გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.03.2019
საქმის ნომერი
831210019002814245
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
28.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

831210019002814245

საქმე №2/5-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28.03.2019 წელი ქ. ბაღდათი

შესავალი ნაწილი

ბაღდათის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე

სხდომის მდივანი ირმა ჭუმბაძე

მოსარჩელე - სს ,, კ-------------’’

წარმომადგენელი - კა-- ჩხ----ა

მოპასუხე - და---- გო---–--ე

- მუ----- ნე-------ე

წარმომადგენელი - გი--–- ნე-----ე

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს და---- გო---–--ესა და მუ----- ნე-------ეს მოსარჩელის სს "კ-------------"-ს სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 2015 წლის 31 ივლისის #20150731DGOGE სესხის ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანება 3667.68 ლარი, საიდანაც 2031.12 ლარი არის სესხის ძირი, 599.48 ლარი საპროცენტო სარგებელი, 97.27 ლარი სადაზღვევო შესატანი, 15.65 ლარი - მომსახურების საკომისიო, 924.16 ლარი პირგასამტეხლო.

1.2. მოპასუხეებს და---- გო---–--ესა და მუ----- ნე-------ეს მოსარჩელისათვის გადასახდელად ასევე სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის - სს "კ-------------"-ს მიერ გადახდილი სახ. ბაჟის - 55.02 ლარის გადახდა.

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2015 წლის 31 ივლისს სს ,,კ--------------’’ და და---- გო---–--ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება #20150731DGOGE, რის საფუძველზეც და---- გო---–--ემ ისესხა 2500 ლარი, 24 თვის ვადით 2017 წლის 02 აგვისტოს ჩათვლით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად მასში აღნიშნულ საპროცენტო სარგებლთან, მსესხებელის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად. სესხის გადახდის გრაფიკში საპროცენტო სარგებელი მოცემულია სწორხაზოვანი მეთოდით, სესხის კლებადი საპროცენტო სარგებელი შეადგენს 2.88 %-ს თვეში. სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა (პირგასამტეხლო): ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე.

 

2015 წლის 31 ივლისს თავდებობის შესახებ განცხადებისა და ხელშეკრულების საფუძველზე მუ----- ნე-------ემ იკისრა ვალდებულება თავდებად დაუდგეს და სოლიდარულად აგოს პასუხი კრედიტორის წინაშე და---- გო---–--ის მიერ 2015 წლის 31 ივლისს #20150731DGOGE სესხის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე (თავდებობა იკისრა სესხის ძირითად თანხაზე – 2500 ლარზე, მასზე დარიცხულ პროცენტზე – 1007.56 ლარზე, სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელ პრემიაზე – 130.08 ლარზე, მომსახურების ყოველწლიურ გადასახდელზე 15.65 ლარზე, რაც ჯამში შეადგენს 3653.29 ლარს, შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოზე - თავდებობის ხელშეკრულების, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად(თავდებობის ხელშეკრულება), მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა მოთხოვნას და ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოცემულ სარჩელზე მოპასუხეებმა - და---- გო---–--ემ და მუ----- ნე-------ემ წარმოადგინეს შესაგებელი, სადაც მათ სარჩელი არ ცნეს.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხეების და---- გო---–--ისა და მუ----- ნე-------ის წარმომადგენელმა გი--–- ნე-----ემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი. კერძოდ, მოითხოვა პირგასამტეხლოს შემცირება 0.05%-მდე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 31 ივლისს სს ,,კ--------------’’ და და---- გო---–--ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება #20150731DGOGE, რის საფუძველზეც მან ისესხა 2500 ლარი, 24 თვის ვადით, 2.88% თვიური სარგებლით, 2017 წლის 02 აგვისტოს ჩათვლით, სესხის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი, სხდომის ოქმი),-სესხის ხელშეკრულება № (ს/ფ 17-29).

 

3.1.2. მსესხებელმა და---- გო---–--ემ აითვისა შპს ”მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოს” მიერ გაცემული კრედიტის თანხა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი),-ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს/ფ - 17-29),3.1.3. მსესხებელმა 2016 წლის მარტიდან შეწყვიტა გადახდის გრაფიკით განსაზღვრული გადასახადის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

-ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.

 

3.1.4. მსესხებელსა და თავდებს არაერთხელ ჩაბარდა გაფრთხილების წერილები გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის თაობაზე, თუმცა სესხი არ არის გადახდილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი),-გაფრთხილების წერილი (ს.ფ.25-29).

 

3.1.5. მოპასუხეებს ზემოაღნიშნული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე სოლიდარულად გადასახდელი აქვთ: 3667.68 ლარი, საიდანაც 2031.12 ლარი არის სესხის ძირი, 599.48 ლარი - საპროცენტო სარგებელი, 97.27 ლარი - სადაზღვეო შესატანი, 15.65 ლარი - მომსახურების საკომისიო, 924.16 ლარი - ჯარიმა (პირგასამტეხლო).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სარჩელი. (ს/ფ 1-25 ).

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება. (სხდომის ოქმი)

-ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს/ფ 17-19 ).

 

3.1.6. 2016 წლის 09 სექტემბერს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედომ“ შეიცვალა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და 2017 წლის 17 მარტს განხორციელებული ცვლილების შესაბამისად წარმოადგენს სს „კ-------------’’.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2015 წლის 31 ივლისის სესხის ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.3. მუხლის მიხედვით, მსესხებელი იხდის მომსახურების ყოველწლიურ გადასახადს ხელშეკრულებით დადგენილი წესით: სესხის მიღებისას მსესხებელს ექვითება მომსახურების თანხა, რომელიც შეადგენს მთლიანი სესხის 3.5%-ს, სესხის გაცემიდან ყოველ მეთორმეტე თვეს გრაფიკით გათვალისწინებულ სხვა გადასახდელებთან ერთად მსესხებელი იხდის იმ მომენტისათვის გადასახდელად დარჩენილი ძირი თანხის 1%-ს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი, სხდომის ოქმი),-სესხის ხელშეკრულება № (ს/ფ 17-22).

 

3.2.2. ამავე სესხის ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.15. პუნქტის თანახმად, გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება ჯარიმა შემდეგი წესით: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით, პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (სარჩელი, სხდომის ოქმი),-სესხის ხელშეკრულება №(ს/ფ 17-22).

 

3.2.3. 2015 წლის 31 ივლისს დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზე მოპასუხე მუ----- ნე-------ემ სოლიდარულად იკისრა ვალდებულება კრედიტორის წინაშე დაფაროს ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი, სხდომის ოქმი),-თავდებების განცხადებები

-თავდებობის ხელშეკრულებები (ს/ფ 23-24).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეებმა ნაწილობრივ ცნეს სარჩელი, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოპასუხეებს და---- გო---–--ესა და მუ----- ნე-------ეს მოსარჩელის სს "კ-------------ს" სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 2015 წლის 31 ივლისს #20150731DGOGE სესხის ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანება 2895.85 ლარი, საიდანაც 2031.12 ლარი არის სესხის ძირი თანხა, 599.48 ლარი - საპროცენტო სარგებელი, 97.27 ლარი - სადაზღვევო შესატანი, 15.65 ლარი მომსახურების საკომისიო, 152.33 ლარი - პირგასამტეხლო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 427-ე, მე-400, 361-ე, 316-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 463-ე, 464-ე, 891-ე, 895-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სს ,,კ--------------’’ და მოპასუხე და---- გო---–--ეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, გამსესხებელმა იკისრა ვალდებულება გაეცა მსესხებლისათვის სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული სესხის თანხები, ხოლო მსესხებელმა იკისრა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, შეთანხმებულ ვადაში ნასესხები თანხის დაბრუნების ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად, ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ მოვალე და---- გო---–--ეს კრედიტორის სს ,,კ-------------ს’’ წინაშე ვალდებულება არ აქვს შესრულებული ჯეროვნად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნები სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხების, პროცენტის, საკომისიოსა და დაზღვევის თანხების დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მოპასუხეებმა ამ ნაწილში ცნეს სარჩელი.

 

ამიტომ მოპასუხეებს და---- გო---–--ესა და მუ----- ნე-------ეს მოსარჩელის სს "კ-------------ს" სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 2015 წლის 31 ივლისს #20150731DGOGE სესხის ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანება 2895.85 ლარი, საიდანაც 2031.12 ლარი არის სესხის ძირი თანხა, 599.48 ლარი - საპროცენტო სარგებელი, 97.27 ლარი - სადაზღვევო შესატანი, 15.65 ლარი მომსახურების საკომისიო, 152.33 ლარი - პირგასამტეხლო.

 

6.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნები სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.

 

დადგენილია, რომ მხარეებს სს ,,კ--------------’’ და და---- გო---–--ეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებულია პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად, მისი გადახდის ვალდებულება, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.27%-ის ოდენობით, არაგონივრულია და უნდა შემცირდეს 0.05%-მდე. შესაბამისად, თანხაში გამოხატული პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 2015 წლის 31 ივლისის #20150731DGOGE სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის 152.33 ლარით.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს;

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე სს ,,კრედო ბანკმა“ სარჩელის აღძვისათვის გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 55.02 ლარი, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეების წარმომადგენელმა მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სარჩელი ნაწილობრივ, ამ სამართლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით სს ,,კ-------------“ უნდა დაუბრუნდეს მოპასუხეების მიერ სარჩელის ცნობის ნაწილში გადახდილი ბაჟი 35.02 ლარი, ხოლო მოპასუხეებს სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის შესაბამისად მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟი 10 ლარი. სარჩელის დაუკმაყოფილებელი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 10 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს „კ-------------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხეებს და---- გო---–--ესა და მუ----- ნე-------ეს მოსარჩელის სს "კ-------------ს" სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 2015 წლის 31 ივლისს #20150731DGOGE სესხის ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანება 2895.85 ლარი, საიდანაც 2031.12 ლარი არის სესხის ძირი თანხა, 599.48 ლარი - საპროცენტო სარგებელი, 97.27 ლარი - სადაზღვევო შესატანი, 15.65 ლარი მომსახურების საკომისიო, 152.33 ლარი - პირგასამტეხლო.

 

3. და---- გო---–--ესა და მუ----- ნე-------ეს - სს ,,კ-------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის თანხა 10 ლარის ოდენობით.

 

4. მოსარჩელე სს ,,კ-------------“ (ს/ნ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისათვის 2018 წლის 15 ნოემბერს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 35.02 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: ანგარიში/სახაზინო კოდი: 300243150, მიმღების ბანკი/სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22 (55.02 ლარი, გადამხდელი: სს ,,ბ-------------“ გადახდის თარიღი: 15.11.2018; საგადახდო დავალება: #430557, გადამხდელის ბანკი: სს ბ-------------);

 

5. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი გადახდილია, შესაბამისად 10 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (ბაღდათი, ვაჟა-ფშაველას ქუჩა #7).

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბაღდათის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მანანა ნიკაჭაძე

მოსამართლე