გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/32051 - 18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ირინა ზარქუა
სხდომის მდივანი თამარ მიქავა
მოსარჩელე - რ----–-----–---
წარმომადგენელი - თ-----------–---–ი
მოპასუხე - ნ--------–---ა
წარმომადგენლები - თ-------–---–ი, ი---------ე
მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრი
წარმომადგენელი - მ--------–---------–---ი
დავის საგანი - არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
განესაზღვროს რ----–-----–---ს არასრულწლოვან შვილთან, 2-----–-–------------------- დაბადებულ მ-----------–---თან, ურთიერთობისათვის, დროის მონაკვეთი, ყოველი კვირის შაბათი დღის 10:00 საათიდან კვირას დღის 20:00 საათამდე, ასევე ზაფხულის არდადეგებზე 15 დღე, თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის, ღამით დარჩენის უფლებით და დედასთან უკან დაბრუნების ვალდებულებით.
მოსარჩელე რ----–-----–---ი და მოპასუხე ნ--------–---ა 2009 წლის 27 ივნისიდან იმყოფებოდნენ ქორწინებაში. მათ, თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–-------------------, შეეძინათ შვილი, მ-----------–---ი. მხარეები რამდენიმე წელია ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და არასრულწლოვანი მ-----------–---ი ცხოვრობს მოპასუხესთან ნ--------–---თან. მოსარჩელე რ----–-----–---ს სურს თავისი შვილის ნახვა და მასთან ურთიერთობა. მიუხედავად მცდელობისა, მოპასუხე არ ანახებს მამას შვილს და ხელს უშლის რ----–-----–---ს შვილთან ურთიერთობაში. მოსარჩელეს სურს, ჰქონდეს სრულფასოვანი ურთიერთობა თავის არასრულწლოვან შვილთან, მონაწილეობა მიიღოს მის აღზრდაში, შეუქმნას მას მშვიდი და კეთილსაიმედო გარემო, რაც მნიშვნელოვანია ბავშვის სწორად აღზრდა-განვითარებისათვის.
(სარჩელი, 2019 წლის 15 აპრილის სხდომის ოქმი);
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ნ--------–---ა არაა წინააღმდეგი მამას ჰქონდეს არასრულწლოვან მ-----------–---თან ურთიერთობა. მხარეთა არასრულწლოვანი შვილის დაბადების დროს 2----–-–------------------- მხარეთა შორის შეწყვეტილი იყო თანაცხოვრება და ნ--------–---ა ცხოვრობდა საქართველოში. მოსარჩელე მხარე თავის მეუღლეზე მუდმივად ძალადობდა ფიზიკურად. ფეხმძიმობის პერიოდში მუდმივი ძალადობის ქვეშ ყოფნის გამო, მოპასუხეს ოთხი თვის ფეხმძიმეს შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები და ა-------------- რესპუბლიკაში ვერ შეძლეს მისი მკურნალობა. ნ--------–---ამ მოახერხა საქართველოში ჩამოსვლა და ორი თვის მანძილზე მკურნალობისა და ექიმის დახმარებით შეძლო ნაყოფის შენარჩუნება. ფეხმძიმობიდან 6 თვის ვადაში დაიბადა მხარეთა არასრულწლოვანი შვილი, რის გამოც, სამი თვე არასრულწლოვანი იმყოფებოდა საავადმყოფო რეჟიმზე (ინკუბატორში) შესაბამის პირობებში. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო საკმაოდ რთული და არასრულწლოვანი დღემდე საჭიროებს მკურნალობას. მხარეთა არასრულწლოვანი შვილის განვითარების დონე არ შეესაბამება მის ასაკს, რის გამოც, სპეციალისტების რჩევით, არასრულწლოვანი არ შესულა სკოლაში და მისი პირველკლასელად დარეგისტრირება იგეგმება მომავალი სასწავლო წლიდან. არასრულწლოვანი არ არის დამოუკიდებელი და მუდმივად იმყოფება დედასთან, საჭიროებს დედის მხარდაჭერას და მზრუნველობას. დღეის მდგომარეობით, არასრულწლოვანი კვირაში ოთხი დღე დადის ლოგოპედთან. მოსარჩელე მხარემ არასრულწლოვანი ბავშვი პირველად ნახა წინა წლის აგვისტოს თვეში. ბავშვი მოსარჩელეს მიმართავს სახელით და არ ეძახის მამას. მოპასუხე მხარე თანახმაა, მოსარჩელემ არასრულწლოვანი მ------ გ---–--- მოინახულოს შაბათ დღეს 14 საათიდან 16 საათამდე დედის, ნ--------–---ას თანდასწრებით.
მოსარჩელე რ----–-----–---ი ყოველთვის არიდებდა თავს ვალდებულების შესრულებას, მიუხედავად მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა, რომელიც საჭიროებდა მუდმივ მკურნალობას, ის ნებაყოფლობით არასოდეს ცდილობდა მის დახმარებას. მას თავისი შემოსავლების გათვალისწინებით, ალიმენტი დაეკისრა მინიმალური ოდენობით, რომელსაც არც იხდიდა ერთი წლის მანძილზე. ამასთან, დანიშნული ალიმენტი სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვანი ბავშვის საჭიროებებს.
(შესაგებელი, 2019 წლის 15 აპრილის სხდომის ოქმი);
3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი, არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, მისი აღზრდისა და განვითარებისათვის აუცილებლად მიიჩნევს ორივე მშობელთან ურთიერთობას. მათ თანაბრად უნდა იზრუნონ ბავშვის კეთილდღეობისათვის, მიუხედავად მათი ცალ-ცალკე ცხოვრებისა. ბავშვი უნდა იზრდებოდეს მშვიდ, უსაფრთხო და დაცულ გარემოში. ბავშვის უპირატესი ინტერესების და მისი კანონიერი უფლებების გათვალისწინებით, აუცილებელია, ბავშვს ურთიერთობა ჰქონდეს მამასთან, რასაც ეტაპობრივად უნდა შეეწყოს ხელი. გამომდინარე იქიდან, რომ მამა-შვილს ერთად არ უცხოვრიათ და ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე არ უნახავთ ერთმანეთი, მიზანშეწონილია მხარეებთან ურთიერშეთანხმებით მოხდეს შეხვედრების ორგანიზება ბავშვისთვის ნაცნობ, მშვიდ და საყვარელ გარემოში. ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დედის როლი. ორივე მხარე ვალდებულია, დაიცვან ბავშვი სტრესისგან და შეუქმნან მას მშვიდი, უსაფრთხო და ძალადობისგან დაცული გარემო.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. მოსარჩელე რ----–-----–---ს და მოპასუხე ნ--------–---ას 2----–-–------------------- შეეძინათ შვილი მ-----------–---. ბავშვის დაბადების დროისათვის, მხარეთა შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილი იყო;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 15);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 15 აპრილის სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 15 აპრილის სხდომის ოქმი);
4.1.2. მოსარჩელე რ----–-----–---ი არის ა-------------- რესპუბლიკის მოქალაქე, იგი მუდმივად ცხოვრობს ა------------ში, ქალაქ ბ----–-. იგი ბოლოს საქართველოში ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა 2018 წლის აგვისტოს თვეში, რა დროსაც მოინახულა არასრულწლოვანი მ-----------–---ი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 15 აპრილის სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 15 აპრილის სხდომის ოქმი);
4.1.3. მხარეებს, რ----–-----–---ს და ნ--------–---ას შორის დაძაბული ურთიერთობაა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 15 აპრილის სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 15 აპრილის სხდომის ოქმი);
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. არასრულწლოვან მ-----------–---ს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. იგი დაიბადა ნაადრევად. მისთვის დასმული დიაგნოზია - მეტყველების ზოგადი აშლილობა. მას უტარდება მკურნალობის კურსი, მეტყველების თერაპია. ამჟამად, მ-----------–---ი სკოლაში არ დადის;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 15 აპრილის სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 15 აპრილის სხდომის ოქმი);
-შპს ,-------------–-------------–---- მიერ 25.12.2018 წელს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 68).
4.2.2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის სოციალური მუშაკის მიერ განხორციელდა ვიზიტი არასრულწლოვნის საცხოვრებელ მისამართზე - თბილისი, გ-–-------------------------–----------ის მიმდებარედ. არასრულწლოვანი ცხოვრობს დედასთან ნ--------–---თან, ბებიასთან და ბაბუასთან ერთად. მოპასუხე ნ--------–---ას გადმოცემით, ორსულობის პერიოდში მასზე ფიზიკურად ძალადობდა მეუღლე რ----–-----–---ი. მუდმივი ფსიქოლოგიური ძალადობის გამო ხუთი თვის ორსული გახდა ძალიან ცუდად, ა-------------- რესპუბლიკაში ექიმებმა ურჩიეს თ--------–- წასულიყო სამკურნალოდ. მისმა მეუღლემ, ნ--------–---ა ჩამოიყვანა საქართველოში და დატოვა ისე, რომ ექიმთანაც არ მიუყვანია. მოპასუხეს 6 თვის ორსულს გაუკეთეს საკეისრო, ამის შესახებ აცნობა მან ქმარს. ისიც ჩამოვიდა ერთი დღით და მას შემდეგ 2018 წლის ივნისის თვემდე არ გამოჩენილა. მოპასუხის გადმოცემით, 2012-2015 წლებში რ----–ი მუშაობდა თ--------–- ,,ს------ში“ ინჟინრად და ამ პერიოდში უგზავნიდა თანხას ნ--------–---ას, ხოლო როდესაც მოსარჩელე გადავიდა ქალაქ ბ----–-, მან გააყალბა თავისი ხელფასის ოდენობა, რის გამოც მას ალიმენტი დაკისრა მხოლოდ 700 ლარის ოდენობით. 2018 წლის ივნისის თვეში ჩამოვიდა რ----–-----–---ი და ზაფხულის პერიოდში ოთხჯერ ნახა არასრულწლოვანი შვილი. მოპასუხის ინფორმაციით, მისი მეუღლე იღებს ფსიქოტროპულ მედიკამენტებს. საცხოვრებელი, რომელშიც ამჟამად ცხოვრობს არასრულწლოვანი დედასთან ერთად, არის მოპასუხის დედის საკუთრება. საცხოვრებელი პირობები დამაკმაყოფილებელია, არის ნორმალური სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. საცხოვრებელი აღჭურვილია ყველა საჭირო საოჯახო ინვენტარით და ელ. ტექნიკის ნივთებით. ოჯახში ყველა პირობაა შექმნილი ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის. ნ--------–---ა არ მუშაობს. მ------ს აქვს ღეჭვასთან და ლაპარაკთან დაკავშირებული პრობლემები. მისი დიაგნოზია ,,მეტყველების დარღვევა“. მას ესაჭიროება ლოგოპედის დახმარება. ბავშვი დედის გარეშე არ ჩერდება, რის გამოც ნ--------–---ა ვერ ახერხებს მუშაობის დაწყებას. ოჯახის ძირითად შემოსავალს წარმოადგენს მოპასუხის მამის ხელფასი. დედასთან გასაუბრებისას დადგინდა, რომ ის არაა წინააღმდეგი ბავშვს ჰქონდეს ურთიერთობა მამასთან, თუმცა სურს, რომ გათვალისწინებული იყოს მ------ის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი რეჟიმი და ბავშვის თანდასწრებით არ იძალადოს (ფსიქოლოგიურად) მასზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის 2019 წლის 22 მარტის დასკვნა N---- (ს.ფ. 82-83).
3.2.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტის სოციალური მუშაკის მიერ ვიზიტი განხორციელდა საქართველოში მოსარჩელე რ----–-----–---ის დროებით საცხოვრებელ მისამართზე, მდებარე თბილისი, ბ-------–-----------------------------------------------------–-----------. აღნიშნული საცხოვრებელი ბინა ეკუთვნის მოსარჩელის მეგობარს. საცხოვრებელი შედგება ორი ოთახისაგან, არის კეთილმოწყობილი. ბინაში არის სისუფთავე, დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, აღჭურვილია საყოფაცხოვრებო ტექნიკით, არის ცალკე საძინებელი, რომელის საჭიროების შემთხვევაში მოეწყობა მ------ის სურვილისამებრ. ასევე არის სათამაშო და სამეცადინო კუთხე. მოსარჩელე რ----–-----–---ის გადმოცემით, თავდაპირველად ოჯახი ცხოვრობდა ქალაქ ბ----–-, თუმცა ორსულობის მეხუთე თვეზე, გამომდინარე იქიდან, რომ მის მეუღლეს, ნ--------–---ას ჰქონდა მძიმე და პრობლემური ორსულობა, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიიღეს გადაწყვეტილება, ნ--- დაბრუნებულიყო საქართველოში, თავად რ----–ი კი გადავიდა ს--------––-. მეუღლეები ხიშრად ნახულობდნენ ერთმანეთს. როგორც რ----–-----–---ი აღნიშნავს, იგი მატერიალურად უზრუნველყოფდა მეუღლეს და არასრულწლოვან შვილს. არასრულწლოვან მ-----------–---ს აქვს მეტყველების პრობლემა, რის გამოც მიუხედავად ბავშვის ასაკისა, ის არ დადის სკოლაში და არ იღებს განათლებას. მოსარჩელის სურვილია, არასრულწლოვან შვილზე იზრუნოს სრულფასოვნად და მონაწილეობა მიიღოს მის აღზრდის პროცესში, მისცეს ბავშვს საუკეთესო განათლება, უზრუნველყოს მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურებით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ბავშვის დედასთან ერთად საზღვარგარეთ მიიღოს შესაბამისი სპეციალისტის კონსულტაცია, დიაგნოსტირება. რ----–-----–---ი არის დასაქმებული ქალაქ ბ----–-, არის ერთ-ერთი პრესტიჟული სამშენებლო კომპანიის დირექტორი. მოსარჩელეს არ ეძლევა შვილთან თავისუფალი ურთიერთობის შესაძლებლობა. მოპასუხე მხარე ხელოვნურად ქმნის ბარიერებს, არ პასუხობს სატელფონო ზარებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. მოსარჩელის გადმოცემით, მიუხედავად იმისა, რომ მამა-შვილს ერთად არ უცხოვრიათ, ის წინა წლის აგვისტოს თვემდე ყოველ კვირას ნახულობდა შვილს, დაჰყავდა გასართობ ცენტრში, რის შედეგადაც მასსა და მ------ს შორის ჩამოყალიბდა ემოციური მიჯაჭვულობა; მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ორივე მშობელმა თანაბრად უნდა იზრუნონ და მიიღონ მონაწილეობა შვილის აღზრდა-განვითარებაში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 2019 წლის 05 აპრილის დასკვნა N---- (ს.ფ. 24).
3.2.4. სასამართლო იზიარებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვის უფლებებიდან და მისი ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, არასრულწლოვან მ-----------–---ს ურთიერთობა ჰქონდეს ორივე მშობელთან. ბავშვთან დაკავშირებული ორივე მხარე ვალდებულია, იზრუნოს და შეუქმნას მცირეწლოვანს ჰარმონიული განვითარებისა და აღზრდისათვის კეთილსაიმედო გარემო. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნებიდან გამომდინარე და სოციალური სამსახურის წარმომადგენლის განმარტების შედეგად, არ გამოიკვეთა მოსარჩელე რ----–-----–---ის არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისა და კონტაქტის ხელისშემშლელი გარემოება, რაც ზიანის მომტანი იქნება ბავშვისათვის.სოციალური სამსახურის წარმომადგენლის მითითებით, მამას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, სტაბილური და პირდაპირი ხასიათის ურთიერთობები ჰქონდეს არასრულწლოვანთან, რისთვისაც კვირაში ერთი დღით, შაბათ დღეს 2 საათი არ არის საკმარისი მამა-შვილს შორის ნორმალური, ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოსაყალიბლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის 2019 წლის 22 მარტის დასკვნა N---- (ს.ფ. 82-83).
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 2019 წლის 05 აპრილის დასკვნა N---- (ს.ფ. 24).
- მესამე პირის ახსნა-განმარტება (2019 წლის 15 აპრილის სხდომის ოქმი).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რ----–-----–---ის სარჩელი, მოსმინა მხარის განმარტება, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივ გარემოებების სამართლებრივი ანალიზის, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ რ----–-----–---ის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, რაც გამომდინარეობს ბავშვის ინტერესებიდან.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1200-1202-ე მუხლები
7. სამართლებრივი შეფასება
მოსარჩელე რ----–-----–---მა სარჩელით მოითხოვა არასრულწლოვან შვილთან, 2----–-–------------------- დაბადებულ მ-----------–---თან ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთის განსაზღვრა, შემდეგი გრაფიკით: ყოველი კვირის შაბათი დღის 10:00 საათიდან კვირას დღის 20:00 საათამდე, ასევე ზაფხულის არდადეგებზე 15 დღე, თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის, ღამით დარჩენის უფლებით და დედასთან უკან დაბრუნების ვალდებულებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, ხოლო ამავე კოდექსის 1198-ე მუხლით დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
დადგენილია, რომ მხარეები იმყოფებოდნენ ქორწინებაში. მოსარჩელე რ----–-----–---ს და მოპასუხე ნ--------–---ას 2----–-–------------------- შეეძინათ შვილი მ-----------–---. ბავშვის დაბადების დროისათვის, მხარეთა შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილი იყო. დღეის მდგომარეობით, მოსარჩელე მხარე მუდმივად ცხოვრობს და მუშაობს ა-------------- რესპუბლიკაში, ქალაქ ბ----–-, ხოლო მოპასუხე არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს თბილისში.
სოციალური სამსახურის წარმომადგენლის მიერ შემოწმდა ბავშვის ამჟამინდელი საცხოვრებელი გარემო და პირობები. აღნიშნული მიზნით, სოციალური მუშაკმა ვიზიტი განხორციელა მოპასუხე ნ--------–---ას საცხოვრებელ მისამართზე - თბილისი, გ-–-------------------------–----------ის მიმდებარედ. არასრულწლოვანი ცხოვრობს დედასთან ნ--------–---თან, ბებიასთან და ბაბუასთან ერთად. საცხოვრებელი პირობები დამაკმაყოფილებელია, არის ნორმალური სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. საცხოვრებელი აღჭურვილია ყველა საჭირო საოჯახო ინვენტარით და ელ. ტექნიკის ნივთებით. ოჯახში ყველა პირობაა შექმნილი ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის. ნ--------–---ა არ მუშაობს. მ------ს აქვს ღეჭვასთან და ლაპარაკთან დაკავშირებული პრობლემები. მისი დიაგნოზია ,,მეტყველების დარღვევა“. მას ესაჭიროება ლოგოპედის დახმარება. ბავშვი დედის გარეშე არ ჩერდება, რის გამოც ნ--------–---ა ვერ ახერხებს მუშაობის დაწყებას. ოჯახის ძირითად შემოსავალს წარმოადგენს მოპასუხის მამის ხელფასი. მოპასუხე ნ--------–---ას გადმოცემით, ორსულობის პერიოდში მასზე ფიზიკურად ძალადობდა მეუღლე რ----–-----–---ი. მუდმივი ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, ხუთი თვის ორსული გახდა ძალიან ცუდად, ა-------------- რესპუბლიკაში ექიმებმა ურჩიეს თ--------–- წასულიყო სამკურნალოდ. მისმა მეუღლემ, ნ--------–---ა ჩამოიყვანა საქართველოში და დატოვა ისე, რომ ექიმთანაც არ მიუყვანია. მოპასუხეს 6 თვის ორსულს გაუკეთეს საკეისრო, ამის შესახებ აცნობა მან ქმარს. ისიც ჩამოვიდა ერთი დღით და მას შემდეგ, 2018 წლის ივნისის თვემდე არ გამოჩენილა. მოპასუხის გადმოცემით, 2012-2015 წლებში რ----–ი მუშაობდა თ--------–- ,,ს------ში“ ინჟინრად და ამ პერიოდში უგზავნიდა თანხას ნ--------–---ას, ხოლო როდესაც მოსარჩელე გადავიდა ქალაქ ბ----–-, მას შემდეგ უხდის ალიმენტს 700 ლარის ოდენობით. 2018 წლის ივნისის თვეში ჩამოვიდა რ----–-----–---ი და ზაფხულის პერიოდში ოთხჯერ ნახა არასრულწლოვანი შვილი. დედასთან ნ--------–---თან გასაუბრებისას დადგინდა, რომ ის არაა წინააღმდეგი, ბავშვს ჰქონდეს ურთიერთობა მამასთან, თუმცა სურს, რომ გათვალისწინებული იყოს მ------ის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი რეჟიმი და ბავშვის თანდასწრებით არ იძალადოს (ფსიქოლოგიურად) მასზე. სოციალური მუშაკმა ვიზიტი განახორციელა მოსარჩელის საქართველოში ყოფნის პერიოდში რ----–-----–---ის დროებით საცხოვრებელ მისამართზე (მდებარე თბილისი, ბ-------–-----------------------------------------------------–-----------), სადაც ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობებია. მოსარჩელის განმარტებით, შესაძლებელია ბავშის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მოხდეს მისი საცხოვრებელ სახლთან ახლომდებარედ ბინის ქირაობა. რ----–-----–---ის სურვილია, არასრულწლოვან შვილზე იზრუნოს სრულფასოვნად და მონაწილეობა მიიღოს მის აღზრდის პროცესში, მისცეს ბავშვს საუკეთესო განათლება, უზრუნველყოს მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურებით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ბავშვის დედასთან ერთად, საზღვარგარეთ მიიღოს შესაბამისი სპეციალისტის კონსულტაცია, დიაგნოსტირება. რ----–-----–---ი არის დასაქმებული ქალაქ ბ----–-, არის ერთ-ერთი პრესტიჟული სამშენებლო კომპანიის დირექტორი. მოსარჩელეს არ ეძლევა შვილთან თავისუფალი ურთიერთობის შესაძლებლობა. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ორივე მშობელმა თანაბრად უნდა იზრუნონ და მიიღონ მონაწილეობა შვილის აღზრდა-განვითარებაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვს ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობლებს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება- მოვალეობები.
სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ ამ უფლების განსაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა, სასამართლოს მიერ მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ხდება, ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ასაკი, პირადი დამოკიდებულება მშობლისადმი, მათი ცხოვრების წესი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს.
როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმები, მკაფიოდ ასახავს და მიუთითებს ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისას მშობლების თანაბარ უფლებებსა და მოვალეობებს ბავშვთან მიმართებით.
საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით სახელმწიფოს მიერ აღიარებულია ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. საოჯახო ურთიერთობებში ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. კანონი პატივს სცემს მშობლის უფლებას ურთიერთობა იქონიოს შვილებთან, მაგრამ აღნიშნული უფლების განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ბავშვი უნდა იზრდებოდეს მყუდრო, მშვიდ, ოჯახურ გარემოში, რა დროსაც ითვალისწინებს მის ასაკს, პირად მიდრეკილებას მშობლებისადმი, იმ სოციალურ და ყოფით გარემოს, სადაც ბავშვს მოუწევს ყოფნა და მისი სამომავლო განვითარება და კეთილდღეობა.
მხარეთა ახსნა-განმარტებით მათ შორის მეტნაკლებად შორის დაძაბული ურთიერთობაა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნებიდან გამომდინარე და სოციალური სამსახურის წარმომადგენლის განმარტების შედეგად, არ გამოიკვეთა მოსარჩელე რ----–-----–---ის არასრულწლოვან მ-----------–---თამ ურთიერთობისა და კონტაქტის ხელისშემშლელი გარემოება, რაც ზიანის მომტანი იქნებოდა ბავშვისათვის. სასამართლო აღნიშნავს, რომ ორივე მხარემ უნდა გაითვალისწინოს მხოლოდ და მხოლოდ ბავშვის ინტერესი, ოჯახებს შორის არსებული კონფლიქტური გარემო არ უნდა აისახოს ბავშვზე და აუცილებელია არასრულწლოვანს, მის ჯანმრთელობას, მის პიროვნებად ფორმირებას შეექმნას კეთილსაიმედო და უსაფრთხო გარემო.
მოპასუხე მხარის მითითებით, იგი თანახმა იქნება მოპასუხეს არასრულწლოვან შვილთან ჰქონდეს ურთიერთობა მხოლოდ მისი თანდასწრებით, თუმცა აღნიშნულს არ ეთანხმება მოსარჩელე მხარე და განმარტავს, რომ ვინაიდან ბავშვის დედასთან კონფლიქტური დამოკიდებულება აქვს, უმჯობესია, არასრულწლოვანთან ურთიერთობა ჰქონდეს პირადად, დედის თანდასწრების გარეშე. მოპასუხე მიუთითებს ასევე მამა-შვილს შორის ენობრივ ბარიერზე. ბავშვი საუბრობს მხოლოდ ქართულ ენაზე. არასრულწლოვანი დედის გარეშე არ ჩერდება და იგი წინააღმდეგია, მამის შვილთან ურთიერთობის წესი დადგინდეს მოსარჩელის მიერ ბავშვის წაყვანის უფლებით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ წლების განმავლობაში, არასრულწლოვან ბავშვს, მ-----------–---ს, არ ჰქონია პირადი ურთიერთობები მამასთან, მასთან გარკვეულწილად გაუცხოვებულია. ბავშვს პოზიტიური მიჯაჭვულობა აკავშირებს დედასთან, ნ--------–---ასთან. არასრულწლოვანს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, დასმული დიაგნოზიდან გამომდინარე, საჭიროებს შესაბამის თერაპიის ჩატარებას ლოგოპედთან. მიუხედავად თავის ასაკისა, არასრულწლოვანი მ------ი ამ ეტაპზე სკოლაში არ დადის.
მითითებულ გარემოებათა საფუძველზე. სასამართლო ითვალისწინებს არასრულწლოვანის ასაკობრივ მაჩვენებელს და რეჟიმს, ასევე გარემო-სოციალურ პირობებს, აგრეთვე მშობლების შვილის მიმართ მზრუნველობა-დამოკიდებულებას. ვინაიდან ამ ეტაპზე ჩამოყალიბებულია მიჯაჭვულობა ბავშვის მხრიდან მხოლოდ დედის მიმართ, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა გადაიდგას ნაბიჯი მამა-შვილს ურთიერთობის მოწესრიგებისათვის. აუცილებელია მათ შორის დაძლეულ იქნეს არსებული ენობრივი ბარიერი, რაც არასრულწლოვანის ინტერესებიდან გამომდინარეობს. სწორედ აღნიშნულ გარემოებაზე ეფუძნება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია მამასა და შვილს შორის ურთიერთობის ეტაპობრივად აღდგენის თაობაზე, რასაც ხელი უნდა შეუწყოს მოპასუხე მხარემ. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, იმისთვის, რომ მოხდეს ბავშვის ჯანსაღ პიროვნებად ჩამოყალიბება, მნიშნელოვანია მის აღზრდაში მონაწილეობას იღებდეს ორივე მშობელი. ორივე ოჯახი ვალდებულია იზრუნოს და შეუქმნას ბავშვს განვითარებისა და აღზრდისათვის კეთილსაიმედო გარემო. რაიმე სახის უარყოფითი პიროვნული თვისება არ გამოვლენილა მოსარჩელის მხრიდან, რასაც შეეძლო მავნე ზეგავლენა მოეხდინა არასრულწლოვანზე. არასრულწლოვანი მ-----------–---ი იზრდება დედასთან და ბავშვს მასთან აქვს პოზიტიური მიჯაჭვულობა. კონკრეტულ შემთხვევაში, მამას თავდაპირველად უნდა მიეცეს შვილთან ურთიერთობისათვის გარკვეული დროის მონაკვეთი, მხოლოდ დღის განმავლობაში, ნაცნობ ვითარებაში და დედის ან დედის მიერ შერჩეული პირის თანდასწრებით, ხოლო შემდგომში, დროის გარკვეული მონაკვეთის პერიოდის გაზრდის წესით, დედისგან დამოუკიდებლად ბავშვის თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანისა და ღამის დარჩენის უფლებითაც. ხოლო ზაფხულის არდადეგების პერიოდში, ბავშვის მამასთან ურთიერთობის წესი უნდა დადგინდეს 2020 წლიდან, მამასთან ნორმალური, ჯანსაღი და თბილი ურთიერთობის ჩამოყალიბების შემდეგ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის ასაკისა და მისი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით, მამის კანონით გარანტირებული უფლებების შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მიჩანია, რომ მამასა და შვილს შორის ურთიერთობისათვის განსაზღვრული რეჟიმი, მოცემულ ეტაპზე, შეესაბამება როგორც მცირეწლოვანი ბავშვის სწორი აღზრდის ინტერესებს, ასევე მშობლების დღის რეჟიმს და დატვირთულობას.
8. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ე” ქვეპუნქტის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. ვინაიდან მოპასუხე მხარემ ნაწილობრივ ცნო სასარჩელო მოთხოვნა, მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 25 (ოცდახუთი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე- 8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. რ----–-----–---ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. რ----–-----–---ს (ა-------------- მოქალაქე, პირადობის მოწმობა A-----------, პასპორტის N---------) განესაზღვროს, არასრულწლოვან შვილთან, მ-----------–---თან (დაბადებული 2----–-–-------------------, პ/ნ 0----------), ურთიერთობისათვის, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის განმავლობაში, ყოველი კვირის შაბათს 14:00 საათიდან 17:00 საათამდე და კვირას 14:00 საათიდან 17:00 სააათამდე დედის ან დედის მიერ შერჩეული პირის თანდასწრებით დედის საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ პოლიციის განყოფილების ტერიტორიაზე.
1.2. რ----–-----–---ს (ა-------------- მოქალაქე, პირადობის მოწმობა A-----------, პასპორტის N---------) განესაზღვროს, არასრულწლოვან შვილთან, მ-----------–---თან (დაბადებული 2----–-–-------------------, პ/ნ 0----------), ურთიერთობისათვის, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ, ყოველი კვირის შაბათი დღე 12:00 საათიდან კვირას 12:00 საათამდე, წაყვანითა და დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით.
1.3. რ----–-----–---ს (ა-------------- მოქალაქე, პირადობის მოწმობა A-----------, პასპორტის N---------) განესაზღვროს, არასრულწლოვან შვილთან, მ-----------–---თან (დაბადებული 2----–-–-------------------, პ/ნ 0----------), ურთიერთობისათვის 2020 წლიდან, ასევე, ზაფხულის არდადეგებზე 15 ივლისიდან 31 ივლისამდე პერიოდი, წაყვანითა და დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით.
2. დაუბრუნდეს რ----–-----–---ს (ა-------------- მოქალაქე, პირადობის მოწმობა A-----------, პასპორტის N---------) სარჩელზე შპს ,-------------- (ს/კ N---------) მიერ 2018 წლის 02 ნოემბერს სს „თიბისი ბანკში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი (ანგარიშის N300773150);
3. მოპასუხე ნ--------–---ს (პირადი N-----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირინა ზარქუა