გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2----19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
2 აპრილი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - გენადი მაკარიძე
სხდომის მდივანი - ანნა ხვედელიანი
მოსარჩელე - ნ------------------.
მოპასუხე - კ--------------------------.
მოპასუხე - შპს ,,დ--------------“
წარმომადგენელი - კ--------------------------.
მოპასუხე - შპს ,,ბ-----------------------,.
წარმომადგენელი - ლე-----------ე.
დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ყადაღისაგან გათავისუფლდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის რე--------–-–---–ის მიერ შედგენილ აქტში მითითებული ნივთები: 1. ტელევიზორი ,,ჰიტაჩი“ პლაზმური შავი ფერის დიდი ზომის, მეორადი; 2. კომპიუტერი ,,LG” შავი ფერის მონიტორით კომპლექტი, მეორადი; 3. მაცივარი ,,ტოშიბა“, ორკამერიანი დიდი ზომის მეორადი; 4. გაზქურა ,,სტილენსი“ ოთხკამფორიანი, ვერცხლისფერი, მეორადი; 5. სარეცხი მანქანა ,,სამსუნგი“ 6 კგ. თეთრი ფერის მეორადი.
სარჩელის თანახმად, 2018 წლის 20 დეკემბერს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, მოვალე კო-----------------------ის ვალდებულების გამო შპს ,,ბა--------------------ის” სასარგებლოდ ყადაღა დაადო მოსარჩელის ბინაში არსებულ ქონებას, კერძოდ: 1. ტელევიზორი ,,ჰიტაჩი“ პლაზმური შავი ფერის დიდი ზომის, მეორადი; 2. კომპიუტერი ,,LG” შავი ფერის მონიტორით კომპლექტი, მეორადი; 3. მაცივარი ,,ტოშიბა“, ორკამერიანი დიდი ზომის მეორადი; 4. გაზქურა ,,სტილენსი“ ოთხკამფორიანი, ვერცხლისფერი, მეორადი; 5. სარეცხი მანქანა ,,სამსუნგი“ 6 კგ. თეთრი ფერის მეორადი.
კ-------------------------- არის მოსარჩელის ძმა, რომელიც რეგისტრირებულია მოსარჩელის ბინაში, სადაც მდებარეობდა დაყადაღებული ნივთები, თუმცა მოვალე რეგისტრაციის მისამართზე 18 წლის შემდეგ არ ცხოვრობს და არც რაიმე კონტაქტი აქვს ოჯახთან. დაყადაღებული ნივთების ნაწილი შეძენილია განვადებით, მეგობრის სახელზე, რომელსაც იხდიდა თავად მოსარჩელე, ხოლო ნივთების ნაწილი კი იმდენად დიდიხნის წინ არის შეძენილი, რომ საბუთების მოპოვება ვერ მოხერხდა.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1 მოპასუხე კ--------------------------მ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო სრულად.
2.2. მოპასუხე შპს ,,დ--------------“-ს წარმომადგენელმა კ--------------------------მ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო სრულად.
2.3. მოპასუხე შპს ,,ბ------------------------ს წარმომადგენელმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო სრულად.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაშია A-------- სააღსრულებო საქმე, რომელიც დაწყებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული 2/-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, სადაც მოვალეები არიან შპს ,,დ--------------“ და კ--------------------------, ხოლო კრედიტორია შპს ,,ბ-----------------------. 2018 წლის 20 დეკემბრის აქტით აღიწერა და ყადაღა დაედო შემდეგ მოძრავ ნივთებს: 1. ტელევიზორი ,,ჰიტაჩი“ პლაზმური შავი ფერის დიდი ზომის, მეორადი; 2. კომპიუტერი ,,LG” შავი ფერის მონიტორით კომპლექტი, მეორადი; 3. მაცივარი ,,ტოშიბა“, ორკამერიანი დიდი ზომის მეორადი; 4. გაზქურა ,,სტილენსი“ ოთხკამფორიანი, ვერცხლისფერი, მეორადი; 5. სარეცხი მანქანა ,,სამსუნგი“ 6 კგ. თეთრი ფერის მეორადი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს.
- ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი (ს.ფ. 20-21);
- თბილისის სააღსრულებო ბიუროს 20---–-–------------ის №A---------------- მიმართვა (ს.ფ. 35);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს მხარეები სადაოდ არ ხდიან.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე, 186-ე მუხლებით; ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე, მე-40, 44-ე მუხლებით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 208-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს სრულად.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.
ამავე კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას. ხოლო ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). აღნიშნული ნორმის თანახმად ყადაღას ექვემდებარება მხოლოდ მოვალის საკუთრებაში არსებული ქონება. ამასთან, ამავე კანონის მე-40 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე თავიანთ უფლებებს, იგი მაინც შედის აღწერის აქტში და კეთდება აღნიშვნა. აღმასრულებელი იმავდროულად განუმარტავს პირს მის უფლებას - მიმართოს სასამართლოს სარჩელით ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე.
მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ე.წ. საკუთრების პრეზუმფციასთან. ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი და მოსარგებლე მისი მესაკუთრეა, სანამ ამის საწინააღმდეგო არ დამტკიცდება, ე.ი. სანამ დადგენილი წესით უარყოფილი არ იქნება მოცემული ვარაუდი.
განსახილველ შემთხვევაში აღნიშნული ვარაუდი შესაძლებელია გავრცელდეს მოსარჩელის მიმართ, რადგან ის ნივთები, რაზეც პრეტენზიას აცხადებს მოსარჩელე ნ------------------ განთავსებულია მის საცხოვრებელ სახლში.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ მესაკუთრე ნ------------------მ სადავო მოძრავი ნივთები გადასცა მოპასუხეებს.
სასამართლო განმარტავს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად, (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისგან გათავისუფლება.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ნ------------------ არ არის ის პირი, რომელმაც შესაძლებელია პასუხი აგოს კო-----------------------ისა და შპს ,,დ--------------’’-ს ვალდებულებებზე კრედიტორის წინაშე და მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ნივთების რეალიზაციით მოპასუხე კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი იყო სახელმწიფო ბაჟს 120 ლარის ოდენობით. გათვალისწინებით იმისა, რომ მოპასუხეებმა საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე ცნეს სარჩელი, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა ნა----------------ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე და დავის საბოლოო გადაწყვეტამდე შეჩერდა თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ №A-------- სააღსრულებო საქმეზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება, რომელიც უკავშირდება, ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში ჩამოთვლილი ნივთების: 1. ტელევიზორი ,,ჰიტაჩი“ პლაზმური შავი ფერის დიდი ზომის, მეორადი; 2. კომპიუტერი ,,LG” შავი ფერის მონიტორით კომპლექტი, მეორადი; 3. მაცივარი ,,ტოშიბა“, ორკამერიანი დიდი ზომის მეორადი; 4. გაზქურა ,,სტილენსი“ ოთხკამფორიანი, ვერცხლისფერი, მეორადი; 5. სარეცხი მანქანა ,,სამსუნგი“ 6 კგ. თეთრი ფერის მეორადი - იძულებით რეალიზაციას.
გათვალისწინებით იმისა, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმიდან გამომდინარე სარჩელზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე; 248-ე, 257-ე 364-ე; 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ნა----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ყადაღისაგან გათავისუფლდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის რე--------–-–---–ის მიერ შედგენილ აქტში მითითებული ნივთები: 1. ტელევიზორი ,,ჰიტაჩი“ პლაზმური შავი ფერის დიდი ზომის, მეორადი; 2. კომპიუტერი ,,LG” შავი ფერის მონიტორით კომპლექტი, მეორადი; 3. მაცივარი ,,ტოშიბა“, ორკამერიანი დიდი ზომის მეორადი; 4. გაზქურა ,,სტილენსი“ ოთხკამფორიანი, ვერცხლისფერი, მეორადი; 5. სარეცხი მანქანა ,,სამსუნგი“ 6 კგ. თეთრი ფერის მეორადი.
3. ნ------------------ს დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120 (ას ოცი) ლარი (გადახდის თარიღი 14/01/2019, გადამხდელი ნ------------------; საგადასახადო დავალება 0; გადამხდელის ბანკი სს ,,თიბისი ბანკი’’, გადახდილი თანხა 120 (ას ოცი) ლარი, სახაზინო კოდი 300773150).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გენადი მაკარიძე