გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.04.2019
საქმის ნომერი
240210018002738495
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
05.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №240210018002738495 (№2/1022)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

05.04.2019 წელი ქ.სენაკი

შესავალი ნაწილი

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ლევან ნუცუბიძე

სხდომის მდივანი - სოფიო კირცხალია

მოსარჩელე - მ--------------

წარმომადგენელი - გ---------------

მოპასუხე - ნ---------------- (დაუსწრებლად)

მესამე პირი- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სენაკის სოციალური მომსახურების ცენტრი

წარმომადგენელი -რ----------------–--

დავის საგანი - ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)

 

1.1.არასრულწლოვანი 2--- წლის 01 დეკემბერს დაბადებულ თ----------------ს (პ/ნ 3----------) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის, მ--------------ს (პ/ნ 3----------, მცხ: ქ.სენაკი, ჭ--------ს ქ.N2- ბინა N29) საცხოვრებელი ადგილი. ბავშვის დედას ნ----------------ს (პ/ნ 0----------) მიეცეს შვილთან თ----------------სთან (პ/ნ 3----------) შეუზღუდავი ნახვის, მის აღზრდაში მონაწილეობის მიღების უფლება.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2009 წლიდან მოსარჩელე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე ნ----------------სთან, ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი თ---------------- (დაბადებული 2--- წლის 01 დეკემბერს). მათ შორის ადგილი ჰქონდა უთანხმოებას, რასაც სდევდა კონფლიქტი, 2018 წლის სექტემბრის თვიდან კი საბოლოოდ წავიდა მისი სახლიდან და თან წაიყვანა მათი საერთო შვილი. ბავშვი არის სასკოლო ასაკის, რეგისტრირებულა სენაკის კერძო სკოლა ,,აპოდიქსში’’, მიუხედავად ამისა, დედას ბავშვი სკოლაში არ მიუყვანია, იგი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბავშვმა სკოლაში არ იაროს და არ მიიღოს განათლება. დედა ბავშვს უარყოფით დამოკიდებულებას უქმნის სკოლის და საერთოდ, სწავლის მიმართ. სკოლიდან მიღებულია წერილი, რომლითაც სკოლა აფრთხილებს მშობლებს, რომ ვინაიდან ბავშვს რეგისტრაციის დღიდან დღემდე არ უვლია სკოლაში, განათლების მინისტრის ბრძანების თანახმად ექვემდებარება სკოლიდან გარიცხვას და ასევე ითხოვს მოპასუხისგან, რომ ეცნობოს სკოლას ბავშვის არ გამოცხადების მიზეზი.

 

მოსარჩელის განმარტებით, დედას არ უნდა ბავშვმა იაროს სკოლაში. ბავშვს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს - მამასთან, მას უნდა მასთან ცხოვრება, თუმცა დედა არ აძლევს მას ამის უფლებას, ანუ ბავშვი განიცდის დედის მხრიდან ნეგატიურ ფსიქოლოგიურ გავლენას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.მოპასუხეს ჩაბარდა სარჩელი თანდართული მასალებით, თუმცა პასუხი განსაზღვრულ ვადაში არ შემოუტანია. მიუხედავად კანონით გათვალისწინებული წესით გაფრთხილებისა, მოპასუხე არ გამოცხადდა სასამართლო სხდომებზე,შესაბამისად, მოპასუხის პოზიცია სადავო საკითხთან მიმართებაში, სასამართლოსთვის უცნობია.

 

2.2.სოციალური მომსახურების სააგენტოს სენაკის რაიონული განყოფილების წარმომადგენლმა ცნო სარჩელი, განმარტა, რომ ბავშვის დედამ არ ითანამშრომლა სოციალური განყოფილების თანამშრომლებთან და არც ფსიქოლოგთან. სოციალური განყოფილების თანამშრომლებმა და ფსიქოლოგმა ვერ შეძლო მასთან ურთიერთობა. აღნიშნულ საქმეზე სოციალური სამსახურის მიერ წარმოდგენილია დასკვნა. დასკვნის და საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სოციალური სამსახური თანახმაა, არასრულწლოვანი თ----------------ს საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის, მ--------------ს საცხოვრებელი ადგილი და ბავშვის დედას ნ----------------ს მიეცეს შვილთან თ----------------სთან შეუზღუდავი ნახვის, მის აღზრდაში მონაწილეობის მიღების უფლება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1.მოსარჩელე მ-------------- და მოპასუხე ნ---------------- 2009 წლიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში.

 

3.1.2. 2018 წლის სექტემბრიდან მხარეებმა შეწყვიტეს ერთად ცხოვრება და ამ პერიოდიდან ცხოვრობენ ცალკე-ცალკე.

 

3.1.3. მ--------------სა და ნ----------------ს ჰყავთ შვილი - 2--- წლის 01 დეკემბერს დაბადებულ თ---------------- (პ/ნ 3----------).

 

3.1.4. არასრულწლოვანი თ---------------- ცხოვრობდა დედასთან ნ----------------სთან.

 

3.1.5 მ--------------ს შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულ იქნა დროებითი განკარგულება.

16.01.2019 წლის სენაკის რაიონული სასამართლოს განჩინებით მიღებულ იქნა დროებითი განკარგულება და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე არასრულწლოვანი 2--- წლის 01 დეკემბერს დაბადებულ თ---------------- (პ/ნ 3----------) აღსაზრდელად გადაეცა და დროებით საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა მამის, მ--------------ს (პ/ნ 3----------, მცხ: ქ.სენაკი, ჭ--------ს ქ.N2- ბინა N29) საცხოვრებელი ადგილი. ბავშვის დედას ნ----------------ს მიეცა შვილთან შეუზღუდავი ურთიერთობის უფლება.

 

3.1.6 სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აბაშის რაიონული განყოფილების 2019 წლის 05 მარტის წერილის თანახმად, სენაკის რაიონული სასამართლოს დროებითი განკარგულების გამოცემის შესახებ განჩინების საფუძველზე 2019 წლის 04 მარტს პოლიციის თანამშრომლების მიერ თ---------------- გამოყვანილი იქნა ნინა მთაგვარიას სახლიდან და ბავშვი განყოფილების სოციალური მუშაკის და იურისტის მიერ გადაეცა ბიოლოგიურ მამას მ--------------ს. ამჟამად არასრულწლოვანი თ---------------- იმყოფება მამის, მ--------------ს საცხოვრებელ მისამართზე (ქ.სენაკი, ჭ--------ს ქ.N2- ბინა N29).

 

3.1.7. შპს სენაკის სკოლა ,,აპოდიქსი’’-ს 2018 წლის 22 ნოემბრის წერილის თანახმად, თ---------------- (პ/ნ 3----------) დარეგისტრირებულია და ირიცხება აღნიშნული სკოლის I კლასში. სკოლა ითხოვს დროულად ეცნობოს მოსწავლის სკოლაში არ გამოცხადების მიზეზი. წერილით სკოლა დედას ნ----------------ს აფრთხილებს, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბრძანების თანახმად, სკოლა ვალდებულია მოსწავლეს შეუჩეროს სტატუსი იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე 90 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ ცხადდება სკოლაში.

 

3.1.8. მესამე პირის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სენაკის სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ წარმოდგენილი დასკვნის თანახმად, მ--------------ს საცხოვრებელში არსებული საყოფაცხოვრებო პირობები დამაკმაყოფილებელია და ბავშვის ჯანმრთელობის თუ სიცოცხლის მდგომარეობას არ უქმნის საფრთხეს. რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, ოჯახს აქვს საკმარისი შემოსავალი, რომ ბავშვი უზრუნველყოს ძირითადი და აუცილებელი საჭიროებებით. იმავე დასკვნის მიხედვით, გამოიკვეთა ბავშვის მშობლების მოურიგებლობა პირადი შეუთავსებლობის გამო, რაც ქმნის გარკვეულ უარყოფით დისფუნქციებს, არსებული გარემო კი უარყოფითად მოქმედებს ბავშვების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე და განვითარებაზე, რაც არ არის მიზანშეწონილი. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სენაკის რაიონული განყოფილება იძლევა რეკომენდაციას, რომ თანაბარი უფლებით სარგებლობდეს ორივე მშობელი და ადგილი არ ჰქონდეს პირად ანგარიშსწორებას.

 

3.1.9. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგების დასკვნის თანახმად: დაკვირვებისას გამოიკვეთა, რომ არასრულწლოვანს დროებითი ემოციური დამოკიდებულება აქვს ორივე მშობლის მიმართ, მამის მიმართ მეტად დამოკიდებულია ამ ეტაპზე ბავშვი. მამა-შვილის ურთიერთობა არის ჯანსაღი უსაფრთხო, ბიოლოგიური მამის ოჯახის მიმართ ბავშვს აკავშირებს დადებით ემოციური კავშირი და აქვს სურვილი მათთან ურთიერთობის. ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ამ ეტაპზე არის სტაბილური. დასკვნა არ არის სრულფასოვანი ვინაიდან ვერ მოხდა დედა-შვილის ურთიერთობის დაკვირვება. რეკომენდაცია: ოჯახური კონფლიქტები უარყოფითად აისახება ბავშვის ჯანსაღ ფსიქოლოგიურ განვითარებაზე, ამიტომ მნიშვნელოვანია მშობლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ურთიერთობის კუთხით, საერთო მიზნების დაგეგმვა და განხორციელება შვილის აღზრდაში და განვითარებაში. ბავშვის ძირითადი შფოთვის მიზეზია მშობლების დაშორება, რეკომინდირებულია მშობლების ჯანსაღი ურთიერთობა შვილთან და ცივილური ურთიერთობის ჩამოყალიბება ერთმანეთთან, იმ ძირითად საკითხებზე, რაც შვილის მომავალ კეთილდღეობას ეხება. აუცილებელია ორივე მშობლის აქტიური ჩართულობა შვილის აღზრდა-განათლების კუთხით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარის განმარტება;

-ბავშვის დაბადების მოწმობა;

-სენაკის რაიონული სასამართლოს განჩინება;

-სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სენაკის რაიონული განყოფილების დასკვნა;

-სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, არასრულწლოვანი 2--- წლის 01 დეკემბერს დაბადებულ თ----------------ს (პ/ნ 3----------) საცხოვრებელ ადგილად უნ და განისაზღვროს მამის, მ--------------ს (პ/ნ 3----------, მცხ: ქ.სენაკი, ჭ--------ს ქ.N2- ბინა N29) საცხოვრებელი ადგილი. ბავშვის დედას ნ----------------ს (პ/ნ 0----------) უნდა მიეცეს შვილთან თ----------------სთან (პ/ნ 3----------) შეუზღუდავი ნახვის, მის აღზრდაში მონაწილეობის მიღების უფლება,5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1201-1202-ე, 1212-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლები; ბავშვის უფლებათა კონვენცია.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მშობლებს უფლება აქვთ განსაზღვრონ, თუ ვისთან ან სად უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი.

 

მშობლების უფლება - განსაზღვრონ შვილების საცხოვრებელი ადგილი - დადგენილია ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც მიუთითებს, რომ არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა მშობლის უფლების მქონე მშობლების საცხოვრებელი ადგილი, ხოლო სამეურვეო პირისა - მეურვის საცხოვრებელი ადგილი.

 

სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს. ამასთან, 1202-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ერთად ან ცალ-ცალკე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონი არ ადგენს რაიმე პრეზუმფციას დედის ან მამის სასარგებლოდ. დავის გადაწყვეტისას პრიორიტეტის განსაზღვრა უნდა მოხდეს არა მშობლების, არამედ ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამასთან, ზემოაღნიშნული ნორმები არ მოიცავს ისეთი ფაქტობრივი გარემოებების ნორმატიულ აღწერილობას, რაც მოგვცემდა კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების კვლევის შესაძლებლობას. ამდენად, ამ შემთხვევაში საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება „ბავშვის ინტერესების“ განსაზღვრას, სასამართლო პრაქტიკისა და საერთაშორისო სამართლებრივი პრაქტიკის გათვალისწინებით.

 

ბავშვის ინტერესების პრიორიტეტს განამტკიცებს ,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლი, რომლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ხოლო ამავე კონვენციის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.

 

კონვენციით აღიარებულია ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის მისი ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში აღზრდის აუცილებლობა. ოჯახური გარემო მოიცავს არა მხოლოდ მშობლების-დედისა და მამის გარემოცვას, არამედ ბავშვის ჩვეულ გარემოს გულისხმობს, სადაც ის თავს დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობს, უზრუნველყოფილია მისი, როგორც ინდივიდის მზაობა სრულფასოვნად და დამოუკიდებლად, მომზადებულად გრძნობდეს თავს საზოგადოებაში.

 

შესაბამისად, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობა, დამოკიდებულება მშობლებისადმი და ის სოციალური და საყოფაცხოვრებო გარემო, სადაც ბავშვს მოუწევს ყოფნა, ბავშვის ცხოვრების წესი და ამ გარემოებათა გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ, გამოიკვლია თ----------------ს უკვე არსებული საცხოვრებელი ადგილის სათანადოობა, ბავშვის შემგუებლობა საცხოვრებელი პირობებისადმი, ასევე სხვა გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც სასამართლომ დაადგინა ამ ეტაპზე არასრულწლოვანი თ----------------ს საცხოვრებელი ადგილის მამის მ--------------ს საცხოვრებელი ადგილის აუცილებლობის მიზანშეწონილება. კერძოდ:

 

თ---------------- იზრდება მამის საცხოვრებელ სახლში, ქ.სენაკი, ჭ--------ს ქ.N2- ბინა N29), მას ზრდიან და ფაქტობრივ მზრუნველობას ახორციელებენ მამა და ბებია. ბავშვი დადის სკოლაში. ხოლო საცხოვრებელი პირობების სათანადოობა დადგენილია სოციალური მომსახურების სააგენტოს სენაკის რაიონული განყოფილების დასკვნით, რომლის მიხედვით, მამის საცხოვრებელში არსებული საყოფაცხოვრებო პირობები დამაკმაყოფილებელია და ბავშვის ჯანმრთელობის თუ სიცოცხლის მდგომარეობას არ უქმნის საფრთხეს. ოჯახს აქვს საკმარისი შემოსავალი, რომ ბავშვი უზრუნველყოს ძირითადი და აუცილებელი საჭიროებებით. ხოლო ფსიქოლოგიიური გამოკვლევის თანახმად დაკვირვებისას გამოიკვეთა, რომ არასრულწლოვანს დროებითი ემოციური დამოკიდებულება აქვს ორივე მშობლის მიმართ, მამის მიმართ მეტად დამოკიდებულია ამ ეტაპზე ბავშვი. მამა-შვილის ურთიერთობა არის ჯანსაღი უსაფრთხო, ბიოლოგიური მამის ოჯახის მიმართ ბავშვს აკავშირებს დადებით ემოციური კავშირი და აქვს სურვილი მათთან ურთიერთობის. ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ამ ეტაპზე არის სტაბილური.

 

წარმოდგენილი მასალების საფუძველზე შესაძლებელია დავასკვნათ, რომ ბავშვი ადაპტირებულია ჩვეულ გარემოში, მისი დამოკიდებულება უკვე არსებული საცხოვრებელი პირობებისადმი ნათელი და გამოკვეთილია, ცხოვრობს მზრუნველი ადამიანების გარემოცვაში, ამ გარემოში იგი თავს კარგად გრძნობს და ეს გარემო უსაფრთხოა მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. აღნიშნულით, უზრუნველყოფილია მისი, როგორც ინდივიდის მზაობა დამოუკიდებლად და მომზადებულად გრძნობდეს თავს საზოგადოებაში.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტორი, წარმოადგენს სადავო ურთიერთობის გადაწყვეტისათვის ერთ-ერთ, მაგრამ არა ერთადერთ, მნიშვნელოვან ფაქტორს. დავის სპეციფიკიდან გამომდინარე, ასევე მნიშვნელოვანია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, კომპლექსურად დადგინდეს გარემოებები, რომლებიც ერთიანობაში განაპირობებენ გადაწყვეტილების მიღებას ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესის გათვალისწინებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ასეთი კატეგორიის დავების განხილვისას საცხოვრებელი პირობების გამოკვლევასთან ერთად, მნიშვნელოვანია სხვა კრიტერიუმების დადგენაც, კერძოდ, ბავშვის ფსიქიკური დამოკიდებულების გარკვევა მოსალოდნელი ცვლილებისადმი.

ფსიქოლოგმა მამა შვილის (დედა არ გამოცხადდა ვიზიტზე) მასთან ვიზიტის შემდეგ გააკეთა შესაბამისი დასკვნა. არასრულწლოვანს დროებითი ემოციური დამოკიდებულება აქვს ორივე მშობლის მიმართ, მამის მიმართ მეტად დამოკიდებულია ამ ეტაპზე ბავშვი. მამა-შვილის ურთიერთობა არის ჯანსაღი უსაფრთხო, ბიოლოგიური მამის ოჯახის მიმართ ბავშვს აკავშირებს დადებით ემოციური კავშირი და აქვს სურვილი მათთან ურთიერთობის. ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ამ ეტაპზე არის სტაბილური.

 

ფსიქოლოგის რეკომენდაციით, ოჯახური კონფლიქტები უარყოფითად აისახება ბავშვის ჯანსაღ ფსიქოლოგიურ განვითარებაზე, ამიტომ მნიშვნელოვანია მშობლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ურთიერთობის კუთხით, საერთო მიზნების დაგეგმვა და განხორციელება შვილის აღზრდაში და განვითარებაში. ბავშვის ძირითადი შფოთვის მიზეზია მშობლების დაშორება, რეკომინდირებულია მშობლების ჯანსაღი ურთიერთობა შვილთან და ცივილური ურთიერთობის ჩამოყალიბება ერთმანეთან, იმ ძირითად საკითხებზე, რაც შვილის მომავალ კეთილდღეობას ეხება. აუცილებელია ორივე მშობლის აქტიური ჩართულობა შვილის აღზრდა-განათლების კუთხით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. მშობლები, ასევე, სხვა, პირები, რომლებიც ფაქტობრივ მზრუნველობას იჩენენ ბავშვის მიმართ, ამ შემთხვევაში მამა, ვალდებულია საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა ბავშვის დედასთან დამოკიდებულების ჩამოყალიბება-აღდგენისათვის.

 

ამ თვალსაზრისით, სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს როლზე და აღნიშნავს, რომ განსახილველი კატეგორიის საქმეებზე მშობლის უფლება, იყოს წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლო განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს (სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის მე-2 ნაწილი). მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს საკანონმდებლო აღიარების სწორი ანალიზი ამ ორგანოს მხრიდან მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მას ეკისრება ვალდებულება, აქტიური მონაწილეობით ხელი შეუწყოს სასამართლოს იმის დადგენაში, თუ რა წარმოადგენს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ამ პროცესში წარმომადგენლობა პასიური ქმედებებით არ შემოიფარგლება და არ შეიძლება დამოკიდებული იყოს ჩასატარებელი სამუშაოს ფორმალურ შესრულებაზე. მან ეფექტური გზით უნდა გასწიოს სათანადო მუშაობა დასახული მიზნის მიღწევისთვის.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ბავშვის ფსიქიკური გაჯანსაღებისათვის აუცილებელია, შემუშავდეს სტრესის დასაძლევად სწორი სტრატეგიები. ბავშვის მამა ვალდებულია ხელი შეუწყოს დედა-შვილის ურთიერთობას, ხოლო დედა, თავის მხრივ, ვალდებულია ბავშვის ფსიქოემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, ფრთხილად და მზრუნველობით მოეკიდოს და გამოიყენოს თითოეული საათი, რათა ბუნებრივად მოხდეს მშობლისა და შვილის ურთიერთობის ჰარმონიული განვითარება.

 

ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სენაკის სამსახურის, როგორც ბავშვის წარმომადგენლის, როლი, რომელიც ვალდებულია ბავშვთან და მის ოჯახის წევრებთან მუდმივად მუშაობით მონიტორინგი გაუწიოს დედა-შვილს შორის ურთიერთობის აღდგენა-გაღრმავებას.

 

მოცემულ შემთხვევაში კი, სასამართლო ყველა გარემოების შეფასების, ფსიქოლოგისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენლის რეკომენდაციის საფუძველზე, ამ ეტაპზე, მნიშვნელოვნად მიიჩნევს ბავშვის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის საცხოვრებელი ადგილი. სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის ამგვარი ფორმით გადაწყვეტა ემსახურება ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს.

 

ასევე აუცილებელია უზრუნველყოფილ იქნეს ბავშვისა და დედის ურთიერთობა, რაც ამ ეტაპზე უნდა განხორციელდეს მათ შორის მუდმივი კონტაქტით, რათა დედას ჰქონდეს მშობლის უფლებებისა და ვალდებულებების რეალიზაციის შესაძლებლობა.

 

სასამართლო აქვე საჭიროდ მიიჩნევს, რომ აღნიშნოს, მეუღლეებს შორის არსებული კონფლიქტი უარყოფითად აისახება, პირველ რიგში მოზარდზე და მშობლებმა, ასევე სხვა პირებმა, ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ერთმანეთს შორის არსებულ უთანხმოებას არ შესწირონ ბავშვის ინტერესები, ბავშვმა უნდა იცხოვროს არა მათ შორის არსებული დაძაბულობის თანხლებით, არამედ ლაღად და თავისუფლად, რომ ჩამოყალიბდეს საზოგადოების ღირსეულ წევრად.

 

ამდენად, ყველა ზემოთმითითებული გარემოების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავის იმგვარად გადაწყვეტა, რომ არასრულწლოვან თ----------------ს საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის, მ--------------ს საცხოვრებელი ადგილი. ხოლო ბავშვის დედას ნ----------------ს მიეცეს შვილთან თ----------------სთან შეუზღუდავი ნახვის, მის აღზრდაში მონაწილეობის მიღების უფლება ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოსარჩელის მ--------------ს მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი, ვინაიდან მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ნ----------------ს უნდა დაეკისროს მ--------------ს სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსს კოდექსის მე-8, 47-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 2-7-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მ--------------ს სარჩელი.

 

1.1. არასრულწლოვან თ----------------ს (პ/ნ 3----------, დაბადების თარიღი-2--- წლის 01 დეკემბერი) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის, მ--------------ს (პ/ნ 3----------, მცხოვრები- ქ.სენაკი, ჭ--------ს ქ.N2- ბინა N29) საცხოვრებელი ადგილი. ბავშვის დედას- ნ----------------ს (პ/ნ 0----------) მიეცეს შვილთან თ----------------სთან (პ/ნ 3----------) შეუზღუდავი ნახვის, მის აღზრდაში მონაწილეობის მიღების უფლება.

 

2.გაუქმდეს სენაკის რაიონული სასამართლოს 16.01.2019 წლის განჩინებით მიღებული დროებითი განკარგულება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე არასრულწლოვანი 2--- წლის 01 დეკემბერს დაბადებულ თ---------------- (პ/ნ 3----------) აღსაზრდელად გადაცემისა და დროებით საცხოვრებელ ადგილად მამის, მ--------------ს (პ/ნ 3----------, მცხ: ქ.სენაკი, ჭ--------ს ქ.N2- ბინა N29) საცხოვრებელი ადგილი განსაზღვრის თაობაზე.

 

3. დაეკისროს მოპასუხე ნ----------------ს (პ/ნ 0----------) მ--------------ს (პ/ნ 3----------,სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, სენაკის რაიონული სასამართლოს (ქ.სენაკი, რუსთაველის ქ.№247) მეშვეობით.

 

5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლევან ნუცუბიძე