გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N820210018002381755 (2-190/2018)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 აპრილი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით გელაშვილი
სხდომის მდივანი ნაირა აბაშიძე
მოსარჩელე - შპს ,,უ---------–-’’
წარმომადგენელი - რ-----------------ე
მოპასუხე - ხ---–---------–----–--------------ა
წარმომადგენელი - ი-----–-------–---–ი
დავის საგანი - მხარეთა შორის 2017 წლის 31 ოქტომბერს გაფორმებული №--- ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის უკანონოდ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
დადგინდეს, რომ ხ---–---------–----–-------სა და შპს ,,უ---------–-ს“ 2017 წლის 31 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების სახელმწიფო შესყიდვების შესახებ მოქმედება შეწყდა მიმწოდებლისგან დამოუკიდებელი მიზეზით.
შპს ,,უ---------–-ს“ საბანკო გარანტია #5----------ის უზრუნვეყოფისათვის განთავსებული 14940 ლარი დაუბრუნდეს შპს ,,უ---------–ს“.
მოპასუხე მხარეს დაეკისროს სასამართლო ხარჯები.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ხ---–---------–----–--------------ასა და შპს ,,უ---------–-’’-ს შორის 2017 წლის 31 ოქტომბერს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N---, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს დაბა ხულოში ტ---–------------------------------ შენობების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების შესრულება. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 497978.36 ლარს. ხელშეკრულების 4.6 პუნქტის შესაბამისად სამუშაოების შესრულება დაიყო VI ეტაპად. პირველი ეტაპის შესრულება განისაზღვრა 20 კალენდარული დღე და მოიცავდა საერთო ღირებულების 10%. ხელშეკრულების 4.5 პუნქტის შესაბამისად არასამუშაო თვეებად აღიარებულია 2017 წლის დეკემბერი და 2018 წლის იანვარი, თებერვალი. აღნიშნულ ტერიტორიაზე სამუშაოები დაიწყეს 2017 წლის 10 ნოემბერს.
2017 წლის ნოემბრის თვეში ხულოს რაიონში იყო დიდთოვლობა. დაბა ხულოში, ნოემბრის თვეში ორჯერ მოვიდა ნალექი, თოვლის სახით, თოვლის საფარი დაბა ხულოში შეადგენდა ერთმეტრნახევარს, ხოლო სოფლებში ორმეტრს გადააჭარბა. მათ ბუნებრივია ხელი შეეშალათ შეესრულებინათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების პირველი ეტაპის შესრულება 20 კალენდარული დღის განმავლობაში.
მართალია პირველი ეტაპის ვადა სამუშაოების შესრულებისა დაირღვა, მაგრამ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ 2018 წლის თებერვლის ბოლომდე მეორე ეტაპის სამუშაოები არ უნდა გაგრძელებულიყო და 2017 წლის დეკემბერი და 2018 წლის იანვარი, თებერვალი ხელშეკრულების 4.5. პუნქტის შესაბამისად არასამუშაო თვეებად არის აღიარებული. იანვრის თვეში მათ უკვე მიეცათ შესაძლებლობა გაეგრძელებინათ სამუშაოები, აღნიშნულზე წერილით აცნობეს, მაგრამ ხ---–---------–----–--------------ამ არ დართო ნება და ზეპირსიტყვიერად განუმარტეს, რომ ხელშეკრულება უნდა შეეწყვიტათ.
მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მეწარმემ 10 კალენდარული დღის დაგვიანებით 2017 წლის 10 ნოემბერს დაიწყო ხელშეკრულების შესრულებით აღებული პირველი ეტაპის სამუშაოების შესრულება, რაც მხოლოდ 3 დღეს გასტანა, გამომდინარე აქედან მოსარჩელის მითითება სამუშაოების დაწყების თაობაზე საფუძველს მოკლებულია.
მოსარჩელე მხარესა და ხ---–---------–----–--------------ას შორის 2018 წლის 31 ოქტომბერს ნამდვილად გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულება, რომლითაც მეწარმემ აიღო ვალდებულება 6 ეტაპად განეხორციელებინა დაბა ხულოში, ტ---–------------------------------ შენობების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების შესრულება, სახელშეკრულებო ღირებულებით 497978.36 ლარის ოდენობით და პირველ ეტაპის შესრულება განისაზღვრა 20 კალენდარული დღის ოდენობით, რაც ითვალისწინებდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით სამუშაოების შესრულებას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მიერ ხელშეკრულების 4.5 პუნქტის მითითება იმ მოტივით, რომ ის ათავისუფლებს მხარეს ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულებისაგან საფუძველს მოკლებულია.
2017 წლის ნოემბრის თვეში დაბა ხულოში სამუშაოების შესრულების ადგილზე იყო სამუშაოების შესრულებისათვის აუცილებელი მეტოროლოგიური პირობები, რასაც ადასტურებს ისევ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტოროლოგიის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტოროლოგიური ობსერვატორიის მიერ 2018 წლის 22 იანვარს, შპს უ---------–-ს სახელზე გაცემული ზოგადი სახის საინფორმაციო ცნობა ნალექის არსებობის შესახებ, სადაც დაფიქსირებულია, რომ 2017 წლის 01, 02, 09, 10, 22, 23, 24, 25, 30 ნოემბერს მაქსიმალური სიმაღლე იყო 110 სმ. ხულოს განლაგება იწყება 400 მეტრიდან და მისი მაქსიმალური განლაგების ადგილი აღწევს 3007 მეტრს, აქედან გამომდინარე დაბა ხულოში, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 923 მეტრზე და ხულოს უმაღლეს მწვერვალზე იყოს ერთი და იმავე ოდენობის ნალექი. გარდა ამისა დანერგილი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად ხულოში ზამთრის პერიოდში არსებული უხვი ნალექი არ შეიძლება ჩაითვალოს ფორსმაჟორულ გარემოებად.
მოსარჩელე მხარე სადაოდ არ ხდის და აღიარებს იმ ფაქტს, რომ მათ მიერ დარღვეულია ხელშეკრულების პირველი ეტაპით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, რაც ითვალისწინებდა სამუშაოების დასრულებას ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში. შპს უ---------–-ს მიერ ხელშეკრულების 9.3 პუნქტის დარღვევის შედეგად მასზე დარიცხული პირგასამტეხლოების ჯამი 2017 წლის 20 ნოემბრისათვის ხელშეკრულების 9.3 პუნქტის შესაბამისად შემსყიდველ ორგანიზაციას აძლევდა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესაძლებლობას.
ხ---–---------–----–--------------ის გადაწყვეტილების მართებულობას სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ამტკიცებს ის ფაქტიც, რომ მოსარჩელე მხარე სარჩელის მესამე ფაქტობრივ გარემოებაში თავად აღიარებს მის მიერ პირველი ეტაპით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობას, რამაც შემდგომში ხელშეკრულების 9.1, 9.2, 9.3, პუნქტების საფუძველზე გამოიწვია ხელშეკრულების შეწყვეტა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 ხ---–---------–----–--------------ასა და შპს ,,უ---------–-’’-ს შორის 2017 წლის 31 ოქტომბერს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N---, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს დაბა ხულოში ტ---–------------------------------ შენობების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების შესრულება. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 497978.36 ლარს. ხელშეკრულების 4.6 პუნქტის შესაბამისად სამუშაოების შესრულება დაიყო VI ეტაპად. პირველი ეტაპის შესრულება განისაზღვრა 20 კალენდარული დღე და მოიცავდა საერთო ღირებულების 10%. ხელშეკრულების 4.5 პუნქტის შესაბამისად არასამუშაო თვეებად აღიარებულია 2017 წლის დეკემბერი და 2018 წლის იანვარი, თებერვალი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1. სარჩელი სამოქალაქო საქმეზე (ს.ფ. 2-14);
2. შესაგებელი სამოქალაქო საქმეზე
3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2017 წლის 31 ოქტომბრის ხელშეკრულება N--- (ს.ფ. 17-27);
4. მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტება (სხდომის ოქმი);
5. მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტება (სხდომის ოქმი) ;
3.1.2. შპს ,,უ---------–-’’-ს მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დაწყებული იქნა 2017 წლის 10 ნოემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1. სარჩელი სამოქალაქო საქმეზე (ს.ფ. 2-14);
2. შესაგებელი სამოქალაქო საქმეზე
3. მოსარჩელე და მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტებები (სხდომის ოქმი);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულების 4.5 პუნქტის თანახმად მიმწოდებლის მიერ სამუშაოები უნდა დაწყებულიყო ხელშეკრულების გაფორმების დღიდან და უნდა დასრულებულიყო არაუგვიანეს 240 კალენდარულ დღეში - 2018 წლის 27 ივნისის ჩათვლით პერიოდში, არასამუშაო თვეებად აღიარებულია 2017 წლის დეკემბერი და 2018 წლის იანვარი და თებერვალი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2017 წლის 31 ოქტომბრის ხელშეკრულება N--- (ს.ფ. 17- 27);
2. მოსარჩელე და მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტებები (სხდომის ოქმი);
3.2.2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულების 4.6 პუნქტის თანახმად სამუშაოების პირველი ეტაპი - 20 კალენდარულ დღეში მიწოდებული უნდა ყოფილიყო სახელშეკრულებო ღირებულების 10%. ხელშეკრულების 8.12 პუნქტის თანახმად მიმწოდებელი ვალდებულია დროულად და კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. 9.2 პუნქტის თანახმად იმ შემთხვევაში თუ პირგასამტეხლოს რაოდენობა მიაღწევს სახელშეკრულებო ღირებულების 0.3 % შემსყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება. ხელშეკრულების მე-11 მუხლით მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისგან, თუ აღნიშნული გამოწვეულია დაუძლეველი ძალის ზეგავლენით. მე-12 მუხლით ხელშეკრულების დამდები ერთერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული, ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ. შემსყიდველს შეუძლია ცალმხრივად ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება მიმწოდებლისთვის ვალდებულებების შეუსრულებლობის წერილობითი შეტყობინების შემდეგ მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულებისათვის დადგენილი ვადების დარღვევის შემთხვევაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1. სარჩელი სამოქალაქო საქმეზე ( ს.ფ. 2-14);
2. შესაგებელი სამოქალაქო საქმეზე
3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2017 წლის 31 ოქტომბრის ხელშეკრულება N--- (ს.ფ. 17- 27);
4. მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტება (სხდომის ოქმი);
7. მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტება(სხდომის ოქმი) ;
3.2.3. ხ---–---------–----–--------------ის მიერ არაერთხელ იქნა გაფრთხილებული მიმწოდებელი, რომ ხელშეკრულების შესაბამისად სამუშაოები უნდა დაწყებულიყო 2017 წლის 31 ოქტომბერს, რაც არაა დაწყებული, რის გამოც მათ დაეკისრებოდათ პირგასამტეხლო, დროულად დაეწყოთ სამუშაოები, წინააღმდეგ შემთხვევაში შეწყვეტდნენ ხელშეკრულებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
2017 წლის 10 ნოემბრის, 2017 წლის 27 ნოემბრის, 2017 წლის 29 ნოემბრის და 2017 წლის 15 დეკემბრის წერილები
3.2.4. ხ---–---------–----–--------------ს 2018 წლის 22 იანვრის #13 ბრძანებით ხ---–---------–----–------სა და შპს ,,უ---------–ს შორის ცალმხრივად შეწყდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #2-- ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ხ---–---------–----–--------------ს 2018 წლის 22 იანვრის #13 ბრძანება (ს.ფ. 28-30)
3.2.5. საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის 2018 წლის 22 იანვრის ცნობით 2017 წლის ნოემბერში ხულოს რაიონის ტერიტორიაზე ნალექიანი დღეები იყო 01, 02, 09, 10, 22, 23, 24, 25, 30, თოვლის საფარის მაქსიმალური სიმაღლე იყო 110 სმ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
2018 წლის 22 იანვრის ცნობა ს.ფ 31
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვისა და მხარეების ახსნა-განმარტებისა მოსმენის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,უ---------–-’’-ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 400-ე, 405-ე, მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, მე-4, მე-8, 37-39-ე, 53-ე, 102-ე, 105-ე, 180-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას, მხოლოდ, იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელეს სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ან არარსებობის აღიარების იურიდიული ინტერესი გააჩნია.
აღიარებითი სარჩელი აღიძვრება მხოლოდ მაშინ, როცა მიკუთვნებითი სარჩელის გამოყენება არ არის შესაძლებელი. აღიარებითი სარჩელის დროს, განსხვავებით მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელისაგან, მოსარჩელეს უფლება ჯერ კიდევ არაა დარღვეული, მაგრამ არსებობს მისი მომავალში დარღვევის საშიშროება.
აღიარებითი სარჩელისათვის აუცილებელია არსებობდეს იურიდიული ინტერესი, განსახილველ საქმეზე მოსარჩელის იურიდიული ინტერესია მხარეთა შორის 2017 წლის 31 ოქტომბერს გაფორმებული №--- ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის უკანონოდ ცნობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული სანქციების გამოყენება.
მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს შპს ,,უ---------–-ს” მხრიდან, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობა.
სადავოა ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზი, რაც მოსარჩელის მითითებით, ფორსმაჟორულმა გარემოებამ უხვმა ნალექმა განაპირობა.
სამოქალაქო კოდექსის 401-402-ე მუხლების თანახმად, მოვალის მიერ ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.
იმისათვის, რომ გაირკვეს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, უნდა დადგინდეს სარჩელში მითითებული გარემოებები: თოვლის სახით მოსული ნალექების სიუხვე, ვალდებულების შესრულების შემაფერხებელ, მოვალისათვის გაუთვალისწინებელ გარემოებას წარმოადგენდა თუ არა.
სასამართლო მიუთითებს მსგავს საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილებაზე (საქმე№2/ბ-1053-16), სადაც სასამართლომ მიუთითა ,,კლიმატური პირობები არ შეიძლება შპს ,,დ--------ს” მხრიდან ვალდებულების შესრულების შემაფერხებელ, ფორსმაჟორულ გარემოებად ჩაითვალოს. ის, რომ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მკაცრი ზამთარია და კომუნიკაციაც გართულებულია, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. მეტიც, საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ მიზეზით, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთათვის მნიშვნელოვანი შეღავათები არის დაწესებული და ამას საქართველოს კონსტიტიციის 31-ე მუხლიც კი ითვალისწინებს.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ შპს ,,დ--------მ” იკისრა ვალდებულება, ზემოხსენებული შემაფერხებელი გარემოებების გათვალისწინებით შეესრულებინა ხელშეკრულება, ამიტომ, ეს გარემოებები დაუძლეველ ძალად ვერ ჩაითვლება და ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას ვერ გაამართლებს მით უფრო, როდესაც მოსარჩელე თავადაც წარმოადგენს მაღალმთიანი რეგიონში რეგისტრირებულ საწარმოს, მისთვის მაღალმთიანი რეგიონის კლიმატი უცხო არ არის და შეგუებული უნდა ყოფილიყო, რომ ზამთარში მის საქმიანობას სწორედ დიდთოვლიანობა შეაფერხებდა.
მართალია, მოსარჩელემ სასამართლოს წარმოუდგინა გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა დაბა ხულოში, 2015 წლის 12 ნოემბრიდან-2016 წლის 01 მარტამდე პერიოდში ნალექებისა და თოვლის საფარის სიმაღლის შესახებ, რომლის მიხედვითაც თოვლის საფარის სიმაღლე ერთ მეტრს აღემატებოდა, თუმცა ეს მტკიცებულება არ შეიცავს მონაცემს იმის თაობაზე, რომ ამ ოდენობით ნალექი სხვა წლებში არ ყოფილა და მითითებულ პერიოდში მოულოდნელად, გადაულახავი გარემოება შეიქმნა“.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361 მუხლის მე-2 ნაწილით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე ?????? მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება, შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-? ?????? თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხ---–---------–----–--------------ასა და შპს ,,უ---------–-’’-ს შორის 2017 წლის 31 ოქტომბერს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N---, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს დაბა ხულოში ტ---–------------------------------ შენობების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების შესრულება. ხელშეკრულების 4.6 პუნქტის შესაბამისად სამუშაოების შესრულება დაიყო VI ეტაპად. პირველი ეტაპის შესრულება განისაზღვრა 20 კალენდარული დღე და მოიცავდა საერთო ღირებულების 10%.
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულების 4.5 პუნქტის თანახმად მიმწოდებლის მიერ სამუშაოები უნდა დაწყებულიყო ხელშეკრულების გაფორმების დღიდან და უნდა დასრულებულიყო არაუგვიანეს 240 კალენდარულ დღეში - 2018 წლის 27 ივნისის ჩათვლით პერიოდში,შპს ,,უ---------–-’’-ს მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დაწყებული იქნა 2017 წლის 10 ნოემბერს დაგვიანებით და შეჩერდა 13 ნოემბერს.
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულების 8.12 პუნქტის თანახმად მიმწოდებელი ვალდებულია დროულად და კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად იმ შემთხვევაში თუ პირგასამტეხლოს რაოდენობა მიაღწევს სახელშეკრულებო ღირებულების 0.3 % შემსყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება. მე-12 მუხლით ხელშეკრულების დამდები ერთერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული, ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ. შემსყიდველს შეუძლია ცალმხრივად ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება მიმწოდებლისთვის ვალდებულებების შეუსრულებლობის წერილობითი შეტყობინების შემდეგ მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულებისათვის დადგენილი ვადების დარღვევის შემთხვევაში.
ხ---–---------–----–--------------ის მიერ არაერთხელ იქნა გაფრთხილებული მიმწოდებელი, რომ ხელშეკრულების შესაბამისად სამუშაოები უნდა დაწყებულიყო 2017 წლის 31 ოქტომბერს, რაც არაა დაწყებული, რის გამოც მათ დაეკისრებოდათ პირგასამტეხლო, დროულად დაეწყოთ სამუშაოები, წინააღმდეგ შემთხვევაში შეწყვეტდნენ ხელშეკრულებას.
ხ---–---------–----–--------------ს 2018 წლის 22 იანვრის #13 ბრძანებით ხ---–---------–----–------სა და შპს ,,უ---------–ს შორის ცალმხრივად შეწყდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #2-- ხელშეკრულება.
მოსარჩელე მხარემ აღნიშნა, რომ 2017 წლის ნოემბრის თვეში ხულოს რაიონში იყო დიდთოვლობა. დაბა ხულოში, ნოემბრის თვეში ორჯერ მოვიდა ნალექი, თოვლის სახით, თოვლის საფარი დაბა ხულოში შეადგენდა ერთმეტრნახევარს, ხოლო სოფლებში ორმეტრს გადააჭარბა, რის გამოც ხელი შეეშალათ შეესრულებინათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების პირველი ეტაპის შესრულება 20 კალენდარული დღის განმავლობაში.
მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის 2018 წლის 22 იანვრის ცნობა, რომლის მიხედვითც 2017 წლის ნოემბერში ხულოს რაიონის ტერიტორიაზე ნალექიანი დღეები იყო 01, 02, 09, 10, 22, 23, 24, 25, 30, თოვლის საფარის მაქსიმალური სიმაღლე იყო 110 სმ. ასევე წარმოადგინა აჭარის ტელევიზიის 2017 წლის ნოემბრის თვეში, ხ---–---------–----–-------ში მოსული ნუხვი ნალექის თაობაზე მომზადებული რეპორტაჟის ჩანაწერი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე ეს გარემოებები უნდა დამტკიცდეს შესაბამისი მტკიცებულებებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე მის განმარტებებს, რომ ვალდებულების შესრულების მომენტში, ასევე მოპასუხე მხარის მიერ არაერთი გაფრთხილების პერიოდებში ვალდებულების შესრულების ადგილას შეუძლებელი იყო სამუშაოების წარმოება სწორედ იმ მომენტში არსებული უხვი თოვლის საფარის გამო.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო მოსარჩელეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ აუნაზღაურდება.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-მუხლის თანახმად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
შესაბამისად ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა უნდა გაუქმდეს განსახილველ საქმეზე, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-2---ე, 248-249-ე, 250-ე 257-ე, 364-ე, 365-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე შპს ,,უ---------–-ს’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 747.00 (შვიდას ორმოცდაშვიდი ლარი 00 თეთრი) ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ხ---–---------–----–--------------ას აეკრძალა 2017 წლის 31 ოქტომბრის სახელმწიფოს შესყიდვების შესახებ #2-- ხელშეკრულების შესაბამისად სს ”ბანკი ქართუ”-ს მიერ 2017 წლის 31 ოქტომბერს გაცემული #5--------- საბანკო გარანტიით გათვალისწინებული 14,940.00 ლარის მოთხოვნა სს ”ბანკი ქართუ”-ზე.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დავით გელაშვილი