გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330210019002892915
№2/5140-19
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლევან მიქაბერიძე
სხდომის მდივანი - ილია ვაშაკიძე
მოსარჩელე - შპს ,,გლ-----–-------------–--ი’’
მოპასუხეები - შპს ,,ტე---------ი’’, საქ--------–-----------–---------------------------–--–------–---------------------–---------------–-------------------–---------------–------რო
დავის საგანი - მიწოდებული ნივთების გამოთხოვა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს ,,ტე---------ისგან’’ გამოთხოვილი იქნეს შპს ,,გლ-----–-------------–--ის’’ კუთვნილი პროდუქცია (საერთო ღირებულებით 778 186.20 ლარი), რომლის მახასიათებლები (სახეობა, ბრენდი, მოდელი, ღირებულება და რაოდენობა) მითითებულია სარჩელზე თანდართულ დანართში (იხ. დანართი - ტ. 2).
(სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა შემცირებულია და დაზუსტებულია 22.04.2019წ. სხდომაზე - იხ. სხდომის ოქმი).
სარჩელის საფუძვლები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის - წარმოებაშია სამოქალაქო საქმე N2-------, შპს ,,ტე---------ის’’ გადახდისუუნარობის თაობაზე საქმის წარმოების დაწყების შესახებ. შპს ,,ტე---------ის’’ მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება შეტანილია თბილისის საქალაქო სასამართლოში 2019 წლის 17 იანვარს, ხოლო სასამართლოს მიერ განცხადება წარმოებაში მიღებულია 2019 წლის 30 იანვარს.
შპს ,,ტე---------ის’’ მეურვედ დანიშნულია საქ--------–-----------–---------------------------–--–------–---------------------–---------------–-------------------–---------------–------რო. N2------- განჩინების მე-3 პუნქტის თანახმად, მოვალე - შპს ,,ტე---------ს’’ ეკრძალებოდა ნებისმიერ გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, რის გამოც განსახილველ სარჩელში მოპასუხედ მოვალესთან ერთად მითითებულია მეურვე აღსრულების ეროვნული ბიურო.
შპს ,,გლ-----–-------------–--ს’’ როგორც მეურვესთან, ისე სასამართლოში შეტანილი აქვს განცხადება საქმეში კრედიტორად ჩართვასთან დაკავშრებით. პირველი განცხადება შპს ,,გლ-----–-------------–--მა’’ შეიტანა 2019 წლის 8 თებერვალს და დავალიანების აღიარებასთან ერთად, ერთ-ერთ მოთხოვნად დააყენა პროდუქციის უკან დაბრუნება. აღსრულების ეროვნული ბიუროსადმი მიმართვაში ეწერა, რომ შპს ,,გლ-----–-------------–--ის’’ კუთვნილი პროდუქცია, რომელიც განთავსებულ იქნა შპს ,,ტე---------ის’’ მაღაზიათა ქსელში არ შეეყვანათ სამეურვეო ქონებაში, რადგან მასზე შპს ,,გლ-----–-------------–--ს’’ შენარჩუნებული ჰქონდა საკუთრების უფლება. აღსრულების ეროვნული ბიუროს აღნიშნულ განცხადებაზე პასუხი არ გაუცია წერილობით, ხოლო 2019 წლის 11 მარტის სხდომაზე, სადაც შედგა კრედიტორთა პირველი კრება, მეურვემ დაადასტურა, რომ შპს ,,გლ-----–-------------–--ის’’ კუთვნილი პროდუქცია შეყვანილი ჰქონდათ სამეურვეო ქონებაში.
შპს ,,ტე---------ი’’ და შპს ,,გლ-----–-------------–--ი’’ თანამშრომლობენ 2015 წლიდან. დღევანდელი მდგომარეობით შპს ,,გლ-----–-------------–--ი’’ და შპს ,,ტე---------ი’’ თანამშრომლობენ 2016 წლის 26 თებერვლისა და 2017 წლის 1 იანვრის ხელშეკრულებების ფარგლებში. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელს წარმოადგენს შპს ,,გლ-----–-------------–--ი’’, ხოლო მეორე მხარეს შპს ,,ტე---------ი’’. გარიგების ფარგლებში შპს ,,გლ-----–-------------–--ი’’ შპს ,,ტე---------ს’’ აწვდის სხვადსხვა ბრენდის საყოფაცხოვრებო ტექნიკას და ყოველი მიწოდება დასტურდება ელექტრონულად გამოწერილი სასაქონლო ზედნადებით.
მხარეთა შორის გაფორმებული გარიგება არის არა ნასყიდობის ხელშეკრულება, არამედ მიწოდების ხელშეკრულება, რა დროსაც მიმწოდებელი რჩება პროდუქციის მესაკუთრედ და მას ნებისმიერ დროს შეუძლია დაიბრუნოს თავისი საკუთრება. ეს წესი (ე.წ. სელაუტი) თავისი შინაარსით განსხვავდება კონსიგნაციით საქონლის მიწოდებისაგან, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს თანხის გადახდას შეთანხმებული დროისთვის. კონსიგნაციის შემთხვევაში პროდუქციის მიმღები ვალდებულია მიღებული პროდუქციის საფასური გადაიხადოს სრულად, მიუხედავად იმისა, მოახდინა თუ არა მისი რეალიზაცია მესამე პირებზე. ამ შემთხვევაში საქონელი უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
როგორც მეურვისთვის, ისე სასამართლოსთვის შეტანილ განცხადებაზე დართულია ნივთების მაიდენტიფიცირებელი ცხრილი, რომლის თანახმადაც იდენტიფიცირებულია ის პროდუქცია (სახეობის, მოდელისა და ბრენდის მიხედვით), რომელიც ამჟამად ნაშთად არსებულ მარაგში აქვს შპს ,,ტე---------ს’’, მათი საერთო ღირებულება საქმის განხილვის ეტაპზე შეადგენს 778 186.20 ლარს.
2018 წლის 7 მარტს მეურვესთან და სასამართლოში შეტანილი იქნა შპს ,,გლ-----–-------------–--ის’’ განცხადება, რომელსაც ერთვის შპს ,,ტე---------ისა’’ და შპს ,,გლ-----–-------------–--ის’’ მიერ ხემოწერილი ურთიერთშეთანხმების აქტი, რომლის მიხედვით, შპს ,,ტე---------ის’’ დავალიანება შპს ,,გლ-----–-------------–--ის’’ მიმართ შეადგენს 4 218 355,77 ლარს, საიდანაც ძირი დავალიანება შეადგენს 3 865 730,77 ლარს, ხოლო დარიცხული პირგასამტეხლო 352 625 ლარს. არსებული ძირითადი დავალიანებიდან 3 865 730,77 ლარიდან შპს ,,ტე---------თან’’ არსებული სასაქონლო მარაგის ღირებულება შეადგენს 778 186.20 ლარს. როგორც უკვე აღინიშნა, მეურვემ 2019 წლის 11 მარტის კრედიტორთა კრებაზე განაცხადა, რომ აღნიშნული სასაქონლო მარაგები შეტანილი აქვს სამეურვეო ქონებაში. მეურვეს წერილობით უარი არ უთქვამს შპს ,,გლ-----–-------------–--ის’’ მიერ 2019 წლის 8 თებერვლის განცხადებაში დაყენებულ მოთხოვნაზე, თუმცა სხდომაზე დაადასტურა მისი შეტანა სამეურვეო ქონებაში.
შპს ,,გლ-----–-------------–--ის’’ კუთვნილი პროდუქცია, რომელიც შპს ,,ტე---------ის’’ მაღაზიათა ქსელში არის განთავსებული, არ წარმოადგენს შპს ,,ტე---------ის’’ საკუთრებას და ის შესაბამისად არ უნდა იქნას შეტანილი სამეურვეო ქონებაში.
2. მოპასუხე პოზიცია
2.1. სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გადახდისუუნარობის გახსნის მომენტიდან მოთხოვნილი ქონების უკან დაბრუნება ვერ განხორციელდება, რადგან გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის დროისათვის მოვალის სასაქონლო მატერიალური ფასეულობა წარმოადგენს მის კუთვნილ ქონებას და ითვლება სამეურვეო ქონებად. შესაბამისად, მას უკვე სამეურვეო ქონების სტატუსი აქვს და მისი განკარგვა ასეთი ფორმით (უკან დაბრუნება), რასაც კრედიტორი განცხადებაში მოითხოვს დაუშვებელია. კრედიტორების დაკმაყოფილება უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით და რიგით, სამეურვეო ქონების რეალიზაციის ხარჯზე კრედიტორთა ინტერესების თანაზომიერი დაცვის პრინციპის გათვალისწინებით.
მოპასუხე სადავოდ ხდის მხარეთა შორის 2016 წლის 26 თებერვალსა და 2017 წლის 1 იანვრის ხელშეკრულებების იმ ნაწილს, რომლითაც მიმწოდებელი რჩება პროდუქციის მესაკუთრე და მას ნებისმიერ დროს შეუძლია დაიბრუნოს მიწოდებული საქონელი. ხელშეკრულების 6.2. პუნქტის თანახმად, მხარეები უფლებამოსილი არიან ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ნებისმიერ დროს მოითხოვონ საქონლის გატანა მყიდველის სავაჭრო ობიექტიდან, რისთვისაც ისინი ვალდებული არიან წინასწარ ერთი კვირით ადრე შეატყობინონ მეორე მხარეს. ნივთების დაბრუნების ვალდებულება დებულების მიხედვით, შეიძლება წარმოიშვას კონკრეტული პირის მოთხოვნით, რისთვისაც მას მეორე მხარეს უნდა შეატყობინოს ერთი კვირით ადრე.
2019 წლის 30 იანვარს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,ტე---------ის’’ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე, რის გამოც მოვალესთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები ექცევა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის სპეციალური მოწესრიგების ფარგლებში და დადგენილი წესით განისაზღვრება წარმოების მონაწილეთა უფლებები და მოვალეობები. 2019 წლის 30 იანვრამდე არსებული ვალების გადახდა აკრძალულია კანონით. ამასთან, ,,გადახდისიუუნარობის საქმის წარმობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, გრძელდება მოვალის საქმიანობის უწყვეტობისთვის არსებითი საქონლის/მომსახურების მიწოდება და ამ საქონლის/მომსახურების მოვალისთვის მიმწოდებელ პირს აეკრძალება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის საფუძვლით იმ ხელშეკრულების შეწყვეტა, რომელიც ითვალისწინებს მოვალის სასარგებლოდ მისი საქმიანობის უწყვეტობისთვის არსებითი საქონლის/მომსახურების მიწოდების დაწყებას ან/და გაგრძელებას, თუ მოვალე ასრულებს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შემდეგ წარმოშობილ ვალდებულებებს. აღნიშნულ პირს ხელშეკრულების ან საქონლის/მომსახურების მიწოდების შეწყვეტა შეუძლია მნიშვნელოვანი გარემოების არსებობისას, მეურვის თანხმობით, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში - სასამართლოს თანხმობით. ნორმის ანალიზი საფუძველია დასკვნისთვის, რომ იურიდიული პირის გადახდისუუნარობის სპეციალური რეჟიმის შემოღების გზით, კანონმდებლის მიზანია, პირველ რიგში თავად ვალაუვალი საზოგადოების ინტერესების დაცვა, რაც გულისხმობს კრედიტორების ვალდებულებას, არსებული მოთხოვნების შესახებ დადგენილი წესით განაცხადონ და მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური წესით, რიგითობის შესაბამისად მიიღონ შესრულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ტე---------ისათვის’’ მიწოდებული პროდუქცია მოექცა შპს ,,ტე---------ის’’ სასაქონლო მატერიალური მარაგების ჩამონათვალში და წარმოადგენს სამეურვეო მასის შემადგენელ ნაწილს.
ამასთან, წარმოდგენილი პროდუქციის ცხრილის მონაცემები შესაძლებელია ყოველდღიურად შეიცვალოს, რადგან შპს ,,ტე---------ის’’ მუშა პროცესი გრძელდება მეურვის ნებართვის საფუძველზე და ყოველდღიურად შეიძლება შეიცვალოს ჩამონათვალის მაჩვენებელი. მოპასუხემ სადავო გახადა ასევე მხარეთა შორის გაფორმებული ურთიერთშედარების აქტით დათვლილი დავალიანების ოდენობა, რადგან შპს ,,ტე---------ის’’ მუშა პროცესი მეურვის ნებართვის საფუძველზე გრძელდება და ყოველდღიურად შეიძლება შეიცვალოს.
კრედიტორთა დაკმაყოფილება უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით და რიგით, სამეურვეო ქონების რეალიზაციის ხარჯზე, კრედიტორთა ინტერესების თანაზომიერი დაცვის პრინციპის გათვალისწინებით. კომპანია აგრძელებს ფუნქციონირებას მეურვის ნებართვის საფუძველზე, გარდა ამისა კრედიტორთა პირველი კრება არ დასრულებულა და არ არის არჩეული მომრიგებელი საბჭოს წევრები, რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება კომპანიის შემდგომი სამართლებრივი მდგომარეობა.
2.2. შპს ,,ტე---------მა’’ განმარტა, რომ ვინაიდან მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, ნივთებს ვერ დაუბრუნებს მოსარჩელეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 26 თებერვალს შპს ,,გლ-----–-------------–--სა’’ და შპს ,,ტე---------ს’’ შორის დადებული მიწოდების გენერალური ხელშეკრულებით, მოსარჩელემ იკისრა არანაკლებ 2 250 000 ლარის ღირებულების საქონლის (სხვადასხვა ბრენდის ელ-ტექნიკა) მიწოდების ვალდებულება, მოთხოვნიდან (შეთანხმებიდან) არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ხოლო მყიდველ ვალდებული იყო 2016 წლის 31 დეკემბრამდე შეესყიდა მიწოდებული საქონელი.
3.1.2. მხარეთა შეთანხმებით, მიწოდებული საქონლის ღირებულების მიუხედავად, მყიდველის მიერ გადაუხდელი საქონლის ღირებულება არ უნდა ყოფილიყო 1 500 000 ლარზე მეტი, რადგან მყიდველი სარგებლობდა კრედიტით 1 500 000 ლარის ფარგლებში, რაც გულისხმობდა შპს ,,ტე---------ის’’ უფლებას, შემდგომი გადახდის პირობით მიეღო ამ ღირებულების პროდუქცია.
3.1.3. ხელშეკრულებით, მყიდველს შეძენილი საქონლის ღირებულების გადახდის ვალდებულება წარმოეშობოდა მხოლოდ იმ დროიდან, როდესაც მისი ღირებულება მიაღწევდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ თანხის ლიმიტს - 1 500 000 ლარს და მყიდველის მიერ სალიმიტო თანხის ზემოთ საქონლის შეძენის შემთხვევაში, მყიდველი ვალდებული იყო პირველ რიგში მოეხდინა ყველაზე ადრე (ინვოისზე მითითებული თარიღის გათვალისწინებით) მიწოდებული საქონლის ღირებულების გადახდა.
3.1.4. ხელშეკრულების თანახმად (პუნქტი 6.2.), მიმწოდებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მყიდველის მიერ არარეალიზებული საქონლის უკან დაბრუნება და აღნიშნულის თაობაზე წინასწარ ერთი კვირით ადრე შეატყობინოს მყიდველს, ხოლო მყიდველი ვალდებულია 6.2. პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოახდინოს არარეალიზებული საქონლის დაბრუნება და რეალიზებული საქონლის ღირებულების გადახდა ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესით.
3.1.5. მოგვიანებით, უკვე 2017 წლის 1 იანვარს მხარეებს შორის დაიდო თითქმის ანალოგიური შინაარსის ხელშეკრულება, რომლის 5.2. პუნქტის მიხედვით, მყიდველი იხდიდა მიწოდებული საქონლის ღირებულებას რეალიზაციის შემდგომი გადახდის (ე.წ. სელაუტის) პრინციპით, კერძოდ, საქონლის რეალიზაციის შემდგომ, ყოველი თვის ბოლოს მხარეთა მიერ მოხდებოდა სასაქონლო ნაშთის შედარება და სხვაობის არსებობის შემთხვევაში, მისი გადახდა მოხდებოდა მომდევნო თვის 30 რიცხვში.
3.1.6. ამ ხელშეკრულების 6.2. პუნქტის მიხედვით, მხარეები უფლებამოსილი არიან ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ნებისმიერ დროს მოითხოვონ საქონლის გატანა მყიდველის სავაჭრო ობიექტებიდან, რისთვისაც ისინი ვალდებული არიან წინასწარ ერთი კვირით ადრე შეატყობინონ მეორე მხარეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიწოდების გენერალური ხელშეკრულებები;
3.1.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 იანვარს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მომართა შპს ,,ტე---------ის’’ წარმომადგენელმა ლე-–------------მ, რომელმაც მოითხოვა შპს ,,ტე---------ის’’ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება, რაც 2019 წლის 30 იანვრის განჩინებით N2------- (ხარვეზის შევსების შემდგომ) მიღებულია წარმოებაში და მეურვედ დანიშნულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნული ბიურო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასამართლოს 30.01.2019წ. განჩინება საქმეზე N2-------;
3.1.8. 2019 წლის 7 მარტს შედგენილი ურთიერთშედარების აქტის თანახმად, 2019 წლის 30 იანვრის (განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ განჩინების თარიღი) მდგომარეობით შპს ,,ტე---------ის’’ დავალიანება შპს ,,გლ-----–-------------–--ის’’ მიმართ შეადგენს 4 218 355,77 ლარს (საიდანაც ძირითადი დავალიანებაა 3 865 730,77 ლარი, ხოლო დარიცხული პირგასამტეხლო - 352 625 ლარი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ურთიერთშედარების აქტი;
3.1.9. შპს ,,გლ-----–-------------–--მა’’ სხვადასხვა პერიოდში შპს ,,ტე---------ს’’ მიაწოდა სხვადასხვა დასახელების საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- პროდუქციის ცხრილი;
- სასაქონლო ზედნადებები;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
საქმეზე დადგენილი გარემოებები არ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება (სსკ-ის 316.1-ე მუხლი). ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის ნაწარმოებია ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან (სსკ-ის 317.1-ე მუხლი). ამდენად, ხელშეკრულება იურიდიული ფაქტია, რომელიც იწვევს ვალდებულებას, ვალდებულება კი სამართლებრივი ურთიერთობაა, რომელიც წარმოიშობა არა მხოლოდ ხელშეკრულებიდან, არამედ სხვა საფუძვლებიდანაც. ანუ, როგორც უკვე აღინიშნა, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ დამოუკიდებელ საფუძველს წარმოადგენს - ორი ან მეტი პირის შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას და იწვევს მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას.
6.2. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობა. კერძოდ, გადაწყვეტილების 3.1.1. და 3.1.5. პუნქტებით დადგენილია, რომ 2016 წლის 26 თებერვლისა და 2017 წლის 1 იანვრის ხელშეკრულებებით, მოსარჩელემ იკისრა შპს ,,ტე---------ისათის’’ საქონლის მიწოდების ვალდებულება, ხოლო მყიდველმა მიწოდებული საქონლის ღირებულების გადახდის ვალდებულება - ხელშეკრულების პირობების შესაბამისად (იხ. გადაწყვეტილების 3.1.5.; 3.1.6. პუნქტები). ამიტომ, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსკ-ის 319-ე, 327-ე, 477-ე მუხლების თანახმად მხარეთა შორის (გამყიდველი/მიმწოდებელი და მყიდველი) წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც ითვალისწინებდა საქონლის ნაწილ-ნაწილ (მოთხოვნის შესაბამისად) მიწოდებას და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ნასყიდობის საფასურის გადახდის თაობაზე მყიდველის მოვალეობას.
6.3. სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც,რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის,მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. იმავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამდენად, ნასყიდობა ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, რომელიც, როგორც ორმხრივ მავალდებულებელი გარიგება, ერთი მხრივ გამოიხატება, გამყიდველის ვალდებულებაში - გადასცეს მყიველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მეორე მხრივ, მყიდველის ვალდებულებაში - გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება. სწორედ ეს ორი ვალდებულებაა ნასყიდობის ხელშემკვრელ მხარეთათვის პირველადი ინტერესის საგანი, რომელიც უნდა შესრულდეს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად - ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სსკ-ის 361.2 მუხლი). მხარეთა შორის ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დასტურად წარმოდგენილია სასაქონლო ზედნადებები, რომლებიც შეიცავს შემდეგ რეკვიზიტებს: გამყიდველი - შპს ,,გლ-----–-------------–--ი’’; მყიდველი - შპს ,,ტე---------ი’’; საქონლის დასახელება, საქონლის რაოდენობა, საქონლის ღირებულება). ამიტომ, საფუძველს მოკლებულია მოსარჩელის მტკიცება, მასზედ, რომ შპს ,,ტე---------ი’’ არ წარმოადგენს მყიდველს და მას მიწოდებულ საქონელზე არ გააჩნია საკუთრების უფლება. მოსარჩელის ამგვარი პოზიცია წინააღმდეგობრივია ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობის, რადგან, რომ არა მიწოდებულ საქონელზე მყიდველის საკუთრების უფლების გადასვლა, შეუძლებელია შპს ,,ტე---------ს’’, შემდგომში, როგორც გამყიდველს, გაესხვისებინა მიწოდებული საქონელი მესამე პირებზე (მომხმარებელი, მყიდველი). უდავოა, რომ შპს ,,ტე---------ი’’ მესამე პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში, ბაზარზე მოქმედებს, როგორც გამყიდველი.
6.4. სადავო არა არის ფაქტი იმის შესახებ, რომ 2016 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მყიდველს შეძენილი საქონლის ღირებულების გადახდის ვალდებულება წარმოეშობოდა მხოლოდ იმ დროიდან, როდესაც მისი ღირებულება მიაღწევდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ თანხის ლიმიტს (1 500 000 ლარი) და მყიდველის მიერ სალიმიტო თანხის ზემოთ საქონლის შეძენის შემთხვევაში, მყიდველი ვალდებული იყო პირველ რიგში მოეხდინა ყველაზე ადრე (ინვოისზე მითითებული თარიღის გათვალისწინებით) მიწოდებული საქონლის ღირებულების გადახდა, ხოლო 2017 წლის ხელშეკრულების თანახმად, მყიდველი იხდიდა მიწოდებული საქონლის ღირებულებას საქონლის რეალიზაციის შემდგომ, კერძოდ, ყოველი თვის ბოლოს მხარეთა მიერ მოხდებოდა სასაქონლო ნაშთის შედარება და სხვაობის არსებობის შემთხვევაში, მისი გადახდა მოხდებოდა მომდევნო თვის 30 რიცხვში. ამიტომ, ნასყიდობის ღირებულების გადახდაზე (ანგარიშსწორებაზე) მხარეთა შეთანხმება, სსკ-ის 319-ე მუხლის შესაბამისად, არ ეწინააღმდეგება კანონს და არ გამორიცხავს მყიდველის საკუთრების უფლებას გადაცემულ ქონებაზე, რადგან ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ. ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა, როგორც უკვე აღინიშნა, გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. ამიტომ, ხელშეკრულების ის დებულებები, რაც ითვალისწინებდა 2016 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის უფლებას მოეთხოვა არარეალიზებული საქონლის დაბრუნება და 2017 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების მონაწილე პირთა (ორივე მხარის) უფლებას ნებისმიერ დროს მოეთხოვათ საქონლის გატანა მყიდველის სავაჭრო ობიექტებიდან, არ ცვლის სამართლებრივ მოცემულობას. ამდენად, სახელშეკრულებო დათქმა წარმოადგენს მითითებას მხარეთა უფლებაზე (სსკ-ის 501-ე მუხლი), მოითხოვონ არარეალიზებული ტექნიკის უკან დაბრუნება, ანუ არარეალიზებული ტექნიკის უკან დაბრუნების მოთხოვნა, პირის უფლებაა, რომელიც სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში, ვრცელდება უშუალოდ მხარეებზე და ნივთის გამოთხოვის პირობებში, დაბრუნების ვალდებულებას წარმოშობს იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულება (ვალდებულების მატარებელი პირის ნება) არ იზღუდება გარე ფაქტორებით (მესამე პირთან მიმართებით შესასრულებელი ვალდებულება, ანუ, როცა მასზე გავრცელებულია ყადაღა და ა.შ.). ნივთის უკან დაბრუნების ვალდებულების აღსრულება - ვალდებულების მატარებელი პირის მხრიდან არ უნდა არღვევდეს კანონით დადგენილ წესს (აკრძალვებს) და არ უნდა მოდიოდეს წინააღმდეგობაში საჯარო წესრიგთან (წინააღმდეგობრივი არ უნდა იყოს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და არ უნდა აუარესებდეს სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა მდგომარეობას). სხვაგვარი მიდგომის დაშვების შემთხვევაში, შესაძლებელია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე მიმდინარე აღსრულების ეტაპზე საფრთხის წინაშე დადგეს, თუნდაც სააღსრულებო წარმოების მონაწილის (კრედიტორის) ინტერესი, თუ ქონების დაყადაღების (იძულებით აღსრულების ღონისძიება) შემდგომ განხორციელდება - ნივთების უკან დაბრუნება. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგების პირობის აღსრულება, რომელიც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის საზიანოა - არ უნდა განხორციელდეს. აღსანიშნავია, ისიც, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლება არ არის მიბმული კონკრეტულ ვადაზე, რომლის დადგომა იწვევს ნივთების უკან დაბრუნების ვალდებულებას და აღადგენს გარიგების დადებამდე არსებულ მდგომარეობას. ნივთების დაბრუნების ვალდებულება, დებულების მიხედვით შეიძლება წარმოიშვას კონკრეტული პირის მოთხოვნით, რისთვისაც მან მეორე მხარეს უნდა შეატყობინოს 7 დღით ადრე. საქმის მასალებით მოსარჩელის მხრიდან ამგვარი მოთხოვნის წარდგენა მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის გახსნამდე - დაუდასტურებელია.
6.5. სადავო არ არის, რომ შპს ,,ტე---------ის’’ მიმართ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება. მეურვის განმარტებით, ქონება შესულია სამეურვეო მასაში, რამაც უნდა უზრუნველყოს კრედიტორთა ინტერესების დაკმაყოფილება. ამდენად, დაკმაყოფილება უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესითა და რიგით, სამეურვეო ქონების რეალიზაციის ხარჯზე, კრედიტორთა ინტერესების თანაბარზომიერი დაცვის პრინციპის გათვალისწინებით. შესაბამისად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის დროისათვის მოვალის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა წარმოადგენს მის კუთვნილ ქონებას და ითვლებოდა სამეურვეო ქონებად. ამ დროისათვის მას უკვე სამეურვეო ქონების სტატუსი აქვს და მისი განკარგვა ასეთი ფორმით (უკან დაბრუნება), რასაც მოვალე მოითხოვს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ კანონის პირველი მუხლის შესაბამისად დაუშვებელია. ამასთან, დავას არ იწვევს ის ფაქტიც, რომ სასამართლომ შპს ,,ტე---------ის’’ 17.01.2019წ. განცხადება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ წარმოებაში მიიღო ხარვეზის აღმოფხვრის შემდგომ - 30.01.2019წ. ამიტომ, იმის გამო, რომ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება - გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე, გადახდისუუნარობის საქმე გახსნილად ითვლება განცხადების შეტანის დღიდან (მუხლი 19.3.), რის გამოც მოვალესთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები ექცევა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის სპეციალური მოწესრიგების ფარგლებში და დადგენილი წესით განისაზღვრება წარმოების მონაწილეთა უფლებები და მოვალეობები.
6.6. ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, თუ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე, გადახდისუუნარობის საქმე გახსნილად ითვლება განცხადების შეტანის დღიდან. კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან: ა) მოვალეს ეკრძალება ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე; ბ) ნებისმიერი კრედიტორი უფლებამოსილია, კანონით განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოთხოვნები ვალის წარმოშობის საფუძვლის მითითებით; გ) ჩერდება მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება; დ) იკრძალება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, ჩერდება ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადო) დარიცხვა/გადახდა; ე) საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით საწარმო უფლებამოსილია მეურვის თანხმობით, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობით იკისროს ახალი სახელშეკრულებო ვალდებულებები. ნორმის ანალიზი საფუძველია დასკვნისათვის, რომ იურიდიული პირის გადახდისუუნარობის სპეციალური რეჟიმის შემოღების გზით, კანონმდებლის მიზანია, პირველ რიგში თავად ვალაუვალი საზოგადოების ინტერესების დაცვა, რაც გულისხმობს კრედიტორების ვალდებულებას, არსებული მოთხოვნების შესახებ დადგენილი წესით განაცხადონ და მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური წესით, რიგითობის შესაბამისად მიიღონ შესრულება. აღნიშნული შეზღუდვა აგრეთვე უზრუნველყოფს კრედიტორებისათვის თანაბარი პირობების შექმნას და რომელიმე მათგანს უპირატეს მდგომარეობაში არ აყენებს. ამ წარმოების განხორციელებისა და გადახდისუუნარობის მიზნიდან გამომდინარე, აუცილებელი ხდება გარკვეული შეზღუდვების დადგენა, როგორც (ძირითადად) მოვალისათვის ასევე კრედიტორებისათვის, რაც გამოიხატება ზემოთ მოხმობილი ნორმით (21-ე მუხლი) გათვალისწინებული აკრძალვების გამოყენებაში, გადახდისუუნარობის წარმოების დაწყების მომენტისთანავე.
6.7. სასამართლოს მიაჩნია, რომ ნივთები რომლის დაბრუნებასაც ითხოვს მოსარჩელე წარმოადგენს სამეურვეო ქონებას. სამეურვეო ქონება კი, კანონით განმარტებულია - ქონება, რომელიც მოვალეს ეკუთვნის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის მომენტისათვის, ასევე ამ მომენტიდან შეძენილი ან/და წარმოებული (შექმნილი) ქონება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, იმ ნივთებისა და მოთხოვნების გამოკლებით, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით იძულებით აღსრულებას არ ექვემდებარება (მე-3 მუხლი). სსკ-ის 147-ე მუხლის მიხედვით, ქონება - არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ კანონი ზღუდავს მოვალის უფლებას, საკუთარი შეხედულებით განკარგოს ის ქონება (სსკ-ის 147-ე მუხლი) რომელიც სამეურვეო მასის ნაწილია და რომლის (სამეურვეო ქონების) შენახვისა და დაცვის ვალდებულება საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობაზე მეურვის უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, სპეციალური კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ’’ და ,,ზ’’ ქვეპუნქტების შესაბამისად, უშუალოდ მეურვის ვალდებულებას წარმოადგენს და ანიჭებს მას უფლებას, განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები, რომლებიც დაკავშირებულია სამეურვეო ქონების განკარგვის უფლების შეზღუდვასთან. შესაბამისად, სპეციალური კანონის ანალიზი, გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ, რომ მეურვე ვალდებულია კანონის მიზნიდან გამომდინარე, მართოს სამეურვეო ქონება, უზრუნველყოს მხარეთა სამართლებრივი უსაფრთხოება, ინტერესთა ოპტიმალური და მიზანშეწონილი დაკმაყოფილება საწარმოს საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით. ამიტომ, მეურვის პოზიცია სარჩელის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით საფუძვლიანი და გასაზიარებელია.
7. საპროცესო ხარჯები.
7.1. სსსკ-ის 55-ე მუხლით გათვალისწინებული ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ ანგარიშსწორების წინაპირობა არ არსებობს (სახელმწიფო ბაჟი გადახდილია), რის გამოც საპროცესო ხარჯი უნდა გადაწყდეს იმავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამდენად, თუ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა ბაჟის სახით, დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
7.2. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეებს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება არ ეკისრებათ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. ამ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 და მე-11 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,გლ-----–-------------–--ის’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით, მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ლევან მიქაბერიძე