გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/22026 -18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 მარტი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მადი ჩანტლაძე
სხდომის მდივანი თამარ აკობია
მოსარჩელე - ეთ------------–-–---–ი
წარმომადგენელი - თე-----–-------–---–ი
მოპასუხე - შპს ”მი----------------------------–------------------ი”
წარმომადგენელი - მი----------------–ი
დავის საგანი - პირგასამტეხლოს შემცირება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ეთ------------–-–---–სა და შპს ”მი----------------------------–------------------ს” შორის გაფორმებული 2017 წლის 03 ივლისის №------- და 2018 წლის 30 იანვრის №------- სალომბარდე ხელშეკრულებებით დადგენილი შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს 0,41%-დან 0,01%-მდე შემცირება.
სარჩელში განმარტებულია, რომ 2017 წლის 03 ივლისს ეთ------------–-–---–სა და შპს ”მი----------------------------–------------------ს” შორის გაფორმდა სალომბარდე სესხის №------- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხემ გასცა სესხის თანხა 4970,00 ლარი. სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა ერთი წელი. განისაზღვრა მსესხებლის ვალდებულება ყოველ 3 თვეში ერთხელ სარგებლის სახით სესხის 2%-ის, 99,4 ლარის გადახდა, კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი - 24%, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 24%. ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო სესხის მიმდინარე ოდენობის 0,41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2018 წლის იანვრისთვის, 05 თვის ვადაში, ვინაიდან არ იქნა დაცული გადახდის გრაფიკი, მოპასუხემ სარგებლის სახით დააკისრა მოსარჩელეს 686,72 ლარისა და 2424,00 ლარი პირგასამტეხლო გადახდა. ვადაგადაცილების გამო 2018 წლის 30 იანვარს მოპასუხემ შესთავაზა მოსარჩელეს ახალი ხელშეკრულების გაფორმება და არსებული დავალიანების სრულად დაფარვა, წინააღმდეგ შემთხვევაში განხორციელდებოდა უზრუნველყოფილი ნივთების რეალიზაცია.
ეთ------------–-–---–მა გადაიხადა საპროცენტო სარგებელი 685,86 ლარის ოდენობით, ამასთანავე მხარეებმა გააფორმეს ახალი №------- სალომბარდე სესხის ხელშეკრულება გაზრდილი ძირითადი თანხით: სესხის თანხა 7394 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 24%, ხოლო ეფექტური 26,80%, ყოველთვიური შენატანი სარგებელი 147,88 ლარი, ვადაგადაცილების ჯარიმა - 0,41%.
2018 წლის 30 იანვრის მოპასუხესთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა ასევე მოიცავს 2017 წლის 13 ივლისის ხელშეკრულებით დარიცხულ, სადავო პირგასამტეხლოს თანხას 2424,00 ლარს, რაც უნდა შემცირდეს 2365.69 ლარით. შესაბამისად უნდა შემცირდეს 2018 წლის 30 იანვრის ხელშეკრულების ძირითადი თანხა ამ ოდენობით და უნდა განისაზღვროს 5028.31 ლარით, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს 4970,00 ლარს, პირგასამტეხლო -58,31 ლარს (ჯამში 5028,31 ლარს), რაც შესაბამისად გამოიწვევს თანხის დაკორექტირებას სარგებლის ნაწილშიც, კერძოდ, ძირითადი სესხის თანხა უნდა განისაზღვროს 5028.31 ლარით, ნაცვლად 739,00 ლარისა, დადგენილი სარგებელი წლიური 24%-ის დაანგარიშება უნდა მოხდეს შესაბამისად 5028.31 ლარიდან, რაც თვეში შეადგენს 100.57 ლარს.
მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, მოითხოვა 2017 წლის 03 ივლისის №------- და 2018 წლის 30 იანვრის №------- სალომბარდე ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს 0,41%-დან 0,01%-მდე შემცირება და მოხსნა ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხებისა და საპროცენტო სარგებლის ნაწილობრივ შესრულებად აღიარების მოთხოვნები (იხ. 2018 წლის 07 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 12:03:45).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ნაწილობრივ ცნო სარჩელი 2018 წლის 30 იანვრის №------- სალომბარდე ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 10 ჯერ შემცირების ნაწილში (იხ. 2019 წლის 28 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:02:52).
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2017 წლის 03 ივლისს ეთ------------–-–---–სა და შპს ”მი----------------------------–------------------ს” შორის გაფორმდა სალომბარდე სესხის №------- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხემ გასცა სესხის თანხა 4970,00 ლარი.
სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა ერთი წელი. განისაზღვრა მსესხებლის ვალდებულება ყოველ 3 თვეში ერთხელ სარგებლის სახით სესხის 2%-ის, 99,4 ლარის გადახდა, კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი - 24%, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 24%.
ხელშეკრულების 2.4. პუნქტის თანახმად, სესხის თანხის ან/და სარგებლის გადახდის ვალდებულების დარღვევაზე პირგასამტეხლო განისაზღვრა სესხის მიმდინარე ოდენობის 0,41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. პირგასამტეხოს მოცემული ოდენობა არ აღემატებოდა და სრულად შეესაბამებოდა სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილს. გადახდილი თანხიდან პირველ რიგში დაიფარებოდა პირგასამტეხლო, შემდეგ სარგებელი და შემდგომ სესხის თანხა.
ხელშეკრულების 2.16 პუნქტის თანახმად, ამ ხელშეკრულების ნიადაგზე მხარეებს შორის დავის წარმოშობისას, პირგასამტეხლოს დარიცხვა გაგრძელდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.
ხელშეკრულების 2.5 პუნქტის თანახმად, სესხის დაბრუნებაზე მოთხოვნა უზრუნველყოფილი იყო ხელშეკრულების დანართში - „შეფასების ქვითარში“ აღწერილი ნივთებით („გირავნობის საგანი“), რომლებიც კლიენტმა მფლობელობაში გადასცა ლომბარდს და მიანიჭა მას უფლება ესარგებლა აღნიშნული ნივთების გადაგირავების უფლებით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-7).
2017 წლის 03 ივლისის სალომბარდე სესხის №------- ხელშეკრულება; ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები; შეფასების ქვითარი (ს.ფ. 24-28).
3.1.2. 2018 წლის 30 იანვარს ეთ------------–-–---–სა და შპს ”მი----------------------------–------------------ს” შორის გაფორმდა სალომბარდე სესხის №------- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხემ გასცა, ხოლო მოსარჩელემ მიიღო სესხის თანხა 7394,00 ლარი.
მხარეებს შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენ ფაქტი იმის შესახებ, რომ 2017 წლის 03 ივლისს ეთ------------–-–---–სა და შპს ”მი----------------------------–------------------ს” შორის გაფორმებული სალომბარდე სესხის №------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებებიდან წარმოშობილი დავალიანების, კერძოდ, სესხის ძირი თანხის, დარიცხული საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს გადაფარვის მიზნით, მხარეებს შორის გაფორმდა 2018 წლის 30 იანვრის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გაცემული თანხის 7394,00 ლარის მსესხებლის მიერ ათვისების ფაქტი მოსარჩელე მხარეს სადავოდ არ გაუხდია.
სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა ერთი წელი. განისაზღვრა მსესხებლის ვალდებულება ყოველთვიურად სარგებლის სახით სესხის 2%-ის, 147,88 ლარის გადახდა, კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი - 24%, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 26,80%.
ხელშეკრულების 2.4. პუნქტის თანახმად, სესხის თანხის ან/და სარგებლის გადახდის ვალდებულების დარღვევაზე პირგასამტეხლო განისაზღვრა სესხის მიმდინარე ოდენობის 0,41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ხელშეკრულების 2.12 პუნქტის თანახმად, ამ ხელშეკრულების ნიადაგზე მხარეებს შორის დავის წარმოშობისას, პირგასამტეხლოს დარიცხვა გაგრძელდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.
ხელშეკრულების 2.5 პუნქტის თანახმად, სესხის დაბრუნებაზე მოთხოვნა უზრუნველყოფილი იყო ხელშეკრულების დანართში - „შეფასების ქვითარში“ აღწერილი ნივთებით („გირავნობის საგანი“), რომლებიც კლიენტმა მფლობელობაში გადასცა ლომბარდს და მიანიჭა მას უფლება ესარგებლა აღნიშნული ნივთების გადაგირავების უფლებით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-7).
2017 წლის 03 ივლისის სალომბარდე სესხის №------- ხელშეკრულება; ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები; შეფასების ქვითარი (ს.ფ. 24-28).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და 2018 წლის 30 იანვრის №------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის შპს ”მი----------------------------–------------------ისათვის” ეთ------------–-–---–ის მიერ გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს სესხის მიმდინარე ოდენობის 0,041%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე, 420-ე, მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
დადგენილია, რომ ეთ------------–-–---–სა და შპს ”მი----------------------------–------------------ს” შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2018 წლის 30 იანვარს გაფორმებული სალომბარდე სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, კერძოდ, 2017 წლის 3 ივლისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან მსესხებლის ვალდებულებების რეფინანასირებისა და გადაფარვის მიზნით მხარეებმა 2018 წლის 30 იანვარს გააფორმეს ახალი სალომბარდე სესხის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად ეთ------------–-–---–ს წარმოეშვა მიღებული (ათვისებული) თანხის 7394,00 ლარის შპს ”მი----------------------------–------------------ის” წინაშე დაბრუნების ვალდებულება.
2018 წლის 30 იანვრის ხელშეკრულების 2.4. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს მსესხებლის მიერ გადახდის ვალდებულებაზე: სესხის თანხის ან/და სარგებლის გადახდის ვალდებულების დარღვევაზე პირგასამტეხლო განისაზღვრა სესხის მიმდინარე ოდენობის 0,41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლოს თვლის, რომ მხარეების მიერ 2018 წლის 30 იანვრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - სესხის მიმდინარე ოდენობის 0,41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. სასამართლო აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალია საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - 0,41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვინაიდან ყოველდღიური 0,41% თვეში (30 დღე) შეადგენს 12,3%-ს, ხოლო წელიწადში (365 დღე) – 149,65%-ს. გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს განაკვეთი უნდა შემცირდეს 0,041%-მდე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლება და ცნო სარჩელი 2018 წლის 30 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 0,041%-მდე შემცირების ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა შესაბამის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ფუძემდებლურ პრინციპს წარმოადგენს ვალდებულების ჯეროვანი შესრულება (სსკ-ის 361-ე მუხლი), აქედან გამომდინარე, მოვალე მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება გათავისუფლდეს ამ ვალდებულების შესრულებისაგან.
მხარეებს შორის სადავო არ არის გარემოება იმის შესახებ, რომ მათ 2017 წლის 03 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის, ეთ------------–-–---–ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით წარმოშობილი სესხის ძირითადი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს დავალიანების გაერთიანებისა და გადაფარვის (რეფინანსირების) მიზნით, გააფორმეს 2018 წლის 30 იანვრის ხელშეკრულება ახლი პირობებით, რისი შესრულების ვალდებულებით მხარეებმა შეიბოჭეს თავი. შესაბამისად, კრედიტორს მოთხოვნის უფლება ეთ------------–-–---–ის მიმართ წარმოეშვა 2018 წლის 30 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თავად კრედიტორი მოკლებულია შესაძლებლობას ეთ------------–-–---–ის მიმართ სასესხო ურთიერთობის ფარგლებში მოთხოვნა განახორციელოს 2017 წლის 03 ივლისის ხელშეკრულებიდან, როგორც დამოუკიდებელი საფუძვლიდან გამომდინარე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ეთ------------–-–---–ის მოთხოვნა 2017 წლის 03 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნის ნაწილში დაუსაბუთებელია, მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 7,27 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; მე-3, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლის პირველი ნაწილით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ეთ------------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. შემცირდეს მოსარჩელის მიმართ 2018 წლის 30 იანვრის №------- ხელშეკრულებით განსაზღვრული შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო - 0,41% და პირგასამტეხლოს სახით ეთ------------–-–---–ის ვალდებულება განისაზღვროს სესხის თანხის ან/და სარგებლის გადახდის ვალდებულების დარღვევაზე სესხის მიმდინარე ოდენობის 0,041% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2. მოსარჩელე ეთ------------–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს თე-----–-------–---–ის მიერ 2018 წლის 17 ივლისს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 70 ლარიდან 7,27 ლარი (საგადახდო დავალება №-).
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე მადი ჩანტლაძე