გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.04.2019
საქმის ნომერი
240210117001877837
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
15.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №240210117001877837

(2/238-17)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15 აპრილი, 2019 წელი სენაკი

შესავალი ნაწილი

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია

სხდომის მდივანი ვასილ გოგინავა

მოსარჩელე - შ----------------------

წარმომადგენელი - გ---–--–------

მოპასუხე - შ-------------------------------------------–---

წარმომადგენელი - მ----------–----–---

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.მოსარჩელე შპს ”კ---------------”-ს სასარგებლოდ, მოპასუხე შპს „ი-------“-სათვის 76 876 ლარისა და 454.30 ლარის ანაზღაურების დაკისრება.

 

1.2.მოსარჩელე შპს ”კ---------------”-ს სასარგებლოდ, მოპასუხე შპს „ი-------“-სათვის პირგასამტეხლოს - 2906 ლარის ანაზღაურების დაკისრება.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 22 ნოემბერს შპს ”კ--------------”-სა და შპს „ი-------“-ს შორის დაიდო N1911/1 ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა დარჩელი-განმუხურის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება. პკ0+00-დანპკ35+00-ის ჩათვლით საფუძვლის მოწყობა ცივი რეციკლირების მეთოდით, ღორღი ფრაქციით 0-40მმ.H-18 სმ, ბითუმის ემულსია 2.5%, ცემენტი 4.0%. სამუშაოს მთლიანი ღირებულება შეადგენდა 96 876 ლარს, საიდანაც ნაწილი -20 000 ლარი წინასწარ, ავანსის სახით ჩარიცხულ იქნა მოპასუხის მიერ.

 

მოსარჩელემ დაიწყო შეთანხმებული სამუშაოს შესრულება, თუმცა 2016 წლის 6 დეკემბერს, შპს „ი-------“-ს სამუშაოთა მწარმოებლის კ----–------------სა და შპს „ს-------------–------------------–----–---------------------–------------------–-----“ დირექციის წარმომადგენლების გ------------სა და თ--------------ის მიერ მიეთითათ სამუშაოთა შეჩერების შესახებ. მიზეზად დასახელდა მშენებლობის ტექნოლოგიის შეცვლა. აღნიშნულის შემდეგ შპს „ი-------“-მ შეაჩერა მასალების მიწოდება, რის გამოც სამუშაოები შეჩერდა, ხოლო საბოლოოდ შეწყდა. ვინაიდან მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, აღნიშნულით მოსარჩელემ განიცადა ზიანი, კერძოდ, ვერ მიიღო ის შემოსავალი, რასაც მიიღებდა, მეორე მხარის მიერ ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, რაც შეადგენს 76 876 ლარს, ასევე, მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე, ჩაატარა ლაბორატორიული კვლევა, რაშიც გადაიხადა 454.30 ლარი. აღნიშნულ თანხასთან ერთად ითხოვს პირგასამტეხლოს-2906 ლარის ანაზღაურების დაკისრებას მოპასუხეზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.მოპასუხე შპს „ი-------“-ს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მიუთითა, რომ შპს ”კ--------------სა” და შპს „ი-------“-ს შორის 2016 წლის 22 ნოემბრის N1911/1 ხელშეკრულება დადებული იყო ს----------–------------------–--------------------------სა და შპს „ი-------“-ს შორის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ Nე.ტ.N101-16-10-90 ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის საგანს წარმოადგენდა შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დარჩელი-განმუხურის 6+150კმ 11+600 კმ საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების (GPV-45233140) განხორციელება. სამუშაოების შეწყვეტის შესახებ განკარგულება მიღებულ იქნა დამკვეთის -„ს-------------–------------------–----–---------------------–------------------–-----“ დირექციის მიერ, რის შემდეგაც შპს „ი-------“-მ შეწყვიტა მასალების მიწოდება. ვინაიდან სამუშაოს შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო „ს-------------–------------------–----–---------------------–------------------–-----“ დირექციამ, შესაბამისად, შპს ”კ---------------”-სათვის მასალების მიწოდების შეჩერება არ ყოფილა მისი ბრალეული ქმედების შედეგი, მით უფრო, რომ შპს ”კ---------------”-სათვის ცნობილი იყო ამ განკარგულების შესახებ.

 

მოპასუხის მოსაზრებით, შპს ”კ--------------ს” რაიმე სახის ზიანი არ განუცდია, რის გამოც მისი მოთხოვნა თანხის დაკისრებაზე, უსაფუძვლოა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება-ს----------–------------------–--------------------------სა და შპს „ი-------“-ს შორის 2016 წლის 26 აგვისტოს დაიდო „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ Nე.ტ.N101-16-10-90 ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-90) დარჩელი-განმუხურის 6+150კმ 11+600 კმ საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების (GPV-45233140) განხორციელება. ამ ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება განისაზღვრა- 2 675 571.00 ლარით.

 

3.2.აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნაწილის შესრულების მიზნით, შპს „ი-------“-მ, როგორც დამკვეთმა, შპს ”კ--------------”-თან (შემსრულებელი) 2016 წლის 22 ნოემბერს დადო N1911/1 ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების მიხედვით, შპს ”კ--------------”-ს უნდა განეხორციელებინა დარჩელი-განმუხურის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, კერძოდ, პკ0+00-დანპკ35+00-ის ჩათვლით საფუძვლის მოწყობა ცივი რეციკლირების მეთოდით, ღორღი ფრაქციით 0-40 მმ.H-18 სმ, ბითუმის ემულსია 2.5%, ცემენტი 4.0%. N1911/1 ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა-96 876.00 ლარით (დღგ-ს ჩათვლით).

 

3.3.ხელშეკრულების მიხედვით, შპს „ი-------“ ვალდებული იყო სამუშაოს შესასრულებლად საჭირო მასალები-ღორღი-ფრ0-40 და ცემენტი საკუთარი ხარჯებით მიეწოდებინა შპს ”კ---------------”-სათვის ობიექტზე, ხოლო ბითუმის ემულსიის-ტანსპორტირება უნდა მოეხდინა თავად შემსრულებელს შპს ”კ--------------ს” ქ.სენაკში,სოხუმის გზატკეცილი N1-ში. (მუხლი 6.1.2.);

 

3.4.სამუშაოს მიწოდებისა და ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა ერთი და იგივე თარიღი-2016 წლის 10 დეკემბერი (ჩათვლით) ( ხელშეკრულების 6.3.5. და მე-13 მუხლები);

 

3.5. მხარეები შეთანხმდნენ სამუშაოს მიღება-ჩაბარების წესზე. კერძოდ, სამუშაოების მიღება განხორციელდებოდა შესრულებიდან 2 დღის ვადაში და სამუშაო მიღებულად ჩაითვლებოდა მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის (ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მოცულობების მიღების აქტი) და დამატებითი ღირებულების გადასახადის ანგარიშფაქტურის გაფორმების შემდეგ (მუხლი- 5.1; 5.2.);

 

3.6.მხარეები შეთანხმდნენ, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მეორე მხარის სასარგებლოდ დაეკისრებოდა ხელშეკრულების ფასის 0.1% პირგასამტეხლოს გადახდა (მუხლი-8).

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N ე.ტ.N101-16-10-90 ხელშეკრულება (26.08.2016 წ);

- N1911/1 ხელშეკრულება (22.11.2016 წ);

 

3.7. შპს „ი-------“ -ს მიერ შპს ”კ---------------”-სათვის ავანსის სახით გადახდილ იქნა- 20 000 ლარი;

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-საგადახდო დავალება;

-მხარეთა განმარტებები;

 

3.8. შპს ”კ---------------”-ს მიერ შესრულდა გარკვეული სამუშაოები, კერძოდ, სტაბილიზაციის ფენის მოწყობა სისქით 18 სმ, ფრაქციული ღორღის(0-40 მმ) დამატებით, ცემენტის 4% და ბითუმის ემულსია 2.5% შემკვრელების გამოყენებით, ასევე, საფუძვლის მოშანდაკება 18 სმ ფრაქციული ღორღით. ამ სამუშაოების შესრულების შემდეგ,შპს „ს-------------–------------------–----–---------------------–------------------–-----“ დირექციის მიერ, შპს „ი-------“-ს მიეთითა სარეაბილიტაციო სამუშაოების შეჩერების შესახებ. მიზეზად დასახელდა მშენებლობის ტექნოლოგიის შეცვლა. აღნიშნულის შემდეგ, შპს „ი-------“-მ შეწყვიტა სამშენებლო მასალის მიწოდება შპს“კ---------------“-სათვის, რის შემდეგაც შპს“კ--------------ს“ სამუშაო არ გაუგრძელებია.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა განმარტებები;

 

3.9.შპს ”კ--------------”-მა 2016 წლის 10 დეკემბერს შეადგინა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი და ხელმოსაწერად, ელექტრონულად გადაუგზავნა შპს „ი-------“-ს. სამუშაოს მიღება-ჩაბარების N1 აქტის მიხედვით, შპს ”კ--------------”-მა შეასრულა სტაბილიზაციის ფენის მოწყობა სისქით 18 სმ, ფრაქციული ღორღის(0-40 მმ) დამატებით, ცემენტის 4% და ბითუმის ემულსია 2.5% შემკვრელების გამოყენებით, ასევე, საფუძვლის მოშანდაკება 18 სმ ფრაქციული ღორღით. მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, შესრულებულია 33 447.958 ლარის ღირებულების სამუშაო;

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი N1(10.12.2016 წ);

-ელექტრონული გზავნილი;

 

3.10. აღნიშნულის შემდეგ, 2017 წლის 2 თებერვალს შპს „ი-------“ -ს დირექტორმა წერილობით აცნობა შპს ”კ---------------” -ს დირექტორს, რომ ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა მიღება-ჩაბარების აქტის ელექტრონული წესით გაგზავნას, ამასთან, ვინაიდან სამუშაო შეჩერდა „ს-------------–------------------–----–---------------------–------------------–-----“ დირექციის მოთხოვნის საფუძველზე და არ ყოფილა გამოწვეული მისი ბრალეული მოქმედებით, შპს „ი-------“ იხსნიდა პასუხისმგებლობას.

 

3.11.შპს ”კ--------------სა” და შპს“ი-------“-ს წარმომადგენლების მიმოწერებით ასევე დგინდება, რომ შპს“ი-------“ დამატებით ითხოვდა ლაბორატორიულ დასკვნას, რაც შპს ”კ---------------” -ს დაკვეთით, განხორციელდა შპს „კავკასიური ინფრასტრუქტურის ტექნოლოგიის“ მიერ. კერძოდ, შესრულებულ სამუშაოზე ჩატარდა ლაბორატორიული კვლევა და კვლევის შედეგად დადგინდა დინამიური დრეკადობის მოდული, რაშიც შპს ”კ---------------” -ს მიერ გადახდილ იქნა 454.30 ლარი.

 

3.12.აღნიშნულზე, შპს“ი-------“-მ წერილობით აცნობა, რომ დასკვნაში, კონკრეტულად არ იყო მითითებული აკმაყოფილებდა თუ არა მოწყობილი გზის რეციკლირებული საფუძველი შესაბამის სტანდარტებს, რის გამოც ლაბორატორიული დასკვნა მისთვის არ წარმოადგენდა მისაღებ დოკუმენტს. საბოლოოდ, შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი N1(10.12.2016 წ), რომლის მიხედვით, შპს „კვ--------------“-ს მიერ შესრულებულია 33 447.958 ლარის ღირებულების სამუშაო, შპს“ი-------“-ს მიერ ხელმოწერილი და მიღებული არ არის.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-ლაბორატორიული კვლევითი სამუშაოების მიღებს-ჩაბარების აქტი (29.12.2016 წ);

-შპს „ი-------“-ს წერილები (09.01.2017 წ02.02.2017 წ;27.02.2017 წ);

-შპს „კვ--------------“-ს წერილები ( 18.01.2017 წ;12.02.2017 წ;

-მხარეთა განმარტებები;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო წარმოდგენილი მასალების, მხარეთა ახსნა - განმარტებების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე, 327-ე, 317-ე, 361-ე, 408-ე, 629-ე,648-ე,639-ე, 394-ე, 411-412-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმე გვაქვს ვალდებულების არსებობასთან ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები უნდა ვეძებოთ სახელშეკრულებო სამართლის ნორმებში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629.1. მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 648-მუხლის მიხედვით კი, შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს დასრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს მის ნაწილ-ნაწილ გადახდას.

 

აღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ნარდობის ხელშეკრულება განეკუთვნება სამუშაოს შესრულების ტიპის ხელშეკრულებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ნარდობა მოიცავს არა მხოლოდ სამუშაოს შედეგს, არამედ სამუშაოს შესრულების მიმდინარეობასაც.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 22 ნოემბერს შპს „ი-------“-სა და შპს ”კ--------------ს” შორის დაიდო N1911/1 ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, შპს ”კ--------------ს” უნდა განეხორციელებინა დარჩელი-განმუხურის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, კერძოდ, პკ0+00-დანპკ35+00-ის ჩათვლით საფუძვლის მოწყობა ცივი რეციკლირების მეთოდით, ღორღი ფრაქციით 0-40მმ.H-18 სმ, ბითუმის ემულსია 2.5%, ცემენტი 4.0%. ”შემსრულებელმა” შპს ”კ--------------”-მა იკისრა გარკვეული სამუშაოს შესრულების ვალდებულება, ხოლო ”დამკვეთმა” შპს „ი-------“-მ შეთანხმებული საზღაურის გადახდა.

 

ცალსახაა, რომ ხელშეკრულებაში გამოვლენილი მხარეთა ნება, მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების შინაარსი და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გვაძლევს ნარდობის საფუძველზე წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობის შემადგენლობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულებითი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავის გადაწყვეტის საფუძვლები უნდა ვეძებოთ სწორედ ხელშეკრულებაში. ვინაიდან მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხემ დაარღვია შეთანხმებული პირობები, ხოლო მეორე მხარე საწინააღმდეგოს ამტკიცებს, ასეთ შემთხვევაში სწორედ ხელშეკრულებამ უნდა გასცეს პასუხი კითხვებს, რა სახის სამუშაოს შესრულება ევალებოდა მოსარჩელეს, შეასრულა თუ არა კეთილსინდისიერად, შესრულებული სამუშაო მიიღო თუ არა ხელშეკრულების მეორე მხარემ ხელშეკრულებით შეთანხმებულ პირობებში და წესების დაცვით.

 

ხელშეკრულების 6.1.2. მუხლის მიხედვით, შპს „ი-------“ ვალდებული იყო სამუშაოს შესასრულებლად საჭირო მასალები-ღორღი-ფრ0-40 და ცემენტი საკუთარი ხარჯებით მიეწოდებინა შპს ”კ---------------”-სათვის ობიექტზე, ხოლო ბითუმის ემულსიის-ტანსპორტირება უნდა მოეხდინა თავად შემსრულებელს შპს ”კ--------------ს” ქ.სენაკში,სოხუმის გზატკეცილი N1-ში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 639.1. მუხლის მიხედვით, თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა, ხოლო 641.1 მუხლის მიხედვით, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს.

 

დადგენილია და მხარეები არ დავობენ იმ გარემოებაზე, რომ თავდაპირველად მოპასუხის მიერ სამშენებლო მასალის მოსარჩელისათვის მიწოდების ვალდებულება და თავის მხრივ, მოსარჩელის მიერ სამუშაოს შესრულების ვალდებულება, სრულდებოდა შეთანხმების შესაბამისად.

 

ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ გარკვეული სამუშაოს შესრულების შემდეგ, მოპასუხის მიერ შეწყვეტილ იქნა მოსარჩელისათვის სამშენებლო მასალის მიწოდება, რის გამოც მოსარჩელემ ვერ შეძლო სამუშაოთა გაგრძელება. შესაბამისად, მოსარჩელისგან დამოუკიდებელი მიზეზით, კერძოდ, იმის გამო, რომ ხელშეკრულების მეორე მხარემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არ მიაწოდა სამშენებლო მასალები, შეუძლებელი გახდა მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრული მოცულობით შესრულება.

 

მოპასუხის მოსაზრებით, ვინაიდან მოსარჩელისათვის სამშენებლო მასალების მიწოდება არ შეუწყვეტია მისი ინიციატივით და მისი ბრალეული ქმედებით, ამიტომ მას არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა. მოპასუხის ამ პოზიციას სასამართლო ვერ დაეთანხმება, ვინაიდან იგი არ გამომდინარეობს სახელშეკრულებო ვალდებულებითი ურთიერთობიდან და ეწინააღმდეგება ამ ურთიერთობიდან წარმოშობილი დავის გადაწყვეტის სამართლებრივ საფუძვლებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გარდა ხელშეკრულების სპეციალური ნორმებისა, რომელიც აწესებს ხელშეკრულების დადებისას მხარეთა მიერ გარკვეული პირობების დაცვის ვალდებულებას, ვალდებულების შესრულების მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნები დადგენილია ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მითითებული ნორმა ხელშეკრულების მხარეებს ავალდებულებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების განუხრელად და იმ პირობების დაცვით შესრულებას, რაც მათ მათივე ნების შესაბამისად განსაზღვრეს.

 

მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების 6.1.2. მუხლით შეთანხმებული პირობა დაირღვა და არ შესრულდა მოპასუხის მიერ, რაც ამ ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის საფუძველია.

 

მართალია, შპს „ი-------“-სა და შპს „კ--------------ს“ შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულება მოიცავდა შპს „ი-------“-სა და „ს----------–------------------–--------------------------ს“ შორის დადებული ხელშეკრულებით („სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ Nე.ტ.N101-16-10-90) გათვალისწინებული სამუშაოების ნაწილს, ხოლო საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერდა დეპარტამენტის მოთხოვნის საფუძველზე, რის გამოც შპს“ი-------“-მ შეუწყვიტა სამშენებლო მასალის მიწოდება შპს “კ--------------ს“, თუმცა სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული ვერ გახდება შპს “ი-------“-ს სამოქალაქო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი, ვინაიდან იგი მასსა და შპს“„კ--------------ს“ შორის მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, ვალდებული იყო მიეწოდებინა და არ მიაწოდა სამშენებლო მასალა, რითაც დაარღვია მის წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სხვა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა, თუნდაც იგი რაიმე სახით დაკავშირებული იყოს მოცემულ მხარეებთან, ვერ იქონიებს გავლენას ამ ხელშეკრულების ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებაზე და შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში ვერ გახდება მისი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. მხარეები ვალდებული არიან, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას შეასრულონ მათ მიერ, მათივე შეთანხმებით, ნაკისრი ვალდებულება, ხოლო ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394.1. მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლით კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

მითითებული მუხლების თანახმად, პირს, რომელსაც მიადგა ზიანი სხვა პირის მოქმედებით, კანონით მინიჭებული აქვს უფლება მოითხოვოს იმ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება, რომელიც მას არ მიუღია და რომელსაც მიიღებდა ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

მოსარჩელე ზიანის ანაზღაურების დაკისრებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს სრულად შესრულების შემთხვევაში იგი მიიღებდა, 76 876.00 ლარს, რაც არ შესრულდა მოპასუხის ბრალეული ქმედებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს.

 

მხარის მოვალეობა - დაამტკიცოს ის გარემოებანი, რომლებზეც ამყარებს თავის მოთხოვნებს, წარმოადგინოს მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპს.

 

პროცესის პრინციპიდან გამომდინარე, შემოსავლის რეალურად მიღების შესაძლებლობა, მოთხოვნის უფლების მქონე პირის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ კრედიტორს კანონით მინიჭებული აქვს უფლება მოითხოვოს იმ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება, რომელიც მას არ მიუღია, თუმცა ნორმის დისპოზიცია-რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო- ადგენს კრედიტორის ვალდებულებას სათანადო მტკიცებულებებით დაასაბუთოს იმ შემოსავლის რეალურად მიღების შესაძლებლობა, რომელიც ვერ მიიღო მოპასუხის მოქმედებით, რაც მოცემულ შემთხვევაში მხარის მიერ რეალიზებულ იქნა.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 22 ნოემბერს შპს „ი-------“-სა და შპს ”კ--------------ს” შორის დადებული N1911/1 ხელშეკრულების ღირებულება განსაზღვრული იყო 96 876.00 ლარით, შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს სრულად შესრულების შემთხვევაში უნდა მიეღო - 96 876.00 ლარი.

 

ასევე დადგენილია, რომ რომ ამ ხელშეკრულების ფარგლებში შპს „ი-------“-ს მიერ ავანსის სახით გადახდილია 20 000 ლარი. შესაბამისად, მოპასუხის მოქმედებით, მოსარჩელემ ვერ მიიღო 76 876.00 ლარი, რაც მიუღებელი შემოსავალია, ვინაიდან იგი მოპასუხისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

ამდენად, არსებობს მოპასუხისათვის 76 876.00 ლარის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394.1. და 408-ე მუხლებზე დაყრდნობით, ასევე საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის 454.30 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილშიც, ვინაიდან საქმის მასალებით დგინდება მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი ლაბორატორიული კვლევის ჩატარებისათვის 454.30 ლარის გადახდის ფაქტი, რაც ასევე ანაზღაურებას უნდა დაექვემდებაროს.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს ზიანის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გაითვალისწინონ ისეთი დამატებითი საშუალება, როგორიცაა პირგასამტეხლო, ხოლო ამავე კოდექსის 417- ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო წარმოადგენს, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო ერთდროულად განიხილება, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა, ასევე სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ფორმა. პირგასამტეხლოს გააჩნია ორმაგი მნიშვნელობა, ის წარმოადგენს არა მხოლოდ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას, არამედ, ასევე-ვალდებულების შეუსრულებლობის საფასურის ოდენობის გამორკვევის (განსაზღვრის) მექანიზმს.

 

ამასთან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდის შესახებ გათვალისწინებული უნდა იყოს მხარეთა მიერ და შესაბამისად, ასახული უნდა იყოს ხელშეკრულებაში.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებმა ხელშეკრულების მე-8 მუხლით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, გაითვალისწინეს დამრღვევს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მეორე მხარის სასარგებლოდ დაკისრებოდა ხელშეკრულების ფასის 0.1% პირგასამტეხლოს გადახდა.

 

მოსარჩელე ითხოვს სასამართლოში სარჩელის მომენტისათვის გადაცილებული ვადის -30 დღის პირგასამტეხლოს- 2 906 ლარის დაკისრებას მოპასუხეზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს თანხის გამოთვლისას მოსარჩელის მიერ დაშვებულია ტექნიკური უზუსტობა, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლო შეადგენს 2306.28 ლარს შემდეგი გაანგარიშებით: შეუსრულებელი ვალდებულების 76 876 ლარის 0.1%-ის დღიური პირგასამტეხლო - 76.87 ლარია, ხოლო 30 დღის - 2306.28 (30x76.876) ლარი.

 

ამდენად, მითითებული სამართლებრივი ნორმებისა და ხელშეკრულების მე-8 მუხლის შესაბამისად,მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილშიც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს და შპს"ი-------"-ს შპს "კ---------------"-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს-2306.28 ლარის გადახდა.

 

საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. (26.12.2-14 N 3014)

 

სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 2 407 ლარი, რომლის გადახდაც მითითებული ნორმის შესაბამისად უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. მითითებული ნორმის შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ასევე უნდა დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ნაწილის - 800 ლარის (დავის საგნის ღირებულების 2%-მდე) გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 256-257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. დაკმაყოფილდეს მოსარჩელე - შპს „კ---------------“-ს სარჩელი მოპასუხე - შპს“ი-------ს“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

 

2. დაეკისროს შპს “ი-------ს“ (ს/კ 2--------) შპს „კ---------------“-ს (ს/კ 4--------) სასარგებლოდ 76 876 ლარის გადახდა.

 

3. დაეკისროს შპს“ი-------ს“ შპს „კ---------------“-ს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს - 2306.28 ლარის გადახდა.

 

4. დაეკისროს შპს“ი-------ს“ შპს „კ---------------“-ს სასარგებლოდ 454.3 ლარის გადახდა.

 

5. დაეკისროს შპს“ი-------ს“ შპს „კ---------------“-ს სასარგებლოდ 2 407 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

6. დაეკისროს შპს“ი-------ს“ შპს „კ---------------“-ს სასარგებლოდ წარმომადგენლის მოსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 800 ლარის გადახდა.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია