გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.04.2019
საქმის ნომერი
190310019002800982
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავები
თარიღი
15.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-3-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

15.04.2019 წელი ქ. რუსთავი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ნინო ონიანი

სხდომის მდივანი - გუნა მოსიაშვილი

 

მოსარჩელე - სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - სე-------------–---–ი

 

მოპასუხე - შპს ,,და--------ი"

წარმომადგენელი - გი-----------–---–ი

 

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - მა-------------ე

 

მესამე პირი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

წარმომადგენელი - გი--------–----ვა, და-----------ია

 

დავის საგანი: იჯარა-მომსახურების ხელშეკრულების ბათილად ცნობა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 ბათილად იქნეს ცნობილი შპს „და--------ი“-ს და სსიპ „სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობას“ შორის 2013 წლის 02 სექტემბერს დადებული იჯარა - მომსახურების ხელშეკრულება.

 

მოსარჩელე მხარის განმარტებით, სსიპ სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობას არ ჰქონდა უფლება იჯარით გაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი კონკურსის გარეშე, ასევე მაკონტროლებელი ორგანოს - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანხმობისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობის გარეშე. მისი განმარტებით, ხელშეკრულების დადების დროს მოსარჩელეს არ გააჩნდა რულონური გაზონის მოყვანის და ამ მიზნით ხელშეკრულების დადების უფლებამოსილება. სადავო ხელშეკრულება არ შეიცავდა შეთანხმებას არსებით პირობაზე. არ იყო მითითებული მეურნეობის სარგებლობაში არსებული ტერიტორიიდან კონკრეტულად რომელი 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადაეცა სარგებლობაში მოპასუხე მხარეს. არ არსებობდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი აზომვითი ნახაზი და მიღება ჩაბარების აქტი ან სხვა რაიმე სახის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მიწის ნაკვეთის გადაცემის ფაქტს.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემობებიდან გამომდინარე მოსარჩელე ითხოვს 2013 წლის 02 სექტემბერს დადებული იჯარა - მომსახურების ხელშეკრულების ბათილად ცნობას და მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1 მოპასუხე შპს „და--------ი“-ს წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა შესაგებელს, სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ 2013 წლის 02 სექტემბერს სსიპ „სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობა“-ს და შპს „და--------ი“-ს მიერ იჯარა - მომსახურების ხელშეკრულებაზე ხელისმოწერით დადასტურდა ხელშეკრულების დადება და შესაბამისად წარმოიშვა მხარეთა შორის ურთიერთობა, რომელმაც გამოიწვია გარკვეული სამართლებრივი შედეგები. მოპასუხე მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. მესამე პირების პოზიცია

 

3.1 მესამე პირის (16.1) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა შესაგებელს, ცნო სასარჩელო მოთხოვნა და განმარტა, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3.2 მესამე პირის (16.1) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა შესაგებელს, სარჩელი ცნო და განმარტა, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1.1 სსიპ ,,ეროვნული საშენი მეურნეობა წარმოადგენს სსიპ ,,ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის სამართალმემკვიდრეს. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის N86 დადგენილების თანახმად კი სსიპ ეროვნული საშენი მეურნეობის რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სსიპ ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 19 დეკემბრის N156 ბრძანება (ტ.1, ს.ფ 32-35)

- საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის N86 დადგენილება (ტ.2, ს.ფ 12)

- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 19 მარტის N2-249 ბრძანება (ტ.2, ს.ფ 13-18)

 

4.1.2 2013 წლის 02 სექტემბერს, მხარეებს შორის დაიდო იჯარა - მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს ,,და--------“-ს რულონური გაზონის - დეკორატიული ბალახის მოსაყვანად იჯარით გადაეცა 2ჰა მიწის ნაკვეთი. ხელშეკრულების დადების მიზანს იმავდროულად წარმოადგენდა რულონური გაზონის წარმოების გამოცდილების დანერგვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

-იჯარა-მომსახურების ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ 52-54)

 

4.1.3. 2013 წლის სექტემბერში, შპს "და--------"-მა იჯარით აღებულ 2 ჰა მიწის ნაკვეთზე დათესა ევროპული სტანდარტის რულონური გაზონის/დეკორატიული ბალახის თესლი. 2014 წლის გაზაფხულზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინსიტროს მითითებით დეკორატიული ბალახის/რულონური გაზონის მწარმოებლებს აეკრძალათ მისი მოჭრა. ა(ა)იპ ,,გამ–----------------------------–-----–------–---------ლთა“ ასოციაციამ 2014 წლის 19 ივნისს წერილით მიმართა საქართველოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და სთხოვა საკითხში სიღრმისეული გარკვევა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

-მხარეთა ახსნა განმარტება, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ 90-110)

 

4.1.4. 2018 წლის 14 თებერვალს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მოსარჩელე სსიპ ეროვნული საშენი მეურნეობის წარმომადგენელმა, მოპასუხე შპს ,,და--------ის“ მიმართ შპს "და--------ის" და სსიპ სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობას შორის 2013 წლის 02 სექტემბერს ხელმოწერილი იჯარა მომსახურების ხელშეკრულების არარად აღიარებისა და სსიპ სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობას და შპს "და--------ს" შორის 2013 წლის 02 სექტემბერს ხელმოწერილი იჯარა - მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე სახელშეკრულებო - სამართლებრივი ურთიერთობის არ წარმოშობის დადგენის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.1.5. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 5 სექტემბერს შპს „და--------მა“ რუსთავის საქალაქო სასამართლოში წარადგინა ადმინისტრაციული სარჩელი, სსიპ ეროვნული საშენი მეურნეობის მიმართ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე, იჯარა - მომსახურების ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, შპს „და--------ის“ სარჩელი, მოპასუხე სსიპ ეროვნული საშენი მეუნეობის მიერ, მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით დაკმაყოფილდა და მოპასუხეს შპს „და--------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 260 000 ლრის ოდენობით გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.1.6. სსიპ ეროვნული საშენი მეუნეობა, მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების არარად აღიარების მოთხოვნის ფარგლებში მიუთითებდა, რომ სსიპ სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის კანონიერი ინტერესია, რომ არარად იქნეს აღიარებული 2013 წლის 02 სექტემბრის იჯარა - მომსახურების ხელშეკრულება, აღიარებული იქნას, რომ მხარეებს შორის არ წარმოშობილა და არ არსებობს სახელშეკრულებო - სამართლებრივი ურთიერთობა. ამ ხელშეკრულების საფუძველზე სსიპ ეროვნულ საშენ მეუნეობას ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო შესაძლებელია დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. აღნიშნული ინტერესი გაჩნდა მას შემდეგ, რაც 2018 წლის 30 იანვარს ჩაბარდათ რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება N3/216-16 საქმეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.1.7 რუთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 ივლისის განჩინებით, სსიპ ეროვნული საშენი მეურნეობის შპს "და--------ის" მიმართ სარჩელზე შპს "და--------ის" და სსიპ სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობას შორის 2013 წლის 02 სექტემბერს ხელმოწერილი იჯარა მომსახურების ხელშეკრულების არარად აღიარებისა და სსიპ სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობას და შპს "და--------ს" შორის 2013 წლის 02 სექტემბერს ხელმოწერილი იჯარა - მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე სახელშეკრულებო - სამართლებრივი ურთიერთობის არ წარმოშობის დადგენის თაობაზე შეწყდა საქმის წარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.1.8 რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 ივლისის განჩინება გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო წესით სსიპ ეროვნული საშენი მეურნეობის მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით, კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 ივლისის განჩინება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.1.9 მოსარჩელის განმარტებით, მას არ ჰქონდა უფლება იჯარით გაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი კონკურსის გარეშე, ასევე მაკონტროლებელი ორგანოს - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანხმობისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობის გარეშე. მისი განმარტებით, ხელშეკრულების დადების დროს მოსარჩელეს არ გააჩნდა რულონური გაზონის მოყვანის და ამ მიზნით ხელშეკრულების დადების უფლებამოსილება. სადავო ხელშეკრულება არ შეიცავდა შეთანხმებას არსებით პირობაზე. არ იყო მითითებული მეურნეობის სარგებლობაში არსებული ტერიტორიიდან კონკრეტულად რომელი 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადაეცა სარგებლობაში მოპასუხე მხარეს. არ არსებობდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი აზომვითი ნახაზი და მიღება- ჩაბარების აქტი ან სხვა რაიმე სახის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მიწის ნაკვეთის გადაცემის ფაქტს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- სარჩელი, მხარეთა ახსნა-განმარტება (ტ.1, ს.ფ 2-18)

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ილ ი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

 

საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთგზის განმარტა ადმინისტრაციული მართლმსაჯულების არსი, ამოცანა და მისი როლი სახელმწიფოში კანონიერი საჯარო მმართველობის დამკვიდრებაში, კერძოდ: „სასამართლო ხელისუფლება ადმინისტრაციული მართლმსაჯულების მეშვეობით თავისი არსით ორ უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ ფუნქციას ახორციელებს:

 

1. კონფლიქტის (დავის) მოგვარება/გადაწყვეტა კანონიერად და სამართლიანად;

2. სასამართლო კონტროლის განხორციელება მმართველობითი ორგანოების გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებზე, რაც თავის მხრივ, ემსახურება სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს, კანონიერი საჯარო მმართველობის ფუნქციონირების უზრუნველყოფას.

 

მოქმედი კანონმდებლობით შესაძლებელია ადმინისტრაციულ ორგანოთა გადაწყვეტილებების, ხელშეკრულებების, ქმედებების /მოქმედება, უმოქმედობა/ გასაჩივრება საერთო სასამართლოში, რა დროსაც სასამართლოს ობიექტურობას, მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას განუზომელი მნიშვნელობა აქვს, რათა აღადგინოს დარღვეული წონასწორობა პირსა და ოფიციალურ სტრუქტურას შორის“.

 

7.2 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.

 

ამავე კოდექსის 65-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულების შესახებ.

 

7.3. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას.

 

სასამართლო მიუთითებს ამავე კოდექსის 66-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმადაც დაუშვებელია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში მითითებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულების ბათილად გამოცხადებას აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულება ასევე ბათილია იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში, რომლის საფუძველზედაც დაიდო ხელშეკრულება.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საზოგადოებაში უნდა არსებობდეს იმის პრეზუმფცია, რომ საჯარო მოხელე თავის უფლებამოსილებათა განხორციელებისას მოქმედებს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახელით. შესაბამისად, მოქალაქეები მათ მოთხოვნებს ემორჩილებიან არა ასეთი საჯარო მოსამსახურეების პირადი ავტორიტეტის გამო, არამედ იმიტომ, რომ ისინი წარმოადგენენ სახელმწიფო მმართველობას.

 

ადმინისტრაციული ხელშეკრულების, როგორც ადმინისტრაციული სამართლებრივი ინსტიტუტის, საკანონმდებლო საფუძველს ქმნის საქართველოს ზაკ-ი.(მუხ.2,ნაწ.1,პ.“ზ“; მუხლები 65-71)

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 თავში ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესახებ მხოლოდ ზოგადი ნორმებია მოცემული. დადგენილია ხელშეკრულების ფორმის, ბათილად გამოცხადებისა და შეცვლის ზოგადი პირობები, გარიგების ძალაში შესვლის, სუბიექტთა, ხელშეკრულების დადებაში მესამე პირების მონაწილეობის სპეციალური და დამატებითი მოთხოვნები, რაც შეეხება ადმინისტრაციული ხელშეკრულების სახეებს, მისი ნამდვილობის დადგენას, ბათილობისა და ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს და გარიგებასთან დაკავშირებულ სხვა სამართლებრივ ურთიერთობას, როგორც ამას კოდექსის შესაბამისი მუხლები მიუთითებს (მუხ.65,პ2; მუხ70,პ1) ყოველივე ამას აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

როგორც უკვე აღინიშნა, ადმინისტრაციული ორგანო თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას - ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას, სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სხვა მონაწილეთაგან განსხვავებით, მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო, რომელსაც საჯარო ხასიათი აქვს, ხელშეკრულების დადებისას ვერ იმოქმედებს კერძო ავტონომიის თავისუფლებებითა და შესაძლებლობებით, იგი მხოლოდ იყენებს სამოქალაქო სამართლებრივ ნორმებს საჯარო უფლებამოსილების განსახორციელებლად და საჯარო ინტერესის დასაკმაყოფილებლად. სასამართლო აქვე განმარტავს, რომ მოსარჩელე - ადმინისტრაციული ხელშეკრულების ერთ-ერთი მონაწილე სუბიექტი - საჯარო სამართლოს იურიდიული პირიც -- შეზღუდულია სპეციალური უფლებაუნარიანობით, სამოქალაქო კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, იგი უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ კანონში ან მის დამფუძნებელ დოკუმენტებში გათვალისწინებული მიზნების შესაბამისი საქმიანობა მაშინ, როდესაც კერძო სამართლის იურიდიულ პირს უფლება აქვს, განახორციელოს კანონით აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს საქმიანობა წესდებით გათვალისწინებული.

 

ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებულ ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე რომლის მიხედვით სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ეფექტური მმართველობის ერთ-ერთ სამაგალითო გამოვლინებად უნდა მივიჩნიოთ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება. ვინაიდან, ასეთ შემთხვევებში ადმინისტრაციული ორგანო აღჭურვილია უფლებამოსილებით ორი ან რემოდენიმე შესაძლო სამართლებრივი შედეგიდან აირჩიოს ყველაზე მისაღები საშუალება და თვითონ განსაზღვროს სამართლებრივი შედეგი ეფექტური მმართველობისთვის. დისკრეციულ უფლებამოსილებასთან ერთად, ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ უკანასკნელის კონტროლს. ვინაიდან, ასეთ დროს არსებობს ორი საფრთხე: ა) კონტროლის მაღალი ინტენსივობის შემთხვევაში, დისკრეციული უფლებამოსილების მთავარი თვისების (არჩევანის თავისუფლების), შესაბამისად ეფექტურობის დაკარგვისა და ბ) კონტროლის დაბალი ინტენსივობისას კი, ადმინისტრაციული ორგანოს მმართველობითი ღონისძიების ადრესატთა უფლებების დარღვევისა.

 

დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის სრული თავისუფლების მინიჭებას, იგი აკისრებს გარეკვეულ უფლებამოსილებას, რომ საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ანგარიშს არ უწევს კანონმდებლის მიერ მისთვის მინიჭებული მოქმედების თავისუფალ სივრცეს, ასეთ შემთხვევაში სახეზე გვაქვს შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ღონისძიება არის უკანონო. შესაძლებელია სამი შემთხვევის გამოყოფა, როდესაც ასეთ შეცდომასთან გვაქვს საქმე ა) როდესაც ადმინისტრაციული ორგანო არ იყენებს მისთვის მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას, ის უშვებს შეცდომას და მის მიერ განხორციელებული ღონისძიება ხდება უკანონო; ბ) როდესაც ადმინისტრაციული ორგანო აჭარბებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებს და ახორციელებს ისეთ ღონისძიებას, რომელიც არ არის გათვალისწინებული კანონით. ეს არის შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორცეილებაში და შესაბამისად, უკანონო მმართველობითი ღონისძიება. გ) როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ანგარიშს არ უწევს კანონის ნორმის მიზნებს და არ იყენებს მისთვის მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას იმ მიზნებისათვის, რა მიზანიც კანონმდებელმა მასში ჩადო, ასეთ შემთხვევაში ეს არის შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელბაში და შესაბამისად, უკანონო მმართველობითი ღონისძიება.

 

ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე ეძლევა შესაძლებლობა, თავად აირჩიოს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული რამდენიმე ღონისძიებიდან კონკრეტული ვითარებისათვის ყველაზე უფრო მისაღები სამართლებრივი შედეგი. სასამართლო კი დისკრეციის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას ამოწმებს მხოლოდ სპეციფიკური შეცდომების თვალსაზრისით.

 

დისკრეციული უფლებამოსილების უშეცდომოდ განხორციელების მოთხოვნის უფლება იმით განსხვავდება ჩვეულებრივი გადაწყვეტილების მიმართ წარმოშობილი მოთხოვნის უფლებისაგან, რომ ამ შემთხვევაში მოსარჩელე სუბიექტი ითხოვს არა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკრეტული შინაარსის გადაწყვეტილების მიღებას (რაიმე ქმედების განხორციელებას), არამედ დისკრეციული უფლებამოსილების უშეცდომოდ განხორციელებას. შესაბამისად, ამ მატერიალური მოთხოვნის საპირისპიროდ მას ფორმალურ მოთხოვნის უფლებას უწოდებენ. ამ უფლებას აქვს ორი მიმართულება: ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იმსჯელოს დისკრეციული უფლებამოსილების ნორმის საფუძველზე გადასაწყვეტი საკითხის თაობაზე და, ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა უზრუნველყოს დისკრეციული უფლებამოსილების უშეცდომოდ განხორციელება.

 

7.4 სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხსენებული კოდექსის 103-ე მუხლის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებათა განმარტების სფეციფიკა განპირობებულია ურთიერთობათა ორმხრივი (მრავალმხრივი) ხასიათით, დისპოზიციური ნორმების გამოყენებით, სავაჭრო და საქმიანი ჩვეულებებითა და ტრადიციებით, მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკით, იმპერატიული ნორმების მოთხოვნათა გათვალისწინების აუცილებლობით და ა.შ.

 

ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე. ხელშეკრულების არსებობისათვის აუცილებელია ორი ან მეტი ნების თანხვედრა, რაც იწვევს მხარეთა საერთო ნების დადგენის აუცილებლობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელშეკრულების განმარტების არსი მხარეთა მიერ გამოვლენილი საერთო ნების ნამდვილი შინაარის, ხელშეკრულების რეალური მიზნის დადგენაში მდგომარეობს. სასამართლო მხარეთა ნამდვილ ნებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმარტების პროცესში წარმოიშობა ხელშეკრულების ტექსტში გადმოცემულ დებულებათა შორის წინააღმდეგობა ან შეუსაბამობა.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2015 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით, საქმეზე №ას-1144-1090-2014 განმარტა, რომ ყველა იმ გარიგებაში, რომლებშიც ნების გამოვლენის ნამდვილობა დამოკიდებულია მეორე მხარის მიერ ამ ნების მიღებაზე, არცთუ იშვიათად იბადება კითხვა, სწორად გაიგო თუ არა მეორე მხარემ ის, რისი თქმაც ნების გამომვლენ პირს სურდა. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ გარიგებათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ორი მხარე – ნების გამომვლენი და ნების მიმღები – მონაწილეობს, აშკარა გახდება, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს გამოვლენილი ნების სწორად გაგებას მეორე მხარის მიერ. მრავალი გარემოებით შეიძლება იყოს გამოწვეული, რომ ის, რაც იგულისხმა ნების გამომვლენმა, სხვაგვარად გაიგო მისმა მიმღებმა. აქედან წარმოიშობა გამოვლენილ ნებათა კონფლიქტი, რომელიც საჭიროებს სწორად გადაწყვეტას. ამ კონფლიქტის გადაწყვეტის სამართლებრივ საშუალებას წარმოადგენს ნების გამოვლენის განმარტება.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლზე და განმარტა, რომ ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ცხადია, რომ ეს „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს.

 

ხელშეკრულების განმარტების საჭიროებას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როცა სახეზეა ხელშეკრულება, რომლის გამონათქვამებიც ბუნდოვანი, ორაზროვანი ან ურთიერთგამომრიცხავია, აგრეთვე როცა მისი გამონათქვამები შესწორებასა და შევსებას მოითხოვენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი პირობაა მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, ხოლო დასახელებული კოდექსის 361-ე მუხლი ითვალისწინებს, რომ ხელშეკრულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, დათქმულ დროს და დათქმულ ადგილას.

 

საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულების 4.1. პუნქტის საფუძველზე იჯარით აღებული სახელმწიფო მიწით და სხვა ქონებით სარგებლობისათვის მოიჯარე მეიჯარეს უხდის იჯარის ქირას. მისი ოდენობა დადგენილია ხელშეკრულების 4.4. პუნქტით.

 

7.5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სამართლებრივი სახლმწიფოს პრინციპი „სახელმწიფო ხელისუფლების, მათ შორის საკანონმდებლო ხელისუფლების, მოქმედებას მკაცრ კონსტიტუციურ-სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს“. საქართველოს პარლამენტი ნებისმიერი ნორმატიული აქტის შემუშავებისას შებოჭილია ძირითადი უფლებების პატივისცემისა და თანაზომიერების პრინციპების მოთხოვნებით. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს.

 

დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე” . სასამართლო აქვე გვთავაზობს უფლებათა დაცვის მეორე ტესტს: „ . . . ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სახელმწიფომ უნდა დაასაბუთოს, რომ არ არსებობს სხვა უფრო ნაკლებად მზღუდველი ღონისძიების გამოყენებით ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობა.“ შესაბამისად, მხოლოდ მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის არსებობის დროს შეიძლება გამართლდეს ჩარევა. „წინააღმდეგ შემთხვევაში, ამან შეიძლება მიიღოს პერმანენტული, შეუქცევადი ხასიათი, რაც არა მხოლოდ პირთა თანამდებობაზე გარკვეული ვადით განწესებას დაუკარგავს აზრს, არამედ ეჭვქვეშ დააყენებს ამ ორგანოთა ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას.“

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ჩარევა და სტაბილურობის დარღვევა იმგვარი ფორმით უნდა მოხდეს, რომ დაუსაბუთებლად არ შეიზღუდოს სახელმწიფო თანამდებობის პირთა ლეგიტიმური მოლოდინები და არ შეირყეს მათი ნდობა არსებული კანონმდებლობის მიმართ. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ განუმარტავს, რომ კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვისას კანონმდებელი ვალდებულია, დაიცვას გონივრული ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის.

 

7.6 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ამასთან, ხანდაზმულობა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაშიც პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი დარღვეული უფლების აღდგენა. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამოირიცხოს კრედიტორის უფლებების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა, ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას. ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.

 

ხანდაზმულობის საერთო ვადაა ათი წელი, რომელიც დადგენილია ყველა იმ ურთიერთობისათვის, რომლისთვისაც კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სპეციალურ ხანდაზმულობის ვადას. ამასთან, ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ მხარის მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხია, თუ საიდან აითვლება ხანდაზმულობის ვადა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მხედველობაშია მისაღები, თუ ხანდაზმულობის დენის დაწყების მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს. ამასთან იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის დენის დაწყების ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა.

 

7.7 სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე რომ სსიპ ,,ეროვნული საშენი მეურნეობა წარმოადგენს სსიპ ,,ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის სამართალმემკვიდრეს. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის N86 დადგენილების თანახმად კი სსიპ ეროვნული საშენი მეურნეობის რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 2013 წლის 02 სექტემბერს, მხარეებს სსიპ „სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობასა“ და შპს „და--------ს“ შორის დაიდო იჯარა - მოსამხურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს ,,და--------“-ს რულონური გაზონის - დეკორატიული ბალახის მოსაყვანად იჯარით გადაეცა 2 ჰა მიწის ნაკვეთი. ხელშეკრულების დადების მიზანს იმავდროულად წარმოადგენდა რულონური გაზონის წარმოების გამოცდილების დანერგვა. ხელშეკრულების მე-6 პუნქტით განისაზღვრა მოქმედების ვადამ რომლის თანახმადაც ქონების იჯარა-მომსახურების ვადა იწყება 2013 წლის 1 სექტემბერს და მთავრდება 2014 წლის 01 სექტემბერს.

 

2013 წლის სექტემბერში, შპს და--------მა იჯარით აღებულ 2 ჰა მიწის ნაკვეთზე დათესა ევროპული სტანდარტის რულონური გაზონის/დეკორატიული ბალახის თესლი. 2014 წლის გაზაფხულზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინსიტროს მითითებით დეკორატიული ბალახის/რულონური გაზონის მწარმოებლებს აეკრძალათ მისი მოჭრა.

 

მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ იქნა 2013 წლის 02 სექტემბერს, მხარეებს შორის დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს წელს.

 

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაში პირს, რომლის უფლებაც დაირღვა შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა... ხანდაზმულობის ვადის გასვლით იფარება (ისპობა) სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა. ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე (სკ-ის 144-ე მუხ.). ხანდაზმულობის ვადის არსებობა სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს აიძულებს დროულად მიმართონ თავიანთი დარღვეული უფლებების აღსადგენ საშუალებებს, ამასთანავე იცავს საზოგადოებას დაუსრულებელი სადავო სამართალურთიერთობების არსებობისგან, სამართლებრივი გაურკვევლობისაგან... დავის გადაწყვეტა შეიძლება მოხდეს მხარეთა მორიგებით ან დარღვეული უფლების აღდგენით. წინააღმდეგ შემთხვევაში უფლების აღდგენის შესაძლებლობა ისპობა ხანდაზმულობის ვადის გასვლით... სასარჩელო მოთხოვნის ვადის გაცდენა წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს. ხანდაზმულობის ვადა აითვლება იმ დროიდან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ... (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება Nბს-455-44(კ-05) 02.08.07).

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნაზე, მხარეებს შორის დადებული 2013 წლის 02 სექტემბრის ხელშეკრულების ბათილად ცნობასთან მიმართებით, ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 (სამი) წელს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნა ხანდაზმულია, მიუხედავად იმისა, პირმა იცოდა თუ არა თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2014 წლის 25 დეკემბრის განჩინებით, საქმეზე №ბს-339-335(2კ-14) განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის ვადის დენა დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოსარჩელის მიერ „უფლების დარღვევის“ ფაქტი ცნობილი გახდა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში (2014 წლის გაზაფხული), რამაც გამოიწვია, შემდგომ მოპასუხე მხარისთვის უძრავ ქონებაზე ქმედებების აკრძალვა. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია და შესაბამისად არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მოსარჩელე მხარის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ ჰქონდა უფლება იჯარით გაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი კონკურსის გარეშე, ასევე მაკონტროლებელი ორგანოს - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანხმობისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობის გარეშე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედება (ხელშეკრულების დადება) უნდა განხორციელებულიყო მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილებების ფარგლებში, თუმცა განსახილველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა შეცდომას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან. სასამართლო მიუთითებს, რომ საზოგადოებაში უნდა არსებობდეს იმის პრეზუმფცია, რომ საჯარო მოხელე თავის უფლებამოსილებათა განხორციელებისას მოქმედებს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახელით. შესაბამისად, მოქალაქეები მათ მოთხოვნებს ემორჩილებიან არა ასეთი საჯარო მოსამსახურეების პირადი ავტორიტეტის გამო, არამედ იმიტომ, რომ ისინი წარმოადგენენ სახელმწიფო მმართველობას.

 

7.8 ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამრიგად, ვინაიდან მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სასამართლო მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2019 წლის 08 თებერვალს შპს „და--------ი“-სა და შპს L------------------------rs იურიდიული კომპანია გს და ადვოკატებს შორის გაფორმდა იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე ხელშეკრულება. მითითებული ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად კლიენტი საადვოკატო ბიუროს უხდის იურიდიული მომსახურების საფასურს (ჰონორარს) 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილი უნდა იქნეს საქმეზე მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯების, ადვოკატის მომსახურებს სახით, ანაზღაურება - 2000 ლარის ოდენობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, 251-ე, მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს სარჩელი მოპასუხე: შპს და--------ის, მესამე პირების სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ 2013 წლის 02 სექტემბრის იჯარა-მომსახურების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარის ოდენობით დარჩეს უცვლელი.

 

3. მოსარჩელე სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს დაეკისროს მოპასუხე მხარის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯების, ადვოკატის მომსახურებს სახით, ანაზღაურება - 2000 ლარის ოდენობით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს (მდებარე ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო ონიანი