გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.03.2019
საქმის ნომერი
190210019002834715
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
27.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2-177-19

(საქმე N190210019002834715 )

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 მარტი, 2019 წ. ქ. რუსთავი

 

შესავალი ნაწილი:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - მაია შოშიაშვილი

სხდომის მდივანი - გიორგი ჩუბინიძე

 

მოსარჩელე - სს ,,თ-----------”

წარმომადგენელი - მ--–---- ნ-----–-–---–ი

 

მოპასუხე: მ--------- გ------ვი

წარმომადგენელი - ი-----–- მ--------–---–ი, ს-------- ს---–--ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე მ--------- გ------ვს დაეკისროს სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ დავალიანების გადახდა 29314.86 ლარის ოდენობით (გამომდინარე 2016 წლის 13 ივნისის ხელშეკრულებიდან) და 4774.50 ლარის გადახდა (გამომდინარე 2016 წლის 12 სექტემბრის ხელშეკრულებიდან);

1.2. მოპასუხეს დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1022.69 ლარის და საფოსტო გზავნილისათვის გადახდილი 8,90 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 13 ივნისს სს „თ----ი ბ-----“ და მ--------- გ------ვს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება , ხოლო 2016 წლის 12 სექტემბერს მხარეთა შორის შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება. მოპასუხეზე გაიცა სესხი საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინებით და პირგასამტეხლოს დაკისრების პირობით. მოპასუხეს არა აქვს ვალდებულება შესრულებული ჯეროვნად მოსარჩელის წინაშე.

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სასამართლოში წარმოდგენილი წერლობითი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ.

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის წარმოამდგენლებმა ცნეს სარჩელი სრულად ძირი თანხის და პროცენტის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში ნაწილობრივ დაეთანხმნენ სასარჩელო მოთხოვნას (კერძოდ, ითხოვეს სასამართლოს მიერ შემცირებული იქნეს პირგასამტეხლოს ოდენობა).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 13 ივნისს სს „თ----ი ბ-----“ და მ--------- გ------ვს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა 28000.00 ლარი; კრედიტის ვადა 1463 დღე; წლიური საპროცენტო განაკვეთი 15.5%; კრედიტის დაფარვის გრაფიკი თანდართული გრაფიკის მიხედვით; ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას (გარდა სესხს წინსწრებით დაფარვისა) და დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის; საკომისიო კრედიტის გაცემისთვის 150.00 ლარი; დამატებითი პირობები: მსესხებელი ვალდებულია განახორციელოს სიცოცხლის დაზღვევა კრედიტის მიმდინარე ოდენობაზე ბანკის სასარგებლოდ.

მტკიცებულება:

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, ს.ფ.16-22.

 

3.1.2. მოპასუხის დავალიანება პირგასამტეხლოს ოდენობის დაკორექტირების შემდგომ, შეადგენს 29314.86 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა ს 22529.11 ლარი; პროცენტი - 785.75 ლარი; პირგასამტეხლო (დაკორექტირების შემდგომ) – 6000 ლარი;

მტკიცებულება:

- სს ,,თ-----------ს" გადახდების ისტორია, ს.ფ. 23-25.

- ცნობა დავალიანების შესახებ, ს.ფ. 37.

 

3.1.3. 2016 წლის 12 სექტემბერს სს „თ----ი ბ-----“ და მ--------- გ------ვს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა 11517 კალენდარული დღე (25.03.2048 მდე); საკრედიტო ლიმიტის მოცულობა 2830.56 ლარი; გასატანი თანხის ოდენობა საკრედიტო ლიმიტის მოცულობას გამოკლებული მომსახურების საფასური; წლიური საპროცენტო განაკვეთი 33% კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხევვაში; 0% ორმოცდათხუთმეტ დღიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში; დაანგარიშების თარიღი ყოველი კალენდარული თვის 8 რიცხვი; ბარათის მომსახურების საკომისიო 80 ლარი ყოველწლიურად; თანხის განაღდების საკომისიო 2.9% მინ. 5.5 ლარი სს „თ-----------ს“ ბანკომატით ათვისების შემთხვევაში; 0% კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების შემთხვევაში; საკომისიო ვადაზე ადრე წინსწრებით დაფარვისთვის 0%; პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას (გარდა სესხის წინასწარი დაფარვისა) და დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

მტკიცებულება:

- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, ს.ფ. 30-42.

 

3.1.4. მოპასუხის დავალიანება, შეადგენს 4774.50 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 2827.86 ლარი; პროცენტი - 878.89 ლარი; პირგასამტეხლო - 1067.75 ლარი;

სარჩელს თან ერთვის მოპასუხის ამონაწერი პირადი ანგარიშიდან საიდანაც ირკვევა, რომ მოპასუხემ თანხის ათვისება დაიწყო 2016 წლის სექტებრიდან. იგი ხელშეკრულების თანახმად ახორციელებდა გადახდებს, თუმცა არასტაბილურად. მოპასუხემ ბოლო გადახდა განახორციელა 2017 წლის მაისის თვეში, რის შემდეგაც გადახდები აღარ განუხორციელებია. მოპასუხეს ყველა დარღვევაზე ერიცხებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა 11/01/2019 წლის მდგომარეობით კი მისი დავალიანბა შეადგენს თანხის ძირის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს ერთობლიობას ჯამში - 4774.50 ლარს.

მტკიცებულება:

- სს „თ-----------“-ს ამონაწერი პირადი ანგარიშიდან, ს.ფ. 34-36;

- ცნობა დავალიანების შესახებ, ს.ფ. 37;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. მართალია მოპასუხე არ დაეთანხმა პირგასამტეხლოს თანხის სრულად გადახდას, მაგრამ სადავოდ არ გაუხდია არც ხელშეკრულების და არც ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსი, მან სასამართლოსგან მოითხოვა, რომ პირგასამტეხლო, როგორც შეუსაბამოდ მაღალი, შემცირებულიყო.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,თ-----------ს” სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი და 208-ე მუხლის მე-3 ნაწილი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე-317-ე, 327-ე, 361-ე, 400-ე, 405-ე, 418-420-ე, 427-ე-429-ე, 867-ე, 873-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი.

 

მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია.

 

ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო სასამართლოს მოსამზადებელ ეტაპზე დავალიანების ძირითადი თანხის და პროცენტის დაკისრების ნაწილში ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის მიერ მისი ცნობის გამო და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დავალიანების ძირითადი თანხის და სარგებლის გადახდა (იმ ოდენობით, რაც ცნო მოპასუხემ).

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსეხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობა საბანკო კრედიტის სახით.

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სს ,,თ-----------ს'' მიერ სრულად იქნა შესრულებული აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაცემული იქნა კრედიტი. მოვალეს მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულები შესრულებული არ არის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405.1 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.

 

განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა საკრედიტო ურთიერთობა და მოეთხოვა დავალიანების დაფარვა.

 

დადგენილია და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის თანხა მოპასუხე მხარემ სრულად მიიღო. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებაზე დაყრდნობით სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარჩელი ასევე სრულად უნდა დაკმაყოფილდეს სესხის პროცენტის თაობაზე მოთხოვნის ნაწილშიც, ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეს წარმოდგენილი ხელშეკრულებებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის, საბანკო ანგარიშიდან ამონაწერით) არ დასტურდება, რომ მსესხებლის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.

 

6.3. მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე სადავოდ გახადა პირგასამტეხლოს ოდენობა და მიუთითა, რომ აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მოპასუხემ მიუთითა რომ ეთანხმება ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის და სარგებელის დაკისრებას.

 

ამდენად, სასამართლომ უნდა შეაფასოს არის თუ არა სესხით სარგებლობისთვის გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, რომელიც 2016 წლის 13 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 6000 ლარს, ხოლო 2016 წლის 12 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1067,75 ლარს, სასამართლოს მოსაზრებით, არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 28.12.12 წ. საქმე Nას-1560-1463-2012).

 

სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, მხარეები მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი’’ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა.

 

მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის:

ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები;

ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს;

გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს;

დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.

 

სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და დადგენილად მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს.

 

სასამართლოს აქვს კანონით მინიჭებული უფლება, რომ შეამციროს პირგასამტეხლოს ოდენობა, მისი შეხედულებისამებრ, თუ მიიჩნევს, რომ ის არის შეუსაბამოდ მაღალი. მოცემულ შემთხვევაში, გამომდინარე დავალიანების ოდენობიდან და დარღვევის პერიოდიდან, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირება და მოპასუხისათვის დაკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლოს მიერ შემცირებული ოდენობით - 2016 წლის 13 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაცვლად 6000 ლარისა 600 ლარი, ხოლო 2016 წლის 12 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაცვლად 1067,75 ლარისა 100 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელი ცნო ფაქტობრივად სრულად, მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1022,69 ლარიდან 831,65 ლარი, ხოლო სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 191,04 ლარის ოდენობით უნდა ჩაითვალოს სახელმწიფოს სასარგებლოდ გადახდილად. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სასამართლოსგარეშე ხარჯის 8,9 ლარის ანაზღაურება, რომელიც მოსარჩელე მხარის მიერ გაღებულ იქნა მოპასუხისათვის გზავნილის გაგზავნისას.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს „თ-----------ს“ სარჩელი მ--------- გ------ვის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

 

2. მოპასუხე მ--------- გ------ვს სს „თ-----------ს" სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 13 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის თანხის გადახდა 23 914,86 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 22 529,11 ლარი, პროცენტი -785.75 ლარი, პირგასამტეხლო - 600 ლარი.

მასვე, 2016 წლის 12 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს სესხის თანხის გადახდა 3 806.75 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა- 2827,86 ლარი, პროცენტი - 878.89 ლარი, პირგასამტეხლო - 100 ლარი;

 

3. მოსარჩელე სს „თ----ი ბანკს" უკან დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 24 იანვარს გადახდილი ბაჟიდან 1022.69 ლარიდან 831.65 ლარი (საგადასახადო დავალება #15), რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინის შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი: 300 063150; ხოლო 191.04 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

მოპასუხეს დაეკისროს სასამართლო ხარჯების სახით სს „თ-----------ს" სასარგებლოდ 8.9 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია შოშიაშვილი