გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.01.2019
საქმის ნომერი
010210018002287819
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
23.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010210018002287819

№2/464-2018წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23 იანვარი, 2019 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ინდირა მაშანეიშვილი

სხდომის მდივანი - ლანა ძაგნიძე

მოსარჩელე - შპს "E---------------"

წარმომადგენელი - ვ--------------------ე

მოპასუხე - შპს "T------“

წარმომადგენელი - ნ-----------–--ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს "T------“-სათვის“, შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 164 715.53 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება, შპს "E---------------"-ის სასარგებლოდ.

 

1.2. შპს "T------“-სათვის შპს "E---------------"-ის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს ანაზღაურების დაკისრება, ვალდებულების დარღვევის მომენტიდან 2015 წლის 16 ოქტომბრამდე, ყოველდღიურად, გადაუხდელი თანხის 0.3 %-ის ოდენობით, რაც ჯამში შეადგენს 188 095.36 აშშ დოლარს.

 

1.3. შპს "T------“-სათვის შპს "E---------------"-ის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს ანაზღაურების დაკისრება, 2015 წლის 16 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად, 164 715.53 აშშ დოლარის 0.3 %-ის ოდენობით.

 

მოსარჩელემ მოთხოვნა დაასაბუთა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

 

2014 წლის 01 მაისს მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება მოპასუხის დაკვეთით, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, ეწარმოებინა სამშენებლო სამუშაოები. შესრულებული სამუშაოს ღირებულების დროულად აუნაზღაურებლობის შემთხვევაში, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე, დავალიანების თანხის 0.3 %-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, ვალდებულების შესრულებამდე.

 

მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიუხედავად, მოპასუხემ მიღებული მომსახურების ანაზღაურების ვალდებულება არ შეასრულა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სარჩელის მოთხოვნა არ სცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მიმართ შეუსრულებელი ვალდებულება არ გააჩნია. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს ნაწილში მოთხოვნა უსაფუძვლო და ამასთან, შეუსაბამოდ მაღალია.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოცემულ საქმეზე, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. 2014 წლის 01 მაისს შპს „T------“-სა და შპს "E---------------"-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში, შპს „T------“-ს (დამკვეთის) დავალების საფუძველზე, შპს „E---------------"-ს, ქ. ბათუმში, რ---------–-ს ქუჩა #30-ში მდებარე ობიექტზე (სასტუმრო/კაზინო „ბ----–---------რი), უნდა განეხორციელებინა სამშენებლო სამუშაოები, ხელშეკრულების დანართ 1-ში და დანართ 2-ში მითითებული პირობებით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ღირებულება განისაზღვრა 2 934 500 აშშ დოლარით. მხარეები შეთანხმდნენ შესრულებული სამუშაოს მიღებისა და ანაზღაურების წესსა და ვადებზე. მხარეთა შეთანხმებით, დამკვეთი კისრულობდა ვალდებულებას, მიღებული სამუშაო აენაზღაურებინა შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის დამტკიცებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ხელშეკრულება - ს. ფ. 28-36;

- ხელშეკრულების დანართი #1 და დანართი #2 - ს. ფ. 37; 38-39;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ს. ფ. 217-218;

 

3.2.2. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ დაგვიანებით განხორციელებული გადახდებისათვის დამკვეთი კონტრაქტორს გადაუხდიდა ჯარიმას, გადასახდელი თანხის 0.3 %-ის ოდენობით, ყოველი დაგვიანებული დღისათვის. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 16 თვით. შემსრულებლის (შპს „E---------------"-ის) მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შპს „E---------------" კისრულობდა ვავლდებულებას, ყოველი დაგვიანებული დღისათვის ჯარიმის სახით გადაეხადა ხელშეკრულების სრული ღირებულების 0.05%.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ხელშეკრულება - ს. ფ. 28-36;

- ხელშეკრულების დანართი #1 და დანართი #2 - ს. ფ. 37; 38-39;

 

2.3.3. 2014 წლის მაისიდან 2015 წლის აპრილამდე პერიოდში, მოპასუხემ მოსარჩელეს დაუკვეთა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ნაწილი, რაც მოსარჩელემ შეასრულა ჯეროვნად და ის მოპასუხე კომპანიამ მიიღო ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე. მიუხედავად ამისა, შპს „T------“-მ ფინანსური პრობლემების გამო, შესრულებული სამუშაოს სრული ანაზღაურება შპს „E---------------"-ისთვის ვერ უზრუნველყო.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- საგადასახადო ანგარიშფაქტურები - ს. ფ. 40-52;

- დარიცხული და მისაღები თანხების ცხრილები - ს. ფ. 53-55; 104-108;

- მიმართვები შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების თაობაზე - ს. ფ. 67-80;

 

2.3.4. შპს „T------“-მ მიღებული მომსახურების ღირებულება აანაზღაურა ნაწილობრივ, და ამასთან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევით. შპს "E---------------"-ის მიერ შესრულებული და აუნაზღაურებელი სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 164 715,53 აშშ დოლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის დარიცხულმა ჯარიმამ ვალდებულებათა შესრულების მომენტიდან 2015 წლის 16 ოქტომბრამდე (სარჩელის აღძვრამდე პერიოდი) შეადგინა 188 095.36 აშშ დოლარი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოება უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით (მტკიცების საგანი) და ვინ, ე. ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებები (მტკიცების ტვირთი), ხოლო მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სარჩელს და მოპასუხის შესაგებელს: მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზეც მოსარჩელე და მოპასუხე ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებსა და სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელს. კიდევ უფრო მკაფიო დისპოზიცია გამოკვეთილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილში, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რომ მათ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, ამასთან, შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება - დამტკიცებისათვის. სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს.

 

ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ მან მოპასუხის შეკვეთით შეასრულა სამუშაო, რომლის ღირებულება მოპასუხემ მოსარჩელეს არ აუნაზღაურა. აღნიშნულის საპირისპიროდ მოპასუხე მიუთითებს, რომ მას მოსარჩელის მიმართ შეუსრულებელი ვალდებულება არ გააჩნია.

 

მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით, მოსარჩელეს ეკისრება ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების მტკიცების ტვირთი, ხოლო მოპასუხეს ეკისრება მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლება. მოპასუხეს ასევე ეკისრება მიღებული მომსახურების (შესრულებული სამუშაოს) ღირებულების მოსარჩელისათვის ანაზღაურების მტკიცების ტვირთი.

 

სასამართლო, მხარეთა მიერ მითითებული გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, ერთობლიობაში შეფასების საფუძველზე, დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში დაკვეთილი სამუშაოები, რომლის ღირებულების ანაზღაურებაც მოთხოვნილია სარჩელით, მოსარჩელის მიერ შესრულებულია.

 

აღნიშნულ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

მოსარჩელემ, ხელშეკრულების ფარგლებში დაკვეთილი სამუშაოს ჯეროვნად შესრულების ფაქტის დადასტურების მიზნით, წარმოადგინა მოპასუხის მიერ დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურები (ს. ფ. – 40-52), მომსახურების (საქონლის) მიწოდებაზე; შპს „T------“-საგან მისაღები თანხების ცხრილი, შესრულებული სამუშაოს ღირებულებისა და მიღებული მომსახურების ანაზღაურების თაობაზე, თანხის შემსრულებლის ანგარიშზე ჩარიცხვის დეტალური ინფორმაციით, ასევე თითოეული ოპერაციის შესრულების დღისათვის ვალუტის კურსისა და პირგასამტეხლოს შესახებ დეტალური ინფორმაციის მითითებით. (ს. ფ. 53-55; 98-108), წარმოდგენლი მასალებში მითითებული მონაცემები თანხვედრაშია ერთმანეთთან და ამდენად, სასამართლოს ისინი მიაჩნია სარწმუნოდ. გარდა ამისა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იქნა ჩატარებული სამუშაოების ნაწილის დროებითი ჩაბარების აქტი, დამოწმებული შპს „T------“-სა და შპს "E---------------"-ის წარმომადგენელების მიერ, ასევე შპს "E---------------"-ის არაერთი წერილი დავალიანების დაფარვის თაობაზე შპს „T------“-სადმი, რომლებიც მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად სასამართლოს არწმუნებს, რომ მოსარჩელის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულება შესრულდა ჯეროვნად და ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში. აღსანიშნავია, რომ ამ გარემოების საწინააღმდეგოდ მოპასუხე მხარეს რაიმე არგუმენტზე არ მიუთითებია და არც შესაბამისი მტკიცებულება წარმოუდგენია.

 

მოპასუხე არ ცნობს რა სარჩელს მიუთითებს, რომ მას მოპასუხის მიმართ შეუსრულებელი ვალდებულება არ გააჩნია. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 102-ე მუხლის დანაწესთან ერთად, ვალდებულების შესრულების დადასტურების მტკიცების ტვირთის განხორციელებისას, გამოყენებული უნდა იქნას მატერიალური სამართლის შესაბამისი ნორმით დადგენილი სტანდარტი - სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი, რომელიც მოვალის უფლებადამცავი დანაწესია და ადგენს მის შესაძლებლობას, კრედიტორისაგან მოითხოვოს შესრულების მიღების დამადასტურებელი საბუთი, რაც უდავოდ მოწმობს ვალდებულების შესრულებას. მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ვალდებულების შესრულების სადავოობის პირობებში, კანონი ადგენს მოვალის შესაძლებლობას, ამტკიცოს ვალდებულების შესრულება. აღნიშნული დანაწესი, ასევე მეტყველებს იმაზე, რომ ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთის მატარებელი შეიძლება იყოს მხოლოდ მოვალე.

 

სადავო გარემოებასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. ამგვარი სტანდარტი მტკიცების ტვირთს ვალდებულებით სამართალში შემდეგნაირად ანაწილებს: 1. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ხელშეკრულების დადება; 2. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ვადამოსული ვალდებულების არსებობა; 3. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი. ამდენად, ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი - მიღებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების ფაქტის დადასტურება, ეკისრება მოპასუხე კომპანიას, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ ვერ განახორციელა. ამ მხრივ მოპასუხე მხარე შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებით, რასაც არ დაეთანხმა მოსარჩელე. სხვა რაიმე მტკიცებულება კი, რაც დაადასტურებდა მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შესრულების (ნაწილობრივ შესრულების) ფაქტს, სასამართლოსათვის წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

ამდენად, სასამართლო წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნია დავალიანება ამ უკანასკნელის მიერ შესრულებული სამუშაოს აუნაზღაურებელი ღირებულების სახით, 164 715,00 აშშ დოლარის ოდენობით. გარდა ამისა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალებით, მათ შორის წერილობითი ინფორმაციით (ცხრილებით) შპს "T------“-საგან მისაღები და დარიცხული თანხების შესახებ, (ს. ფ. 53-55; 98-108), დასტურდება, რომ ყოველი შესრულებული სამუშაოსათვის ანაზღაურების დაგვიანების გამო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის დარიცხულმა ჯარიმამ ცალკეული ვალდებულების შესრულების მომენტიდან 2015 წლის 16 ოქტომბრამდე შეადგინა 188 095.36 აშშ დოლარი. მოპასუხე მიუთითებს, რომ დარიცხული პირგასამტეხლო არაგონივრულად და შეუსაბამოდ მაღალია, თუმცა ამ გარემოებაზე სასამართლო მსჯელობას იქონიებს მოთხოვნის სამართლებრივი შეფასებისას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი, შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების ნაწილში, უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, ხოლო მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში - უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 629-ე, 648-ე, 361-ე, 427-ე 417-420-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისუფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართო სასამართლოს”.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ უფლების დაცვის მიზნით მომართა რა სასამართლოს, მოითხოვა მოპასუხისათვის 164 715.00 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება, რაც მოსარჩელის მტკიცებით, წარმოადგენს სახელშეკრულებო ვალდებულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოს აუნაზღაურებელ ღირებულებას.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე და აღნიშნავს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების არსებობასთან და შესაბამისად, დავის გადასაწყვეტად გამოყენებული უნდა იქნეს სახელშეკრულებო სამართლის ნორმები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულებისის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

უდავოდ დადგენილია, რომ 2014 წლის 01 მაისს შპს "T------“-სა და შპს "E---------------"-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელის არსებითი პირობების ანალიზი გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ მხართა შორის არსებობდა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629.1-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 648-ე მუხლის მიხედვით კი, შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს დასრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს მის ნაწილ-ნაწილ გადახდას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ნარდობის ხელშეკრულება განეკუთვნება სამუშაოს შესრულების ტიპის ხელშეკრულებას. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული გარიგების მიხედვით, მოსარჩელე (მენარდე) კისრულობდა ვალდებულებას მოპასუხის კუთვნილ ობიექტზე ეწარმოებინა სამშენებლო სამუშაოები, შესაბამისი ანაზღაურების მიღების პირობით, ხოლო მოპასუხე (შემკვეთი) კისრულობდა ვალდებულებას აენაზღაურებინა მენარდისათვის შესრულებული სამუშაოს ღირებულება. ცალსახაა, რომ ხელშეკრულებაში გამოვლენილი მხარეთა ნება, მათ შორის მიღწეული შეთანხმების შინაარსი და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გვაძლევს ნარდობის საფუძველზე წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობის შემადგენლობას.

 

წინამდებარე გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების ფარგლებში დაკვეთილი სამუშაოები მენარდის მიერ შესრულდა, რაც ნიშნავს, რომ რეალურად დადგა ის სამართლებრივი შედეგი, რაც დამახასიათებელია ნარდობის ხელშეკრულებისათვის, კერძოდ, მენარდემ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება - ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ვალდებულების შესრულების მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნებია დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ზოგადად, ვალდებულების ჯეროვანი შესრულება წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს და მას უკავშირდება ვალდებულების შეწყვეტა. სკ-ის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, რაც ფაქტობრივად მიიღო მოპასუხემ და სარგებლობს კიდეც შესრულებული სამუშაოს სიკეთით. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება მოპასუხის მხრიდან ანაზღაურებული არ არის. (გადაწყვეტილების 2.3.4. პუნქტი). შესაბამისად, მოსარჩელე მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს შესრულებული სამუშაოს მიუღებელი ანაზღაურების დაკისრება, ხოლო მოპასუხე ვალდებულია აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაოს ღირებულება, რაც დადგენილი ფაქტობრივ გარემოებათა მიხედვით შეადგენს 164 715.00 აშშ დოლარს.

 

6.2. დადგენილია, რომ მოსარჩელე ასევე მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2014 წლის 01 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს დაკისრებას გადასახდელი თანხის 0.3 %-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი აქვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას, რის გამოც მოპასუხეს ერიცხება პირგასამტეხლო. სასამართლოს მოსაზრებით, საქმესთან დაკავშირებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებანი წარმოადგენენ მოპასუხის მიმართ, როგორც დარიცხული, ასევე სამომავლოდ დასარიცხი პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს. თუმცა სასამართლო იზიარებს რა მოპასუხის პოზიციას, მიიჩნევს, რომ მხარეთაშეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია. კერძოდ,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით კი, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.

 

განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - ვადაგადაცილებული თანხის 0.3%-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რაც ეწინააღმდეგება სესხის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს.

 

სასამართლო, მოქმედებს რა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში და მხარის მითითების საფუძველზე მსჯელობს პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე, მხედველობაში იღებს ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად თანხასთან მიმართებაში, აგრეთვე იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე არ მიუთითებს დარღვევის შედეგად მიყენებულ რაიმე ფინანსურ ზარალზე. ასევე ითვალისწინებს იმ ფაქტსაც, რომ მოსარჩელე მისი ინტერესების სხვა სახის შელახვაზეც არ მიუთითებს და მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს გონივრული, სამართლიანი ოდენობა უნდა განისაზღვროს 6269.83 აშშ დოლარით, ანუ დარიცხული (მოთხოვნილი) პირგასამტეხლო - 188095.00 აშშ დოლარი უნდა შემცირდეს 30-ჯერ. შესაბამისად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, 6269.83 აშშ დოლარის ნაწილში. რაც შეეხება სამომავლოდ დასარიცხი პირგასამტეხლოს ოდენობას, სასამართლო მიიჩნევს, რომ ის უნდა განისაზღვროს დავალიანების - 164 715.00 აშშ დოლარის 0.01 %-ით, რაც შეადგენს 16.47 აშშ დოლარს, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, 2015 წლის 16 ოქტომბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.1 მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო იმავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს იურიდიული პირისათვის – 5 000 ლარს.

 

სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი .

განსახილველ საქმეზე, დავის საგნის ღირებულება შეადგენს 893 898.77 აშშ დოლარს, საიდანაც 164 715 აშშ დოლარი შესრულებული სამუშაოს აუნაზღაურებელი ღირებულებაა, 188 095.00 აშშ დოლარი - 16.05.2015 წლამდე დარიცხული პირგასამტეხლო, 541 008.77 აშშ დოლარი - 16.05.2016 წლიდან ვალდებულების შესრულებადე სამი წლის მანძილზე გადასახდელი პირგასამტეხლოს ერთობლიობა (ასკ-ის 41.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად). დადგენილია, რომ მოსარჩელემ სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 5 000 ლარი, (ს. ფ. 110), ვინაიდან სარჩელი კმაყოფილდება ნაწილობრივ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1057.27 ლარის ანაზღაურება დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად. მასვე უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის ანაზღაურება.

 

გარდა ამისა, დადგენილია, რომ მოსარჩელე მოითხოვს წარმომადგენელის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4 %-ის ოდენობით, რაც შეადგენს 14112.00 აშშ დოლარს. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება დავის საგნის ღირებულების 4 %-ის ოდენობით დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად, რაც შეადგენს 7560.77 აშშ დოლარს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სსკ-ის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 ოქტომბრის განჩნებითა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 დეკემბრის განჩინებით შპს "E---------------"-ის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შპს "T------“-ს (ს/კ 4--------) აეკრძალა ქ. ბათუმში რ---------–-ს ქუჩა #30-ში მდებარე უძრავი ქონების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0-----------) 1/36 წილის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ არსებობს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე შპს "E---------------"-ის მოთხოვნა, მოპასუხე შპს "T------“-ს მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.

 

1.1. მოპასუხე შპს "T------“-ს მოსარჩელის - შპს "E---------------"-ის სასარგებლოდ დაეკისროს შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება 164 715.00 აშშ დოლარის ოდენობით.

 

1.2. მოპასუხე შპს "T------“-ს მოსარჩელის - შპს "E---------------"-ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს ანაზღაურება 6269.83 აშშ დოლარის ოდენობით 2015 წლის 27 ოქტომბრამდე (სარჩელის აღძვრამდე) პერიოდისათვის.

 

1.3. მოპასუხე შპს "T------“-ს მოსარჩელის - შპს "E---------------"-ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს ანაზღაურება ყოველდღიურად 16.47 აშშ დოლარის ოდენობით, 2015 წლის 27 ოქტომბრიდან (სარჩელის აღძვრიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

4. მოპასუხე შპს "T------“-ს მოსარჩელის - შპს "E---------------"-ის სასარგებლოდ დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 1057.27 ლარის ოდენობით.

 

5. მოპასუხე შპს "T------“-ს მოსარჩელის - შპს "E---------------"-ის სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენელის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 7560,7792 აშშ დოლარის ოდენობით.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი