გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.04.2019
საქმის ნომერი
330310019002815893
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული, ადმინისტრაციული
თარიღი
16.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/509-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ნინო ჭალიძე

სხდომის მდივანი - ბეჟან ნემსაძე

 

მოსარჩელე - კ------------–---–ი

წარმომადგენელი – თ--------------–--ე

 

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 17 იანვრის N------ გადაწყვეტილება;

 

1.2. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც კ------------–---–ს დაენიშნება სახელმწიფო გასაცემელი (პენსია), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით, 2019 წლის 01 თებერვლიდან;

 

1.3. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კ------------–---–ის სასარგებლოდ 2013 წლის 09 სექტემბრიდან მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წერილობითი ფორმით შესაგებელი კ------------–---–ის სარჩელზე არ წარმოუდგენია, ამასთან, მოპასუხე მხარე სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. კ------------–---–ი დაიბადა 1----–-–------------------.

 

კ------------–---–მა 2018 წლის 24 დეკემბერს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს ტერიტორიულ ერთეულს და მოითხოვა მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს ტერიტორიული ერთეულის მიერ 2019 წლის 17 იანვარს გამოიცა N------ გადაწყვეტილება სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილების თანახმად, კ------------–---–ს ვერ დაენიშნებოდა სახელმწიფო გასაცემელი (პენსია), ვინაიდან დასაქმებული იყო ს---------------–----------------------–--–-აში.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის უფლებამოსილი პირის მიერ 2018 წლის 27 დეკემბერს გაცემული №------------- წერილის თანახმად, მოქალაქე კ------------–---–ს მისი 2018 წლის 24 დეკემბრის №------ განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პენსიის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. საჯარო საქმიანობა კი განმარტებულია, როგორც საქმიანობა ადმინისტრაციულ ორგანოში ან სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში განხორციელებული ანაზღაურებადი საქმიანობა, გარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობისა. განცხადებაზე თანდართული 2019 წლის 08 იანვრის N---- ცნობით, გაცემული ს---------------–----------------------–--–-ის მიერ ირკვევა, რომ აღნიშნული ცენტრი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, მიეკუთვნება საბიუჯეტო ორგანიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მუშაობის პერიოდში კ------------–---–ისათვის პენსიის დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- პირადობის მოწმობა (იხ.ს.ფ.21);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს ტერიტორიული ერთეულის 2019 წლის 17 იანვრის N------ გადაწყვეტილება (იხ.ს.ფ. 19);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის უფლებამოსილი პირის 2018 წლის 27 დეკემბრის №------------- წერილი (იხ.ს.ფ. 15).

 

3.2. ს---------------–----------------------–--–-ის 2019 წლის 08 იანვრის N---- ცნობით დგინდება, რომ კ------------–---–ი ნამდვილად მუშაობს ს---------------–----------------------–--–-აში 2009 წლის იანვრიდან დღემდე ასოციაციის კ---------ს პოზიციაზე და მისი თანამდებობრივი სარგო შეადგენს 900 (ცხრაას) ლარს. ამასთან, წერილით განმარტებულია, რომ ს---------------–----------------------–--–-ა წარმოადგენს პირთა წევრობაზე დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და შექმნილია ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის'' შესახებ და ა-----------ა შესახებ საქართველოს კანონების საფუძველზე. არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მის ძირითად შემოსავლის წყაროს წარმოადგენს საწევრო შენატანები და არ გააჩნია სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილება, შესაბამისად, ს---------------–----------------------–--–-ა არ არის საბიუჯეტო ორგანიზაცია.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ს---------------–----------------------–--–-ის 2019 წლის 08 იანვრის N---- წერილი (იხ.ს.ფ. 20).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ კ------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონი; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანება ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების შესახებ’’; ,,ა-----------ა შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.

 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - ,,სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 2019 წლის 17 იანვრის N------ გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე მიღებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ასევე ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალდებულებასაც მოითხოვს მოსარჩელე მოპასუხე მხარისაგან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს, გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელე მხარის მოთხოვნა 2013 წლის 1 ოქტომბრიდან გაუცემელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების შესახებ.

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა სახელმწიფო პენსიის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას. ამასთან, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

 

სასამართლო მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით. „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.

 

6.3. ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით განმარტებულია კომპეტენტური ორგანოს ცნება. კერძოდ, კომპეტენტური ორგანო არის ამ კანონით გათვალისწინებული მიზნებისათვის შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო, რომლის სახელმწიფო კონტროლს, წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის დანიშვნასა და დებულების დამტკიცებას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

 

პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს ცნებას ითვალისწინებს ასევე „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების დანართი №1, მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, სადაც განმარტებულია, რომ პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და გადაანგარიშებას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხე მხარის კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს პენსიის დანიშვნა, მისი გაცემა, ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირება.

 

6.4. სასამართლო მიუთითებს ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის (შემდგომ – პენსია) დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში.

 

მითითებული საკანონდებლო აქტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.

 

საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელე კ------------–---–ი დაიბადა 1----–-–-----------------------------------------------------ს. შესაბამისად, ის წარმოადგენს სახელმწიფო პენსიის მიღების უფლების მქონე სუბიექტს.

 

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. ამავე კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 10 დღისა. კომპეტენტური ორგანოს მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს და იგი აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ პენსიის მიღების პირობებს.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ კ------------–---–მა 2018 წლის 24 დეკემბერს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს ტერიტორიულ ერთეულს და მოითხოვა მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის მიერ 2019 წლის 17 იანვარს გამოიცა N------ გადაწყვეტილება სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილების თანახმად, კ------------–---–ს ვერ დაენიშნებოდა სახელმწიფო გასაცემელი (პენსია), ვინაიდან იგი დასაქმებული იყო ს---------------–----------------------–--–-აში. ამასთან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის უფლებამოსილი პირის მიერ 2018 წლის 27 დეკემბერს გაცემული №------------- წერილის თანახმად, მოქალაქე კ------------–---–ს მისი 2018 წლის 24 დეკემბრის №------ განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პენსიის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. საჯარო საქმიანობა კი განმარტებულია, როგორც საქმიანობა ადმინისტრაციულ ორგანოში ან საბიუჯეტო ორგანიზაციაში განხორციელებული ანაზღაურებადი საქმიანობა, გარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობისა. 2019 წლის 08 იანვრის N---- ცნობით, გაცემული ს---------------–----------------------–--–-ის მიერ ირკვევა, რომ აღნიშნული ასოციაცია წარმოადგენს პირთა წევრობაზე დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, არ მიეკუთვნება საბიუჯეტო ორგანიზაციას, რომლის ძირითად შემოსავლის წყაროს წარმოადგენს საწევრო შენატანი.

 

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.

 

მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა.

 

ამასთან, საპენსიო ასაკის პირისთვის პენსიის უფლების წარმოშობის ან წარმოშობილი უფლების შეწყვეტის დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელება. საჯარო საქმიანობის ცნებას განსაზღვრავს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-4 მუხლის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის ადმინისტრაციულ ორგანოში ან სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში განხორციელებული ანაზღაურებადი საქმიანობა, გარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო ხასიათის საქმიანობისა.

 

სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელე კ------------–---–ი მუშაობს ს---------------–----------------------–--–-აში (მოსარჩელის განმარტებით, ს---------------–----------------------–--–-აში დასაქმებულია კ---------ს პოზიციაზე).

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ს---------------–----------------------–--–-აციის 2019 წლის 08 იანვრის N---- წერილით ს---------------–----------------------–--–-ა წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის ძირითად შემოსავლის წყაროს წარმოადგენს საწევრო შენატანები და არ გააჩნია სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილება და შესაბამისად, ს---------------–----------------------–--–-ა არ არის საბიუჯეტო ორგანიზაცია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია დადგინდეს, ს---------------–----------------------–--–-ა, სადაც დასაქმებულია კ------------–---–ი, წარმოადგენს თუ არა საბიუჯეტო ორგანიზაციას.

 

სასამართლო მიუთითებს ,,ა-----------ა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლზე, რომლის თანახმად, საქართველოს ა-----------ა ასოციაცია არის პირთა წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ა-----------ა ასოციაციის საქმიანობის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები განისაზღვრება ასოციაციის წესდებით.

 

ს---------------–----------------------–--–-ის წესდების მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოს ა-----------ა ასოციაცია (შემდგომში - ,,ასოციაცია“) წარმოადგენს პირთა წევრობაზე დაფუძნებულ საჯარო სამართლის კორპორაციას და შექმნილია ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ და ,,ა-----------ა შესახებ“ კანონების საფუძველზე.

 

მითითებული წესდების 28-ე მუხლით განსაზღვრულია ასოციაციის შემოსავლის წყაროები, ესენია: საწევრო შენატანები; შემოწირულობები; გრანტით მიღებული ქონება და სახსრები; ტესტირების გადასახდელი; სასწავლო ცენტრიდან მიღებული შემოსავლები; სესხით ან კრედიტით მიღებული სახსრები; კანონით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები; საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს საქართველოს საბიუჯეტო სისტემის ფორმირების პრინციპებს, არეგულირებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების პროექტების მომზადების, განხილვის, დამტკიცების, ბიუჯეტების შესრულების, ანგარიშგებისა და კონტროლის წესებს, აგრეთვე საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების და ამ ხელისუფლებების ორგანოების მიერ შექმნილი/დაფუძნებული იურიდიული პირების საბიუჯეტო ურთიერთობებსა და პასუხისმგებლობას. ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების ორგანოებზე, აგრეთვე მათ მიერ შექმნილ/დაფუძნებულ იურიდიულ პირებსა და ორგანიზაციებზე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნულ ბანკზე, ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებსა და სამეწარმეო იურიდიულ პირებზე, ასევე – წევრობაზე დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი არიან ამ კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი ბიუჯეტებით განსაზღვრული პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში თანხის განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანიზაციები.

 

მითითებული საკანონდებლო აქტის მე-6 მუხლის ,,ს“ პუნქტის შესაბამისად, საბიუჯეტო ორგანიზაცია არის საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაფუძნებული ან/და მის მიმართ ანგარიშვალდებული/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული ორგანიზაცია, აგრეთვე სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), თუ იგი არის შესაბამისი დონის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანიზაცია.

 

განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დგინდება, რომ სსიპ ა-----------ა ასოციაცია სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების, ღონისძიებებისა და მათ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებების განმკარგავი საბიუჯეტო ორგანიზაციების ჩამონათვალში არ ფიქსირდება. სსიპ ა-----------ა ასოციაცია წარმოადგენს პირთა წევრობაზე დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და მისი შემოსავლის წყაროებია საწევრო შენატანები; შემოწირულობები; გრანტით მიღებული ქონება და სახსრები; ტესტირების გადასახდელი; სასწავლო ცენტრიდან მიღებული შემოსავლები; სესხით ან კრედიტით მიღებული სახსრები; კანონით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები; საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები. ს---------------–----------------------–--–-ა, დაფუძნების დღიდან დღემდე არასაბიუჯეტო ორგანიზაციას წარმოადგენს.

 

საგულისხმოა, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნიდან გამომდინარე შეზღუდვა წესდება იმ შემთხვევებში, როცა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდება ორი ფულადი გასაცემლის გაცემა. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ კ------------–---–ი, როგორც ს---------------–----------------------–--–-ის თანამშრომელი არ წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხელფასის მიმღებ სუბიექტს. ამდენად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ზემოაღნიშნულ გარემოებას და ასევე არასწორად განმარტა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რის გამოც უსაფუძვლოდ ეთქვა უარი მოსარჩელეს სახელმწიფო პენსიის დანიშნის შესახებ.

 

ამდენად, სასამართლო სრულად ეთანხმება მოსარჩელის მითითებას, რომ ს---------------–----------------------–--–-ა წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის ძირითად შემოსავლის წყაროს წარმოადგენს საწევრო შენატანები და არ გააჩნია სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილება, შესაბამისად არ არის საბიუჯეტო ორგანიზაცია. გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელე - კ------------–---–ი საქმიანობს ს---------------–----------------------–--–-აში, მისი საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო საქმიანობად, მას კანონის შესაბამისად არ შეუწყდება უფლება, მიიღოს სახელმწიფო პენსია კანონით დადგენილი წესით და ოდენობით. შესაბამისად, კ------------–---–ისათვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარი ეწინააღმდეგება კანონს.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვით კონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით და მან შეძლოს, იცოდეს რა არგუმენტებით დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებში მოქალაქის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით უნდა პასუხობდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით, კერძოდ, 51-ე და 52-ე მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ხოლო მისი გამოცემა უნდა მოხდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ სწორედ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

6.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ,,სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 2019 წლის 17 იანვრის N------ გადაწყვეტილება კ------------–---–ის მიმართ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც კ------------–---–ს 2019 წლის 1 თებერვლიდან დაენიშნება სახელმწიფო პენსია; შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს უნდა დაევალოს კ------------–---–ის სასარგებლოდ 2019 წლის 1 თებერვლიდან მიუღებელი პენსიის თანხის ანაზღაურება.

 

რაც შეეხება, კ------------–---–ის სასარგებლოდ 2013 წლის 09 სექტემბრიდან მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურებას, სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნა თავისი არსით წარმოადგენს ზიანის ანაზღაურებას. სზაკ–ის 207–ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. სამოქალაქო კოდექსის 992–ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, ანუ უნდა არსებობდეს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, ზიანი მიყენებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღვოდეს. ამასთან, ქმედება, რომელმაც პირს ზიანი მიაყენა, უნდა გამომდინარეობდეს პირის სამსახურეობრივი მოვალეობიდან და იყოს ბრალეული, ამდენად, ზიანის ანაზღაურებისთვის უნდა დადგინდეს შემდეგი საფუძვლების ერთობლივი არსებობა: ა) მართლსაწინააღმდეგო ქმედება; ბ) შედეგი–ზიანი; გ) მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; დ) პირის ბრალეულობა.

 

სასამართლო მიუთითებს სახელმწიფო პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მე–12 მუხლზე, რომლის თანახმად, პენსიონერს უფლება აქვს ა) მიიღოს პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამავე კანონის მე–13 მუხლის თანახმად, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. სასამართლო მიუთითებს, რომ სოციალური მომსახურების საგენტო ახდენს სახელმწიფო გასაცემლის ადმინისტრირებას, თუმცა სადავო შემთხვევაში მოსარჩელე ვერ ასაბუთებს, კონკრეტულად რომელი საკანონმდებლო ნორმის მოთხოვნა იქნა დარღვეული მოწინააღმდეგე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან და რაში გამოიხატება სოციალური მომსახურების სააგენტოს ქმედების/უმოქმედობის მართლსაწინააღმდეგო ქმედება.

 

შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უნდა ეთქვას უარი.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ასევე, მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-24-ე, 32-331-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. კ------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 2019 წლის 17 იანვრის N------ გადაწყვეტილება;

 

3. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე - კ------------–---–ს 2019 წლის 1 თებერვლიდან დაენიშნება სახელმწიფო პენსია და ამავე პერიოდიდან აუნაზღაუროს მიუღებელი სახელმწიფო პენსიის თანხა;

 

4. 2013 წლის 09 სექტემბრიდან მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

5. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე ნინო ჭალიძე