გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3-----------------
საქმე N2/36425-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25 მარტი,2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე შორენა წიქარიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი
მოსარჩელე სს გ-- ,,ს---------------’’
წარმომადგენელი ბ----- ს---–---, მ--------- ქ--------ე
მოპასუხე შპს ,,ს--------------ი’’
წარმომადგენელი ბ------- ვ-----–---–ი
დავის საგანი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. მოსარჩელის მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე შპს ,,ს--------------ს’’ მოსარჩელე სს გ-- ,,ს---------------’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 8800 ლარის გადახდა.
წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, მოპასუხე შპს ,,ს--------------ი’’ წარმოადგენს იურიდიულ პირს, რომელიც რეგისტრირებულია 2017 წლის 16 აგვისტოს სს-----------------------------------–------------ს მიერ და მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო კოდი 4--------. სს გ-- ,,ს---------------’’ წარმოადგენს იურიდიულ პირს, რომელიც რეგისტრირებულია 1--- წლის 2------ს ს----------–--------------–-------------–--ს მიერ და მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო კოდი 2--------. შპს ,,ს--------------სა’’ და სს გ-- ,,ს---------------ს’’ შორის 2018 წლის 22 იანვარს გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება #-----, რომლის თანახმად მოიჯარეს დროებით სარგებლობაში გადაეცა იჯარის საგანი შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით. ასევე შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე განისაზღვრა იჯარის საგნით ფაქტობრივად ნამუშევარი დღეების რაოდენობა, რომელმაც შეადგინა 7 დღე. ხელშეკრულების 4.1 პუნქის თანახმად, შპს ,,ს--------------ს’’ წარმოეშვა 7000 ლარის გადახდის ვალდებულება. ვინაიდან მოპასუხეს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ჩაბარდა 2018 წლის 15 თებერვალს, შპს ,,ს--------------ს’’ 7000 ლარის გადახდის ვალდებულება ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად უნდა შეესრულებინა 2018 წლის 20 თებერვლის ჩათვლით. მოპასუხის მიერ 5000 ლარი ჩაირიცხა 2018 წლის 23 თებერვალს, ხოლო 2000 ლარი კი - 2018 წლის 14 აგვისტოს. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 11.1 პუნქტის თანახმად, შპს ,,ს--------------ს’’ გადახდის შეთანხმებული პირობების დარღვევის შემთხვევაში უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 10 კალენდარული დღის საიჯარო ქირის 0,5 %-ის ოდენობით. ვინაიდან ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, იჯარის საგნის ფაქტობრივად სარგებლობისთვის ყოველდღიური საიჯარო ქირა შეადგენს 1000 ლარს, ხოლო ვადაგადაცილებამ 2018 წლის 21 თებერვლიდან 2018 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით შეადგინა 176 დღე, მოპასუხე შპს ,,ს--------------ი’’ ვალდებულია სს გ-- ,,ს---------------’’-ს გადაუხადოს 8800 ლარი. აღნიშნულის თაობაზე ეცნობა მოპასუხეს და გაეგზავნა შესაბამისი ანგარიშფაქტურა #--, რომელიც ჩაბარდა 2018 წლის 22 აგვისტოს, მაგრამ მოპასუხის მიერ ვალდებულება არ შესრულებულა, რის გამოც მოსარჩელემ მომართა სასამართლოს და ვალდებულების შესრულების დაგვიანებისთვის ითხოვს მოპასუხეზე პირგასამტეხლოს დაკისრებას (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ 1000 (ერთი ათასო) ლარის ნაწილში, ამასთან, ეთანხმება სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და სადავოდ არ ხდის მათ, არ ეთანხმება მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობას და განმარტა, რომ კეთილსინდისიერად ასრულებდნენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას. ანარიშფაქტურა ჩაბარდათ 2018 წლის მარტში. ბ------–-----ს გამორჩა, რომ გადაერიცხა თანხა, დარჩენილი იყო მხოლოდ 2000 ლარი, მაგრამ მოსარჩელემ პირგასამტეხლო იანგარიშა მთლიანი თანხიდან და არა გადასახდელი თანხიდან, შესაბამისად, მოთხოვნილი 8800 ლარი არის კაბალური, არაგონივრული და ემსახურება მოსარჩელის გამდიდრებას. მოპასუხემ აქცენტი გააკეთა კეთილსინდისიერებაზე და განმარტა, რომ რეალურად მან უთხრა მხარეს, რომ დარჩენილი ჰქონდა მასზე გადასახდელი თანხა, რომელიც ფირმის ბ------–-----ს გამორჩა, სწორედ ამიტომ თანახმაა, რომ გადაიხადოს 1000 ლარი პირგასამტეხლოს სახით, ხოლო მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა კი არაგონივრულად მიიჩნია (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო გარემოებაა, რომ მხარეთა შორის საქმიანი ურთიერთობა წლების განმავლობაში არსებობს.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2. შპს ,,ს--------------სა’’ და სს გ-- ,,ს---------------ს’’ შორის 2018 წლის 22 იანვარს გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება #-----, რომლის თანახმად მეიჯარე კისრულობს ვალდებულებას გადასცეს დროებით სარგებლობაში წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული იჯარის საგანი მოიჯარეს, ხოლო მოიჯარე კისრულობს ვალდებულებას გადაიხადოს საიჯარო ქირა წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების საფუძველზე.
ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, იჯარით მიღებული ქონების ფაქტობრივი სარგებლობისთვის მოიჯარე იხდის საიჯარო ქირას. იჯარის საგნის ფაქტობრივად სარგებლობისთვის ყოველდღიური საიჯარო ქირა შეადგენს 1000 ლარს დღგ-ს ჩათვლით და აღნიშნული თანხა მოიცავს მოიჯარეს მიერ გადასახდელ გადასახადებს, მოსაკრებლებს და ყველა სხვა სახის გადასახადებს, რომელთა გადახდა კანონმდებლობის საფუძველზე წარმოადგენს მოიჯარის ვალდებულებებს.
ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად მოიჯარე იღებს ვალდებულებას გადაიხადოს 4.1 პუნქტით განსაზღვრული საიჯარო ქირა, იჯარის საგნის ფაქტობრივი სარგებლობისთვის (ფაქტიურად ნამუშევარი დღეების გათვალისწინებით), წინამდებარე ხელშეკრულების 2.3. პუნქტის საფუძველზე გაფორმებული დაბრუნების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და ანგარიშფაქტურის გამოწერიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა.
ხელშეკრულების 11.1 პუნქტის თანახმად წინამდებარე ხელშეკრულების 9.1.2 პუნქტში (საიჯარო ქირის ვადაში გადახდის ვალდებულება) ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში მოიჯარეს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 10 კალენდარული დღის საიჯარო ქირის 0,5 %-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იჯარის ხელშეკრულება #----- (ს.ფ. 19-23)
3.3. იჯარის ხელშეკრულების თანახმად 2018 წლის 22 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტით მოიჯარეს დროებით სარგებლობაში გადაეცა იჯარის საგანი ბუ-–---------ი „კ----–უ“, ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 22 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 24)
3.4. 2018 წლის 05 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე განსაზღვრა იჯარის საგნით ფაქტობრივად ნამუშევარი დღეების ოდენობა, რომელმაც 22 იანვრიდან 3 იანვრის ჩათვლით შეადგინა 5 დღე, ხოლო 1 თებერვლიდან 5 თებერვლამდე - 2 დღე, სულ ფაქტიურად ნამუშევარი დღეების რაოდენობამ შეადგინა - 7 დღე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 5 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 25)
- საგადასახადო ანგარიშფაქტურები (ს.ფ. 26-27)
3.5. საიჯარო ურთიერთობიდან გამომდინარე შპს ,,ს--------------მა’’ 5000 ლარი ჩაირიცხა 2018 წლის 23 თებერვალს, ხოლო 2000 ლარი კი - 2018 წლის 14 აგვისტოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ანგარიშფაქტურები (ს.ფ. 26-27)
- საგადახდო დავალებები (ს.ფ. 28-29)
3.6. ხელშეკრულების პირობების დარღვევის შესახებ მოპასუხეს ეცნობა შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურის გაგზავნის გზით, რომელიც ჩაბარდა მას 2018 წლის 22 აგვისტოს.
მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდნეობით პირგასამტეხლოს გადახდას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ანგარიშ-ფაქტურა (ს.ფ. 30)
- 2018 წლის 25 სექტემბრის წერილი (ს.ფ. 31)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს, გარდა პირგასამტეხლოს ოდენობისა, მხარეთა მიერ სადავოდ არ გამხდარა.
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა - სს გ-- ,,ს---------------’’-ს სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 581-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 115-ე მუხლები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც. მითითებული ნორმიდან გამომდნარე მოიჯარის ვალდებულებას მეიჯარისათვის შეთანხმებული ფორმითა და ოდენობით ქირის გადახდა წარმოადგენს.
ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება არ შესრულდა ჯეროვნად. კერძოდ, მოპასუხის მიერ იჯარის საფასური გადახდილი იქნა ვადის დარღვევით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე სარჩელს ცნობს ნაწილობრივ, კერძოდ, პირგასამტეხლოს სახით 1000 ლარის დაკისრების ფარგლებში.
7.2. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს. პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებით შეთანხმებულ იქნა პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად მისი გადახდის ვალდებულება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლო წარმოადგენს აქცესორულ ვალდებულებას, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ძირითადი ვალდებულების არსებობის ფაქტი, რის გამოც მასთან ერთად პირგასამტეხლოც ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების ბოროტად გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგ-- სხვას. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების კანონიერებას, რის მიხედვითაც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა საფუძვლიანობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა შესწავლა.
მოთხოვნილი პირგასამტეხლო არ არის ადეკვატური ვალდებულების დარღვევის ხასიათთან.
პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობას პირგასამტეხლოს ოდენობასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზიანის არარსებობის პირობებში პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგაცილებულ დღეზე 200 ლარის ოდენობით უსაფუძვლოდ მაღალია იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების მიხედვით იჯარის თანხა ითვლებოდა ტექნიკის გამოყენების შემთხვევაში თითოეული დღის მიხედვით 1000 ლარის ოდენობით, ხოლო განსახილველ შემთხვევაში კი მოპასუხემ მხოლოდ 7 დღე ისარგებლა ტექნიკით და შესაბამისად, მოსარჩელეზე გადასახდელმა საიჯარო ქირამ შეადგინა 7000 ლარი, რაც ამჟამად გადახდილია.
ამდენად, აღნიშნულის გათვალსიწინებით მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს სახით იმაზე მეტი ოდენობის თანხის მოთხოვნა ვიდრე თავად ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს, არაგონივრულად უნდა იქნეს მიჩნეული და სასამართლოს მიერ იგი უნდა შემცირდეს გინივრულ ოდენობამდე 1000 ლარამდე, რაც მოპასუხე მხარემ აღიარა კიდეც. ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს მხარეთა შორის არსებულ მრავალწლიან საქმიან ურთიერთობას, რომელიც ამჟამადაც გრძელდება და ასევე მოპასუხე მხარის კეთილსინდისიერ დამოკიდებულებას, რომ თავად შეატყობინა მხარეს ბუღალტრის მიერ არასწორი დაანგარიშების შედეგებზე და აღნიშნულ შემდეგ დაუყოვნებლივ მოახდინა 2018 წლის აგვისტოს თვის მდგომარეობით არსებული ნაშთის - 2000 ლარის გადახდა, რითაც სრულად მოახდინა ვალდებულების შესრულება მის მიერ გამოყენებული 7 დღის საიჯარო ქირასთან მიმართებაში. გარდა აღნიშნულისა, პირგასამტეხლოს სახით 1000 ლარის დაკისრება გონივრულად ასევე უნდა იქნეს მიჩნეული იმ საფუძვლითაც, რომ სწორედ აღნიშნულ ოდენობას წარმოადგენს ტექნიკის ფაქტიურად ნამუშევარი ერთი დღის საიჯარო ქირა, რაც მოცემულ შემთხვევაში შესრულებული სამუშაოს მეშვიდედ ნაწილს წარმოადგენს და რაც სასამართლოს შეხედულებით არის გონივრული.
სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით, პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მოსარჩელეს არანაირი ზიანი არ მისგდომია და აღნიშნული პირგასამტეხლო არ ემსახურებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების სტიმულირებას, არამედ მიმართული იყო უბრალოდ ადმინისტრაციული, ინფორმაციული ხასიათის ვალდებულების მიმართ. სხვა შემთხვევა იქნებოდა, თუ მოპასუხე მას განზრახ არ მიაწვდიდა, რათა რეალურ ინფორმაციასა და გადახდილ თანხების შორის ყოფილიყო სხვაობა და ამით ეზარალა მოსარჩელეს, თუმცა როგორც აღინიშნა, რაიმე ფინანსური ზიანი მოსარჩელე მხარეს აღნიშნულით არ მიდგომია, რაც ხაზს უსვამს როგორც მოპასუხის კეთილსინდისიერებას, ასევე პირგასამტეხლოს ოდენობის არაადეკვატურობას.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხემ დაკმაყოფილებულ ნაწილში სარჩელი სცნო, მოსარჩელე სს გ-- ,,ს---------------’’-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 264 ლარიდან 30 ლარი მოპასუხის მიერ აღიარებული და დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, ხოლო 234 ლარი კი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პროპორციულად.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს გ-- ,,ს---------------ს" (ს/კ 2--------) სარჩელი მოპასუხე შპს “ს--------------ის" (ს/კ 4--------) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. შპს “ს--------------ი"-ს (ს/კ 4--------) მოსარჩელე სს გ-- ,,ს---------------ს" (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს შემცირებული პირგასამტეხლო 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით გადახდა.
2. მოსარჩელე სს გ-- ,,ს---------------ს" (ს/კ 2--------) მის მიერ 2018 წლის 1------------–-- (საგადახდო დავალება N-----, სახაზინო კოდი 300773150, ბანკის კოდი TRESGE22) გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან დაუბრუნდეს 30 (ოცდაათი) ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა 70 (სამოცდაათი) ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. მოსარჩელის მიერ 2018 წლის 1------------–- (საგადახდო დავალება N----, სახაზინო კოდი 300773150, ბანკის კოდი TRESGE22) გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 164 (ასსამოცდაოთხი) ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა წიქარიძე