გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.03.2019
საქმის ნომერი
330210018002486516
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
28.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/17090-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 მარტი, 2019 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი

 

სხდომის მდივანი: მაგდა მამაცაშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე: ა-----–----------ი

წარმომადგენელი: დ-------------–-ვა

 

მოპასუხე: ი------------ი

წარმომადგენელი: ს--–----------–-ძე

 

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ი------------ს ა-----–----------ის სასარგებლოდ, ზიანის ანაზღაურების მიზნით, დაეკისროს - 49 470 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2015 წლის 26 ნოემბერს ნოტარიუს ი------------ის სანოტარო ბიუროში, მდებარე: ქალაქი თბილისი, დ-----------–-------------------------, ა-----–----------მა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გააფორმა თ------–----–-–---–თან, რომელსაც ასესხა 20 000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 2.5% სარგებლის დარიცხვით და გადახდით. სანაცვლოდ იპოთეკით დაიტვირთა თ------–----–-–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, მ----------------–--------------------------------------, ფართი 32.00 კვ.მ., სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №1--------.

 

როგორც შემდგომ, გამოძიების დროს გახდა ან-----–----------------ის ცნობილი, ა-----–----------თან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გააფორმა არა იმ თ------–----–-–---–მა, რომელიც იყო მისული სანოტარო ბიუროში და რომელსაც მოსარჩელემ თანხა გადასცა, არამედ სულ სხვა თ------–----–-–---–მა, რომლის წარმომადგენელიც იყო სანოტარო ბიუროში მისული და რომელმაც მოაწერა ხელი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას. აღნიშნული გარემოება ა-----–----------ისათვის ცნობილი არ ყოფილა ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დროს, ვინაიდან ნოტარიუსის მიერ არ შემდგარა ხელშეკრულების რუსული ვარიანტი და შესაბამისად არ ყოფილა ნათარგმნი ხელშეკრულების პირობები.

 

ა-----–----------ი ეროვნებით არის სომეხი ეროვნების, დაბადებული და გაზრდილია ჯავახეთში, კერძოდ ახალქალაქში, სადაც მხოლოდ სომხურ ენოვანი მოსახლეობაა, დამთავრებული აქვს რუსული საშუალო სკოლა, ინსტიტუტი და წლების მანძილზე არ ცხოვრობდა საქართველოში. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, იგი არ ფლოს ქართულ ენას. მხოლოდ ცნობს ქართულ ასოებს და იცის საკუთარი სახელისა და გვარის წერა. შესაბამისად, მის მიერ გაცემული მინდობილობები ნოტარიუსის მიერ შედგენილია ქართულ და რუსულ ენებზე.

 

2016 წელს ა-----–----------ს დაუკავშირდა გამომძიებელი და სთხოვა მისულიყო მცხეთის პროკურატურაში მოწმის სახით დასაკითხად. გამომძიებელმა აუხსნა, რომ თაღლითობის მუხლით დაკავებული იყო თ------–----–-–---–ი, რომელმაც გაყალბებული მინდობილობით იპოთეკით დატვირთა, ასევე თ------–----–-–---–ის უძრავი ქონება და როგორც მოსარჩელისაგან, ასევე სხვა პირებისაგან აიღო დიდი ოდენობით თანხა. ა-----–----------ი გამოცხადდა პროკურარტურაში და თარჯიმნის მეშვეობით მისცა ჩვენება. თ------–----–-–---–ის მიმართ დადგა განაჩენი და მას მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა.

 

ამდენად, ა-----–----------ს ნოტარიუსის მიერ, მისთვის გასაგებ სომხურ ან რუსულ ენაზე არ ეთარგმნა სანოტარო აქტი - 2015 წლის 26 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, შესაბამისად, ხელშეკრულება დაიდო სანოტარო მოქმედებათა შესრულების შესაბამისი ინსტრუქციის დარღვევით, რის გამოც მოსარჩელეს მიადგა ზიანი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ი------------მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2015 წლის 26 ნოემბერს ნოტარიუს ი------------ს თავის სანოტარო ბიუროში, მდებარე: ქალაქი თბილისი, დ-----------–-------------------------, მიმართეს თ------–----–-–---–მა საკუთარი სახელით და როგორც თ------–----–-–---–ის (დაბ. 15.22.1---წ. პ/ნ 0----------) წარმომადგენელმა (პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშაულებით მიღებული რწმუნებულება/მინდობილობა დამოწმებული ნოტარიუს ლ---------ს მიერ 21.11.2015წ., რეესტრის №---------, სანოტარო მოქმედების ინდ. №2-------------) და ა-----–----------მა. მათ ნოტარიუს განუცხადეს, რომ სურდათ სესხისა და იპოთეკის ერთიანი ხელშეკრულების შედგენა და მისი სანოტარო წესით დამოწმება. ნოტარიუსმა დაადგინა მათი პირადობა, მათ მიერ წარმოდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებით. მხარეთა მიერ წარმოდგენილი იყო ხელშეკრულების დადებისათვის საჭირო დოკუმენტაცია, რომლის შესწავლის შემდეგ, ნოტარიუსი დარწმუნდა, რომ მხარეები უფლებამოსილნი იყვნენ დაედოთ წინამდებარე ხელშეკრულება. იპოთეკის საგანი (უძრავი ქონება) საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა მესაკუთრეს, თანახმად საჯარო რეესტრის ამონაწერისა, რომელიც წარმოდგენილი იყო მესაკუთრის მიერ. ნოტარიუსმა, ასევე შეამოწმა მხარეთა ქმედუნარიანობა და დარწმუნდა, რომ მათ ქმედუნარიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ ჰქონდა, აგრეთვე დაადგინა მხარეთა ნების გამოხატვის ნამდვილობა. ასევე, მხარეებს განუმარტა მათი უფლება-მოვალეობები და ხელშეკრულების დადების სამართლებრივი შედეგები.

 

რაც შეეხება მინდობილობას, (რომელზეც მოსარჩელე უთითებს, რომ იყო ყალბი) ნოტარიუსმა გადაამოწმა ელ. რეესტრში და დაადგინა, რომ აქტი ნამდვილი იყო და ქონდა მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი. შესაბამისად, არ არსებობდა მინდობილობის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.

 

გამომდინარე იქიდან, რომ ა-----–----------მა გამოხატა ნამდვილი ნება დაედო ხელშეკრულება, ამასთან ნოტარიუსთან არ განუცხადებია იმის შესახებ, რომ იგი სრულყოფილად არ ფლობდა ქართულ ენას, არამედ პირიქით, მან განაცხადა, რომ ფლობდა ქართულ ენას, შეეძლო წერა-კითხვა თავისუფლად და მისთვის გასაგები იყო ხელშეკრულების შინაარსი, რის გამოც არ გამხდარა აუცილებელი თარჯიმნის მონაწილეობა ხელშეკრულების დადებისას. ა-----–----------ი სრულად გაეცნო სანოტარო აქტს და თავისი ნება დაადასტურა მასზე ხელმოწერით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 26 ნოემბერს ნოტარიუს ი------------ის სანოტარო ბიუროში, მდებარე: ქ. თბილისი, დ-----------–-------------------------, პირველი სართული, ა-----–----------სა და თ------–----–-–---–ს (პ/ნ 3----------) შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციი №1--------), რომლის საფუძველზეც ა-----–----------მა თ------–----–-–---–ს სესხის სახით გადასცა 20 000 აშშ დოლარი ყოველთვიურად 2.5% სარგებლის დარიცხვისა და გადახდის პირობით. სესხის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 26 მაისამდე. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა სხვა თ------–----–-–---–ის (პ/ნ 0----------) კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, მ----------------–--------------------------------------, ფართით: 32.00 კვ.მ.

 

ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე და მას ხელს აწერენ იპოთეკარი - ა-----–----------ი, მსესხებელი - თ------–----–-–---–ი (პ/ნ 3----------) და იგივე თ------–----–-–---–ი, როგორც მესაკუთრე თ------–----–-–---–ის (პ/ნ 0----------) წარმომადგენელი. ხელმოწერები შესრულებულია ქართულ ენაზე.

 

აღნიშნული სანოტარო აქტის შესავალ ნაწილში მითითებულია, რომ ი------------ს მის სანოტარო ბიუროში მიმართეს თ------–----–-–---–მა საკუთარი სახელით და როგორც თ------–----–-–---–ის (დაბ. 15.11.1---წ. პ/ნ 0----------) წარმომადგენელმა (პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშაულებით მიღებული რწმუნებულება/მინდობილობა დამოწმებული ნოტარიუს ლ---------ს მიერ 21.11.2015წ., რეესტრის №---------, სანოტარო მოქმედების ინდ. №2-------------) და ა-----–----------მა, რომლებმაც განაცხადეს, რომ სურდათ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შედგენა და მისი სანოტარო წესით დამოწმება. ნოტარიუსმა დაადგინა მათი პირადობა მათ მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებით: თ------–----–-–---–ი - დაბ. 16.-------წ., პ/ნ 3----------; ა-----–----------ი - დაბ. 07.09.1---წ., პ/ნ 0---------0. მათ წარადგინეს ხელშეკრულების დადებისათვის საჭირო დოკუმენტაცია, რომლის შესწავლის შედეგად ნოტარიუსი დარწმუნდა, რომ მხარეები უფლებამოსილნი იყვნენ დაედოთ წინამდებარე ხელშეკრულება. ნოტარიუსმა, ასევე დაადგინა, რომ იპოთეკის საგანი (უძრავი ქონება) საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა მესაკუთრეს, თანახმად საჯარო რეესტრის ამონაწერისა, რომელიც წარდგენილი იყო მესაკუთრის მიერ. ნოტარიუსმა შეამოწმა მხარეთა ქმედუნარიანობა და დარწმუნდა, რომ მათ ქმედუნარიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ ჰქონდა, აგრეთვე დაადგინა მხარეთა ნების გამოხატვის ნამდვილობა. მხარეებს განუმარტა ამ ხელშეკრულების დადების სამართლებრივი შედეგები და მათი უფლება-მოვალეობები.

 

სანოტარო აქტის შესავალ ნაწილში, ასევე მითითებულია შემდეგი: მხარეებმა განაცხადეს, რომ ისინი სრულად აცნობიერებენ ნოტარიუსის განმარტებას და სურთ ხელშეკრულების დადება. მხარეებმა წაიკითხეს აღნიშნული ხელშეკრულება დანართებით და ნოტარიუსის თანდასწრებით მოაწერეს ხელი.

 

3.1.2. 2015 წლის 11 თებერვალს შედგენილ იქნა სანოტარო აქტი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №1--------), რომლის საფუძველზეც ა-----–----------მა, როგორც შპს „C---------”-ის პარტნიორმა გასცა მინდობილობა ლი-----------ს მიმართ.

 

ასევე, 2017 წლის 21 ნოემბერს შედგენილ იქნა სანოტარო აქტი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №1--------), რომლის საფუძველზეც ა-----–----------მა გასცა მინდობილობა დ-------------–-ვას მიმართ.

 

აღნიშნული მინდობილობები შედგენილია ქართულ და რუსულ ენებზე თარჯიმნის მონაწილეობით და ა-----–----------ი მას ხელს აწერს რუსულ ენაზე.

 

3.1.3. 2017 წლის 24 თებერვალს შედგენილ იქნა შპს „სა-–------------–----ის“ კრების ოქმი ა-----–----------ის მონაწილეობით, რომელსაც ა-----–----------ი ხელს აწერს რუსულ ენაზე. ამასთან, კრების ოქმი შედგენილია თარჯიმნის მონაწილეობით ქართულ და რუსულ ენებზე.

 

3.1.4. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 აგვისტოს განაჩენის თანახმად, თ------–----–-–---–ი (პ/ნ 3----------) ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 25-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა.

 

აღნიშნული განაჩენით დადგენილ იქნა - 21.11.2015წელს თ------–----–-–---–ის (პ/ნ 0----------) მიერ თ------–----–-–---–ის (პ/ნ 3----------) მიმართ გაცემული მინდობილობის (პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშაულებით მიღებული რწმუნებულება/მინდობილობა; ნოტარიუს ლ---------, რეესტრის №---------) სიყალბე.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ა-----–----------ი არ ფლობს ქართულ ენას და 26.11.2015წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებისას ნოტარიუს ი------------ის მიერ დარღვეულ იქნა „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციით გათვალისწინებული ვალდებულებები. კერძოდ, ა-----–----------ი ნოტარიუსის მიერ არ იქნა უზრუნველყოფილი თარჯიმნით და სანოტარო აქტი არ ყოფილა შედგენილი მისთვის გასაგებ ენაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც მხარეებს უფლებებთან ერთად თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს აკისრებს. ეს დანაწესი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. კერძოდ, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არამარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას, ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს, რომ იგი არ ფლობს ქართულ ენას. თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, ი------------მა იგი თარჯიმნით არ უზრუნველყო, რითაც დაარღვია „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულება. შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ მოახერხა 26.11.2015წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაცნობა, რის გამოც მისთვის უცნობი იყო, რომ პირი, რომელთანაც დებდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას მოქმედებდა მინდობილობის საფუძველზე (რომლის სიყალბეც დადგენილ იქნა სისხლის სამართლის საქმეზე მცხეთის რაიონული სასამართლოს 19.08.2016წ. განაჩენით) და არ წარმოადგენდა იმ თ------–----–-–---–ს, რომელიც იყო იპოთეკის საგნის მესაკუთრე. ა-----–----------ისათვის ცნობილი რომ ყოფილიყო აღნიშნული გარემოების შესახებ იგი არ გააფორმებდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას და შესაბამისად ზიანიც თავიდან იქნებოდა აცილებული.

 

ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ ა-----–----------ი ეროვნებით არის სომეხი. იგი დაბადებული და გაზრდილია ჯავახეთში, კერძოდ ახალქალაქში, სადაც მხოლოდ სომხურ ენოვანი მოსახლეობაა. დამთავრებული აქვს რუსული საშუალო სკოლა და ინსტიტუტი. წლების მანძილზე არ ცხოვრობდა საქართველოში. შესაბამისად იგი არ ფლობს ქართულ ენას. მხოლოდ ქართულ ასოებს ცნობს და იცის საკუთარი სახელისა და გვარის წერა. ამასთან, იმ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, რომ მოსარჩელე არ ფლობს ქართულს ენას, საქმეში წარმოდგენილია სხადასხვა დროს ა-----–----------ის მონაწილეობით შედგენილი დოკუმენტები, რომლებიც შედგენილია ქართულ და რუსულ ენაზე თარჯიმნის მონაწილეობით, ხოლო მათზე ა-----–----------ის ხელმოწერა შესრულებულია რუსულ ენაზე. ეს დოკუმენტებია: 2015 წლის 11 თებერვალს ა-----–----------ის, როგორც შპს „C---------”-ის პარტნიორის მიერ გაცემული მინდობილობა, ასევე 2017 წლის 24 თებერვლის შპს „სა-–------------–----ის“ კრები ოქმი. ორ ენოვანია ასევე სარჩელზე დართული 2017 წლის 21 ნოემბრის მინდობილობა, რომლის საფუძველზეც განსახილველ საქმეში დ-------------–-ვა წარმოადგენს ა-----–----------ს.

 

როგორც სარჩელზე დართული 2015 წლის 26 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან ირკვევა, ა-----–----------მა თ------–----–-–---–ს (პ/ნ 3----------) სესხის სახით გადასცა 20 000 აშშ დოლარი ყოველთვიურად 2.5% სარგებლის დარიცხვისა და გადახდის პირობით. ხოლო, სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა თ------–----–-–---–ის (პ/ნ 0----------) კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, მ----------------–-------------------------------------, ფართით: 32.00 კვ.მ. აღნიშნული ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე და მას ხელს აწერენ იპოთეკარი - ა-----–----------ი, მსესხებელი - თ------–----–-–---–ი (პ/ნ 3----------) და იგივე თ------–----–-–---–ი, როგორც მესაკუთრე თ------–----–-–---–ის (პ/ნ 0----------) წარმომადგენელი. ხელმოწერები შესრულებულია ქართულ ენაზე.

 

ამასთან, სანოტარო აქტის შესავალ ნაწილში მითითებულია, რომ ნოტარიუსმა დაადგინა მხარეთა პირადობა მათ მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებით, შეამოწმა მხარეთა ქმედუნარიანობა და დარწმუნდა, რომ მათ ქმედუნარიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ ჰქონდა, აგრეთვე დაადგინა მხარეთა ნების გამოხატვის ნამდვილობა. ხელშეკრულების დადებისათვის საჭირო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, ნოტარიუსი დარწმუნდა, რომ მხარეები უფლებამოსილნი იყვნენ დაედოთ წინამდებარე ხელშეკრულება. ასევე, გამოარკვია, რომ იპოთეკის საგანი (უძრავი ქონება) საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა მესაკუთრეს და მხარეებს განუმარტა ამ ხელშეკრულების დადების სამართლებრივი შედეგები და მათი უფლება-მოვალეობები. სანოტარო აქტის შესავალ ნაწილში, ასევე მითითებულია, რომ მხარეებმა განაცხადეს, რომ ისინი სრულად აცნობიერებენ ნოტარიუსის განმარტებას და სურთ ხელშეკრულების დადება. მხარეებმა წაიკითხეს აღნიშნული ხელშეკრულება დანართებით და ნოტარიუსის თანდასწრებით მოაწერეს ხელი.

 

მოპასუხის განმარტებით, მის მიერ, ელ. რეესტრში შემოწმებულ იქნა თ------–----–-–---–ის მიერ წარდგენილი მინდობილობა და დაწრმუნდა რომ აქტი ნამდვილი იყო და მინიჭებული ჰქონდა რეგისტრაციის ნომერი. რაც შეეხება მინდობილობის სიყალბეს, აღნიშნული დადგენილ იქნა შემდგომ - მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 აგვისტოს განაჩენის საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.

 

ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების დეტალური ანალიზის შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სათანადოდ ვერ იქნა დადასტურებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ იგი არ ფლობს ქართულ ენას. კერძოდ, იმ პირობებში როდესაც საქმეში წარმოდგენილია ქართულ ენაზე შედგენილი 26.11.2015წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომელზეც ა-----–----------ი გარკვევით და არაორაზროვნად აწერს ხელს, ასევე ქართულ ენაზე, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ზემოთ დასახელებული დოკუმენტები - მინდობილობა და კრების ოქმი, ვერ გახდება იმის უტყუარი მტკიცებულება, რომ ა-----–----------მა არ იცის ქართული ენა. აღნიშნული უტყუარად ვერც იმ გარემოებებით დადასტურდება, რომ ა-----–----------ი ეროვნებით არის სომეხი, დაბადებული და გაზრდილი ჯავახეთში და მიღებული აქვს რუსულენოვანი განათლება. ამასთან, მოსარჩელე სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ მას ნოტარიუსისათვის არ განუცხადებია თარჯიმნის საჭიროების შესახებ.

 

შესაბამისად, ვინაიდან ნოტარიუსი თარჯიმნით უზრუნველყოფს მხოლოდ იმ სანოტარო მოქმედების მონაწილე პირს, რომელმაც არ იცის ქართული ენა, ხოლო განსახილველ შემთხვევაში არ იქნა დადგენილი ის გარემოება, რომ ა-----–----------ი არ ფლობს ქართულ ენას, სასამართლო, ასევე არ იზიარებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ ი------------მა დაარღვია „სანოტარო მოქმედებათა შესრულების შესახებ“ ინსტრუქციით გათვლისწინებული ვალდებულებები.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ მტკიცების ტვირთის სამართლიანად და ობიექტურად განაწილების პრინციპის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო მისი მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება.

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა ა-----–----------ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფლდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 408-ე, 992-ე მუხლებით;

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის მე-8, 24-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული 992-ე მუხლი განაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ ნოტარიუს ი------------მა დაარღვია „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციით გათვალისწინებული ვალდებულება და 2015 წლის 26 ნოემბერს მის სანოტარო ბიუროში ა-----–----------სა და თ------–----–-–---–ს შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებისას ა-----–----------ი, რომელიც არ ფლობს ქართულ ენას, არ უზრუნველყო თარჯიმნით, შესაბამისად, ასევე არ უზრუნველყო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თარგმნა ა-----–----------ისათვის გასაგებ ენაზე, რის გამოც მოსარჩელემ ვერ შეძლო ხელშეკრულების გაცნობა და შედეგად მიადგა მატერიალური ზარალი. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სანოტარო მოქმედების შესრულებისას ნოტარიუსი ვალდებულია იყოს მიუკერძოებელი და სანოტარო მოქმედების შესრულებისას დაადგინოს სანოტარო მოქმედების მონაწილე ფიზიკური და იურიდიული პირის ან მათი წარმომადგენლის ვინაობა, უფლებამოსილება და ქმედუნარიანობა, ნების თავისუფალი გამოვლენის ნამდვილობა, სანოტარო მოქმედების მონაწილეს განუმარტოს მისი უფლებები და ვალდებულებები, გააფრთხილოს სანოტარო მოქმედების იურიდიული შედეგების შესახებ; ამავე ინსტრუქციის 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი სანოტარო აქტი (საჯარო აქტი) უნდა შედგეს სახელმწიფო ენაზე. ამასთანავე, სანოტარო მოქმედების მონაწილის (მონაწილეების) მიერ სახელმწიფო ენის ან მისი დამწერლობის არცოდნისას, ნოტარიუსი სანოტარო მოქმედებას ასრულებს თარჯიმნის მონაწილეობით. ასეთ შემთხვევაში სავალდებულოა სანოტარო აქტი შედგეს კლიენტისთვის გასაგებ ენაზეც. თარჯიმნის მონაცემები შეიტანება სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის რეესტრსა და სანოტარო აქტში. თუ ნოტარიუსმა იცის შესაბამისი ენა, დოკუმენტს თარგმნის თვითონ და ამის შესახებ მიუთითებს აქტში, თუკი ამის წინააღმდეგი არ არის სანოტარო მოქმედების მონაწილე. ამასთანავე, სანოტარო მოქმედების მონაწილის თანხმობის გაცხადების შესახებ მითითება სავალდებულო არ არის. ივარაუდება, რომ მან ნოტარიუსის მიერ დოკუმენტის თარგმნის შესახებ თანხმობა გამოხატა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად არ მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ა-----–----------ი არ ფლობს ქართულ ენას. შესაბამისად არც ის მოსაზრება გაიზიარა, რომ 26.11.2015წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებისას ნოტარიუსმა „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციით გათვალისწინებული ვალდებულების საწინააღმდეგოდ, ა-----–----------ი არ უზრუნველყო თარჯიმნით. მოპასუხემ, სამოქალაქო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის ზოგადი პრინციპის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო მის მიერ მითითებული და მოპასუხის მიერ სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოებების სათანადოდ დადასტურება.

 

ამდენად, ვინაიდან არ იქნა დადასტურებული ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, იგულისხმება, რომ ა-----–----------ი გაეცნო 26.11.2015წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას, ხოლო თუ არ გაეცნო და ისე მოაწერა მასზე ხელი აღნიშნული წარმოადგენს მის მიერ გამოვლენილ უხეშ გაუფრთხილებლობას. ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელის მითითება, რომ მის მიერ ხელშეკრულების გაცნობა ვერ მოხდა ენის არ ცოდნის გამო დაუსაბუთებელია, ვინაიდან თუკი გარიგების ერთ-ერთმა მხარემ არ იცის ენა, რომელზედაც შედგენილია ხელშეკრულება, მაშინ ხელშეკრულება იდება ასევე იმ ენაზეც, რომელიც ამ მხარისათვის მისაღებია, ან ხელშეკრულების დადებისას ეს მხარე წარმოდგენილია თარჯიმნის მეშვეობით. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის განმარტებით, მას არ განუცხადებია ნოტარიუსისათვის თარჯიმნის საჭიროების შესახებ, ხოლო ის გარემოება, რომ ნოტარიუსმა სათანადოდ არ შეასრულა მისი ვალდებულება და ან----–--------ი არ უზრუნველყო თარჯიმნის მომსახურებით, სასამართლოს მიერ არ იქნა დადგენილი.

 

ამდენად, ვინაიდან არ იქნა დადგენილი ნოტარიუს ი------------ის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება, საფუძველს მოკლებულია ზიანთან დაკავშირებით მიზეზობრივ კავშირზე მსჯელობა.

 

შესაბამისად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა-----–----------ის სარჩელი ნოტარიუს ი------------ის მიმართ ზიანის ანაზრაურების მიზნით - 49 470 ლარის დაკისრების თაობაზე, დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებერივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ამდენად, ვინაიდან არ დაკმაყოფილდა ა-----–----------ის სარჩელი, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

7.2. მოპასუხემ მოითხოვა მის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის - 1000 ლარის მოსარჩელისათვის დაკისრებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოპასუხეს წარმოდგენილი აქვს 1000 ლარის ოდენობით იურიდიული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მოსარჩელე ა-----–----------ს მოპასუხე ი------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის, დავის საგნის 4%-მდე - 200 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა-----–----------ის სარჩელი ი------------ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

3. ა-----–----------ს ი------------ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების მიზნით - 200 ლარის გადახდა.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი

 

საქმე №2/17090-18

 

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

სარეზოლუციო ნაწილი

28 მარტი, 2019 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი

 

სხდომის მდივანი: მაგდა მამაცაშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე: ა-----–----------ი

წარმომადგენელი: დ-------------–-ვა

 

მოპასუხე: ნოტარიუსი ი------------ი

წარმომადგენელი: ს--–----------–-ძე

 

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა-----–----------ის სარჩელი ნოტარიუს ი------------ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

3. ა-----–----------ს ი------------ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების მიზნით - 200 ლარის გადახდა.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი