გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.04.2019
საქმის ნომერი
100310018002763374
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
24.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 100310018002763374

საქმე №3/55-2018

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12.04.2019 წელი. ქ. საჩხერე

საჩხერის რაიონული სასამართლო

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე

 

მოსარჩელე: რე---- გრ---–-–---–ი

წარმომადგენელი: ია ხვ-----–-ძე, ლ--–- ნე------ძე

მოპასუხე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი: მა----- ბა------ე

მოპასუხე: ზა----- გო---–--ე

წარმომადგენელი: გო------ი ჩუ----ძე

მოპასუხე: ბე----- და------ე

წარმომადგენელი: გო------ი ჩუ----ძე, შმ--- და------ე

მესამე პირი: ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი: ნ---- ჩი---–--ე

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. საჩხერის რაიონულ სასამართლოში მოსარჩელე რე---- გრ---–-–---–მა სარჩელი შემოიტანა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ზაურ გო---–--ის და ბე----- და------ის მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 ივნისის N8----------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებისა და ჩანაწერის ზა----- გო---–--ის სახელზე ბათილად ცნობა, მიწის ნაკვეთზე ს/კ 38.11.43.260 . ასევე მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018წლის 25 ივლისის N8------------03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებისა და ჩანაწერის ბე----- და------ის სახელზე ბათილად ცნობა, მიწის ნაკვეთზე ს/კ 38.11.43.260 . ჭიათურა სოფელი კალა-----.(ს.ფ.51)

 

მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ წერილობით დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N 8-----------.- 24.06.2016 წლის გადაწყვეტილება და ჩანაწერი ზა----- გო---–--ის სახელზე 35 კვ. მეტრი მიწის ნაწილში და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება N 8-----------.- 03.25.2018 წლის რეგისტრაციის შესახებ და ჩანაწერი 35 ვ. მეტრი მიწის ნაწილში წარმოდგენილი კორექტირებული ნახაზის მიხედვით. დარჩენილ 1365 კვადრატზე რეგისტრაცია დარჩეს. 35 კვ. მეტრი აღირიცხოს სახელმწიფო საკუთრებაში. (ს.ფ.171)

 

მთავარი სხდომის მიმდინარეობის პერიოდში ახსნა განმარტების შემდგომ მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა ჩამოაყალიბა იმ შინაარსით რაც პირველ შემთხვევაში ჰქონდა დაფიქსირებული მოპასუხეები არ დაეთანხმნენ მოთხოვნის გაზრდას, რის გამოც სასამართლოს მიერ სარჩელი განხილული იქნა შემცირებული(დაზუსტებული) მოთხოვნის ფარგლებში.

 

1.2. მოსარჩელე რე---- გრ---–-–---–ი (პ/ნ5----------) მიუთითებს, რომ ჭიათურის რაიონის სოფელ კალაურში საკუთრების უფლებით ფლობს სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელსაც ამუშავებს უკვე 30 წელია. აღნიშნული მიწის ნაკვეთს აღმოსავლეთის მხარეს ესაზღვრება სტადიონი, ჩრდილოეთით კაკო გრ---–-–---–ის მიწის ნაკვეთი, დასავლეთით ამჟამად ბე----- და------ის (პ/ნ5----------) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელიც მან შეიძინა ზა----- გო---–--ისაგან (პ/ნ5----------), ხოლო სამხრეთით სამანქანო გზა, რაც მითითებულია მის მიღება - ჩაბარების აქტში. ის და ზა----- გო---–--ე 30 წლის განმავლობაში იყენებდნენ აღნიშნულ გზას თავიანთ ნაკვეთთან მისასვლელად და ტექნიკის შესაყვანად, ვინაიდან ტექნიკის საშუალებით ამუშავებს ნაკვეთს, ასევე მანქანით გამოაქვს მოსავალი. ზა----- გო---–--ემ თავის მიწის ნაკვეთი დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში და მიყიდა ბე----- და------ეს. საჯარო რეესტრში ზა----- გო---–--ეს უფლების დამდგენ დოკუმენტად წარდგენილი აქვს სარეგისტრაციო მოწმობა, სადაც მიწის ნაკვეთის ფართობი მითითებულია 700 კვ. მეტრი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სადაც მიწის ფართობია 1400 კვ.მ., რეგისტრაცია გაკეთებულია 1400 კვ. მეტრზე. ზა----- გო---–--ის მიერ ასევე, წარმოდგენილია საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სადაც აშკარად შეცვლილია ნაკვეთის კონფიგურაცია და ფართობი სარეგისტრაციო მოწმობაში და საკადასტრო აზომვით ნახაზში მითითებული კონფიგურაცია და ფართობი მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ზა----- გო---–--ემ თავის ნაკვეთს ნახაზით ჩამოაჭრა ნაწილი და მის ხარჯზე მიიმატა სამანქანო გზა. ორთოფოტოზეც კარგად ჩანს ზა----- გო---–--ის ნაკვეთის რეალური ფარგლები, ასევე, საკადასტრო ნახაზზეც. საჯარო რეესტრმა სწორად არ შეაფასა წარდგენილი დოკუმენტაცია არ მოიკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები და ზაურ გო---–--ეს დაურეგისტრირა მიწის ნაკვეთი. მოსარჩელის მითითებით მის მიღება - ჩაბარების აქტშიც მითითებულია გზა. არასწორი ნახაზით ზა----- გო---–--ემ მიიტაცა სამანქანო გზა, რომლითაც სარგებლობდნენ ის და ზაურ გო---–--ეც წლების განმავლობაში და აღნიშნული აქტების მოქმედება პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მის კანონიერ უფლებას და ინტერესს, მოპასუხის მიერ დარეგისტრირებულ ნაკვეთებს შიგნით მოექცა მისი საკუთრება, ვერ სარგებლობს თავისუფლად გზით, არასწორი რეგისტრაციის საფუძველზე მიმატებული მიწის ნაკვეთზე (გზაზე) 2018 წლის აგვისტოს თვეში ბე----- და------ემ ჩადგა ჭიშკარი და მოუსპო მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთთან დაკავშირების საშუალება. სხვა ალტერნატიული მისასვლელი გზა მის ნაკვეთთან დამაკავშირებელი თუნდაც ფეხით მისასვლელი არ არსებობს. მოპასუხეების უკანონო მოქმედებით მოსარჩელის მითითებით დაირღვა მისი უფლებები და მიადგა ზიანი. მიუხედავად მისი მოპასუხესთან მორიგების მცდელობისა სადაო საკითხზე ვერ მოხდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1.მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ სცნო და მოთხოვნა მიიჩნია უსაფუძვლოდ და მოითხოვა მისი უარყოფა. წარმომადგენლის განმარტებით მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული სადაო გადაწყვეტილებები შესაბამისობაშია კანონის მოთხოვნებთან და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

2.2. მოპასუხე ზა----- გო---–--ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ არავის მიწის ნაკვეთი არ მიუტაცებია, მან მხოლოდ დაირეგისტრირა თავის მიწის ნაკვეთი, რომელსაც ფლობდა და მოახდინა მისი კანონიერი განკარგვა. მიაჩნია, რომ თვით მოსარჩელს აქვს მიტაცებული მიწის ნაკვეთი. საბოლოოდ ზა----- გო----–---მ შეცვლილი მოთხოვნის (35 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის ფარგლებში) ფარგლებში ცნო სარჩელი იმ მოტივით, რომ მისასვლელ გზად სრულად დააკმაყოფილებდა მოსარჩელეს.

2.3. მოპასუხე ბე----- და------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მან კანონიერად შეიძინა სახლი და მიწის ნაკვეთი, რომელსაც კანონიერად ფლობს, მიაჩნია, რომ რე---- გრ---–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნა უკანონოა და სადაო აქტის გაუქმების საფუძველი არ არსებობს. მანაც სარჩელი ცნო იმ მოთხოვნის ფარგლებში რაც დაფიქსირებული იქნა 35 ვ. მეტრი მიწის ნაკვეთის ნაწილში

2.4. მესამე პირმა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. წარმომადგენლის განმარტებით მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული სადაო გადაწყვეტილებები შესაბამისობაშია კანონის მოთხოვნებთან და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილია, რომ რე---- გრ---–-–---–ს სხვა თანამესაკუთრეებთან ერთად საკუთრებაში გააჩნია ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში 946 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი ს/კ 38.11.43.274 მოცემული ნაკვეთზე დაზუსტა საზღვრები და ფართობი საჯარო რეესტრის სააგენტოს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე. აღნიშნული მიწის ნაკვეთი განთავსებულია სადაო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 13),- განცხადება, რეგისტრაციის მოწმობები, ნახაზები(ს.ფ.81-93)

- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი);

 

3.2. დადგენილია, რომ 2016 წლის 21 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა ზა----- გო----–---მ განცხადებით და მოითხოვა სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტება. განმცხადებლის მიერ წარდგენილი იქნა მიწის ნაკვეთის მიღება- ჩაბარების აქტი N1041 და საარქივო ცნობა. მოცემული დოკუმენტების საფუძველზე 2016 წლის 24 ივნისს მიღებული იქნა N8------------03 გადაწყვეტილება ზა----- გოგოლაძის საკუთრებად 1400 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ, ს/კ 38.11.43.260 წინა ნომერი 38.11.43.260.

2018 წლის 20 ივლისს ზა----- გო----–---სა და ბე----- და------ეს შორის დადებული მიწის ნაკვეთის-ს/კ 38.11.43.260 ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე იმავე დღეს საჯარო რეესტრის მიერ მიღებული იქნა N8------------03 გადაწყვეტილება აღნიშნული მიწის ნაკვეთის ბე----- და------ის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ზაურ გო---–--ის განაცხადი, რეგისტრაციის მოწმობები, ნახაზები(ს.ფ. 94-101)

- ზა----- გო---–--ის რეესტრის ამონაწერი(ს.ფ.105)

- ბე----- და------ის განაცხადი, ნასყიდობის ხელშეკრულება(ს.ფ.102-107)

- ბე----- და------ის რეესტრის ამონაწერი(ს.ფ.19)

მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი);

 

3.3. დადგენილია, რომ რე---- გრ---–-–---–ის საკუთრებაში არსებული 946 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი განლაგებულია ამჟამად ბე----- და------ის საკუთრებაში არსებულ 1400 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთთან. მოცემულ შემთხვევაში ასევე დადგენილია, რომ ბე----- და------ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გარკვეულ ნაწილს რე---- გრ---–-–---–ი საკუთარ მიწის ნაკვეთზე მისასვლელ გზად იყენებდა. მას შემდეგ ბე----- და------ემ დაირეგისტრირა საკუთრებაში მიწის ნაკვეთი ს/კ 38.11.43.260, მის მიერ ჩადგმული იქნა ჭიშკარი, და ჩაიკეტა ის გზა , რითაც სარგებლობდა რე---- გრ---–-–---–ის ოჯახი . დადგენილია, რომ რე---- გრ---–-–---–ისა და ბე----- და------ის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებს შორის რეგისტრაციისას ზედდება არ დაფიქსირებულა. მოსარჩელის იურიდიული ინტერესი მისასვლელი გზა და ზოგადად წლების განმავლობაში არსებული თავისუფალი მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენაა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ორთოფოტო (ს.ფ 33)

- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ რე---- გრ---–-–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა და მხარეთა ახსნა-განმარტებების გაანალიზება - შეჯერების საფუძველზე სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სადავო აქტები გამოიცა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკლევისა და შეფასების საფუძველზე.

 

4.1.2. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დადასტურება, რაზეც ამყარებს თავის სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რომ მას რაიმე ზიანი ადგება სადაო ადმინისტრაციული აქტებით. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისას დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

- საჯარო რეესტრის შესახებ კანონი;

- სამოქალაქო კოდექსი.

-„საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია

-„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მოსარჩელეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, შეავსოს სარჩელში მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, რის შესახებაც სასამართლომ უნდა აცნობოს მოპასუხეს.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების შემდეგ სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მოპასუხის წინასწარი თანხმობით. ასეთი თანხმობის შემთხვევაში მოპასუხეს შეუძლია მოითხოვოს სასამართლო სხდომის გადადება სხვა დროისათვის.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისადსარჩელის შეცვლად არ ჩაითვლება მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებების დაზუსტება, დაკონკრეტება და დამატება, აგრეთვე სასარჩელო მოთხოვნების ოდენობის შემცირება, ან ერთი ნივთის ნაცვლად მეორე ნივთის მიკუთვნება მისთვის, ანდა ამ ნივთის ღირებულების ანაზღაურება.

 

6.3. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მოსამზადებელ ეტაპზე შემცირებული იქნა მოთხოვნა, თუმცა მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ ისევ თავდაპირველი სახით დააყენა მოთხოვნა, რაზედაც მოპასუხე მხარეები არ დაეთანხმნენ. შესაბამისად ზემოთ მითითებული ნორმიდან გამომდინარე საქმის განხილვა გაგრძელდა მოსამზადებელ ეტაპზე დაფიქსირებული მოთხოვნის ფარგლებში.

მოპასუხე საჯარო რეესტრმა და ჭიათურის მუნიციპალიტეტმა არც შემცირებული მოთხოვნა ცნეს, ხოლო მოპასუხეებმა ზა----- გო---–--ემ და ბე----- და------ემ შემცირებული მოთხოვნა ცნეს, თუმცა სასამართლო განმარტავს, რომ მითითებულ მოპასუხეთა მიერ მოთხოვნის ცნობა ამ შემთხვევაში ვერ მოახდენს გავლენას ამ სამართლებრივი ურთიერთობის რეგულაციაზე, რადგან ისინი სარჩელში მოსარჩელის მიერ მითითებულები არიან მოპასუხეებად, თუმცა ისინი თავისი პროცესუალური ბუნებით არიან მესამე პირები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ თითოეული პირის ინტერესი, რომელიც დავას აღძრავს სასამართლოში, პირველ რიგში განპირობებულია იმით, რომ მას სურს დაიცვას უფლება, რომელიც მიაჩნია, რომ დაარღვია მოწინააღმდეგე მხარემ. ცხადია, რომ დარღვეული უფლების აღდგენა ყოველთვის უკავშირდება გარკვეული ქონებრივი თუ არაქონებრივი უფლებების რეალურად და სრულად აღდგენას, ეს წარმოადგენს კიდეც თავდაპირველ ინტერეს სასამართლოში დავის აღძვრისა.

 

6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

6.6. სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის სახელზე საქმეში არ არსებობს საკუთრების უფლების ან სხვაგვარად მართლზომიერად ფლობის დამადასტურებელი ან უფლების დამდგენი რაიმე დოკუმენტი, რომელიც დაადგენდა სადაო ადმინისტრაციული აქტების მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტს. მოსარჩელეს მოცემულ სადაო მიწის ნაკვეთზე - ს/კ ს/კ 38.11.43.260 არ გააჩნია მართლზომიერად ფლობის უფლება. რაც შეეხება იმ მიწის მონაკვთს, რომელსაც იგი მისასვლელად იყენებდა ეს მონაკვეთი მოცემული პერიოდისათვის ბე----- და------ის საკუთრებაა და აღნიშნული უფლება შეიძლება გამოყენებული იქნას სამეზობლო სამართლის ფარგლებში, რომელი სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობაა. ერთმნიშვნელოვანია, რომ სადაო ინდივიდუალური აქტებით მოსარჩელეს ზიანი არ ადგება. აღსანიშნავია ასევე ჭიათურის მუნიციპალიტეტის პოზიცია სარჩელის არ ცნობასთან დაკავშირებით, რადგან მისასვლელი გზის მესაკუთრე სამართლებრივადაც და მოსარჩელის პოზიციით სახელმწიფოა.

 

სასამართლო თვლის, რომ ამ კუთხითაა განსაკუთრებით უსაფუძვლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სარჩელი, თუმცა სასამართლო თვლის, რომ სადაო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები და მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული აქტები კანონით დადგენილი წესითაა გამოცემული.

 

6.4. მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციას ახორციელებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ-ლ’’ ქვეპუნქტებით განსაზღვრული და მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილი უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.

 

6.5. ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ” პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით, ხოლო ამავე მუხლის ,,კ” პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

 

6.6. დადგენილია, რომ 2016 წლის 21 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა ზა----- გო----–---მ განცხადებით და მოითხოვა სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტება. განმცხადებლის მიერ წარდგენილი იქნა მიწის ნაკვეთის მიღება- ჩაბარების აქტი N1041 და საარქივო ცნობა. მოცემული დოკუმენტების საფუძველზე 2016 წლის 24 ივნისს მიღებული იქნა N8------------03 გადაწყვეტილება ზა----- გოგოლაძის საკუთრებად 1400 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ, ს/კ 38.11.43.260 წინა ნომერი 38.11.43.260.

 

2018 წლის 20 ივლისს ზა----- გო----–---სა და ბე----- და------ეს შორის დადებული მიწის ნაკვეთის-ს/კ 38.11.43.260 ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე იმავე დღეს საჯარო რეესტრის მიერ მიღებული იქნა N8------------03 გადაწყვეტილება აღნიშნული მიწის ნაკვეთის ბე----- და------ის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ.

 

6.7. „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი – 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი;

 

6.8.„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სპორადული რეგისტრაცია წარმოებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, დაინტერესებული პირის განცხადების, სარეგისტრაციო დოკუმენტაციისა და ამ კანონის შესაბამისად შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე, ამავე კანონით გათვალისწინებული შეღავათების შესაბამისად. მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალს ადგენს ზემოაღნიშნული კანონის მე-3 მუხლი, რომელიც არ არის ამომწურავი და ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაციის წარდგენის შესაძლებლობას.

მოპასუხე ზა----- გო---–--ის მიერ წარდგენილია უკვე დაუზუსტებელი მონაცემებით არსებულის მიწის სარეგისტრაციო მოწმობები და ნახაზი.

 

6.9. „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად 1. სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი: ა) საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა; ბ) სააგენტოს წარუდგენს განცხადებას მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, თუ საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემულია ადმინისტრაციული ორგანოს/თანამდებობის პირის ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მუნიციპალიტეტის) ან/და მმართველობის ორგანოს მონაწილეობით; გ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას იყენებს ადმინისტრაციული წარმოებისათვის საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ დოკუმენტების ფორმებს. 3. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება არის სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილება, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

 

6.16. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის არგუმენტებს, რომ სადავო აქტები გამოიცა კანონის დარღვევით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა-შეფასების შედეგად. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, წერილობით გამოცემული აქტების ფორმალური კანონიერების განმსაზღვრელ ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთება. წერილობითი ფორმით გამოცემული აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას იმ სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრების შესახებ, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

6.17. ამასთან, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს.

 

6.18. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეული არ არის გასაჩივრებული აქტის მომზადებისას და გამოცემისას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების შესახებ. სადავო აქტი შეიცავს დასაბუთებას, თუ კონკრეტულად რომელ გარემოებებზე დაყრდნობით მიიღეს ადმინისტრაციულმა ორგანოებმა გადაწყვეტილება, ამასთანავე, ადმინისტრაციული წარმოებისას შესწავლილი და გამოკვლეულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიღებულია ამ გარემოებათა ურთიერთშეჯერების შედეგად, რითაც ასევე დაცულია ამავე კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნები.

 

6.19. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

6.20.სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე19 მუხლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

საკუთრების უფლება ცალსახად აღიარებულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სოციალური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებში საკუთრების უფლება არ არის დეკლარირებული, მათში ასახული მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის აუცილებელია, რომ საკუთრების უფლება იყოს დაცული.

 

6.21.„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

6.22. ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სადავო აქტები - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N 8-----------.- 24.06.2016 წლის გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება N 8-----------.- 03.25.2018 წლის რეგისტრაციის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და არც მათი მომზადება-გამოცემისას ზაკ-ის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. ასევე, ამ აქტებით მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს რაიმე ზიანი არ ადგება და არც უკანონოდ არ იზღუდება. შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის და სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი, ხოლო სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53.1, 243-ე, 244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. რე---- გრ---–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. საჩხერე დავით აღმაშენებლის ქუჩა # 3).

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი