გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-23-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18.04.2019 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნ---- თ----–---–ი
სხდომის მდივანი ე-–--- ო----ე
მოსარჩელე: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო,წარმომადგენელი: ნ---- ს------–---–ი, ი--------–--ა,მოპასუხე: თ-----ი კ----–---–ი,დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხე თ-----ი კ----–---–ისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ჯარიმის 3 000 ლარის დაკისრებას.
მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 03 ნოემბრის №7--- ბრძანებით თ-----ი კ----–---–ი გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში, დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზ---- ფ-----ის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის რეკრუტად, მიენიჭა პირველადი სამხედრო წოდება „რიგითი" და ჩაირიცხა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე. 2017 წლის 03 ნოემბერს თ----- კ----–---–სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 04 ნოემბრის №6-- ბრძანებით დამტკიცებული №4------ კონტრაქტი „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ", რომლის ვადაც განისაზღვრა ოთხი წლით, თუმცა თ-----ი კ----–---–მა 2018 წლის 10 ოქტომბერს პირადი პატაკის საფუძველზე მოითხოვა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა, რაც დაკმაყოფილდა და გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 11 ოქტომბრის №6--- ბრძანებით, თ-----ი კ----–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან სამხედრო მოსამსახური სტატუსის შესახებ საქათველოს კანონის 21-ე მუხლის „თ" ქვეპუნქტით-კონტრაქტის პირობების დარღვევით, (პირადი პატაკის საფუძველზე), ამავე კონტრაქტის 7.3. პუნქტით განისაზღვრა „სამხედრო მოსამსახურის"ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი, კერძოდ, თუ „სამხედრო მოსამსახურე" ამ კონტრაქტის მოქმედების პირველი ორი წლის გავლის პერიოდში ვადამდე იქნებოდა დათხოვნილი საკონტრაქტო სამსახურიდან საქათველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას ის უპირობოდ გახდებოდა ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან ჯარიმის სახით აენაზღაურებინა „სამინისტროსთვის" 3 000 (სამი ათასი) ლარის. თ-----ი კ----–---–ი 2018 წლის 11 ოქტომბრის №6--- ბრძანებით დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალებიდან კონტრაქტის პირობების დარღვევით. კონტრაქტის გაფორმებიდან მას აქვს ნამსახურები ორ წელზე ნაკლები, ამდენად მოპასუხეს წარმოეშვა ფინანსური პასუხისმგებლობა კერძოდ, 7.3. პუნქტის მიხედვით 3 000 (სამი ათასი) ლარის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც მოპასუხეს თავდაცვის სამინისტროსთვის არ აუნაზღაურებია.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი წერილობითი შესაგებელით სარჩელი ცნო. ამასთან, 2019 წლის 18 აპრილს გამართულ სამართლლო სხდომაზე მიუთითა, რომ 3 000 ლარის გადახდის საშუალება ერთდროულად არ აქვს და ითხოვა თანხის განწილვადება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 03 ნოემბრის №MOD51700007--- ბრძანებით, თ-----ი კ----–---–ი გაწვეული იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში და დაინიშნა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ორმოცდამეერთე მექანიზებული ბატალიონის პირველი მექანიზებული ასეულის მესამე მექანიზებული ოცეულის პირველი მექანიზებული ათეულის პირველი რიგის მეტყვიამფრქვევედ.
2017 წლის 03 ნოემბერს თ----- კ----–---–სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 04 ნოემბრის №6-- ბრძანებით დამტკიცებული №4------ კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მომსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ".
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს. ფ. 2-13);
-წერილობითი შესაგებელი (ს. ფ. 55-62)
-საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 03 ნოემბრის №MOD51700007--- ბრძანება (ს. ფ. 14);
-2017 წლის 03 ნოემბერის საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 04 ნოემბრის №6-- ბრძანებით დამტკიცებული №4------ კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მომსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ"(ს. ფ. 15-22);
3.1.2. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 11 ოქტომბრის №MOD 8 18 00006--- ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის 41-ე მექანიზებული ბატალიონის პირველი მექანიზებული ასეულის პირველი მექანიზებული ოცეულის მძღოლი-მექანიკოსი, რიგითი თ-----ი კ----–---–ი, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში. მის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო პირადი პატაკი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს. ფ. 2-13);
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 11 ოქტომბრის №MOD 8 18 00006--- ბრძანება (ს. ფ. 24);
- 2018 წლის 10 ოქტომბრის პირადი პატაკი (ს. ფ. 23);
3.1.3. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა მხარეთა შორის არსებული 2017 წლის 03 ნოემბრის ხელშეკრულება, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 04 ნოემბრის №6-- ბრძანებით დამტკიცებული №4------ კონტრაქტის ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მომსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" 7.3. პუნქტის მოთხოვნები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (2019 წლის 18 აპრილის სხდომის ოქმი)
-მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 18 აპრილის სხდომის ოქმი);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეთა შორის სადავო გარემოებების შესახებ არ მითითებულა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარგდენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, რაც გულისხმობს, რომ ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას და შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საერთოდ უშინაარსოდ მიიჩნევა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა მხარეთა შორის არსებული კონტრაქტის პირობები და იგი პირადი პატაკის საფუძველზე განთავისუფლდა სამხედრო სამსახურიდან, ხოლო მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო სრულად.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონი; საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 05 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულება";
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 05 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების" მეორე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ძირითადი ამოცანებია ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობა; ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების მუდმივი მზადყოფნა საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად; გ) შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ომის საშიშროების განსაზღვრა; დ) საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა სამხედრო უზრუნველყოფა; ე) შეიარაღებული ძალების ოპერატიულ-სტრატეგიული მოწყობის განსაზღვრა; ვ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესაბამისად სამხედრო თანამშრომლობის განხორციელება, ხოლო მის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროგრამიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად ჯარების მომზადების დონის განსაზღვრა, სამხედრო კადრების მომზადება.
,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ" ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით. მოცემული ხელშეკრულება სასამართლოს მოსაზრებით დადებულია საჯარო უფლებამოსილების განხორცილების ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისად ის წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თ-----ი კ----–---–ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.
დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 03 ნოემბრის №MOD51700007--- ბრძანებით, თ-----ი კ----–---–ი გაწვეული იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში და დაინიშნა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ორმოცდამეერთე მექანიზებული ბატალიონის პირველი მექანიზებული ასეულის მესამე მექანიზებული ოცეულის პირველი მექანიზებული ათეულის პირველი რიგის მეტყვიამფრქვევედ.
2017 წლის 03 ნოემბერს თ----- კ----–---–სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 04 ნოემბრის №6-- ბრძანებით დამტკიცებული №4------ კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მომსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ".
ასევე დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 11 ოქტომბრის №MOD 8 18 00006--- ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის 41-ე მექანიზებული ბატალიონის პირველი მექანიზებული ასეულის პირველი მექანიზებული ოცეულის მძღოლი-მექანიკოსი, რიგითი თ-----ი კ----–---–ი, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში. მის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო პირადი პატაკი. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა მხარეთა შორის არსებული 2017 წლის 03 ნოემბრის ხელშეკრულება, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 04 ნოემბრის №6-- ბრძანებით დამტკიცებული №4------ კონტრაქტის ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მომსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" 7.3. პუნქტის მოთხოვნები.
2017 წლის 03 ნოემბრის ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მომსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" №4------ კონტრაქტის 3.1. პუნქტის თანახმად, ,,სამხედრო მოსამსახურე" ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. ამ მუხლის 3.2. პუნქტში მითითებული ,,სამხედრო მოსამსახურე", უპირობოდ და წინასწარ, კონტრაქტზე ხელმოწერით, გამოთქვამს გამოუთხოვად თანხმობას, სპეციალური კურსის (საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი) დამთავრების შემდეგ, კონტრაქტის ვადის გარძელების თაობაზე. სამსახურის ვადა აითვლება საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში ბრძანებით მისი ჩარიცხვის დღიდან, რაც იმავდროულად ითვლება ამ კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად. ამავე კონტრაქტის 3.2. პუნქტის თანახმად, კონტრაქტის საფუძველზე მსახურის ვადა შეადგენს 4 (ოთხ წელს).
კონტრაქტის 7.3. პუნქტის თანახმად, თუ ,,სამხედრო მოსამსახურე" ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული ,,სამხედრო მოსამსახურე" მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, ,,სამხედრო მოსამსახურე" უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში, აუნაზღაუროს ,,სამინისტროს" ჯარიმის სახით 3 000 (სამი ათასი) ლარი.
მოცემულ შემთხვევაში, ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ ცნობის შინაარსიდან გამომდინარე, სამხედრო მოსამსახურე თ-----ი კ----–---–ის მიერ კონტრაქტის გაფორმებიდან მის შეწყვეტამდე ნამსახურობის პერიოდმა შეადგინა 0 წელი, 11 თვე და 08 დღე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია. ამავე კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეები ხელშეკრულების ყველა პირობაზე შეთანხმებული იყვნენ კანონით დადგენილი წესით, თუმცა მოპასუხის მიერ ვალდებულება ემსახურა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში არ შესრულდა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქმის მასალებში წარმოდგენილია მოპასუხის განცხადება, რომლითაც იგი მოითხოვს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განმტკიცებულია სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპი - დისპოზიციურობა. ნორმის მეორე ნაწილით დადგენილია, რომ მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელი ცნო, რაც შეესაბამება სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითად პრინციპს _ დისპოზიციურობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
დასახელებული მუხლების ანალიზიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების სრულ საფუძველს. საქმის მასალებით დადასტურებულია მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისა და აღნიშნულის შედეგად მისი მხრიდან ჯარიმის ანაზღაურების ვალდებულების არსებობის ფაქტი, რაც ასევე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.
რაც შეეხება მოპასუხის მითითებას თანხის განწილვადებასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმადაც, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს სასამართლოში არ წარმოუდგენია მისი ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულება, რომლითაც შესაძლებელი გახდებოდა განსახილველ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით დაკისრებული ჯარიმის გადახდის შეუძლებლობის შეფასება. მოპასუხეს არც სხვა რაიმე გარემოების შესახებ მიუთითებია რაც მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი გახდებოდა, აღნიშნული კი თანხის განწილვადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი სარჩელის ცნობისას მხარეთა მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ დებულებებს არ შეიცავს სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილით რომლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მოპასუხემ წერილობითი შესაგებელით ცნო სარჩელი, რაც ნიშნავს რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-2, მე-12, მე-13 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის სარჩელი დაკმაყოფილდეს; მოპასუხე თ-----ი კ----–---–ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმის 3 000 (სამი ათასი) ლარის გადახდა;
2. მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულნი არიან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6).
მოსამართლე: ნ---- თ----–---–ი