გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.04.2019
საქმის ნომერი
330210118002658900
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
23.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2-----18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი

 

მოსარჩელე - მ--------------–-–---–ი

წარმომადგენელი - დ---------------ე

 

მოპასუხე - ს-------------------, მ------------------

წარმომადგენელი - ლ---------------ე

 

დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და ქონების საკუთრებაში დაბრუნება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ს-------------------სა და მ------------------ს შორის 2015 წლის 28 მაისს, თბილისში, ა-–------------------ში, მე-2 სართულზე მდებარე 41.74 კვ.მ. უძრავ ქონებაზე (ს.კ. 0----------------------) დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უძრავი ქონების კვლავ მ--------------–-–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაცია;

1.2. ს-------------------სა და მ------------------ს შორის 2015 წლის 28 მაისს, თბილისში, ა-–------------------ში, პირველ სართულზე მდებარე 9,04. კვ.მ. უძრავ ქონებაზე (დამხმარე ფართზე) (ს.კ. 0----------------------) დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უძრავი ქონების კვლავ მ--------------–-–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაცია;

მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

მ--------------–-–---–ის საკუთრებაში ირიცხებოდა თბილისში, ა-–---------------ში მდებარე ფართი. მოსარჩელე რამდენიმე წელია არ ცხოვრობს საქართველოში და ცხოვრობს ისრაელში. მ--------------–-–---–ისთვის ცნობილი გახდა, რომ ამ მისამართზე მდებარე სახლის დიდი ნაწილი დაირეგისტრირეს მოპასუხეებმა, კერძოდ:

ს-------------------მა, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ კანონის საფუძველზე, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ქონების ნაწილი, 41.74 კვ.მ. და 9,04 კვ.მ. დაირეგისტრირა საკუთრებაში, ხოლო შემდგომში, ჩუქების ხელშეკრულებით გადაიფორმა მ------------------მა. დაუსწრებელი გადაწყვეტილება ეფუძნება მცდარ გარემოებებს, რაც განპირობებული იყო იმით, რომ მოსარჩელეს არ მიეცა საქმეში მონაწილოების შესაძლებლობა.

დღეისათვის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ბათილად არის ცნობილი, თუმცა მისი ბათილობა ავტომატურად არ უზრუნველყოფს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ქონებაზე რეგისტრირებული ჩუქების გარიგების გამო. მოპასუხეები არიან ოჯახის წევრები და ჩუქების ხელშეკრულების დადებას ჰქონდა ერთადერთი მიზანი, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლოს ან გაუძნელდეს ქონების დაბრუნება. მოპასუხეები ერთობლივად მოქმედებდნენ. მათ მოახერხეს თავდაპირველად, მოსარჩელის კუთვნილი ქონების საკუთარ სახელზე რეგისტრაცია, ხოლო შემდგომ, მოჩვენებითი გარიგების გაფორმება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა არ ცნეს სარჩელი და მიუთითეს, რომ საცხოვრებელი სადგომის შეძენა სხვადასხვა საბუთით დასტურდება, რაც წარდგენილი აქვთ საქმის განხილვის დროს. თავად მ--------------–-–---–ის მიერ 2009 წელს გაცემული მინდობილობით ცალსახად დასტურდებოდა მოსარჩელის ნება, რომ კუთვნილი ფართიდან 57 კვ.მ. ფართის გადაფორმება მომხდარიყო თ-----------------ს სახელზე, რომლის უფლებამონაცვლესაც წარმოადგენს ს-------------------ი. ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებით, ს-------------------მა ქონება შვილს აჩუქა, რითაც შეასრულა გარდაცვლილი დის - თ-----------------ს ნება. ამდენად, არ დასტურდებოდა ჩუქების ხელშეკრულების თვალთმაქცურობა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. თბილისში, ა-–---------------------ში, საკადასტრო კოდით N----------------------- უძრავ ქონებაზე, 2009 წლის 6 ოქტომბრის მდგომარეობით რეგისტრირებული იყო მ--------------–-–---–ის საკუთრების უფლება, წილობრივი მონაცემებით: 3.00/6.00.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 19).

 

3.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 9 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მ--------------–-–---–ის სასარგებლოდ თანხის გადახდის სანაცვლოდ, ს-------------------ი ცნობილი იქნა ქ. თბილისში, ა-–------------------ში მდებარე საცხოვრებელი სადგომის 3/6 წილის, კერძოდ: მე-2 სართულზე 41.74 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის და პირველ სართულზე მდებარე 9.04 კვ.მ. დამხმარე ფართის მესაკუთრედ.

 

დაუსწრებელი გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და მის საფუძველზე ს-------------------ი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა აღნიშნული უძრავი ქონებების მესაკუთრედ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 09.07.2014 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება N---------- (ს.ფ.22-24);

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 37-40).

 

3.1.3. 2015 წლის 28 მაისს ს-------------------სა და მ------------------ს შორის გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზე მ------------------ი გახდა თბილისში, ა-–------------------ში მდებარე 41.74 კვ.მ საცხოვრებელი ბინისა და 9.04 კვ.მ. ფართის მესაკუთრე. ჩუქების ხელშეკრულებები დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში და ქონებები საკუთრების უფლებით აღირიცხა მ------------------ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 28.05.2018 წლის ჩუქების ხელშეკრულებები რეგისტრაციის ნომრით N------------------------;

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 43-46).

 

3.1.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მ--------------–-–---–ის მოთხოვნა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ. ბათილად იქნა ცნობილი ამავე სასამართლოს 2014 წლის 9 ივლისის N------------ გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება სამოქალაქო საქმეზე ს-------------------ის სარჩელთან დაკავშირებით. აღნიშნული განჩინება შესულია კანონიერ ძალაში.

 

დავაზე საქმის განხილვა ამ ეტაპზე დასრულებული არ არის.

 

სადავო უძრავ ქონებაზე პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მიზნით, საჯარო რეესტრში წარდგენილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინება. თუმცა სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, მათ შორის, უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული 28.05.2015 წლის ჩუქების ხელშეკრულებების გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 22.11.2018 წლის განჩინება N------------;

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 06.02.2019 წლის გადაწყვეტილება;

 

3.1.5. ს-------------------ი არის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 ივლისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში მ--------------–-–---–ის სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლედ მითითებული, თ------------------ს და და მისი უფლებამონაცვლე. ხოლო მ------------------ი არის ს-------------------ის შვილი.

 

დღემდე ორივე მოპასუხის საცხოვრებელ მისამართს წარმოადგენს თბილისი, ა-–-----------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ჩუქების ხელშეკრულებები;

- შესაგებელი;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხეებს შორის ჩუქების ხელშეკრულებების დადება არ მომხდარა გამჩუქებლის მხრიდან ნამდვილი ნების საფუძველზე. ამავდროულად, სასამართლო ვერ მიიჩნევს, რომ ამ ფაქტის მიმართ დასაჩუქრებული იყო კეთილსინდისიერი.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის ჩუქების ხელშეკრულებებს, მიიჩნევს, რომ დადებულია მოჩვენებით, მის დადებას წინ უძღოდა მოპასუხეთა ერთობლივი განზრახვა, არასწორი ფაქტების საფუძველზე, სასამართლოს შეცდომით შეყვანით, მოეხდინათ უძრავი ქონების დასაკუთრება.

 

სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებული მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით, გარიგების მოჩვენებით ხასიათს განაპირობებს მხარეთა განზრახვა, გარიგების დადებით მიაღწიონ მიზანს, რომელიც არ შეესაბამება ამ გარიგების შინაარსიდან გამომდინარე იურიდიულ შედეგს. მოჩვენებითი გარიგების დადებით ორივე მხარე მოქმედებს საერთო მიზნით და ურთიერთშეთანხმებით და ასეთი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან, მათი მოტყუების, პასუხის მგებლობისათვის თავის არიდებისა თუ სხვა მიზნით. ასეთი ტიპის გარიგება მოჩვენებით გარიგებად მიჩნევისთვის, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ ურთიერთშეთანხმებაზე, მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.

 

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ბათილად იქნა ცნობილი ამავე სასამართლოს 2014 წლის 9 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. თავის მხრივ, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სადავო უძრავი ქონება აღირიცხა ს-------------------ის სახელზე. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი გახდა მხარისათვის საქმის მიმდინარეობის შესახებ მხარისათვის შეუტყობინებლობა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ ქვეპუნქტის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება ბათილად იქნას ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენლობა სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე). საქმის მასალების გაგზავნა მ--------------–-–---–ისთვის ხდებოდა არასწორ მისამართზე.

 

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეები არიან ოჯახის წევრები, ცხოვრობენ მისამართზე, სადაც მდებარეობს სადავო უძრავი ქონება (სახლთმფლობელობა). აღნიშნული ფაქტიც აფიქრებინებს სასამართლოს, რომ დასაჩუქრებულისთვისაც ცნობილი უნდა ყოფილიყო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ დავაში არსებული ფაქტები.

 

დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობით სასამართლომ მიიჩნია, რომ არასწორად მოხდა საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ს-------------------ის ცნობა, რაც გულისხმობს, რომ ამავე საცხოვრებელ სადგომზე შემდგომი გარიგების დადება ს-------------------ის მიერ არანამდვილი ნების საფუძველზე განხორციელდა. ამავდროულად, არ დასტურდება გამჩუქებლის მიერ ქონების შეძენის ფაქტის მიმართ მ------------------ის კეთილსინდისიერება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 22.11.2018 წლის განჩინება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს;

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. იმის გათვალისწინებით, რომ გარიგება ვლინდება პირის მიერ ნების გამოვლენაში, არსებობს როგორც ნამდვილი, ისე ბათილი გარიგებები. ნამდვილად ითვლება ისეთი გარიგება, რომელიც იწვევს გარიგების მონაწილეების მიერ დასახული სამართლებრივი შედეგის დადგომას, ხოლო ბათილია გარიგება, თუ მას შედეგად არ მოჰყვება დასახული მიზანი იმის გამო, რომ მოქმედი სამართალი განხორციელებულ ქმედებას სამართლებრივად უვარგისად მიიჩნევს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).

 

მოჩვენებითი გარიგების დროს, მხარეები შესაბამისი იურიდიული შედეგების მიღწევის გარეშე დებენ გარიგებას, მათ მიერ გაფორმებული ხელშეკრულება არ წარმოშობს რეალურ სამართლებრივ შედეგებს. მოჩვენებითი გარიგება, ფორმალურად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მაგრამ ნების ნაკლი მისი არანამდვილობის გამო, წარმოადგენს იმ არსებითი ხასიათის ნაკლს, რაც გამორიცხავს სამართლებრივი შედეგის დადგომას. შესაბამისად, ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს მან, ვისაც მიაჩნია მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მისი უფლება შეილახა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ბათილად იქნა ცნობილი ამავე სასამართლოს 09.07.2014 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. თავის მხრივ, ბათილი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მ--------------–-–---–ისთვის თანხის გადახდის სანაცვლოდ ს-------------------ი დარეგისტრირდა თბილისში, ა-–------------------ში მდებარე 41.74 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის და 9.04 კვ.მ დამხმარე ფართის მესაკუთრედ.

 

აღნიშნული განჩინებისა და მოსარჩელე მ--------------–-–---–ის განცხადების საფუძველზე საჯარო რეესტრში დაიწყო წარმოება, სადავო უძრავ ქონებაზე არსებული რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, რაც შეჩერდა, უძრავი ნივთზე ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საკითხის გადაწყვეტამდე.

 

კანონიერ ძალაში შესული 22.11.2018 წლის განჩინების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჩუქება ს-------------------ის, როგორც მესაკუთრის მიერ ნამდვილი ნების საფუძველზე არ განხორციელებულა. მ------------------მა, სადავო უძრავი ქონების ამჟამინდელმა მესაკუთრემ, ვერ დაადასტურა, რომ ჩანაწერის მიმართ იგი კეთილსინდისიერია. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ჩუქების, როგორც უსასყიდლო გარიგების დროს, არ არსებობს შემძენის კეთილსინდისიერების პრეზუმფცია და მტკიცების ტვირთი შემძენს უბრუნდება, დასაჩუქრებულმა ვერ შეძლო საწინააღმდეგოს დადასტურება.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მ------------------ი არ წარმოადგენს უძრავი ქონების კეთილსინდისიერ მიმღებს და ჩუქების ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს. თავის მხრივ, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილების შეტანის საფუძველი უნდა გახდეს და უძრავი ქონებები მ--------------–-–---–ის სახელზე უნდა აღირიცხოს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელსა და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 1400 ლარი, რომლის ანაზღაურებაც მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ. გარდა ამისა, მოთხოვნის დაზუსტების საფუძველზე, მესაკუთრედ ცნობის ნაწილში მოპასუხეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 200 (100+100) ლარის გადახდა.

 

7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შინაარსის გათვალისწინებით, გამოყენებული ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 52-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ--------------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. ბათილად იქნეს ცნობილი ს-------------------სა და მ------------------ს შორის 2015 წლის 28 მაისს დადებული ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით 0----------------------, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1-------- და აღდგეს მ--------------–-–---–ის (პ/ნ 6----------) საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდი 0----------------------;

 

3. ბათილად იქნეს ცნობილი ს-------------------სა და მ------------------ს შორის 2015 წლის 28 მაისს დადებული ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით 0----------------------, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1-------- და აღდგეს მ--------------–-–---–ის (პ/ნ 6----------) საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდი 0----------------------;

 

4. მოპასუხეებს ს-------------------სა და მ------------------ს მოსარჩელე მ--------------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროთ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახ. ბაჟის სანაცვლოდ 1350+50=1400 ლარის გადახდა.

 

5. მოპასუხეებს ს-------------------სა და მ------------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ სახ. ბაჟის 200 ლარის გადახდა.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

 

გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე