გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 820310018002589834 (3-85/18)
21 იანვარი, 2019 წელი. ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე
სხდომის მდივანი თამარ ქართველიშვილი
მოსარჩელე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი - მე-----------–-–---–ი
მოპასუხე - დ---- კ---------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მოპასუხეს- დ---- კ---------ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმის გადახდა 3000 (სამი ათასი) ლარის ანაზღაურება.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 19.06.2017 წლის N4742 ბრძანებით რიგითი დ---- კ---------ე გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან და ჩაირიცხა საკონტრაქტო სამსახურში და დაინიშნა საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო სარდლობის უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის კურსების რეკრუტად. მიენიჭა პირველადი სამხედრო წოდება ,,რიგითი“ და ცაირიცხა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე 2017 წლის 19 ივნისიდან. იმავე დღეს დ---- კ---------ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04/11/2018 წლის N683 ბრძანებით დამტკიცებული N3005/17 კონტრაქტი საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ.
კონტრაქტის 7.3 პუნქტით განისაზღვრა ,,სამხედრო მოსამსახურის’’ ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი, კერძოდ, თუ ,,სამხედრო მოსამსახურე ‘’ ამ კონტრაქტის მოქმედების განმავლობაში ვადამდე იქნებოდა დათხოვნილი საკონტრაქტო სამსახურიდან პირველი ორი წლის გავლის პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, ის უპირობოდ გახდებოდა ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან ( შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან 10 დღის ვადაში), ჯარიმის სახით აენაზღაურებინა ,,სამინისტროსათვის’’ 3 000 (სამი ათასი) ლარი.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 29.08.2017 წლის N6091 ბრძანებით რიგითი დ---- ა----- ძე კ---------ე დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითი ბატალიონის III მსუბუქი ქვეითი ასეულის მეორე მსუბუქი ოცეულის იარაღის სექციის მეტყვიამფრქვევედ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 02.07.2018 წლის N3856 ბრძანებით რიგითი დ---- კ---------ე პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ’’ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის (პირადი პატაკით).
დ---- კ---------ის წელთა ნამსახურება შეიარაღებულ ძალებში შეადგენს ერთ წელს, 0 თვესა და 14 დღეს. მას კონტრაქტის გაფორმებიდან ამავე კონტრაქტის დარღვევამდე (ვადამდე შეწყვეტამდე) ნამსახურები აქვს 2 წელზე ნაკლები, შესაბამისად სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ მას ეკისრება ფინანსური პასუხისმგებლობა კონტრაქტის 7.3 პუნქტის მიხედვით 3 000 ლარის ოდენობით, რაც მას ამ დრომდე აუნაზღაურებია.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე დ---- კ---------ემ 2018 წლის 20 აგვისტოს ჩაიბარა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი და თანდართული მასალები, თუმცა მას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი არ შემოუტანია. ჩანიშნულ სასამართლო პროცესზეებზე, მათ შორის 2019 წლის 21 ინვარს, მოპასუხე დ---- კ---------ე არ გამოცხადებულა, შესაბამისად სასამართლოსთვის უცნობია მისი პოზიცია სარჩელთან დაკავშირებით
3. მესამე პირის პოზიცია
საქმეზე მესამე პირი არ არის ჩართული
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 19.06.2017 წლის N4742 ბრძანებით რიგითი დ---- კ---------ე გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან და ჩაირიცხა საკონტრაქტო სამსახურში და დაინიშნა საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო სარდლობის უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის კურსების რეკრუტად. იმავე დღეს დ---- კ---------ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04/11/2018 წლის N683 ბრძანებით დამტკიცებული N3005/17 კონტრაქტი საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. სამხედრო სამსახურის ვადა წინამდებარე კონტრაქტის შესაბამისად განისაზღვრა 4 წლით, რომლის ვადის ათვლა იწყებოდა კონტრაქტის გაფორმებიდან - ე.ი 2017 წლის 17 ივლისიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2017 წლის 19 ივლისის N3005/17 კონტრაქტი.
-19.06.2017 წლის N4742 გენერალური შტაბის უფროსის ბრძანება.
4.1.2. კონტრაქტის 7.3. პუნქტით განისაზღვრა "სამხედრო მოსამსახურის" ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი, კერძოდ, თუ "სამხედრო მოსამსახურე" ამ კონტრაქტის მოქმედების პირველი ორი წლის განმავლობაში ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, სამხედრო მოსამსახურე" უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში, აუნაზღაუროს "სამინისტროს" ჯარიმის სახით 3 000 (სამი ათასი) ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2017 წლის 19 ივლისის N3005/17 კონტრაქტი.
4.1.3.დ---- კ---------ემ 12.06.2018 წლის პირადი პატაკით მოითხოვა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა, რაც დაკმაყოფილდა და გენერალური შტაბის უფროსის 02.07.2018 წლის N3856 ბრძანებით და დ---- კ---------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტით - კონტრაქტის პირობების დარღვევით. კონტრაქტის გაფორმებიდან შეწყვეტამდე მას ნამსახურები აქვს ორ წელზე ნაკლები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დ---- კ---------ის 12.06.2018 წლის პირადი პატაკი.
– გენერალური შტაბის უფროსის 02.07.2018 წლის N3856 ბრძანება.
4.1.4. დ---- კ---------ეს კონტრაქტის გაფორმებიდან ამავე კონტრაქტის დარღვევამდე (ვადამდე შეწყვეტამდე) ნამსახურები აქვს 2 წელზე ნაკლები, შესაბამისად სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ მას ეკისრება ფინანსური პასუხისმგებლობა კონტრაქტის 7.3 პუნქტის მიხედვით 3 000 ლარის ოდენობით, რაც მას ამ დრომდე აუნაზღაურებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა ფინანსური პასუხიმგებლობის განსაზღვრის შესახებ.
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმეზე სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადაგენილა.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; 'სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’ საქართველოს კანონი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა)ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო წარმოდგენილი სარჩელით ითხოვს მოპასუხეს-დ---- კ---------ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმის გადახდა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
7.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის შესაბამისად სახელშეკრულებო დავების გადაწყვეტა ხდება საერთო სასამართლოებისათვის მიმართვის გზით. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,ზ“ პუნქტით ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
სასამართლო თვლის, რომ სახეზეა ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავა.
დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 19.06.2017 წლის N4742 ბრძანებით რიგითი დ---- კ---------ე გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან და ჩაირიცხა საკონტრაქტო სამსახურში. იმავე დღეს დ---- კ---------ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04/11/2018 წლის N683 ბრძანებით დამტკიცებული N3005/17 კონტრაქტი საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. კონტრაქტის 7.3 პუნქტით განისაზღვრა ,,სამხედრო მომსახურების“ ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი კონტრაქტის მოქმედების პირველი ორი წლის განმავლობაში ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში, ჯარიმის სახით სამინისტროსათვის 3 000 (სამი ათასი) ლარის ანაზღაურებას.
7.3. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 05 აპრილის #119 ბრძანებულებით დამტკიცებული 'საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების' თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროგრამიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად ჯარების მომზადების დონის განსაზღვრა, სამხედრო კადრების მომზადება.
'სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას, ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე, რაც სახელმწიფოს მხრიდან მის მატერიალურ, სოციალურ და სამედიცინო უზრუნველყოფას გულისხმობს.
ამდენად, სამხედრო კადრების მომზადება, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიული, დისციპლინური, მაღალკვალიფიციური სამხედრო პერსონალით, წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო უფლებამოსილებას და მისი უშუალო, პირდაპირი ფუნქციაა, ანუ ამ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას და სწორედ ამ მიზნით არის დადებული ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელე ითხოვს სადავო თანხების ანაზღაურებას, რის გამოც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ შემთხვევაში ერთის მხრივ თავდაცვის სამინისტროს და მეორეს მხრივ მოპასუხე დ---- კ---------ეს შორის 2017 წლის 19 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ, რომლითაც განისაზღვრა ორივე მათგანის როგორც უფლებები, ისე ვალდებულებები. ვადაზე ადრე დათხოვნის შემთხვევაში განისაზღვრა ჯარიმის ოდენობა 3000 ლარი.
დადგენილია, რომ მოპასუხე დ---- კ---------ემ 12.06.2018 წლის პირადი პატაკით მოითხოვა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა, რაც დაკმაყოფილდა და გენერალური შტაბის უფროსის 02.07.2018 წლის N3856 ბრძანებით და დ---- კ---------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტით - კონტრაქტის პირობების დარღვევით. კონტრაქტის გაფორმებიდან შეწყვეტამდე მას ნამსახურები აქვს ორ წელზე ნაკლები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და მოპასუხეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ჯარიმის 3000 (სამი ათასი) ლარის გადახდა.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.
მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა,9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-2, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. დ---- კ---------ეს (პ/ნ 6----------) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმის თანხის ანაზღაურება 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
3. დ---- კ---------ეს (პ/ნ 6----------) დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4. გადაწყვეტილება გადაეგზავნოს მხარეებს.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით. /მისამართი: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358/.
მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე