გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/4951-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 აპრილი, 2019 წ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
სხდომის მდივანი მარიამ ჩიტოშვილი
მოსარჩელე - სს „გუ-----–--
წარმომადგენელი - ნა----------–---–ი
მოპასუხე - შპს „მა-----------------
წარმომადგენელი - ტ------–------–---–ი
დავის საგანი - შეთანხმების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება, მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სს „გუ-----–სა“ და შპს „მ----------------ს“ შორის 2015 წლის 01 ივლისს გაფორმებული შეთანხმება.
1.2. მოპასუხე შპს „მ----------------ს“ სს „გუ-----–ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 265 143.21 (ორას სამოცდახუთი ათას ას ორმოცდასამი ლარი და ოცდაერთი თეთრი) ლარი.
1.3. დაეკისროს შპს „მ----------------ს“ მიუღებელი შემოსავლის სახით განცდილი ზიანის ანაზღაურების გადახდა 265 143.21 ლარის წლიური 10%-ის ოდენობით 2017 წლის 21 თებერვლიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: სს „გუ-----–სა“ და შპს „მ----------------ს“ შორის 2010 წლიდან არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც სს „გუ-----–-- შპს „მ----------------ს“ უწევდა სარეკლამო მომსახურებას. გაწეული მომსახურების სანაცვლოდ კი უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასურის გადახდა, რაც მოპასუხის მხრიდან ჯეროვნად არ შესრულებულა. 2014 წლის 01 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც შპს „მ----------------მა“ აღიარა სს „გუ-----–ის“ მიმართ დავალიანება 2014 წლის 01 ნოემბრის მდგომარეობით 293 143.21 ლარის ოდენობით და აიღო ვალდებულება ეტაპობრივად მოეხდინა დავალიანების დაფარვა, ყოველთვიურად არანაკლებ 4 000 ლარის გადახდით. შპს „მ----------------ის“ მიერ ასევე დაირღვა 2014 წლის 01 დეკემბრის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულება, რის გათვალისწინებითაც, 2016 წლის 11 ოქტომბერს მოპასუხეს გაეგზავნა გაფრთხილება დავალიანების დაფარვის თაობაზე. 2016 წლის 28 დეკემბერს მხარეებს შორის გაფორმდა შედარების აქტი, რომლითაც მოპასუხემ დაადასტურა, რომ სს „გუ-----–ის“ მიმართ ერიცხება დავალიანება 265 143.21 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მოპასუხე არ ახდენს დავალიანების გადახდას და მისი შეუსრულებლობის საფუძვლად მიუთითებს 2015 წლის 01 ივლისის შეთანხმებაზე, რომლითაც ვალდებულების შესრულება ვადამოსული არ არის. მოსარჩელის მითითებით, 2015 წლის 01 ივლისის შეთანხმება წარმოადგენს ბათილ გარიგებას, ვინაიდან დადებულია არაუფლებამოსილი პირის მიერ, სს „გუ-----–ის“ რეაბილიტაციის მმართველის შესაბამისი თანხმობის გარეშე. სს „გუ-----–-- იმყოფება გადახდისუუნარობის რეჟიმში და სასამართლო განჩინებით დამტკიცებული არის კომპანიის დირექტორსა და რეაბილიტაციის მმართველს შორის უფლებამოსილების განაწილება-გამიჯვნის თაობაზე შეთანხმება, რომლის თანახმადაც, სადავო გარიგების გაფორმება უნდა მომხდარიყო რეაბილიტაციის მმართველთან შეთანხმებით. 2014 წლის 01 ივლისის გარიგება კი რეაბილიტაციის მმართველის თანხმობით არ დადებულა. აღნიშნულის გათვალისწინებით, გარიგება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და მოპასუხეს უნდა დაეკისროს მთლიანი დავალიანების გადახდევინება. ამასთან, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით, დავალიანების წლიური 10%-ის ოდენობით, სარჩელის აღძვრის დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა საქმეზე წარმოდგენილი შესაგებლითა და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.
მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ სს „გუ-----–სა“ და შპს „მ----------------ს“ შორის ნამდვილად გაფორმდა 2014 წლის 01 დეკემბერს შეთანხმება, რომლითაც განისაზღვრა დავალიანების ოდენობა, თუმცა მოსარჩელე არ განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ თანხების გადახდის შედეგად ხდებოდა მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვა, ვინაიდან სს „გუ-----–ს“ თავადაც გააჩნია დავალიანება მოპასუხის მიმართ. 2016 წლის 28 დეკემბერს გაფორმებული შედარების აქტით დადასტურებულია, რომ მოსარჩელე კომპანიას გააჩნია იმაზე მეტი ფულადი ვალდებულება შესასრულებელი, ვიდრე მოპასუხეს. შპს „მ----------------ის“ ვალდებულება არ არის ვადამოსული, ვინაიდან 2015 წლის 01 ივლისის შეთანხმებით, მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შესრულება გადავადებულ იქნა იმ პერიოდამდე, სანამ მოსარჩელე თავად არ დაიწყებდა შპს „მ----------------ის“ მიმართ არსებული დავალიანების გადახდას. აღნიშნული გარიგება არ წარმოადგენს ბათილ გარიგებას, ვინაიდან სს „გუ-----–ის“ სამეწარმეო რეესტრის ამონაწერში არ ფიქსირდებოდა რაიმე ფორმით დირექტორის უფლებამოსილების შეზღუდვა და მოპასუხე კომპანიას არანაირი მოლოდინი არ შეიძლება ჰქონოდა შეთანხმებაზე ხელმომწერი პირის უფლებამოსილების ნაკლის შესახებ. თავად 2014 წლის 01 დეკემბრის ხელშეკრულებაც ხელმოწერილია სს „გუ-----–ის“ დირექტორის მიერ და მოგვიანებით, 2015 წლის 01 ივლისის შეთანხმებაც გაფორმდა იგივე დირექტორის ხელმოწერით. ამდენად, არანაირი ეჭვის შეტანის საფუძველი დირექტორის უფლებამოსილების შეზღუდვის თაობაზე მოპასუხე კომპანიას არ გააჩნდა. ამასთან, თავად კომპანიის დირექტორსა და რეაბილიტაციის მმართველს შორის უფლებამოსილების გამიჯვნის თაობაზე შეთანხმებაში დაფიქსირებული იყო, რომ იგი სათანადო წესით უნდა დარეგისტრირებულიყო სამეწარმეო რეესტრში, რაც არ განხორციელებულა. შესაბამისად, არამართებულია სს „გუ-----–ის“ მხრიდან რეაბილიტაციის მმართველის თანხმობის არარსებობის მოტივით გარიგების ბათილად აღიარებაზე აპელირება. თუკი რაიმე თანხმობა იყო საჭირო და ეს კომპანიის დირექტორის მიერ არ განხორციელებულა, აღნიშნული წარმოშობდა არა შპს „მ----------------ის“ მიმართ გარიგების ბათილად აღიარების საფუძველს, არამედ დირექტორისათვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის წინაპირობას. მოპასუხის განმარტებით, უდავოა რომ სს „გუ-----–ს“ გააჩნია იმაზე მეტი დავალიანება შპს „მ----------------ის“ მიმართ, ვიდრე შპს „მ----------------ს“ სს „გუ-----–ის“ მიმართ და შესაბამისად, მოპასუხე კომპანია იმყოფება მძიმე მდგომარეობაში იმ აღიარებული დავალიანების გამო, რომლის გადახდის ვადაც რეაბილიტაციის გეგმის თანახმად ჯერ არ მოსულა. სს „გუ-----–-- კი პირიქით ითხოვს მოპასუხისაგან დავალიანების მთლიანად და ერთჯერადად დაფარვას, იმ მოცემულობაში, როდესაც მოპასუხეს აქეთ გააჩნია მოთხოვნა და ვალდებულების შესრულება უნდა მოხდეს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის გზით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმეში წარმოდგენილი სარეკლამო მომსახურების გაწევის თაობაზე კონტრაქტებით დგინდება, რომ სს „გუ-----–სა“ (ყოფილი შპს „-----------“; შპს „გუ-----–--) და შპს „მ----------------ს“ შორის 2010-2013 წლებში არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა სს „გუ-----–ის“ ტერიტორიაზე შპს „მ----------------ის“ სარეკლამო მასალების განთავსების შესახებ, შესაბამისი მომსახურების საფასურის ანაზღაურების პირობით.
(მტკიცებულება: სარეკლამო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულებები დანართებით, ტომი I, ს.ფ. 69-94, 201-243, 335-338)
3.2.2. 2014 წლის 01 დეკემბერს სს „გუ-----–სა“ და შპს „მ----------------ს“ შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც შპს „მ----------------მა“ აღიარა სს „გუ-----–ის“ მიმართ 2014 წლის 01 ნოემბრის მდგომარეობით დავალიანების არსებობა 293 143.21 ლარის ოდენობით და აიღო ვალდებულება ეტაპობრივად, თვეში არანაკლებ 4 000 ლარის გადახდით მოეხდინა დავალიანების დაფარვა. შეთანხმება ხელმოწერილ იქნა სს „გუ-----–ის“ დირექტორის ნუ----------------ის და შპს „მ----------------ის“ დირექტორის ი-----–----–---ს მიერ.
(მტკიცებულება: 2014 წლის 01 დეკემბრის შეთანხმება, ტომი I, ს.ფ. 95)
3.2.3. 2015 წლის 31 იანვარს, 28 თებერვალს, 31 მარტს, 30 აპრილს და 31 მაისს სს „გუ-----–სა“ და შპს „მ----------------ს“ შორის გაფორმდა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის თაობაზე შეთანხმებები, მხარეთა შეთანხმებით მოხდა სს „გუ-----–ის“ დავალიანების კონკერტული ოდენობებით შემცირება შპს „მ----------------ის“ მიმართ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის გზით.
(მტკიცებულება: ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის თაობაზე შეთანხმებები, ტომი I, ს.ფ. 347-370)
3.2.4. 2015 წლის 01 ივლისს შპს „მ----------------სა“ და სს „გუ-----–ს“ შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც დადგინდა 2015 წლის 01 ივლისიდან მათ შორის 2014 წლის 01 დეკემბერს გაფორმებული ვალის ეტაპობრივად დაფარვის შესახებ შეთანხმების შეჩერება. ხელშეკრულების შეჩერების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 01 ივლისიდან სს „გუ-----–ის“ მიერ 2013 წლის 25 სექტემბრამდე შპს „მ----------------ის“ სასარგებლოდ წარმოშობილი ვადამოსული ფულადი ვალდებულების შესრულების დაწყებამდე. შეთანხმება სს „გუ-----–ის“ მხრიდან ხელმოწერილ იქნა დირექტორ ნუ----------------ის, ხოლო შპს „მ----------------ის“ მხრიდან დირექტორ ი-----–----–---ს მიერ.
(მტკიცებულება: 2015 წლის 01 ივლისის შეთანხმება, ტომი I, ს.ფ. 199)
3.2.5. 2016 წლის 11 ოქტომბერს შპს „მ----------------ს“ გაეგზავნა წერილობითი მოთხოვნა სს „გუ-----–ის“ მიმართ არსებული დავალიანების - 265 143.21 ლარის დაფარვის თაობაზე. აღნიშნული შეტყობინება შპს „მ----------------ს“ ჩაბარდა 2016 წლის 21 ოქტომბერს.
(მტკიცებულება: წერილი, საფოსტო დასტური, ტომი I, ს.ფ. 101-102)
3.2.6. 2016 წლის 28 დეკემბერს სს „გუ-----–ის“ და შპს „მ----------------ის“ ბუღალტრებს შორის შედგენილი შედარების აქტის თანახმად, სს „გუ-----–ს“ ერიცხება დავალიანება შპს „მ----------------ის“ მიმართ 2016 წლის 27 დეკემბრის მდგომარეობით ჯამურად 442 854.52 ლარი. ამასთან, სს „გუ-----–ს“ 2016 წლის 27 დეკემბრის მდგომარეობით გააჩნია შპს „მ----------------ის“ მიმართ დებიტორული მოთხოვნა 265 143.21 ლარის ოდენობით.
(მტკიცებულება: 2016 წლის 28 დეკემბრის შედარების აქტი, ტომი I, ს.ფ. 200)
3.2.7. საქმეში წარმოდგენილი სს „გუ-----–ის“ პირადი ბარათის ამონაწერითა და დავალიანების შესახებ ცნობის თანახმად დადგენილია და მხარეები არ დავობენ, რომ შპს „მ----------------ს“ სს „გუ-----–ის“ მიმართ გააჩნია დავალიანება 265 143.21 ლარის ოდენობით.
(მტკიცებულება: ამონაწერი პირადი ბარათიდან, დავალიანების შესახებ ცნობა, ტომი I, ს.ფ. 96-99)
3.2.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 მარტის განჩინებით დამტკიცდა ამჟამად სს „გუ-----–ის“ კრედიტორთა მიერ კრედიტორთა კრებაზე მიღებული რეაბილიტაციის მმართველსა და დირექტორს შორის უფლებამოსილებათა განსაზღვრის შესახებ ცვლილებების პროექტი. სს „გუ-----–ის“ რეაბილიტაციის მმართველსა და საწარმოს დირექტორს შორის უფლებამოსილებათა წრის განსაზღვრის პროექტის მე-3 პუნქტის პირველი ნაწილის თანახმად განისაზღვრა, რომ საწარმოს (სს „გუ-----–ის“) წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებს დირექტორი, რეაბილიტაციის მმართველთან შეთანხმებით. ამავე პუნქტის მე-3 ნაწილის მიხედვით, საოპერაციო საქმიანობასთან დაკავშირებული მიმდინარე ხელშეკრულებების (გარიგებების) დადებასა და არსებული ხელშეკრულებების (გარიგებების) შეწყვეტაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვრა დირექტორი, თუ ცალკეულ შემთხვევებში არსებული ან დასადები ხელშეკრულების ღირებულება არ აღემატებოდა 25 000 ლარს. ასეთ შემთხვევაში, ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებული ხდებოდა რეაბილიტაციის მმართველის წინასწარ თანხმობაზე. ამ პუნქტის მიზნებისათვის საოპერაციო ხელშეკრულება (გარიგება) ნიშნავდა გარიგებას რომელიც ეხებოდა საქონლის შესყიდვა/გაყიდვას, კომუნალური გადასახადების გადახდას. ამავე პუნქტის თანახმად დადგინდა, რომ საწარმოს დირექტორის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შესახებ შესაბამისი შეზღუდვები, აგრეთვე რეაბილიტაციის მმართველის უფლებამოსილებები უნდა დარეგისტრირებულიყო მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში.
(მტკიცებულება: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 მარტის განჩინება, რეაბილიტაციის მმართველსა და დირექტორს შორის უფლებამოსილებათა წრის განმსაზღვრელ დოკუმენტში ცვლილებების დამტკიცების მიზნით კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე სასამართლოში წარდგენილი განცხადება, სს „გუ-----–ის“ რეაბილიტაციის მმართველსა და საწარმოს დირექტორს შორის უფლებამოსილებათა წრის განსაზღვრის პროექტი, ტომი II, ს.ფ. 103-115)
3.2.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 ივნისის განჩინებით დამტკიცდა ამჟამად სს „გუ-----–ის“ კრედიტორთა კრების 2015 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება რეაბილიტაციის მმართველად შპს „ბი------------------------–-----------------------–---–ის დანიშვნის შესახებ.
(მტკიცებულება: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 ივნისის განჩინება, ტომი II, ს.ფ. 123-126)
3.2.10. სს „გუ-----–ის“ ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დადგენილია, რომ მიმდინარეობს სს „გუ-----–ის“ რეაბილიტაციის საქმისწარმოება და საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებად დაფიქსირებულები არიან გენერალური დირექტორი - გი-----------–---–ი, ხოლო რეაბილიტაციის მმართველად - შპს „ბი------------------------–--ი“. 2015 წლის 06 მაისის მდგომარეობით კი საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებად დაფიქსირებული იყვნენ გენერალური დირექტორი - ნუ----------------ე, ხოლო რეაბილიტაციის მმართველად - გი------------–---–ი.
(მტკიცებულება: სს „გუ-----–ის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ტომი I, ს.ფ. 105-106, ტომი II, ს.ფ. 81-86)
3.2.11. საქმეში წარმოდგენილი სს „გუ-----–ის“ რეაბილიტაციის გეგმის პროექტით, კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრით, თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი რეესტრებითა და ქვითარით დადგენილია, რომ შპს „მა----------------- წარმოადგენს სს „გუ-----–ის“ არაუზრუნველყოფილ კრედიტორს (მეექვსე რიგში), რომლის მიმართაც აღიარებული დავალიანება შეადგენს 371 320.72 ლარს და სს „გუ-----–ის“ მიერ 2018 წლის 02 აპრილს, 29 ივნისს და 26 სექტემბერს მოხდა კრედიტორის მიმართ აღიარებული დავალიანების ნაწილის დაფარვა სამ ეტაპად, ჯამურად 43 667.58 ლარის ოდენობით, თანხის დაფარვა განხორციელდა სასამართლოში სარჩელის შემოტანის შემდეგ, საქმის განხილვის პერიოდში.
(მტკიცებულება: რეაბილიტაციის გეგმის პროექტი, კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრი, თანხის გადარიცხვის რეესტრი, ქვითარი, ტომი II, ს.ფ. 187, 214, 265-309, 324)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ სს „გუ-----–ის“ მოთხოვნა შეთანხმების ბათილად ცნობის, თანხის დაკისრებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 59-ე, 115-ე, 316-ე მუხლები;
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-51, მე-7, მე-9 მუხლები;
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი, 21-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისათვის საჭიროა ნებართვა. საცილო გარიგება ბათილია მისი დადების მომენტიდან, თუკი იგი შეცილებული იქნება, შეცილება ხორციელდება ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ. შეცილების უფლება აქვს დაინტერესებულ პირს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული გარიგების ნამდვილობის ერთ-ერთ პირობად მიჩნეულია ნებართვის არსებობა, თუკი ამ გარიგებისათვის საჭიროა ასეთი ნებართვა. ისევე როგორც გარიგების ფორმა, ნებართვაც წარმოადგენს გარიგების ნამდვილობის პირობას და მისი დარღვევა (ნებართვის არარსებობა) წარმოშობს და იწვევს გარიგების ბათილად ცნობას. ამდენად, როდესაც გარიგება იდება უფლებამოსილი მესამე პირის ნებართვის გარეშე, იგი ბათილად მიიჩნევა და არ წარმოშობს ამ გარიგებით გათვალისწინებულ შედეგებს მონაწილე პირთა მიმართ.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე გამოკვლეულ გარემოებათა შესაბამისად დადგენილია, რომ სს „გუ-----–სა“ და შპს „მ----------------ს“ შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მხარეებს ერთმანეთის მიმართ გააჩნიათ მოთხოვნები, რომელიც 2016 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით შედგენილი შედარების აქტის თანახმად განისაზღვრა: სს „გუ-----–ის“ დავალიანება - 442 854.52 ლარის ოდენობით, ხოლო შპს „მ----------------ის“ დავალიანება - 265 143.21 ლარის ოდენობით. ასევე დადგენილია, რომ სს „გუ-----–-- იმყოფება გადახდისუუნარობის რეჟიმში და მის მიმართ მიმდინარეობს რეაბილიტაციის საქმის წარმოება. შპს „მა----------------- აღიარებულია არაუზრუნველყოფილ კრედიტორად და მის სასარგებლოდ 2018 წლის აპრილში, ივნისსა და სექტემბერში განხორციელდა აღიარებული დავალიანების ნაწილობრივ დაფარვა.
მოსარჩელე მხარე მიუთითებს,, რომ 2014 წლის 01 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმების თანახმად, შპს „მ----------------ს“ ყოველთვიურად უნდა ეხადა არანაკლებ 4 000 ლარის ოდენობით დავალიანება და ვინაიდან 2015 წლის ივლისიდან აღარ ხდება გადახდა, მხარემ დაკანრგა ინტერესი თანხის ეტაპობრივად გადახდაზე და ვალდებულების დარღვევის გამო, მოპასუხე ვალდებულია მოახდინოს მთლიანი დავალიანების ერთიანად გადახდა. მხარე განმარტავს, რომ 2015 წლის 01 ივლისის შეთანხმება, რომლითაც მოხდა დავალიანების გადახდის ვადის გადაწევა სანამ სს „გუ-----–-- არ მოახდენდა თავისი დავალიანების დაფარვის დაწყებას, წარმოადგენს ბათილ გარიგებას, ვინაიდან იგი არ დადებულა უფლებამოსილი პირის - რეაბილიტაციის მმართველის თანხმობით.
მოსარჩელის განმარტების საწინააღმდეგოდ, მოპასუხე აღნიშნავს, რომ იგი წარმოადგენს არაუზრუნველყოფილ, აღიარებულ კრედიტორს და მის მიმართ არსებული სს „გუ-----–ის“ დავალიანება მნიშვნელოვნად აღემატება მოპასუხის დავალიანებას სს „გუ-----–ის“ მიმართ. სწორედ ამ მიზნით შეთანხმდა 2014 წლის 01 დეკემბერს დავალიანების ეტაპობრივად გადახდევინება, რომ ნაწილ-ნაწილ მომხდარიყო ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა. მოგვიანებით, ვინაიდან აღარ ხდებოდა დავალიანების გაქვითვა, 2015 წლის 01 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა გარიგება დავალიანების გადახდევინების ვადის გადაწევაზე, სანამ სს „გუ-----–-- არ დაიწყებდა თავისი ვალდებულების შესრულებას და არაუზრუნველყოფილი კრედიტორების ეტაპობრივად დაკმაყოფილებას, მათ შორის შპს „მ----------------ის“ დაკმაყოფილებას. მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ თავდაპირველად თანხის ეტაპობრივად დაფარვის შესახებ შეთანხმება ხელმოწერილია იგივე დირექტორის მიერ, რომელთანაც მოხდა შეთანხმების გაფორმება ვალდებულების შესრულების ვადის გადაწევის თაობაზე. ის ფაქტი, რომ დირექტორი არ იყო უფლებამოსილი შეთანხმების ხელმოწერაზე და საჭირო იყო რეაბილიტაციის მმართველის თანხმობა, მოპასუხისათვის არ იყო ცნობილი და ვერც იქნებოდა ცნობილი, ვინაიდან სამეწარმეო რეესტრის ამონაწერში არანაირი დირექტორის უფლებამოსილების შეზღუდვა დაფიქსირებული არ იყო, ხოლო უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ შეთანხმება დირექტორსა და რეაბილიტაციის მმართველოს შორის არ იყო სათანადო წესით რეგისტრირებული სამეწარმეო რეესტრში. აღნიშნული კი გამორიცხავდა გარიგების ბათილად მიჩნევის ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში და სააქციო საზოგადოებაში ხელმძღვანელბის უფლება აქვთ დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში.
სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი-მე-3 პუნქტების თანახმად საჯაროა და მის მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. ამავე კანონის მე-51 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად კი საზოგადოების გადახდისუუნარობის, გაკოტრების ან რეაბილიტაციის საქმისწარმოების შესახებ ინფორმაცია ექვმდებარება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) პირების რეესტრში ასახვა-რეგისტრაციას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს „გუ-----–-- იმყოფება გადახდისუუნარობის რეჟიმში და მის მიმართ მიმდინარეობს რეაბილიტაციის საქმის წარმოება. საზოგადოების ამონაწერში ხელმძღვანელ პირებად დარეგისტრირებულ არიან დირექტორი და რეაბილიტაციის მმართველი. სასამართლო განჩინებით გამიჯნულია დირექტორსა და რეაბილიტაციის მმართველს შორის უფლებამოსილებები, რომელიც არ არის სათანადო წესით რეგისტრირებული სამეწარმეო რეესტრში. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მიუხედავად დირექტორის უფლებამოსილების შეზღუდვის თაობაზე სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის არარსებობისა, მოპასუხესთან 2015 წლის 01 ივლისს დადებული გარიგება ბათილია, ვინაიდან მხარე მონაწილეობდა გადახდისუუნარობის პროცეში, იგი აღიარებულია კრედიტორად და მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო უფლებამოსილების შეზღუდვის ფაქტი. მოსარჩელე ასევე უთითებს, რომ სს „გუ-----–მა“ დაკარგა ინტერესი დავალიანების ნაწილ-ნაწილ დაფარვის თაობაზე და აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვალეს უნდა დაეკისროს დავალიანების მთლიანად და ერთჯერადად გადახდევინება. მოპასუხე მხარე კი განმარტავს, რომ მსგავსად 2014 წლის 01 დეკემბრის შეთანხმებისა, 2015 წლის 01 ივლისის შეთანხმება ხელმოწერილ იქნა ერთიდაიგივე პირის - სს „გუ-----–ის“ გენერალური დირექტორის მიერ და შესაბამისად, მხარეს არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა დირექტორის უფლებამოსილების შეზღუდვასთან დაკავშირებით რეესტრში არ არსებული და დაურეგისტრირებელი მონაცემების გამო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკირსრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში Nას-1338-1376-2014, 29.06.2015წ. განმარტებულია შემდეგი: „ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. იგი თანამედროვე სამართლის, ფილოსოფიისა და ბიზნესის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია.“
„თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ფართო დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერების პრინციპი თანამედროვე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობასა და დოქტრინაში დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას.
კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კოდექსის ეს დანაწესი, რომელსაც ავსებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, მოიცავს მთელ კერძო სამართალს. აღნიშნული მუხლების მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მათი მოქმედება. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ორი მუხლი მთელი სამოქალაქო ბრუნვის ქვაკუთხედია. აღნიშნული ნორმები საშუალებას იძლევა ნებისმიერი ურთიერთობა სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასდეს. გარდა აღნიშნულისა, კერძო სამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ მაინც მას ეფუძნება. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლების არსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა.
კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შეიძლება პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს.“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
ამ მუხკის შესაბამისად, უფლების ბოროტად გამოყენება გულისხმობს ნებისმიერი სამართლურთიერთობის მონაწილე პირისათვის თავისი უფლების კეთილსინდისიერად განხორციელების ვალდებულებას. ნებისმიერი უფლება და მოვალეობა უნდა განხორციელდეს კეთილსინდისიერად. აღნიშნული პრინციპი ვლინდება სამართალურთიერთობის მონაწილე სუბიექტის მიერ სხვა პირის ინტერესების გათვალისწინებაში, თუმცა იმ მოცულობით, რომ არ მოხდეს თავად უფლების მქონე პირის ინტერესების არათანაზომიერად შეზღუდვა. უფლების გამოყენების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ ამ უფლების მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების შემთხვევაში, როდესაც უფლების მქონე პირის ინტერესი სხვისთვის ზიანის მიყენებისკენ არის მიმართული და უფლების გამოყენება არ ისახავს მისი განხორციელების აუცილებლობით ნაკარნახევი ინტერესების დაცვას. უფლების ბოროტად გამოყენების შეფასებისას, აუცილებელია დადგინდეს უფლების მქონე პირის ქმედება ობიექტური მოქმედებაა, რაც უფლების გამოყენებას ამართლებს, თუ იგი უპირატესად მხოლოდ სხვა პირისათვის ზიანის მიყენებას ისახავს მიზნად და აღნიშნულის გამო მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და მხარეები ადასტურებენ, რომ როგორც სს „გუ-----–ს“, ასევე შპს „მ----------------ს“ ერთმანეთის მიმართ გააჩნიათ ფულადი ვალდებულება შესასრულებელი. ამასთან, შპს „მ----------------ის“ მოთხოვნა, მნიშვნელოვნად აღემატება სს „გუ-----–ის“ მოთხოვნას. მოსარჩელე მხარე იმ გარემოებაზე მითითებით, რომ 2015 წლის 01 ივლისის შეთანხმება დაიდო შესაბამისი ნებართვის გარეშე დ ბათილია, ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს 2014 წლის 01 დეკემბრის შეთანხმებით აღიარებული დავალიანების სრულად გადახდა, ვინაიდან კრედიტორმა (სს „გუ-----–მა“) დაკარგა ინტერესი ვალდებულების ნაწილ-ნაწილ შესრულებაზე, კომპანია იმყოფება რეაბილიტაციის პროცესში და მისთვის მნიშვნელოვანია ფულადი სახსრების მიღება.
სასამართლო მიუთითებს, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით განსაზღვრულია კანონმდებლის მიზანი, რომ კანონი მიზნად ისახავს კრედიტორისა და მოვალის უფლებებისა და ინტერესების თანაზომიერად დაცვას. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილე მხარე იმყოფება გადახდისუუნარობის რეჟიმში და მის მიმართ მიმდინარეობს რეაბილიტაციის საქმის წარმოება, ხელშეკრულების მეორე მხარეს ეკრძალება ვადამოსული მოთხოვნების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა, მოვალის მიმართ უკვე დაწყებული იძულებითი სააღსრულებო წარმოება კი ჩერდება („გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ სქართველოს კანონის 21-ე მუხლი). შედეგად, სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილე პირი, რომელიც გადახდისუუნარობის რეჟიმში კრედიტორია, კანონით გათვალისწინებული საფუძლვების გამო ვერ ღებულობს მოთხოვნის აღსრულებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სადავო შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მოთხოვნა დავალიანების მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე დაუსაბუთებელია, ვინაიდან ეწინააღმდეგება კეთილსინდისიერებისა და გულისხმიერების მოვალეობას. მოსარჩელე მხარე ცდილობს თავისი სამართლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, იმ მოცემულობაში, როდესაც სანაცვლო ვალდებულება აქვს შესასრულებელი მოპასუხის მიმართ და მის მიერ შესასრულებელი ვალდებულება მნიშვნელოვნად აღემატება მოპასუხის გადასახელ დავალიანებას. მოპასუხე მხარისათვის დავალიანების ერთჯერადად და მთლიანად დაკისრება გამოიწვევს მისი უფლებების დაუსაბუთებლად ხელყოფას, ვინაიდან მოპასუხეს პირიქით გააჩნია მოთხოვნის უფლება და მხარეთა შეთანხმება დავალიანების ეტაპობრივად გაფორმების თაობაზე მხარეთა შორის მიღწეულ იქნა სწორედ იმ მიზნით, რომ ეტაპობრივად მომხდარიყო ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია მოსარჩელის განმარტება თანხის ეტაპობრივად გადახდის მიმართ ინტერესის დაკარგვის გამო დავალიანების სრულად მოთხოვნის თაობაზე. სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი კრძალავას უფლების ბოროტად გამოყენებას და ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილისა და 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილე სუბიექტს აკისრებს სხვისი უფლებებისა და კანონით დაცული ინტერესებისადმი კეთილსინდისიერ და გულისხმიერ დამოკიდებულებას. ყოველივე აღნიშნული კი გამორიცხავს ვალდებულების შესრულების თაობაზე შეთანხმების ბათილად აღიარების იურიდიულ ინტერესს და მოპასუხისათვის თანხის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურებაზე მსჯელობისას, აუცილებელია ამ მოთხოვნის მქონე მხარემ მიუთითოს და უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაამტკიცოს მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგეს და მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანის წარმომშობი ვალდებულებისათვის არის გათვალისწინებული. ამდენად, მიუღებელი შემოსავალი, ისევე როგორც ზიანი, ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით.
„მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Nას- 459-438-2015, 07.10.2015წ.).
კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებას დავალიანების - 265 143.21 ლარის წლიური 10%-ის ოდენობით, 2017 წლის 21 თებერვლიდან - სარჩელის აღძვრის დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა თანხის დაკისრების თაობაზე, სახეზე არ არის ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი რაიმე სახის ზიანის ანაზღაურებაზე მსჯელობის სამართლებრივი საფუძველი. ვინაიდან არ დგინდება მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევის ფაქტი, შეუძლებელია მსჯელობა მიუღებელი შემოსავლის სახით სარგებლის მიუღებლობის გამო ზიანის ანაზღაურების დაკისრებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სს „გუ-----–ის“ სარჩელი შპს „მ----------------ის“ მიმართ 2015 წლის 01 ივლისის შეთანხმების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2 არ დაკმაყოფილდეს სს „გუ-----–ის“ მოთხოვნა შპს ,,მ----------------ისთვის" 265 143.21 (ორას სამოცდახუთი ათას ას ორმოცდასამი ლარი და ოცდაერთი თეთრი) ლარის დაკისრების თაობაზე.
3. სს ,,გუ-----–ის" მოთხოვნა შპს ,,მ----------------ისთვის" მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების 265 143. 21 ლარის წლიური 10%-ის ოდენობით 2017 წლის 21 თებერვლიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
4. სს „გუ-----–ის“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი