გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.12.2018
საქმის ნომერი
010210017001875936
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
05.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010210017001875936

№2/1115-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

05.12.2018 წელი ქ.ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ინდირა მაშანეიშვილი

სხდომის მდივანი - ლანა ძაგნიძე

მოსარჩელე - სს „ე------ო ს--------ა“

წარმომადგენლები - გ--–--------ე

მოპასუხე - ნ-------ა ჰ----------–უ

წარმომადგენლები - რ---–-------------ე

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ნ-------ა ჰ----------–უსათვის 41 000 თურქული ლირის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურების დაკისრება სს „ე------ო ს--------ას“ სასარგებლოდ.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2015 წლის 18 დეკემბერს, ქ. ბათუმში, ხ--–--–---–ის ქუჩაზე მოძრავი „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით Q------, რომელსაც მართავდა მოპასუხე ნ-------ა ჰ----------–უ, დაეჯახა და დააზიანა ფ-----ქ შ----–ის კუთვნილი, სს „ე------ო ს--------ას“ მიერ დაზღვეული „ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით - 5------. სს „ე------ო ს--------ამ“ დამზღვევ ფ-----ქ შ----–ს სრულად აუნაზღაურა ზიანი 115 000 თურქული ლირის ოდენობით, საიდანაც 74000 თურქული ლირა დაზიანებული ავტომანქანის რეალიზაციით მიღებული თანხით დაიფარა, ხოლო 41 000 თურქული ლირა დამზღვევს აუნაზღაურდა სადაზღვევო კომპანიის მეშვეობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ნ-------ა ჰ----------–უმ სარჩელის მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ 16 811.00 თურქული ლირის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 18 დეკემბერს ქ. ბათუმში, ხ--–--–---–ის ქუჩაზე მოძრავი „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით Q------, რომელსაც მართავდა მოპასუხე ნ-------ა ჰ----------–უ, დაეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ „ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით - 5------, რომელსაც მართავდა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ფ-----ქ შ----–ი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომანქანის დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, ნ-------ა ჰ----------–უმ ფ-----ქ შ----–ს გადაუხადა 4000 აშშ დოლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- შსს აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს 21.12.2015წ. ცნობა - ს. ფ. 17;

 

3.1.2. ავტოსაგზაო შემთხვევისთანავე ფ-----ქ შ----–მა გაიარა ექსპერტიზა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების ზემოქმედების ფაქტის დადგენის მიზით. ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ ფ-----ქ შ----–ი არ იმყოფებოდა ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ. ასევე არ დადასტურდა ალკოჰოლური თრობის ფაქტი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა - ს. ფ. 20;

- ალკოტესტით შემოწმების დასკვნა - ს. ფ. 21;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა ფ-----ქ შ----–ის კუთვნილი, 115 000 თურქულ ლირის ღირებულების, ფოლკსვაგენის მარკის ავტომობილი სახელმწიფო რეგისტრაციის ნომრით - „5------“, რომელიც დაზღვეული იყო სადაზღვევო კომპანია სს „ე------ო ს--------ას“ მიერ.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ფ-----ქ შ----–სა და სს "ე------ო ს--------ას" შორის გაფორმებული შეთანხმება ავტომანქანის დაზღვევის შესახებ - ს. ფ. 32-48;

 

3.2.2. ფ-----ქ შ----–სა და სადაზღვევო კომპანია სს „ე------ო ს--------ას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ავტომობილის შეჯახება ძრავიან ან უძრავო ავტომობილებთან, რომლებიც მოძრაობენ გზაზე ან რკინიგზაზე, წარმოადგენს ერთერთ სადაზღვევო შემთხვევას. ზიანის შეფასების მიზნით სადაზღვევო კომპანიის მოთხოვნით ჩატარდა ექსპერტიზა, რომელმაც დაზიანებების, დაზიანებული ნაწილების შეცვლისა და დაზიანებების შეკეთების ფასების კვლევის შედეგად დაადგინა, რომ ავტომანქანის მდგომარეობა ითვლება სრულ განადგურებად და ის მიჩნეულ იქნა როგორც ჯართი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ფ-----ქ შ----–სა და სს "ე------ო ს--------ას" შორის გაფორმებული შეთანხმება ავტომანქანის დაზღვევის შესახებ - ს. ფ. 32-48;

- ექპერტიზის დასკვნა #05159 - ს. ფ. 56-68;

 

3.2.3. ზიანის ანაზღაურების მიზნით, ფ-----ქ შ----–ის კუთვნილი ავტომობილი, რომლის საბაზრო ფასიც (დაზიანებამდე) შეადგენდა 115 000 თურქულ ლირას, 2016 წლის 18 თებერვალს, გაიყიდა 74 000 თურქულ ლირად, ფ-----ქ შ----–სა და ვიმე ბურაქ დოღრუს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ნასყიდობის ღირებულება 74 000 თურქული ლირა წარიმართა ზიანის ანაზღაურების ანგარიშში. მთლიანი ზიანის - 115 000 ლირის, დარჩენილი ნაწილი, 41 000 ლირა (115 000 – 74 000), ფ-----ქ შ----–ს აუნაზღაურა სადაზღვევო კომპანია სს „ე------ო ს--------ამ“.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ექპერტიზის დასკვნა #05159 - ს. ფ. 56-68;

- მანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება (18.02.2016წ.) - ს. ფ. 70-74;

- ფ-----ქ შ----–ის 02.02.2016 წლის წერილობითი დადასტურება - ს. ფ. 77-81;

- 30.08.2018 წლის ექსპერტიზის დასკვნა -169-171;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმებით დადგენილია მხარეთა ვალდებულება, სათანადო მტკიცებულებით უზრუნველყონ მათ მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და წარმოდგენილი წერილობითი მასალების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც დაზიანდა მოსარჩელე კომპანიის მიერ დაზღვეული, ფ-----ქ შ----–ის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება, გამოწვეულია ნ-------ა ჰ----------–უს ბრალეული (გაუფრთხილებელი) ქმედებით. ეს გარემოება მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია. პირიქით დადგენილია, რომ მოპასუხემ საგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით ფ-----ქ შ----–ს გადაუხადა 4000 აშშ დოლარი, ამასთან, მან ნაწილობრივ აღიარა სს „ე------ო ს--------ას“ სარჩელიც 16 811 თურქული ლირის ანაზღაურების ნაწილში.

 

ამდენად, დადასტურებულია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მოპასუხის ბრალეული ქმედების შედეგად დაზიანდა მოსარჩელის მიერ დაზღვეული ავტომანქანა, ხოლო დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე, მიყენებული ზიანის დაზღვეულისათვის ანაზღაურების შედეგად, მოსარჩელე სადაზღვევო კომპანიამ თავადაც მიიღო გარკვეული მატერიალური ზიანი. მხარეთა შორის სადავოა დამზღვევ ფ-----ქ შ----–ისათვის რეალურად მიყენებული ზიანის ოდენობა. მოსარჩელე, მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების (ექსპერტის დასკვნის) საფუძველზე, ამტკიცებს, რომ ავტომანქანის დაზიანების შედეგად, ფ-----ქ შ----–მა მიიღო ზიანი 115 000 თურქული ლირის ოდენობით, საიდანაც 74 000 თურქული ლირა მას აუნაზღაურდა დაზიანებული ავტომანქანის რეალიზაციის შედეგად, ხოლო მთლიანი ზიანის დარჩენილი ნაწილი - 41 000 თურქული ლირა დამზღვევს აუნაზღაურა სადაზღვევო კომპანიამ.

 

თავის მხრივ, მოპასუხე მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის საფუძველზეც ამტკიცებს, რომ საგზაო შემთხვევის შედეგად ავტომანქანის დაზიანებით ფ-----ქ შ----–მა რეალურად მიიღო ზიანი 16 811 თურქული ლირის ოდენობით.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ავტომანქანის დაზიანებით მოსარჩელისათვის რეალურად მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა.

 

მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების (ექპერტიზის დასკვნების) შეფასებისას, სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესის საფუძველზე, სასამართლო აფასებს რა მხარეთა მიერ წარმოდგენელი მტკიცებულებებს, მიიჩნევს, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მის მიერ მითითებული ოდენობით ზიანის ფაქტის დადასტურება. კერძოდ, დადგენილია, რომ მოპასუხის დაკვეთით ექსპერტ მ---------------ის მიერ გაიცა დასკვნა, რომლის მიხედვით „ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომობილისათვის (სახელმწიფო ნომრით - 5------) მიყენებული ფაქტობრივი ზიანი შეფასდა 16 811 თურქულ ლირად, საიდანაც დაზიანებული ავტომანქანის შესაკეთებლად აუცილებელი სათადარიგო ნაწილებისა და მატერიალის საერთო ღირებულება განისაზღვრა 12 611 თურქულ ლირად, ავტომაქანის რემონტისა და მომსახურეობის საერთო ღირებულება - 4200 თურქულ ლირად.

 

წარმოდგენილი დასკვნითა და მოპასუხე მხარის განმარტებით დადგენილია, რომ ექსპერტის მიერ დასკვნა გაიცა არა ავტომანქანის ვიზუალურად დათვალიერებისა და გამოკვლევის შედეგად, არამედ მოპასუხის მიერ ექსპერტისათვის წარდგენილი 4 ფოტოსურათის მიხედვით, რომელზედაც აღბეჭდილია დაზიანებული ავტომანქანის გარეგნული სახე.

 

აღნიშნულის საპირისპიროდ, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია საექსპერტო დასკვნა, რომელიც მომზადებულია, იმავე სატრანსპორტო საშუალების ვიზუალური და დეტალური დათვალიერებისა და შეფასების შედეგად. დასკვნის მიხედვით საგაზეთო განცხადებების, საავტომობილო ცენტრების შეთავაზებისა და მეორედი ავტომობილების ვებგვერდების განცხადებების მიმოხილვის საფუძველზე, იმავე მარკის ავტომანქანის საშუალო საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 115 000 თურქულლირად, ფ-----ქ შ----–ის კუთვნილი ავტომანქანის საბაზრო ღირებულება დაზიანების გათვალისწინებით განისაზღვრა 74 000 თურქულ ლირად, ხოლო ავტომანქანის მესაკუთრის ფაქტობრივი ზარალი შეფასდა 41 000 თურქულ ლირად.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი დასკვნა მასში ასახული მწირი მონაცემებით სარწმუნო არ არის და ობიექტურად არ ასახავს გამოსაკვლევ საკითხს. აღნიშნულის საპირისპიროდ, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის დაკვეთის საფუძველზე, საექსპერტო კვლევა ნაწარმოებია სრულყოფილად, გამოსაკვლევ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელობის მქონე ყველა ობიექტური ფაქტორისა თუ გარემოების გათვალისწინებით. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას, უნდა დაეყრდნოს სწორედ მითითებული დასკვნით დადგენილ გარემოებებს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 408-ე, 832-ე, 992-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

მითითებული ნორმის დანაწესით გათვალისწინებულია შემთხვევა, როცა მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვევლის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. ნორმა ითვალისწინებს დელიქტურ პასუხისმგებლობას, რომელიც დგება ზიანის მიყენების შედეგად. თავისთავად დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთერთი სახე, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებას, რომლის სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი და ბრალი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეულია მოპასუხის ბრალეული ქმედებით; დადგენილია ზიანის ოდენობა; ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელემ დაზღვეული ავტომანქანის მესაკუთრე ფ-----ქ შ----–ს აუნაზღაურა მიყენებული ზიანი.

 

აქვე სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის დანაწესზე, რომლის მიხედვით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე ნაწილობრივ აღიარებს მოსარჩელის მოთხოვნას ზიანის სახით 16811 თურქული ლირის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში, რაც სსკ-ის 131-ე მუხლით დადგენილი წესის მიხედვით, ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია. იმავდროულად, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ რომ დამზღვევისათვის მიყენებული ზიანი რეალურად შეადგენს 41 000 თურქულ ლირას, რაც მას სრულად აუნაზღაურა მზღვეველმა - სადაზღვევო კომპანიამ. შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს აუნაზღაუროს ის ზიანი, რაც თავის მხრივ მზღვეველმა - სს „ე------ო ს--------ამ“ აუნაზღაურა დამზღვევ ფ-----ქ შ----–ს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.1-ე მუხლის მიხედვით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე კოდექსის 38-ე მუხლის მიხედვით სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, სარჩელზე („ა“ ქვეპუნქტი) ამავე კოდექსის 53.1-ე მუხლის მიხედვით კი, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ამავე კოდექსის 49.2 მუხლის მიხედვით, . თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სსკ-ის 49.3 მუხლის თნახმად, კი თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

საქმეზე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ სს „ე------ო ს--------ამ“ სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 822 ლარი, ხოლო სამართალწარმოების ენაზე მტკიცებულებათა თარგმნისა და სანოტარო დამოწმებისათვის - 675.00 ლარი, ასევე დადგენილია, რომ მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ნაწილობრივ ცნო სარჩელის მოთხოვნა 16811 თურქული ლირის ფარგლებში, რის გამოც მხარეები უნდა გათავისუფლდნენ პროპორციული ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რაც შეადგენს 337.04 ლარს. ამასთან, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღურება მოპასუხის მიერ არაღიარებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად, რაც შეადგენს 484.96 ლარს.

 

ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელემ საადვოკატო მომსახურებისათვის გაიღო ხარჯი 2 655.00 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის ანაზღაურებას მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისაგან. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმისა და გაწეული საადვოკატო მომსახურების არსის, სირთულისა და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საადვოკატო ხარჯების ანაზღაურება დავის საგნის ღირებულების 2%-ის ფარგლებში, რაც შეადგენს 547.44 ლარს, (41 000 თურქული ლირა = 27 372 ლარი; 27372-ის 2% =547.44 ლარი), სსკ-ის 53.1 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 41-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. დაკმაყოფილდეს მოსარჩელე სს „ე------ო ს--------ას“ მოთხოვნა მოპასუხე ნ-------ა ჰ----------–უს მიმართ.

 

1.1. ნ-------ა ჰ----------–უს სს „ე------ო ს--------ას“ სასარგებლოდ დაეკისროს 41 000.00 თურქული ლირის ანაზღაურება.

 

2. ნ-------ა ჰ----------–უს სს „ე------ო ს--------ას“ სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურება 1707.40 ლარის ოდენობით. (საიდანაც 484.96 ლარი სახელმწიფო ბაჟის თანხაა, 547.44 ლარი - საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი, 675.00 ლარი - მტკიცებულებათა თარგმნისთვის გაწეული ხარჯი).

 

3. სს „ე------ო ს--------ას“ სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეს ა-------ს (პ/ნ 0----------) მიერ, სს "თიბისი ბანკის" 04.04.2017 წლის #0 საგადასახადო დავალებით (რეფერენსი - 1586049117) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 822 ლარის ნაწილი, 337.04 ლარის ოდენობით, რაც ჩარიცხულია ხაზინის ერთიან ანგარიშზე სახაზინო კოდით 300693150.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი