გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.04.2019
საქმის ნომერი
330210119002875982
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
16.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/4384-19

გადაწყვეტილება -

დაუსწრებელი გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე

სხდომის მდივანი - დალი მახაური

მოსარჩელე - რა------------–---ი

წარმომადგენელი - გა-------------–---–ი

მოპასუხე - შპს ,,ჯა------------ი“

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. შპს ,,ჯა------------ს“ რა------------–---ის სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 51 953.14 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.

 

1.2. შპს ,,ჯა------------ს“ რა------------–---ის სასარგებლოდ დაეკისროს სარგებლის გადახდა - ძირითადი დავალიანების 44 799 აშშ დოლარის წლიური 14.5%-ის (6 495.85 აშშ დოლარი) ოდენობით გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2016 წლის 30 სექტემბერს რა------------–---ისა და შპს „ჯა------------ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება №2--------, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს ასესხა 37 000 აშშ დოლარი 12 თვის ვადით, წლიური 16.5% სარგებლის დარიცხვით. მოსარჩელეს აღნიშნული ხელშეკრულების ვადის ამოწურვიდან სესხად აღებული თანხა უკან არ გაუთხოვია, შესაბამისად ხელშეკრულება გაგრძელებულად ჩაითვალა იმავე პირობებით.

 

2017 წლის 30 დეკემბერს მოპასუხე შპს „ჯა------------მა“ ელექტრონულად წარუდგინა მოსარჩელეს №5--- ხელშეკრულება, სადაც სესხის ძირითად თანხად განისაზღვრა - 44 799 აშშ დოლარი (რაც მოიცავდა თავდაპირველ სესხს 37 000 აშშ დოლარს დამატებული წლიური სარგებელი 16.5%). ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 12 თვე, სარგებელი წლიური 14.5%. მოსარჩელემ მიიღო მოპასუხის შეთავაზება, დაეთანხმა სახელშეკრულებო პირობებს და მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა გაგრძელდა 2018 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით.

 

ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე, მოსარჩელემ ელექტრონული ფორმით გაუგზავნა მოპასუხეს შეტყობინება და მოითხოვა, რომ 30.12.2017წ. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ, აღარ მომხდარიყო ამ ხელშეკრულების ვადის გაგრძელება და მოპასუხეს მოეხდინა ძირითადი ვალისა და დარიცხული სარგებლის გადახდა. ასეთივე წერილი გაუგზავნა 2019 წლის იანვრის თვის დასაწყისში, თუმცა ვინაიდან მოსარჩელის გზავნილებს არანაირი რეაგირება არ მოჰყვა, მოსარჩელემ 2019 წლის 30 იანვარს პირადად ჩააბარა მოპასუხეს წერილობითი შეტყობინება, რითაც მოითხოვა დავალიანების - 50 716.36 აშშ დოლარის გადახდა. შეტყობინება ჩაბარდა შპს „ჯა------------ის“ მთ. ბუღალტერს ვა----------–---–ს.

 

აღნიშნულის შემდგომ, მხარეებმა ერთმანეთს შესთავაზეს მორიგების პირობები დავალიანების განაწილვადებისა და გადახდის გრაფიკის გათვალისწინებით, თუმცა მოპასუხე თავს არიდებს და აჭიანურებს დავალიანების გადახდაზე შეთანხმებას.

 

2017 წლის 30 დეკემბრის №5--- ხელშეკრულების შესაბამისად, სესხის ძირითადი თანხაა 44 799 აშშ დოლარი 14.5%-იანი წლიური სარგებლის დარიცხვით, რაც წელიწადში შეადგენს 6495.85 აშშ დოლარს, ხოლო თვეში სარგებლის ოდენობაა 1.2% ანუ 537.60 აშშ დოლარი.

 

ამრიგად, ვინაიდან ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე მოსარჩელემ მოპასუხეს ელ. შეტყობინების გზით აცნობა, რომ 30.12.2017წ. სესხის ხელშეკრულების ამოწურვის შემდგომ აღარ გააგრძელებდა ხელშეკრულებას, აღნიშნული ხელშეკრულება ვადაგასულია, ხოლო მოპასუხე უკანონოდ, არამართლზომიერად იყენებს მოსარჩელის კუთვნილ თანხას და ღებულობს სარგებელს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე შპს „ჯა------------მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მასსა და მოსარჩელეს შორის 2017 წლის 30 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების 8.2. პუნქტით განსაზღვრულია, რომ თუ სესხის გამცემი არ განაახლებს ან გაანაღდებს თანხას ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 10 დღის მანძილზე, ეს ხელშეკრულება ავტომატურად გრძელდება იმავე ვადებითა და პირობებით, როგორც იყო დადებული ხელშეკრულების ვადის გაგრძელებამდე სესხის გამცემის მიერ. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ მოსარჩელის მიერ ოფიციალური შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მოპასუხეს ჩაბარდა 2019 წლის 30 იანვარს, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის 10 დღიანი ვადის დარღვევით, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდა და ძალაშია 2019 წლის 30 დეკემბრამდე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 30 სექტემბერს რა------------–---ისა და შპს „ჯა------------ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება №20713/499, რომლის საფუძველზეც რა------------–---იმ შპს „ჯა------------ს“ სესხის სახით გადასცა 37 000 აშშ დოლარი, 12 თვის ვადით, წლიური 16.5% სარგებლის დარიცხვის პირობით.

 

ხელშეკრულების 4.5. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებაში დაფიქსირებული წლიური საპროცენტო განაკვეთი ძალაში შედის მსესხებლის მიერ სესხის მიღების მომენტიდან და ძალაშია ხელშეკრულების ვადის გასვლამდე.

 

ხელშეკრულების 8.3. პუნქტის თანახმად, თუ სესხის გამცემი არ განაახლებს ან გაანაღდებს მის თანხას ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 10 დღის მანძილზე, ეს ხელშეკრულება ავტომატურად გრძელდება იმავე ვადებითა და პირობებით, როგორც დადებული იყო ხელშეკრულების ვადის გაგრძელებამდე სესხის გამცემის მიერ. დარიცხული საპროცენტო სარგებელი ექვემდებარება გატანას.

 

მოსარჩელის განმარტებით, მას ზემოთ აღნიშნული სესხის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ, სესხის სახით გაცემული თანხა უკან არ გამოუთხოვია, რის გამოც ხელშეკრულების ვადა ავტომატურად გაგრძელდა იმავე პირობებით.

 

3.1.2. 2017 წლის 30 დეკემბერს რა------------–---ისა და შპს „ჯა------------ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება №5---, რომლის თანახმადაც რა------------–---იმ შპს „ჯა------------ს“ სესხის სახით გადასცა - 44 799 აშშ დოლარი, 12 თვის ვადით, წლიური 14.5% სარგებლის დარიცხვის პირობით. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ხელშეკრულებით სესხის ოდენობა განისაზღვრა მხარეთა შორის 30.09.2016წ. დადებული №20713/499 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ძირი თანხის - 37 000 აშშ დოლარისა და მასზე დარიცხული სარგებლის ოდენობით.

 

ხელშეკრულების 4.5. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებაში დაფიქსირებული წლიური საპროცენტო განაკვეთი ძალაში შედის მსესხებლის მიერ სესხის მიღების მომენტიდან და ძალაშია ხელშეკრულების ვადის გასვლამდე.

 

ხელშეკრულების 8.2. პუნქტის თანახმად, თუ სესხის გამცემი არ განაახლებს ან გაანაღდებს მის თანხას ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 10 დღის მანძილზე, ეს ხელშეკრულება ავტომატურად გრძელდება იმავე ვადებითა და პირობებით, როგორც დადებული იყო ხელშეკრულების ვადის გაგრძელებამდე სესხის გამცემის მიერ. დარიცხული საპროცენტო სარგებელი ექვემდებარება გატანას.

 

3.1.3. 30.12.2017წ. №5--- სესხის ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე, 2018 წლის 26 ნოემბერს მოსარჩელე რა------------–---იმ შპს „ჯა------------ს“ ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაუგზავნა შეტყობინება და აცნობა, რომ აღარ სურდა ხელშეკრულების ვადის გაგრძელება და მოითხოვა აღნიშნული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდა. თუმცა, უშედეგოდ შპს „ჯა------------ს“ არ შეუსრულებია 30.12.2017წ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

 

2019 წლის 30 იანვარს რა------------–---იმ წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა შპს „ჯა------------ს“, რომლითაც მოითხოვა დავალიანების გადახდა, თუმცა უშედეგოდ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

მოცემულ საქმეზე, მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2019 წლის 15 აპრილს 17:00, რის შესახებაც ეცნობათ მხარეებს სატელეფონო შეტყობინების გზით. მათ, ასევე განემარტათ სასამართლოში გამოუცხადებლობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგები.

 

მოპასუხე შპს „ჯა------------ი“ არ გამოცხადებულა 2019 წლის 15 აპრილს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსთვის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სარჩელის დაკმაყოფილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

 

ვინაიდან, გაფრთხილების მიუხედავად მოპასუხე შპს „ჯა------------ი“ არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები, თუმცა სარჩელში მითითებული გარემოებები მხოლოდ ნაწილობრივ ამართლებს იურიდიულად სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლით;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე-317-ე, 361-ე, მე-400, 403-ე, 623-ე, 625-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ 30.12.2017წ. №5--- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხისა და ხელშეკრულების მოქმედების ვადაში დარიცხული პროცენტის, ჯამში - 51 953.14 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სასამართლოს მიერ დადგენილად ჩათვლილი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ხოლო, ამავე კოდექსის კოდექსის 625-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, ყოველი შესრულება უნდა შეესაბამებოდეს მოცემულ მუხლში მოყვანილ პირობებს. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, კი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ:ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 30 დეკემბერს რა------------–---ისა და შპს „ჯა------------ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება №5---, რომლის თანახმადაც რა------------–---იმ შპს „ჯა------------ს“ სესხის სახით გადასცა - 44 799 აშშ დოლარი, 12 თვის ვადით, წლიური 14.5% სარგებლის დარიცხვის პირობით. ხელშეკრულების 8.2. პუნქტის თანახმად, თუ სესხის გამცემი არ განაახლებს, ან გაანაღდებს მის თანხას ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 10 დღის მანძილზე, ეს ხელშეკრულება ავტომატურად გრძელდება იმავე ვადებითა და პირობებით, როგორც დადებული იყო ხელშეკრულების ვადის გაგრძელებამდე სესხის გამცემის მიერ. მოსარჩელემ ხელშეკრულების 8.2. პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე, 2018 წლის 26 ნოემბერს ელექტრონული ფოსტის საშუალებით შეტყობინება გაუგზავნა შპს „ჯა------------ს“ და აცნობა, რომ აღარ სურდა ხელშეკრულების ვადის გაგრძელება და მოითხოვა აღნიშნული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხისა და დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდა. თუმცა, შპს „ჯა------------ს“ დღემდე არ შეუსრულებია მის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულება. ამდენად, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს ვალდებულების შესრულება.

 

შესაბამისად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის დავალიანების - 51 953.14 აშშ დოლარის (სესხის ძირი თანხა და დარიცხული სარგებელი) დაკისრების თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. როგორც აღინიშნა იმისათვის, რომ სარჩელი დაკმაყოფილდეს და სხდომაზე გამოუცხადებელი პირის მიმართ მიღებული იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, აუცილებელია სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად შემოწმებას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას. მითითებულ წინაპირობათაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა, იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას - გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე საპროცენტო სარგებლის დაკისრების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისათვის სესხის ძირი თანხის - 44 799 აშშ დოლარის წლიური 14.5%-ის (6495.85 აშშ დოლარი) ოდენობით სარგებლის დაკისრებას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული წარმოადგენს მხარეთა შორის 30.12.2017წ. დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარგებელს.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა სესხის ხელშეკრულების ფარგლებში საპროცენტო სარგებლისა და ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ურთიერთმიმართებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 625-ე, 403-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო; ამასთან, 403-ე მუხლით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: 1) მოვალეს შესასრულებელი უნდა ჰქონდეს ფულადი ვალდებულება; 2) ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა უნდა იყოს დარღვეული; 3) ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე. (იხ. სუსგ. საქმე №ას-1701-1685-2011; 22.10.2012წ.)

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ რა------------–---ისა და შპს „ჯა------------ს“ შორის 2017 წლის 30 დეკემბერს სესხის ხელშეკრულება დაიდო 12 თვის ვადით, წლიური 14.5% სარგებლის დარიცხვის პირობით. ამასთან, ხელშეკრულების 8.2. პუნქტით განისაზღვრა, რომ თუ სესხის გამცემი არ განაახლებდა, ან გაანაღდებდა მის თანხას ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 10 დღის მანძილზე, ეს ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდებოდა იმავე ვადებითა და პირობებით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე, 2018 წლის 26 ნოემბერს მოსარჩელე რა------------–---იმ შპს „ჯა------------ს“ ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაუგზავნა შეტყობინება და აცნობა, რომ აღარ სურდა ხელშეკრულების ვადის გაგრძელება და მოითხოვა აღნიშნული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხისა და დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდა. ამდენად, ხელშეკრულების 8.2. პუნქტის შესაბამისად, ვადის ამოწურვის შემდგომ ხელშეკრულება ავტომატურად აღარ გაგრძელებულა. ხელშეკრულების 4.5. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებაში დაფიქსირებული წლიური საპროცენტო განაკვეთი ძალაში შედის მსესხებლის მიერ სესხის მიღების მომენტიდან და ძალაშია ხელშეკრულების ვადის გასვლამდე. საპროცენტო სარგებლის დარიცხვასთან დაკავშირებით სხვა რაიმე პირობაზე მხარეები არ შეთანხმებულან.

 

ამდენად, მართალია მოპასუხემ დაარღვია 30.12.2017წ. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, თუმცა ვინაიდან მხარეთა შორის არ ყოფილა შეთანხმება ვალდებულების დარღვევისას საპროცენტო სარგებლის გადახდის შესახებ, რაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლიდან გამომდინარე, დამატებითი შეთანხმების საგანია, მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხისათვის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე სესხის ძირი თანხის - 44 799 აშშ დოლარის წლიური 14.5% სარგებლის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლო და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. შესაბამისად, სარჩელი აღნიშნულ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე შპს „ჯა------------ს“ მოსარჩელე რა------------–---ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 30.12.2017წ. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 51 953.14 აშშ დოლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილა - 3000 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს „ჯა------------ს“ მოსარჩელე რა------------–---ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად (დავის საგნის 88.87%) მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 2 666.1 ლარის გადახდა, ხოლო დარჩენილი ბაჟი კი, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

7.2. მოსარჩელე, ასევე მოითხოვს მის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-2 წინადადების თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის - 1000 აშშ დოლარის, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელშეკრულება მომსახურების გაწევის შესახებ, საგადასახადო დავალება და ამონაწერი ანგარიშიდან იხ. 15.04.2019წ. სხდომის ოქმზე დართული მტკიცებულებები), რაც არ აღემატება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილ ოდენობას - დავის საგნის 4%-ს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე შპს „ჯა------------ს“ მოსარჩელე რა------------–---ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად - 1000 აშშ დოლარის გადახდა.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მიერ გაწეულ სხვა სასამართლოსგარეშე ხარჯს - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოში, ნოტარიუსისა და თარჯიმნის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებას, სასამართლოს მოსაზრებით უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოსარჩელემ მოპასუხის უძრავი ქონების შესახებ საჯარო რეესტრის ამონაწერი განაახლა, ასევე მოპასუხის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა აიღო მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნით. თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 04 მარტის განჩინებით, მოსარჩელე რა------------–---ის უარი ერთქვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

 

შესაბამისად, ვინაიდან არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის ზემოთ აღნიშნული შუამდგომლობა, სასამართლო მიიჩნევს, რომ ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა ამ შუამდგომლობასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯის - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გადახდილი - 15 ლარისა და საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოში გადახდილი - 183 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე.

 

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს თარჯიმნის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 287 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (გადახდის ქვითარი, გადახდის ცნობა იხ. ს.ფ. 59-60, ანგარიშ-ფაქტურა იხ. 15.04.2019წ. სხდომის ოქმზე დართული მტკიცებულება), ამასთან, საქმეში არსებული სანოტარო აქტებიდან დგინდება, რომ მოსარჩელეს სანოტარო მომსახურებისათვის გაწეული აქვს ხარჯი ჯამში - 66 ლარის ოდენობით, მოსარჩელეს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან შპს „ჯა------------ის“ ამონაწერის განახლებისათვის, ასევე გადახდილი აქვს - 15 ლარი. შესაბამისად, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე შპს „ჯა------------ს“ სრულად უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ თარჯიმნისა და ნოტარიუსის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯისა და ამონაწერის განახილებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 230-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. რა------------–---ის სარჩელი შპს „ჯა------------ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე შპს ,,ჯა------------ს“ მოსარჩელე რა------------–---ის სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 51 953.14 აშშ დოლარის გადახდა, ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კურსის შესაბამისად.

 

2. არ დაკმაყოფილდეს რა------------–---ის სარჩელი შპს „ჯა------------ის“ მიმართ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე სარგებლის დაკისრების თაობაზე.

 

3. მოპასუხე შპს ,,ჯა------------ს“ მოსარჩელე რა------------–---ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 2666.1 ლარისა და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად - 1000 აშშ დოლარის გადახდა, ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კურსის შესაბამისად.

 

4. მოპასუხე შპს ,,ჯა------------ს“ მოსარჩელე რა------------–---ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ თარჯიმნის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 287 ლარის, ნოტარიუსის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 66 ლარისა და საჯარო რეესტრში ამონაწერის განახლებისათვის გაწეული ხარჯის - 15 ლარის გადახდა.

 

5. მოპასუხეს გაეგზავნოს გადაწყვეტილების ასლი და განემარტოს, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1. პუნქტის გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით შეუძლია შემოიტანოს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში 10 (ათი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდება გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.

 

6. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე