განაჩენი

სისხლის სამართლის 22.04.2019
საქმის ნომერი
820100118002723211
დავის ტიპი
177 3 გ , 177 2 ა , 117 7 ბ , 117 7
თარიღი
22.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 820100118002723211

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/303-2018

 

22 აპრილი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

მოსამართლე დავით გელაშვილი

სხდომის მდივანი ნაირა აბაშიძე

 

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი რ----------–----ე,დაცვის მხარე ადვოკატი - ო----------–---–ი

 

ბრალდებული - გ------------–--ე (დაბადებული 1--------- წელს, პირადი ნომერი 6----------, საქართველოს მოქალაქე, ს-–----–ო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ხულო, სოფელი ვ-–-–-----ი).

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით;

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარული დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 03 აგვისტოს დაახლოებით 10:00 საათზე, გ------------–--ემ უკანონოდ შეაღწია ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვ-–-–-----ში მდებარე ი--------------ის საცხოვრებელ ბინაში, სადაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ი--------------ის მობილურ ტელეფონს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 200 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სხვისი მოძრავი ნივთის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარული დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით.

 

მხარეთა შორის შეთანხმებისამებრ პრეიუდიციულად მიჩნეული დაზარალებულის ი--------------ის გამოძიებისას მიცემული ჩვენებების თანახმად 2018 წლის 3 აგვისტოს დილით სამსახურიდან დაბრუნდა სახლში, მისაღებ ოთახში დადო მისი კუთვნილი ,,ჰუავეის“ მარკის მობილური ტელეფონი, რის შემდეგაც წავიდა მეზობელთან, სახლის კარი დატოვა ღია. მეზობელთან გაჩერდა დაახლოებით 10 წუთი და როდესაც იქიდან დაბრუნდა სახლის კარებში დახვდა მამამთილის ძმა მ-------------–--ე, რომელმაც უთხრა თუ ვინ ჰყავდა სახლში, რადგან როდესაც სახლში შევიდა იქ დახვდა მათი თანასოფლელი გ------------–--ე, რის შემდეგაც ი--------------ე შევიდა სახლში და ადგილზე აღარ დახვდა მობილური ტელეფონი, ხოლო ჩანთაში 10 ლარი, რის შემდეგაც წავიდა მეზობელთან და მისი ტელეფონით დაუკავშირდა გ------------–--ეს, რომელიც თავდაპირველად არ პასუხობდა, რის გამოც გააკეთა შეტყობინება პოლიციაში. რამდენიმე დარეკვის შემდეგ უპასუხა გ------------–--ემ, რომელმაც უარყო მის სახლში ყოფნა და ტელეფონის აღების ფაქტი, ხოლო მას შემდეგ, რაც უთხრა, რომ პოლიციაში დარეკავდა გ------------–--ემ უთხრა, რომ არ დაერეკა პოლიციაში, დაუბრუნებდა ტელეფონს და მისცემდა მეზობლის ჭალაში. მითითებულ ადგილზე მისვლისას გ------------–--ემ გადაუგდო მას ტელეფონი და სთხოვა არ დაერეკა პოლიციაში. მისივე განმარტებით გ------------–--ე არის მათი შორეული ნათესავი და კარგად იცის მათ სახლში შესასვლელ-გასასვლელები. მათ ოჯახს და გ------------–--ეს შორის არის კონფლიქტი გ------------–--ის მიერ მოგონილ თანხასთან დაკავშირებით. მის ტელეფონში გადახდილი ჰქონდა 500 ლარი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მ-------------–--ემ განმარტა, რომ 3 აგვისტოს მივიდა ი--------------ესთან სახლში. კარი დახვდა ღია და სახლში მისაღებში დაინახა გ------------–--ე, რომელიც მის დანახვაზე მიტრიალდა საპირისპირო მხარეს და წავიდა სხვა გასასვლელისკენ. თვითონაც მოტრიალდა და ეზოში დაინახა ი--------------ე, რომელმაც მის კითხვაზე თუ ვინ იყო სახლში უპასუხა, რომ სახლში არავინ იყო. ი--------------ე შევიდა სახლში, მაშინვე შემოტრიალდა და თქვა, რომ ტელეფონი აღარ იყო ადგილზე, რის შემდეგაც წავიდა მეზობელთან დასარეკად და დაახლოებით 10 წუთში დაბრუნდა უკან, მოიტანა ტელეფონი და თქვა, რომ მეზობლის ჭალაში მისცა გ------------–--ემ. ამ ამბის შემდეგ მას ჰქონდა საუბარი გუ-----სთან, რომელმაც განუმარტა, რომ მას ტელეფონი ქურდობის სახით არ წაუღია, მას სურდა, რომ პოლიციას საქმე აღეძრა, რადგან მისი ვალი ჰქონდა ი--------------ეს და პოლიციას მიექცია ყურადღება, თუ არ გადაუხდიდა თანხას ცუდად წავიდოდა საქმე, თავი არ მომაკვლევინოსო. მისთვის ცნობილია, რომ გ------------–--ე ი--------------ეს სთხოვდა ფულს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მ-----–--–-----მ განმარტა, რომ აგვისტოს დასაწყისი იყო, დილით 10-11 საათზე მასთან მივიდა ი--------------ე და ცოტა ხანში წავიდა, წასვლიდან 5 წუთში ისევ მივიდა აღელვებული, ითხოვა ტელეფონი და წავიდა. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ დაუბრუნა ტელეფონი და მისგან გაიგო, რომ გ------------–--ემ წაიღო მისი ტელეფონი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ე-----------–---მ განმარტა, რომ მის ეზოში მივიდა გ------------–--ე და იკითხა სახლში იყო თუ არა ი--------------ე. საუბარში გ------------–--ემ უთხრა, რომ მასზე ამბობდნენ, რომ ტელეფონი მოიპარა, რაზეც მან არაფერი იცოდა და აბრალებდნენ მოპარვას. როგორც ახსოვს გ------------–--ემ თქვა, რომ წაიღო და დაუბრუნა უკან, კარგად არ ახსოვს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა ბ----------------მ განმარტა, რომ 2018 წლის 3 აგვისტოს შეტყობინების საფუძველზე დაიწყეს გამოძიება ი--------------ის ტელეფონის ქურდობის ფაქტზე და ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები.

 

მოწმეთა ჩვენებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ასევე დასტურდება მხარეთა შორის შეთანხმებისამებრ პრეიუდიციულად მიჩნეული მტკიცებულებებით: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, შეტყობინებით, მოწმეების მზევინარ აბულაძის, რ----------–--ის გამოკითხვის ოქმებით, ი--------------ის მობილური ტელეფონის ამოღების ოქმით, ი--------------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, ნივთმტკიცებით.

 

ბრალდებულმა გ------------–--ემ არ სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა სასამართლოსათვის ჩვენება არ მიუცია. საბოლოო სიტყვაში გ------------–--ემ დაადასტურა, რომ მას ი--------------ისგან ასაღები ჰქონდა ფული. ი--------------ემ უთხრა, რომ მისულიყო მის სახლში და მისცემდა ტელეფონს, რის გამოც მივიდა ი--------------ის სახლში, რომლის კარი იყო ღია, დაიძახა, მაგრამ ხმა არავინ გასცა, რის შემდეგაც შევიდა სახლში, აიღო ტელეფონი და იქვე ბაღში დაინახა ი--------------ე, რომელსაც უთხრა, რომ ტელეფონი მიჰქონდა, რაზეც დაეთანხმა ი--------------ე. ცოტა ხნის შემდეგ დაურეკა ი--------------ემ და მოსთხოვა ტელეფონი, რაზეც უთხრა, რომ მიეტანა მისი ფული და დაუბრუნებდა ტელეფონს, თუმცა შემდეგ დაუბრუნა ტელეფონი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სხვა საკანონმდებლო აქტებით დაცულია საკუთრების უფლება, რომლის მიხედვით საკუთრება ხელშეუვალია. კერძო საკუთრების, ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობა გარანტირებულია კანონით.

 

სხვისი ნივთის ფარულ დაუფლებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც ნივთის დაუფლება ხდება მესაკუთრის შეუმჩნევლად, მესაკუთრის, მფლობელის ან სხვა პირთა ქურდობის ადგილზე არ ყოფნის დროს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საცხოვრებელი ბინა ასევე წარმოადგენს საკუთრებას და მასში ნებისმიერი გზით შესვლა-შეღწევა მესაკუთრის ნების გარეშე უკანონოა.

 

ზემოთ დასახელებული მტკიცებულებებით დადასტურებულია მითითებული ტელეფონის დაზარალებულ ი--------------ის კუთვნილების ფაქტი, რაც ფარულად, მისგან შეუმჩნევლად, ი--------------ის ბინაში უკანონო შეღწევის შემდეგ დაუფლებული იქნა 2018 წლის 03 აგვისტოს გ------------–--ის მიერ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისთვის, რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას სჩადის. ასევე მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისათვის, რადგან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ნიშნავს იმას, რომ დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა, ფლობდეს და განკარგავდეს სხვის ქონებას, როგორც საკუთარს, თავისი შეხედულებისამებრ.

 

ქონებისა და საკუთრების უფლების ტერმინების განსაზღვრებიდან ლოგიკურად გამომდინარეობს, რომ საკუთრება არის პირის მიერ ნივთზე (ქონებაზე) მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლების კანონიერად მოპოვება, ხოლო სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლება გულისხმობს არაკანონიერი გზით ამ ნივთზე მფლობელობის, სარგებლობის და განკარგვის შესაძლებლობის მოპოვებას, რასაც თან ახლავს ასეთი მართლსაწინააღმდეგო შედეგის მისაღწევად საჭირო ქმედებები.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ი--------------ის კუთვნილი ტელეფონი მისი მფლობელობიდან გავიდა მისი ნების გარეშე, რაც ბრალდებულმა, როგორც საკუთარი - მიისაკუთრა მართლსაწინააღმდეგოდ და ჰქონდა შესაძლებლობა საკუთარი შეხედულებისამებრ განეკარგა იგი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილით - კოდექსის ამ თავში (თავი XXV) მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლი მოქცეულია XXV თავში.

 

წარმოდგენილი სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ ი--------------ის კუთვნილი ტელეფონის ღირებულება შეადგენს 200 ლარს.

 

ამრიგად, გ------------–--ემ დაადასტურა, რომ შევიდა ი--------------ის სახლში და აიღო ტელეფონი, რაც ასევე დასტურდება მ-------------–--ის ჩვენებით, რომ მან დაინახა ი--------------ის სახლში გ------------–--ე, რომელიც მის დანახვაზე სასწრაფოდ შეტრიალდა და წავიდა სახლის სხვა გასასვლელისკენ, რაც ასევე დასტურდება მხარეთა შორის პრეიუდიციულად მიჩნეული ი--------------ის ჩვენებით, რომელიც შევიდა სახლში და აღარ დახვდა ტელეფონი, რის შემდეგაც ი--------------ემ მეზობლის ტელეფონით დაურეკა გ------------–--ეს, რომელმაც დაუბრუნა მობილური ტელეფონი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ გ------------–--ემ უკანონოდ შეაღწია ი--------------ის ბინაში, სადაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ი--------------ის კუთვნილ მობილურ ტელეფონს, რამაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

გ------------–--ემ, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - ბინაში უკანონო შეღწევით, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 12 აგვისტოს, დაახლოებით 10:30 საათზე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვ-–-–-----ში მდებარე ი--------------ის საცხოვრებელ სახლში, გ------------–--ე შურისძიების მოტივით, თავს დაესხა და ფიზიკური ძალის გამოყენებით, განსაკუთრებული სისასტიკით, რაც გამოიხატა ცივი იარაღის დანის მრავლობითი დარტყმებით, ი--------------ეს სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით;

 

მხარეთა შორის შეთანხმებისამებრ პრეიუდიციულად მიჩნეული დაზარალებულის ი--------------ის გამოძიებისას მიცემული ჩვენებების თანახმად 12 აგვისტოს დაახლოებით 11 საათზე სამსახურიდან დაბრუნდა სახლში, გააღო სახლის უკანა კარები და დაინახა გ------------–--ე, შეშინებული გაიქცა სახლის შესასვლელი კარისკენ. კართან მისვლისას იგრძნო, რომ უკან მხრების არეში გ------------–--ემ რამდენჯერმე დაარტყა დანა, რის გამოც წაიქცა. ამ დროს უკვე გამოსული იყო ეზოში და ყვიროდა საშველად. გ------------–--ე წაქცეულს ისევ ურტყამდა დანას, ეხვეწებოდა არ მოეკლა, მაგრამ უფრო ძლიერად ურტყამდა დანას და თან აგინებდა, რაც გაგრძელდა დაახლოებით 10-15 წუთი. მისი ყვირილი გაიგონეს მეზობლებმა, რის გამოც გ------------–--ემ მიატოვა იგი და გაიქცა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მ-------------–--ემ განმარტა, რომ ი----ეს სახლში დახვდა ხალხი შეკრებილი ეზოში, იქვე იჯდა ი--------------ეც, სისხლში ამოსვრილი. ხალხი ამბობდა, რომ ი--------------ე დაჭრა გ------------–--ემ, ი--------------ემაც უთხრა ,,ე გუ-----მ რა გააკეთაო“, რის შემდეგაც ი----ე წაიყვანეს საავადმყოფოში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ხულოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექთანმა ზ----------–---მ განმარტა, რომ 12 აგვისტოს დილის 11 საათზე შეტყობინების საფუძველზე გავიდნენ გამოძახებაზე. ადგილზე დახვდათ დაჭრილი ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა მიყენებული მრავლობითი ჭრილობები და გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში. ი--------------ე იყო კონტაქტური და ამბობდა, რომ გ------------–--ემ დაჭრა.

 

ხულოს რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა ბ----------------მ განმარტა, რომ 2018 წლის 12 აგვისტოს მიღებული იქნა შეტყობინება ი----ე დ------ის სხეულის დაზიანების ფაქტზე, რაზეც დაიწყეს გამოძიება და ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები. ი--------------ის ჩვენებით იგი დაჭრა გ------------–--ემ. გ------------–--ე დააკავეს მისსავე სახლში, მან აღიარა დანაშაული.

 

სასამართლო სხდომაზე ხულოს რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა თ------–-----მ მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა, რომ 2018 წლის 12 აგვისტოს დაიწყო გამოძიება და მიიღო მონაწილეობა გ------------–--ის დაკავებაში. გ------------–--ე აღიარებდა, რომ მან მიაყენა დანით დაზიანებები ი--------------ეს.

 

სასამართლო სხდომაზე ხულოს რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა ჯ------------–----ემ მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა, რომ მან დაათვალიერა შემთხვევის ადგილი.

 

ხულოს სამედიცინო ცენტრის ექიმმა ი-----–-------------მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 12 აგვისტოს სასწრაფო დახმარების მიერ მიყვანილი იქნა ი--------------ე სხვადასხვა მიდამოში მრავლობითი დაზიანებებით, რომელსაც გაეწია დახმარება და გადაყვანილი იქნა ბათუმში. ი--------------ემ თქვა, რომ დაზიანება დანით მიაყენა გ------------–--ემ. ჭრილობებიდან ორი იყო სიცოცხლისათვის საშიში.

მხარეთა შორის შეთანხმებისამებრ პრეიუდიციულად მიჩნეული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ი--------------ეს აღენიშნებოდა მარჯვენა და მარცხენა ბარძაყის, მარცხენა სხივმაჯის, მარცხენა წინამხრის, მარცხენა მხრის სარტყლის, მარჯვენა მხრის სარტყლის, გულმკერდის უკანა და გულმკერდის წინა კედლის მიდამოში ჭრილობები, ასევე კეფის მიდამოში ორი ჭრილობა, მარჯვენა მხრივი ტრავმული პნევმოთორაქსი, პნევმომედიასტენიუმი. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან მითითებულ თარიღს.

 

მოწმეთა ჩვენებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ასევე დასტურდება მხარეთა შორის შეთანხმებისამებრ პრეიუდიციულად მიჩნეული მტკიცებულებებით: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, შეტყობინებებით, პატაკით, მოწმეების ფ-–--------ის, მ-----------–--ის, ა-----–----–--ის, მ--------------------–--ის, ა-------------–--ის, გ----------–--ის, გ------------–--ის, რ----–--------–--ის, რ----------–--ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ი--------------ის და გ------------–--ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, ამოღების ოქმებით, ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური), ტრასოლოგიური და ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნებით, გ------------–--ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ნივთმტკიცებებით.

 

ბრალდებულმა გ------------–--ემ სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა სასამართლოსათვის ჩვენება არ მიუცია. საბოლოო სიტყვაში გ------------–--ემ დაადასტურა, რომ მან მიაყენა დაზიანებები ი--------------ეს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულ ი--------------ეს სხეულის სხვადასხვა ადგილზე აღენიშნებოდა დანით მიყენებული მრავლობითი სახის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები, დაზიანებების მიყენების პროცესში იგი წაიქცა, ითხოვდა შველას და ასევე ეხვეწებოდა გ------------–--ეს არ მოეკლა იგი და არ დაეობლებინა მისი შვილები, მაგრამ გ------------–--ე უფრო ძლიერად ურტყამდა დანას და თან აგინებდა. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანი განსაკუთრებული სისასტიკე გამოვლენილია დანაშაულის ჩადენის ხერხში, საშიში საგნის დანის გამოყენების ინტენსივობაში, მიყენებული ჭრილობების სიმრავლეში და ლოკალიზაციაში, ასევე იმის იგნორირებით, რომ მსხვერპლი არის მდედრობითი სქესის, რომელიც წაიქცა და მიუხედავად ხვეწნისა მას არ ინდობდა გ------------–--ე და აგრძელებდა მისთვის დაზიანებების მიყენებას, რაც გაგრძელდა 10-15 წუთი.

 

აღნიშნული კი სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ გ------------–--ის ქმედება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულად დაკვალიფიცირდეს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

გ------------–--ემ, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - განსაკუთრებული სისასტიკით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებით, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე -7 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება საზოგადოებრივი საშიშროებისაა, ვინაიდან ხელყოფს კონსტიტუციით დაცულ სიკეთეს საკუთრებას, ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რა დროსაც გამოყენებული იქნა ცივი იარაღი დანა. სასჯელის პრევენციის მიზნების გარდა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების მიზანია საზოგადოების წევრებში დაცულობის განცდის უზრუნველყოფა ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი და ადეკვატური სასჯელის დანიშვნის გზით, რომლითაც ასევე მიღწეული უნდა იქნეს დამნაშავე პირის რესოციალიზაცია და მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად დაბრუნება.

 

სასჯელის სახისა და ზომის შერჩევისას თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილისა, სასამართლო ითვალისწინებს, რომ სახეზეა განზრახი, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულთა ერთობლიობა, ამავე დროს სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ გ------------–--ე არაა ნასამართლევი, ხასიათდება დადებითად, მას გააჩნია არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა (შეზღუდული შერაცხადობა), დაზარალებული შეურიგდა მას, თვით გ------------–--ემ ნაწილობრივ აღიარა დანაშაული.

 

მოცემული გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის სახედ გამოყენებული უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთა მინიმუმი ზომით, რაც სასამართლოს აზრით საკმარისია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას. ამავე დროს არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 50-ე და 63-ე მუხლებით გათვალისწინებული საშეღავათო გარემოებები. საბოლოო სასჯელი უნდა დაინიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით შთანთქმის წესით.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის და სხვა საკითხები:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით - დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს. ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით - ნივთმტკიცების სახით არსებული ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს – ნადგურდება;

 

შესაბამისად, ნივთმტკიცების სახით არსებული დანა, სისხლის ნიმუშები და სისხლის მაგვარი ლაქები უნდა განადგურდეს, ხოლო ტანსაცმელები და მობილური ტელეფონები განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მესაკუთრეებს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-3-ე მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და ადგილზე თათბირით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ------------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

გ------------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე -7 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 09 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ გ------------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.

 

გაუქმდეს გ------------–--ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, მას დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალოს დაკავების და პატიმრობის დრო და მის მიმართ დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების დღიდან 2018 წლის 12 აგვისტოდან.

ნივთმტკიცების სახით არსებული დანა, სისხლის ნიმუშები და სისხლის მაგვარი ლაქები განადგურდეს, ხოლო ტანსაცმელები და მობილური ტელეფონები დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მესაკუთრეებს, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

მოსამართლე დავით გელაშვილი