გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2-----18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
3 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი
მოსარჩელე - შპს ,,შ------–----------------------–---- (,,S--------------------------------------)"
წარმომადგენელი - ა-----–------–-–---–ი, გ---------–----ე
მოპასუხე - შპს ,,ო-----ა-–---"
წარმომადგენელი - ა-----–-----------–--ე, ნ----–---–--ე, თ-------------–--ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „ო-----ა-–---“-ს მოსარჩელის შპს ,,შ------–----------------------–----“-ს (,,S--------------------------------------)" სასარგებლოდ დაეკისროს 45360 აშშ დოლარის ეკვივალენტი 116834 ლარის გადახდა;
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მხარეებს შორის არსებობდა გრძელვადიანი თანამშრომლობა, რომლის ფარგლებში 2018 წლის 2 აპრილს წარმოიშვა უკანასკნელი ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც შეკვეთა გაფორმდა 8760 ცალ კერამიკის ჭურჭელში განთავსებულ ღვინოს შესყიდვაზე, საერთო ღირებულებით 45369 აშშ დოლარი. ხელშეკრულების ფარგლებში შეთანხმებულ საკომუნიკაციო ფორმას წარმოადგენდა შეტყობინებების გაცვლა ელექტრონული ფოსტით. ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხეს გადაუხადა ნასყიდობის ხელშეკრულების 30%, ტრანზაქცია განხორციელდა ძველ, ანუ სახელშეკრულებო ურთიერთობებში არსებულ, მანამდე მოქმედ ქართულ საბანკო ანგარიშზე, ხოლო 70% - ახალ ანგარიშზე, რასაც მოპასუხე სადავოდ ხდის, იმ საფუძვლით, თითქოს მისი გადარიცხვა მოხდა კომპანიის არასწორ საბანკო ანგარიშზე. თუმცა, ანგარიში მიწოდებულია მოპასუხის მიერ 2018 წლის 26 ივნისის საფოსტო შეტყობინებით, ანგარიშის მონაცემები დამოწმებულია კომპანიის ოფიციალური ბეჭდით და ხელმოწერილია დირექტორის მიერ.
მოსარჩელემ 2018 წლის 8 აგვისტოს ოფიციალური წერილით მიმართა მოპასუხეს, წარუდგინა სამართლებრივი პრეტენზია და მოითხოვა დაზუსტება - შპს „ო-----ა-–---“ კვლავ ხდიდა თუ არა სადავოდ მოსარჩელის მიერ 2018 წლის 2 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში პროდუქციის შეძენისთვის გადარიცხული თანხის მიღებას, რა ვადაში მიაწვდიდა მოსარჩელეს შეძენილ პროდუქციას, რაზეც მოპასუხემ უარი განაცხადა.
მოსარჩელე სადავოდ ხდის 45369 აშშ დოლარს, რაც შეადგენს 116834 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ შესაგებლით მოთხოვნა არ ცნო და მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
შპს „ო-----ა-–---“-ს მხრიდან არასდროს მომხდარა ოფიციალური წერილის, თუ საფოსტო შეტყობინების გაგზავნა კომპანიის რეკვიზიტების ცვლილებასთან დაკავშირებით და მათი მხრიდან გაგზავნილი ინვოისების შესაბამისად მოსარჩელეს გადმორიცხული აქვს მხოლოდ ნასყიდობის ფასის 30% და მიუხედავად არაერთი მცდელობისა, მოსარჩელისგან ვერ მიიღეს ოფიციალური SWIFT-ი, რაც შპს „ო-----ა-–---“-ს ანგარიშზე თანხის გადმორიცხვას დაადასტურებდა.
ამავე დროს მიუთითა, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონოდა სავარაუდო კიბერდანაშულის ჩადენას, რასთან დაკავშირებითაც აპირებდნენ საგამოძიებო ორგანოებისადმი მიმართვას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს ,,შ------–----------------------–----“-სა (,,S--------------------------------------)" და შპს „ო-----ა-–---“-ს შორის არსებობდა ხანგრძლივი სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც 2018 წლის 2 აპრილს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება (კონტრაქტი), სადაც მყიდველს წარმოადგენს მოსარჩელე, მყიდველისგან საკონტაქტო პირს - ნ----, გამყიდველს - შპს „ო-----ა-–---“, ხოლო ნასყიდობის საფასურის გადამხდელს - V-------------------------.
ნასყიდობის საგანს წარმოადგენს 8760 ცალი კერამიკის ჭურჭელში განთავსებული, მაღალი ხარისხის ქართული ღვინო, ხოლო ნასყიდობის ღირებულება ჯამში არის 45369 აშშ დოლარი, საიდანაც მყიდველს სრული თანხის 30% უნდა გადაეხადა შეკვეთის დროს, ხოლო დარჩენილი 70% - დატვირთვამდე.
ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, შპს „ო-----ა-–---“-ს საბანკო ანგარიში გახსნილი აქვს სს „საქართველოს ბანკში“, IBAN: G---------------------, SWIFT:BAGAGE22.
მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, რომ ყველა შეტყობინება იწერება ინგლისურად და იგზავნება მხარეებთან ელ. ფოსტით ან კურიერის მეშვეობით და მის ელექტრონული ფოსტის მისამართია -----------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ნასყიდობის ხელშეკრულება.
3.1.2. ნასყიდობის საფასურის 30% მოსარჩელემ გადარიცხა ხელშეკრულებაში მითითებულ ანგარიშზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში შეკვეთის - 8760 ცალი კერამიკის ჭურჭელში განთავსებული ქართული ღვინის მიწოდება მყიდველისთვის არ განხორციელებულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული კომპანია (მყიდველი) S-------------------------------------- და სარჩელში მოსარჩელედ, ასევე ბიზნეს ლიცენზიის ქართულ თარგმანში დასახელებული ორგანიზაცია შპს „შ------–----------------------–----“ (S----------------------------------) არის ერთიდაიგივე ორგანიზაცია. ხოლო ხელშეკრულებაში მითითებული საკონტაქტო პირი - ნ---- და ბიზნეს ლიცენზიაზე ორგანიზაციის კანონიერი წარმომადგენელი თ-------, ერთიდაიგივე პირია.
აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელემ წარმოადგინა დოკუმენტების მთარგმნელი ნოტარიუსის მიერ გაცემული წერილი, სადაც იგი აღნიშნავს, რომ ბიზნეს ლიცენზიის დასახელება ინგლისურ ენაზე შესაძლებელია, თარგმნილიყო, როგორც „S--------------------------------------“, აგრეთვე, როგორც „S----------------------------------“. ჩინური ენის სპეციფიკური ხასიათი იძლება საშუალებას, თარგმანი ინგლისურ ენაზე შესრულდეს სიტყვათა ამგვარი თანწყობით. ამასთან, შესაძლებელია ინგლისურ ენაზე ითარგმნოს კიდე ერთი წყობით: „S---------------------------------------” ქართულად კი კომპანიის ჩინური დასახელება გამოითქმის, როგორც „შ------–----------------------–----“ და მისი ინგლისურ ენაზე თარგმანის შესატყვისი ტრანსკრიფცია დასახელებული სამივე ფორმით შეიძლება ითარგმნოს და გადმოიცეს.
ნოტარიუსმა ასევე მიუთითა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულია კომპანია ინგლისური სახელწოდებით „S--------------------------------------“ და ბიზნეს ლიცენზიის ამონაწერით თარგმნისას კომპანიის ინგლისური დასახელება „S----------------------------------“, წარმაოდგენს ერთიდაიმავე კომპანიას, რომლის ქართულენოვანი შესატყვისი დასახელებაა შპს „შ------–----------------------–----“.
მოპასუხემ სადავოდ გახადა აღნიშნული ფაქტი, თუმცა მტკიცებულებით დადასტურებული შედავება მას არ განუხორციელებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნასყიდობის ხელშეკრულება;
- ბიზნეს ლიცენზია;
- ნოტარიუს ქ--------–--–--ის წერილი.
3.2.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ მოსარჩელისთვის სადავო ანგარიშის ნომრების მიწერა მისი ელექტრონული ფოსტის საშუალებით არ განხორციელებულა, კერძოდ:
მოპასუხე სადავოდ ხდის შემდეგ მიმოწერებს:
· 11.06.2018 წლის 03:11 საათზე, შინაარსით: „გამარჯობა ნ----, გთხოვთ, არ გადარიცხოთ ჩვენს ძველ საბანკო ანგარიშზე, ძველ საბანკო ანგარიშზე პრობლემა გვაქვს, გადასახდელად გადმოგიგზავნით ჩვენი შუამავალი ბანკის რეკვიზიტებს. გთხოვთ, დამიდასტუროთ, როგორც კი გამოგიგზავნით (ტომი 1, ს.ფ. 69);
· 18.06.2018 წლის 03:53 საათზე, შინაარსით: „გამარჯობა ნ----. გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ დარჩენილი თანხა - 31758,3 აშშ დოლარი. გადახდა სასწრაფოდ უნდა განხორციელდეს. გთხოვთ, დარჩენილი თანხა გადმორიცხოთ ბოლო ინვოისში მითითებულ საბანკი ანგარიშზე. კიდევ ერთხელ გიგზავნით ინვოისს (ტ.1. ს.ფ. 216);
· 25.06.2018 წლის 18:44 საათზე, შინაარსით: გამარჯობა ნ----, მადლობას გიხდით პასუხისთვის, შეგახსენებთ, რომ გადახდა უნდა განხორციელდეს ჩვენს ალტერნატიულ საბანკო რეკვიზიტებზე, რომლებიც მანამდე მოგეწოდათ. ქვემოთ იხილეთ ჩვენი ალტერნატიული რეკვიზიტები ანგარიშსწორებისთვის:
მიმღების სახელი: O--------,B----------------,IBAN: G---------------------
SWIFT: B-------“ (ტ.1. ს.ფ. 222 და ს.ფ.323-324);
· და 26.06.2018 წლის 04:37 საათზე, შინაარსით: „გამარჯობა, ნ----. გმადლობთ პასუხისთვის, გთხოვთ, არ დაგავიწყდეთ, რომ უნდა ჩარიცხოთ ჩვენს სათადარიგო საბანკო ანგარიშზე, რომელიც წინაზე მოგწერეთ. ქვემოთ იხილეთ ჩვენი სათადარიგო ბანკის რეკვიზიტები:
მიმღების სახელი: ო-----ა-–---;
B----------------,IBAN: G---------------------
SWIFT: B-------“ (ტ.1. ს.ფ. 70);
მოპასუხე განმარტავს, რომ აღნიშნული წერილები მისი ელექტრონული ფოსტის საშუალებით არ გაგზავნილა და მიუთითებს ექსპერტიზის დასკვნაზე, სადაც აღნიშნულია, რომ აღნიშნული თარიღებით ელ. წერილები, როგორც გაგზავნილ საქაღალდეში (sent), ასევე წაშლილ საქაღალდეში (Trash) არ ფიქსირდება. თუმცა ექსპერტი იქვე აღნიშნავს, რომ ელ. ფოსტის გაგზავნილ და წაშლილ საქაღალდეებში ელ. წერილების არარსებობა არ გულისხმობს, რომ ესა თუ ის ელ. წერილი ამ ფოსტიდან გაგზავნილი არ ყოფილა და კონკრეტული პასუხის გაცემა შესაძლებელი იქნება მომსახურე მეილ სერვერის (yahoo.com) კვლევის საფუძველზე. ამდენად, აღნიშნული დასკვნა კატეგორიულად არ გამორიცხავს წერილების გაგზავნის ფაქტს. გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სხვა თარიღებით (რიცხვებში და საათებში) განხორციელებულ მიმოწერაზე, რაზეც საუბარი არაა ექსპერტიზის დასკვნაში და რომელიც ასევე მიუთითებს მოპასუხის საწინააღმდეგო პოზიციას, კერძოდ:
· 11.06.2018 წლის 4:20 საათზე ელექტრონული ფოსტიდან, სახელწოდებით - -----------------, გაიგზავნა წერილი, შინაარსით: გამარჯობა ნ----, გმადლობთ გულისხმიერებისთვის. ქვემოთ მოცემულია ჩვენი შუამავალი ბანკის რეკვიზიტები გადარიცხვისთვის.
მიმღების სახელი: ო-----ა-–---;
B----------------,IBAN: G---------------------
SWIFT: B-------“ (ტ.1. ს.ფ. 69);
· 04.07.2018 წლის 2:28 საათზე, იმავე -----------------, ელ. ფოსტიდან გაგზავნილი წერილი, შინაარსით: გამარჯობა, წინა კვირაშიც მითხარით, რომ გადაიხდით, მაგრამ ჯერ კიდევ არ მიგვიღია თანხა. გთხოვთ, გადარიცხოთ ჩვენს მიერ მოწოდებულ საბანკო ანგარიშზე, ვინაიდან თქვენი საქონელი მზად არის წასაღებად. (ტ.1. ს.ფ. 70);
· 04.07.2018 წლის 12:17 საათზე მოსარჩელის ელექტრონული ფოსტიდან მოპასუხის მისამართით იგზავნება წერილი, შინაარსით: გთხოვთ, კიდევ ერთხელ გამომიგზავნოთ თქვენი ახალი ბანკის ინფორმაცია (ტ.1. ს.ფ. 70), რის პასუხადაც -----------------, ელ. ფოსტიდან ამავე რიცხვში იგზავნება წერილი 7:27 საათზე.
· 7:27 საათზე, შინაარსით: იხილეთ თან დართული ჩვენი ახალი საბანკო რეკვიზიტები. გმადლობთ. ხოლო მიმაგრებულ დოკუმენტში ანგარიშის ნომრად მითითებულია IBAN NUMBER: G----------------------------------------------------------------- (ტ.1. ს.ფ. 70 და ს.ფ. 227).
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დოკუმენტი, სადაც სადავო ანგარიშის ნომერია მითითებულია, წარმოდგენილია შპს „ო-----ა-–---“-ს დირექტორის ი----------------–--ის ხელმოწერით და დამოწმებულია ორგანიზაციის ბეჭდით. ის გარემოება, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ამ დოკუმენტის გაყალბებას, ამის დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ არის.
მართალია, მოპასუხემ დამატებით, 2018 წლის 5 ივლისს, 2:48 საათზე მოსარჩელეს გაუგზავნა წერილი, შინაარსით: „გამარჯობა, გიგზავნით კონტრაქტს, ინვოისს და შეფუთვის სიას... გთხოვთ ხელი მოაწეროთ და დაარტყათ ბეჭედი... და გამომიგზავნოთ“, მაგრამ საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ აღნიშნული წერილი გაიგზავნა მყიდველის მიერ სადავო გადარიცხვის განხორციელებამდე.
რაც შეეხება მოპასუხის განმარტებას, რომ საბანკო რეკვიზიტები, ხელშეკრულების არსებით ნაწილს წარმოადგენს და როგორც არსებითი პირობა, იგი ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული, სასამართლო იზიარებს ამ პოზიციას, თუმცა დამატებით აღნიშნავს, რომ თუკი მხარეები ჩათვლიდნენ, რომ ხელშეკრულებაში არსებით პირობებთან დაკავშირებული ცვლილების შეტანა (მათ შორის საბანკო რეკვიზიტებთან დაკავშირებით) შეთანხმებით უნდა მომხდარიყო, ეს იმთავითვე უნდა ყოფილიყო ხელშეკრულებაში გაწერილი.
3.2.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს მოსარჩელის მხრიდან ნასყიდობის საფასურის გადახდას. აღნიშნული დასკვნის გაკეთების საშუალებას მხარეთა შორის მიმოწერა და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი იძლევა.
როგორც ელექტრონული მიმოწერიდან ირკვევა, მყიდველის მიერ განხორციელდა გადარიცხვა, რასაც წინ უძღოდა მოპასუხის მიერ ახალი საბანკო რეკვიზიტების მიწოდება. გადარიცხვა, სწორედ ამ ანგარიშზე განახორციელა მოსარჩელემ. ნასყიდობის საფასურის გადახდას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ სადავო გადარიცხვაში (იგივე SWIFT) საუბარია ზუსტად იმ ოდენობის თანხაზე, რაც ნასყიდობის საგნის 70%-ს შეადგენდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი განსაზღვრავს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არასებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაზე.
სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობს. მოსარჩელეს ევალება სარჩელში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისგან თავდაცვის მიზნით უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. აღნიშნული წესი გამომდინარეობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესიდან, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მოვალისთვის აუცილებია, ვინაიდან სწორედ მას აკისრია ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი. ამასთან, ფულადი ვალდებულების თავისებურებიდან გამომდინარე, მისი შესრულება უნდა დასტურდებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს თანხის გადახდის ფაქტზე, მაგალითად, ხელწერილით, თანხის გადარიცხვის დოკუმენტით და სხვა, რაც მოპასუხეს არ წარმოუდგენია.
აღნიშნული მსჯელობის საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ მყიდველის მიერ რეალიზებულია ნასყიდობის საფასურის გადახდის მტკიცების ტვირთი, ხოლო სადავო გადარიცხვის საწინააღმდეგო მტკიცებულება შპს „ო-----ა-–---“-ს არ წარმოუდგენია.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისგან თავის შეკავებაშიც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
2018 წლის 2 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მხარეთა შორის წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. ხსენებული ხელშეკრულების ფარგლებში, გამყიდველმა (მოპასუხემ) იკისრა ვალდებულება მყიდველისათვის საკუთრებაში გადაეცა 8760 ცალი კერამიკის ჭურჭელში განთავსებული ღვინო, ხოლო მოსარჩელის მიერ უნდა მომხდარიყო შეთანხმებული საფასურის გადახდა. საქმეზე დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ მყიდველის მიერ სრულად განხორციელდა ნასყიდობის საფასურის გადახდა, ჯერ 30%, ხოლო მოგვიანებით - 70%. მოპასუხე ვერ ადასტურებს, რომ სადავო ანგარიშის ნომრის გაგზავნა მისი კუთვნილი ელ. ფოსტის საშუალებით არ განხორციელებულა, ამასთან, გადარიცხული თანხა არის ნასყიდობის საფასურის ტოლფასი, ხოლო გამყიდველის მიერ არ მომხდარა ვალდებულების შესრულება - ნასყიდობის საგნის გადაცემა. ამასთან, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მან შესრულებისადმი დაკარგა ინტერესი. ვალდებულების შეუსრულებლობით კი გამყიდველს წარმოეშვა უფლება გავიდეს ხელშეკრულებიდან და ხელშეკრულებიდან გასვლის გამო მოითხოვოს ამავე ხელშეკრულების ფარგლებში გადაცემულის (ნასყიდობის საფასურის) უკან დაბრუნებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.
ზემოაღნიშნულის ნორმის თანახმად, ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება კრედიტორს მხოლოდ მაშინ წარმოეშვება, როდესაც იგი დამატებით ვადას აძლევს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის. ამასთან, დასაშვებია გაფრთხილება, თუკი ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამატებითი ვადა. დამატებითი ვადის განუსაზღვრელობა კი კრედიტორს უზღუდავს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ ვალდებულების შესრულების თაობაზე მიმოწერა მხარეებს შორის რამოდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც მოსარჩელე ითხოვდა ნასყიდობის საფასურის შესაბამისად, საგნის მისთვის გადაცემას და პრობლემის მოსაგვარებლად მხარეთა შორის შედგა შეხვედრაც, თუმცა უშედეგოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ შემძენის მიერ სრულად მოხდა ნასყიდობის საფასურის გადახდა, ხოლო გამყიდველის მიერ არ მომხდარა ნასყიდობის შესაბამისად, საგნის მყიდველისთვის გადაცემა, რაც კრედიტორს ანიჭებს უფლებას, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, ხოლო უკვე განხორციელებული შესრულება უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს.
5. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აგვისტოს განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილია 3506 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე - 50 ლარი. გარდა ამისა, გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯის სანაცვლოდ მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისთვის 4960 ლარის და მტკიცებულებათა თარგმნისა და ნოტარიულად დამოწმების ხარჯის დაკისრებას.
ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მხოლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა - 3506 ლარი, ხოლო იურიდიული ხარჯის სანაცვლოდ 4673 ლარი (დავის საგნის ღირებულების 4%), ასევე მტკიცებულებათა უზრუნველყოფის ხარჯის სანაცვლოდ 115,96 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,შ------–----------------------–-----ს (,,S--------------------------------------)" სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. შპს ,,ო-----ა-–---"-ს შპს ,,შ------–----------------------–-----ს (,,S--------------------------------------)" სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 116 834 ლარი (45360 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში).
3. შპს ,,ო-----ა-–---"-ს შპს ,,შ------–----------------------–-----ს (,,S--------------------------------------)" სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 3506 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, 115.96 ლარის გადახდა მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯის სანაცვლოდ და 4673 ლარის გადახდა იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე