გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3-----------------
საქმე №3/4059-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი
სხდომის მდივანი - ანა მგელაძე
მოსარჩელე - რ---------------ა
წარმომადგენელი - ქ------–-----------ა
მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - ი-------------------ე
მესამე პირი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო
წარმომადგენელი - რ------------–---–ი
მესამე პირები - თ--------------–---–ი, ფ-------–----–----ა, მ--------–-–--ა, ნ--------------ე, ც--------------–---–ი, ნ-----------ა, ნ-------–--ე (გ-------ა)
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 მაისის N2----- გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ;
1.2. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, განიხილოს რ---------------ას 2018 წლის 21 მაისის N2-------- ადმინისტრაციული საჩივარი (იხ. 10.10.2018 წლის სხდომის ოქმი).
2. მხარეთა პოზიციები
2.1. მოპასუხის პოზიცია
2.1.1. მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. მესამე პირების პოზიცია
3.1. მესამე პირი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს.
3.2. მესამე პირებს - თ--------------–---–ს, ფ-------–----–----ას, მ--------–-–--ას, ნ--------------ეს, ც--------------–---–ს, ნ-----------ას, ნ-------–--ეს (გ-------ა) წერილობითი ფორმით შესაგებელი არ წარმოუდგენიათ. სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებულმა მესამე პირებმა კი სარჩელს მხარი დაუჭირეს.
4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1. 2003 წლის 25 ივლისის N0----------- გადაწყვეტილებით, ქ. თბილისში, ყ---–-----------ის მიმდებარედ არსებულ 1670 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება. რეგისტრაციის საფუძლად მითითებულია - ქალაქ თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის 2003 წლის 11 ივლისის Nსახ. 5-- წერილი და 2003 წლის 16 ივლისს გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმა.
4.2. 2014 წლის 10 სექტემბერს, ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა განცხადება და მოითხოვა ქ. თბილისი, ყ---–--------------ის მიმდებარედ მდებარე (ზონა: თბილისი, სექტორი: ვაკე) უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია.
4.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 11 სექტემბრის N8-------------- გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს განცხადება, უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ და ქ. თბილისში, ყ---–--------------ის მიმდებარედ მდებარე 1670.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ N0---------------) მესაკუთრედ დარეგიტრირდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი.
4.4. 2018 წლის 21 მაისს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგენილი იქნა რ---------------ას ადმინისტრაციული საჩივარი N2--------, რომლითაც მოითხოვა რეგისტრაციის შესახებ 2014 წლის 11 სექტემბრის #8-------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა..
4.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 მაისის #2----- გადაწყვეტილებით, რ---------------ას უარი ეთქვა 2018 წლის 21 მაისის #2-------- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, რის საფუძვლადაც გადაწყვეტილებაში მითითებული იქნა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუქნტით, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი (ტ.1. ს.ფ. 81-84);
- ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის 10 სექტემბრის განცხადება (ტომი 1, ს.ფ. #100);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 11 სექტემბრის #8-------------- გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. #101);
- საჯარო რეესტრის 2014 წლის 11 სექტემბრის ამონაწერი (ტომი 1, ს.ფ. 102-103);
- რ---------------ას 2018 წლის 21 მაისის #2-------- ადმინისტრაციული საჩივარი (ტომი 1, ს.ფ. 104-106);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 მაისის #2----- გადაწყვეტილება (ს.ფ. 15-16).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ რ---------------ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 მაისის N2----- გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. ამასთან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. 24-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. აღნიშნულ მუხლში მოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სავალდებულო წინაპირობები, რომლებიც მათი რეალიზების თვალსაზრისით, ამ მუხლში არა კუმულაციური, არამედ, ალტერნატიული სახით არის წარმოდგენილი. ამასთან, არსებით დარღვევად ჩაითვლება ისეთი დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 მაისის N2----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც მას უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, იმ საფუძვლით რომ საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუქნტით რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით. შესაბამისად მოცემულ შემთხვევაში დავის არსს და სასამართლოს მსჯელობის საგანს იმ გარემოების შეფასება წარმოადგენს, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის დანაწესის არსებობის პირობებში, რამდენად გააჩნდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს - მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ რეგისტრაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის უფლებამოსილება და თუ გააჩნდა, რა შემთხვევაში.
სასამართლო მიუთითებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უფლების რეგისტრაციის, ასევე მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ საჩივრდება სასამართლო წესით. რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამდენად, ასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის აუცილებელია, რომ ერთ შემთხვევაში (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს მიერ აქტის ბათილად ცნობა) სახეზე გვქონდეს ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივა შეამოწმოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება, მეორე შემთხვევაში კი (ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა) დაინტერესებული პირის საჩივარი უკვე გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონთან შესაბამისობის შემოწმების, გაბათილების მოთხოვნით, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებაზე საქმეზე Nბს-598-591 (კ-15), სადაც სასამართლოს განმარტება ეხება ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტს, კერძოდ, ,,აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე და კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის №ბს-1695-1651(კ-10) გადაწყვეტილებაზე, რომელშიც სასამართლოს მიერ განიმარტა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.3 მუხლზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილებას ახორციელებს უშუალოდ ან თავისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების და ავტორიზებული პირების მეშვეობით. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ მუხლში საუბარია სააგენტოზე, როგორც ერთიან ადმინისტრაციულ ორგანოზე, თუმცა საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის სტრუქტურული წყობა არ შეიძლება გაგებულ იქნას იმგვარად, რომ მას არა აქვს უფლება ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე გადაამოწმოს მის მიერვე მიღებული აქტის კანონიერება. გასაჩივრების ადმინისტრაციული წესი იძლევა ადმინისტრაციულ სფეროში პრევენციული ზომების მიღების, ადმინისტრაციული ორგანოს სისტემის თვითკონტროლის საშუალებას, იძლევა შესაძლებლობას ადმინისტრაციულმა ორგანომ თავადვე გამოასწოროს საკუთარი შეცდომა, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების მთავარ მახასიათებელს, საერთო მმართველობითი საქმიანობის ყველა სფეროსთვის და აძლევს დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობას, მოითხოვოს ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების გადასინჯვა. სწორედ ამ გარემოებითაა განპირობებული სზაკ-ის 178-ემუხლში განხორციელებული ჩანაწერი, რომლის შესაბამისადაც დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი“. ასევე, ,,იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციულ ორგანოსა და პირებს შორის არსებობს უფლებამოსილებათა დისბალანსი, მათ შორის ურთიერთობა საჭიროებს ეფექტურ კონტროლს, რაც გამოვლენას ჰპოვებს ერთის მხრივ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაში საკუთარ გადაწყვეტილებებსა თუ მოქმედებებზე განახორციელოს თვითკონტროლი და მეორეს მხრივ იძლევა შესაძლებლობას ამ მოქმედებათა სრული ციკლი მოექცეს სასამართლო კონტროლქვეშ.
აღნიშნული მოსაზრებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გამორიცხავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებას კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით უზრუნველყოს ტერიტორიული სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონტროლი.
ამდენად, ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში გაკეთებული განმარტებისა და დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ტერიტორიული სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილების (მათ შორის, საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების) კონტროლის/გადამოწმების შესაძლებლობას“.
ამდენად, ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ არასწორად უთხრა უარი რ---------------ას 2018 წლის 21 მაისის N2-------- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 მაისის N 2----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ და მასვე უნდა დაევალოს რ---------------ას 2018 წლის 21 მაისის N2--------- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა. ამასთან, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს ეძლევა შესაძლებლობა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო გამოკვლევის შედეგად მიიღოს კონკრეტული შემთხვევისათვის სათანადო გადაწყვეტილება და რ---------------ას ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში ერთობლივად იმსჯელოს საჩივრის ავტორის მიერ დასმულ საკითხებზე.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელე რ---------------ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. რ---------------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 მაისის N2----- გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს რ---------------ას 2018 წლის 21 მაისის N2-------- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა;
4. მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მოსარჩელე - რ---------------ას სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი