გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.03.2019
საქმის ნომერი
080210017001867553
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
28.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N080210017001867553

№ 2/802-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28.03.2019 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი ია დვალიშვილი

მოსარჩელე – შპს „ა------------–-------–---“;

წარმომადგენელი - ლ------------------;

მოპასუხე – შპს „ე---------------–-“;

წარმომადგანელი –დ-------- გა---–---;

დავის საგანი - თანხის დაკისრება;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. შპს „ე---------------–-“ შპს „ა------------–-------–---ს“ სასარგებლოდ დაევალოს უკანონო მფლობელობაში არსებული 936 კვ.მ ფართის რკინა-ბეტონის ორმაგი არმირების ფილის საკუთარი ხარჯით დაბრუნება, შეუძლებლობის შემთხვევაში მისი ღირებულების ანაზღაურება 49 701.60 ლარის ოდენობით.

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2009 წლის 16 თებერვალს მხარეთა შორის დაიდო N157/25 ხელშეკრულება, მოპასუხის კუთვნილ ტერიტორიაზე, 3000 კვ.მ. ფართობზე სადგომი მოედნების და სავალი გზების ორმაგი არმირების ბეტონის საფარის მოწყობის შესახებ. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 242 000 აშშ დოლარით დღგ-ს გარეშე. ხელშეკრულების შესრულების მიზნით, მოსარჩელემ შეიძინა და მოპასუხის ტერიტორიაზე შეიტანა 984 კვ.მ. ორმაგი არმირების რკინა-ბეტონის ფილა, საიდანაც მომზადებულ ვაკისზე და ე.წ. „ბოგირების“ მოსაწყობად დააგეს 193.4 კვ.მ. ფილა. ამის შემდეგ, მოპასუხემ მოსარჩელეს შეაჩერებინა სამუშაოები და უკანონოდ მიითვისა ფილების ნაწილი, საკუთარი საწარმო კორპუსის ასაშენებლად. 2009 წლის 10 ივნისს მოპასუხემ გადაიხადა იმ პერიოდისათვის შესრულებული სამუშაოების ღირებულება 330 620 ლარის ოდენობით, რაც გადახდის დღეს არსებული კურსით შეადგენდა 200 741 აშშ დოლარს. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხემ მოსარჩელეს არ მისცა სამუშაოების დასრულების შესაძლებლობა, ხოლო 2012 წლის 12 სექტემბერს უკან დააბრუნა ფილების მცირე ნაწილი - 48 კვ.მ ოდენობით. 2013 წლის მაისში მოსარჩელემ მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა შპს „ე---------------–-ზე“ ხელშეკრულების უკანონო შეწყვეტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება 41 259 აშშ დოლარის ოდენობით. მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მოითხოვა შპს „ა------------–-------–---სათვის“ 442 719.88 ლარის გადახდის დაკისრება. აღნიშნული თანხა შედგებოდა სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებული ნაწილის - 330620 ლარისაგან, რომელსაც მოწინააღმდეგე მხარე მიიჩნევდა ავანსად და ზედმეტად გადახდილად, ასევე სხვა, ნარდობის ხელშეკრულებების საფუძველზე ზედმეტად გადახდილი 104158 ლარისაგან. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის შეგებებული სარჩელი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ შპს „ე---------------–-ის“ ტერიტორიაზე შეიტანა 984 კვ.მ. რკინა-ბეტონის ფილა. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „ა------------–-------–---“ არ შეუსრულებია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და შპს „ე---------------–-“ დაუბრუნდა გადახდილი თანხა - 330 620 ლარი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით და შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად, მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მოსარჩელეს დაეკისრა მოპასუხისაგან მიღებული ანაზღაურების დაბრუნების ვალდებულება. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის კუთვნილი რკინა-ბეტონის ფილების დაბრუნების ვალდებულება, რომლის საერთო ღირებულებაც შეადგენს 49701.60 ლარს.

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელი და მოითხოვა, რომ შპს „ე---------------–-“ შპს „ა------------–-------–---ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 936 კვ.მ ფართის რკინა-ბეტონის ორმაგი არმირების ფილის ღირებულების ანაზღაურება - 49 701.60 ლარის ოდენობით.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე შპს „ე---------------–-ის“ წარმომადგენელმა არც შესაგებლით და არც სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, 2009 წლის 16 თებერვალს მხარეებს შორის გაფორმებული N157/25 შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, მოსარჩელემ შპს „ე---------------–-ის“ ტერიტორიაზე შეიტანა 984 კვ.მ ბეტონის ფილა, საიდანაც მოსარჩელემ დააგო 193.4 კვ.მ, შპს „ე---------------–-მა“ საკუთარი ინეტერსებისათვის მოიხმარა 316.6 კვ.მ, ხოლო 48 კვ.მ დააბრუნა უკან 2012 წლის 12 სექტემბერს. 2012 წლის 09 იანვრის წერილით შპს „ე---------------–-მა“ მოსარჩელეს აცნობა და დაუდასტურა 193.4. კვ.მ. ფილის დაგება-გახარჯვა, ასევე მისი პირადი ინტერესებისათვის 316.6 კვ.მ ფილის მოხმარება-გახარჯვა. დარჩენილი 426 კვ.მ. ფილა შპს „ე---------------–-მა“ გამოიყენა საწარმო კორპუსის მშენებლობისათვის, რაც მოსარჩელისათვის ჯერ კიდევ 2013 წელს იყო ცნობილი და აღნიშნულ გარემოებაზე აგებდა მის 2013 წლის სარჩელში დაფიქსირებულ მოთხოვნას შპს „ე---------------–-ის“ წინააღმდეგ. ამდენად, ნივთების დაბრუნების სანაცვლოდ მათი ღირებულების მოთხოვნის უფლება, როგორც დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების, ისე სახელშეკრულებო მოთხოვნის კუთხით, ხანდაზმულია.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. დადგენილია და მხარეებს სადაო არ გაუხდიათ, რომ შპს „ა------------–-------–---“ და შპს „ე---------------–-ს“ შორის 2009 წლის 16 თებერვალს გაფორმდა N157/25 ხელშეკრულება, მოპასუხის კუთვნილ ტერიტორიაზე, 3000 კვ.მ. ფართობზე სადგომი მოედნების და სავალი გზების ორმაგი არმირების ბეტონის საფარის მოწყობის შესახებ, ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 242 000 აშშ დოლარით, დღგ-ს გარეშე. ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, მოსარჩელემ შპს „ე---------------–-ის“ ტერიტორიაზე შეიტანა 984 კვ.მ ბეტონის ფილა, საიდანაც დააგო 193.4 კვ.მ ფილა. შპს „ე---------------–-მა“ საკუთარი ინტერსებისათვის მოიხმარა - 316.6 კვ.მ, ასევე საწარმო კორპუსის მშენებლობისათვის მოიხმარა - 426 კვ.მ, ხოლო 48 კვ.მ დაუბრუნა უკან შპს „ა------------–-------–---“ 2012 წლის 12 სექტემბერს. მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია 936 კვ.მ ფართის რკინა-ბეტონის ორმაგი არმირების ფილის ღირებულება - 49 701.60 ლარი, აღნიშნული ასევე დადასტურებულია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2009 წლის 16 თებერვლის N157/25 ხელშეკრულება (ს.ფ. 14-15);

- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ს.ფ. 16-18);

- 2012 წლის 12 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტი (

- მხარეთა ახსნა-განმარტება ( იხ. სარჩელი და შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

3.1.2. დადგენილია, რომ 2012 წლის 9 იანვრის წერილით, შპს „ე---------------–-ის“ დირექტორმა შპს „ა------------–-------–---“ მისი 2011 წლის 12 სექტემბრის წერილის პასუხად აცნობა, რომ მათ მიერ შეტანილი 984 კვ.მ. ბეტონის ფილიდან 316.6 კვ.მ მოიხმარეს თავად, რასაც დაიწერდნენ მასალის სახით, 474 მ3 დაგების გარეშე იყო განთავსებული ქარხნის ტერიტორიაზე და წარმოადგენდა შპს „ა------------–-------–---ს“ საკუთრებას, ხოლო 193.4 მ3 დაგებული იყო თავად მოსარჩელის მიერ. დადგენილია და მხარეებს ასევე სადაოდ არ გაუხდიათი ის გარემოება, რომ დარჩენილი 474 მ3 ფილაც შპს „ე---------------–-მა“ გამოიყენა საკუთარი მიზნებისათვის, რის შესახებაც 2013 წელს უკვე იცოდა შპს „ავტო-მეტალურგ-მშენმა“.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2012 წლის 9 იანვრის წერილი (ს.ფ. 20-22);

- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (იხ.ს.ფ.16-18);

- მხარეთა ახსნა-განმარტება ( იხ. სარჩელი და შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი 2019 წლის 6 მარტი, 15:53:48);

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. მოპასუხე მხარემ სადაოდ გახადა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი, რაზეც სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 352-ე, 394-ე, 629-ე, 636-ე მუხლები.

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

განსახილველ შემთხვევაში, 2009 წლის 16 თებერვალს მხარეთა შორის დაიდო N157/25 ხელშეკრულება, მოპასუხის კუთვნილ ტერიტორიაზე, 3000 კვ.მ. ფართობზე სადგომი მოედნების და სავალი გზების ორმაგი არმირების ბეტონის საფარის მოწყობის შესახებ. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 242 000 აშშ დოლარით დღგ-ს გარეშე. ხელშეკრულების შესრულების მიზნით, მოსარჩელემ შეიძინა და მოპასუხის ტერიტორიაზე შეიტანა 984 კვ.მ. ორმაგი არმირების რკინა-ბეტონის ფილა, საიდანაც მომზადებულ ვაკისზე და ე.წ. „ბოგირების“ მოსაწყობად დააგო 193.4 კვ.მ. ფილა. ამის შემდეგ შემკვეთმა შპს „ე---------------–-მა“ შემსრულებელს - შპს „ა------------–-------–---“ შეაჩერებინა სამუშაოები, 2012 წლის 12 სექტემბერს კი უკან დააბრუნა ფილების ნაწილი - 48 კვ.მ ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლით, შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით, „სსკ 636-ე მუხლით, ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში უპირატესობა ენიჭება შემკვეთს, რომელსაც უპირობოდ, სამუშაოს დასრულებამდე, ნებისმიერ დროს, შეუძლია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. მენარდის ინტერესების დასაცვად და მხარეთა შორის უფლებების და მოვალეობების გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაო, ის რაც ფაქტობრივად შესრულდა და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოვალეს (მენარდეს) ეკისრება ტვირთი, ამტკიცოს, თუ რა ზიანი მიადგა მას ხელშეკრულების მოშლით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 636-ე მუხლში მითითებული ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი არის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო, რომელიც უნდა აუნაზღაუროს შემკვეთმა მენარდეს და ასევე, დანახარჯები, რომელიც მოიცავს მენარდის მიერ გაწეულ ისეთ ქმედებებს, რომელიც უკავშირდება კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულების მიზნებისათვის ადამიანური, თუ ფინანსური რესურსების მოზიდვას, მაგალითად, ისეთი სპეციფიკური მასალების და მოწყობილობების შეძენას, რომელიც მხოლოდ კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოებისთვისაა აუცილებელი და შეუძლებელია მათი სხვაგან გამოყენება, მანქანა-დანადგარების და ტექნიკური საშუალებების, შესასრულებელი სამუშაო იარაღის დაქირავებას, კონკრეტული სპეციალისტების მოწვევას, რაც ნარდობის სამუშაოებისათვის გაწეულ ფაქტობრივ და იმ დანახარჯებს მოიცავს, რომელსაც სავარაუდოდ მიიღებდა მენარდე, რადგან საამისოდ განახორციელა გარკვეული ქმედებები“ (საქმე ას-697-663-2015).

 

მითითებული განმარტების მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, მენარდეს შპს „ავტო-მეტალურგ მშენს“ წარმოეშვა უფლება, მოეთხოვა შესრულებული სამუშაოს ღირებულება და მის მიერ შეძენილი მასალების უკან დაბრუნება. 2012 წლის 9 იანვრის წერილით, შპს „ე---------------–-ის“ დირექტორმა შპს „ა------------–-------–---“, მისი 2011 წლის 12 სექტემბრის წერილის პასუხად აცნობა, რომ მათ მიერ შეტანილი 984 კვ.მ. ბეტონის ფილიდან 316.6 კვ.მ მოიხმარეს თავად, რასაც დაიწერდნენ მასალის სახით, 474 მ3 დაგების გარეშე იყო განთავსებული ქარხნის ტერიტორიაზე და წარმოადგენდა შპს „ა------------–-------–---ს“ საკუთრებას, ხოლო 193.4 მ3 დაგებული იყო თავად მოსარჩელის მიერ. 2012 წლის 12 სექტემბერს მოპასუხემ მოსარჩელეს დაუბრუნა 48 კვ.მ ფილა, დარჩენილი 474 მ3 ფილა კი გამოიყენა საკუთარი მიზნებისათვის, რის შესახებაც, როგორც თავად მოსარჩელე განმარტავს, 2013 წელს აცნობა მენარდეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის მიხედვით, 1. თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). 2. ნატურით დაბრუნების ნაცვლად მოვალეს ეკისრება ფულადი ანაზღაურება, თუ: ა. შეძენილის ხასიათიდან გამომდინარე, გამორიცხულია მისი დაბრუნება; ბ. მიღებულ საგანს მხარე გამოიყენებს, გაასხვისებს, უფლებრივად დატვირთავს, გადაამუშავებს ან გადააკეთებს; ამავე მუხლის მეხუთე ნაწილით, ამ მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე ვალდებულებათა დარღვევისათვის 394-ე მუხლის მიხედვით კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლით, 1. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. 2. მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო.თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. 3. დამატებითი ვადის განსაზღვრა არ არის საჭირო, თუ აშკარაა, რომ მას რაიმე შედეგი არ მოჰყვება, ან როცა არსებობს განსაკუთრებული გარემოებები, რომლებიც ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით ამართლებენ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაუყოვნებლივ გამოყენებას.

 

როგორც უკვე აღინიშნა, 2013 წლისათვის მოსარჩელემ უკვე იცოდა, რომ შპს „ე---------------–-ი“ მას ვერ დაუბრუნებდა მის მიერ ხელშეკრულების შესრულების მიზნით შეძენილ ფილებს, რადგან მათი ნაწილი თავად დააგო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ნაწილი კი შემკვეთმა გამოიყენა საკუთარი მიზნებისათვის. ამდენად, 2013 წელს მას უკვე შეეძლო მოეთხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოპასუხისათვის, თუმცა სარჩელი სასამართლოში შემოიტანა მხოლოდ 2017 წლის 31 მარტს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექის 128-ე მუხლის პირველი ნაწილით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.

 

ვინაიდან მხარეებს შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, ამ ურთიერთობიდან წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უნდა გავრცელდეს სამწლიანი ვადა, რაც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს გაშვებული აქვს, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 1491.5 ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, აღნიშნული თანხა უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

7. სარჩელის უზრუნველყოფა.

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. შპს „ა------------–-------–---ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. შპს „ა------------–-------–---ს“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ციცინო კიკვაძე