გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-6--19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23.04.2019 წელი ქ. რუსთავი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო ონიანი
სხდომის მდივანი - გუნა მოსიაშვილი
მოსარჩელე - გი-------------ე
წარმომადგენელი - ვა-------–-----–-ძე
მოპასუხე - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - აკ-------------ი
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 25 იანვრის №MIA 0 19 0------- გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
1.2. დაევალოს მომსახურების სააგენტოს გი-------------ისთვის დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენა.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2018 წლის 12 დეკემბერს გი-------------ემ განცხადებით მიმართა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა 2018 წლის 08 დეკემბერს დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენა.
2018 წლის 13 დეკემბერს გი-------------ეს მოპასუხემ აცნობა, რომ უნდა წარედგინა მის წინააღმდეგ 2007 წლის გამამტყუნებელი განაჩენი (საქართელოს სისხლის სამართლის კოდექსის 182.3 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთან დაკავშირებით), ვინაიდან, აღნიშნული დანაშაული სასჯელად ითვალისწინებდა საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და აქედან გამომდინარე უნდა შემოწმებულიყო აღსადგენი მართვის მოწმობის გაცემის კანონიერების საკითხი.
მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრებულ იქნა N3------ წერილი, რაზედაც 2019 წლის 25 იანვარს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ მიიღო №MIA 0 19 0------- გადაწყვეტილება რომლითაც, გი-------------ეს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
გი-------------ის წარმომადგენლის განმარტებით მოპასუხის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ არის უკანონო და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1 მოპასუხე - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა შესაგებელს, სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ სადავო გადაწყვეტილება მიღებულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, შესაბამისად არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამათლებრივი საფუძვლები.
მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ ადგილი არ ჰქონია მოსარჩელისთვის მართვის მოწმობის აღდგენაზე უარს, არამედ საქმე ეხებოდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხარვეზის შევსების შესახებ წერილის კანონიერების საკითხს.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1 2018 წლის 12 დეკემბერს გი-------------ემ განცხადებით მიმართა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა 2018 წლის 08 დეკემბერს დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 12 დეკემბრის განცხადება ( ს.ფ 66 )
3.1.2 2018 წლის 13 დეკემბერს №MIA 0 18 03------ სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილით გი-------------ეს დაევალა მის მიმართ 2007 წელს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის წარდგენა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 13 დეკემბრის №MIA 0 18 03------ წერილი ( ს.ფ 68)
3.1.3 2019 წლის 11 იანვარს გი-------------ის მიერ ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრებულ იქნა სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 13 დეკემბრის №MIA 0 18 03------ წერილი. რაზედაც 2019 წლის 25 იანვარს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ მიიღო №MIA 0 19 0------- გადაწყვეტილება რომლითაც, გი-------------ეს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 15 იანვრის №MIA 0 19 0------- გადაწყვეტილება ( ს.ფ 51-57 )
3.1.4 მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზის თანახმად, გი-------------ის სახელზე 2008 წლის 23 ოქტომბერს გაცემულია ,,B’’ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა A---------- მართვის მოწმობის შეცვლის საფუძველზე, ხოლო აღნიშნული მართვის მოწმობის აღდგენა განხორციელდა 2015 წლის 5 მარტს და გაიცა B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართის მოწმობა T----------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება (ს.ფ 24-30)
3.1.5 2019 წლის 03 იანვარს გაცემული ნასამართლობის ცნობის თანახმად გი-------------ე (პ/ნ 0----------) არ არის ნასამართლევი და ძებნაში არ იმყოფება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 03 იანავრის ნასამართლობის ცნობა. (ს.ფ. 31)
3.1.6 პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2019 წლის 15 მარტის №გ-1/-------- გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენაში და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა გაფრთხილება გი-------------ის საქმესთან მიმართებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2019 წლის 15 მარტის №გ-1/-------- გადაწყვეტილება (ს.ფ 94-106)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1 მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლი არის ზოგადი ხასიათის და მას არ ავალებს რაიმე კონკრეტული დოკუმენტის წარდგენას, შესაბამისად მის საფუძველზე რაიმე სახის დოკუმენტის მოთხოვნა დაუშვებელია, ამასთან დღეის მდგომარეობითი იგი არ არის ნასამართლევი და არ იმყოფება ძებნაში აქედან გამომდინარე დაუშვებელია მის შესახებ არსებული პერსონალური ინფორმაციის დამუშავება. ასევე მოსარჩელემ განმარტა, რომ მას მართვის უფლება ჰქონდა და იგი არ ყოფილა გუქმებული, შესაბამისად მასზე უნდა გაცემულიყო მართვის მოწმობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 21 იანვრის ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი (ს.ფ. 58-59)
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ილ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გი-------------ეს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კოსტიტუცია, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ,,პერსონალური მონაცემთა შესახებ’’ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოს ან დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ამავე მუხლის “კ“ ქვეპუნქტის თანახმად კი ადმინისტრაციული წარმოება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების, ან გაუქმების მიზნით.
საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთგზის განმარტა ადმინისტრაციული მართლმსაჯულების არსი, ამოცანა და მისი როლი სახელმწიფოში კანონიერი საჯარო მმართველობის დამკვიდრებაში, კერძოდ: „სასამართლო ხელისუფლება ადმინისტრაციული მართლმსაჯულების მეშვეობით თავისი არსით ორ უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ ფუნქციას ახორციელებს:
1. კონფლიქტის (დავის) მოგვარება/გადაწყვეტა კანონიერად და სამართლიანად;
2. სასამართლო კონტროლის განხორციელება მმართველობითი ორგანოების გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებზე, რაც თავის მხრივ, ემსახურება სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს, კანონიერი საჯარო მმართველობის ფუნქციონირების უზრუნველყოფას.
მოქმედი კანონმდებლობით შესაძლებელია ადმინისტრაციულ ორგანოთა გადაწყვეტილებების, ხელშეკრულებების, ქმედებების /მოქმედება, უმოქმედობა/ გასაჩივრება საერთო სასამართლოში, რა დროსაც სასამართლოს ობიექტურობას, მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას განუზომელი მნიშვნელობა აქვს, რათა აღადგინოს დარღვეული წონასწორობა პირსა და ოფიციალურ სტრუქტურას შორის“.
6.2 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის ორგანოების და დაწესებულებების, აგრეთვე იმ პირების საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად.
6.3 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, მოპასუხის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის წესი დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და იმ დროისათვის მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობით.
6.4 სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხსენებული კოდექსის 103-ე მუხლის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
6.5 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების პირობას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს ის, რომ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგებოდეს კანონს და პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავდეს მის უფლებას.
ზემოთ აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე დადგენილი უნდა იქნას, შეესაბამება თუ არა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონს და აყენებს თუ არა იგი პირდაპირ და უშუალო ზიანს მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძვლებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
6.6 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლი 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას”. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ,,ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს”.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განმარტებულია, როგორც – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და აღნიშნული აქტის კანონშესაბამისობა, მისი გამოცემის დროისათვის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებულ ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე რომლის მიხედვით სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გი-------------ემ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მოსთხოვა 2018 წლის 08 დეკემბერს დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენა. 2018 წლის 13 დეკემბერს №MIA 0 18 03------ სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილით გი-------------ეს დაევალა მის მიმართ 2007 წელს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის წარდგენა. გი-------------ის მიერ ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრებულ იქნა სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 13 დეკემბრის №MIA 0 18 03------ წერილი, რაზედაც 2019 წლის 25 იანვარს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ მიიღო №MIA 0 19 0------- გადაწყვეტილება რომლითაც, გი-------------ეს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზის თანახმად, გი-------------ის სახელზე 2008 წლის 23 ოქტომბერს გაცემულია ,,B’’ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა A---------- მართვის მოწმობის შეცვლის საფუძველზე, ხოლო აღნიშნული მართვის მოწმობის აღდგენა განხორციელდა 2015 წლის 5 მარტს და გაიცა B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართის მოწმობა T----------. ამასთანავე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გი-------------ე არ არის ნასამართლევი და ძებნაში არ იმყოფება.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენაში და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა გაფრთხილება გი-------------ის საქმესთან მიმართებით.
,,პერსონალური მონაცემთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ბ’’ პუნქტის თანახმად, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემია პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკუ შეხედულებებთან, რელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამსთან, პროფესიულ კავშირში გაწევრიანებასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, სქესობრივ ცხოვრებასთან, ნასამართლეობასთან, ადმინისტრაციულ პატიმრობასთან, პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან, პირთან საპროცესო შეთანხმების დადებასთან, განრიდებასთან, დანაშაულის მსხვერპლად აღიარებასთან ან დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებული მონაცემი, აგრეთვე ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემები, რომლებიც ზემოაღნისნული ნიშნებით ფიზიკური პირის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. ამავე მუხლის ,,დ’’ პუნქტის თანახმად კ, მონაცემთა დამუშავებად მიიჩნევა ავტომატური ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართშესრულებული ნებისმიერი მოქმედება, კერძოდ შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეო ჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება.
ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად აკრძალულია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემთა დამუშავება შესაძლებელია მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობით ან იმ შემთხვევებში, როცა ნასამართლობასთან და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავება აუცილებელია შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად;
აღსანიშნავია, რომ ,,პერსნოლაურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართელოს კანონით, განსაკუთრებულ კატეგორიას მიკუთვნებული პერსონალური მონაცემების დამუშავება მნიშვნელოვნად შეზღუდულია და დაიშვება მხოლოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობის ან ამავე მუხლით პირდაპირ გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას. ამასთან, ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებისა და დანაშაულის გამოძიების მიზნით მონაცემთა დამუშავებაზე ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართელოს კანონის მე-6 მუხლის მოქმედება არ ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკითხი პირდაპირ და სპეციალურად რეგულირდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ან ,,ოპერატიულსამძებრო საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონით ან სხვა სპეციალური კანონით.
დაკარგული სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის აღდგენის წესი და პროცედურა რეგულირდება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ’’ საქართელოს კანონითა და სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების , მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმნეტის შეცვლისა და აღიაღების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე.
,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი განსზაღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზუნველყოფის სამართლებრივ საფუძვლებს, საგზაო მოძრაობის წესებსა და პირობებს, საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნებს, საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უფლებამოსილებებს, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისა და სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ზოგად მოთხოვნებს.
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება წარმოადგენს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების მნიშვნელოვან და განუყოფელ ნაწილს, აღნიშნულის გათვალისწინებით, ზემოთ მითითებული ნორმატიული აქტების ანალიზი ცხადყოფს, რომ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით რეგულირებული სფერო განეკუთვნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხს. შესაბამისად ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართელოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის გათვალისწინებით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით უფლებამოსილი ორგანოს, ამ შემთხვევაში სააგენტოს, მიერ მონაცემთა დამუშავებაზე არ ვრცელდება ამავე კანონის მე-6 მუხლი და მონაცემთა დამუშავება რეგულირებულია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართელოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული სხვა კანონქვემდებარე აქტებით.
,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 54-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტების თანახმად, პირს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა, თუ მართვის უფლება აქვს შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული). ამავე კანონის 58-ე მუხლის 1-ლი და მე-7 პუნქტების თანახმად კი, მართვის უფლების მინიჭებასა და გაქუმებას, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენას, მართვის მოწმობის გაცემას (მათ შორის შეცლასა და აღდგენას) და გაუქმებას ახორციელებს სააგენტო, მინისტრის ბრძანებით განსზაღვრული წესისა და პირობების შესაბამისად. მინისტრის N598 ბრძანების 50-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტი განსაზღვრავს იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელიც პირმა უნდა წარადგინოს დაკარგული მართვის მოწმობის აღსადგენად და ამავდროულად ადგენს, რომ იმ შემთხვევაში თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეიცავს მომსახურების გაწევისთვის საჭირო სრულყოფილ ინფორმაციას, სააგენტოს უფლება აქვს, გამოსაკვლევი გარემოების დაზუსტების მიზნით, მოსთხოვოს დაინტერესბულ პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენა არ განხორციელდება თუ მოთხოვნის მომენტისთვის, პირს შეჩერებული აქვს ან შეწყვეტილი აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართელოს კანონის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტისა და მინისტრის N598 ბრძანების 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მართვის უფლების ჩამორთმევის საფუძველია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით ჩამორთმევა. ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული გარემოებების არსებობისას პირს ეკრძალება სატრანსპორტო სასუალების მართვა , მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევის საფუძველის აღმოფხვრამდე და მართვის უფლების აღდგენამდე, ხოლო მინისტრის N598 ბრძანების 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ წესის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალსიწინებული საფუძველით შეჩერებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აღდგენილად ჩაითვლება მართვის უფლების შეჩერების ვადის გასვლისთანავე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-40, 41-ე და 43-ე მუხლების თანახმად, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა წარმოადგენს სასჯელის სახეს, რომელიც შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად, ასევე დამატებით სასჯელად. ძირითად სასჯელად საზოგადოებისთვის სასარგებლოშრომის ან გამოსასწორებელი სამუშაოს დანიშვნისას, აგრეთვე პირობითი მსჯავრის დროს დამატებით სასჯელად დანიშნული თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ვადა გამოიანგარიშება სასამართლოს შინაპატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას დამატებით სასჯელად დანიშნული თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ვადა გამოიანგარიშება ძირითადი სასჯელის მოხდის მომენტიდან და ვრცელდება ძირითადი სასჯელის მოხდის მთელ ვადაზე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, პირის დამნაშავედ ცნობა და მისთვის სასჯელის შეფარდება მხოლოდ სასამართლოს უფლებამოსილებაა.
ზემოთ აღნიშნული სამართლებრივი ატქების თანახმად დგინდება რომ სააგენტოს, როგორც უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც ახორციელებს დაკარგული სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის აღდგენას, უფლება აქვს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფის განსაკუთრებული კატეგორიის, კერძოდ, ნასამართლეობასთან დაკავშირებული მონაცმების დამუშავება და ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა სამინისტროს სისტემასი არსებული მონაცემთა ბაზიდან. თავის მხრივ კი სამინისტროს, რომელიც ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართელოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად, უზრუნვეყლყოფს ქვეყანაში დანაშაულის, მისი ჩამდენი პირებისა და სისხლის სამართლის საქმეების ერთიან აღრიცხვას და ამ მიზნით ერთიანი საინფორმაციო ბანკის ფორმირებას, წარმოეშვება ვალდებულება, ასეთი საჭიროების არსებობის შემთხვევაში, სააგენტოს მიაწოდოს მის მიერ კანონმდებლობით დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელების განსახორციელებლად საჭირო ინფორმაცია.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გი-------------ეს არ გაუცია (წერილობითი) თანხმობა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავების თაობაზე, ამასთანავე გი-------------ესა და მოპასუხე სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შორის არ არის ისეთი ურთიერთობა, რომელიც მოექცეოდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში.
6.7 სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია და საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, იმის შესახებ, რომ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ _ სამართლებრივ აქტის მიღების დროს შესწავლილი იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, არგუმენტებზე, რომლებიც არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი. ხოლო საქართველოს ასკ-ის მე-17 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციული აქტი.
ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული პირის მონაწილეობა აძლევს მას შესაძლებლობას დაიცვას თავისი უფლებები და პასუხობს პირის მოლოდინს, იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიმართ კანონიერი და დასაბუთებული აქტი გამოიცემა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი). ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა; შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და მტკიცებულებათა შეგროვება განახორციელოს კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით, ხოლო უკვე არსებულ მტკიცებულებებს მისცეს სწორი და კანონშესაბამისი შეფასება.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, რადგან გამოცემული ადმინისტრაციული აქტით არ დასაბუთდა მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის მართლზომიერება და მიზანშეწონილობა, რამაც გამოიწვია მოსარჩელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარის მიერ მიღებული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების მიღებისას დარღვეულ იქნა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები.
6.8 სასამართლო ადმინისტრაციულ ორგანოს უტოვებს საბოლოო გადაწყვეტილების _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პრეროგატივას. სასამართლო, ასევე, იმ შემთხვევაში, როდესაც დაადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის უკანონობასა და მოსარჩელის სუბიექტური უფლების ხელყოფას, ავალებს ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რამდენადაც სასამართლო არ არის უფლებამოსილი თვითონ განახორციელოს ადმინისტრაციული ორგანოსადმი კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება.
6.9 სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს წინასწარი გამოკვლევის გარეშე უარი განაცხადოს მის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხზე განცხადების ან შუამდგომლობის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ეს განცხადება ან შუამდგომლობა დაუშვებელი ან დაუსაბუთებელია.
6.10. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გი-------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 25 იანვრის №MIA 0 19 0------- გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხე მხარეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების, ურთიერთშეჯერების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე ნორმის მესამე ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ოდენობით გადახდა მოსარჩელეთა სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, 22-ე, 32-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე და 36--ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გი-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 25 იანვრის №MIA 0 19 0------- გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხე მხარეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების, ურთიერთშეჯერების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
3. მოპასუხეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ოდენობით გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს (მდებარე ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე: ნინო ონიანი