გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 820310018002443086 (3-38/18)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 იანვარი, 2019 წელი. ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე
სხდომის მდივანი თამარ ქართველიშვილი
მოსარჩელე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი - ნი-----------–---–ი
მოპასუხე - ნი-----------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მოპასუხეს-ნი-----------ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმის გადახდა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით და ზედმეტად დარიცხული 196.13 ლარის ანაზღაურება.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 19.06.2017 წლის N4743 ბრძანებით რიგითი ნი-----------ე გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან და ჩაირიცხა საკონტრაქტო სამსახურში, იმავე დღეს ნი-----------ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04/11/2018 წლის N683 ბრძანებით დამტკიცებული N1417/16 კონტრაქტი საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. კონტრაქტის 7.3 პუნქტით განისაზღვრა ,,სამხედრო მომსახურების“ ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი. კერძოდ, თუ ,,სამხედრო მოსამსახურე“ ამ კონტრაქტის მოქმედების პირველი ორი წლის განმავლობაში ვადამდე იქნებოდა დათხოვილი საკონტრაქტო სამსახურიდან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას. ის უპირობოდ გახდებოდა ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვის შესახებ ბრძანების გამოცემიდან 10 დღის ვადაში) ჯარიმის სახით აუნაზღაურებდა სამინისტროსათვის 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. ნი-----------ემ 11.01.2018 წლის N26824 პირადი პატაკის საფუძველზე მოითხოვა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა, რაც დაკმაყოფილდა და გენერალური შტაბის უფროსის 24.01.2018 წლის N310 ბრძანებით ნი-----------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტით - კონტრაქტის პირობების დარღვევით, ხოლო კონტრაქტის გაფორმებიდან ამავე კონტრაქტის დარღვევამდე (ვადამდე შეწყვეტამდე) მას ნამსახურები აქვს ორ წლამდე ნაკლები, შესაბამისად, სამინისტროს სასარგებლოდ მას ეკისრება ფინანსური პასუხისმგებლობა კონტრაქტის 7.3 პუნქტის მიხედვით 3 000 ლარის ოდენობით, ნი-----------ეს ასევე ხელფასის სახით ზედმეტად აქვს დარიცხული 196.13 ლარი. არც ჯარიმის თანხა და არც ზედმეტად დარიცხული თანხა მას ამ დრომდე არ აუნაზღაურებია სამინისტროსათვის.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ნი-----------ე წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელის მოთხოვნას არ ცნობს და მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:
მის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეულია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესებით, ხელშეკრულების შეწყვეტისთვის 3 000 ლარის გათვალისწინება სანქციის სახით არის შეუსაბამოდ მაღალი ჯარიმა, მიზეზები ცნობილი იყო ხელმძღვანელობისათვის. შესაბამისად, წარმოდგენილ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. მესამე პირის პოზიცია
საქმეზე მესამე პირი არ არის ჩართული.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 19.06.2017 წლის N4743 ბრძანებით რიგითი ნი-----------ე გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან და ჩაირიცხა საკონტრაქტო სამსახურში, იმავე დღეს ნი-----------ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04/11/2018 წლის N683 ბრძანებით დამტკიცებული N1417/16 კონტრაქტი საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. კონტრაქტის 7.3 პუნქტით განისაზღვრა ,,სამხედრო მომსახურების“ ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი კონტრაქტის მოქმედების პირველი ორი წლის განმავლობაში ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში, ჯარიმის სახით სამინისტროსათვის 3 000 (სამი ათასი) ლარის ანაზღაურებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გენერალური შტაბის უფროსის 19.06.2017 წლის N4743 ბრძანება.
-საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნი-----------ეს შორის 19.06.2017 წელს გაფორმებული ხელშეკრულება
4.1.2. ნი-----------ემ 11.01.2018 წლის N26824 პირადი პატაკის საფუძველზე მოითხოვა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა, რაც დაკმაყოფილდა და გენერალური შტაბის უფროსის 24.01.2018 წლის N310 ბრძანებით და ნი-----------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტით - კონტრაქტის პირობების დარღვევით. კონტრაქტის გაფორმებიდან შეწყვეტამდე მას ნამსახურები აქვს ორ წელზე ნაკლები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ნი-----------ის 11.01.2018 წლის N26824 პირადი პატაკი.
– ცნობა ნამსახურები წლების შესახებ.
4.1.3. ნი-----------ის ერთი თვის ხელფასი შეადგენდა 950.00 ლარს (წოდებრივი სარგო) ხოლო ხელზე ასაღები თანხა განისაზრვრებოდა 760.00 ლარით, ნი-----------ე 24.01.2018 წლიდან დათხოვილი იქნა შეიარაღებული ძალებიდან, შესაბამისად, მას უნდა ჩარიცხოდა 23 დღის ხელფასი 563,87 ლარი. ზედმეტად აქვს დარიცხული 196.13 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ნი-----------ის ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ ცნობა
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. მოპასუხე სადავოდ ხდის მოთხოვნილ ჯარიმის დაკისრების კანონიერებას, მიუთითებს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეულია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესებით. აღნიშნულის დასადასტურებლად შესაგებელზე თანდართულია ლ------------ს სახელზე გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100), სადაც პაციენტის ამბულატარიაში მიმართვის თარიღად აღნიშნულია 24.01. 2018 წელი. დიაგნოზი - ქრონიკული თირეოტოქსიკოზი, საჭიროებს ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობას.
აღნიშნული მტკიცებულების შეფასებისას, სასამართლო მიუთითებს თავდაცვის სამინისტროს სარჩელზე თანდართულ, 2018 წლის 11 იანვრის ნი-----------ის პატაკზე, სადაც ის ითხოვს სამსახურიდან გათავისუფლებას იმ საფუძვლით, რომ სურვილი აქვს სამსახური გააგრძელოს უფრო მაღალ ანაზრაურებად სამოქალაქო სამსახურში. აქვე მიუთითებს, რომ მისთვის ცნობილია კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ.
დასახელებულ მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ მითითებული არგუმენტები არ არის დასაბუთებული, სარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; 'სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’ საქართველოს კანონი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა)ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო წარმოდგენილი სარჩელით ითხოვს მოპასუხეს-ნი-----------ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმის გადახდა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით და ზედმეტად დარიცხული 196.13 ლარის ანაზღაურება.
7.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის შესაბამისად სახელშეკრულებო დავების გადაწყვეტა ხდება საერთო სასამართლოებისათვის მიმართვის გზით. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,ზ“ პუნქტით ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
სასამართლო თვლის, რომ სახეზეა ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავა.
დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 19.06.2017 წლის N4743 ბრძანებით რიგითი ნი-----------ე გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან და ჩაირიცხა საკონტრაქტო სამსახურში, იმავე დღეს ნი-----------ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04/11/2018 წლის N683 ბრძანებით დამტკიცებული N1417/16 კონტრაქტი საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. კონტრაქტის 7.3 პუნქტით განისაზღვრა ,,სამხედრო მომსახურების“ ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი კონტრაქტის მოქმედების პირველი ორი წლის განმავლობაში ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში, ჯარიმის სახით სამინისტროსათვის 3 000 (სამი ათასი) ლარის ანაზღაურებას.
7.3. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 05 აპრილის #119 ბრძანებულებით დამტკიცებული 'საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების' თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროგრამიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად ჯარების მომზადების დონის განსაზღვრა, სამხედრო კადრების მომზადება.
'სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას, ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე, რაც სახელმწიფოს მხრიდან მის მატერიალურ, სოციალურ და სამედიცინო უზრუნველყოფას გულისხმობს.
ამდენად, სამხედრო კადრების მომზადება, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიული, დისციპლინური, მაღალკვალიფიციური სამხედრო პერსონალით, წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო უფლებამოსილებას და მისი უშუალო, პირდაპირი ფუნქციაა, ანუ ამ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას და სწორედ ამ მიზნით არის დადებული ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელე ითხოვს სადავო თანხების ანაზღაურებას, რის გამოც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ შემთხვევაში ერთის მხრივ თავდაცვის სამინისტროს და მეორეს მხრივ მოპასუხე ნი-----------ეს შორის 2017 წლის 19 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ, რომლითაც განისაზღვრა ორივე მათგანის როგორც უფლებები, ისე ვალდებულებები. განისაზღვრა ჯარიმის ოდენობაც ვადაზე ადრე დათხოვნის შემთხვევაში.
დადგენილია, რომ მოპასუხე ნი-----------ემ 11.01.2018 წლის N26824 პირადი პატაკის საფუძველზე მოითხოვა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა, რაც დაკმაყოფილდა და გენერალური შტაბის უფროსის 24.01.2018 წლის N310 ბრძანებით და ნი-----------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტით - კონტრაქტის პირობების დარღვევით. კონტრაქტის გაფორმებიდან შეწყვეტამდე მას ნამსახურები აქვს ორ წელზე ნაკლები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და მოპასუხეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ჯარიმის 3000 (სამი ათასი) ლარის გადახდა, ასევე ზედმეტად დარიცხული თანხის 196.13 ლარის ანაზღაურება.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.
მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა,9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-2, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ნი-----------ეს (პ/ნ 6----------) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმის თანხის ანაზღაურება 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით და ზედმეტად დარიცხული თანხის 196.13 ლარის ანაზღაურება.
3. ნი-----------ეს (პ/ნ 6----------) დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4. გადაწყვეტილება გადაეგზავნოს მხარეებს.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით. /მისამართი: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358/.
მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე