გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/7859-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი
სხდომის მდივანი: თამარ ბარნოვი
მოსარჩელე: მ------ დ-------–---–- (პ/ნ 3----------);
წარმომადგენელი: ლ----------------------;
მოპასუხე: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
წარმომადგენელი: ნ-----------------;
მოპასუხე: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;
წარმომადგენელი: ს--–--------–---;
მესამე პირი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
წარმომადგენელი: ჯ----–-----------–-;
მესამე პირი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
წარმომადგენელი: თ----------–-----;
დავის საგანი: მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება;
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სოლიდარულად დაეკისროთ მ------ დ-------–---–-სათვის მიყენებული მატერიალური ზიანის 60 000 ლარის ოდენობით;
1.2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სოლიდარულად დაეკისროთ მ------ დ-------–---–-სათვის მიყენებული მორალური ზიანის 120 000 ლარის ოდენობით.
იხ. დაზუსტებული სარჩელი (ს.ფ. 159-169).
2. მოპასუხისა და მესამე პირის პოზიცია:
2.1. მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა, წერილობით წარმოდგენილ შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციით, სარჩელი არ სცნო და მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს სარჩელი უსაფუძვლობის გამო.
2.2. მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა, წერილობით წარმოდგენილ შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციით, სარჩელი არ სცნო და მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს სარჩელი უსაფუძვლობის გამო.
2.3. მესამე პირი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს სარჩელი უსაფუძვლობის გამო.
2.4. მესამე პირი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო , სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, სხდომი თარიღი და საათი ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის რაიონული სამმართველოს 16/06/2017 წლის N M---------------- წერილის თანახმად, 2016 წლის 28 აპრილს მცხეთის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ქ. მ–------------------ს ზ--------------–------–- მ------ დ-------–---–-ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.
3.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის რაიონული სამმართველოს 14.04.2018 წლის N M-------------- წრილის თანახმად, 2016 წლის 28 აპრილს მცხეთის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ქ. მ–------------------ს ზ--------------–------–- მ------ დ-------–---–-ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიებით დადგინდა, რომ მ------ დ-------–---–ს აღნიშნულ ტერიტორიაზე მის მიერ მოზომილი მიწის ნაკვეთის დასუფთავების დროს შემთხვევით აუფეთქდა ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმი, რის შედეგადაც მიიღო სხეულის დაზიანება. საქმეზე ჩატარებული კომპლექსური ექსპერტიზებით დადგინა, რომ მ------ დ-------–---–ს აუფეთქდა საბჭოთა ჯარების მიერ აღნიშნული ტერიტორიის დატოვების შემდეგ დარჩენილი ქვეითთა საწინაღმდეგო ПМН-2-ის ტიპის ნაღმი. დასადგენად იმისა თუ ვის ბალანსზე იყო ის მიწის ნაკვეთი, რომელზედაც მოხდა აფეთქება, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის თაობაზე, რაზედაც მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიღებულ იქნა ცნობა, რომ მითითებული ტერიტორია ჯ--------------------ვედა მხარეზე, სადაც საბჭთა კავშირის დაშლამდე დისლოცირებული იყო საბჭოთა ჯარები, ძირითადად წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას საკ. კოდებით 7-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის რაიონული სამმართველოს 16/06/2017 წლის N M---------------- წერილი (იხ. ს.ფ. 19);
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის რაიონული სამმართველოს 14.04.2018 წლის N M-------------- წრილი (იხ. ს.ფ. 99)
3.3. საქმეში წარმოდგენილია შპს ,,ლ--–-----ს" 11.05.2016 წლით დათარიღებული სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა N IV-100/ა, რომლის თანახმადაც, მოსარჩელე მ------ დ-------–---–-, 2016 წლის 28 აპრილს მოთავსდა სტაციონარში და 11.05.2016 წელს გაეწერა. ტრავმა მიიღო 28.04.2016 წელს ხელში ნაღმის აფეთქების შედეგად. მიყვანილი იქნა სამედიცინო ცენტრ ,,ლ--–---ში" თვითდაზიანებით. ჩაუტარდა ტრავმატოლოგიური გამოკვლევა, მარჯვენა მტევნის და მარჯვენა ტერფის I თითის ტრამვული ამპუტაცია, აღინიშნებოდა უცხო სხეულის არსებობა სახის ქსოვილებში, მრავალგზის ჭრილობები თავისა და კისრის მიდამოში, თვალის კაკლის ნაფლეთოვანი ჭრილობა თვალშიგა გარსის გამოვარდნით. მოთავსდა რეანიმაციის განყოფილებაში. გაკეთდა საწარაფო ოპერაციები. სტაციონარიდან გაწერისას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
3.4. საქმეში წარმოდგენილია შპს ,,ნ--------------–--ის" 2016 წლის 29 აპრილით დათარიღებული ცნობა ჯანმრთელობის მდგომაროების შესახებ, რომლის თანახმადაც მოსარჩელე მ------ დ-------–---–ს 29.04.2016 წელს ჩაუტარდა სასწრაფო ქირურგიული მკურნალობა, კერძოდ: ოპერაცია ფერადი გარსის დაზიანებულ უბანზე CHSE99 OF17NS SUR163627; ოპერაციები რქოვანაზე და სკლერაზე პერფორაციული ტრამვის დროს CGSF6170000001; კონიუნქტივის გაკვეთა (სკლერის რევიზია OF405AS) SUR2188146; თავზე და კისერზრ კანის გაკერვა 6160000002 QASB00.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა N IV-100/ა (იხ. ს.ფ. 15);
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომაროების შესახებ (იხ. ს.ფ. 12-14)
3.5. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 14/07/2015), თანახმად, მიწის (უძრავი) ქონების საკადასტრო კოდი N------------- ზონა: მ–--------; სექტორი ზ-------------------–----; ნაკვეთი 547; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 23289,00 კვ.მ.; ნაკვეთის წინა ნომერი: 7------------ მისამართი: მ–--------------------------------------------------------------------–------------------- მესაკუთრე: სახელმწიფო; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: წერილი N7------- დამოწმების თარიღი: 13/07/2015, სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო".
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 16).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
4.1. საქმის მასალების გაცნობის, მხარეებისა და მესამე პირების ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელე მ------ დ-------–---–-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 09 ოქტომბრის ბრძანებულება N412; საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის ბრძანებულება N79; საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის დადგენილება N391; საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის დადგენილება N70;
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 4.2. მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან.
ამავე ნორმის მე-5 ნაწილით, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ.
საქართველოს კონსტიტუციის 18.4. მუხლით, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
საქართველოს კონსტიტუციის 42.9. მუხლის (2016 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
საქართველოს კოსტიტუციის 29.1. მუხლით, ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით. ყველას აქვს უფლება დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ. ყველას აქვს უფლება ზრუნავდეს გარემოს დაცვაზე. გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება უზრუნველყოფილია კანონით.
6.2. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №2/3/423) განმარტებაზე, რომლის თანახმადაც,,,საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით ,,გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“.
6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმეNბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), სახელდობრ:
,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო."
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
ამ კოდექსის 208.1. მუხლის (2017 წლის 01 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
მითითებული ნორმის (ზაკ-ის 208.1. მუხლი) მოქმედი რედაქციის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
6.5. სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ) განმარტებაზე, კერძოდ:
,,დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი."
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005.1. მუხლის (2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა,თუ დაზარალებული განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არ შეეცადა სამართლებრივი გზებით თავიდან აეცილებინა ზიანი.
ამავე ნორმის მოქმედი რედაქციის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა,თუ დაზარალებული განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არ შეეცადა სამართლებრივი გზებით თავიდან აეცილებინა ზიანი.
6.7. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. ამასთან, საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ანიჭებენ რა პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, არ განსაზღვრავენ მარეაბილიტირებელ გარემოებებს. შესაბამისად, კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა თავისუფლება ქმედების უკანონობისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შეფასებისას.
6.8. სასამართლო განმარტავს, რომ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომელის პირველი ნაწილი ადგენს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით, ხოლო მე-2 ნაწილით, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
6.9. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.04.2009წ. ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-972-936(3კ-08) ჩამოყალიბებულ განმარტებაზე, სახელდობრ:
„არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს“.
სასამართლო აგრეთვე, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმეNბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც:
,,მორალური ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყოველგვარი მორალური ზიანი (სულიერი ტანჯვა), თუნდაც ეჭვს არ იწვევდეს მისი ანაზღაურება, არამედ მხოლოდ ისეთი, რომლის ანაზღაურებასაც პირდაპირ ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა. "
ამავე საქმეზე (საქმე#ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ) საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობის კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის."
6.10. ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების დებულების დამტკიცების შესახებ" 2016 წლის 11 თებერვლის საქართველოს მთავრობის N70 დადგენილების 1.1. მუხლის თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციის 812 მუხლისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი სამთავრობო დაწესებულება, რომელიც არსებული კანონმდებლობის საფუძველზე შეიმუშავებს და ახორციელებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ამოცანებს.
ამავე დადგენილების 5 "ა" მუხლის თანახმად, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარებიან შემდეგი საჯარო სამართლის იურიდიული პირები: ა) სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;
ამავე დადგენილების მე-8 მუხლის თანახმად, სამინისტროს ქონებას შეადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით მის სარგებლობაში გადაცემული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, აგრეთვე სამინისტროს ბალანსზე/სარგებლობაში რიცხული ქონება.
6.11. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის N391 დადგენილების 2"ა" მუხლის თანახმად, სააგენტოს მიზანია ა) სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა.
ამავე დადგენილების 3"ჰ3" მუხლის თანახმად, სააგენტო ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებას: ჰ3) სახელმწიფო ქონების დაცვის, მოვლა-პატრონობისა და არამართლზომიერი სარგებლობის აღკვეთის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას.
6.12. საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 09 ოქტომბრის N412 ბრძანებულების (მცხეთის აღორძინებისა და განვითარების ფონდის მიერ შემუშავებული მცხეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების კომპლექსური პროგრამის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ) მე-5 პუნქტით დაევალა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ერთი თვის ვადაში წარედგინა ადრე მიღებული სამთავრობო გადაწყვეტილებების შესაბამისად, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ზონაში არსებული სამხედრო ბაზის დემონტაჟის გრაფიკი.
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის N79 ბრძანებულების (მცხეთის აღორძინებისა და განვითარების ფონდისათვის სახელმწიფოებრივი ხელშეწყობის შესახებ) მე-6 პუნქტით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, დაევალა უზრუნველეყო საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 09 ოქტომბრის N412 ბრძანებულების მე-5 პუნქტის შესრულების მიზნით, 1998 წლამდე დაამთავროს ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან სამხედრო ბაზის დემონტაჟი-გატანა.
6.13. საქმის მასალების მიხედვით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ქ. მ–------------------დ, ზ--------------–------–-, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე (ს/კ 7------------ 2016 წლის 28 აპრილს ნაღმის აფეთქბის შედეგად, მოსარჩელე მ------ დ-------–---–მა, მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რაზედაც მცხეთა მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის რაიონულ სამმართველოში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მ------ დ-------–---–-ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 117.1. მუხლით. გამოძიებით დადგინდა, რომ მ------ დ-------–---–ს აღნიშნულ ტერიტორიაზე მის მიერ მოზომილი მიწის ნაკვეთის დასუფთავების დროს შემთხვევით აუფეთქდა ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმი, რის შედეგადაც მიიღო სხეულის დაზიანება. გამოძიების მიერ საქმეზე ჩატარებული კომპლექსური ექსპერტიზებით დადგენილ იქნა, რომ მ------ დ-------–---–ს აუფეთქდა საბჭოთა ჯარების მიერ აღნიშნული ტერიტორიის დატოვების შემდეგ დარჩენილი ქვეითთა საწინაღმდეგო ПМН-2-ის ტიპის ნაღმი. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, მითითებული ტერიტორია ჯ--------------------ვედა მხარეზე, სადაც საბჭთა კავშირის დაშლამდე დისლოცირებული იყო საბჭოთა ჯარები, ძირითადად წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, მათ შორის საკ. კოდით 7------------
6.14. სასამართლოს მოსაზრებით განსახილველ შემთხვევაში სახეზეა, ზიანი, რომელიც გამოხატულია მოსარჩელის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებაში, ხოლო მართლსაწინააღმდეგო ქმედება გამოიხატება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, როგორც სახელმწიფო ქონების მესაკუთრის უმოქმედობით. სახელდობრ: სახელმწიფო ვალდებული იყო უზრუნველეყო მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უსაფრთხოების წესების დაცვა (ტერიტორიის შემოღობვა, საინფორმაციო დაფის განთავსება/გაფრთხილება - შესაძლო საფრთხის არსებობის თაობაზე), რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამდენად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვეაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება გამოხატება უმოქმედობით. შესაბამისად, დასტურდება მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დამდგარ შედეგს (მოსარჩელის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენება), მოპასუხე ადმინისტრაციულ უმექმედობას შორის.
6.15. სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებაზე (რამიშვილი და კოხრეიძე საქართველოს წინააღმდეგ), სადაც განიმარტა, რომ ,,განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ ფულად კომპენსაციასა და კონვენციის დარღვევას შორის უნდა იყოს კონკრეტული მიზეზობრივი კავშირი. სრული კომპენსაციისთვის (restitutio in integrum) საჭირო თანხის ზუსტი გამოთვლა შეიძლება შეაფერხოს დარღვევით გამოწვეული ზიანის ბუნდოვანებამ. ასეთ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხი როგორც წარსულ, ასევე მომავალ ფულად ზარალთან მიმართებაში. ამ საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს სასამართლოს დისკრეციას და უნდა იყოს ობიექტური."
6.16. სასამართლო განმარტავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები.
სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ადმინისტრაციულ ორგანოს უკანონო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, ზიანის ანაზღაურების მოცულობასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413.1. მუხლის დანაწესზე და განმარტავს, რომ კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ასანაზღაურებელ ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით.
ამრიგად, ზიანის ფულადი ანაზღაურება დარღვეული უფლების აღდგენის უკანასკნელი ღონისძიებაა, აღნიშნული შესაძლებელია მაშინ, როდესაც ერთის მხრივ, შეუძლებელია ზიანის ანაზღაურება მისი ნატურით ან მაშინ, როდესაც ნატურით რესტიტუცია არათანაზომიერად დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამასთან, მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უტყუარად უნდა დაადასტუროს გაწეული ხარჯები, სამომავლოდ გასაწევი ხარჯების აუცილებლობა და ოდენობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ ვერ დაკმაყოფილდება და ვერ დაეფუძნება ხარჯების სავარაუდო ოდენობას.
სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, როგორც სახელმწიფო ქონების მესაკუთრის უმოქმედობით (არ დაიცვა ტერიტორია, არ განათავსა საინფორმაციო დაფები, გაფრთხილებით - შესაძლო საფრთხის არსებობის თაობაზე), რის შედეგადაც, მოსარჩელე მიადგა მორალური ზიანი, ვინაიდან სახეზეა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, როგორც სახელმწიფო ქონების მესაკუთრის უმოქმედობასა და დამდგარ შედეგს შორის.
ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემობების ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოსარჩელე მ------ დ-------–---–ს უნდა აუნაზღაურდეს მიყენებული მორალური ზიანის სახით 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარი.
6.17. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1. მუხლით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
6.18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1. მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
6.19. სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1. მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, მიუხედავად, სასამართლოს არერთი მოთხოვნისა, მოსარჩელის მიერ წინამდებარე საქმეზე არ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცება (მკურნალობის, ადვოკატის ხარჯები და ა. შ.), რომლითაც დადასტურდებოდა მოსარჩელისათვის, მის მიერ მოთხოვნილი მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას აღნიშნულზე და მიაჩნია, რომ სარჩელის მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის 5.1. მუხლის "ე"; "მ" და "უ" ქვეპუნქტების თანახმად, მოსარჩელე მ------ დ-------–---–- და მოპასუხეები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო განთავისუფლებულნი არიან საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან
სარეზოლუციო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-2; მე-12; მე-13; 24-ე; 261.3.; 331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე; 244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით, და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე მ------ დ-------–---–-ს (პ/ნ 3-----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაეკისროს მოსარჩელე მ------ დ-------–---–-ს სასასრგებლოდ მორალური ზიანის ანაზაღაურება 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარის ოდენობით;
3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივარი შემოტანილ უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, №6) 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მომენტიდან;
5. გადაწყვეტილების ასლი გადაეგზავნოთ მხარეებს.
მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი