახადო შემოწმების დაწყებამდე და, ამ ინფორმაციის თანახმად, ზედმეტობა აღიარებულია სარგებლად, ხოლო დანაკლისი − მიწოდებად.
ამდენად, კანონით ცალსახად არის დადგენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის გამოვლენის შედეგად გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო სანქციის შეფარდების ვალდებულება.
მოსარჩელე სადავოდ ხდის საინვენტარიზაციო კომისიის მიერ დანაკლისის დადგენის მიზნით 2015 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიური პირველადი დეკლარაციაში შეცდომით დაფიქსირებულ საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულების გამოყენებას. გადამხდელის განმარტებით, აღნიშნულ პერიოდში სმფ-ების ღირებულებას რეალურად შეადგენდა 85663 ლარი, რაც დაფიქსირებულია 2016 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიურ პირველად დეკლარაციაში და 2015 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიურ შესწორებულ დეკლარაციაში.
სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, პირის საქმიანობის საგადასახადო კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო. სხვა მაკონტროლებელ ორგანოებს და სამართალდამცავ ორგანოებს ეკრძალებათ პირის საქმიანობის საგადასახადო კონტროლის განხორციელება. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო კონტროლის სახეებია მიმდინარე კონტროლი და საგადასახადო შემოწმება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ: გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
ამავე კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფროსს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გამოსცეს აქციზური საქონლის მფლობელი პირის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის ჩატარების ბრძანება (საგადასახადო ორგანოს უფროსს უფლება აქვს, არააქციზური საქონლის მფლობელი პირის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის ჩატარების ბრძანება გამოსცეს კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს 2-ჯერ, ხოლო მე-3-ჯერ ინვენტარიზაცია შესაძლებელია ჩატარდეს შემოსავლების სამსახურის უფროსის/მისი მოადგილის ბრძანებით). გადასახადის გადამხდელის ხელმძღვანელმა (დირექტორმა) ინვენტარიზაციის გონივრულ ვადაში ჩატარების მიზნით, ბრძანების ჩაბარებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში უნდა შექმნას საინვენტარიზაციო კომისია. საინვენტარიზაციო კომისიაში შეყვანილი უნდა იქნენ ის პირები, რომლებიც კარგად იცნობენ საინვენტარიზაციო ქონებას, იციან მისი ფასი და პირველადი აღრიცხვა, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში – საგადასახადო ორგანოს თანამშრომლები ან/და მის მიერ მოწვეული სპეციალისტები. საინვენტარიზაციო კომისია ვალდებულია სრულად და დროულად აღრიცხოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ან/და ძირითადი საშუალებები წარმოებისა და შენახვის ადგილზე, შეუდაროს აღრიცხვის შედეგები ბუღალტრული აღრიცხვის შესაბამის მონაცემებს და ყოველივე ეს შეიტანოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების აღწერის ოქმში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფროსს უფლება აქვს, ინვენტარიზაციის ჩატარების ბრძანებით თავად შექმნას საინვენტარიზაციო კომისია და განსაზღვროს მისი შემადგენლობა, აგრეთვე, აუცილებლობის შემთხვევაში, მათ შორის, ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე გადასახადის გადამხდელის ხელმძღვანელის (დირექტორის) მიერ ბრძანების გამოუცემლობისას, გამოსცეს საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის ბრძანება. ამ ნაწილის შესაბამისად საინვენტარიზაციო კომისიის შემადგენლობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მასში გადამხდელის წარმომადგენლის/წარმომადგენლების შეყვანა.
სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო კონტროლი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რათა დაცულ იქნას სახელმწიფო ფინანსები, უზრუნველყოფილი იყოს გადასახადის გადამხდელთა მიერ მათზე დაკისრებული საგადასახადო ვალდებულების სრულყოფილი, დროული და ჯეროვანი შესრულება. საგადასახადო კონტროლი გულისხმობს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირების მიერ, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო კანონმდებლობის დანაწესებით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ ინვენტარიზაციის მიზანია, გადასახადის გადამხდელის მფლობელობაში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაშთების ფაქტობრვი მდგომარეობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღრიცხული ნაშთებთან შედარება, აგრეთვე სააღრიცხვო დოკუმენტებში აღურიცხავი გადასახადით დასაბეგრი ობიექტების გამოვლენა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ინვენტარიზაციას ატარებს საინვენტარიზაციო კომისია, რომელიც ვალდებულია სრულად და დროულად აღრიცხოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ან/და ძირითადი საშუალებები და შეუდაროს აღრიცხვის შედეგები ბუღალტრული აღრიცხვის შესაბამის მონაცემებს. გადასახადის გადამხდელის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვამდე საინვენტარიზაციო კომისიამ სააღრიცხვო დოკუმენტების მონაცემების საფუძველზე უნდა დაადგინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი.
სასამართლო სარჩელის დასაბუთებულობის შემოწმების მიზნით მოიხმობს მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესს, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით. აღნიშნული ბრძანების 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ინვენტარიზაციის მიზანია დროის გარკვეული პერიოდისთვის მოხდეს გადასახადის გადამხდელის მფლობელობაში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (შემდგომში – სმფ), წარმოების და მათი შენახვის ადგილზე სამეურნეო საქმიანობის პროცესში გამოყენებული ნედლეულის, მასალების, ნახევარფაბრიკატების, მარაგ-ნაწილების, ტარისა და მზა პროდუქციის (საქონლის) ნაშთების ფაქტობრივი მდგომარეობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღრიცხულ ნაშთებთან შედარება.
ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ინვენტარიზაცია იწყება გადასახადის გადამხდელისათვის/მისი წარმომადგენლისათვის სმფ-ების ინვენტარიზაციის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობისთანავე, რომლის შემდგომ, შესაბამისი პროცედურების დაწყებამდე, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია დალუქოს ის სათავსები, სადაც ინახება სმფ-ები, ძირითადი საშუალებები ან/და ბუღალტრული დოკუმენტები.
აღნიშნული ბრძანების 27-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები მიხედვით, საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ გადასახადის გადამხდელის ბრძანებით განსაზღვრული უნდა იქნეს, თუ რა ვადაში უნდა განხორციელდეს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ სმფ-ების რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობისა და მოცემული პერიოდისთვის ნაშთის სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების დადგენა (სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების დადგენა არ უნდა აღემატებოდეს 10 კალენდარულ დღეს), ხოლო მეორე პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც სმფ-ების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემები გადასახადის გადამხდელის მიერ აღირიცხება კომპიუტერული პროგრამების საშუალებით, საგადასახადო ორგანოს მოთხოვნით შესაძლებელია 26-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ, დროის პერიოდად განისაზღვროს გადასახადის გადამხდელისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ჩაბარების შემდგომ მომდევნო ფაქტობრივი სამუშაო დღის დაწყების დრო.
მითითებული ბრძანების 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საინვენტარიზაციო კომისიის მიერ განსახორციელებელ სმფ-ების ინვენტარიზაციის პროცედურა მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) სმფ-ების რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა (შემდგომში - ფაქტობრივი აღრიცხვა); ბ) სმფ-ების ნაშთის სააღრიცხვო დოკუმენტების მონაცემების დადგენა; გ) სმფ-ების ფაქტობრივი და სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების ურთიერთშედარება და შედეგების გამოყვანა.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ფაქტობრივი აღრიცხვისა და სმფ-ების ნაშთის სააღრიცხვო დოკუმენტების შემოწმების დაწყებამდე, საინვენტარიზაციო კომისია ვალდებულია: მიიღოს ის დოკუმენტაცია, რომელიც ასახავს ფაქტობრივი აღრიცხვის დაწყების პერიოდისათვის არსებულ მდგომარეობას. ყველა დოკუმენტი უნდა იყოს დამოწმებული კომისიის თავმჯდომარის მიერ. სმფ-ების შენახვაზე პასუხისმგებელი პირისგან მიიღოს ხელწერილი, რომ ფაქტობრივი აღრიცხვის დაწყებამდე ყველა შემოსავლისა და გასავლის დოკუმენტი ჩაბარებულია ბუღალტერიაში, ყველა მიღებული ფასეულობა აღებულია შემოსავალში, ხოლო გაცემული ჩამოწერილია გასავალში. ამასთან, გადასახადის გადამხდელისგან მიიღოს ხელწერილი, რომ ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასახა საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და მიაწოდა საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის დაწყებამდე. აგრეთვე, გადასახადის გადამხდელისგან დანართი №19-ის II ცხრილის შესაბამისად მიიღოს ინფორმაცია ინვენტარიზაციის დაწყებამდე ბოლო საანგარიშო პერიოდ(ებ)ში (რომლის მიხედვით დეკლარირების ვადა არ არის დამდგარი/გასული) მიწოდებული სმფ-ების შესახებ. ხოლო მე-5 პუნქტი მიხედვით, საინვენტარიზაციო კომისიის მიერ, ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების (სმფ-ების რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა და მათი ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების დადგენა) შესრულების შემდეგ, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია თვითონ მოახდინოს სმფ-ების რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობის და სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების შედეგების გამოყვანა და შეჯამება.
სასამართლო, ასევე, მიუთითებს „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 30-ე მუხლის პირველ-მე-4 პუნქტებზე, რომელთა თანახმად, 1. სმფ-ების ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების დადგენისათვის, ინვენტარიზაციის დაწყების დღის მდგომარეობით დამთავრებული უნდა იყოს ფასეულობათა შემოსავალ-გასავლის ყველა დოკუმენტის დამუშავება, ნაწარმოები უნდა იყოს შესაბამისი ჩანაწერები ანალიზური აღრიცხვის ბარათებში (წიგნებში) და გამოყვანილი იყოს ნაშთები. 2. სმფ-ების ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების დადგენის მიზნით სმფ-ების შენახვაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია: ა) საინვენტარიზაციო კომისიას წერილობით შეატყობინოს, ინვენტარიზაციის დაწყებამდე ყველა შემოსავლისა და გასავლის დოკუმენტის ბუღალტერიაში ჩაბარების თაობაზე, აგრეთვე, ყველა მიღებული ფასეულობის შემოსავალში, ხოლო გაცემულის _ გასავალში აღების თაობაზე; ბ) საინვენტარიზაციო უწყისებში შეცდომების აღმოჩენისას (მაგალითად, თუ სმფ-ების დანაკლისი ან მეტობა გამოწვეულია სმფ-ების დასახელებების შეცდომით ჩაწერის, გამოტოვების ან ანგარიშში ჩაუთვლელობის შედეგად), აღნიშნულის თაობაზე საინვენტარიზაციო კომისიას განუცხადოს დალუქული საწყობის გახსნამდე. 3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საინვენტარიზაციო კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია სმფ-ების დასახელების, რაოდენობის, ამ ფასეულობათა მიღების თარიღის, სასაქონლო ზედნადებების ელექტრონული რეესტრის (ასეთის ვალდებულების არსებობის შემთხვევაში) ან/და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ან სხვა დოკუმენტაციის თარიღისა და ნომრების, პირვანდელი ღირებულების და სხვა მონაცემების ჩვენებით. საინვენტარიზაციო კომისია, საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადასახადის გადამხდელთან ერთად ადგენს ამ ფასეულობების ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემებს. 4. სმფ-ების ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების დაზუსტების შემდეგ, საინვენტარიზაციო კომისია ადგენს ოქმს „სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ” (დანართი №19).
აღნიშნული ბრძანების 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სმფ-ების საბუღალტრო დოკუმენტებში აღრიცხული და ფაქტობრივი აღრიცხვის მონაცემების შედარების მიზნით, საინვენტარიზაციო კომისია ადგენს ოქმს „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სააღრიცხვო დოკუმენტებისა და რაოდენობის ფაქტობრივი აღრიცხვის მონაცემების შედარების შესახებ” (დანართი №20). ამავე ბრძანების მე-3 პუნქტი შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც საინვენტარიზაციო კომისიის მიერ სრულად ვერ მოხდება დანართი №19-ის დანართის შევსება დადგენილ ვადაში, მაშინ დანართი №20 არ ივსება და სმფ-ების სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული და ფაქტობრივი აღრიცხვის მონაცემების შედარების შედეგად აღურიცხველი სმფ-ების გამოვლენის მიზნით, 5 კალენდარულ დღეში საინვენტარიზაციო კომისია ადგენს ოქმს „ფაქტობრივად აღწერილი აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენის შესახებ” (დანართი №21). მითითებული ბრძანების მე-14 პუნქტის მიხედვით, კი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების შემდეგ, როგორც საინვენტარიზაციო კომისიის წევრი, ახორციელებს სმფ-ების სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული და რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის მონაცემების შედარებას და შედეგების გამოყვანას ამ მუხლით დადგენილი პირობების დაცვით და პასუხისმგებელია მხოლოდ დანართი №22-ის შესაბამისი ოქმის შედგენაზე, რომელსაც ხელმოსაწერად წარუდგენს საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარეს.
სასამართლო განმარტავს, რომ ინვენტარიზაციის დაწყების დროისათვის დამთავრებული უნდა იყოს ფასეულობათა შემოსავალ-გასავლის ყველა დოკუმენტის დამუშავება. გადასახადის გადამხდელს ეკისრება ვალდებულება ინვენტარიზაციის დაწყებამდე უზრუნველყოს ყველა შემოსავლისა და გასავლის დოკუმენტის ბუღალტერიაში ჩაბარება, ყველა მიღებული ფასეულობის შემოსავალში აღება, ხოლო გაცემულის გასავალში ჩამოწერა. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს მიეცა შესაძლებლობა სსიპ შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაში აეტვირთა 2015 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის დაზუსტებული დეკლარაცია, შესაბამისად, სმფ-ების საწყის ნაშთად უნდა იქნეს აღებული 85663 ლარი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ი/მ „თა-------------–---–ის“ მიმართ ინევტარიზაცია დაიწყო 2017 წლის 14 თებერვლის 12:40 საათზე, როდესაც გადასახადის გადამხდელის უფლებამოსილი წარმომადგენელი გაეცნო სსიპ შემოსავლების სასმახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 14 თებერვლის №3--- ბრძანებას. ი/მ „თა-------------–---–ის“ 2017 წლის 14 თებერვლის ხელწერილების თანახმად, მისი კუთვნილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის დაწყებამდე შემოსავლისა და გასავლის ყველა დოკუმენტი ჩაბარებულია ბუღალტერიაში, ყველა მიღებული ფასეულობა აღებულია შემოსავალში, ხოლო გაცემული ჩამოწერილია გასავალში. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით საგადასახადო ორგანო უფლებამოსილი იყო, საანგარიშო პერიოდის სმფ-ების საწყის ნაშთად აეღო 2015 წლის პირველად საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციაში დაფიქსირებული სმფ-ების საწყისი ნაშთი 283304 ლარი.
სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 67-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ პირი არ წარადგენს საგადასახადო დეკლარაციას, ითვლება, რომ მან წარადგინა დეკლარაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია. ამ საანგარიშო პერიოდზე შემდგომ წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია დაგვიანებულად წარდგენილად ჩაითვლება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად დაადგინოს და შეისწავლოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. მხოლოდ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულად შესწავლისა და დადგენის შემდეგ არის შესაძლებელი კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. ამასთან, აღნიშნული ვალდებულება ადმინისტრაციული ორგანოსადმი არ გამოიხატება ისეთი გარემოებების კვლევის დავალდებულებით, რომელზე ინფორმაციის წარდგენაც სწორედ გადასახადის გადამხდელის ვალდებულებას წარმოადგენს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, სწორედ გადამხდელმა უნდა უზრუნველყოს მისი დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ საგადასახდო ორგანოთა მიერ ადმინისტრაციული წარმოება განხორციელდა კანონმდებლობის სრული შესაბამისობით, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შემდგომ და გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია მის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის გამაბათილებელი მტკიცებულებები.
6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი/მ „თა-------------–---–ის“ სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამეთუ არ იკვეთება სამართლებრივი აქტების გამოცემისას კანონის მოთხოვნათა თუ მათი მომზადებისა და გამოცემის წესის დარღვევა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 1216 (ერთიათასორასთექვსმეტი) ლარის ოდენობით, რაც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ი/მ „თა-------------–---–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. ი/მ „თა-------------–---–ის“ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1216 (ერთიათასორასთექვსმეტი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე