გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3-----------------
საქმე №2/19687-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - შორენა წიქარიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი
მოსარჩელე - სს „თ----------ი“
წარმომადგენელი - ე---------- ქ---------
მოპასუხე - ნ-----------–---–ი
წარმომადგენელი - ლ-–--–------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ნ-----------–---–ს მოსარჩელე სს „თ----------ის“ სასარგებლოს 2016 წლის 28 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს ძირი თანხა - 1771.59 ლარი და პირგასამტეხლო - 1007.16 ლარის ოდნეობით გადახდა;
1.2. მოპასუხეს ნ-----------–---–ს მოსარჩელე სს „თ----------ის“ სასარგებლოს 2016 წლის 3 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების ძირი თანხა - 2647.17 ლარი, პროცენტი - 376.01 ლარი, პირგასამტეხლო - 877.05 ლარი და დაზღვევა - 6.28 ლარის ოდენობით გადახდა.
წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, 2016 წლის 28 დეკემბერს სს ,,თ----------სა’’ (რეორგანიზაციამდე სს ,,ბ--------------–--ა’’) და ნ-----------–---–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 3543.24 ლარი შემდეგი პირობებით: კრედიტის ვადა 18 თვე, დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, ყოველი თვის 08 რიცხვში და უნდა დასრულებულიყო 2018 წლის 08 ივლისს. ყოველთვიურად გადასახდელი თანხა იყო 196.85 ლარი. ფიქსირებული პირგასამტეხლო გრაფიკის დარღვევისთვის შეადგენდა 10 ლარს, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენდა 0,5 %-ს.
მოპასუხემ თანხა აითვისა 2016 წლის 30 დეკემბერს. გადახდის გრაფიკი პირველად დააღვია 2017 წლის 09 დეკემბერს, არასრულად განახორციელა ყოველთვიური მინიმალური შენატანი, შესაბამისად, მომდევნო დღიდან დაიწყო პირგასამტეხლოს დარიცხვა. ბოლო გადახდა განახორციელა 2017 წლის 11 ოქტომბერს 203.39 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც სესხის დასაფარად თანხა არ შეუტანია. მოპასუხის დავალიანებამ მოსარჩელის წინაშე შეადგინა 2778.75 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 1771.59 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 1007.16 ლარი.
2016 წლის 03 ივნისს სს ,,თ----------სა’’ და ნ-----------–---–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 4000 ლარის ოდენობით. კრედიტის მოქმედების ვადა იყო 1180 დღე. წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 19.5 %-ს. კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო გრაფიკის თანახმად ყოველი თვის 27 რიცხვში. ყოველთვიური შენატანის ოდენობა განისაზღვრა 141.18 ლარის ოდენობით. ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენდა 20 ლარს და 0,5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებელი ვალდებული იყო განეხორციელებინა სიცოცხლის დაზღვევა კრედიტის მიმდინარე ოდენობაზე ბანკის სასარგებლოდ. ასევე ვალდებული იყო სესხის მოქმედების განმავლობაში თანდართული გრაფიკის შესაბამისად გადაეხადა დაზღვევის პრემია გადახდის მომენტში მოქმედი, შესაბამისი სადაზღვევო კომპანიის მიერ დადგენილი სატარიფო ნიხრებისა და პირობების შესაბამისად.
მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკი პირველად დაარღვია 2017 წლის ოქტომბრის თვეში, არ განახორციელა ყოველთვიური მინიმალური შენატანი, ბოლო გადახდა ფიქსირდება 2017 წლის 27 სექტემბერს, რის შემდეგად მას სესხის დასაფარად თანხა არ შეუტანია. მოპასუხის დავალიანება 2018 წლის 21 ივნისს გაცემული ცნობის საფუძველზე შეადგენს 3906.51 ლარს, საიდანაც სესხის ძირია 2647.17 ლარი, პროცენტი-376.01 ლარი, პირგასამტეხლო - 877.05 ლარი, ხოლო დაზღვევის თანხა 6.28 ლარი.
არაერთი გაფრთხილების მიუხედავად მოპასუხეს მოსარჩელის წინაშე არსებული ვალდებულება არ შეუსრულებია და მისი დავალიანება სრულად შეადგენს 6685.26 ლარს.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სახელმწიფოს მიერ მოხდა მოვალეებისათვის ვალის პატიება და დავალიანებების ჩამოწერა, შესაბამისად, მოპასუხეს ეპატია ვალი, რომელიც მას აღებული ჰქონდა სს ,,ბ--------------–--ა’’-დან და რომელიც გადაეცა სს ,,თ----------ს’’ როგორც სს ,,ბ--------------–--ა’’-ს უფლებამონაცვლეს. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით ჩამოწერილი თანხის მითითება v-------ს საიტზე არ ნიშნავს, რომ ავტომატურად მითითებული თანხა ჩამოეწერება მოპასუხეს ან ჩამოწერილი თანხა ავტომატურად შეიძლება დაემთხვეს დავალიანების ცნობაში მითითებულ თანხას. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს ჩამოეწერა სს ,,თ----------ი’’-ს მიმართ არსებული დავალიანება 4136,15 ლარის ოდენობით, რომელიც წარმოშობილი იყო პირველი ხელშეკრულებიდან. კერძოდ, დავალიანება წარმოშობილია სს ,,ბ--------------–--ა’’-ს მიმართ 2016 წლის 28 დეკემბრის ხელშეკრულებიდან, რომელიც 2018 წლის დეკემბრის მდგომარეობით შეადგენდა სწორედ იმ ოდენობის თანხას, რაც ზემოაღნიშნულ საიტზე იყო მითითებული, ხოლო ბანკის მიერ გაცემული ცნობის თანახმად კი 2018 წლის 21 ივნისის მდგომარეობით აღნიშნული დავალიანება შეადგენდა 2778 ლარს. ამდენად, აღნიშნული დავალიანების სხვაობა გამოწვეული იყო დაანგარიშების დროის მონაკვეთით, კერძოდ, სასარჩელო მოთხოვნა 2018 წლის ივნისის მდგომარეობით იყო დაანგარიშებული, ხოლო სახელმწიფო მიერ ვალის ჩამოწერის დროს - 2018 წლის დეკემბრის თვის მდგომარეობით, რის გამოც v-------ზე არსებული ინფორმაცია განსხახვდება სარჩელში არსებული ინფორმაციისგან.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტების თანახმად, ვინაიდან განულების აქციაში მოხვდა 2016 წლის 18 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანება 2778 ლარის ოდენობით, რომელიც გადაეცა სხვა სუბიექტს და აღნიშნული თანხა ჩამოეწერა მოპასუხეს, შესაბამისად, სს ,,თ----------ს’’ აღნიშნული ვალის მოთხოვნის უფლება აღარ გააჩნია. აღნიშნულ ვალთან მიმართებაში მოსარჩელე წარმოადგენს არაუფლებამოსილ პირს და ვერ განახორციელებს მის მართვას და მოთხოვნას მოპასუხისგან. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში შეიძლება ითქვას, რომ ბანკს მოთხოვნა არ გააჩნია და ვერც ექნება. რაც შეეხება მეორე მოთხოვნას 2016 წლის 3 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის თაობაზე, აღნიშნული თანხის ჩამოწერა არ მომხდარა სახელმწიფო მიერ, შესაბამისად, მოპასუხემ უნდა შეასრულოს მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და გადაიხადოს თანხა.
რაც შეეხება მოპასუხე მხარის წრამომადგენლის მოსაზრებას, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით, მოსარჩელემ განმარტა, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობამ გამოიწვია ბანკის ზარალი, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა. (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ნ-----------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის უსაფუძვლო და უკანონო, რადგან მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება სიმართლეს. შესაბამისად, არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები. მოპასუხის განმარტებით მას ფაქტობრივად გადახდილი აქვს მოსარჩელის წინაშე არსებული ვალდებულების 90 %, მხარის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო კი არის შეუსაბამოდ მაღალი.
ამასთან მოპასუხემ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სასესხო დავალიანება ს----------–-----------------------ის ბრძანებით ჩამოწერილი იქნა ოფიციალურად წინასაარჩევნოდ. შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნა არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.
მოპასუხის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განმარტებით, მას ეპატია სს ,,თ----------ი’’-ს წინაშე არსებული ვალი 4136.15 ლარის ოდენობით, ხოლო მოსარჩელე მოითხოვს არა 3906 ლარიანი დავალიანების განულებას, არამედ 2778 ლარიანი ვალდებულების ჩამოწერას. შესაბამისად, გაურკვეველია რა სამართლებრივ საფუძველს ემყარება მოსარჩელის მოთხოვნა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი დარეგულირდა 2018 წლის დეკემბერში, ხოლო საქმის მასალებით დადგენილია, რომ იმ პერიოდში, როდესაც მხარეებმა სასამართლოში წარმოება დაიწყეს, სარჩელის მონაცემებში მითითებულია 3906 ლარი, ამასთანავე მხარეს დართული აქვს გრაფიკი, რომლის თანახმად მოპასუხეს 2017 წლის შემდგომ არაფერი გადაუხდია, შესაბამისად, მოსარჩელემ სახელმწიფოს ან შეგნებულად მიაწოდა არასწორი ინფორაცია და შეგნებულად შეიყვანა შეცდომაში, ან კიდევ სახელმწიფომ აპატია სს ,,თ----------ი’’-ს მიმართ არსებული ვალი და ამდენად, ნაპატიებ თანხას უნდა გამოაკლდეს მოთხოვნილი დავალიანების 3906 ლარი და ისე მოხდეს ვალდებულების დაფარვა. მოპასუხისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ ვისი უფლებამონაცვლეა, ანუ არის თუ არა სს ,,თ----------ი’’ სს ,,ბ--------------–--ა’’-ს უფლებამონაცვლე. ცალსახად არსებობს ფაქტი, რომ არის ორი საკრედიტო ხაზი და მათგან გამომდინარე დავალიანება 2778 ლარის და 3906 ლარის ოდენობით და არსებობს სახელმწიფოს მიერ ვალის პატიების დოკუმენტი, რომლითაც მოპასუხეს ჩამოეწერა/ეპატია სს ,,თ----------ი’’-ს მიმართ არსებული ვალდებულება 4136.15 ლარის ოდენობით. ამდენად, წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად მოპასუხეს ეპატია არა ბ---------------–---ს“, არამედ სს ,,თ----------ი’’-ს მიმართ არსებული სესხი, შესაბამისად, მოპასუხეს უნდა გაექვითოს უფრო მაღალი რისკისა და ოდენობის მქონე დავალიანება 3906 ლარის ოდენობით და არა მცირე დავალიანება.
ამასთან, მოპასუხის წარმომადგენელმა დამატებით მიუთითა, რომ არ შეიძლება სასამართლო დაეყრდნოს მხოლოდ ბანკის მიერ წარმოდგენილ ცნობას დავალიანების შესახებ, რადგან ცნობა წარმოადგენს ტექნიკური ხასიათის ამონაწერს და მასში ცვლილების შეტანის საშუალება ბანკს გააჩნია, ამასთან, არის პროგრამა, რომელიც შეიძლება ტექნიკურად აირიოს, შესაბამისად, ცნობა არ წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებას.
მოსარჩელე მხარემ ასევე მიუთითა, რომ იგი 2016 წლის 28 დეკემბრის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილ ვალდებულებას სრულად სცნობდა და ითხოვდა მხოლოდ პირგასამტეხლოს შემცირებას, ხოლო 2016 წლის 03 ივნისის ხელსეკრულებიდან წარმოპშობილი დავალიანება კი სახელმწიფოს მიერ იყო ჩამოწერილი და მას ვალი ნაპატიები ჰქონდა, რის გამოც აღნიშნულ ნაწილში მოთხოვნა უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
მოგვიანებით მოაპსუხე მხარემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მიუთითა, რომ ვინაიდან მოსარჩელე მხარემ განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა უფლება 2016 წლის 28 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მის მიმართ წარმოედგინა ვალდებულების შესრულების მოთხოვნა, ხოლო 2016 წლის 03 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება სახელმწიფოს მიერ განულებულიყო, შესაბამისად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არცერთ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილებულიყო (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო გარემოებაა, რომ ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადახდის გრაფიკი მოპასუხის მიერ დარღვეულია.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება
4. დადგენილი სადავო გარემოებები:
4.1. 2016 წლის 28 დეკემბერს სს ,,თ----------სა’’ (რეორგანიზაციამდე სს ,,ბ--------------–--ა’’) და ნ-----------–---–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 3543.24 ლარი შემდეგი პირობებით: კრედიტის ვადა 18 თვე, დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, ყოველი თვის 08 რიცხვში და უნდა დასრულებულიყო 2018 წლის 08 ივლისს. ყოველთვიურად გადასახდელი თანხა იყო 196.85 ლარი. ფიქსირებული პირგასამტეხლო გრაფიკის დარღვევისთვის შეადგენდა 10 ლარს, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენდა 0,5 %-ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 16-20)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.2 მოპასუხემ 2016 წლის 28 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხა აითვისა 2016 წლის 30 დეკემბერს. გადახდის გრაფიკი პირველად დააღვია 2017 წლის 09 დეკემბერს, არასრულად განახორციელა ყოველთვიური მინიმალური შენატანი, შესაბამისად, მომდევნო დღიდან დაიწყო პირგასამტეხლოს დარიცხვა. ბოლო გადახდა განახორციელა 2017 წლის 11 ოქტომბერს 203.39 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც სესხის დასაფარად თანხა არ შეუტანია. მოპასუხის დავალიანებამ მოსარჩელის წინაშე შეადგინა 2778.75 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 1771.59 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო-1007.16 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადახდის ისტორია (ს.ფ. 23)
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 22)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.3 2016 წლის 03 ივნისს სს ,,თ----------სა’’ და ნ-----------–---–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 4000 ლარის ოდენობით. კრედიტის მოქმედების ვადა იყო 1180 დღე. წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 19.5 %-ს. კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო გრაფიკის თანახმად ყოველი თვის 27 რიცხვში. ყოველთვიური შენატანის ოდენობა განისაზღვრა 141.18 ლარის ოდენობით. ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენდა 20 ლარს და 0,5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებელი ვალდებული იყო განეხორციელებინა სიცოცხლის დაზღვევა კრედიტის მიმდინარე ოდენობაზე ბანკის სასარგებლოდ. ასევე ვალდებული იყო სესხის მოქმედების განმავლობაში თანდართული გრაფიკის შესაბამისად გადაეხადა დაზღვევის პრემია გადახდის მომენტში მოქმედი, შესაბამისი სადაზღვევო კომპანიის მიერ დადგენილი სატარიფო ნიხრების და პირობების შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სწრაფი სამომხმარებლო სესხის განაცხადის ფორმა (ს.ფ. 24-25)
- საბანკო საკრედიტო ხელშეკრულება, სესხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 26-37)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.4 მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკი პირველად დაარღვია 2017 წლის ოქტომბრის თვეში, არ განახორციელა ყოველთვიური მინიმალური შენატანი, ბოლო გადახდა ფიქსირდება 2017 წლის 27 სექტემბერს, რის შემდეგად მას სესხის დასაფარად თანხა არ შეუტანია. მოპასუხის დავალიანება 2018 წლის 21 ივნისს გაცემული ცნობის საფუძველზე შეადგენს 3906.51 ლარს, საიდანაც სესხის ძირია 2647.17 ლარი, პროცენტი - 376.01 ლარი, პირგასამტეხლო - 877.05 ლარი, ხოლო დაზღვევის თანხა 6.28 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადახდის ისტორია (ს.ფ. 39-40)
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 22)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.5. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად მოპასუხეს მოსარჩელის წინაშე არსებული ვალდებულება არ შეუსრულებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გაფრთხილებები (ს.ფ. 41-42)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.6. ინტერნეტ საიტზე სახელწოდებით v------, არსებული ინფორმაციით, მოპასუხეს ჩამოეწერა/ეპატია სს ,,თ----------ი’’-ს მიმართ არსებული ერთი ხელშეკრულებიდან არსებული დავალიანება 4136.15 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა თანხის ჩამოწერის თაობაზე (ს.ფ. 123)
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სს „თ----------ის“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია, თუმცა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, უნდა შემცირდეს მოსარჩელის მოთხოვნა მხოლოდ პირგასამტეხლოს ნაწილში.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 867-ე, 868-ე, 870-ე, 873-ე, 417-ე, 420-ე მუხლები
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ამავე კოდექსის 868-ე მუხლის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
წამოდგენილ შემთხვევაში მხარეთა შორის საკრედიტო ხელშეკრულებების გაფორმებით წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მოპასუხე ნ-----------–---–მა მოსარჩელესთან ორჯერ დადო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება - 2016 წლის 28 დეკემბერსა და 2016 წლის 03 ივნისს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი პოზიციის თანახმად, მოსარჩელე 2016 წლის 28 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 2778 ლარის ანაზღაურების თაობაზე მოპასუხისგან არ ითხოვს, როგორც არაუფლებამოსილი სუბიექტი, ვინაიდან სს ,,თ----------ს’’ აღნიშნული ვალის მოთხოვნის უფლება აღარ გააჩნია და მასთან მიმართებაში წარმოადგენს არაუფლებამოსილ პირს.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის აღნიშნული პოზიცია უთანაბრდება სასარჩელო მოთხოვნის შემცირების შუამდგომლობას, რაც რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლით. აღნიშნული საკითხი შეიძლება გაუთანაბრდეს კიდეც მოცემულ ნაწილში სარჩელზე უარის თქმასაც, ვინაიდან მოსარჩელეს არ გააჩნია რაიმე სახის მოთხოვნა 2016 წლის 28 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის მიმართ. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში ვერ მოახდინა სასარჩელო მოთხოვნის გახმობა სასამართლოს მთავარ სხდომაზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის საფუძველზე, ვინაიდან თანხმობა არ განაცხადა მოპასუხე მხარემ, შესაბამისად, ფორმალურად კვლავ დარჩა სასარჩელო მოთხოვნები იმ სახით, როგორც თავდაპირველად იქნა წარმოდგენილი სასამართლოს წინაშე, თუმცა შინაარსობრივად მოსარჩელე აღარ დავობდა აღნიშნულზე. ამასთან, ვინაიდან თავად მოსარჩელე მხარის წარმომადგენემა განაცხადა, რომ მას არ გააჩნია აღნიშნულ ნაწილში მოპასუხის მიმართ რაიმე სახის მოთხოვნა, შესაბამისად, სასამართლო სწორედ სასარჩელო მოთხოვნის შემცირებად განიხილავს აღნიშნულს.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა 2018 წლის 28 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებასთან მიმართებაში და აღნიშნულ თანხას აღარ ითხოვს მოპასუხესთან მიმართებაში, შესაბამისად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა 2016 წლის 28 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება 2016 წლის 03 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნას, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მოპასუხე ნ-----------–---–ს სს ,,თ----------ი’’-ს მიმართ არსებული სახელშეკრულებო ვალდებულებები არ აქვს სრულად და ჯეროვნად შესრულებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის ვალდებულებას, მოპასუხე ნ-----------–---–მა ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ 2018 წლის 21 ივნისის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება 3906.51 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირია 2647.17 ლარი, პროცენტი-376.01 ლარი, პირგასამტეხლო - 877.05 ლარი, ხოლო დაზღვევის თანხა 6.28 ლარი.
აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.
სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს საქმეში არსებულ მტკიცებულებას, კერძოდ, v-------ს საიტზე არსებული ინფორმაცია მოპასუხის დავალიანების ჩამოწერის თაობაზე. იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში მოპასუხე მხარის მიერ არ წარმოდგენილა მტკიცებულება, რომ აღნიშნული ვალდებულების განულება ეხებოდა სწორედ 2016 წლის 03 ივნისის ხელშეკრულებას (რაზეც თავად მიუთითა), ამასთან, მოსარჩელემ თავისი ქმედებით სწორედ აღნიშნულის საფუძველზე თქვა უარი პირველ სასარჩელო მოთხოვნაზე, როგორც არაუფლებამოსილმა პირმა, მოეთხოვა 2016 წლის 28 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2016 წლის 03 ივნისის ხელშეკრულებას არ შეეხო სახელმწიფოს პროგრამა, რის გამოც იგი კვლავ მოსარჩელის მოთხოვნის სფეროში დარჩა.
7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით წერილობითი ფორმით განისაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა და მათი დარიცხვის წესი. ვინაიდან მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება ჯეროვნად, აღნიშნული წარმოადგენს მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არ არის გონივრულ შესაბამისობაში, შესაბამისად, სასამართლომ უნდა შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. კერძოდ, მოპასუხე ნ-----------–---–ს სს ,,თ----------ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 03 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 877.05 ლარის ნაცვლად შემცირებული პირგასამტეხლო - 300 ლარის ოდენობით.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სახელმწიფო ბაჟის დაანგარიშების დროს სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს მიერ სრულად მოხდა ორივე სასარჩელო მოთხოვნაზე არსებითად მსჯელობა, ამასთან, 2016 წლის 28 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2778,75 ლარის დავალიანებაზე სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ უარი თქვა მოთხოვნაზე, ხოლო მოპასუხემ კი აღნიშნულ ნაწილში სცნო მოთხოვნა, რაც მითითებულ ნაწილსი მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების საფუძველია, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 200,56 ლარიდან მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს 83,36 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა 117,20 ლარის ოდენობით კი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ამასთან, ვინაიდან სარჩელი 2016 წლის 03 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სასამართლომ მხოლოდ შეამცირა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, შესაბამისად, აღნიშნულის გათავალისწინებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახადილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 99,89 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს „თ----------ის“ სარჩელი მოპასუხე ნ-----------–---–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე ნ-----------–---–თვის სს „თ----------ის“ სასარგებლოდ 2016 წლის 28 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 2778.75 ლარის დაკისრების თაობაზე - არ დაკმაყოფილდეს.
1.2. მოპასუხე ნ-----------–---–ს მოსარჩელე სს „თ----------ის“ სასარგებლოდ 2016 წლის 03 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების ძირი თანხა - 2647.17 ლარი, პროცენტი - 376.01 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო - 300 ლარისა და დაზღვევა - 6.28 ლარის ოდენობით გადახდა.
2. სს „თ----------ის“ მიერ 2--------8 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 200.56 ლარიდან მოსარჩელეს დაუბრუნდეს 83,36 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა 117,20 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. მოპასუხე ნ-----------–---–ს მოსარჩელე სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 99,89 ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა წიქარიძე