გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.03.2019
საქმის ნომერი
330210118002737015
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
28.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/34110-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

 

მოსამართლე: ეკატერინე ბიწაძე

 

სხდომის მდივანი: თამთა ბარამიძე

 

მოსარჩელე - შპს "თ---–--------------------------------ა"

წარმომადგენელი - ნ------–-------–-

 

მოპასუხე - შპს "ჯ----–-------ი"

წარმომადგენელი - ლ-–-------–-–------

 

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს ,,ჯ----–-------ს“ მოსარჩელე შპს ,,თ---–--------------------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს 1 232.40 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2016 წლის 14 აპრილს შპს "თ---–--------------------------------ის" მიერ გამოცხადდა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი (S-----------) წებოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომელშიც გაიმარჯვა შპს "ჯ----–-------მა".

 

2016 წლის 18 მაისს, შპს "თ---–--------------------------------ასა“ და შპს "ჯ----–-------ს" შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #0---------- ხელშეკრულება, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა წებოების სახელმწიფო შესყიდვა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 7 000 ლარის ოდენობით.

 

ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად მიმწოდებელს საქონლის მიწოდება უნდა განეხორციელებინა ხელშეკრულების გაფორმების დღიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში, რომელიც ამოიწურა 2016 წლის 17 ივნისს, ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების მიუხედავად, მხარის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულება და დადგენილ ვადაში არ იქნა მოწოდებული შესყიდული საქონელი.

 

კომპანიის მიერ არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად მხარის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის მიწოდების ვადის გასვლის შემდეგაც არ შესრულებულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და კომპანიამ 2016 წლის 23 ნოემბერს ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება, რომელიც მხარეს ეცნობა კომპანიის 2016 წლის 29 ნოემბრის No0------ წერილით.

 

მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 12.3 პუნქტით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო 4.1 პუნქტით განსაზღვრული საქონლის მიწოდების ვადების დარღვევისთვის. ვინაიდან, ხელშეკრულებით დადგენილ საქონლის მოწოდების ვადებში მიმწოდებლის მიერ არ იქნა საქონელი მოწოდებული, 30 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, 2016 წლის 18 ივნისიდან კომპანიის მიერ მიმწოდებელს 12.3 პუნქტის თანახმად დაერიცხა პირგასამტეხლო მისაწოდებელი საქონლის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

შპს "თ---–--------------------------------ის" მიერ შპს "ჯ----–-------ის" სახელზე დარიცხული პირგასამტეხლო 2016 წლის 18 ივნისიდან 2016 წლის 23 ნოემბრის ჩათვლით პერიოდზე შეადგენს 1232.40 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე შპს ,,ჯ----–-------მა“ შპს ,,თ---–--------------------------------ის“ სარჩელი საქმის მოსამზადებელ სტადიაზე ნაწილობრივ- 500 ლარის ნაწილში ცნო.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხა არის შეუსაბამოდ მაღალი და მოითხოვა მისი შემცირება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 14 აპრილს შპს "თ---–--------------------------------ის" მიერ გამოცხადდა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი (S-----------) წებოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომელშიც გაიმარჯვა შპს "ჯ----–-------მა".

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ტენდერის გამოცხადების დოკუმენტი (ს.ფ. 27);

- სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი (ს.ფ. 28-30);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 2016 წლის 18 მაისს, შპს "თ---–--------------------------------ასა“ და შპს "ჯ----–-------ს" შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #0---------- ხელშეკრულება, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა წებოების სახელმწიფო შესყიდვა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 7 000 ლარის ოდენობით.

ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად მიმწოდებელს საქონლის მიწოდება უნდა განეხორციელებინა ხელშეკრულების გაფორმების დღიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში, 2016 წლის 17 ივნისის ჩათვლით.

მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 12.3 პუნქტით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო 4.1 პუნქტით განსაზღვრული საქონლის მიწოდების ვადების დარღვევისთვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 18.05.2016 წლის ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (ს.ფ. 19-22);

- წებოების ტექნიკურ-ხარისხობრივი მახსიათებლები და ფასების ცხრილი (ს.ფ. 23-25);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. ხელშეკრულებით განსაზღვრულ საქონლის მოწოდების ვადებში მიმწოდებლის მიერ არ იქნა საქონელი მოწოდებული, 30 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, 2016 წლის 18 ივნისიდან კომპანიის მიერ მიმწოდებელს 12.3 პუნქტის თანახმად დაერიცხა პირგასამტეხლო მისაწოდებელი საქონლის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

შპს "თ---–--------------------------------ის" მიერ შპს "ჯ----–-------ის" სახელზე დარიცხული პირგასამტეხლო 2016 წლის 18 ივნისიდან 2016 წლის 23 ნოემბრის ჩათვლით პერიოდზე შეადგენს 1232.40 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წერილობითი გაფრთხილებები (ს.ფ. 38-45);

- 18.05.2016 წლის ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (ს.ფ. 19-22);

- წებოების ტექნიკურ-ხარისხობრივი მახსიათებლები და ფასების ცხრილი (ს.ფ. 23-25);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სარჩელი შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ნაწილობრივ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს. შესაბამისად, სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 417-ე, 420-ე, 477-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 208-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანამხად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. ნასყიდობის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში მხარეებს გააჩნიათ კონკრეტული უფლებები და აკისრიათ შესაბამისი ვალდებულებები. წარმოდგენილ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2016 წლის 18 მაისს, შპს "თ---–--------------------------------ასა“ და შპს "ჯ----–-------ს" შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #0---------- ხელშეკრულება, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა წებოების სახელმწიფო შესყიდვა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 7 000 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად მიმწოდებელს საქონლის მიწოდება უნდა განეხორციელებინა ხელშეკრულების გაფორმების დღიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში, 2016 წლის 17 ივნისის ჩათვლით.

 

მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 12.3 პუნქტით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო 4.1 პუნქტით განსაზღვრული საქონლის მიწოდების ვადების დარღვევისთვის.

 

6.2. . საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხე შპს ,,ჯ----–-------მა“ მითითებულ სამოქალაქო დავაზე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო 500 ლარის ნაწილში. შესაბამისად, სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულება შეასრულა - გადაიხადა თანხა. რაც შეეხება მოპასუხეს, მან ხელშეკრულებით განსაზღვრული პროდუქცია არ მიაწოდა მოსარჩელეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენაა მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩება.

 

პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა შესრულებულიყო დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას, ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 1 232.40 ლარი უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე და მოპასუხეს უნდა დაეკისროს 500 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ვინაიდან, მოპასუხე შპდ ,,ჯი ელ გრიპმა“ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი 500 ლარის ნაწილში ცნო, მოსარჩელე შპს ,,თ---–--------------------------------ას“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ნაწილი 20.29 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე შპს "თ---–--------------------------------ის" სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხე შპს "ჯ----–-------ს" მოსარჩელე შპს "თ---–--------------------------------ის" სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 500 ლარის გადახდა.

 

3. მოსარჩელე შპს "თ---–--------------------------------ის" მოთხოვნა მოპასუხე შპს "ჯ----–-------ის" მიმართ 732.40 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

4. შპს "თ---–--------------------------------ას" დაუბრუნდეს მის მიერ 17/10/2018 წლის №5-- საკრედიტო საგადახდო დავალებით სს "ს----------–---------ს" მეშვეობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ნაწილი - 20.29 ლარის ოდენობით, რომლიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150, ბანკის კოდი TRESGE22.

 

5. გადაწყვეტილება არ საჩივრდება

 

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე