განაჩენი

სისხლის სამართლის 24.04.2019
საქმის ნომერი
330100119002843859
თარიღი
24.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1-------

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 მარტი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე შორენა გუნცაძემ,თამარ ფიფიას მდივნობით,პროკურორ გიორგი ხაჩიძის,ადვოკატ ც----------–----------,თარჯიმან ლ--–-------–-–---–--,ბრალდებულ ო--------–--------------- მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ო--------–--------------- - დაბადებულის 1----–-–--------------, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის, არასრული საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ი----------–----------------–---–------–--------–---–--–- - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტითა და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ო--------–--------------- ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა; მანვე ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ო--------–---------------, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.

 

2018 წლის 29 დეკემბერს, საღამოს საათებში, ო--------–---------------, რომელიც იმყოფებოდა სომხეთში, მ--------–-- მ----–----–----------------–--------–--- მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე დ------- გავლით, უკანონოდ გადაკვეთა ს----------–------------- სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე, რა დროსაც საქართველოში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, კერძოდ: 2279,27 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი‘‘, 0,0198 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი‘‘ და 0,3575 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,მეტამფეტამინი‘‘, რაც ამოღებულ იქნა მისი პირადი ჩხრეკისას, 2018 წლის 29 დეკემბერს, მ--------–-- მ----–----–----------------–--------–--- მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ გაუხდიათ სადავოდ. აღნიშნულის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული, აშკარა და დამაჯერებელი პირდაპირი მტკიცებულებები, რაც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ო--------–--------------- ჩაიდინა დანაშაული, რაც გამოიხატა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანაში, ასევე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთაში.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე, ბრალდებულ ო--------–--------------- დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით - მოწმეების: მ------–-------------------------------–---- გამოკითხვის ოქმებით; ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; ქიმიური ექსპერტიზის #3--------------- დასკვნით - დადასტურებულად მიაჩნია, რომ ო--------–--------------- ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა, ასევე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.

 

ზემოაღნიშნულის გამო, ო--------–--------------- მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი, იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტითა და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელები განესაზღვროს ამ მუხლების შესაბამისი ნაწილებით გათვალისწინებული სანქციების ფარგლებში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.

 

ო--------–--------------- მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ იგი წარსულში არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ო--------–--------------- საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, რითაც შექმნა საქართველოს ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გავრცელების საფრთხე.

 

ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ო--------–--------------- მიმართ თავისუფლების აღკვეთის ისეთი ზომის გამოყენება, რაც იქნება ჩადენილი დანაშაულების შესაბამისი და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით იქნება ადეკვატური. ამასთან, დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელთა შთანთქმის პრინციპით.

 

სასამართლო, ასევე, აღნიშნავს, რომ ო--------–--------------, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, კანონით დადგენილი ვადით უნდა ჩამოერთვას ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები.

 

რაც შეეხება ნივთიერ მტკიცებულებებს, მათი ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ო--------–-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;

 

სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით;

 

სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ო--------–-------------- საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით.

 

ო--------–-------------- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2018 წლის 29 დეკემბრიდან.

 

ო--------–--------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

ო--------–--------------, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

ნივთიერი მტკიცებულებები - ო--------–--------------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული საზღვარგარეთის პასპორტი, ფულადი თანხა და პირადი ნივთები დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, ხოლო პოლიეთილენის ორი პაკეტი, მათში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალებებით, განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შორენა გუნცაძე