გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.04.2019
საქმის ნომერი
330210018002696351
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
16.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

330210018002696351

საქმე №2/31393-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე

სხდომის მდივანი ანი ჯაჭვაძე

 

განხილვის ფორმა ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე ლ-------–--------------ო

წარმომადგენელი ე-–---------–-–---–-

თარჯიმანი თ-------------------

 

მოპასუხე ჟ---–---------------ე

წარმომადგენლები თ-------------–--ე და ნ----------–-ა

 

დავის საგანი ზიანის ანაზღაურება, საკუთრების ხელშეშლის აღკვეთა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ჟ---–---------------ეს, მოსარჩელე ლ-------–--------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს მატერიალური ზიანის ანაზღაურება 979.96 ლარის ოდენობით.

 

1.2. დაევალოს მოპასუხე ჟ---–---------------ეს ლ-------–--------------ოს მიერ მისსავე საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, მისამართით ქ. თბილისი, რ-------ის გზატკეცილი N30, 1-ლი სადარბაზო, ბინა N-, სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა, კერძოდ მოპასუხის ჟ---–---------------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში, კერძოდ სააბაზანოში გაკეთდეს სართულშორისი ჰიდროიზოლაცია, რის საფუძველზეც შეწყდება ნებისმიერი სახით წყლის ჩასვლა მოსარჩელე ლ-------–--------------ოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში.

 

(სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტებულია, იხ. დაზუსტებული სარჩელი, სხდომის ოქმი)

 

სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია შემდეგი:

 

მოსარჩელე ოჯახთან ერთად წლების მანძილზე ცხოვრობს, ქ. თბილისში, რ-------ის გზატკეცილი, N30, ბინა N--ში. აღნიშნულ ბინაში 1970-იანი წლებიდან ჩამოდის წყალი, ზემო სართულზე მდებარე მოპასუხის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინიდან. წლების მანძილზე წყლის ჩადინებამ მოსარჩელეს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, კერძოდ დაუზიანა საცხოვრებელი სახლი. 2009 წლიდან მოსარჩელე და მისი ოჯახის წევრები მიმართავდნენ სხვადასხვა უწყებებს არსებული მდგომარეობის აღმოფხვრის მიზნით, რასაც შედეგი არ მოჰყოლია. ლ-------–--------------ოს განმარტებით, ჟ---–---------------ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინიდან წყლის ჩასვლის და მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა მტკიცდება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ჟ---–---------------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 1970-75 წლებში, იგი არ ცხოვრობდა მოსარჩელის მეზობლად და მხოლოდ 1975 წელს მიიღო მამამისმა რ---------------ემ საკუთრებაში საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. თბილისი, რ-------ის გზატკეცილი, კორპ. N30, ბ. N10. უშუალოდ მოპასუხე ჟ---–---------------ე მითითებულ ბინაში ცხოვრობდა 1976-200- წლებში. 2003 წელს აღნიშნულ ბინაში ჟ---–---------------ემ გააკეთა რემონტი, სარემონტო სამუშაოების განხორციელების დროს მოსარჩელემ არ მისცა საშუალება შეეცვალა ცენტრალური მილის ის ნაწილი, რომელიც მის კუთვნილ მილს უნდა შეერთებოდა, იმ მოტივით, რომ მას ჰქონდა რკინის მილები და არ სურდა პლასტმასის მილები. ამის გამო, იძულებული გახდა მოპასუხე შეძლებისდაგვარად შეეცვალა მხოლოდ მის საკუთრებაში არსებული მილი. აღნიშნულ ბინაში მოპასუხემ იცხოვრა მცირე დროის განმავლობაში და რამდენიმე წლით დაკეტილი ჰქონდა, რამეთუ გადავიდა იმავე ქუჩაზე მდებარე მეუღლის კუთვნილ სახლში. 200- წელს მოპასუხემ აღნიშნული ბინა გააქირავა და სწორედ ამ დროიდან დაიწყო მოსარჩელემ ჩივილი. მოსარჩელე და მისი ოჯახის წევრები ხშირად იძახებდნენ საპატრულო პოლიციას იმის მტკიცებით, რომ მათ საკუთრებაში ჩამოდიოდა წყალი. ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის თუ შსს-ს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ი--------------- სამმართველოს პოლიციის მე-9 განყოფილების წარმომადგენლებს ხვდებოდათ იმგვარი ვითარება, რომ მოპასუხის ბინის ვერტიკალურად არსებულ ბინებში წყლის მიწოდება მოსარჩელეების მიერ იყო ხელოვნურად შეწყვეტილი და არსად არ აღინიშნება ზემოდან წყლის ჩამოსვლის კვალი. ერთადერთი წყალი თითქოს დაგროვებული იყო ჯამებში, რომელიც მოსარჩელის ოჯახს ედგა იატაკზე, თითქოს ზემოდან ხდებოდა წყლის ჩადინება. 200--2010 წლებში მოპასუხის ბინაში ქირით ცხოვრობდნენ აზერბაიჯანული წარმოშობის ცოლ-ქმარი, რომლებმაც არ იცოდნენ ქართული ენა, შესაბამისად, მათ არ ჰქონდათ ხშირი კონტაქტი მეზობლებთან. ვინაიდან, 2003 წელს მოპასუხის მიერ ჩატარებული სარემონტო სამუშაოების დროს მოსარჩელემ არ მისცა საშუალება შეეცვალა ცენტრალური მილის ის ნაწილი, რომელიც მის კუთვნილ მილს უნდა შეერთებოდა დაზიანდა მილის გადაბმის ნაწილი და მათ სააბაზანოში ჩავიდა წყალი. ამის შემდგომ, მოსარჩელეები მიადგნენ მის ბინაში მცხოვრებ პირს სამსახურში, დაუწყეს ჩხუბი, უთხრეს, რომ მათგან ჩასულმა წყალმა დაუზიანა რემონტი და მოსთხოვეს მას თანხა რემონტისათვის 1 000 ლარის ოდენობით. მოპასუხის ბინის დამქირავებელმა უთხრა, რომ მას ჰყავდა მუშები და რემონტს გააკეთებდა თავად. მოსარჩელეებმა დაიწყეს ჩხუბი იმ მოტივით, რომ ერთ-ერთი მათგანი ხელოსანია და თავად გააკეთებდა რემონტს და გამოართვეს აღნიშნული თანხა. ამის მიუხედავად მათ ეს თანხა სარემონტო სამუშაოებისათვის არ გამოუყენებიათ, არამედ ისინი მუდმივად განაგრძობდნენ მოპასუხის ბინის დამქირავებლების შევიწროებას. თანხის გადაცემის აღიარების ნაცვლად მოსარჩელეებმა განაცხადეს, რომ მათ გადაეცათ მასალები რემონტისათვის, რაც რეალურად არც კი განუხორციელებიათ. დაახლოებით 2010-201- წელს მოსარჩელის შვილმა რამდენჯერმე გადაკეტა კორპუსში წყლის მიმწოდებელი ცენტრალური მილი იმ მოტივით, რომ მოპასუხის ბინიდან თითქოს ჩადიოდა წყალი, რაც არ შეესაბამება რეალობას. ჟ---–---------------ის განმარტებით, საბოლოოდ 2012 წელს იგი იძულებული გახდა დაენგრია ახლად გაკეთებული რემონტი იმის დასადასტურებლად, რომ წყალი მისგან არ ჩადიოდა. აღნიშნული სამუშაოს შესასრულებლად დაიქირავეს ხელოსნები, რომლებმაც საფუძვლიანად შეამოწმეს მილების მდგომარეობა, შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ მილები არ იყო დაზიანებული, მიუხედავად აღნიშნულისა მოპასუხემ მაინც გამოცვალა მილები და შეაჩერა სარემონტო სამუშაოები, რათა თვალყური ედევნებინა სააბაზანოსა და სამზარეულოს მილების მდგომარეობისათვის. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოსარჩელე კვლავ განაგრძობდა იმის მტკიცებას, რომ მოპასუხის ბინიდან წყალი ჩადიოდა. ანალოგიური პრეტენზია გააჩნდა მოსარჩელეს მოპასუხის ზემოთ მდებარე საცხოვრებელი ბინიდან (სართული 5, ბ. 14), რომელმაც აგრეთვე მოახდინა მის კუთვნილ ფართში არსებული წყლის მილების შემოწმება და რომელიც მოპასუხის ბინის მსგავსად არ აღმოჩნდა დაზიანებული. მოპასუხის განმარტებით, მხარეთა შორის არსებული სისტემური კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, მოსარჩელეს შესთავაზა, რომ ანაზღაურების სანაცვლოდ თვითონ დაესრულებინა მოპასუხის რემონტი, რათა დარწმუნებულიყო იქ არსებულ მდგომარეობაში, რაზედაც მისგან თავდაპირველად მიიღო თანხმობა, მაგრამ მიუხედავად აღნიშნულისა თვეების განმავლობაში არ შეასრულა დაპირება, რის გამოც მოპასუხე იძულებული გახდა ისევ დაექირავებინა მუშები და გაეგრძელებინა სარემონტო სამუშაოები. შექმნილი ვითარების გამო თითქმის 1 წლის განმავლობაში მოპასუხეს შეეზღუდა მისი საკუთრებით სარგებლობის შესაძლებლობა, რომლის გაქირავების შედეგად მიღებული თანხა წარმოადგენს მისი და მისი ოჯახის შემოსავალს. სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში მოსარჩელე არ აძლევდა მოპასუხის მუშებს თავის კუთვნილ ფართში შესვლის საშუალებას, რადგან მიმდინარე სამუშაოების ჩატარების დროს საჭირო გახდა მის კუთვნილ ფართში გამავალი მილების გამაგრება. აღნიშნულზე მოსარჩელემ კატეგორიული უარი განაცხადა. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება არ ადასტურებს, უშუალოდ მისი ბინიდან წყლის ჩადინების ფაქტს, რაც გამორიცხავს ზიანთან დაკავშირებით მოპასუხის პასუხისმგებლობას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ლ-------–--------------ოს საკუთრებაში ირიცხება უძრავი ნივთი, მდებარე - ქ თბილისი, რ-------ის გზატკეცილი, კორპუსი N30, მე-3 სართული, ბინა N- (ს.კ. 0-------------------------)

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 37-38);

 

3.1.2. ლ-------–--------------ოს საკუთრებაში არსებული ბინის მეზობლად (ზემოთ სართულზე) მოპასუხე ჟ---–---------------ეს საკუთრებაში აქვს ბინა N10 (მ.ე-4 სართული), მდებარე ქ თბილისი, რ-------ის გზატკეცილი, კორპუსი N30, ს.კ. 0-------------------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 39-40);

 

3.1.3. მოპასუხე ჟ---–---------------ის საკუთრებაში არსებული ბინა (მდებარე ქ თბილისი, რ-------ის გზატკეცილი, კორპუსი N30, მე-4 სართული, ბინა N10) დღეის მდგომარეობით გაქირავებულია.

 

3.1.4. მხარეთა შორის წლების მანძილზე არსებობს კონფლიქტი წყლის ჩადინებასა და მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის დაზიანებასთან მიმართებით. სადავო საკითხიდან გამომდინარე მეზობელთა მხრიდან არაერთხელ დარჩა საჭიროება გამოძახებული ყოფილიყო საპატრულო პოლიციისა და შსს-ს შესაბამისი თანამშრომლები, რათა აღკვეთილიყო მხარეთა მიერ თვითნებურად განხორციელებული იძულებითი ღონისძიებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- რეაგირების ოქმები;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ლ-------–--------------ოს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი (მდებარე - ქ თბილისი, რ-------ის გზატკეცილი, კორპუსი N30, მე-3 სართული, ბინა N-) დაზიანებულია მოპასუხე ჟ---–---------------ის საკუთრებაში არსებული ბინიდან (მდებარე - ქ თბილისი, რ-------ის გზატკეცილი, კორპუსი N30, ბინა N10) ჩასული წყლით.

 

სასამართლო სადავო შემთხვევაში დადასტურებულად მიიჩნევს მოპასუხის კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ბინაში წყლის ჩადინებასა და აღნიშნული საფუძვლით ბინის დაზიანებასთან მიმართებით, რაც დასტურდება საქმეზე დადგენილი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით. ზიანის მოცულობისა და მისი წარმოშობის საფუძვლების კვლევისათვის მნიშვნელოვანია შეფასდეს ექსპერტიზის დასკვნა და ამავე ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით ექსპერტის მიერ მიცემული განმარტება.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–------------------ ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ქ. თბილისში, ფონიჭალა, რ-------ის გზატკეცილი N30, ბინა N--ში, ზედა სართულიდან წყლის ჩასვლის შედეგად, დაზიანებული სარემონტო სამუშაოების აღდგენის საორიენტაციო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 2018 წლის III კვარტლის დონეზე ნორმატიული დარიცხვების გათვალისწინებით განისაზღვრა 979.96 ლარით.

 

დასკვნის კვლევით ნაწილში მიეთითა, რომ ექსპერტის მიერ ადგილზე დათვალიერებულია გამოსაკვლევი ობიექტი, რა დროსაც ბინაში შეინიშნებოდა ზედა სართულზე მდებარე საცხოვრებელი ბინიდან წყლის ჩასვლის კვალი (ძველი ჩასული), კერძოდ დაზიანებულია საცხოვრებელი სახლის სამზარეულოს კედლები, საძინებლის ჭერი და სველი წერტილის კედლები და ჭერი. წყლის ჩასვლის შედეგად, დაზიანებული სარემონტო სამუშაოების ნაწილის აზომვით მიღებული მონაცემების განფასებით 2018 წლის III კვარტლის დონეზე დადგინდა, რომ სამუშაოს ჯამური ღირებულება შეადგენს 979.76 ლარს. შენიშვნის სახით დასკვნაში აღინიშნა, რომ წყლის ჩასვლის მიზეზის დადგენა ექსპერტიზით შესაფასებელ პერიოდში შეუძლებელია, რადგან ზემოხსენებული ბინაში წყალი ძველი ჩასულია.

 

წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის უკეთ შესწავლისა და შეფასებისათვის, მნიშვნელოვანია შეფასდეს ასევე ექსპერტის ჩვენება, რომელმაც სასამართლო სხდომაზე განმარტება გააკეთა, მის მიერ შედგენილ დასკვნასთან დაკავშირებით. კერძოდ, ექსპერტ - გიორგი გოროზიას განმარტებით, ობიექტის შემოწმების შედეგად შეინიშნებოდა დაზიანება და აზომვით მიღებული მონაცემის საფუძველზე ზიანის ოდენობა განისაზღვრა კონკრეტული თანხობრივი მოცულობით. ექსპერტმა აღნიშნა, რომ შემოწმების ეტაპზე უკვე წყალი იყო ძველი ჩასული, რაშიც იგულისხმება, რომ სისველე გამშრალი და ლაქებად იყო დარჩენილი. ექსპერტმა განმარტა, რომ სიძველეში იგი არ გულისხმობს დროის გარკვეულ პერიოდს. ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ რისგან არის გამოწვეული დაზიანება ზუსტად, შეუძლებელია დადგინდეს, რადგან უკვე ძველი ჩასულია წყალი. ექსპერტის განმარტებით, იგი ვარაუდობს, რომ წყალი ჩასულია ზემოთა სართულიდან, რადგანაც, თვითონ კვალს აქვს თავისი სპეციფიკური მახასიათებლები, მაგალითად როცა წყლის, ქვემოდან შესხმა ხდება, კედელზე ლაქა არ რჩება, სპეციალური ნიშანი ყვითელი-მოშავო ლაქა რჩება ბეტონში წყლის გავლის შემდგომ. ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ ჭერია დაზიანებული და შესაბამისად ივარაუდება, რომ ზემოდან განხორციელდა წყლის ჩამოდინება, მით უფრო გასათვალისწინებელია, რომ კონკრეტული დაზიანებული ნაწილის თავზე განთავსებულია აბაზანა, რაც ამყარებს ეჭვს წყლის ზემოდან ჩადინებასთან მიმართებით.

 

წყლის ჩადინება და მოსარჩელე ლ-------–--------------ოს ბინის დაზიანება სისველის საფუძველზე დასტურდება ასევე საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებითაც. კერძოდ, მოპასუხემ შედავებისას განაცხადა, რომ მის ბინაში მცხოვრები დამქირავებლის მიერ ერთხელ უკვე ანაზღაურდა წყლის ჩასვლით გამოწვეული ზიანი, რაც მოწმობს რომ რეალურად წყლის გაჟონვა ხორციელდება მოპასუხის კუთვნილი ბინიდან. საგულისხმოა, რომ თავად თანხის მიღებას არ ადასტურებს მოპასუხე, რაც გამორიცხავს კონკრეტული საფუძვლით მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, რადგანაც არ დასტურდება მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოპასუხის მხრიდან, კერძოდ არ დგინდება უშუალოდ თანხის გადაცემის ფაქტი. გარდა მითითებულისა, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს გარემოებას იმ საფუძვლითაც, რომ თავად მოპასუხის მითითებით მოსარჩელე პრეტენზია გამოთქვა მას შემდგომ, რაც ბინაში შევიდნენ დამქირავებლები, შესაბამისად ივარაუდება, რომ სწორედ წყლის მოხმარებისა და გაუმართავი გაყვანილობის საფუძველზე ხორციელდება წყლის ჩადინება. ასევე, მოპასუხის ბრალეულობას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ მისივე მითითებით, რემონტის განხორციელებისას გამოცვალა მხოლოდ კუთვნილი წყლის მილები და მოსარჩელემ არ მისცა მას შესაძლებლობა არსებული რკინის მილები შეეცვალა პლასტმასის მილით, რაც ამყარებს გარემოებას წყლის უშუალოდ აღნიშნული ქონებიდან ჩადინებასთან მიმართებით. ყოველივე აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად იძლევა მოსარჩელის მტკიცების გაზიარების საფუძველს, რამეთუ ექსპერტმა, დეტალურად განმარტა, ის საფუძვლები, რაც ადასტურებს წყლის უშუალოდ ჟ---–---------------ის საკუთრებაში არსებული ქონებიდან ჩადინებას. ამავდროულად, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა იძლევა დამდგარი ზიანის ანაზღაურების კონკრეტულ ოდენობას, რაც ამ მხრივაც გამართულს ხდის მოსარჩელის მოთხოვნას.

 

რაც შეეხება, მოპასუხისათვის ხელშეშლის აღკვეთის მიზნით ქმედების განხორციელების დავალებას, აღნიშნულ ნაწილში მოთხოვნა არ შეიცავს საკმარის ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას, კერძოდ არ დასტურდება კონკრეტული ქმედების განხორციელების საჭიროება და სამომავლოდ ზიანის თავიდან არიდების ფაქტი. სასამართლო აღნიშნულ ნაწილში ვერ გაიზიარებს ლ-------–--------------ოს მტკიცებას, რამეთუ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით დაედასტურებინა კონკრეტული ღონისძიების გატარების საჭიროება. კერძოდ არ დგინდება, რომ ჰიდროიზოლაცია გამორიცხავს სამომავლოდ წყლის გაჟონვის შესაძლებლობას, რის გამოც შესაბამისი დასკვნის არ არსებობის პირობებში სასამართლო მიზანშეუწონლად მიიჩნევს მოთხოვნის კონკრეტული ფორმულირებით დაკმაყოფილებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 49-57);

- ფოტოსურათები (44-47);

- რეაგირების ოქმები (ს.ფ. 33-36);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ლ-------–--------------ოს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 1-5-ე, 170-172-ე, 174-ე, 40--409-ე, 412-ე, 992-ე, მუხლები;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ-ერთ საფუძველს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს, რომლისგან ნაწარმოები პასუხისმგებლობის გენერალური დათქმაც მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლში, კერძოდ - პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება შეიძლება დაეკისროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პასუხისმგებლობის დაკისრების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, სახელდობრ სახეზეა: ზიანი, რომელიც მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, არსებობს მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის და სახეზეა ზიანის მიმყენებლის ბრალი. სკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის. ზიანში, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე - პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით ან დაზიანებით, დაზარალებულის მიერ გამომუშავების დაკარგვის ან შემცირებით და ა.შ. დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ყველა ქონებრივი დანაკარგი, როგორც რეალური, ასევე გაშვებული მოგება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი მიმართულია არა ზიანის მიმყენებლის დასჯისაკენ, არამედ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაკენ, რომელიც არსებობდა უფლების ხელყოფამდე.

 

სკ-ს 40--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. ამავდროულად, 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. განსახილველი ნორმა, ზიანის ანაზღაურებისათვის აუცილებელ წინაპირობად აწესებს მიზეზობრივი კავშირის არსებობას დამდგარ ზიანსა და პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის.

 

ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დელიქტური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი (ზიანი და მისი ოდენობა, მართსაწინააღმდეგო, ქმედება, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორს ) სწორედ მოსარჩელის მხარესაა, რომელთა დადასტურების (დამტკიცების) შემთხვევაში სწორედ მოპასუხეს ევალება მოსარჩელის მიერ დამტკიცებული ფაქტების გაქარწყლება, რაც, ბუნებრივია, საქმეში არსებული, მოსარჩელის მიერ წარდგენილი საპირწონე მტკიცებულებებით უნდა განახორციელოს. სამოქალაქო კოდექსის 40--ე მუხლის პირველი ნაწილის და 992-ე მუხლის განმარტებით დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს ეკისრება კუმულატიურად შემდეგი პირობების არსებობის შემთხვევაში: ა) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, ბ) სახეზე უნდა იყოს ზიანი, გ) უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის, დ) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღვოდეს ბრალი. ამასთან, მართლსაწინააღმდეგო მოქმედება ზოგადად ნიშნავს დადგენილი წესების, პირობების დარღვევას. ეს წესები და პირობები შეიძლება განსაზღვრული იყოს როგორც კანონით, ისე მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, დადასტურებულია, რომ მოსარჩელე ლ-------–--------------ოს საკუთრებაში არსებული ბინა დაზიანდა უშუალოდ მოპასუხე ჟ---–---------------ის საკუთრებაში არსებული ქონებიდან ჩასული წყლის საფუძველზე. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები წარმოშობს დელიქტით განსაზღვრული ზიანის ანაზღაურების კუმულატიურ წინაპირობებს. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 1--------- წლის დასკვნით დასტურდება, ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე აღნიშნული დასკვნის საფუძველზე სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს გარემოებას უშუალოდ ჟ---–---------------ეს საკუთრებაში არსებული ბინიდან წყლის ჩადინების ფაქტს, რაც უნდა შეფასდეს მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებად. ყოველივე ერთობლიობაში წარმოშობს სარჩელის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების წინაპირობას. სადავო შემთხვევაში, ანაზღაურებაზე ვალდებული პირის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო გარემოება, რომ წყლის ჩადინება მოსარჩელის საცხოვრებელ სახლში წარმოებდა წლების მანძილზე, რაც ვერ გახდის რომელიმე კონკრეტულ დამქირავებელს პასუხისმგებელ პირად დამდგარ ზიანთან მიმართებით.

 

უნდა განიმარტოს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული მხარე იღებს თავის თავზე, როგორც ფაქტების გადმოცემის, ისე მათი დამტკიცება-დასაბუთების ტვირთს. აღნიშნული მსჯელობა გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის დანაწესიდან, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილების წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მტკიცებულებათა კვლევის ეტაპზე სასამართლოს უპირველესი ვალი მტკიცებულებათა იურიდიული ძალის, მათი სანდოობის განსაზღვრა, ღირებულებითი ძალის დადგენაა, რომელიც მათი შინაარსობრივი კვლევის შედეგად უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ კრიტერიუმით გამორჩეული თანაბარი ძალის მქონე მტკიცებულებების ინდივიდუალურად და ერთობლიობაში შეფასებით ექმნება სასამართლოს შინაგანი რწმენა მტკიცების საგანში შემავალი გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ (სსკ-ს 105 მუხლი). ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილება სხვა სარწმუნო და სათანადო მტკიცებულებით, კერძოდ მის ვალდებულებას შეადგენდა ექსპერტიზის დასკვნა არგუმენტირებულად, სათანადო და დასაშვები მტკიცებულებების მოშველიებით გაექარწყლებინა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე ექსპერტის დასკვნა სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის მიერ მოკვლეული საკითხის ირგვლივ გაკეთებული შეფასებაა. ექსპერტის დასკვნის შეფასებისას (იმდენად, რამდენადაც დასკვნა სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება), ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილის შედეგი აისახება საბოლოო დასკვნაში... (იხ. საქმე Nას459 -438-15,07.10.2015 წელი). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა და სხდომაზე ექსპერტის მიერ მიცემული ჩვენება ადასტურებს მოსარჩელის პოზიციის მართებულობას ზიანის არსებობასა და მის მოცულობასთან დაკავშირებით.

 

6.2. სასარჩელო მოთხოვნის მეორე კომპონენტი ეხება ხელშეშლის აღკვეთის მიზნით, მოპასუხისათვის განსაზღვრული ქმედების განხორციელების დავალებას, კერძოდ მოსარჩელე ითხოვს დაევალოს მოპასუხე ჟ---–---------------ეს ლ-------–--------------ოს მიერ მისსავე საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, მისამართით ქ. თბილისი, რ-------ის გზატკეცილი N30, 1-ლი სადარბაზო, ბინა N-, სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა, კონკრეტულად კი მოპასუხის ჟ---–---------------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში, სააბაზანოში გაკეთდეს სართულშორისი ჰიდროიზოლაცია, რის საფუძველზეც შეწყდება ნებისმიერი სახით წყლის ჩასვლა მოსარჩელე ლ-------–--------------ოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლს, რომლის შესაბამისადაც მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები ანდა თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნული ნორმით რეგლამენტირებულია საკუთრების უფლების უმნიშვნელოვანესი ელემენტები: ფლობა, სარგებლობა და განკარგვა, თუმცა, მსგავსად სხვა სამოქალაქო უფლებებისა, იგი არ არის აბსოლუტური და შესაძლოა დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს. თავის მხრივ, უდავოა, რომ უფლების შეზღუდვის პროპორციულობა მოწმდება შეპირისპირებულ სიკეთეთა სამართლიანი ბალანსის დადგენის გზით, როდესაც თანაბარი უფლების მქონე სუბიექტებს შორის უნდა მოხდეს ამ სიკეთით (უფლებით) სარგებლობის მართლზომიერად განსაზღვრა.

 

სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით (იხ. სუსგ, საქმე №ას-1041-998-2016, 12.02.2016წ., საქმე №ას-843-809-2016, 26.10.2016წ).

 

უნდა განიმარტოს, რომ ნეგატორული სარჩელი (action negatoria) მიმართულია უფლების ისეთი დარღვევის წინააღმდეგ, რაც არ არის დაკავშირებული ნივთის მფლობელობის დაკარგვასთან, მაგრამ ხელშემშლელია ნივთის სარგებლობისა და განკარგვისათვის, ე.ი. პირი მოკლებულია ამ უფლებამოსილებათა განხორციელების შესაძლებლობას, რადგან სხვა პირი თავისი მოქმედებით ხელს უშლის მათ რეალიზებას. ნეგატორული სარჩელი მიზნად ისახავს მესაკუთრის თავისუფლების აღიარებას ხელმყოფისაგან, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ზიანის ანაზღაურებასა და დაცვის გარანტიების შექმნას შემდგომში შესაძლო ხელყოფისაგან. ნეგატორული სარჩელით სარგებლობს როგორც მესაკუთრე, ისე ნებისმიერი მართლზომიერი მფლობელი. საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. თავის მხრივ, ფაქტის არსებობა დადასტურებული უნდა იყოს სათანადო მტკიცებულებებით.

 

სკ-ს 8.3 მუხლის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. 1-5-ე მუხლის შესაბამისად კი, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად, მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება.

 

სადავო შემთხვევაში, სასამართლო მიზანშეუწონლად მიიჩნევს სარჩელის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილებას, რამეთუ მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენდა დაედასტურებინა კონკრეტული ფორმულირებით მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სამომავლოდ მისი უფლების აღმოფხვრის გარდაუვალობა. უფრო კონკრეტულად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ჰიდროიზოლაცია უზრუნველყოფს სართულშორის წყლის გაჟონვას, რაც გამორიცხავს არსებული ფორმულირებით მოთხოვნის დაკმაყოფილებას. უპირველესად მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენდა დაედასტურებინა კონკრეტული ქმედების განხორციელების საჭიროება, რაც გამორიცხავდა სამომავლოდ მისი საკუთრების ხელშეშლას და იმ შემთხვევაში თუ დადასტურდებოდა განსაზღვრული ქმედების განხორციელების საჭიროება, მხოლოდ მას შემდგომ წარმოეშობოდა მოპასუხეს შესაბამისი გამაბათილებელი მტკიცებულების წარმოდგენის ვალდებულება.

 

უნდა განიმარტოს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნისაგან (სუსგ, საქმე Nას-589-589-2018, 06.07.2018წ.)

 

მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე მოსარჩელე ლ-------–--------------ოს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მხოლოდ დამდგარი ზიანის ანაზღაურების ნაწილში.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 120 ლარი (ს.ფ. 58).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სსსკ-ს 40.2 მუხლის თანახმად, თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება. 41.1 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა. კოდექსის 39.2 მუხლის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

მოცემულ შემთხვევაში ლ-------–--------------ო წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში ითხოვს ზიანის ანაზღაურებასა და უკანონო ხელშეშლის აღკვეთას. სადავო საკითხი ღირებულებიდან და დავის საგნიდან გამომდინარე ექცევა მაგისტრატი მოსამართლის განსჯადობაში, რის გამოც დავის საგნის ღირებულება, ხელშეშლასთან მიმართებით უნდა განისაზღვროს 60 ლარის ოდენობით, რაც რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო ფულად მოთხოვნასთან დაკავშირებით სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განისაზღვრება 50 ლარის ოდენობით, რისი ანაზღაურებაც მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ. ამასთანავე, ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 10 ლარის ოდენობით უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 

მოსარჩელე ასევე ითხოვს, ექსპერტიზის ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრებას, სასამართლო კონკრეტული პროცესუალური საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში იღებს გარემოებას, რომ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, რის გამოც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯის ნახევარი 100 ლარი. რაც შეეხება, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილ სახელმწიფო ბაჟს, მისი ანაზღაურება არ ეკისრება მოპასუხეს, რადგანაც განცხადება არ დაკმაყოფილებულა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. აღნიშნულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ლ-------–--------------ოს სარჩელი ჟ---–---------------ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე ჟ---–---------------ეს მოსარჩელე ლ-------–--------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს მატერიალური ზიანის ანაზღაურება 979.96 ლარის ოდენობით.

 

3. ლ-------–--------------ოს მოთხოვნა ხელშეშლის აღკვეთასთან მიმართებით არ დაკმაყოფილდეს.

 

4. მოპასუხე ჟ---–---------------ეს მოსარჩელე ლ-------–--------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით და ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯი 100 ლარის ოდენობით.

 

5. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 60 ლარი და უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

6. ლ-------–--------------ოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას ე-–---------–-–---–-ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 10 ლარი (გადახდილია 120 ლარი), რომელიც 2--------- წელს N- საგადასახადო დავალების საფუძველზე ჩარიცხული იქნა სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე: ს-----------------’’, ბანკის კოდი - T-------, სახაზინო კოდი - 3---------

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრით, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე