გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/5836-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ოქროპირიძე
სხდომის მდივანი სალომე ზაქაშვილი
მოსარჩელე - რ-----– ვ-----
წარმომადგენელი - თ-----------------
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
წარმომადგენელი - მ------ ქ-–---–---–-
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური
წარმომადგენელი - თ----------------
თარჯიმანი - დ---------–--
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 15 ივნისის N1--------- გადაწყვეტილება რ-----– ვ-----ს საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 13 აგვისტოს N0---------- გადაწყვეტილება, რ-----– ვ-----ს საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 15 ივნისის N1--------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში;
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 07 სექტემბრის N1--------- გადაწყვეტილება რ-----– ვ-----ს შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე;
1.4. დაევალოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რის საფუძველზეც განახლდება საქმის წარმოება რ-----– ვ-----ს 2018 წლის 17 აგვისტოს შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ N1--------- განცხადებაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საქმეზე წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.2. მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის წარმომადგენელი დაეთანხმა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს, არ დაეთანხმა სარჩელს და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 23 აპრილს, ი--------------------–-----------–--- რ-----– ვ-----მ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 02 მაისის N1--------- გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა 2018 წლის 23 აპრილის განცხადება და რ-----– ვ-----ს უარი ეთქვა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 02 მაისის N1--------- გადაწყვეტილება რ-----– ვ-----ს შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე, გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის განჩინებით (საქმე N3--------), რ-----– ვ-----ს სარჩელი მიღებული იქნა წარმოებაში და ამ ეტაპზე დასაშვებად იქნა ცნობილი. ამავე განჩინებით, სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 2018 წლის 11 ივლისს, 15:00 საათზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 02 მაისის N1--------- გადაწყვეტილება რ-----– ვ-----ს შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე (ს.ფ. 24);
-თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის განჩინება (საქმე N3--------) (ს.ფ. 132-134);
3.1.2. 2018 წლის 11 ივნისს, რ-----– ვ-----მ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა მისი საქართველოში ყოფნის ვადის გადავადების საკითხის განხილვა.
2018 წლის 13 ივნისს, რ-----– ვ-----ს წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, წარუდგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის განჩინება (საქმე N3--------) და მოითხოვა რ-----– ვ-----ს საქართველოში ლეგალურად ყოფნის ვადის გაგრძელება, ვიდრე არ დასრულდება სასამართლოში საქმის წარმოება.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 15 ივნისის N1--------- გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა 2018 წლის 11 ივნისის N1--------- განცხადება ი--------------------–-----------–--- რ-----– ვ-----ს საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების თაობაზე და მას საქართველოდან გასვლის ვალდებულება გადაუვადდა 2018 წლის 15 ივნისიდან 2018 წლის 11 ივლისამდე. ამავე სამსახურის 2018 წლის 13 აგვისტოს N0---------- გადაწყვეტილებით, გასწორდა 2018 წლის 15 ივნისის N1--------- გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული მექანიკური შეცდომა და სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ,,დაკმაყოფილდეს 2018 წლის 11 ივნისის N1--------- განცხადება ი--------------------–-----------–--- რ-----– ვ-----ს საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების თაობაზე და მას საქართველოდან გასვლის ვალდებულება გადაუვადდეს 2018 წლის 15 ივნისიდან 2018 წლის 12 ივლისამდე.“
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-რ-----– ვ-----ს 2018 წლის 11 ივნისის განცხადება (ს.ფ. 122);
-რ-----– ვ-----ს წარმომადგენლის 2018 წლის 13 ივნისის განცხადება (ს.ფ. 129);
-სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 15 ივნისის N1--------- გადაწყვეტილება რ-----– ვ-----ს საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ (ს.ფ. 145-146);
-სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 13 აგვისტოს N0---------- გადაწყვეტილება თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 15 ივნისის N1--------- გადაწყვეტილებაში დაშვებული მექანიკური შეცდომის შესწორების შესახებ (ს.ფ. 147);
3.1.3. 2018 წლის 11 ივლისს, რ-----– ვ-----მ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, წარუდგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ივლისის ცნობა (საქმე N3--------) და მოითხოვა მისი საქართველოში ყოფნის ვადის გადავადება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 12 ივლისის N1--------- გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა 2018 წლის 11 ივლისის N1--------- განცხადება ი--------------------–-----------–--- რ-----– ვ-----ს საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების თაობაზე და მას საქართველოდან გასვლის ვალდებულება გადაუვადდა 2018 წლის 12 ივლისიდან 2018 წლის 12 აგვისტომდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-რ-----– ვ-----ს 2018 წლის 11 ივლისის განცხადებები (ს.ფ. 206, 208);
-სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 12 ივლისის N1--------- გადაწყვეტილება რ-----– ვ-----ს საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ (ს.ფ. 211-212);
3.1.4. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 15 ივნისის N1--------- და 12 ივლისის N1--------- გადაწყვეტილებები რ-----– ვ-----ს საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ, რ-----– ვ-----ს წარმომადგენელმა თ-----------------მ გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით 2018 წლის 14 ივლისს (სააგენტოში რეგისტრაციის თარიღი: 2018 წლის 17 ივლისი, N1-----), სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 13 აგვისტოს N0---------- გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რ-----– ვ-----ს წარმომადგენლის თ-----------------ს 2018 წლის 17 ივლისის N1----- ადმინისტრაციული საჩივარი. ბათილად იქნა ცნობილი ,,რ-----– ვ-----ს საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ“ ამავე სამსახურის 2018 წლის 12 ივლისის N1--------- გადაწყვეტილება და სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს დაევალა რ-----– ვ-----ს 2018 წლის 11 ივლისის N1--------- განცხადების ხელახლა განხილვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-რ-----– ვ-----ს წარმომადგენლის თ-----------------ს 2018 წლის 14 ივლისის (სააგენტოში რეგისტრაციის თარიღი: 2018 წლის 17 ივლისი, N1-----) ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 233-238);
-სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 13 აგვისტოს N0---------- გადაწყვეტილება რ-----– ვ-----ს წარმომადგენლის თ-----------------ს 2018 წლის 17 ივლისის N1----- ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე (ს.ფ. 76-79);
3.1.5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 13 აგვისტოს N0---------- გადაწყვეტილების საფუძველზე, თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა ხელახლა განიხილა რ-----– ვ-----ს 2018 წლის 11 ივლისის N1--------- განცხადება და 2018 წლის 16 აგვისტოს მიიღო N1--------- გადაწყვეტილება რ-----– ვ-----ს საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ, რომლის თანახმად, დაკმაყოფილდა 2018 წლის 11 ივლისის N1--------- განცხადება ი--------------------–-----------–--- რ-----– ვ-----ს საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების თაობაზე და მას საქართველოდან გასვლის ვალდებულება გადაუვადდა 2018 წლის 12 ივლისიდან 2018 წლის 19 სექტემბრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 16 აგვისტოს N1--------- გადაწყვეტილება რ-----– ვ-----ს საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ (ს.ფ. 80);
3.1.6. 2018 წლის 17 აგვისტოს, რ-----– ვ-----მ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2018 წლის 30 აგვისტოს №1---------/7 წერილით მიმართა რ-----– ვ-----ს და აცნობა, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტს, რომლის თანახმადაც, უცხოელი ვალდებულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. შესაბამისად, განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლისა და ამავე დადგენილების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რ-----– ვ-----ს დაევალა ხარვეზით დადგენილი დოკუმენტის წარდგენა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში 2018 წლის 7 სექტემბრამდე. განმცხადებელს ასევე ეცნობა, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტის/ინფორმაციის მითითებულ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე. ამავე წერილით დადგენილ იქნა ინფორმაციის ინტერნეტგვერდზე: www.sda.gov.ge-ზე განთავსება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-რ-----– ვ-----ს 2018 წლის 17 აგვისტოს განცხადება (ს.ფ. 261-264);
-სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 30 აგვისტოს №1---------/7 წერილი (ს.ფ. 81);
3.1.7. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 07 სექტემბრის №1--------- გადაწყვეტილებით, განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო განუხილველად იქნა დატოვებული 2018 წლის 17 აგვისტოს N1--------- განცხადება რ-----– ვ-----ს შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 07 სექტემბრის N1--------- გადაწყვეტილება რ-----– ვ-----ს შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე (ს.ფ. 84-85).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის №520 დადგენილება საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ასაჩივრებს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 15 ივნისის N1--------- გადაწყვეტილებას რ-----– ვ-----ს საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ; სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 13 აგვისტოს N0---------- გადაწყვეტილებას, რ-----– ვ-----ს წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 07 სექტემბრის N1--------- გადაწყვეტილება რ-----– ვ-----ს შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე. სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.
აღნიშნული კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს, რომელიც ვერ ასრულებს ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას, შესაძლებელია გადაუვადდეს საქართველოდან გასვლის ვალდებულება თუ საქართველოს საერთო სასამართლოში მიმდინარეობს წარმოება მისი მონაწილეობით და საქართველოში მის ყოფნას არსებითი მნიშვნელობა აქვს მისი ინტერესების დასაცავად.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე პირველი სასარჩელო მოთხოვნით სადავოდ ხდის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 15 ივნისის N1--------- გადაწყვეტილებას რ-----– ვ-----ს საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ.
დადგენილია, რომ 2018 წლის 11 ივნისს, რ-----– ვ-----მ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა მისი საქართველოში ყოფნის ვადის გადავადების საკითხის განხილვა. 2018 წლის 13 ივნისს, რ-----– ვ-----ს წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, წარუდგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის განჩინება (საქმე N3--------) და მოითხოვა რ-----– ვ-----ს საქართველოში ლეგალურად ყოფნის ვადის გაგრძელება, ვიდრე არ დასრულდება სასამართლოში საქმის წარმოება.
ასევე დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 15 ივნისის N1--------- გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა 2018 წლის 11 ივნისის N1--------- განცხადება ი--------------------–-----------–--- რ-----– ვ-----ს საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების თაობაზე და მას საქართველოდან გასვლის ვალდებულება გადაუვადდა 2018 წლის 15 ივნისიდან 2018 წლის 11 ივლისამდე. ამავე სამსახურის 2018 წლის 13 აგვისტოს N0---------- გადაწყვეტილებით, გასწორდა 2018 წლის 15 ივნისის N1--------- გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული მექანიკური შეცდომა და სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ,,დაკმაყოფილდეს 2018 წლის 11 ივნისის N1--------- განცხადება ი--------------------–-----------–--- რ-----– ვ-----ს საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების თაობაზე და მას საქართველოდან გასვლის ვალდებულება გადაუვადდეს 2018 წლის 15 ივნისიდან 2018 წლის 12 ივლისამდე.“
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე თავის სასარჩელო მოთხოვნის არგუმენტაციას არსებითად ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ ვინაიდან, რ-----– ვ-----ს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 02 მაისის N1--------- გადაწყვეტილება შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე გასაჩივრებული ჰქონდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში და საქმის წარმოება დასრულებული არ იყო, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოსარჩელისთვის საქართველოდან გასვლის ვალდებულება უნდა გადაევადებინა სასამართლოს მიერ საქმის წარმოების დასრულებამდე და არა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის განჩინებაში (საქმე N3--------) მითითებული სასამართლოს მთავარი სხდომის თარიღის ჩათვლით (2018 წლის 12 ივლისამდე).
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის არგუმენტაციას და მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება, ხოლო ამავე კოდექსის მე-6-7 მუხლებით განისაზღვრება დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი და პირობები. კერძოდ: თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში; ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებასთან გვაქვს საქმე, როდესაც სამართლის ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობისა და ფაქტის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, მას რჩება შესაძლებლობა, აირჩიოს მისაღები ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში კანონი ერთ კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს არ განსაზღვრავს, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას, თვითონ განსაზღვროს სამართლებრივი შედეგები, იმდენად, რამდენადაც ორი ან რამდენიმე შესაძლო სამართლებრივ შედეგს ადგენს და აძლევს ორგანოს შესაძლებლობას, აირჩიოს ყველაზე მისაღები საშუალება. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულმა უფლებამოსილებამ შეიძლება მოიცვას ადმინისტრაციული ორგანოს არჩევანის შესაძლებლობა - კონკრეტულ შემთხვევაში განახორციელოს თუ არა რაიმე ღონისძიება ან მისაღები ღონისძიებებიდან რომელი გამოიყენოს.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლი არ ადგენს ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, კონკრეტულ ვადას, რა ვადითაც უცხოელს უნდა გადაუვადდეს საქართველოდან გასვლის ვალდებულება, იმ შემთხვევაში, როცა საქართველოს საერთო სასამართლოში მიმდინარეობს წარმოება მისი მონაწილეობით და საქართველოში მის ყოფნას არსებითი მნიშვნელობა აქვს მისი ინტერესების დასაცავად. ამდენად, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების დროის განსაზღვრა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს. ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,ჟ“ ქვეპუნქტი საქართველოში ყოფნის ვადას განმარტავს, როგორც საქართველოს ვიზაში ან საქართველოში ბინადრობის ნებართვაში აღნიშნული, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადა, რომლის განმავლობაშიც უცხოელს აქვს საქართველოში ყოფნის უფლება. საქართველოში ყოფნის ვადა აითვლება უცხოელის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის პირველად გადმოკვეთის დღიდან. ცხადია, რომ საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის გაგრძელება და უცხოელისთვის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადება უპირველესად უცხოელისთვის საკუთარი ინტერესების დაცვის შესაძლებლობის მინიჭებას გულისხმობს. ამდენად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, კანონით მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უცხოელისთვის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადება უნდა მოხდეს იმ ვადით, რომ უცხოელს ჰქონდეს შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი ინტერესები.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 15 ივნისის N1--------- გადაწყვეტილებით, რ-----– ვ-----ს საქართველოდან გასვლის ვალდებულება გადაუვადდა მის მიერ წარდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის განჩინებაში (საქმე N3--------) მითითებული სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის თარიღის ჩათვლით (უსწორობის გასწორების გათვალისწინებით). შესაბამისად, რ-----– ვ-----ს ჰქონდა შესაძლებლობა 2018 წლის 11 ივლისს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე პირადად მიეღო მონაწილეობა და დაეცვა საკუთარი ინტერესები, ვინაიდან 2018 წლის 11 ივლისის ჩათვლით, სააგენტომ გაუგრძელა მას საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადა. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 15 ივნისის N1--------- გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმებს და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
6.3. განსახილველ შემთხვევაში, მეორე სასარჩელო მოთხოვნით მოსარჩელე მხარე ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 13 აგვისტოს N0---------- გადაწყვეტილება, რ-----– ვ-----ს საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 15 ივნისის N1--------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
მითითებული კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო ამავე კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 13 აგვისტოს N0---------- გადაწყვეტილებით, რ-----– ვ-----ს წარმომადგენლის თ-----------------ს 2018 წლის 17 ივლისის N1----- ადმინისტრაციული საჩივარი თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 15 ივნისის N1--------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში, არ დაკმაყოფილდა. ამდენად, იმ პირობებში, როცა სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ არ არსებობს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 15 ივნისის N1--------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები, ამ აქტის ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრების შედეგად ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გასაჩივრებულ ნაწილში) ბათილად ცნობის შესახებ, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.4. მოცემულ შემთხვევაში, მესამე სასარჩელო მოთხოვნით, მოსარჩელე მხარე ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 07 სექტემბრის N1--------- გადაწყვეტილება რ-----– ვ-----ს შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე.
,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო.
სასამართლო მიუთითებს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის №520 დადგენილებაზე, რომლითაც განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ხოლო მე-8 პუნქტის შესაბამისად, დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების გზით. სააგენტოში განცხადების წარდგენისას დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, ასევე, მიუთითოს სააგენტოსთან კომუნიკაციის დამატებითი ფორმა – ელექტრონული ფოსტა. დასახელებული დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენ დოკუმენტებს უნდა ერთვოდეს საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. მითითებული საკანონმდებლო აქტის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
დადგენილია, რომ 2018 წლის 17 აგვისტოს, რ-----– ვ-----მ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა. ამავე დღეს განმცხადებელს გაეცნო და ჩაბარდა სამახსოვრო ბარათი, რომლითაც სესუგჰ სტეფანი დამჰინდის ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე განემარტა, რომ განცხადების რეგისტრაციიდან ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე დაინტერესებული პირი ვალდებულია განცხადების განხილვასთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაცია იხილოს ინტერნეტ გვერდზე: http://sda.gov.ge და .
ასევე, დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2018 წლის 30 აგვისტოს №1---------/7 წერილით მიმართა რ-----– ვ-----ს და აცნობა, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტს, რომლის თანახმადაც, უცხოელი ვალდებულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. შესაბამისად, განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლისა და ამავე დადგენილების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რ-----– ვ-----ს დაევალა ხარვეზით დადგენილი დოკუმენტის წარდგენა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში 2018 წლის 7 სექტემბრამდე. განმცხადებელს ასევე ეცნობა, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტის/ინფორმაციის მითითებულ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე. ამავე წერილით დადგენილ იქნა ინფორმაციის ინტერნეტგვერდზე: www.sda.gov.ge-ზე განთავსება.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 16 აგვისტოს N1--------- გადაწყვეტილებით, რ-----– ვ-----ს საქართველოდან გასვლის ვალდებულება გადაუვადდა 2018 წლის 12 ივლისიდან 2018 წლის 19 სექტემბრამდე, რაც წარმოადგენს სააგენტოს მიერ ხარვეზით დადგენილ - საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელ დოკუმენტს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას და მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომელიც უცხოელს ავალდებულებს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. ამავე წესის მე-5 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად, შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში ასევე უნდა წარადგინოს საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი პირდაპირ ავალდებულებს უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. ამდენად, აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტი მას უნდა გააჩნდეს განცხადების წარდგენისას, რაც მოცემულ შემთხვევაში რ-----– ვ-----ს არ გააჩნდა. შესაბამისად, ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ მოთხოვნის წარდგენამდე განმცხადებელს უნდა გამოეჩინა უფრო დიდი წინდახედულება, ვინაიდან ინფორმირებული იყო, თუ რა დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე მოიპოვებოდა შესაბამისი ნებართვა. ამასთანავე, განმცხადებლისთვის გადაცემულ სამახსოვრო ბარათში ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე განმარტებული იყო შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს ვებგვერდის მონაცემები და მითითებული იყო მისაღებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მონაცემების გადამოწმების შესაძლებლობის შესახებ.
6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ რ-----– ვ-----მ სააგენტოს მიერ დამატებით განსაზღვრულ ვადაში არ უზრუნველყო იმ საჭირო ინფორმაციის მიწოდება, რომელიც დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოსათვის წარმოსადგენად, შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2018 წლის 07 სექტემბერს, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მიიღო N1--------- გადაწყვეტილება რ-----– ვ-----ს შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე.
6.6. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენისა და მათი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი, რის გამოც რ-----– ვ-----ს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში შეადგენს არაქონებრივ დავაზე 100 ლარს.
ამდენად, მოსარჩელეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. რ-----– ვ-----ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე რ-----– ვ-----ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე: თამარ ოქროპირიძე