გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.03.2019
საქმის ნომერი
330210019002797187
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
19.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 330210019002797187 (№2/158-19)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე

 

სხდომის მდივანი სოფიო სუხიტაშვილი

 

განხილვის ფორმა ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე ე------------–---–ი

წარმომადგენლები გი-----ი ქო---ა, ი-------------–--

 

მოპასუხე ნ----------–---–ი

წარმომადგენელი ნ----–-------–---–-

 

დავის საგანი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოსარჩელე ე------------–---–ის კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე - ქ. თბილისი, კ----------ას ქ. N8, კორპუსი N7, ბინა N40, ს/კ 0---------------------- (ყოფ. თ------–---–ის ქ. 13, კორპ. 7, ბინა 40) მოპასუხე - ნ----------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მესაკუთრისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა;

 

სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია შემდეგი:

 

2014 წლის სექტემბრიდან ე------------–---–ის საკუთრებაშია უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, კ----------ას ქ. N8, კორპუსი N7, ბინა N40 (ყოფ. თ------–---–ის ქ. 13, კორპ. 7, ბინა 40). აღნიშნული საცხოვრებელი ბინა არის მოპასუხე ნ----------–---–ის მფლობელობაში, რომელსაც არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია ქონების მფლობელობისათვის. მოსარჩელის მითითებით, ნ----------–---–ი თავის ყოფილ მეუღლესთან, ე------------–---–ის შვილთან დ--------------–---–თან ერთად, გარკვეული ხნის განმავლობაში ცხოვრობდა აღნიშნულ მისამართზე, მაგრამ ისინი უკვე ფაქტიურად გაყრილები არიან და ამდენად მოპასუხეს იქ ცხოვრების არავითარი საფუძველი აღარ აქვს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ნ----------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო ბინა რეალურად მოსარჩელის საკუთრებას არ წარმოადგენს, იგი ე------------–---–ის მიერ არ შეძენილა და მხოლოდ ფორმალურად განხორციელდა მის სახელზე საკუთრების უფლების დარეგისტრირება. მოპასუხემ განმარტა, რომ რეალურად ბინა შეძენილია ს-----–-----–-------ას მიერ, რომელიც არის მოპასუხის ქმრისა და მოსარჩელის შვილის დ--------------–---–ის დეიდა და რომელმაც ბინა შეიძინა ნ----------–---–ისა და დ--------------–---–ის ოჯახისათვის. ბინის ღირებულება სრულად გადახდილია ს-----–-----–-------ას მიერ, თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დ--------------–---–ს ჰქონდა პრობლემები ქონება საკუთრებაში აღირიცხა დედამისის და ს-----–-----–-------ას დის ე------------–---–ის სახელზე.

 

მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ ე----- ხ----–---–ს საკუთრებაში აქვს უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, ვ-–----–----–ას N30, სადაც მოპასუხე გათხოვდა და ცხოვრობდა მოსარჩელესთან ერთად ერთ ოჯახად. მოგვიანებით მისი მეუღლის დეიდამ ს-----–-----–-------ამ გადაიყვანა ის და თავისი მეუღლე ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე მის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში. მოპასუხის მითითებით, მისი მეუღლის დეიდას ცალკე ოჯახი არ გააჩნია და ისიც მათი ოჯახის წევრად მიიჩნევა, რომელიც ცხოვრობს რუსეთში. ნ----------–---–მა აღნიშნა, რომ მეუღლესთან ერთად მათ ქავთარაძეზე დეიდის საკუთრებაში არსებულ ბინაში გააკეთეს მნიშვნელოვანი სამშენებლო სარემონტო სამუშაოები და მამის ნაჩუქარი ფულით მოპასუხემ მოაწყო სამზარეულო. კონკრეტულ მისამართზე მოპასუხე მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა 2016 წლამდე. მოპასუხის განმარტებით, 2014 წელს მეუღლის დეიდამ მათ უყიდათ კ----------ას ქუჩაზე მდებარე სადავო ფართი, რომლის რემონტის დასრულების შემდგომაც ნ----------–---–ი და დ--------------–---–ი გადავიდნენ აღნიშნულ ბინაში საცხოვრებლად და შეიტანეს შესაბამისი საჭირო ავეჯი. მოპასუხის მტკიცებით, ე----- ხ----–---–ს არავითარი მონაწილეობა არ მიუღია სადავო ბინის შესაძენად თუ გასარემონტებლად. ბინის შესაძენ თანხას რიცხავდა ს-----–-----–-------ა, რომელმაც მოპასუხესა და მის მეუღლეს შეუძინა ბინა იმ მიზნით, რომ როგორმე შენარჩუნებულიყო ოჯახი, რომლის დანგრევასაც ცდილობდა ე----- ხ----–---–ი. მოპასუხის მითითებით, მას და მის მეუღლეს ე------------–---–ის მხრიდან წლების მანძილზე ჰქონდათ წინააღმდეგობები, მოსარჩელე გამუდმებით ცდილობდა მათ დაშორებას და დღეის მდგომარეობით ის და თავისი მეუღლე დროებით ერთად აღარ ცხოვრობენ.

ნ----------–---–ის მტკიცებით, იგი არ შეიძლება მიჩნეული იქნეს ბინის უკანონო მფლობელად, რამეთუ მისი მხრიდან ნივთზე მფლობელობა ძალით არ მოპოვებულა და რეალურად ქონების გაუმჯობესებაში მისი წვლილია შეტანილი. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ იგი კონკრეტულ ქონებაში ცხოვრობს მის მცირეწლოვან შვილთან ერთად, რომელიც არის მოსარჩელის შვილიშვილი, შესაბამისად ნ----------–---–ი განხილული უნდა იქნეს, როგორც ნ-----–----------–---–ის (დ--------------–---–ის შვილისა და ე------------–---–ის შვილიშვილის) კანონიერი წარმომადგენელი. ნ----------–---–ის მტკიცებით, ე------------–---–ი ბოროტად იყენებს თავის უფლებას, რადგანაც იმ პირობებში, როდესაც მისი შვილი დ--------------–---–ი არ მუშაობს და ბავშვზე ზრუნვას ახორციელებს მხოლოდ დედა, ბებიას ევალება იზრუნოს მის არასრულწლოვან შვილიშვილზე, რის ნაცვლადაც ე----- ხ----–---–ი ითხოვს ბავშვის გამოსახლებას. ნ----------–---–ის განმარტებით, ნ-----–----------–---–ი არის მცირეწლოვანი და მისი დედის გარეშე, დამოუკიდებლად ცხოვრება შეუძლებელია, რის გამოც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბავშვის უპირატესი ინტერესების დაცვის პრიორიტეტულობა.

 

მოპასუხის განმარტებით, არც ბავშვს და არც მას სხვა საცხოვრისი არ გააჩნიათ. ე----- ხ----–---–ს კი, გარდა საკუთრებაში არსებული ქონებისა, მფობელობაში გააჩნია ასევე ს-----–-----–-------ას საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთებიც, რაც მოწმობს, რომ მოსარჩელეს საცხოვრისის პრობლემა არ აქვს. ამავდროულად, ქავთარაძეზე მდებარე ბინაში დარჩა, მოპასუხისა და მისი მეუღლის თანაცხოვრებისას ჩატარებული გაუმჯობესება, მათ შორის რემონტი და ავეჯი, რაც დღეის მდგომარეობით მოსარჩელის მფლობელობაშია. ნ----------–---–ის მითითებით, ის და თავისი შვილი, როგორც მოსარჩელის ოჯახის წევრები, ისე ცხოვრობენ სადავო ბინაში და მათ წასასვლელი არსად არ აქვთ, რის გამოც დაუშვებელია მათი მფლობელობის არამართლზომიერად მიჩნევა. მით უმეტეს საყურადღებოა ის გარემოება, რომ მოსარჩელის შვილი, რომელიც ამავდროულად მოპასუხის მეუღლეა და მისი შვილიშვილის მამაა, არ მუშაობს და არ იღებს მონაწილეობას შვილის რჩენაში, რაც წარმოშობს ბებიის ვალდებულებას იზრუნოს შვილიშვილზე. ნ----------–---–მა ასევე აღნიშნა, რომ ის დარწმუნებულია, რომ ე----- ხ----–---–ის მიერ სარჩელი წარმოდგენილია ბინის უშუალო შემძენთან - ს-----–-----–-------ასთან შეუთანხმებლად, რომელიც არ დაუშვებდა არასრულწლოვანი ბავშვის გამოსახლების მოთხოვნას.

 

მოპასუხემ ასევე დამატებით განმარტა, რომ მისი შვილი არის დევნილის სტატუსის მქონე და 2010 წლიდან ამ სტატუსით არის რეგისტრირებული მისამართზე ქ. თბილისი, ვ-–----–----–ას გამზირი N30, ბ. N39, რის გამოც სახელმწიფოებრივი ზრუნვის დაცვის ვალდებულება მასზე, როგორც არასრულწლოვანზე გაცილებით მეტია იმ პირობებში, თუ ოჯახის წევრები არ ასრულებენ მათზე დაკისრებულ კანონისმიერ მოვალეობებს, რის გამოც თვით პატრულის მიერ შედგენილ ოქმში დაფიქსირებულია, რომ ბებიის მიერ შვილიშვილის ბინაში არ შეშვების და გარეთ დარჩენის მცდელობის შესახებ ეცნობა სოციალურ სააგენტოსაც. მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ მართალია სარჩელი მხოლოდ მის მიმართ არის აღძრული, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც შვილიშვილი ნ-----–----------–---–ი მცირეწლოვანია, შეუძლებელია სადავო ბინაში მისი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დატოვება. ამასთან, გარდა სადავო ბინისა სხვა საცხოვრებელი და უძრავი ქონება საკუთრებაში არც მოპასუხეს და არც მის მეუღლეს არ გააჩნიათ და მცირეწლოვანი ბავშვის გამოსახლება ქონებიდან გამოიწვევს მისი მცირეწლოვანი შვილის ნ-----–----------–---–ის გამოსახლებასაც. მოპასუხის მტკიცებით, დავის გადაწყვეტისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული არასრულწლოვნის ინტერესები და ბებიის კანონისმიერ ვალდებულებად უნდა იქნეს განსაზღვრული შვილიშვილისადმი ზრუნვა, მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც ბავშვის მამა უმუშევარია და არ შესწევს უნარი უზრუნველყოს ბავშვი საცხოვრისით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხემ მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ ე----- ხ----–---–ის საკუთრებაშია უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, კ----------ას ქ. N8, კორპუსი N7, ბინა N40, ს/კ 0---------------------- (ყოფ. თ------–---–ის ქ. 13, კორპ. 7, ბინა 40).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 15-16/ 2--24).

 

3.1.2. ე----- ხ----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი (მდებარე - ქ. თბილისი, კ----------ას ქ. N8, კორპუსი N7, ბინა N40) არის მოპასუხე ნ----------–---–ის მფლობელობაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 1---------წ. სხდომის ოქმი)

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მის საკუთრებად რეგისტრირებული შენობა-ნაგებობა ნ----------–---–ის მფლობელობაშია დაადასტურა თავად მოპასუხე მხარემ.

 

3.1.3. მოსარჩელე ნ----------–---–ი 2008 წლის 14 ივნისიდან - დღემდე იმყოფება მოსარჩელე ე------------–---–ის შვილთან - დ--------------–---–თან რეგისტრირებულ ქორწინებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 43);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. 2010 წლის 5 ივლისს ნ----------–---–სა და დ--------------–---–ს შეეძინათ შვილი ნ-----–----------–---–ი, რომელიც ცხოვრობს დედასთან ნ----------–---–თან ერთად სადავო უძრავ ნივთში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 44);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.5. ნ----------–---–ი მეუღლესთან - დ--------------–---–თან ერთად ცხოვრობდა სადავო უძრავ ნივთში, თუმცა დღეის მდგომარეობით ის და თავისი მეუღლე ფაქტობრივად ერთად აღარ ცხოვრობენ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.6. მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული და მოპასუხის მფლობელობაში არსებული უძრავი ნივთი შეძენილია ე------------–---–ის დის ს-----–-----–-------ას სახსრებით, რის საფუძველზედაც 2014 წლის 2- მაისს ე------------–---–სა და შპს ,,თ------–---–ი 13’’-ს შორის დაიდო უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, რაც საბოლოოდ გახდა საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო ქვითრები (ს.ფ. 17-19).

- წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 55);

- მიღება-ჩაბარების აქტი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.7. ე-----ი ხ----–---–ი მოითხოვდა მისი საკუთრების ნ----------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვას, მისი მხრიდან ქონებაზე მფლობელობის აღდგენის საფუძვლით საკეტის გამოცვლაც კი განხორციელდა, რასთან მიმართებითაც 2----–-–----------------- შედგენილია ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის რეაგირების ოქმი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- რეაგირების ოქმი (21-22);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.8 ნ----------–---–ს საკუთრებაში სხვა ქონება არ გააჩნია. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობით, დგინდება, რომ ნ-----–----------–---–ი რეგისტრირებულია დევნილად 2010 წლის 12 აგვისტოდან დღემდე, მისამართზე: ქ. თბილისი, საბურთალო, ვ-–----–----–ას გამზ. N30,,ა’’, ბ. 39. კონკრეტული უძრავი ნივთი ე----- ხ----–---–ის საკუთრებაშია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ს.ფ. 54);

- ინფორმაცია (ს.ფ. 55);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ე------------–---–ს ეზღუდება მის საკუთრებაში არსებული სადავო ქონებით სარგებლობის შესაძლებლობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 0--------- წლის სხდომის ოქმი);

 

3.2.2. სადავო უძრავ ქონებას (მდებარე - ქ. თბილისი, კ----------ას ქ. N8, კორპუსი N7, ბინა N40 (ყოფ. თ------–---–ის ქ. 13, კორპ. 7, ბინა 40). მოპასუხე ფლობს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ერთის მხრივ დადასტურებულია, რომ უძრავი ნივთი ირიცხება ე----- ხ----–---–ის საკუთრებაში, ხოლო მეორეს მხრივ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო დაედასტურებინა მისი მფლობელობის მართლზომიერება, რის გამოც მესაკუთრეს სრული უფლება აქვს მოითხოვოს საკუთრების გამოთხოვა.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლო მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შედავებას ვერ მიიჩნევს საკუთრების უფლების შეზღუდვისათვის საკმარის წინაპირობად და შესაბამისად, მოპასუხე ნ----------–---–ს ვერ განიხილავს მართლზომიერ მფლობელად. სასამართლო დავის გადაწყვეტისას მხედველობაში იღებს მოდავე სუბიექტთა ურთიერთდამოკიდებულებას, ასევე მოპასუხესთან ერთად მცხოვრები არასრულწლოვნის უფლებებს, თუმცა იმ ვითარებაში, როდესაც კონკრეტულ უფლებას უპირისპირდება მესაკუთრის აბსოლიტური უფლება, კანონი უძლურია არასრულწლოვნის ინტერესებზე მითითებით შეზღუდოს არსებული საკუთრება. კერძოდ, მართალია სამოქალაქო კანონმდებლობა ითვალისწინებს პაპისა და ბებიის ზრუნვის ვალდებულებას შვილიშვილისადმი, თუმცა არასრულწლოვან პირზე ზრუნვის ვალდებულება უპირველესად ეკისრება მშობლებს. უდავოა, რომ არასრულწლოვანი ნ-----–----------–---–ის ორივე მშობელი ცოცხალი, ჯანმრთელი და ქმედუნარიანია, შესაბამისად სწორედ მათ უმთავრეს მოვალეობას შეადგენს არასრულწლოვნისადმი ზრუნვა. ამავდროულად, არ დასტურდება გარემოება, რომ დ--------------–---–ი სამომავლოდ ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვნის რჩენის ვალდებულების ჯეროვნად კისრებას, რაც ამ მხრივაც ვერ ასაბუთებს ე------------–---–ის საკუთრების უფლების შეზღუდვის სამართლებრივ საფუძველს. გაუმართლებელია და სამოქალაქო სამართლებრივ მიზნებს არ შეესაბამება მშობლების არსებობისა და ქმედუნარიანობის პირობებში ბებიას დავავალდებულოთ ითმინოს შვილიშვილის სრულწლოვნობამდე მისი საკუთრების შეზღუდვა, აღნიშნული კანონის მიზნებიდან არ გამომდინარეობს. ამასთანავე, მართალია ქართული სამართლებრივი წესრიგი ითვალისწინებს ბებიის ვალდებულებას იზრუნოს შვილიშვილზე და ეს გარკვეულწილად ზნეობრივ მოვალეობადაც განიხილება, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში სადავო საკითხი შეეხება ბებიის საკუთრების უფლებას, რომელსაც მისი ნების საწინააღმდეგოდ ფლობს ნ----------–---–ი შვილთან ერთად. სასამართლო მიხედულებით, ბებიის ვალდებულება არ შეიძლება ზღუდავდეს მის საკუთრების უფლებას, ამასთან კანონი ითვალისწინებს, საალიმენტო და სხვა სახის ვალდებულებას იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ დ--------------–---–ს არ შესწევს უნარი უზრუნველყოს მცირეწლოვანი ბავშვის სათანადო გარემოში აღზრდა. სასამართლო ასევე მოთხოვნის დაკმაყოფილების დამაბრკოლებლად ვერ განიხილავს ვერც იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის საკუთრებასა და მფლობელობაშია სხვა უძრავი ნივთებიც, რის დასადასტურებლადაც მხარის მიერ მითითებულია, როგორც უშუალოდ ე------------–---–ის, ასევე მისი დის ს-----–-----–-------ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთები. გარემოება, რომ პირს საკუთრებაში აქვს სხვა ქონება, არ გამორიცხავ და არ იწვევს მისი საკუთრების უფლების შეზღუდვას კონკრეტულ ნივთთან მიმართებით და აღნიშნულს ვერ ამართლებს ვერც ის გარემოება, რომ თავად მოპასუხეს სხვა ქონება საკუთრებაში არ გააჩნია. საგულისხმოა, რომ სადავო ქონება მეტწილად შეძენილია სწორედ ს-----–-----–-------ას მიერ გაღებული ხარჯებით, რაც ამ მხრივაც გამორიცხავს კონკრეტული ქონებისადმი ბებიის საკუთრების უფლების შეზღუდვას, იმის გათვალისწინებითაც, რომ რეალურად უფლებები კონკრეტულ ქონებასთან მიმართებით გააჩნია ბებიის დას და არა უშუალოდ ბებიას. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მართალია თავის დროზე ნ----------–---–ი მესაკუთრის ნების საფუძველზე შევიდა სადავო საცხოვრებელ ფართში, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს, რომ მას კონკრეტულ ქონებაზე მუდმივად გადაეცა მფლობელობის უფლება და შესაბამისად აღნიშნულ ფაქტზე მითითებით იგი მართლზომიერ მფლობელად ვერ მიიჩნევა, რადგანაც დღეის მდგომარეობით მესაკუთრის ინტერესს აღარ წარმოადგენს მისი საკუთრება შეზღუდული იყოს სხვისი მფლობელობით, რის გამოც მას სრული უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოითხოვოს საკუთრების გამოთხოვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 15-16/ 2--24).

- ამონაწერი საჯარო რეესტრებიდან (ს.ფ. 50-53);

- ცნობა (ს.ფ. 54);

- ინფორმაცია (ს.ფ. 55);

- რეაგირების ოქმი (21-22);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 0--------- წლის სხდომის ოქმი);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ე------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი;

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლი;

,,ბავშვის უფლებათა კონვენციის’’

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე,172-ე, 312-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. იმავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. უნდა აღინიშნოს, რომ საკუთრების უფლების არსი, მნიშვნელობა და მისი მაღალი სტანდარტით დაცვის აუცილებლობა მითითებულია არაერთ შიდა, თუ საერთაშორისო აქტსა და სასამართლოს გადაწყვეტილებაში. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ სამოტივაციო ნაწილის მე-5 პუნქტი). საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის შესაბამისად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

სსკ-ს 170-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ქონების მესაკუთრეს კანონი ანიჭებს სასამართლოსათვის ვინდიკაციური სარჩელით მიმართვის შესაძლებლობას, ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას გულისხმობს. ე----- ხ----–---–ის სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს, რომ მოსარჩელე ნივთის მესაკუთრეა, მოპასუხე კი ნივთის მფლობელი, რომელსაც ამ ნივთის ფლობის უფლება არ გააჩნია. სამივე გარემოების არსებობის დადგენის შემთხვევაში სარჩელი მიიჩნევა საფუძვლიანად. არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. (სუს №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-1375-1295-2017 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინება).

 

ამასთანავე, სპეციალურობის პრინციპის თანახმად, ვინდიკაციური მოთხოვნის უფლების საგანი შეიძლება იყოს მხოლოდ ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთი. ნივთების ერთობლიობის შემთხვევაში, მოთხოვნის უფლება ვრცელდება თითოეულ ნივთზე ცალ-ცალკე (quot res tot vindicatones). ნივთი, სსკ-ს 172-ე მუხლის მიხედვით კი, არის სსკ-ს 148-149-ე მუხლებით განსაზღვრული სხეულებრივი ნივთები. ამდენად, ვინდიკაციის საგანი შესაძლოა იყოს მოძრავი ან/და უძრავი ნივთი და იგი ფართო გაგებით ყველა ქონებრივ სიკეთესთან მიმართებით (არამატერიალური ქონებრივი სიკეთე) არ ვრცელდება.

 

6.2. როგორც აღინიშნა, ვინდიკაციური სარჩელის ელემენტებს ადგენს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლები. სარჩელის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელე უნდა მიუთითებდეს და ამტკიცებდეს რომ: ა) არის ქონების მესაკუთრე; ბ) მოპასუხე ფლობს ქონებას; გ) მფლობელს არ გააჩნია სადავო ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობის მართლზომიერი საფუძველი (სკ-ის 159-ე და 162-ე მუხლები). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკისრება, უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაამტკიცოს ნივთზე საკუთრების უფლების არსებობა, ასევე, ნივთის მოპასუხის მიერ ფლობის ფაქტი. ნივთის ვინდიცირების შემადგენელი ელემენტებიდან ერთ-ერთის დამტკიცების შეუძლებლობა სარჩელის უარყოფის საფუძველია. რაც შეეხება მფლობელს, მოსარჩელის მხრიდან მტკიცების ტვირთის დაძლევის შემთხვევაში, ზემოხსენებული ნორმებიდან გამომდინარე, მისი შესაგებელი შეიძლება, ემყარებოდეს, როგორც ფლობის ნამდვილი, მართლზომიერი უფლების არსებობას, ისე - საკუთრების უფლების ნამდვილობას და, როგორც ერთი, ისე - მეორე ფაქტის სათანადო მტკიცებულებით დადასტურება მას ეკისრება.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, კ----------ას ქ. N8, კორპუსი N7, ბინა N40, (ს/კ 0----------------------) საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ე----- ხ----–---–ის საკუთრებად. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიმართ, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო ბინის მესაკუთრეს.

 

ამავდროულად, სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ შენობა-ნაგებობა მდებარე - ქ. თბილისი, კ----------ას ქ. N8, კორპუსი N7, ბინა N40, (ს/კ 0----------------------) მოპასუხე ნ----------–---–ის მფლობელობაშია.

 

ამდენად, სადავო შემთხვევაში სახეზეა ვინდიკაციური მოთხოვნის რეალიზების ორი წინაპირობა და სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მოპასუხის მხრიდან მფლობელობის განხორციელების მართლზომიერების კვლევა. კერძოდ, კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ----------–---–თან ერთად სადავო უძრავ ნივთში ცხოვრობს მისი მცირეწლოვანი შვილი - ნ-----–----------–---–ი, რომელიც ამავდროულად არის მოსარჩელე ე----- ხ----–---–ის შვილიშვილი და ნ----------–---–ის მეუღლის დ--------------–---–ის შვილი. სწორედ არასრულწლოვნის ინტერესებიდან და ბებიის მხრიდან ზრუნვის ვალდებულებაზე მითითებით მოპასუხე გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

 

6.3. უნდა განიმარტოს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს შვილიშვილისადმი პაპისა და ბებიის უფლებებსა და მოვალეობებს, კერძოდ, სსკ-ს 1203-ე მუხლის თანახმად, პაპასა და ბებიას უფლება აქვთ, ურთიერთობა იქონიონ თავიანთ არასრულწლოვან შვილიშვილებთან მაშინაც, როცა ისინი უშუალოდ არ მონაწილეობენ შვილიშვილების აღზრდაში. თუ მშობლები ან მეურვე/მზრუნველი უარს ეუბნებიან პაპასა და ბებიას შვილიშვილებთან ურთიერთობაზე, სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს მშობლები ან მეურვე/მზრუნველი, საშუალება მისცენ პაპასა და ბებიას, ურთიერთობა იქონიონ შვილიშვილებთან სასამართლოს მიერ დადგენილი წესით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ ეს ხელს არ შეუშლის ბავშვების ნორმალურ აღზრდას და ცუდ გავლენას არ მოახდენს მათზე.

 

ამავე კოდექსის 1225-ე მუხლის თანახმად, პაპა და ბებია, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილიშვილი, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია სარჩო მიიღოს თავისი მშობლებისაგან. ასეთივე მოვალეობა ეკისრებათ მათ იმ შრომისუუნარო სრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია მიიღოს სარჩო თავისი მშობლების, მეუღლის ან შვილებისაგან.

 

ამდენად, მოხმობილი ნორმა პაპისა და ბებიის ვალდებულებას წარმოშობს ორი კუმულაციური პირობის ერთდროულად არსებობისას, კერძოდ მათი ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ა) აქვთ საკმაო სახსრები და ბ) შვილიშვილს ესაჭიროება დახმარება და მას არ შეუძლია სარჩო მიიღოს თავისი მშობლებისაგან. ამდენად, კონკრეტული ნორმის ასამოქმედებლად მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენდა ედასტურებინა, გარემოება, რომ ე------------–---–ს გააჩნია საკმაო სახსრები და ნ-----–----------–---–ს ესაჭიროებოდა დახმარება, რომელსაც მისი უშუალო მშობლები მოპასუხე და მოსარჩელის შვილი დ--------------–---–ი ვერ უწევენ. სასამართლო მართალია დადასტურებულად მიიჩნევს გარემოებას, რომ ე----- ხ----–---–ს გააჩნია სხვა საცხოვრისი, თუმცა არ დასტურდება გარემოება, რომ მას სხვა სახის შემოსავალი აქვს, ასეც რომ იყოს არ დასტურდება უმთავრესი, გარემოება, რომ დ--------------–---–ი და თავად ნ----------–---–ი ერთობლივად ვერ უზრუნველყოფენ არასრულწლოვანი პირის სათანადო რჩენას, რისი დაუდასტურებლობაც გამორიცხავს ბებიის საკუთრების უფლების შეზღუდვას. გარდა აღნიშნულისა, ბებიას შესაძლოა მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე მოეთხოვოს სარჩოს გაღება შვილიშვილის კეთილდღეობისათვის, რაც ვერ მიიჩნევა მისი საკუთრების უფლების შეზღუდვის გამამართლებელ საფუძვლად.

 

სასამართლო იზიარებს მოპასუხის მტკიცებას, რომ იმ შემთხვევაში, თუ მის წინააღმდეგ დაკმაყოფილდება ნივთის ვინდიცირების მოთხოვნა აღნიშნული შეეხება მის მცირეწლოვან შვილსაც, რომელიც დამოუკიდებლად ვერ შეძლებს კონკრეტულ ფართში მფლობელობის განხორციელებას. თუმცა ზემო აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე სასამართლო ვერ დაავალდებულებს ბებიას შვილიშვილის ინტერესებიდან გამომდინარე შეიზღუდოს საკუთრება, რამეთუ არ დგინდება, მისი მშობლების მხრიდან კონკრეტული ვალდებულების განუხორციელებლობის შესაძლებლობა. რჩენის ვალდებულება უპირველესად წარმოადგენს მშობლების ვალდებულებას, რისი განუხორციელებლობის შემთხვევაში ეკისრება პაპასა და ბებიას შვილიშვილისადმი ზრუნვა, რაც შესაძლოა გამოიხატოს მათი მხრიდან შესაბამისი სარჩოს გაღებაში.

 

კონკრეტულ საქმეზე დადგენილია იმგვარი ფაქტობრივი გარემოებები, რომ დავის ერთ მხარეზე არსებობს მოსარჩელის საკუთრების დაცვის ლეგიტიმური ინტერესი [სსკ-ის 170-172-ე მუხლების, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლისა და ევრო კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის სამართლებრივი საფუძვლით], ხოლო ამ უფლების საპირწონედ, წარმოდგენილია მესაკუთრის არასრულწლოვანი შვილიშვილის საჭიროება საცხოვრებელ ბინაზე (თავშესაფარზე), სადაც იგი შეძლებს ოჯახურ გარემოში - დედასთან ერთად ცხოვრებასა და გაზრდას. უნდა აღინიშნის, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები, მოზარდის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სიკეთით, რომელიც ბავშვს მისცემს ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას.

 

,,ბავშვის უფლებათა კონვენციის’’ პრეამბულის მიხედვით, ყველა შემთხვევაში, არსებობს ბავშვის უფლებების განსაკუთრებული დაცვის აუცილებლობა [იგივე ვალდებულებას აწესებს ბავშვის უფლებათა ჟენევის 1924 წლის დეკლარაცია, 1959 წლის 20 ნოემბერს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული ბავშვის უფლებათა დეკლარაცია; გაეროს 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია; მოქალაქეობრივი და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტი (2--ე და 24-ე მუხლები); ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტი (მე-10 მუხლი)].

 

,,ბავშვის უფლებათა კონვენციის’’ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ და უზრუნველყოფენ მათი იურისდიქციის ფარგლებში მყოფი თითოეული ბავშვის ყველა უფლებას, რომელიც წინამდებარე კონვენციითაა გათვალისწინებული, ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის გარეშე, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, ბავშვის, მისი მშობლებისა და კანონიერი მეურვეების ჯანმრთელობისა და დაბადების მდგომარეობის ან სხვა რამ ვითარების განურჩევლად.

 

,,ბავშვის უფლებათა კონვენციის’’ მე-3 მუხლის პირველი პუნქტი წევრი ქვეყნებისათვის სამი განსხვავებული სახის ვალდებულებას ადგენს: (ა) თუ გადაწყვეტილების მიღებისას ერთმანეთს სხვადასხვა ინტერესები უპირისპირდება, ბავშვის ფუნდამენტური უფლებაა, რომ გარანტირებულად და უპირატესად მისი საუკეთესო ინტერესები შეფასდეს და გათვალისწინებულ იქნეს; (ბ) თუ სამართლებრივ ნორმას ერთზე მეტი განმარტება შეიძლება მიეცეს, არჩეულ უნდა იქნეს ის განმარტება, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ყველაზე ეფექტურად ემსახურება (განმარტების ფარგლებს გვთავაზობს ის უფლებები, რომლებიც კონვენციაში და დამატებით ოქმებშია მოცემული); (გ) ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება და განსაზღვრა მოითხოვს საპროცესო გარანტიებს. გადაწყვეტილების მიღებისას უნდა შეფასდეს ბავშვის ინტერესებზე ამ გადაწყვეტილების შესაძლო ზეგავლენის შედეგები (დადებითი თუ უარყოფითი) და გადაწყვეტილებაში პირდაპირ უნდა აისახოს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები უპირატესად შეფასდა და მხედველობაში იქნა მიღებული. ,,ბავშვის საუკეთესო ინტერესების’’ კონცეფცია მიზნად ისახავს კონვენციის მიერ აღიარებული ყველა უფლებით სრულ და ეფექტურ სარგებლობას და ბავშვის კომპლექსურ განვითარებას. ზრდასრულების განსჯა ,,ბავშვის საუკეთესო ინტერესებისა’’, კონვენციით გათვალისწინებული ბავშვის ყველა უფლების პატივისცემას ვერ უკუაგდებს. არ არსებობს კონვენციაში გათვალისწინებული უფლებების იერარქია. ყველა უფლება ბავშვის საუკეთესო ინტერესებში შედის და არცერთი უფლების უარყოფა არ შეიძლება „ბავშვის საუკეთესო ინტერესების“ ნეგატიური განმარტებით.

 

,,ბავშვის უფლებათა კონვენციის’’ მე-4 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ღებულობენ ყველა აუცილებელ საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ და სხვაგვარ ზომას წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განსახორციელებლად.

 

ამდენად, მოხმობილი ნორმების შესაბამისად აღიარებულია ბავშვის (არასრულწლოვანი პირის) საუკეთესო ინტერესების პრიმატი, თუმცა აღნიშნული არ შეიძლება განიმარტოს და გაგებული იქნეს იმგვარად, რომ იგი ყოველგვარი გარემოებების გარეშე, უპირობოდ, საკუთრების უფლებას გადასწონიდეს ან/და უცვლელად უნდა იქნეს გამოყენებული ბავშვის სრულწლოვანებამდე. კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ე----- ხ----–---–ის საკუთრებაში, მისი ნების საწინააღმდეგოდ ცხოვრობს მოპასუხე ნ----------–---–ი არასრულწლოვან შვილთან - ნ-----–----------–---–თა ერთად, რომელიც არის მოსარჩელის შვილიშვილი. საგულისხმოა, რომ არასრულწლოვანი პირის ორივე მშობელი ცოცხალია და არ დასტურდება მათი უუნარობა შვილის რჩენის ვალდებულების შესრულებასთან მიმართებით, რაც აუცილებელი წინაპირობაა ბებიის ვალდებულების წარმოშობისათვის სსკ-ს 1225-ე მუხლის შესაბამისი დანაწესიდან გამომდინარე, კერძოდ იმისათვის, რომ სახეზე გვქონდეს ე----- ხ----–---–ის კანონისმიერი ვალდებულება აუცილებელია დგინდებოდეს ორივე მშობლის მხრიდან მათი ზრუნვის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობა. ამავდროულად, საგულისხმოა, რომ თავად აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს სარჩოს გაღების ვალდებულებას, კონკრეტულ შემთხვევაში კი, მესაკუთრეს შეზღუდული აქვს საკუთრებით სურვილისამებრ სარგებლობის შესაძლებლობა, მაშინ როდესაც საკუთრების მაღალი ღირებულებიდან, მისი საჯარო და კერძო სამართლებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე იგი დაცულია არაერთი შიდა თუ საერთაშორისო აქტით და განეკუთვნება კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლებების ნაწილს, რაც მიუთითებს მის დიდ მნიშვნელობაზე და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის პირობებში დაიშვება მისი შეზღუდვის გამართლება. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო უპირატესად დაცვის ღირსად განიხილავს პირის საკუთრების ხელშეუვალობას, რამეთუ არ იკვეთება არასრულწლოვანი პირის მიმართ ე------------–---–ის ზრუნვის ვალდებულების წინაპირობები, ბავშვის ორივე მშობლის არსებობის საფუძველზე. მართალია, საერთო სასამართლოების მიერ დადგენილი პრაქტიკა ითვალისწინებს, პაპისა და ბებიის ვალდებულებას შვილიშვილთან მიმართებით, თუმცა აღნიშნული ყველა შემთხვევაზე ვერ იქნება გავრცელებული, არამედ მხოლოდ იმ ვითარებაზე, როდესაც არც ერთ მშობელს არ გააჩნია საცხოვრისი, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს გარემოებას, რომ ნ----------–---–ს საკუთრებაში სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია, თუმცა ამავდროულად არ დასტურდება გარემოება, რომ ბავშვის მამასაც საკუთრებაში არ აქვს სხვა ქონება და ამავდროულად არ დასტურდება ფაქტი, რომ ბავშვის მამას არ გააჩნია შემოსავალი ან არ შესწევს უნარი სათანადო მზრუნველობა განახორციელოს არასრულწლოვანი შვილის მიმართ. მითითებული გარემოებები წარმოადგენდა მოსარჩელის მტკიცების საგანს, რისი დადასტურების შემდგომაც შესაძლოა წარმოშობილიყო ბებიის მხრიდან საკუთრების შეზღუდვის თმენის ვალდებულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. (სუსგ, საქმე Nას-589-589-2018, 06.07.2018წ.). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ დაადასტურა მისი მხრიდან ქონების მართლზომიერად ფლობის ფაქტი. სასამართლო განმარტავს, რომ მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. სასამართლოს აზრით, მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო მასზე განაწილებული მტკიცების ვალდებულების შესრულება და ვერ დაადასტურა სადავო ნივთის მფლობელობის გამამართლებელ გარემოებათა არსებობა. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე სადავო ნივთს ფლობს კანონისმიერი და/ან სახელშეკრულებო საფუძვლის გარეშე, რაც გამორიცხავს მესაკუთრის მხრიდან მის ნივთზე მოპასუხის მფლობელობის განხორციელებისადმი თმენის ვალდებულების არსებობას. შესაბამისად, მოსარჩელე ე----- ხ----–---–ს აქვს უფლება გამოითხოვოს ნივთი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 100 ლარი (იხ. ს.ფ. 26)

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სსსკ-ს 41.1 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა. ამავე კოდექსის 39.1 მუხლის შესაბამისად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განისაზღვრება დავის საგნის ღირებულების 3%-ით, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. მოხმობილი ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. სსსკ-ს მე-14 მუხლის ,,ა’’ პუნქტის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი კმაყოფილდება სრულად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 60 ლარი გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. ხოლო, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 40 ლარის ოდენობით ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაბრუნებას.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ე------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. გამოთხოვილი იქნეს მოპასუხე - ნ----------–---–ის უკანონო მფლობელობაში არსებული ე------------–---–ის კუთვნილი უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, გივი კ----------ას ქ. N8, კორპუსი N7, ბინა N40 (ს/კ 0----------------------) და ნივთი თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრე ე------------–---–ს.

 

3. მოპასუხე ნ----------–---–ს მოსარჩელე ე------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი - 60 ლარი;

 

4. ე------------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 40 ლარი (გადახდილია 100 ლარი), რომელიც 0--------- წელს N- საგადასახადო დავალების საფუძველზე ჩარიცხული იქნა სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე: სს „თიბისი ბანკი“, ბანკის კოდი - T-------, სახაზინო კოდი - 300773150;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრით, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე