განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #
1--------
(#0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
27 მარტი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე
სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ემ------------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გი------ დ---------- მა-------ე (დაბადებული - 1--- წლის 1---------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული მისამართზე: მ–----ა, სოფელი ქ----------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, ზ------------–-------------------------------------ში;), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს ქვეშ მყოფი.
ადვოკატი - გი------ ბე----ე
კვალიფიკაცია: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (2017 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (2017 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქცია).
დისპოზიცია: ა) ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ბ) ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ;
სხდომის სახე: ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი
1.1. 2017 წლის 22 იანვარს, ღამით, ქ. თბილისში, ბ------–-------------------------------------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გი------ მა-------ემ, შელაპარაკების ნიადაგზე, განახორციელა ოჯახური ძალადობა გერი შვილის - შვიდი წლის გი------ კა–-----ის მიმართ, რა დროსაც ხელი დაარტყა ფეხში, რის შედეგადაც არასრულწლოვანმა გი------ კა–-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. 2017 წლის 22 იანვარს, ღამით, ქ. თბილისში, ბ------–-------------------------------------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გი------ მა-------ემ, შელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვან გი------ კა–-----ის თანდასწრებით, მეუღლეს - მა-----–-----ეს ხელი დაარტყა სახეში, რის შედეგადაც მა-----–-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. 2017 წლის 22 იანვარს, ღამით, ქ. თბილისში, ბ------–-------------------------------------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გი------ მა-------ემ, შელაპარაკების ნიადაგზე, განახორციელა ოჯახური ძალადობა გერი შვილის - შვიდი წლის გი------ კა–-----ის მიმართ, რა დროსაც ხელი დაარტყა ფეხში, რის შედეგადაც არასრულწლოვანმა გი------ კა–-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.2. 2017 წლის 22 იანვარს, ღამით, ქ. თბილისში, ბ------–-------------------------------------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გი------ მა-------ემ, შელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვან გი------ კა–-----ის თანდასწრებით, მეუღლეს - მა-----–-----ეს ხელი დაარტყა სახეში, რის შედეგადაც მა-----–-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეების ხა----------------ის, გი-----–-----ის, ზა------------–---–ის, გი------ გ---–---ის, ლე--–------------ის, რ-----------------–------ რო----------------ის, ქე--------------–---–ის, გ----------------ის, ნ--------------ის, ნი-------–------ის, გი------ ნ--------ის, თე--------------ის და ნი-------–----ის საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და გი------ მა-------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია გი------ მა-------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.
4. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
4.1. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა მა-----–-----ემ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
4.2. დაზარალებულის დედამ მოწმემ ხა----------------ემ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 22 იანვარს, ღამით, მობილურ ტელეფონზე დაურეკა შვილმა - მა-----–-----ემ და უთხრა, რომ მან და მისმა მეუღლემ გი------ მა-------ემ იჩხუბეს, ის და მისი შვილი გი------ კა–-----ე ჩაკეტილები იყვნენ საპირფარეშოში და ითხოვდა დახმარებას. ხა----------------ე და მისი მეუღლე - გი-----–-----ე მაშინვე წავიდნენ მათთან, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ბ------–-------------------------ში. მისვლისას კარი გაუღო სიძემ - გი------ მა-------ემ, რომელსაც ხელში ეჭირა პატარა ირ------------ე, ხოლო მათი შვილი - მა-----–-----ე და შვილიშვილი გი------ კა–-----ე იმყოფებოდნენ/ჩაკეტილები იყვნენ საპირფარეშოში. გი------ მა-------ე იყო აგრესიული, იგინებოდა. მათი მისვლის შემდეგ, გი------ მა-------ემ ბავშვი - ირ------------ე ჩასვა საბავშვო ეტლში და შევიდა საძინებელში, სადაც ჩაამტვრია აივანზე გასასვლელი კარის მინა და დაიზიანა ხელები. ვინაიდან გი------ მა-------ეს ჰქონდა ძლიერი სისხლდენა, მათ მიერ გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომლის მისვლამდეც მივიდა საპატრულო პოლიცია. მოწმის განმარტებით, მისი შვილი - მა-----–-----ე და შვილიშვილი გი------ კა–-----ე იმდენად იყვნენ შეშინებულები, რომ მათი მისვლის შემდეგაც კი არ გამოსულან საპირფარეშოდან. ისინი მხოლოდ საპატრულო პოლიციის მისვლის შემდეგ გამოვიდნენ და იყვნენ უკიდურესად შეშინებულები. ამასთან, საპირფარეშოდან გამოსვლისას მის შვილს - მა-----–-----ეს სახეზე დაზიანებები აღენიშნებოდა, თუმცა, ამ უკანასკნელს არ უთქვამს აღნიშნული დაზიანებები როგორ მიიღო. რაც შეეხება შვილიშვილს - გი------ კა–-----ეს, მისთვის დაზიანებები არ შეუნიშნავს, თუმცა, როგორც მოგვიანებით მეუღლემ - გი-----–-----ემ უთხრა, მისთვის ბავშვს უთქვამს: „გი------მ ფეხზე მომარტყაო“. მოწმის განმარტებით, როგორც მა-----–-----ისგან გახდა ცნობილი, აღნიშნული კონფლიქტი ამ უკანასკნელის უფროსი შვილის - გი------ კა–-----ის გამო მოხდა, რომელიც მის ბიოლოგიურ მამას ჰყავდა წაყვანილი. მოწმის თქმით, გი------ მა-------ეს მისთვისაც არაერთხელ უთქვამს, რომ არ მოსწონდა ბავშვის ბიოლოგიურ მამას რომ მიჰყავდა იგი. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული შემთხვევის შემდეგ, მის შვილსა და გი------ მა-------ეს არერთხელ ჰქონდათ კონფლიქტური სიტუაცია, იგი იმყოფება მუდმივი შიშის ქვეშ, რათა გი------ მა-------ემ მის შვილს და შვილიშვილს არაფერი დაუშავოს. მით უფრო, როგორც გი------ მა-------ის ბაბუა ეუბნება: „ვიდრე არ მოკლავს თქვენს შვილს, იქამდე არ წაიყვანთო?„. მისი შვილის და შვილიშვილის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მართალია, უნდა, რომ მისმა შვილმა გი------ მა-------ესთან აღარ იცხოვროს, თუმცა, მისი შვილი რამდენჯერაც წამოვიდა მისგან, იმდენჯერ შეურიგდა. არ იცის გი------ მა-------ე მის შვილს აშინებს, თუ რატომ ურიგდება. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ იგი გი------ კა–-----ეს ახლდა გამომძიებელთან, თუმცა, მისი გამოკითხვა ვერ მოხერხდა, რადგან ბავშვი მხოლოდ თავს იქნევდა და არაფერს პასუხობდა. ამასთან, მის შვილს მა-----–-----ეს არ უთქვამს გამოკითხვისას გამომძიებელი ბავშვის წართმევით მემუქრებოდაო.
4.3. დაზარალებულის მამამ გი-----–-----ემ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 22 იანვარს დაურეკა შვილმა მა-----–-----ემ და უთხრა, რომ ეშინოდა მეუღლის - გი------ მა-------ის, რის გამოც ბავშვთან - გი------ კა–-----ესთან ერთად ჩაკეტილი იყო საპირფარეშოში და ითხოვდა დახმარებას. მოწმის განმარტებით, მისი და მისი მეუღლის მისვლისას გი------ მა-------ე იყო აღელვებული, აგრესიული და იგინებოდა, ხოლო მისი შვილი მა-----–-----ე და შვილიშვილი გი------ კა–-----ე იმყოფებოდნენ საპირფარეშოში. მათი მისვლის შემდეგ გი------ მა-------ემ ხელები გადაიჭრა, რის გამოც გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და იგი გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში. ადგილზე ასევე მისულები იყვნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. ამასთან, მოწმემ ზუსტად ვერ გაიხსენა საპირფარეშოდან გამოსვლისას მის შვილს დაზიანებები ჰქონდა თუ არა, ასევე, დასჭირდა თუ არა სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და იგი გადაყვანილი იყო თუ არა საავადმყოფოში. მოწმის განმარტებით, შვილიშვილი იყო შეშინებული და ტიროდა, თუმცა, რატომ ტიროდა არ უთქვამს. მოწმის განმარტებით, ბავშვი ამბობდა, რომ ფეხი მოხვდა, თუმცა, ვისი ფეხი მოხვდა და რა ვითარებაში, არ იცის.
4.4. საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრულო სამმართველოს სა---------–ოს მიმართულების მ------–----–ის პატრულ-ინსპექტორებმა ზა------------–---–მა და გი------ გ---–---მა საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტეს, რომ 2017 წლის 22 იანვარს ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც დაახლოებით 00:00 საათზე, რადიოსადგურ „ცენტრის“ მეშვეობით მიიღეს გამოძახება, რომლის თანახმადაც, ქ. თბილისში, ბ------–-------------------------ში ადგილი ჰქონდა ოჯახურ ძალადობას. მისამართზე მისვლისას ადგილზე დახვდათ ბრალდებული გი------ მა-------ე, რომელსაც ხელის მტევნები ჰქონდა დაზიანებული და დიდი რაოდენობით მოსდიოდა სისხლი. აღნიშნულის გამო, მათ მიერ გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ამასთან, ბრალდებული გი------ მა-------ე იყო ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში და იყო უკიდურესად აღელვებული და აგრესიული. გარდა ბრალდებულისა, ადგილზე დახვდათ ამ უკანასკნელის სიდედრ-სიმამრი, რომელთაც განუმარტეს, რომ ბრალდებულმა დაზიანებები მიიღო მინის ჩამტვრევით, ასევე, გი------ მა-------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა გერზე - გი------ კა–-----ეზე და მეუღლეზე - მა-----–-----ეზე ფიზიკური ძალადობის განხორციელებას, რის გამოც ეს უკანასკნელები ჩაკეტილები იყვნენ აბაზანაში/საპირფარეშოში. მოწმეთა განმარტებით, მას შემდეგ, რაც მა-----–-----ეს განუმარტეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და გი------ მა-------ის მხრიდან საფრთხე აღარ ემუქრებოდა, მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიდა აბაზანიდან/საპირფარეშოდან, ბავშვთან ერთად. ამასთან, აბაზანიდან/საპირფარეშოდან გამოსვლისას მა-----–-----ეს სახის არეში ეტყობოდა დაზიანებები, კერძოდ, სიწითლეები, სილურჯეები და შესიება, თუმცა, თავდაპირველად იგი იყო შეშინებული და მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შესახებ არ ამბობდა, ხოლო შემდეგ, სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმისა და მათი თანდასწრებით, განმარტა, რომ მეუღლემ - გი------ მა-------ემ მას და მის მცირეწლოვან შვილს - გი------ კა–-----ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მისი თქმით, გი------ კა–-----ე წაყვანილი ჰყავდა ბიოლოგიურ მამას სასეირნოდ, ბავშვის სახლში დაბრუნებისას ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა გი------ მა-------ემ მას (ბავშვს) ჰკითხა: სად ჰყავდა მამას წაყვანილი, ხოლო იმის გამო, რომ ბავშვმა, ვერ გასცა პასუხი, მან უცენზურო სიტყვებით მიმართა და „წამოარტყა“. აღნიშნულის გამო იგი ჩადგა მათ შუაში, რის გამოც მეუღლემ აგრესია მის მიმართ გადაიტანა და სახის არეში ურტყა მუშტები. მოწმეთა განმარტებით, სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმის მიერ თავდაპირველად, პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია გი------ მა-------ეს, ხოლო მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი მეორე ეკიპაჟის მიერ გადაყვანილ იქნა თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში, სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმის მიერ სამედიცინო დახმარება გაეწია ასევე, დაზარალებულ მა-----–-----ეს, რომელსაც სხეულის სხვადასხვა ადგილას დაუდგინდა დაზიანებები. ექიმის მიერ ასევე, შემოწმებულ იქნა გი------ კა–-----ე, რომელსაც რაიმე სახის ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნებოდა. ამასთან, ბავშვმა მათ განუცხადა, რომ გი------ მა-------ემ „წიხლი ჩაარტყა ფეხში“. მოწმეთა განმარტებით, ვინაიდან სახეზე იყო დანაშაულის ნიშნები, მათ მიერ გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლები. მოწმე ზა------------–---–მა დამატებით განმარტა, რომ მის მიერ მოძალადე გი------ მა-------ის მიმართ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი, რაც შემდეგ დამტკიცებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ.
4.5. სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროსმა ექიმმა ლე--–------------ემ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 22 იანვარს იყო მორიგე, რა დროსაც მიიღო გამოძახება ქ. თბილისში, ბ------–---ის ქუჩაზე, ლოზუნგით ოჯახური კონფლიქტი. ადგილზე მისვლისას სადარბაზოსთან დახვდნენ პატრულის თანამშრომლები, რომლებთან ერთად შევიდნენ ბინაში, სადაც მინები იყო ჩამსხვრეული, ხოლო ახალგაზრდა მამაკაცს - ბრალდებულ გი------ მა-------ეს ხელები ჰქონდა გადაჭრილი და სდიოდა სისხლი. ბრალდებული გი------ მა-------ე იყო აღგზნებული, აგრესიული - ზოგადად ყვიროდა და მისივე განმარტებით თავად ჩაამსხვრია მინა. მოწმის განმარტებით, ადგილზე იყვნენ აგრეთვე დაზარალებულის - მა-----–-----ის მშობლები, რომელთაც განუმარტეს, რომ მათ დაურეკა შვილმა და უთხრა, რომ მეუღლე სცემდა, რის გამოც საპირფარეშოში იმალებოდა შვილთან ერთად და ითხოვდა დახმარებას. მათ გი------ მა-------ეს დაუმუშავეს ჭრილობა და აპირებდნენ მის საავადმყოფოში გადაყვანას, რა დროსაც ბინიდან გამოსვლისას დაინახა საპირფარეშოდან გამოსული ახალგაზრდა ქალი ბავშვთან ერთად, რომლებიც იყვნენ შეშინებულები და იმალებოდნენ საპირფარეშოში. იგი ჯდებოდა უკვე სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში, რა დროსაც მას წამოეწია მსხვერპლის დედა, რომელმაც უთხრა, რომ მისი შვილი - მა-----–-----ე მეუღლის მიერ იყო ნაცემი და სჭირდებოდა სამედიცინო დახმარება. აღნიშნულის გამო, მან გამოიძახა სასწრაფო დახმარების მეორე ბრიგადა და მათი მეშვეობით მოხდა გი------ მა-------ის, რომელსაც ჰქონდა სისხლდენა და საჭიროებდა ქირურგიულ ჩარევას, საავადმყოფოში გადაყვანა, ხოლო თვითონ დახმარება აღმოუჩინა მა-----–-----ეს, რომელსაც დაზიანებები ვიზუალურადაც ეტყობოდა. კერძოდ, ჩალურჯებები ჰქონდა ორივე თვალბუდის არეში, ასევე, ჩალურჯებები, ჰემატომები ჰქონდა ორივე მტევანზე. მოწმის განმარტებით, მას მა-----–-----ემ უთხრა, რომ მეუღლე იყო ნასვამი, სახეში ურტყამდა მუშტს, რის გამოც ხელები აიფარა სახეზე, რათა თვალებში ჩარტყმა აეცილებინა და ამიტომ ჰქონდა ხელის მტევნებზე ჩალურჯებები და ჰემატომები. ამასთან, ვინაიდან პაციენტს/მა-----–-----ეს ჰქონდა ტვინის შერყევის ნიშნები, მისი განმარტებით, ძლიერად სტკიოდა თავი და ჰქონდა თავბრუსხვევა და გულისრევის შეგრძნება, იგი გადაყვანილ იქნა შპს „ლ--–---ში“. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ადგილზე იყო შეშინებული მცირეწლოვანი ბავშვიც, რომელზეც მა-----–-----ემ მიუთითა, რომ მასაც „წიხლი ჩაარტყა“ მისმა მეუღლემ - გი------ მა-------ემ. აღნიშნულის გამო, მან ბავშვიც დაათვალიერა, თუმცა, მას რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნებოდა. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ დაზარალებულ მა-----–-----ის მიერ აღწერილი გარემოებები, კერძოდ, მასზე არსებული დაზიანებები და დაზიანებების მიღების მექანიზმი სრულ შესაბამისობაში იყო ერთმანეთთან. მისივე განმარტებით, დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებები, შეუძლებელი იყო დაცემის ან რაიმეზე მირტყმის გზით მიეღო.
4.6. სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროსმა ექიმმა რუ---------------–---მა საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 22 იანვარს, ღამის საათებში, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მათი ბრიგადა გამოიძახა მეორე ბრიგადის უფროსმა ექიმმა ლე--–------------ემ. ადგილზე მისვლისას პაციენტს/ახალგაზრდა მამაკაცს, რომელსაც ორივე ხელზე ჰქონდა ჭრილობა, გაწეული ჰქონდა პირველადი სამედიცინო დახმარება და მათი ბრიგადის მიერ, შემდგომი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, გადაყვანილ იქნა თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში, ხოლო სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც მათი ბრიგადა გამოიძახა დარჩა ადგილზე სხვა პირისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით.
4.7. საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელმა რო----------------ემ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 22-23 იანვარს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმადაც, ქ. თბილისში, ბ------–-------------------------ში, გი------ მა-------ის მიერ განხორციელებული ოჯახური ძალადობის მსხვერპლი - მა-----–-----ე გადაყვანილი იყო შპს „ლ--–---ში“, ხოლო მოძალადე გი------ მა-------ე, რომელსაც ასევე დაზიანებები ჰქონდა მიღებული, გადაყვანილი იყო ქ. თბილისში, ჩ----------------ში მდებარე თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში. აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე, გამომძიებელი კა--------ე წავიდა შპს „ლ--–---ის“ კლინიკაში, ხოლო თვითონ თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში, სადაც მისთვის ცნობილი გახდა რომ გი------ მა-------ე იმავე დღეს გაეწერებოდა საავადმყოფოდან, ასევე, მისთვის გამომძიებელ კა--------ისგან ცნობილი გახდა, რომ დაზარალებული პირდაპირ უთითებდა გი------ მა-------ეზე, როგორც დანაშაულის ჩამდენზე. კერძოდ, მასზე და მის მცირეწლოვან შვილზე ძალადობის განმახორციელებელ პირზე, რის გამოც მიღებულ იქნა მისი ბრალდებულის სახით დაკავების გადაწყვეტილება და მის მიერ თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ეზოში დაკავებულ იქნა გი------ მა-------ე. მოწმის მიერვე ადგილზე მოხდა გი------ მა-------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის შედგენა, ხოლო იმის გამო, რომ ბრალდებულს დაზიანებული ჰქონდა ხელის მტევნები, მოწვეულ იქნა გარეშე პირი, რომელმაც დაადასტურა გი------ მა-------ის მიერ დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის გაცნობის ფაქტი. აღნიშნულის შემდეგ, დაკავებული გი------ მა-------ე გადაყვანილ იქნა დროებითი მოთავსების იზოლატორში. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ როგორც ბრალდებულმა გი------ მა-------ემ მასთან საუბარში აღნიშნა, მან ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა, აღელვების ნიადაგზე, მეუღლეს და მის მცირეწლოვან შვილს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე, აივანზე გასასვლელი კარის მინას ჩაარტყა ხელი და მიიყენა თვითდაზიანება.
4.8. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 20 მარტის სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი #1----- -ის ქსეროასლის ჩანაწერების მიხედვით მოქალაქე მა-----–-----ეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ადგილზე აღმოუჩინა დახმარება ... სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: ზედაპირული ტრავმები, რომლებიც მოიცავს სხეულის რამდენიმე მიდამოს. ცხვირის ზედაპირული ტრავმა, სხვა დაუზუსტებელი დაზიანებანი, დაუზუსტებელი როგორც შემთხვევითი ან წინასწარგანზრახული. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების მიხედვით პერიოკულურ მიდამოში და მტევნის არეში აღენიშნებოდა ჰემატომები; შპს „ლ--–---ი“-ს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #----ის და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ #ე3---ის ქსეროასლების ჩანაწერების მიხედვით, მოქალაქე მა-----–-----ეს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით კლინიკისთვის მიუმართავს 23.01.17 წ. 0---- სთ, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს, დიაგნოზით: თავის ზედაპირული ტრავმა, ორივე წინამხრის დაჟეჟილობა. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების მიხედვით მარჯვენა თვალბუდის და ორივე ზემო კიდურის მიდამოში აღინიშნებოდა კანქვეშა ჰემატომები, მარჯვნივ საფეთქლის არეში და ცხვირის ძგიდეზე აღენიშნებოდა ექსკორიაციები; აღნიშნული დაზიანებანი განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია, სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებში დაზიანებათა მორფოლოგიური სურათის არარსებობის გამო.
4.9. ზემოაღნიშნული დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა ქე--------------–---–მა, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემულ ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით.
4.10. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 22 ივნისის სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამედიცინო ბარათი #4-------ის ქსეროასლის ჩანაწერების მიხედვით, მოქალაქე გი------ კა–-----ეს 2017 წლის 23 იანვარს აღმოეჩინა სამედიცინო დახმარება და დაუდგინდა დიაგნოზი: ქვემო კიდურის ზედაპირული ტრავმა, დაუზუსტებელ დონეზე. სხვა დაზუსტებული დაზიანებები, დაუზუსტებელი როგორც შემთხვევითი ან წინასწარგანზრახული. წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებში მოქალაქე გი------ კა–-----ის სხეულზე მექანიკური დაზიანების ობიექტური ნიშნების არსებობის შესახებ ჩანაწერები არ აღინიშნება.
4.11. ზემოაღნიშნული დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა გ----------------ემ, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემულ ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით.
4.12. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 04 აპრილის სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ბეჭდით დამოწმებული სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #8------ის ჩანაწერების თანახმად, მოქალაქე გი------ მა-------ე მოუთავსებიათ აღნიშნულ კლინიკაში 23.01.17 წ-ს, 00:33 სთ-ზე (გაეწერა იმავე დღეს, 02:00 სთ-ზე). აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა (ორი ჭრილობა) მარჯვენა წინამხრის მიდამოში და ნაკვეთი ჭრილობა მარჯვენა (მარცხენა) მტევანზე; დაზიანებები განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში და სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებულ თარიღს - 2---------- წ გარდამავალ პერიოდს.
4.13. ზემოაღნიშნული დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა ნ--------------ემ, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემულ ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით.
4.14. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 08 თებერვლის ბიოლოგიური ექსპერტიზის #6---- დასკვნის თანახმად, გი------ მა-------ის სისხლი მიეკუთვნება 0-----ჯგუფს და R----- რეზუს დადებით ფაქტორს; შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ: - მინის ნატეხზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება 0-----ჯგუფს და R----- რეზუს დადებით ფაქტორს; - ორ ანაწმენდზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება 0-----ჯგუფს და R----- რეზუს დადებით ფაქტორს; გი------ მა-------ის სისხლი და შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ორ ანაწმენდზე და მინის ნატეხზე არსებული სისხლი მიეკუთვნება 0-----ჯგუფს და R----- რეზუს დადებით ფაქტორს.
4.15. ზემოაღნიშნული დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა ნი-------–------მა, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით.
4.16. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტ-კრიმინალისტებმა თე--------------მა და გი------ ნ--------ემ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტეს, რომ 2017 წლის 23 იანვარს, ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, მონაწილეობა მიიღეს შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რომელიც მდებარეობდა ქ. თბილისში, ბ------–-------------------------ში, რა დროსაც მათ მიერ ამოღებულ იქნა მოწითალო ფერის ანაწმენდები და მინის ნატეხი, ასევე, მათ მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის დასურათება. მოწმეებმა დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე.
4.17. საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელმა ნი-------–----ემ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 22-23 იანვარს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას/იყო მორიგე, რა დროსაც საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ბ------–-------------------------ში, ადგილი ჰქონდა მეუღლეებს შორის ოჯახურ კონფლიქტს. აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე, იგი გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდა გი------ მა-------ის დედა მა----- მა-------ე, ასევე, გი------ მა-------ის გერი - მცირეწლოვანი გი------ კა–-----ე, რომელმაც მასთან საუბარში განმარტა, რომ გი------ მა-------ემ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ამასთან, მისთვის ცნობილი გახდა, რომ გი------ მა-------ე და მა-----–-----ე, გადაყვანილები იყვნენ საავადმყოფოში. მოწმის განმარტებით, რამდენადაც ბინაში, კერძოდ, საძინებელ ოთახში შეინიშნებოდა დიდი რაოდენობით მოწითალო ფერის ლაქები, მის მიერ გამოძახებულ იქნენ ექსპერტ-კრიმინალისტები, რომელთა მისვლის შემდეგ, ბინის მესაკუთრის მა----- მა-------ის თანხმობითა და მონაწილეობით, ასევე ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილოებით, მის მიერ დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებულ იქნა მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები და მინის ფრაგმენტი. აღნიშნული შემდეგ, მის მიერ ჩატარებულ იქნა შემდეგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: გამოკითხულ იქნენ დაზარალებული მა-----–-----ე, მისი მშობლები - გი-----–-----ე და ხა----------------ე, პატრულ-ინსპექტორები - ზა------------–---–ი და გი------ გ---–---ი, ასევე, სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმები - ლე--–------------ე და რუ---------------–---ი. შპს „ლ--–---იდან“ და თბილისის ცენტრალური საავადმყოფოდან გამოთხოვილ იქნა, შესაბამისად, მა-----–-----ის და გი------ მა-------ის სამედიცინო დოკუმენტაცია, ასევე, შპს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიდან ინფორმაცია, საიდანაც ირკვეოდა, რომ გი------ მა-------ე გადიოდა მეტადონის ჩანაცვლებითი თერაპიის კურსს. დანიშნულ იქნა ბიოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზები, ასევე, 2018 წლის 24 იანვარს, დროებითი მოთავსების იზოლატორში, გი------ მა-------ეს წარუდგინა ბრალი. ამასთან, იმის გამო, რომ გი------ მა-------ეს ორივე ხელი ჰქონდა დაზიანებული, ფიზიკური ნაკლის გამო მის მიერ დანიშნულ იქნა ადვოკატი და მოწვეულ იქნა გარეშე პირი. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე. მოწმემ დამატებით ასევე აღნიშნა, რომ როგორც მა-----–-----ემ განუცხადა, მეუღლეებს შორის კონფლიქტი გამოიწვია, იმ ფაქტმა, რომ გი------ მა-------ემ გერს - გი------ კა–-----ეს შენიშვნა მისცა და ფეხში ჩაარტყა, იმის გამო, რომ ბავშვმა ვერ აუხსნა კონკრეტულად სად ჰყავდა მამას იგი სასეირნოდ წაყვანილი. აღნიშნულთან დაკავშირებით, მასსა და გი------ მა-------ეს შორის მოხდა ოჯახური კონფლიქტი, რა დროსაც გი------ მა-------ემ მას (მა-----–-----ეს) სახეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი. მოწმის განმარტებით, მა-----–-----ის გამოკითხვისას მისი მხრიდან რაიმე სახის ზეწოლას, მათ შორის მუქარას, რომ თუ მეუღლის წინააღმდეგ ჩვენებას არ მისცემდა, შვილს ჩამოართმევდნენ, ადგილი არ ჰქონია. მოწმემ ასევე განმარტა, რომ, მართალია მცირეწლოვანი გი------ კა–-----ე, ბებიასთან ხა----------------ესთან ერთად დაბარებული იყო გამოსაკითხად, თუმცა, ფსიქოლოგმა, რომელიც გაესაუბრა ბავშვს, აღნიშნა, რომ იგი იყო ტრავმირებული, ამბობდა არაადექვატურ ფრაზებს და მისი გამოკითხვა არ იყო მიზანშეწონილი. ამასთან, ხა----------------ემ, იმის გამო, რომ ბავშვს ხილული დაზიანებები არ ჰქონდა, გი------ კა–-----ის დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით ხელის მოწერაზე განაცხადა უარი.
4.18. ბრალდებულმა გი------ მა-------ემ საქმის არსებითი განხილვის დროს წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას ბრალდებულმა განმარტა, რომ მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს იგი აღიარებდა, ხოლო გერის - გი------ კა–-----ის მიმართ ფიზიკური ძალადობას - არა. უფრო მეტიც, გი------ მა-------ე ბავშვს მზრუნველობას არ აკლებდა და მისი მხრიდან ბავშვის დასჯა გამოიხატებოდა მხოლოდ კომპიუტერისა და ტელეფონით სარგებლობის აკრძალვაში.
4.19. ბრალდებულ გი------ მა-------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად ირკვევა, რომ 2017 წლის 23 იანვარს 03:00 საათზე, საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებლის რო----------------ის მიერ დაკავებულ იქნა ბრალდებული გი------ დ---------- მა-------ე, რომელსაც დაკავებისას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა ფულადი თანხა და აიდი ბარათი. ამავე ოქმით ირკვევა, რომ გარეშე პირმა გი------ ც------–მა გი------ მა-------ეს გააცნო/წაუკითხა მისი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, რის შემდეგაც მას ჩაბარდა აღნიშნული ოქმის ასლი.
4.20. ალკოტესტით შემოწმების 2017 წლის 23 იანვრის ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს სა---------–ოს მიმართულების მ------–----–ის პატრულ-ინსპექტორის ზა------------–---–ის მიერ, 2017 წლის 23 იანვარს, 03:59 საათზე სიმთვრალე-სიფხიზლის ხარისხის დასადგენად, ალკოტესტის მეშვეობით, შემოწმებულ იქნა მოქალაქე გი------ მა-------ე, რომელსაც დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა 0.812%.
4.21. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2017 წლის 23 იანვარს 02:40 საათიდან 04:40 საათამდე დროის შუალედში, ბინის მესაკუთრის მარინა მა-------ის, უფროსი ექსპერტების გი------ ნ--------ის და თე--------------ის მონაწილეობით, საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებლის ნი-------–----ის მიერ დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი, კერძოდ, ქ. თბილისში, ბ------–---ის ქუჩა, კ-------------ში მდებარე ბინა #--, რომელსაც გაჩნია სააბაზანო-საპირფარეშო, მისაღები, საძინებელი და აივანი. საძინებელ ოთახში იატაკზე და კედლებზე შეინიშნება მოწითალო ფერის ლაქები, ასევე, საძინებელი ოთახიდან აივანზე გასასვლელი ორფრთიანის კარის მარჯვენა ფრთის მინა არის ჩამსხვრეული და მინის ნამსხვრევები მიმოფანტულია. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას საძინებლიდან, კერძოდ, აივანთან იატაკის ზედაპირიდან და გარდერობის წინ იატაკის ზედაპირიდან ამოღებულ იქნა მოწითალო ფერის ანაწმენდები, ასევე, ამოღებულ იქნა მინის ნატეხი, მოწითალო ფერის ლაქებით. ამოღებული ანაწმენდები და მინის ნატეხი დაილუქა ცალ-ცალკე. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებულ იქნა 79 ფოტოსურათი.
4.22. სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი #4-------ის თანახმად, 2017 წლის 23 იანვარს 00:11 საათზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა იმყოფებოდა გამოძახებაზე, მისამართზე: ქ. თბილისი, ბ------–-------------------------ში (გამოძახების მოტივი - ცემა), პაციენტ გი------ კა–-----ესთან, რომელიც მარცხენა ბარძაყის არეში, დაახლოებით ზემო მესამედში, უჩივის ტკივილს. დათვალიერებით ჰემატომა არ აღენიშნება. დაესვა დიაგნოზი: ქვემო კიდურის ზედაპირული ტრავმა, დაუზუსტებელ დონეზე. პაციენტის სამედიცინო ბარათს ხელს აწერს მა-----–-----ე.
4.23. სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი #1------ თანახმად, 2017 წლის 23 იანვარს 00:03 საათზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე იმყოფებოდა, მისამართზე: ქ. თბილისი, ბ------–-------------------------ში, პაციენტ მა-----–-----ესთან. აღნიშნული ბარათის მიხედვით ირკვევა, რომ დაშავებულია ქალი, რომელიც მისივე გადმოცემით სცემა მეუღლემ, მუშტი მოხვდა ცხვირის, პერიოკულურ მიდამოში, ასევე მარჯვენა საფეთქლის არეში, პერიოკულურ მიდამოში აღინიშნება ჰემატომა. უჩივის თავის ტკივილს, ... ...., სახეზე ხელების აფარების დროს მუშტი მოხვდა მტევნის არეშიც, სადაც ასევე აქვს ჰემატომა. დიაგნოზი: ზედაპირული ტრავმები, რომლებიც მოიცავს სხეულის რამდენიმე მიდამოს. ცხვირის ზედაპირული ტრავმა, სხვა დაუზუსტებელი დაზიანებანი, დაუზუსტებელი როგორც შემთხვევითი ან წინასწარგანზრახული.
4.24. შპს „ლ--–---ი“-ს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #----ის თანახმად, მოქალაქე მა-----–-----ეს კლინიკისათვის მიუმართავს 2017 წლის 23 იანვარს 0---- საათზე, ხოლო კლინიკიდან გაეწერა 2017 წლის 23 იანვარს 02:40 საათზე, კლინიკური დიაგნოზით: თავის ზედაპირული ტრავმა, ორივე წინამხრის დაჟეჟილობა.
4.25. შპს „ლ--–---ი“-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ #ე3---ის ცნობის თანახმად, პაციენტი მა-----–-----ე უჩივის თავის ტკივილს, ტკივილს ორივე ზედა კიდურზე, საერთო სისუსტეს, მისი გადმოცემით სცემა ქმარმა, რის შედეგადაც მიიღო ზემოაღნიშნული დაზიანებები. მარჯვენა თვალბუდის არეში აღენიშნება კანქვეშა ჰემატომა, ორივე ზედა კიდურზე მრავლობითი კანქვეშა ჰემატომები.
4.26. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 24 იანვრის #0------- წერილის თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო აქტების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში გი------ დ---------- მა-------ის (დაბადებული 10.01.1--- წელს, პირადი ნომერი - 0----------) და მა-----–-----ის (დაბადებული 1--------- წელს, პირადი ნომერი - 0----------) ქორწინების აქტის ჩანაწერი არ მოიძებნა. სააგენტოს სამოქალაქო აქტების მონაცემთა ბაზის მიხედვით მათ ჰყავთ ერთი საერთო შვილი: ირ------------ე (პირადი ნომერი - 0----------), დაბადებული 2----–-–--------------ერს თბილისში. დაბადების აქტი #0---------- რეგისტრირებულია სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2----–-–-------------ბერს.
4.27. შპს ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის 2017 წლის 24 იანვრის #- წერილის თანახმად, მოქალაქე გი------ მა-------ე, დაბადებული 1--- წლის 1---------ს, პირადი ნომერი - 0----------, მცხოვრები ქ. თბილისში, ზ------------–-------------------------------------ში, გადის მკურნალობის კურსს შპს ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამაში 2016 წლის 28 ივნისიდან და ღებულობს პრეპარატს S----------------------------
4.28. შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ დამტკიცდა საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს მიერ 2017 წლის 23 იანვარს გამოცემული #0----- შემაკავებელი ორდერი და მოძალადე გი------ მა-------ეს, მსხვერპლის მა-----–-----ის და მსხვერპლის გი------ კა–-----ის მიმართ 1 თვემდე ვადით აეკრძალა ფსიქოლოგიური ძალადობა შემდეგი პირობებით - 1. მოძალადის იმ სახლისაგან მოშორება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; 2. არასრულწლოვანისაგან მოძალადის განცალკევება; 3. მოძალადისათვის მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება.
4.29. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
4.30. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
4.31. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
4.32. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
4.33. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
4.34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1. და 2.2. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
5. სამართლებრივი შეფასება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
5.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით (2017 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქცია) კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ხოლო ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
5.3. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, მათი უფლება, იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე, პატივი და ღირსება. განსახილველი დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ის 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. ამასთან, ამ დროს მნიშვნელოვანია დადგენილი იქნეს მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებებსა და დამდგარ შედეგს შორის, ასევე ის გარემოებაც, რომ პირის მიერ განხორცილებულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
5.4. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსით დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების მოცემული მუხლით დანაშაულად კვალიფიკაცია, კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) სუბიექტთა წრე (დამნაშავე უნდა იყოს დაზარალებულის ოჯახის წევრი), 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართა განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ქმედება (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება) და 3) აღნიშნული ქმედებას უნდა მოჰყვეს კონკრეტული შედეგი (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა). ზემოაღნიშნული გარემოებები ასევე ცხადყოფს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ქმედების კვალიფიკაციისათვის მიყენებული დაზიანებების ხარისხთან ერთად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მიერ გახორციელებული ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. რაც შეეხება აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშნებს, ასეთი ქმედების ჩადენას „წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ“ და „არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ“, არასრულწლოვანი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არის „პირი, რომელსაც 18 წელი არ შესრულებია“, ხოლო არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ნიშნავს, რომ ძალადობა განხორციელდა იმ პირის თანდასწრებით, რომელსაც 18 წელი არ შესრულებია და ამასთან ძალადობის მსხვერპლი არის არასრულწლოვანის ოჯახის წევრი (ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა უზენაესმა სასამართლომ თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში, სადაც მიუთითა, რომ „არასრულწლოვანი“ და „ძალადობის მსხვერპლი“ უნდა იყვნენ ერთი ოჯახის წევრები....“ იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 24 ოქტომბრის N403აპ-16 გადაწყვეტილება).
5.5. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს. მოცემულ შემთხვევაში, საგულისხმოა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ბრალდებულ გი------ მა-------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება (ოჯახში ძალადობის საქმეები) გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტს ხშირ შემთხვევაში არ ჰყავს შემსწრე პირი დაზარალებულის გარდა, ან ხშირ შემთხვევაში ფაქტის თვითმხილველი პირები არიან ბრალდებულის ოჯახის წევრები/ახლო ნათესავები, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით კანონმდებლის მიერ მათთვის მინიჭებული უფლების შესაბამისად სარგებლობენ უფლებით არ მისცენ ჩვენება თავიანთი ახლო ნათესავის წინააღმდეგ (აღნიშნულთან დაკავშირებით იხ. უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის N527აპ-17 გადაწყვეტილება).
5.6. მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა მა-----–-----ემ გამოიყენა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლება არ მიეცა ჩვენება ოჯახის წევრის - მეუღლის საწინააღმდეგოდ, თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, ბრალდების მხარის მიერ საქმის არსებით სხდომაზე წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით და წერილობითი მტკიცებულებებით ნათლად და უტყუარად დადგენილი იქნა ის გარემოება, რომ გი------ მა-------ის მხრიდან გერის - მცირეწლოვანი გი------ კა–-----ის და მეუღლის - მა-----–-----ის მიმართ განხორციელდა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებები, კერძოდ:
5.6.1. სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს დაზარალებულ მა-----–-----ის მშობლების - გი-----–-----ის და ხა----------------ის ჩვენებებზე. მათი ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 22 იანვარს, ღამით, მათ დაურეკა შვილმა - მა-----–-----ემ და უთხრა, რომ იჩხუბა მეუღლესთან და უფროს შვილთან ერთად ჩაკეტილი იყო საპირფარეშოში და ითხოვდა მათ მისვლას და დახმარებას. დადგენილია ასევე, რომ ისინი დაუყოვნებლივ მივიდნენ ქ. თბილისში, ბ------–-------------------------ში, რა დროსაც მეუღლეებს შორის კონფლიქტი ჯერ კიდევ ამოწურული არ იყო, ორივე მსხვერპლი მოძალადისგან თავის დაღწევის მიზნით ჩაკეტილი იმყოფება საპირფარეშოში, ხოლო გი------ მა-------ე იყო აღელვებული და აგრესიული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის მშობლები, განსაკუთრებით მამა - გი-----–-----ე, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას შეეცადნენ შეემსუბუქებინათ სიძის - გი------ მა-------ის სამართლებრივი მდგომარეობა, კერძოდ, გი-----–-----ემ განმარტა, რომ მის შვილს არ უთქვამს მისთვის გი------ მა-------ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შესახებ, ასევე, ვერ გაიხსენა საპირფარეშოდან გამოსვლისას მის შვილს დაზიანებები ჰქონდა თუ არა და დასჭირდა თუ არა სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. მოწმემ ასევე, მართალია, განმარტა, რომ შვილიშვილი იყო შეშინებული და ტიროდა, თუმცა, არ იცის, რატომ ტიროდა, ასევე, მართალია მან გაიგო ბავშვის ნათქვამი „ფეხი მომხვდაო“, მაგრამ არ იცის ვისი ფეხი მოხვდა და რა ვითარებაში, მაშინ როდესაც, როგორც მისი მეუღლე ხა----------------ე განმარტავს, მეუღლემ - გი-----–-----ემ უთხრა, რომ მისთვის ბავშვს უთქვამს: „გი------მ (გი------ მა-------ემ) ფეხზე მომარტყაო“. რაც შეეხება ხა----------------ეს, მან, დეტალურად და თანმიმდევრულად განმარტა მისი და მისი მეუღლის ბინაში მისვლის მომენტიდან განვითარებული მოვლენები, კერძოდ, მიუთითა, რომ მათი მისვლის მომენტისათვის მა-----–-----ე და შვილიშვილი გი------ კა–-----ე იმყოფებოდნენ/ჩაკეტილები იყვნენ საპირფარეშოში. ისინი იმდენად იყვნენ შეშინებულები, რომ მათი მისვლის მიუხედავად, ვიდრე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არ მივიდნენ, საპირფარეშოდან ვერ გამოვიდნენ, ასევე, ხა----------------ემ დაადასტურა, რომ საპირფარეშოდან გამოსვლისას მის შვილს - მა-----–-----ეს სახეზე დაზიანებები აღენიშნებოდა, თუმცა, მან, სავარაუდოდ შვილის სურვილის გათვალისწინებით, აღნიშნა, რომ მა-----–-----ეს არ უთქვამს მისთვის თუ რა ვითარებაში მიიღო აღნიშნული დაზიანებები.
5.6.2. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ნეიტრალური მოწმეების პატრულ-ინსპექტორების ზა------------–---–ის და გი------ გ---–---ის, ასევე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროსი ექიმის ლე--–------------ის სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებზე, რომლებიც, მართალია, უშუალოდ ძალადობის ფაქტს არ შესწრებიან, თუმცა, ძალადობის ფაქტის შემდეგ, დროის ძალიან მოკლე პერიოდში, იმ დროს როდესაც კონფლიქტი ჯერ კიდევ ამოწურული არ იყო, მივიდნენ შემთხვევის ადგილზე. მათი მისვლისას ორივე მსხვერპლი საპირფარეშოს აფარებდა თავს, ხოლო ბრალდებული მათი თანდასწრებითაც იყო აღელვებული და აგრესიული, კერძოდ:
5.6.3. პატრულ-ინსპექტორების ჩვენებებით დადგენილია, რომ მათ რადიოსადგურ „ცენტრის“ მეშვეობით მიიღეს გამოძახება, რომლის თანახმადაც, ქ. თბილისში, ბ------–-------------------------ში, ადგილი ჰქონდა ოჯახურ ძალადობას. ადგილზე მისვლისას ბრალდებული გი------ მა-------ე დახვდათ ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში და უკიდურესად აღელვებული და აგრესიული, ამასთან, იქ მყოფმა გი-----–-----ემ და ხა----------------ემ მათ განუმარტეს, რომ გი------ მა-------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა გერზე - გი------ კა–-----ეზე და მეუღლეზე - მა-----–-----ეზე ფიზიკური ძალადობის განხორციელებას, რის გამოც ეს უკანასკნელები ჩაკეტილები იყვნენ აბაზანაში/საპირფარეშოში და გამოვიდნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათ მა-----–-----ეს განუმარტეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და გი------ მა-------ის მხრიდან საფრთხე აღარ ემუქრებოდა. მოწმეებმა ასევე დაადასტურეს, რომ საპირფარეშოდან გამოსვლისას მა-----–-----ეს სახის არეში ეტყობოდა დაზიანებები, კერძოდ, სიწითლეები და სილურჯეები, რომელთა წარმომავლობასთან დაკავშირებითაც, მათი თანდასწრებით სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმს განუმარტა, რომ მიიღო მეუღლის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობის, კერძოდ, სახეში მუშტების დარტყმის შედეგად. მა-----–-----ემ, ასევე მათი თანდასწრებით, სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმს განუმარტა, რომ გი------ მა-------ემ მის მცირეწლოვან შვილსაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ამასთან, გი------ მა-------ის მხრიდან მცირეწლოვანი გი------ კა–-----ის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ, მათ უშუალოდ ბავშვისგანაც იციან, რომელმაც მათ უთხრა, რომ გი------ მა-------ემ „წიხლი ჩაარტყა ფეხში“.
5.6.4. პატრულ-ინსპექტორების ჩვენებებთან სრულ თანხვედრაშია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროსი ექიმის ლე--–------------ის ჩვენება და პაციენტის სამედიცინო ბარათები. ლე--–------------ემ დაადასტურა, რომ 2017 წლის 22 იანვარს ოჯახური კონფლიქტის ლოზუნგით გამოძახებული იყო ქ. თბილისში, ბ------–---ის ქუჩაზე, სადაც ბრალდებული გი------ მა-------ე იყო აღგზნებული და აგრესიული. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ მისი თვალთახედვის არეში მოხდა დაზარალებულის საპირფარეშოდან გამოსვლა, რომელსაც ვიზუალურად ეტყობოდა დაზიანებები, კერძოდ, ჩალურჯებული ჰქონდა ორივე თვალბუდის არე, ასევე, ჩალურჯებები, ჰემატომები ჰქონდა ორივე მტევანზე. მოწმის განმარტებით, მა-----–-----ის განმარტება, დაზიანებების წარმომავლობასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, მეუღლე სახეში ურტყამდა მუშტს, რის გამოც ხელები აიფარა სახეზე, რადგან თვალში ხვდებოდა ხელი და მიღებული დაზიანებები სრულ შესაბამისობაში იყო ერთმანეთთან, რის გამოც მან კატეგორიულად გამორიცხა აღნიშნული დაზიანებების წაქცევის ან სხვა გზით მიღების შესაძლებლობა. დაზარალებულმა მა-----–-----ემ, მას ასევე განუმარტა, რომ მის მცირეწლოვან შვილსაც „წიხლი ჩაარტყა“ მისმა მეუღლემ - გი------ მა-------ემ. სწორედ მისი განმარტების გამო მან ბავშვიც დაათვალიერა, თუმცა, მას რაიმე სახის ხილული დაზიანება არ აღენიშნებოდა. მოწმე ლე--–------------ის ჩვენებაში დაფიქსირებული ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, ასახულია მის მიერ შედგენილ პაციენტის სამედიცინო ბარათებში, რაც თავის მხრივ დადასტურებულია დაზარალებულ მა-----–-----ის ხელმოწერით.
5.6.5. გი------ მა-------ის მხრიდან გი------ კა–-----ის მიმართ განხორცილებული ძალადობის დასადასტურებლად სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია ასევე გამომძიებელ ნი-------–----ის ჩვენების ის ნაწილი, სადაც იგი უთითებს, რომ შემთხვევის ადგილზე, დახვდა გი------ მა-------ის გერი - მცირეწლოვანი გი------ კა–-----ე, რომელმაც მასთან საუბარში განმარტა, რომ გი------ მა-------ემ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
5.6.6. დაზარალებულების მა-----–-----ისა და გი------ კა–-----ის სხეულზე ფიზიკური დაზიანებების არსებობა, გარდა ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებისა, დადასტურებულია აგრეთვე მა-----–-----ის მიმართ სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, რომლის თანახმადაც, სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი #1----- -ის ქსეროასლის ჩანაწერების მიხედვით მოქალაქე მა-----–-----ეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ადგილზე აღმოუჩინა დახმარება ... სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: ზედაპირული ტრავმები, რომლებიც მოიცავს სხეულის რამდენიმე მიდამოს. ცხვირის ზედაპირული ტრავმა, სხვა დაუზუსტებელი დაზიანებანი, დაუზუსტებელი როგორც შემთხვევითი ან წინასწარ განზრახული. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების მიხედვით, პერიოკულურ მიდამოში და მტევნის არეში აღენიშნებოდა ჰემატომები; შპს „ლ--–---ი“-ს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #----ის და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ #ე3---ის ქსეროასლების ჩანაწერების მიხედვით, მოქალაქე მა-----–-----ეს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით კლინიკისთვის მიუმართავს 23.01.17 წ. 0---- სთ, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს, დიაგნოზით: თავის ზედაპირული ტრავმა, ორივე წინამხრის დაჟეჟილობა. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების მიხედვით მარჯვენა თვალბუდის და ორივე ზემო კიდურის მიდამოში აღინიშნებოდა კანქვეშა ჰემატომები, მარჯვნივ საფეთქლის არეში და ცხვირის ძგიდეზე აღენიშნებოდა ექსკორიაციები; აღნიშნული დაზიანებანი განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე, ხოლო დაზარალებულ გი------ კა–-----ის მიმართ სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, რომლის თანახმადაც, მოქალაქე გი------ კა–-----ეს 2017 წლის 23 იანვარს აღმოეჩინა სამედიცინო დახმარება და დაუდგინდა დიაგნოზი: ქვემო კიდურის ზედაპირული ტრავმა.
5.7. ბრალდების მხარის მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის 55-ე მუხლს, რომლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. შესაბამისად, ხელშემკვრელი სახელმწიფოების (რომელთა შორის არის საქართველოც) მართლმსაჯულებისათვის ერთადერთი და გადამწყვეტი მტკიცებულება არ უნდა იყოს მხოლოდ დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, ასევე სასამართლო დამოკიდებული არ უნდა იყოს დაზარალებულის მხრიდან პოზიციის ცვლილებაზე. განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულ გი------ მა-------ის მხრიდან მა-----–-----ის და გი------ კა–-----ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს ადასტურებს არაერთი მტკიცებულება (მოწმეთა ჩვენებები, სამედიცინო დოკუმენტაცია, ექსპერტიზის დასკვნები) რაც ერთობლიობაში ქმნის იმ მტკიცებულებით ჯაჭვს, რაც საკმარისია ბრალდებულის მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩადენის ფაქტის დასადგენად და დაზარალებულ მა-----–-----ის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა ვერ განაპირობებს შეკრებილი მტკიცებულებების არასაკმარისად მიჩნევას.
5.8. სასამართლო ასევე, თავის ყურადღებას მიაქცევს 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, „ყველა ბავშვი, დაბადებული ქორწინებაში, თუ ქორწინების გარეშე, უნდა სარგებლობდეს ერთნაირი სოციალური დაცვით“.
5.9. ბავშვის უფლებათა შესახებ გაეროს 1959 წლის 20 ნოემბრის №1386 (XIV) რეზოლუციით გამოცხადებული დეკლარაციის პრეამბულით: „ვინაიდან ბავშვი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო საჭიროებს სპეციალურ დაცვას და მზრუნველობას, სათანადო სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ, (...)“ მიხედვით ჩამოყალიბებული მე-2 პრინციპის თანახმად, „ბავშვი ექვემდებარება განსაკუთრებულ დაცვას. საჭიროა საკანონმდებლო და სხვა შესაბამისი გზების მოძიება, რათა ბავშვს მიეცეს შესაძლებლობა და საშუალება განვითარდეს ფიზიკურად, გონებრივად, მორალურად, სულიერად და სოციალურად ჯანსაღი და მისაღები ფორმით, თავისუფლებისა და პატივისცემის ატმოსფეროში.“
5.10. „ბავშვის უფლებების შესახებ“ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „მონაწილე სახელმწიფოები ყველა ზომას მიმართავენ ბავშვის, ბავშვის მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ოჯახის სხვა წევრების სტატუსის, საქმიანობის, გამოთქმული შეხედულებების ან მრწამსის საფუძველზე ყველა ფორმის დისკრიმინაციის ან დასჯისაგან ბავშვის დაცვის უზრუნველსაყოფად.“ კონვენციის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით კი, „ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო, თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას.“ ამავე კონვენციის მე-19 მუხლი ადგენს, რომ: „მონაწილე სახელმწიფოები ყველა საჭირო საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს მიმართავენ, რათა ბავშვი დაიცვან მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ბავშვზე მზრუნველი ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან ყველა ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, შეურაცხყოფისა თუ ბოროტმოქმედებისაგან, იმისაგან, რომ ბავშვი მოკლებული არ იყოს ზრუნვას ან დაუდევრად ექცეოდნენ, უხეშად ეპყრობოდნენ ან ექსპლუატაციას უწევდნენ, აგრეთვე სექსუალურ ძალადობას იჩენდნენ“.
5.11. სასამართლო მიუთითებს, რომ ოჯახური ძალადობა არღვევს ბავშვის ძირითად უფლებას და ზიანს აყენებს მის განვითარებას, ხოლო ადამიანის უფლებების ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი პრინციპია უფლება, იცხოვრო ძალადობის საფრთხისგან თავისუფალ გარემოში. გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის (UNCRC) მე-19 მუხლი გარანტირებულად იცავს ყოველი ბავშვის უფლებას და სახელმწიფოებს ავალდებულებს მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა ბავშვი დაცული იყოს ძალადობის ყველა ფორმისგან, მათ შორის, ფიზიკური სასჯელისგან.
5.12. სასამართლო იხმობს ასევე, 2011 წლის 11 მაისის ევროპის საბჭოს კონვენციას (სტამბულის კონვენცია) ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ, რომელიც ძალაში შევიდა 2014 წლის 19 ივნისს. საქართველომ კი აღნიშნულ კონვენციას ხელი მოაწერა 2014 წლის 19 ივნისს და საქართველოსათვის ძალაში შევიდა 2017 წლის სექტემბერში, კონვენციის მე-3 მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, ,,ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს, ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა.“
5.13. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია (სტამბოლის კონვენცია) ავალდებულებს მის მხარე სახელმწიფოებს განახორციელოს ქალების და ბავშვების მიმართ ძალადობის პრევენცია, დაიცვას მსხვერპლი და დასაჯოს დამნაშავე. კონვენცია ჩამოთვლის ფიზიკური, სექსუალური და ფსიქოლოგიური ძალადობის შემცველ სისხლის სამართლის დანაშაულების რიგს, რომელთა მიმართ უფრო მკაცრი სასჯელებია გათვალისწინებული იმ შემთხვევებში, როდესაც ეს დანაშაულები ჩადენილია ბავშვის წინააღმდეგ ან ბავშვის თანდასწრებით. კონვენცია ასევე, იცავს მოწმეებს და სახელმწიფოებს ავალდებულებს დაიცვას და დაეხმაროს ძალადობის მოწმე ბავშვებს ასაკის შესაფერისი ფსიქოლოგიური კონსულტაციებით და იმის უზრუნველყოფით, რომ ყველა დაცვითი ღონისძიება ეფუძნება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.
5.14. სტამბულის კონვენციის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ბავშვთა მიმართ ოჯახური ძალადობა ფართოდ არის გავრცელებული და გამოკვლევებმა გამოავლინა კავშირი ქალთა მიმართ ოჯახურ ძალადობასა და ბავშვთა მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას შორის, ისევე როგორც ტრამვას, რომელიც ადგებათ ბავშვებს ხდებიან რა, ოჯახური ძალადობის მოწმენი. კონვენციის მიხედვით, „მსხვერპლის“ ცნება გულისხმობს როგორც ქალთა მიმართ, ისე ოჯახური ძალადობის მსხვერპლთ, რომელიც მოცემულია კონვენციის მე-3 (ა) და მე-3 (ბ) მუხლში. მაშინ როდესაც, მხოლოდ ქალები, რომლებიც გოგონებსაც მოიცავენ, შეიძლება იყვნენ ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლნი, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი შეიძლება იყვნენ მამაკაცები და ქალები, ისევე, როგორც ბავშვები. ადამიანის უფლებების შესახებ სხვა საერთაშორისო დოკუმენტებთან ერთად, ტერმინი „ბავშვი“ კი, აღნიშნავს ნებისმიერ პირს, თვრამეტი წლის ასაკამდე (ასევე იხ. „ბავშვის უფლებების შესახებ“ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის 1-ლი მუხლი).
5.15. ევროპული სასამართლო მკაცრად აკვირდება და აფასებს იმ ფაქტს, თუ რამდენად სწორად შეასრულა სახელმწიფომ (იგულისხმება მართლმსაჯულების სისტემაც) მის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები, რამდენად ადეკვატურად და სათანადოდ გაატარა სახელმწიფომ შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული კატეგორიის დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ.
5.16. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ასევე, ყურადღებას ამახვილებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 1-ლი მუხლის მე-3 ნაწილზე, სადაც მითითებულია, რომ ,,ეს კოდექსი შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, ბავშვის უფლებათა კონვენციას, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს“. ამ შემთხვევაში საყურადღებოა ის გარემოება, რომ მოცემული კანონის მიღებისას კანონმდებელმა კანონის უმთავრეს და ძირითად მიზნად მიუთითა, რომ მოცემული კანონის მიზანია მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, არასრულწლოვანი დაზარალებულის და არასრულწლოვანი მოწმის უფლებათა დაცვა, არასრულწლოვანი დაზარალებულის ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება და ა.შ.
5.17. ამასთანავე, სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ნათლად და გარკვევით მითითებულია არასრულწლოვნების მონაწილეობით მიმდინარე საქმეებში, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობაზე, კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-4 მუხლში მითითებულია, რომ ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში, უპირველეს ყოვლისა, გაითვალისწინება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები“. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები არის არასრულწლოვნის უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და სხვა ინტერესები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებისა და არასრულწლოვნის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, აგრეთვე მისი აზრის გათვალისწინებით განისაზღვრება“.
5.18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათლად და უპირობოდ დგინდება, რომ სახელმწიფო ორგანოების (მათ შორის სასამართლო ხელისუფლების) უმთავრესი და აუცილებელი პირობა/ამოცანაა, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში გაითვალისწინონ ის გარემოება, რომ ბავშვი (მით უმეტეს მცირეწლოვანი) მისი ფიზიკური და გონებრივი სიმწიფის გამო საჭიროებს სპეციალურ დაცვას და ზრუნვას, მათ შორის სათანადო სამართლებრივ დაცვას. იგი ასევე, მომზადებული უნდა იყოს საზოგადოებაში ცხოვრებისათვის და აღიზარდოს განსაკუთრებით მშვიდობის, ღირსების, შემწყნარებლობის, თავისუფლების, თანასწორებისა და სოლიდარობის სულისკვეთებით, რა დროსაც სწორედაც მნიშვნელოვანია, რომ მართლმსაჯულების პროცესში დაცული იქნეს ბავშვის საუკეთესო ინტერესები, ხოლო აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინება ნათლად მიუთითებს, რომ არასრულწლოვანი დაზარალებულის საუკეთესო ინტერესის დაცვა წარმოადგენს იმ მაღალი ინტერესების დაცვის ქვეშ მყოფ მიზანს/გარემოებას, რომელიც გამომდინარეობს მართლმსაჯულების ინტერესებიდან.
5.19. მოცემულ შემთხვევაში აღსანიშნავია, აგრეთვე, გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე X და Y საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი №24/2009), რომელიც საერთაშორისო ორგანოს მიერ საქართველოში ოჯახში ძალადობის შესახებ მიღებული პირველი გადაწყვეტილებაა და შეეხება სახელმწიფოს მიერ ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობას. ხსენებული გადაწყვეტილებით, კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ დაარღვია „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის მე-2 მუხლის (ბ)-(ვ) პუნქტები, პირველ და მე-5(ა) მუხლებთან და კომიტეტის „ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შესახებ №19“ რეკომენდაციასთან ერთობლიობაში და გარდა მომჩივანთა დარღვეული უფლებების აღსადგენი კონკრეტული ნაბიჯების მითითებისა, საქართველოს მთავრობას მიმართა რეკომენდაციით სხვა ქალებისა და ბავშვების დასაცავად გააძლიეროს ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები და ქალთა მიმართ ძალადობასთან, უფრო კონკრეტულად, ოჯახში ძალადობასთან მიმართებით გაატაროს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა. ამასთან, სახელმწიფოს დაევალა 6 თვის ვადაში კომიტეტისათვის წერილობითი პასუხის წარდგენა და ინფორმაციის მიწოდება კომიტეტის დასკვნებისა და რეკომენდაციების ფონზე განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებებზე.
5.20. ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთ მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები, მეორე მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში OPUZ V. TURKEY - ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მიერ ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი, მიჩნეული იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა, მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.
5.21. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობისა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს, რის გამოც არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით (რა დროსაც არსებობს ძლიერი პროცესუალური გარანტიები) და მტკიცებულებების სანდოობის სათანადო და სამართლიანი შეფასების შესაძლებლობას იძლევა ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
5.22. ამასთან, სასამართლოსთვის გაურკვეველი დარჩა დაცვის მხარის პოზიცია წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით, კერძოდ, ადვოკატი/ბრალდებული დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის ეტაპზე უთითებდა, რომ ბრალდებული თავს ცნობდა დამნაშავედ და ითხოვდა არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას, ან დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლას. სახელდობრ, დაცვის მხარემ მიუთითა, რომ დაზარალებულ გი------ კა–-----ის ეპიზოდში ითხოვდა გამართლებას, ხოლო დაზარალებულ მა-----–-----ის ეპიზოდში დამნაშავედ ცნობას, რადგან ბრალდებული აღიარებდა და ინანიებდა მეუღლის მიმართ ძალადობის განხორციელებას, რაც სასამართლოს მიერ არ უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან, აღნიშნული ცალსახად ეწინააღმდეგე სასამართლოზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და მიზნად ისახავდა, ბრალდებულისათვის მოსალდნელი პასუხისმგებლობის შემსუბუქებას.
5.23. ამდენად, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გი------ მა-------ემ ჩაიდინა - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ (დაზარალებულ მა-----–-----ის ეპიზოდი) და ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ (დაზარალებულ გი------ კა–-----ის ეპიზოდი), დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქცია). ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
6.1. გი------ მა-------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
7.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, “სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
7.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
7.3. განაჩენის 7.1. და 7.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
7.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წლის 30 მაისს მიღებული კანონით (რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 22 ივნისს) ზემოაღნიშნულ მუხლს სასჯელის სახით დაემატა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა და ამ მხრივ, მოხდა სასჯელის გამკაცრება, სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ამ კანონს უკუძალა ვერ ექნება და ბრალდებულს სასჯელი უნდა დაენიშნოს 2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით.
7.5. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელი ინიშნება თითოეული დანაშაულისათვის, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.
7.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
7.7. სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედება, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
7.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ ოჯახური ძალადობის საქმეთა განხილვისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ძალადობის ხასიათსა და მის ინტენსივობას. მოცემულ შემთხვევაში, გი------ მა-------ის მხრიდან დაზარალებულების მიმართ განხორციელებულ ძალადობას ჰქონდა აგრესიული ხასიათი, ხოლო მა-----–-----ის მიმართ ასევე დაუნდობელი ხასიათი, რასაც ადასტურებს როგორც მოწმეთა ჩვენებები, ასევე სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელთა თანახმადაც ირკვევა, რომ იგი გი------ მა-------ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად ტვინის შერყევის ნიშნებით გადაყვანილ იქნა შპს „ლ--–---ში“.
7.9. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, გი------ მა-------ე არ არის ნასამართლევი, ჰყავს ოთხი შვილი და ელოდება მეხუთე შვილს, თუმცა, მისგან მომდინარე საფრთხეების გათვალისწინებით, კერძოდ, ხა----------------ის განმარტებით, მოცემული შემთხვევის შემდეგ გი------ მა-------ის მხრიდან მისი შვილის და შვილიშვილის მიმართ არაერთხელ განხორციელდა ძალადობრივი ქმედებები, რის გამოც, იგი იმყოფება მუდმივი შიშის ქვეშ, რათა მის შვილს და შვილიშვილს არაფერი დაუშავოს, ასევე, დანაშაულის მოტივის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ სასჯელის სხვა, ნაკლებად მკაცრი სახე, ზემოთ მითითებული გარემოებიდან გამომდინარე, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. სწორედ ამიტომ, სასამართლოს მიაჩნია, რომ თავისუფლების აღკვეთა - არის თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულების სიმძიმესთან.
7.10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, გი------ მა-------ეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, გი------ მა-------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
8. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
8.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები: - შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები და მინის ნატეხები, ასევე, გი------ მა-------ის სისხლის ნიმუში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით; ხოლო გი------ მა-------ის სამედიცინო დოკუმენტაცია - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით და,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გი------ მა-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
2. გი------ მა-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, გი------ მა-------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
4. მსჯავრდებულ გი------ მა-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი სასამართლო სხდომის დარბაზში დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 27 მარტიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2017 წლის 23 იანვრიდან - 2017 წლის 25 იანვრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
5. გაუქმდეს გი------ მა-------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 25 იანვრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
6. არასრულწლოვან დაზარალებულ გი------ კა–-----ეს და მის კანონიერ წარმომადგენელს განემარტოთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლით ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლების შესახებ.
7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები და მინის ნატეხები, ასევე, გი------ მა-------ის სისხლის ნიმუში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
- გი------ მა-------ის სამედიცინო დოკუმენტაცია - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე