გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210017002003637
2-2565/17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26/02/2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე
სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე
მოსარჩელე - ქ------–-----------–----–--------------ა
წარმომადგენელი - ს---–---------–--ე
მოპასუხე - შპს ,,ჯ--–---ი“
წარმომადგენელი - რ-–--------–--–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
მოსარჩელე - შპს ,,ჯ--–---ი“
წარმომადგენელი - რ-–--------–--–---–ი
მოპასუხე - ქ------–-----------–----–--------------ა
წარმომადგენელი - ს---–---------–--ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა ქ------–-----------–----–--------------ამ სასარჩელო გ ანცხადებით მოითხოვა შპს ,,ჯ--–---ს“ მის სასარგებლოდ დაეკისროს 52 574 ლარის გადახდა. მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმნტებით: 2016 წლის 28 ივნისს ქო----–-----------–----–-----------------ასა და შპს ,,ჯ--–---ს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №142 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,ჯ--–---მა“ იკისრა ვალდებულება საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის №54 ბრძანებით დამტკიცებული ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ქ------–-----------–----–------ში ჩაატაროს ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები. თავის მხრივ გამგეობამ იკისრა ვალდებულება შესრულებული სამუშაოებისათვის გადაიხადოს 388 000 ლარი. სამუშაოები უნდა შესრულებულიყო ოთხ ეტაპად. თითოეული ეტაპის სამუშაოები უნდა დასრულებულიყო შემდეგ ვადებში: - პირველი ეტაპი - 2016 წლის 28 ივლისამდე; - მეორე ეტაპი - 2016 წლის 26 აგვისტომდე; - მესამე ეტაპი 2016 წლის 26 სექტემბრამდე; - მეოთხე ეტაპი - 2016 წლის 26 ოქტომბრამდე. ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის მხარეები შეთანხმდენ პირგასამტეხლოს გადახდაზე, კერძოდ ვალდებულების დამრღვევს პირგასამტეხლოს სახით დაეკისრება ჯარიმა შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0,1 %. მოპასუხემ სამუშაოები შეთანხმებულ ვადებში ვერ დაასრულა. მან შესრულების ვადებს გადააცილა 2016 წლის 28 ივნისიდან 2017 წლის 8 ივნისამდე პერიოდში, რის გამოც ის ვალდებულია გადაიხადოს შეთანხმებული პირგასამტეხლო. გადაცილებული დღეების მიხედვით მან უნდა გადაიხადოს 52 574 ლარი.
1.1. მოპასუხის პოზიცია:
შპს ,,ჯ--–---ი“ სარჩელს არ ცნობს. განმარტავს, რომ მან სამუშაოები შეთანხმებულ ვადებში ვერ დაასრულა ფორს-მაჟორის გამო. ბეტონის საფარის სამუშაოებს ხელი შეუშალა ნალექიანმა ამინდებმა. წვიმიან ამინდში შეუძლებელია ბეტონის საფარის მოწყობა. სწორედ ამის გამო შეფერხდა სამუშაოები და ნაცვლად შეთანხმებული ვადებისა, დასრულდა სხვა ვადებში. ვადის გადაცილებაში მას ბრალი არ მიუძღვის, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოდ მიაჩნია.
2. შპს ,,ჯ--–---ის“ სარჩელი
შპს ,,ჯ--–---ი“ სასარჩელო განცხადებით მოითხოვს ქ------–-----------–----–--------------ას მის სასარგებლოდ დაეკისროს:
- პირგასამტეხლოს სახით გადახდილი 12 975,65 ლარის დაბრუნება;
- შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს სახით 8474 ლარის გადახდა.
შპს ,,ჯ--–---ის“ წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმნტებით:
2016 წლის 28 ივნისს ქო----–-----------–----–-----------------ასა და შპს ,ჯ--–---ს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №142 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,ჯ--–---მა“ იკისრა ვალდებულება საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის №54 ბრძანებით დამტკიცებული ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ქ------–-----------–----–------ში ჩაატაროს ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები. თავის მხრივ გამგეობამ იკისრა ვალდებულება შესრულებული სამუშაოებისათვის გადაიხადოს 388 000 ლარი. მხარეთა შეთანხმებით, ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის დავალიანებას დაერიცხება პირგასამტეხლო. შპს ,,ჯ--–---მა“ სამუშაოები დაგეგმა და დაიწყო დროულად, მაგრამ სამუშაოთა წარმოებას ხელი შეუშალა ნალექიანმა ამინდებმა. გადაუღებელმა წვიმებმა დააზიანა ბეტონის საფარის მომზადებული საფუძველი, გადარიცხა შეტანილი და გასწორებული ქვიშა-ხრეში, რამაც მოითხოვა დამატებითი დრო, ხარჯი და მუშა-ხელი. მან პრობლემის შესახებ გამგეობას დროულად აცნობა, მაგრამ გამგეობამ არ გაითვალისწინა და შესრულებული სამუშაოების ანგარიშსწორებაზე, შესაბამისი პირგასამტეხლოს გადახდის გარეშე უარი უთხრა. აღნიშნულის გამო ის იძულებული გახდა 2016 წლის 4 ოქტომბერს ჯარიმის სახით გადაეხადა 12 975,65 ლარი. მიიჩნევს რომ დასახელებული თანხის გადახდას არ ჰქონდა საფუძველი და იგი უკან უნდა დაუბრუნდეს მას.
გარდა აღნიშნულისა მოსარჩელე მიუთითებს ანგარიშსწორების დაყოვნებაზეც. ამტკიცებს, რომ მან 2016 წლის 26 დეკემბერს მოპასუხეს წარუდგინა მიღება-ჩაბარების აქტები. 2017 წლის 16 იანვარს წარუდგინა სსიპ ,,ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნა, რომლითაც დადგინდა, რომ მან ხელშეკრულება შეასრულა ჯეროვნად და სრულად. ექსპერტიზის დასკვნის წარდგენიდან 10 დღეში მოპასუხეს შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება სრულად უნდა გადაეხადა. მიუხედავად ამისა მან თანხა 10 დღის ნაცვლად გადაიხადა 65 დღის დაგვიანებით - 2017 წლის 31 მარტს, რის გამოც მას უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახადა 8474 ლარის ოდენობით.
2.1. ქ------–-----------–----–--------------ის პოზიცია:
ქ------–-----------–----–--------------ა სარჩელს არ სცნობს. განმარტავს, რომ მოპასუხემ საანგარიშო პერიოდში სამუშაოების დასრულების ვადას გადააცილა 139 დღით. შესრულების ვადაგადაცილებისათვის მას პირგასმტეხლოს სახით უნდა გადაეხადა 12 975,65 ლარი. დასახელებული თანხა შპს ,,ჯ--–---მა“ გადაიხადა ნებაყოფილებით.
ანგარიშსწორების დაყოვნებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ შპს ,,ჯ--–---ს“ სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2016 წლის 26 ოქტომბრამდე. თვით ხელშეკრულების მოქმედების ვადა გრძელებოდა 2016 წლის 31 დეკემბრამდე. თანხის ანაზღაურება გათვალისწინებული იყო 2016 წლის ბიუჯეტით. შპს ,,ჯ--–---მა“ ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა. გამგეობა ვარაუდობდა, რომ სამუშაოები დასრულდებოდა 2016 წელში და ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხით მოხდებოდა ანგარიშსწორება, მაგრამ მან სამუშაოები დაასრულა 2017 წელში. აღნიშნულის გამო აუცილებელი გახდა 2017 წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანა და შემსრულებლისათვის თანხის გადახდა, რამაც თავის მხრივ დააყოვნა ანგარიშსწორება.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 28 ივნისს ქო----–-----------–----–-----------------ასა და შპს ,,ჯ--–---ს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №142 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის №54 ბრძანებით დამტკიცებული ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ქ------–-----------–----–------ში ჩაეტარებინა ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №142 ხელშეკრულება. ტ.1. ს.ფ. 18-37.
3.1.2. 2016 წლის 28 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №142 ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულებისათვის ქო----–-----------–----–-----------------ას შემსრულებლისათვის უნდა გადაეხადა 388 000 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №142 ხელშეკრულება. ტ.1. ს.ფ. 18-37.
3.1.3. სამუშაოები უნდა შესრულებულიყო ოთხ ეტაპად. თითოეული ეტაპის სამუშაოები უნდა დასრულებულიყო შემდეგ ვადებში:
- პირველი ეტაპი - 2016 წლის 28 ივლისამდე;
- მეორე ეტაპი - 2016 წლის 26 აგვისტომდე;
- მესამე ეტაპი 2016 წლის 26 სექტემბრამდე;
- მესამე ეტაპი - 2016 წლის 26 ოქტომბრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №142 ხელშეკრულება. ტ.1. ს.ფ. 18-37.
3.1.4. ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის მხარეები შეთანხმდენ პირგასამტეხლოს გადახდაზე. კერძოდ სამუშაოთა ვადაგადაცილებისათვის ვალდებულების დამრღვევს პირგასამტეხლოს სახით დაეკისრება ჯარიმა შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0.1 %.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №142 ხელშეკრულება. ტ.1. ს.ფ. 18-37.
3.1.5. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №142 ხელშეკრულების 11.5.1 და 11.5.3 პუნქტით ვადაგადაცილებად არ ითვლება ის დღეები, რომელშიც სამუშაოები ვერ შესრულდა ფორს-მაჟორული გარემოების გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №142 ხელშეკრულება. ტ.1. ს.ფ. 18-37.
3.1.6. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №142 ხელშეკრულების 7.4 პუნქტით განსაზღვრულია მხარეთა საბოლოო ანგარიშსწორების წესი. იგი უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების შესაბამისი ფორმით გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, სსიპ ,,ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნის, ფორმა №2-ის, ფორმა №3-ის და საგადასახადო ანგარიშფაქტურის წარდგენიდან 10 დღის ვადაში. ამავე ხელშეკრულების 11.2 პუნქტით შემსყიდველს ეკისრება ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის ყოველ დაყოვნებულ დღეზე პირგასამტეხლოს გადახდა დაყოვნებული თანხის 0.1 %-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №142 ხელშეკრულება. ტ.1. ს.ფ. 18-37.
3.1.7. მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ შპს ,,ჯ--–---მა“ სამუშაოს ეტაპები შეთანხმებულ ვადაში ვერ შეასრულა. მან სამუშაოები შეასრულა შემდეგი თანამიმდევრებით:
- პირველი ეტაპი - ნაცვლად 2016 წლის 28 ივლისისა - 2016 წლის 30 აგვისტოს.
- მეორე ეტაპი - ნაცვლად 2016 წლის 26 აგვისტოსა - 2016 წლის 28 ოქტომბერს;
- მესამე ეტაპი - ნაცვლად 2016 წლის 26 სექტემბრისა - 2017 წლის 8 მაისს;
- მეოთხე ეტაპი ნაცვლად 2016 წლის 26 ოქტომბრისა - 2017 წლის 8 ივნისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა განმარტებები.
მიღება-ჩაბარების აქტი. ტ. 1. ს.ფ. 71-78
მიღება-ჩაბარების აქტი. ტ. 1. ს.ფ. 47-51
მიღება-ჩაბარების აქტი. ტ. 1. ს.ფ. 52-59
მიღება-ჩაბარების აქტი. ტ. 1. ს.ფ. 60-70
3.1.8. 2016 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით შესრულებული სამუშაოების შუალედურმა ღირებულებამ შეადგინა 103 854,8 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მიღება-ჩაბარების აქტი. ტ. 1. ს.ფ. 47-51
3.1.9. 2016 წლის 6 ოქტომბრის მდგომარეობით შესრულებული სამუშაოების შუალედურმა ღირებულებამ შეადგინა 109 151,68 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მიღება-ჩაბარების აქტი. ტ. 1. ს.ფ. 52-59
3.1.10. 2016 წლის 16 ნოემბრის მდგომარეობით შესრულებული სამუშაოების შუალედურმა ღირებულებამ შეადგინა 75 641,53 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მიღება-ჩაბარების აქტი. ტ. 1. ს.ფ. 60-70
3.1.11. 2017 წლის 9 იანვრის მდგომარეობით შესრულებული სამუშაოების შუალედურმა ღირებულებამ შეადგინა 84 749,23 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მიღება-ჩაბარების აქტი. ტ. 1. ს.ფ. 71-78
3.1.12. სამუშაოთა შესრულების ვადის გადაცილების გამო გამგეობამ შპს ,,ჯ--–---ს“ თითოეულ ეტაპზე მოსთხოვა პირგასამტეხლოს გადახდა. გადაუხდელობის შემთხვევაში გააფრთხილა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ქობულეთის მუნიცპიალიტეტის გამგეობის მიმართვები. ტ.1. ს.ფ. 82-86
3.1.13. საქმეში არაა წარმოდგენილი მტკიცებულება პირგასამტეხლოს სახით შპს ,,ჯ--–---ის“ მიერ 12 975,65 ლარის გადახდის თაობაზე. თუმცა მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ შპს ,,ჯ--–---მა“ დასახელებული თანხა გადაიხადა 2016 წლის 4 ოქტომბერს. უფრო ზუსტად შპს ,,ჯ--–---ს“ დასახელებული თანხა გამოექვითა შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან. შპს ,,ჯ--–---ი“ პირგასამტეხლოს თანხის გამოქვითვას დაეთანხმა, მაგრამ იმავდროულად აცნობა, რომ არ ეთანხმება პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას, ასევე მის მოცულობას და შემდეგში სარჩელს აღძრავს და მის უკან დაბრუნებას მოითხოვს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა განმარტებები სხდომის ოქმში.
2016 წლის 9 ნოემბრის მიმართვა. ტ.2.ს.ფ. 79
2017 წლის 16 იანვრის მიმართვა. .ტ.2.ს.ფ. 87
2016 წლის 31 ოქტომბრის მიმართვა.ტ.2. ს.ფ. 88.
2016 წლის 16 დეკემბრის მიმართვა.ტ.2. ს.ფ. 90-91
3.1.14. 2016 წლის 28 დეკემბერს შპს ,,ჯ--–---მა“ გამგეობას წარუდგინა შესრულებულ სამუშაოთა მიღება-ჩაბარების აქტები. 2017 წლის 16 იანვარს წარუდგინა ექსპერტიზის დასკვნა, რის შემდეგაც მოითხოვა შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება. გამგეობამ შპს ,,ჯ--–---ს“ შესრულებული სამუშაოს ღირებულება გადაუხადა 2017 წლის 31 მარტს - 65 დღის დაგვიანებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
შპს ჯ. ლაინის მიართვა. დასკვნა, შეთანხმება და მოხსენებითი ბარათები. ტ.1. ს.ფ. 190-194
3.1.15. მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ სამუშაოთა მეოთხე ეტაპი დასრულდა 2017 წლის 8 ივნისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა განმარტებები. სარჩელები და შესაგებელი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეთა შორის სადაოა ფორს-მაჟორთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. ასევე მხარეთა შორის სადაოა პირგასამტეხლოს გონივრულობა. დადგენილია და მხარეებიც არ დაობენ მასზედ, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვაზე მხარეები შეთანხმდენ ხელშეკრულებით. სარჩელებში მოთხოვნილი ოდენობის პირგასამტეხლო არის თუ არა გონივრული, ეს საკითხი არ წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებას. იგი სამართლებრივი შეფასების კატეგორიისა და მასზე სასამართლო იმსჯელებს საკითხის სამართლებრივი შეფასებისას.
3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის ფორს-მაჟორის დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
3.2.3. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოების სადაოობისას სასამართლო ხელმძღვანელობს შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობისა და თანასწორობის პრინციპით, რაც გულისხმობს მას, რომ საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის დამტკიცება, მისთვის ასეთი გარემოების დამტკიცება ობიექტურად შესაძლებელი უნდა იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია. სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ჯ--–---ს“ უნდა დაეკისროს დაამტკიცოს, რომ მან სამუშაოები შეთანხმებულ ვადაში ვერ შეასრულა მისგან დამოუკიდებელი ძალის ზეგავლენის გამო. ამ გარემოებათა დამტკიცება შესაძლებელია ზეპირი განმარტებით, მოწმის ჩვენებით, ასევე ნებისმიერი იმ მტკიცებულებით, სადაც ასახული იქნება დაუძლეველი ძალის ხელშეშლა.
3.2.4. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.
3.2.5. თავისი საპროცესო ვალდებულების შესრულების მიზნით შპს ,,ჯ--–---ის“ წარმომადგენელმა ზეპირად განმარტა, რომ გადაუღებელმა წვიმებმა შპს ,,ჯ--–---ს“ საშუალება არ მისცა ემუშავა და მოეწყო ბეტონის საფარი. მოსარჩელემ მოპასუხეების ზეპირი განმარტება, თავისი ზეპირი განმარტებითვე უარყო და განმარტა, რომ სახელშეკრულებო პერიოდში იყო საკმარისი სამუშაო ამინდები და შესაძლებელი იყო სამუშაოთა ვადაში შესრულება.
ზეპირ განმარტებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა ზეპირი განმარტებაც მტკიცებულებაა. მხარეებს უფლება აქვთ ზეპირად ამტკიცონ ესა თუ ის გარემოება, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზეპირი განმარტებით ფაქტების მტკიცების უფლება აქვს ორივე მხარეს. მომოპასუხეს შეუძლია ზეპირად უარყოს მოსარჩელის მიერ გადმოცემული ფაქტები, და პირიქით. ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტები მაშინ ითვლება დადგენილად და დადასტურებულად, როდესაც მხარეები მას ადასტურებენ და სადაოდ არ ხდიან. თუ ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტი, მხარეებისათვის სადაოა, მაშინ ის აღარ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გაცხადებული ფაქტები დასტურდებოდს ზეპირ განმარტებაზე უფრო მყარი მტკიცებულებით. ზეპირად ნებისმიერ პირს, ნებისმიერი ფაქტის გადმოცემა შეუძლია, მაგრამ მთავარი ის კი არაა მან რა თქვა, არამედ მთავარია რამდენად სარწმუნოა მისი განმარტება. ამიტომ თითოეული ზეპირი განმარტება უნდა მტკიცდებოდეს სხვა უფრო მყარი მტკიცებულებით. ანუ აუცილებელია გამოყენებული იქნას მტკიცების უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე ზეპირი განმარტების სტანდარტია.
3.2.6. სასამართლო განმარტავს, რომ ფორს-მაჟორი ფაქტობრივი გარემოებებაა. წინამდებარე დავაში მისი დადგენა მნიშვნელოვანია. ამ ფაქტის დადგენაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. მათი ვალდებულებაა წარმოადგინონ მტკიცებულებები და დაამტკიცონ, რომ 2016 წლის 28 ივნისიდან 2016 წლის 28 ივლისამდე გადაუღებლად წვიმდა და შეუძლებელი იყო სამუშაოთა შესრულება. ასევე გადაუღებლად წვიმდა 2016 წლის 26 აგვისტომდე და ასე გაგრძელდა 2016 წლის 26 სექტემბრამდე და 26 ოქტომბრამდე. შპს ,,ჯ--–---ის“ მიერ წარმოდგენილი მტკიცეულებები უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ასეთი მდგომარეობის შესახებ. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ხშირად კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელია და ხშირად ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის არაა საკმარისი. სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და გადაწყვიტოს მხარეთა მიერ მითითებული მტკიცებულება, არის თუ არა ის მტკიცებულება, რომლითაც უტყუარად დადასტურდება ის გარემოება, რომ გადაუღებელი წვიმების გამო შეუძლებელი იყო ბეტონის საფარის მოწყობა. შპს ,,ჯ--–---მა“ თავისი ზეპირი განმარტების გამყარებისათვის წარმოადგინა გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობა, სადაც ასახულია ინფორმაცია ამინდის შესახებ. მასში მითითებულია, რომ ივლისის თვეში ნალექი აღინიშნა 17 დღეს, აგვისტოში 13 დღე, სექტემბერში ნალექიანი იყო 17 დღე, ოქტომბერში 17 დღე.
იხ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობა. ტ.2. ს.ფ. 102-103
3.2.7. ფაქტობრივად სასამართლომ გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით დაადგინა, რომ ივლისის თვეში ნალექიანი იყო 17 დღე, უნალექო იყო14 დღე. აგვისტოს თვეში ნალექიანი იყო 13 დღე, ხოლო უნალექო იყო 18 დღე. 13 და 14 დღე უნალექო იყო სექტემბერ-ოქტომბერშიც. აღნიშნულის შემდეგ დასადგენია რა ტიპის ნალექიანი ამინდები იყო, რა ოდენობის ნალექი მოვიდა და ამ დღეებში შესაძლებელი იყო თუ არა ბეტონის სამუშაოების ჩატარება. გარდა ამისა უნალექო დღეები იყო თუ არა საკმარისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასასრულებლად. ზოგადად ნალექიანი ამინდი ფორს-მაჟორს არ წარმოადგენს. შესაძლებელია გარკვეული სამუშაოების შესასრულებლად ნალექიანი ამინდი ხელშემშლელი იყოს და პირიქით, შესაძლებელია ნალექი არ წარმოადგენდეს გარკვეული სამუშაოებისათვის ხელშემშლელს. თუ წვიმამ გადარეცხა სილა/ხრეში და მუშებს არ მისცა საუშაოთა შესრულების შესაძლებლობა, ბუნებრივია ასეთი დღეები უნდა განვილოთ დაუძლეველი ძალის ზეგავლენით ხელშემშლელად, მაგრამ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ შეიცავს ინფორმაციას თუ, რამდენად ხელშემშლელი იყო ნალექი. გარდა ამისა არ დგინდება შესაძლებელი იყო თუ არა უნალექო ამინდებში დასრულებულიყო ხელშეკრულებით შეთანხმებული სამუშაოები. ფაქტია, რომ ნალექიანი ამინდების პარალელურად უნალექო ამინდებიც იყო. მთლიან სახელშეკრულებო პერიოდის ფორს-მაჟორად განხილვა არაა საქმისადმი სერიოზული მიდგომა. სხვა მტკიცებულება კი შპს ,,ჯ--–---ს“ არ აქვს. შესაბამისად მან ვერ დაამტკიცა რამდენად ხელი შეუშალა ნალექიანმა ამინდებმა ხელშეკრულების შესრულებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ------–-----------–----–------ოს მ----ის სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანია. შპს ,,ჯ--–---ს“ პირგასამტეხლოს გადახდა ერგება, მაგრამ პირგასამტეხლო არაა გონივრულად გაანგარიშებული და მისი ოდენობა უნდა შემცირდეს. თავის მხრივ ნაწილობრივ საფუძვლიანია შპს ,,ჯ--–---ის“ სარჩელი. მას უნდა აუნაზღაურდეს გაწეული სამუშაოს ღირებულება სრულად, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
ქ------–-----------–----–--------------ის სარჩელის ნაწილი
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ ქ------–-----------–----–--------------ის მოთხოვნა თანხის გადახდასტანაა დაკავშირებული. მოთხოვნის უფლება შესაბამისი საფუძვლის გარეშე არარსებობს. თანხის გადახდის მოთხოვნას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. წინამდებარე დავა გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.
6.2. დადგენილია და სადაო არარის ის გარემოება, რომ ქ------–-----------–----–--------------ის ერთერთი ფუნქციაა - მოსახლეობის გზით უზრუნველყოფა. თავის მხრივ შპს ,,ჯ--–---ი“ კერძო სამართლის სუბიექტია და მისი მიზანია მოგების მიღება. სწორედ ამ მიზნებმა დააკავშირა მოსარჩელე და მოპასუხე ერთმანეთს. დადგენილია, რომ 2016 წლის 28 ივნისს ქო----–-----------–----–-----------------ასა და შპს ,,ჯ--–---ს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №142 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის №54 ბრძანებით დამტკიცებული ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ქ------–-----------–----–------ში ჩაეტარებინა ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები. ქო----–-----------–----–-----------------ას შემსრულებლისათვის უნდა გადაეხადა 388 000 ლარი. ამ გარიგების საფუძველზე მხარეებს ერთმანეთის მიმართ წარმოეშვათ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები.
6.3. გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხები. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნობი დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ამ წესის დაცვის შემთხვევაში ჩაეთვლებათ მათ ვალდებულება შესრულებულად. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება თავისი შინაარსით ნარდობის ხელშეკრულებაა. მისი გაფორმების შემდეგ, ქ------–-----------–----–--------------ას, როგორც შემკვეთს უფლება ჰქონდა მოეთხოვა მენარდეს სამუშაოები დაესრულებინა შეთანხმებულ ვადებში. ნარდობის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც დამკვეთს, შეკვეთილი სამუშაოების ვადაში შესრულების მოთხოვნის უფლება აქვს. თავის მხრივ შპს ,,ჯ--–---ი“ ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ სამუშაოები შეესრულებინა შეთანხმებული პირობების შესაბამისად დათქმულ დროში. ვალდებულების შესულების მიზნით შპს ,,ჯ--–---მა“ შეასრულა გარკვეული სამუშაოები, მაგრამ მან სამუშაოები შეთანხმებულ ვადებში ვერ დაასრულა. კერძოდ:
- პირველი ეტაპი - ნაცვლად 2016 წლის 28 ივლისისა დაასრულა 2016 წლის 30 აგვისტოს;
- მეორე ეტაპი - ნაცვლად 2016 წლის 26 აგვისტოსა, დაასრულა 2016 წლის 28 ოქტომბერს;
- მესამე ეტაპი - ნაცვლად 2016 წლის 26 სექტემბრისა, დაასრულა 2017 წლის 8 მაისს;
- მეოთხე ეტაპი ნაცვლად 2016 წლის 26 ოქტომბრისა დაასრულა 2017 წლის 8 ივნისს.
ქო----–-----------–----–-----------------ამ მიიღო შესრულება, მაგრამ ხელშეკრულების ვადების დარღვევის გამო სარჩელი წარმოადგინა და პირგასამტეხლოს სახით 52 574 ლარის გადახდა მოითხოვა.
6.4. მოსარჩელის დასახელებული მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების საფუძვლებიდან. დასახელებულ ნორმებში განმარტებულია პირგასამტეხლოს შინაარსი, რომლის მიხედვითაც პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.
განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. ხელშეკრულების 11.3. მუხლი ითვალისწინებს შპს ,,ჯ--–---ის“ პასუხისმგებლობას. 11.3.1. მუხლით შპს ,,ჯ--–---ის“ მიერ თითოეული ეტაპის სამუშაოების ვადაგადაცილება ითვალისწინებს ყოველვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას შეუსრულებელი ეტაპის 0.1 %-ის ოდენობით. მტკიცებულებათა გამოკვლევით დადგენილია, რომ შპს ,,ჯ--–---მა“ ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა და თითეოული ეტაპის სამუშაოების შესრულების ვადას გადააცილა. ამ ვალდებულების სათანადო შეუსრულებლობა წარმოშობს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას იმ წესის მიხედვით, რა წესით პირგასამტეხლოს გაანგარიშებაზე მხარეები შეთანხმდენ ხელშეკრულებით. მართალია მან ვალდებულების დარღვევაში თავისი ბრალეულობა გამორიცხა და ფორს-მაჟორზე მიუთითა, მაგრამ ფორს-მაჟორთან დაკავშირებით მისი არგუმენტები სასამართლომ არ გაიზიარა.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით ,,სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო”.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ პირგასამტეხლოს თავის არიდების მიზნით კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობასაც იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონიმიკურ შედეგებს. ასევე გასათვალისწინებელია დარღევის ხარისხი, შედეგი, მოპასუხის დამოკიდებულება ვალდებულებისადმი, დამდგარი ზიანი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. მათი ერთობლიობით უნდა გადაწყდეს პირგასამტეხლოს გონივრულობის საკითხი.
წინამდებარე შემთხვევაში მხარეებს პირგასამტეხლო გამოხატული აქვთ პროცენტული მაჩვენებლით. თუმცა პირგასამტეხლოდ გაანგარიშებული თანხის ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. 0.1 %-ს ოდენობის პირგასამტეხლო რიგ შემთხვვაში გუნივრულია, რიგ შემთხვევაში კი ცდება გონივრულობის ზღვარს. თითოეული ვალდებულების მნიშვნელობა განსხვავებულია, განსხვავებულია დარღვევის შედეგიც, ამიტომ დაუშვებელია ყველა სახის დარღვევისათვის ერთი მოცულობის თანხა იყოს პირგასამტეხლოდ განსაზღვრული. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში კანონმა სასამართლოს მიანიჭა უფლება კონკრეტული გარემოებების გათვალისწინების შედეგად შეამციროს პირგასამტეხლოს ოდენობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოდ გაანგარიშებული თანხის ოდენობა უნდა განახევრდეს. შესაბამისად შპს ,,ჯ--–---ს“ გადასახდელად უნდა დაეკისროს 26 287 ლარი.
შპს ,,ჯ--–---ის“ სარჩელი
6.6. როგორც აღწერილობით ნაწილში აღინიშნა, შპს ,,ჯ--–---ს“ ორი მოთხოვნა აქვს. მათ შორის ერთერთი მოთხოვნაა პირგასამტეხლოს სახით გადახდილი 12 975,65 ლარის დაბრუნება. დასახელებული თანხა ქ------–-----------–----–--------------ამ შპს ,,ჯ--–---ს“ დაუქვითა პირგასამტეხლოს ანგარიშში. პირველ რიგში გასარკვევია რატომ დაუქვითა მ----ამ შპს ,,ჯ--–---ს“ 12 975,65 ლარი, ჰქონდა თუ არა მას ამ თანხის გამოქვითვის უფლება და შპს ,,ჯ--–---ი“ იყო თუ არა თანახმა შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან დასახელებული თანხა გადაეხადა მ----ისათვის. უდაოა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით იყო შეთანხმებული. სწორედ ამ შეთანხმებას დაეყრდნო ქ------–-----------–----–--------------ა პირგასამტეხლოს თანხის დაქვითვისას. პირგასამტეხლო ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებაა. ურთიერთობის მონაწილემ იცის, რომ თუ არ შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, მას მოუწევს გარკვეული ფულადი თანხის გადახდა. ზედმეტი თანხის გადახდის თავიდან აცილების მიზნით ხელშეკრულების მონაწილე მხარე ნაკისრ ვალდებულებას ასრულებს ჯეროვნად, სწორედ ამიტომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების ერთგვარი სტიმულია. პირგასამტეხლოს საშუალებით კრედიტორს უნაზღაურდება სავარაუდო ზიანი. პირგასამტეხლო მოვალეს ეკისრება უპირობოდ, ანუ სულ ერთია კრედიტორმა განიცადა ზიანი თუ არა. ვალდებულების დარღვევის ფაქტი უკვე საკმარისი მიზეზია, რომ კრედიტორმა მოითხოვოს პირსაგამტეხლოს გადახდა. ხელშეკრულების დადებისას მხარეებს შეუძლიათ, თავად განსაზღვრონ პირსაგამტეხლოს რაოდენობა, რომელიც შესაძლოა ბევრად აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს, თუმცა კრედიტორმა არ უნდა აიძულოს მოვალე, დაეთანხმოს აშკარად უსამართლო პირობებს. ზოგადად პირგასამტეხლო უნდა შეესაბამებოდეს სავარაუდო ზიანის რაოდენობას. გამონაკლისის შემთხვევაში პირგასამტეხლო გადაჭარბებული რაოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით და არა კრედიტორის მიერ იძულების წესით დადგენით. წინამდებარე შემთხვევაში მ----ამ დაითვალა ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებული დღეები, დაიანგარიშა ყოველდღიურად პირგასამტეხლოდ გადასახდელი თანხის ოდენობა და საერთო ჯამსი შპს ,,ჯ--–---ს“ მოსთხოვა პირგასამტეხლოს სახით 12 975,65 ლარის გადახდა. იქედან გამომდინარე, რომ მხარეები ირგასამტეხლოს გადახდაზე ხელშეკრულებით იყვენ შეთანხმებული, სამუსაოტა ეტაპის დასრულების ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს მოთხოვნა ლოგიკური ღონისძიებაა. მ----ას ჰქონდა უფლება შპს ,,ჯ--–---ისაგან“ მოეთხოვა პირგასამტეხლოს გადახდა. მიუხედავად ასეთი უფლებისა კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისთვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში. კრედიტორმა უნდა აირჩიოს რომელიმე მათგანი, მაგრამ თუკი მოვალემ გადააშორა დადგენილ ვადებს, კრედიტორს უფლება ეძლევა მოითხოვოს როგორც ვალდებულების შესრულება, ასევე პირგასამტეხლოს გადახდევინება. პირგასამტეხლოს გადახდევინება არ აუქმებს ზიანის ანაზღაურების უფლებას. მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლო ზიანის ანაზღაურების საშუალებაა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის ცვლის ზიანის ანაზღაურებას. კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ორივე მათგანი, მაგრამ პირგასამტეხლო შევა ზიანის საერთო ოდენობაში და არ გამოიყოფა ცალკე ნაწილად, რაც მეტისმეტად დამამძიმებელი იქნებოდა მოვალისათვის. კრედიტორს უფლება აქვს პირგასამტეხლს სახიტ იმაზე მეტი მოითხოვოს, ვიდრე გადასახდელი ტანხის ოდენობაა, მაგრამ აღნიშნული არ ნიშნავს მას, რომ მოვალეს მოთხოვნილი ოდენობის თანხის გადახდის ვალდებულება აქვს. მას შეუძლია სადაო გახადოს პირგასამტეხლოს ოდენობა და არ გადაიხადოს იგი. ასეთ სიტუაციაში კრედიტორს რჩება მხოლოდ ერთი გზა - სარჩელი აღძრას და პირგასამტეხლოს თანხის დაკისრება მოითხოვოს. საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შესაძლებელია სასამართლომ შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირსაგამტეხლო. შესაძლებელია მხარეები თავიდან ვერ შეთანხმდნენ რეალურ ოდენობაზე, ამიტომ სასამართლო იტოვებს უფლებას, ჩაერიოს პირგასამტეხლოს ოდენობის დადგენაში და შეამციროს მისი რაოდენობა. პირგასამტეხლოს ოდენობას სჭირდება მხარეთა შეთანხმება. დაუშვებელია იგი დაქვითული იქნას ანაზღაურებიდან. შპს ,,ჯ--–---ს“ სრულად უნდა მიეღო კუთვნილი თანხა და ამ თანხიდან ნებაყოფილებით უნდა გადაეხადა კუთვნილი პირგასამტეხლო. ზოგადად ივარაუდება, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა სადაო გარემოებაა. ანალოგირი სიტუაციაა წინამდებარე შემთხვევაშიც. შპს ,,ჯ--–---ს“ პრეტენზია ჰქონდა და აქვს მასზედ, რომ მას ვალდებულება ბრალეულად არ დაურღვევია, ვადის გადაცილებაში მას ბრალი არ მიუძღვის. მიიჩნევს, რომ ნალექიანი კლიმატური პირობები ის ობიექტური მიზეზებია, რაც გამორიცხავს მის პასუხისმგებლობას. შესაბამისად პირგასამტეხლოს დაკისრებას. წინამდებარე სასარჩელო წარმოებაში პირგასამტეხლოს სახით 12 975,65 ლარის დაკისრება მოთხოვნილი არაა. მ----ას ასეთი მოთხოვნა არ აქვს. ის სხვა პერიოდის პირგასამტეხლოს თანხას ითხოვს. მოსარჩელეს, 2016 წლის ოქტომბერში პირგასამტეხლოს სახით 12 975,65 ლარის გადახდა ეკუთვნის, თუ უფრო ნაკლები, შეიძლება განხილული იქნას მხოლოდ იმ დავაში, სადაც ქ------–-----------–----–--------------ა შპს ,,ჯ--–---ის“ მიმართ სარჩელს აღძრავს და ხელშეკრულების ვადაში შეუსრულებლობის გამო მოითხოვს პირგასამტეხლოს დაკისრებას. ასეთი სარჩელის განხილვისას სასამართლო განიხილავს და შეაფასებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა პირგასამტეხლოს პროცენტული მაჩვენებლის გონივრულობა, ვალდებულების დარღვევის არსი, მიყენებული ზიანი და სხვა საკითხები. წინამდებარე შემთხვევაში სასამართლო არ იხილავს 2016 წლის 4 ოქტომბრამდე პირგასამტეხლოს სახით 12 975,65 ლარის დაკისრების საკითხს, ამიტომ ვერ ვიმსჯელებთ რამდენად გონივრულია მას დაეკისროს 12 975,65 ლარი. პირგასამტეხლოს დაკისრების უფლებამოსილება ქ------–-----------–----–--------------ას არ ჰქონდა. მას არ აქვს უფლება ინდივიდუალურად დაიანგარიშოს პირგასამტეხლოს ოდენობა, გამოიყენოს თავისი დომინირებული მდგომარეობა (გადასახდელი თანხა მის ხელთაა) და არ გადაუხადოს ის თანხა, რასაც თვითონ მიიჩნევს პირგასამტეხლოდ. თუ მოსარჩელე თავისი ნებით გადაიხდიდა პირგასამტეხლოს ან დადგენილ ოდენობაზე არ ექნებოდა პრეტენზია, მაშინ პირგასამტეხლოს დაქვითვა ჩაითვლებოდა შეთანხმებულად. სხვა ყველა შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრება სასამართლოს უფლებამოსილებაა. უდაოა, რომ შპს ,,ჯ--–---ი“ მ----ას დაეთანხმა ასანაზღაურებელი თანხიდან ჩამოეჭრათ პირგასამტეხლოს თანხა, მაგრამ ამ თანხის გადახდას ნებაყოფილებით გადახდის კვალიფიკაცია ვერ მიენიჭება. დადგენილია, რომ 2016 წლის 4 ოქტომბრამდე მოსარჩელემ ვალდებულების შესრულების მიზნით შეიძინა სამუშაო მასალა, დაიქირავა ტექნიკა, დაიქირავა მუშაკები და შეუდგა სამუშაოთა შესრულებას. სწორედ ამიტომ შპს ,,ჯ--–---ს“ მესამე პირებთან დაუგროვდა შესასრულებელი ვალდებებულებები. აღნიშნული ვალდებულება უნდა დაეფარა ქ------–-----------–----–--------------ისაგან მიღებული თანხით. მ----ამ შესრულებული სამუშაოების ღირებულება არ ჩაურიცხა მანამ, სანამ შპს ,,ჯ--–---მა“ არ გამოხატა პირგასამტეხლოს გამოქვითვის ნება. მართალია შპს ,,ჯ--–---ი“ დაეთანხმა პირგასამტეხლოს გამოქვითვას, მაგრამ იქვე განმარტა, რომ არ ეთანხმება პირგასამტეხლოს ოდენობას და მისი დაბრუნებისათვის შემდეგში დავას წამოიწყებს. აღნიშნული ნიშნავს მას, რომ შპს ,,ჯ--–---ი“ იძულებული იყო პირგასამტეხლოს დასთანხმებოდა დროებით. ამის მიზანი იყო გამომუშავებული ანაზღაურების მიღება და მესამე პირებთან ანგარიშწორების განხორციელება. სწორედ ამიტომ მის მიერ თანხის გადახდა არაა ნებაყოფილებით გადახდა. თანხა წარმოადგენს შპს ,,ჯ--–---ის“ გამომუშავებას და მისი მიღებისას ქ------–-----------–----–--------------ას არ ჰქონდა საფუძველი. ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ------–-----------–----–--------------ა ვალდებულია სრულად შეასრულოს თავისი ვალდებულება და მოსარჩელეს აუნაზღაუროს ის თანხა, რაც მას ერგებოდა ხელშეკრულების შესრულებით. მას თანხის დაბრუნების ვალდებულება აქვს საქ. სკ-ის 976-977-ე, 979-ე მუხლების საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე შპს ,,ჯ--–---ის“ სარჩელი 12 975,65 ლარის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.7. სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ჯ--–---ის“ სარჩელი, ქ------–-----------–----–--------------ას დაეკისროს პირგასამტეხლოს თანხა უსაფუძვლოა. სასამართლო ამ დასკვნამდე მივიდა შემდეგი არგუმენტების გათვალისწინებით:
მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 7.2, 7.3 და 7.4 პუნქტებით განსაზღვრულია, რომ შესრულებულ სამუშაოთა ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოების მოცულობის მიხედვით. მხარეთა საბოლოო ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების შესაბამისი ფორმით გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, სსიპ ,,ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნის, ფორმა №2-ის, ფორმა №3-ის და საგადასახადო ანგარიშფაქტურის წარდგენიდან 10 დღის ვადაში. ამავე ხელშეკრულების 11.2 პუნქტით შემსყიდველს ეკისრება ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის ყოველ დაყოვნებულ დღეზე პირგასამტეხლოს გადახდა დაყოვნებული თანხის 0.1 %-ის ოდენობით. დადგენილია, რომ 2016 წლის 28 დეკემბერს შპს ,,ჯ--–---მა“ მ----ას წარუდგინა შესრულებულ სამუშაოთა მიღება-ჩაბარების აქტები. 2017 წლის 16 იანვარს წარუდგინა ექსპერტიზის დასკვნა, რის შემდეგაც მოითხოვა შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება. მ----ამ შპს ,,ჯ--–---ს“ შესრულებული სამუშაოს ღირებულება გადაუხადა 2017 წლის 31 მარტს - 65 დღის დაგვიანებით. ფაქტიურად მ----ამ გადაცილა ანაზღაურების თაობაზე შეთანხმებულ ვადებს, რაც სიტყვასიტყვითი გაგებით ექვემდებაება პირგასამტეხლოთი დაჯარიმებას. თუმცა აუცილებელია გათვალისწინებული იქნას პირგასამტეხლოს შინაარსი. კერძოდ ის, რომ პირგასამტეხლო იმ მხარეს ეკისრება, ვინც ვალდებულებას არღვევს. საკითხის გადასაწყვეტად აუცილებელია შეფასდეს შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ვადაგადაცილების მიზეზები. დადგენილია, რომ შპს ,,ჯ--–---ს“ სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2016 წლის 26 ოქტომბერს. თვით ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2016 წლის 31 დეკემბრამდე. შპს ,,ჯ--–---ს“ ამ ვადაში უნდა დაესრულებინა სამუშაოები და მოპასუხესაც ამ ვადაში უნდა აენაზღაურებინა სამუშაოთა ღირებულება. სამუშაოთა ღირებულება განსაზღვრული იყო ხელშეკრულებით და იგი გათვალისწინებული იყო 2016 წლის ბიუჯეტით. ქ------–-----------–----–--------------ამ არ იცოდა და ვერც ივარაუდებდა, რომ სამუშაოები 2016 წელში არ დასრულდებოდა. სწორედ ამიტომაც მისი ანაზღაურება არ იყო 2017 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული. იმის გამო, რომ შპს ,,ჯ--–---მა“ შესრულება გადასცა 2017 წლის 16 იანვარს, მ----ამ 10 დღის ვადაში ვერ შეძლო ბიუჯეტში ცვლილების შეტანა და შესრულებული სამუშაოს 10 დღის ვადაში ანაზღაურება. ბიუჯეტში ცვლილებებს 2017 წლის 31 მარტამდე ვადა დასჭირდა, რაც წარმოადგენს არა მ----ის ბრალს, არამედ თავად შპს ,,ჯ--–---ის“ ბრალს. სწორედ ამიტომაც ამ ნაწილში არარსებობს ქობულეთის მუნიციალიტეტის მ----აზე პირგასამტეხლოს თანხის დაკისრების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ბაჟის ოდენობა გამოიანგარიშა დასახელებული ნორმებით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქო----–-----------–----–-----------------ის სარჩელზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს 1578 ლარს. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფიების გამო ბაჟის ტანხა მხარეებს შორის უნდა განაწილდეს თანაბრად. შპს ,,ჯ--–---ს“ ბაჟის სახით უნდა დაეკისროს 789 ლარი გადახდა. ამდენივეს გადახდა ეკისრება მ----ასაც, მაგრამ ის სახ. ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
შპს ,,ჯ--–---ის“ სარჩელის ნაწილში გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის, მეორე ნაწილისა და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტის შესაბამისი გაანგარიშებით შეადგენს 644 ლარს. საქ. სსკ-ის 53-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად სარჩელის ნაწილობრივად დაკმაყოფილების გამო 389,26 ლარის გადახდა ერგება ქ------–-----------–----–--------------ას, ხოლო 254,74 ლარის გადახდა ერგება შპს ,,ჯ--–---ს". მას ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
უზრუნველყოფის ღონისძიება განსახილველ საქმეში გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქ------–-----------–----–--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად.
2. შპს ,,ჯ--–---ს“ ქ------–-----------–----–--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 26 287 ლარის გადახდა.
3. ქ------–-----------–----–--------------ის სარჩელი, პირგასამტეხლოს თანხის შპს ,,ჯ--–---ზე“ სრულად დაკისრების ნაწილში, არ დაკმაყოფილდეს
4. შპს ,,ჯ--–---ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 789 ლარის ოდენობით.
5. ქ------–-----------–----–--------------ა ბაჟის გადახდასიგან გათავისუფლებულია.
6. შპს ,,ჯ--–---ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად.
7. ქ------–-----------–----–--------------ას, შპს ,,ჯ--–---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 12 975,65 ლარის გადახდა.
8. შპს ,,ჯ--–---ის“ სარჩელი პირგასამტეხლოს ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
9. ქ------–-----------–----–--------------ას, შპს ,,ჯ--–---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს წინაწარ გადახდილი სახ. ბაჟის თანხის ნაწილის 389,26 ლარის ანაზღაურება.
10. შპს ,,ჯ--–---ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 254,74 ლარის ოდენობით. მას ბაჟი გადახდილი აქვს.
11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30).
12. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე