გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210118002604685
საქმე №2/2818-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
03.04.2019 წ. ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - ქ---------------ე;
ადვოკატი- ნ-------------–---–ი;
მოპასუხე - გ------------–-–---–ი;
ადვოკატი- ნ-----–-----------ა;
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება, ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფა;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გ------------–-–---–ს მცირეწლოვანი შვილის მ---------–-–---–ის- სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - მის სრულწლოვანებამდე.
1.2. გ------------–-–---–ს - ქ---------------ის სასარგებლოდ დაეკისროს ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების ღირებულების 2/3 ნაწილის- 9325 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2015 წლის 01 სექტემბერიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება გ------------–-–---–თან. 2017 წლის 28 აპრილს შეეძინათ შვილი, მ---------–-–---–ი. მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის ივნისის თვეში გ------------–-–---–მა განუცხადა, რომ აღარ სურდა ქ---------------ესთან ქორწინებაში ცხოვრება და დატოვა ოჯახი. ქ---------------ე თავის არასრულწლოვან შვილთან მ---------–-–---–თან ერთად საცხოვრებლად გადავიდა მშობლების სახლში, რადგან გ------------–-–---–მა შეწყვიტა მეუღლეზე და ბავშვზე როგორც ზრუნვა, ასევე ფინანსური დახმარება. მოსარჩელე განმარტავს, რომ ბავშვი მცირეწლოვანია და დედის მუდმივ ზრუნვას საჭიროებს. ქ---------------ეს სასწავლებლად აღებული აქვს შესვენება და დაკავებულია შვილის აღზრდით. ბავშვზე და ქ-------ზე ფინანსურად ზრუნავენ ქ---------------ის მშობლები. მოპასუხე გ------------–-–---–ი მუშაობს ქუთაისში რესტორან „კ---–--–-“, არის მომღერალი ასევე მღერის კერძო წვეულებებსა და ღონისძიებებზე, მისი შემოსავალი თვეში საშუალოდ შეადგენს 1500 ლარიდან 2500 ლარამდე. ქ---------------ემ განმარტა, რომ ქორწინების განმავლობაში დაახლოებით 2018 წლის აპრილის თვეში წყვილმა მოსარჩელის ოჯახის დახმარებით შეიძინა ავტომობილი მერსედეს-ბენცი 5500 აშშ დოლარად ღირებული. ასევე ოჯახისათვის სამოგზაურო მიზნით ქ---------------ის სახელზე გამოიტანეს სესხი, რაც მოიხმარეს ერთობლივი თანაცხოვრებისას, ხოლო ამჟამად გ------------–-–---–ი უარს ამბობს სესხის დაფარვაზე და მოსარჩელის განცხადებით ფაქტიური განქორწინების შემდგომ სესხის დაფარვა მთლიანად უწევს ქ---------------ის მშობლებს. (იხ. სარჩელი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. გ------------–-–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო, განმარტა, რომ ალიმენტის ოდენობით შვილის სასარგებლოდ გადაიხდის 100 ლარს. თანხის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში, სარჩელი არ ცნო. განმარტა, რომ მოსარჩელემ თავად დატოვა ოჯახი. ამჟამად არ არის დასაქმებული რესტორან კ---–--–- და შემოსავალიც არ გააჩნია. 2018 წელს ავტომანქანა გ------------–-–---–ს ოჯახმა შეუძინა და აჩუქა, როგორც ინდივიდუალური საკუთრება. ავტომანქანის შეძენაში ქ---------------ის ოჯახის წევრებს მონაწილეობა არ მიუღიათ. საქორწინო მოგზაურობის მიზნით აღებული სესხის ნახევარი გადაიხადა გ------------–-–---–მა, ნახევარი რაც დარჩა გადასახდელი, 1060 ლარი ქ---------------ემ მიიღო კომპანიისგან და თავად უნდა დაეფარა ეს თანხა, ამასთან ქ---------------ეს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ დარჩენილ თანხას თავად იხდის. (იხ. შესაგებელი, 15.02.2019 წ სხდომის ოქმი ).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ქ---------------ე 2015 წლის 01 სექტემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გ------------–-–---–თან. 2018 წლის ივნისის თვიდან ერთად აღარ ცხოვრობენ და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
-ქორწინების მოწმობა.
3.1.2. ქ---------------ეს და გ------------–-–---–ს თანაცხოვრების პერიოდში 2017 წლის 28 აპრილს შეეძინათ შვილი მ---------–-–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობა #6-----------
3.1.3. მ---------–-–---–ი არის ქ. ქუთაისის, კერძო საბავშვო ბაღი „ბ-----–-----„-ს მოსწავლე 2018 წლის 29 ოქტომბრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. ქუთაისის, კერძო საბავშვო ბაღი „ბ-----–-----„-ს მიერ გაცემული ცნობა;
3.1.4. ქ---------------ე არასრულწლოვან შვილთან მ---------–-–---–თან ერთად ცხოვრობს მშობლებთან და ძმასთან ერთად. თავად დასაქმებულია, მუშაობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, მისი ხელფასის ოდენობა შეადგენს 600 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
3.1.5. გ------------–-–---–ი ცხოვრობს ქ. თბილისში, მშობლებთან ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოპასუხის ახსნა-განმარტება;
3.1.6. ქ---------------ემ და გ------------–-–---–მა საქორწინო მოგზაურების მიზნით სს თ----------იდან აიღეს სესხი 1800 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
-ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს „ტაო 2011„ რესტორანი კოლხას მიერ 2019 წლის 23 იანვარს გაცემული ცნობის მიხედვით, გ------------–-–---–ი 2018 წლის 23 ნოემბრიდან აღარ მუშაობს აღინიშნულ ორგანიზაციაში და მუსიკალურ ღონისძიებაში არ მონაწილეობს.
მოპასუხე გ------------–-–---–ის განმარტებით, მუშაობს ქ. თბილისში, რესტორნის მომღერლად. კვირაში აქვს 2-3 სამუშაო დღე და შემოსავალს შესრულებული სამუშაოს შესაბამისად იღებს, რაც დღეში შეადგენს 40-50 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ტაო 2011-ის მიერ გაცემული ცნობა;
- მოპასუხის ახსნა-განმარტება.
3.2.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2018 წლის 22 აგვისტოს გაცემული ცნობის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალება, სახ #QE997TI, მარკა-მოდელი - მერსედეც ბენც, E 500, რეგისტრირებულია მოპასუხე გ------------–-–---–ის სახელზე.
ექსპერტიზის აქტის #05/82 დასკვნის თანახმად, აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაზრო-საორიენტაციო ღირებულება შეადგენს 14000 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შსს-ს მიერ 2018 წლის 22 აგვისტოს გაცემული ცნობა;
-ექსპერტიზის აქტის #05/82
3.2.3. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, გ------------–-–---–ის სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება, სახ #QE997TI, მარკა-მოდელი - მერსედეც ბენც, E 500, შეიძინეს 2018 წლის აპრილის თვეში 5500 აშშ დოლარად, თანაცხოვრების პერიოდში, რასაც მოპასუხე მხარე არ ადასტურებს და განმარტავს, რომ სატრანსპორტო საშუალება დედამ შეუძინა 5500 აშშ დოლარად და აჩუქა, შესაბამისად წარმოადგენს მის ინდივიდუალურ საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2.4. დადგენილია, რომ ქ---------------ემ და გ------------–-–---–მა საქორწინო მოგზაურობის მიზნით სს თ----------იდან სესხის სახით აიღეს 1800 ლარი. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება (საბოლოო ნაშთი) შეადგენს 761,22 ლარს. მოპასუხე გ------------–-–---–ის განმარტებით სესხის თანხიდან 900 ლარი თავად გადაიხადა. მოგზაურობისას ფრენის დაგვიანების გამო, კომპანიამ კომპენსაციის სახით გადაუხადა 1062 ლარი და მხარეები შეთანხმებული იყვნენ, რომ აღნიშნული თანხით უნდა დაეფარათ სესხი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს თ----------ის მიერ გაცემული ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;
-მოპასუხის ახსნა-განმარტება;
3.2.5. დადგენილია, რომ სს საქართველოს ბანკის ანგარიშზე ქ---------------ეს ფრენის დაგვიანების გამო კომპენსაციის სახით ჩაერიცხა თანხა 1062,12 ლარის ოდენობით. რაც სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარემ დაადასტურა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს საქართველოს ბანკის მიერ გაცემული ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2.6. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ------------–-–---–მა და ქ---------------ემ ქორწინების პერიოდში 2018 წელს შეიძინეს სატრანსპორტო საშუალება, სახ #QE997TI, მარკა-მოდელი - მერსედეც ბენც, E 500. აღნიშნული ავტომანქანა წარმოადგენდა მათ სართო ქონებას.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ---–--–---------ემ (ქ---------------ის ბებია) განმარტა, რომ ქ---------------ეს და გ------------–-–---–ს ჰყავდათ რამდენიმე ავტომანქანა, შვილის მ---------–-–---–ის დაბადების შემდეგ გაყიდეს ძველი ავტომანქანა და შეიძინეს ახალი, აღნიშნული ა/მანქანის შეძენაში დაეხმარა გ------------–-–---–ის ოჯახი, ასევე ქ---------------ის ოჯახი.
მოწმე ხ------------------ის (ქ---------------ის მეგობარი) განმარტებით, ქ---------------ეს და გ------------–-–---–ს ჰყავდათ რამდენიმე ავტომანქანა, 2018 წლის მარტის თვეში შეიძინეს ავტომანქანა მერსედეც ბენც, E 500. გაცვალეს სხვა ავტომანქანაში და 6 თვეში დამატებით უნდა გადაეხადათ 1000 აშშ დოლარი;
მოწმე შ-------------–--ის (გ------------–-–---–ის დედა) განმატებით, სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალება შვილს- გ------------–-–---–ს თავად შეუძინა 5500 აშშ დოლარად გ-------- მეგობრისაგან, თანხა 6 მაისს გადაიხადა. მოწმის განმარტებით, ა/მანქანა საჩუქრად უყიდა შვილს გ------------–-–---–ს. მოსარჩელე ქ---------------ის შეკითხვაზე მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნული ა/მანქანა აჩუქა ორივეს.
მოწმე გ------------–----ის (გ------------–-–---–ის მეგობარი) განმარტებით, მას ჰყავდა ავტოსატრანსპორტო საშუალება მერსედეც ბენც, E 500 2017 წლიდან, რაც 2018 წლის 06 მაისს შეიძინა გ------------–-–---–მა 5500 აშშ დოლარად, თანხა გ------------–-–---–ის დედამ გადასცა. აღნიშნულ ავტომანქანამდე მას ჰყავდა ვერცხლისფერი HONDA FIT, რაც რეგისტრირებული იყო გ------------–-–---–ის სახელზე;
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105.1. მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს მათი სარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხდევით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნის გაკეთების უფლებას.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ უნდა გადახდეს ალიმენტი ყოველთვიურად - 150 ლარის ოდენობით 2018 წლის 24 აგვისტოდან მის სრულწლოვანებამდე. მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს 7393,5 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1202-ე, 1212-1213-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლები, 1151-ე, 1152-ე, 1158-ე, 1159-ე, 1164-ე, 1161-ე, 1169-ე, 1168-ე, ბავშვის უფლებათა კონვენცია;
6. სამართლებრივი შეფასება ალიმენტის დაკისრების ნაწილში;
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
სს კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
სსკ 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლების მიხედვით, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
კანონის მოხმობილი ნორმებით გათვალისწინებული საალიმენტო სამართალურთიერთობებიდან გამომდინარე ბავშვს უჩნდება უფლება, მოითხოვოს უზრუნველყოფა საარსებო სახსრებით, ანუ ალიმენტის გადახდა, მშობლებს კი უჩნდებათ მოვალეობა უზრუნველყონ არასრულწლოვანი შვილი ამგვარი საშუალებებით.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ერთ-ერთ საქმეში – „ნ.წ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ განმარტავს, რომ: „ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება, აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს“.
ბავშვთა უფლებების კონვენციით, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
ბავშვის უფლებათა კონვენციის 27-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის.
კონვენციის 18-ე მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარება. მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესი წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის მე-2 პრინციპის მიხედვით, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. ამავე რეკომენდაციის პირველი პრინციპის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთიანობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო.
გადასახდელი ალიმენტის ოდენობაზე მშობლები ვერ თანხმდებიან. მოპასუხე შესაგებელში აცხადებს, რომ თანახმა არის ალიმენტის სახით გადაიხადოს 100 ლარი;
დადგენილია, რომ მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ და აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი მ---------–-–---–ი ფაქტობრივად ცხოვრობს დედასთან, ქ---------------ესთან ერთად. ქ---------------ე მუშაობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპრტში და მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 600 ლარს.
დადგენილია, რომ ქ---------------ე არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს ძმასთან და მშობლებთან ერთად. მოპასუხე გ------------–-–---–ი ცხოვრობს ქ. თბილისში, მშობლებთან ერთად. გ------------–-–---–ს მუდმივი სამუშაო ადგილი არ გააჩნია, მისი განმარტებით, მუშაობს რესტორნის მომღერლად, კვირაში 2-3 დღე, დღეში მისი შემოსავალი შეადგენს 40-50 ლარს.
სადავო არ არის ის გარემოებაც, რომ ბავშვს სჭირდება ზრუნვა და მატერიალური უზრუნველყოფა, რომლის ვალდებულება თანაბრად ეკისრება ორივე მშობელს. ამ თვალსაზრისით, მოპასუხის უპირობო ვალდებულებაა არჩინოს მცირეწლოვანი შვილი, შექმნას მისთვის ცხოვრების ნორმალური პირობები აღზრდისა და განვითარებისათვის.
მხარეთა შემოსავლის ოდენობის მხედველობაში მიღების შედეგად სასამართლო გაუმართლებლად მიიჩნევს მოპასუხისათვის 500 ლარის დაკისრებას. სასამართლო დასახელებული გარემოების გათვალისწინებთ მიიჩნევს, რომ შვილის საალიმენტო ვალდებულება უნდა განისაზღვოს 150 ლარის ოდენობით. წარმოდგენილი მკიცებულებების საფუძველზე ალიმენტის მითითებული ოდენობა გონივრულია.
არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის მისი საუკეთესო ინტერესები. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მოქმედებს გონივრული და სამართლიანი შეფასების სტანდარტი, რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, როგორც ალიმენტის გადამხდელის, ისე მისი მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლო ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ გადაწყვეტილებებში განმარტავს, რომ არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის, შეძლებისდაგვარად, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებას, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, შემოსავლებს, რომელსაც ალიმენტის გადამხდელი იღებს, ასევე ითვალისწინებს მის კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს და განსაზღვრავს ალიმენტის ოდენობას გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იქნეს მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ანუ, ალიმენტის ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ შეიძლება იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად.
განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანი მ---------–-–---–ის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილი უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ბავშვი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს. ბავშვი არის არასრულწლოვანი, რომლის აღზრდაზე და განვითარებაზე ვალდებულება თანაბარწილად ეკისრებათ მშობლებს, მიუხედავად მატერიალური და სოციალური მდგომარეობისა, ეს მათი კანონისმიერი ვალდებულებაა.
საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მშობლის მატერიალური მდგომარეობა არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ ვალდებული პირის პირობების შეფასებისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს მხოლოდ მისი ფინანსური შესაძლებლობებით, არამედ მნიშვნელოვანია ასევე მისი პოტენციალიც, თუ რამდენად შრომისუნარიანია იგი და აქვს თუ არა შესაძლებლობა, უზრუნველყოს შვილის მატერიალური გარემო. მხედველობაშია მისაღების ის გარემოებაც, რომ ამ ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მხოლოდ მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე;
კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან.
სასამართლო განუმარტავს ორივე მხარეს, რომ მათ თანაბარი მოვალეობა აქვთ იზრუნონ შვილზე. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. ალიმენტის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია სასამართლოს მხრიდან დადგინდეს არა მხოლოდ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა, არამედ - ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საჭიროებები.
მოპასუხე გ------------–-–---–ი თავისი მატერიალური შემოსავლის გათვალისწინებით თანახმაა, გადაიხადოს არასრულწლოვანი შვილისთვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად 100 ლარი, რაც არ წარმოადგენს გონივრულ თანხას ბავშვის უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით. შვილის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი.
სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან - ბავშვების სრულწლოვანებამდე.
მოსარჩელე ითხოვს ალიმენტის დაკისრებას 500 ლარის ოდენობით, თუმცა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მცირეწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში - 150 ლარი. შესაბამისად, მოპასუხეს ალიმენტის გადახდა უნდა დაეკისროს 2018 წლის 24 აგვისტოდან, შვილის - მ---------–-–---–ის სრულწლოვანებამდე.
6. სამართლებრივი შეფასება ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფის მოთხოვნის ნაწილში;
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება;
სამოქალაქო კოდექსის 1152-ე მუხლის თანახმად, საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობანი.
დადგენილია, რომ საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, გ------------–-–---–ის სახელზე 07.05.2018 წლიდან რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება, სახ #QE997TI, მარკა-მოდელი - მერსედეც ბენც, E 500. წარმოდგენილი მასალების მიხედვით, უდავოა, რომ მოპასუხე გ------------–-–---–ის სახელზე სადავო სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვა მოხდა მხარეთა, ქ---------------ის და გ------------–-–---–ის ქორწინების განმავლობაში, რაც საოჯახო-სამართლებრივი ნორმებით მიხედვით, მეუღლეთა საერთო თანასაკუთრების წარმოშობის საფუძველია.
სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას, თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონდა დამოუკიდებელი შემოსავალი.
სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები.
სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის შესაბამისად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეულის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.
ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის საფუძველია მეუღლეთა მიერ ამ ქონების შეძენა ქორწინების განმავლობაში. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამიტომ დავის არსებობის შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი საკმარისი საფუძველია ამ ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის.
იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო მოძრავ ნივთზე მეუღლეთა საერთო საკუთრების უფლება არ ვრცელდება, ეკისრება მოპასუხეს, რომელიც საკუთრების სხვაგვარ რეჟიმზე მიუთითებს. იგი ვალდებულია სარწმუნოდ დაადასტუროს, რომ სადავო ქონებაზე (სატრანსპორტო საშუალება) არ წარმოშობილა მეორე მეუღლის თანასაკუთრების უფლება. კერძოდ, მან უნდა ამტკიცოს, რომ სადავო ქონება არ არის შეძენილი ქორწინების განმავლობაში, მეურნეობის ერთობლივი გაძღოლის შედეგად. სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს თითოეული მეუღლის საკუთრებას. (ა. ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ. ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით).
მოპასუხე მხარე არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას და მიუთითებს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება შეძენილია ოჯახის წევრების (დედის) დახმარებით და წარმოადგენს მხოლოდ მის ინდივიდუალურ საკუთრებას. მისი მტკიცებით, მოსარჩელე ქ---------------ეს არ მიუღია მის შეძენაში მონაწილეობა, თუმცა თავისი პოზიციის დასადასტურებლად სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულება.
სასამართლო განმარტავს, რომ თანაზიარ ქონებად ჩაითვლება მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონება, რომელიც შეძენილია (ან შემქნილია) ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახრსებით, ასევე ის ქონება, რომელიც შეძენილია ერთ-ერთი მეუღლის მიერ იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონდა დამოკიდებელი შემოსავალი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ---------------ე და გ------------–-–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2015 წლის 1 სექტემბრიდან. ასევე დადგენილია, რომ 2018 წელს ქ---------------ემ და გი----------–-–---–-ა 5500 აშშ დოალრად შეიძინეს ავტომაქანა. სადავო არ არის ის გარემოება, რომ მხარეებმა საქორწინო მოგზარუობის მიზნით სს თ----------იდან აიღეს სესხი 1800 ლარის ოდენობით, აღნიშნული თანხიდან მხარეებმა გადაიხადეს 900 ლარი. მგზავრობისას ფრენის დაგვიანების გამო კომპანიამ ქ---------------ეს თავის ანგარიშზე ჩაურიცხა 1062 ლარი, რაც ასევე მხარეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს.
მოსარჩელე მხარე მოითხოვს მასსა და სს ,,თ----------ს“ შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული კრედიტიდან დარჩენილი გადასახდელი თანხის 400 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას. აღნიშნული სესხი წარმოადგენს მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში აღებულ ვალს, რაც მოხმარდა საქორწინო მოგზაურობას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1169-ე მუხლი ადგენს მეუღლეთა საერთო ვალების გაყოფის წესს: მეუღლეთა საერთო ვალები მათ შორის იყოფა საერთო ქონებაში კუთვნილი წილის თანაზომიერად. მოპასუხე გ------------–-–---–ი არ უარყოფს მითითებული სესხის საქორწინო მოგზაურობის მიზნით გამოყენებას, თუმცა აღნიშნავს, რომ ქ---------------ეს კომპანიისგან მიღებული კომპენსაციის თანხით 1062 ლარით უნდა დაეფარა სესხი, რაზეც მხარეები შეთანხმებული იყვნენ, შესაბამისად მას აღნიშნული თანხის გადახდა აღარ უნდა დაეკისროს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საერთო ვალების გაყოფის ვალდებულებისაგან გ------------–-–---–ი ვერ გათავისუფლდება მხოლოდ ამ გარემოებაზე მითითებით. კრედიტის თანხა წარმოადგენს ქ---------------ის და გ------------–-–---–ის ქორწინების პერიოდში აღებულ საერთო ვალს. საწინააღმდეგო გარემოების დადასტურება მოპასუხემ სათანადო მტკიცებულებით ვერ შეძლო. შესაბამისად, მოპასუხე გ------------–-–---–ს აკისრია ვალდებულება მონაწილეობა მიიღოს საერთო ვალების გადახდაში. ამდენად გ------------–-–---–ს ქ---------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სესხის სახით მიღებული თანხის გადასახდელი თანხის 761,22 ლარის ნახევრის - 381 ლარის გადახდა.
სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის თანახმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მოითხოვს მოპასუხე გ------------–-–---–ს დაეკისროს 9325 ლარის გადახდა (საიდანაც 8925 ლარი შეადგენს ავტომანქანის ღირებულებას, ხოლო 400 ლარი სესხის თანხას), როგორც თანასაკუთრებაში არსებული ქონების ღირებულების შესაბამისად, იმ საფუძვლით, რომ ქ---------------ის შვილი მ---------–-–---–ი ცხოვრობს მოსარჩელესთან ერთად. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მეუღლეთა წილის თანაფარდობიდან გადახვევის საფუძველი და მოპასუხე გ------------–-–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ავტომქანის ღირებულების ნახევარის 7012,50 ლარის და სესხის სახით მიღებული თანხიდან გადასახდელის თანხის ნახევარის 381 ლარის გადახდა.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1168.2. მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით, კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა _ თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ. მითითებული ნორმა მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის ამგვარი განსხვავებული წესით დადგენას ითვალისწინებს მხოლოდ ამავე ნორმით ჩამოთვლილი შემთხვევების არსებობისას. სარჩელის სამართლებრივი საფუძველი აკონკრეტებს, თუ რა ფაქტობრივი გარემოებები უნდა იქნას გათვალისწინებული არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების შემოწმების დროს. მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები საკმარისი არ არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168.2. მუხლის განხორციელებისათვის. მოსარჩელის მითითება, რომ მასთან ცხოვრობს არასრულწლოვანი შვილი, ვერ იქნება გაზიარებული და ვერ გახდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168.2. მუხლის საფუძველზე მეუღლეთა წილის თანაფარდობიდან გადახვევის საფუძველი.
ზემოთ აღინიშნული ნორმის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს არა მხოლოდ არასრულწლოვანი შვილის ერთ-ერთ მეუღლესთან ცხოვრების ფაქტი, არამედ ისეთი გარემოების ან გარემოებათა არსებობა, რომელიც სასამართლოს უქმნის მყარ შინაგან რწმენას, რომ პირის (მეორე მეუღლის) თანასაკუთრების უფლება შესაძლებელია შეიზღუდოს _ შემცირდეს. სასამართლოს შინაგანი რწმენა უნდა ემყარებოდეს ისეთ გარემოებებს, რომლებიც ცალსახად ადასტურებენ არასრულწლოვანი შვილის ინტერესების გათვალისწინების აუცილებლობას. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მეუღლეთა წილის თანაბრობიდან გადახვევის საფუძველი.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ იკვეთება რაიმე პატივსადები მიზეზი იმისა, რომ მეუღლეთა წილის თანაბრობის პრინციპი დაირღვეს. სამოქალაქო კანონმდებლობით, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მათ თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე აქვთ თანაბარი უფლებები. ორივე მხარის ოჯახური, ჯანმრთელობის მდგომარეობისა თუ ბავშვების აღზრდაში მონაწილეობის მიღების თვალსაზრისით, სასამართლო მოცემულ შემთხვევაში, მიზანშეწონილად არ მიიჩნევს მოსარჩელე მხარისათვის გაზრდილი წილის მიკუთვნებას და ადგენს, რომ მხარეთა თანასაკუთრების თანაბრად გაყოფა გავლენას არ მოახდენს არასრულწლოვანი შვილის ინტერესებზე.
სამოქალაქო კოდექსის 1168.2. მუხლის მეორე ნაწილი ადგენს საკუთრების უფლების მოპოვების განსხვავებულ რეჟიმს, რაც მხოლოდ ამავე ნორმით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ შემთხვევებშია დასაშვები. შესაბამისად, მითითებული ნორმის გამოყენებისას დასაბუთებული უნდა იყოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებებით, რომლებიც ადასტურებენ მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისისასგან გადახვევის აუცილებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. 39-ე მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ პუნქტის თანახმად დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელის დროს განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
მოსარჩელე ალიმენტის მოთხოვნის ნაწილში განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან (სსსკ-ის 46-ე მუხლი; ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონი);
მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან ქ---------------ის სარჩელი ალიმენტის მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხემ სარჩელი ცნო შვილის სასარგებლოდ 100 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრების ნაწილში, შესაბამისად დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულობის და მოპასუხის პოზიციის გათვალისწინებით, მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ უნდა გადახდეს 50 ლარი.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის რიგით მეორე სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 271,80 ლარის გადახდა.(221,80 ლარი სარჩელზე და 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფაზე). ხოლო სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გაადხდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სასამართლოს 25.08.2018წ. განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო გ------------–-–---–ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას- სანომრე ნიშანი QE-997-TI, მარკა- მოდელი -მერსედეს-ბენც E500, ფერი - ყავისფერი 1/8, გამოშვების წელი - 2003, საიდენთიფიკაციო ნომერი - WDBUF70JX3A280248, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - DV2638180 გაცემული 07/05/2018წ. ასევე გ------------–-–---–ს აეკრძალა აღნიშნული ავტომობილით გადაადგილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ -უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი კმაყოფილდება ნაწილობრივ არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 55-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ქ---------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გ------------–-–---–ს (პ/ნ 6----------) - არასრულწლოვანი შვილის - 2017 წლის 28 აპრილს დაბადებული მ---------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა თვეში 150 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 24 აგვისტოდან მის სრულწლოვანებამდე.
3. გ------------–-–---–ს - ქ---------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 7393,5 ლარის გადახდა.
4. გ------------–-–---–ს - ქ---------------ის სასარგებლოდ სასარგებლოდ დაეკისროს 271,80 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ (221,80 ლარი სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე და 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფაზე.)
5. გ------------–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე დარინა აბულაძე